საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
№ბს-1406(კ-24) 29 მაისი, 2025 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, გიორგი გოგიაშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ი.გ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 18 ივნისის განჩინებაზე (მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - გორის მუნიციპალიტეტის მერია).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ი.გ-იმა 2022 წლის 30 სექტემბერს სარჩელით მიმართა გორის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ და მოითხოვა: „ი.გ-ის გორის მუნიციპალიტეტის მერიის ...ის სამსახურის ...ის განყოფილების მე-... რანგის ... კატეგორიის ...ის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის მერიის 2022 წლის 8 სექტემბრის N ბ20.202225157 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა; ი.გ-ის იმავე, ან ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის შესახებ გორის მუნიციპალიტეტის მერიისთვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება; ი.გ-ის სასარგებლოდ იძულებითი განაცდურის სახით ყოველთვიურად თანამდებობრივი სარგოს 1210 ლარის და საკლასო დანამატის 24.20 ლარის, სულ 1234.20 ლარის ანაზღაურების მოპასუხისთვის დავალება 2022 წლის 8 სექტემბრიდან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე.
გორის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 16 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ი.გ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი „ი.გ-ის გორის მუნიციპალიტეტის მერიის ...ის სამსახურის ...ის განყოფილების მე-... რანგის ... კატეგორიის ...ის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის მერიის 2022 წლის 8 სექტემბრის N ბ20.202225157 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი; სასარჩელო მოთხოვნები - გორის მუნიციპალიტეტის მერიისათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების, იძულებითი განაცდურის სახით, ყოველთვიურად თანამდებობრივი სარგოს და საკლასო დანამატის ანაზღაურების მოთხოვნით - მოცემულ ეტაპზე არ დაკმაყოფილდა; გორის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, მოსარჩელე ი.გ-ისთან მიმართებაში რეორგანიზაციის შედეგად შტატების შემცირების გამო თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხზე მსჯელობა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ი.გ-ის მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 18 ივნისის განჩინებით ი.გ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა გორის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 16 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატის მითითებით, მტკიცების ტვირთის ობიექტური და სამართლიანი გადანაწილების შედეგად დამსაქმებელმა უნდა ამტკიცოს დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლების მართლზომიერება, გორის მუნიციპალიტეტის მერიის 2022 წლის 8 სექტემბერს NNბ20.202225157 ბრძანება კი არ არის საკმარისად დასაბუთებული, ისე, რომ ობიექტურ პირს ეჭვი არ გაუჩნდეს მის კანონიერებაში. სადავო ბრძანება არ შეიცავს კონკრეტულ კრიტერიუმების, მათი ანალიზის და შეფასების შესახებ მონაცემებს, რომლის მიხედვით ი.გ-ისათვის ცნობილი გახდებოდა, თუ რა გარემოებებზე დაყრდნობით მიენიჭა სხვა პირს უპირატესობა. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად საკითხის ხელახალი გადაწყვეტის პირობებში, ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა დაასაბუთოს, რომ დისკრეციული უფლებამოსილებით სარგებლობისას, სადავო გადაწყვეტილებაში გამოყენებულია თუ არა საკითხის გადაწყვეტის უკეთესი საშუალება და დასაბუთებულია თუ არა გამოყენებული ღონისძიების ყველაზე მისაღები ხასიათი სხვა ალტერნატიულ შესაძლებლობასთან შედარებით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 18 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა ი.გ-ის მიერ.
კასატორი გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას და საკასაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილებას ითხოვს. კასატორი თვლის, რომ ის უკეთესი კანდიდატი იყო იმ დასაქმებულთან (თ.კ-ე) შედარებით, რომელიც ადმინისტრაციულმა ორგანომ სამსახურში დატოვა. კასატორის მოსაზრებით, სახეზე არ არის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღების წინაპირობები, ვინაიდან მოსარჩელის თვითმიზანი სამსახურში აღდგენაა და არა სადავო აქტის ბათილად ცნობა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 25 დეკემბრის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ი.გ-ის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა, სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების წინაპირობები.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ როგორც საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, ისე სააპელაციო სასამართლოს განჩინება გასაჩივრებულია მხოლოდ ი.გ-ის მიერ, რომელიც სადავოდ ხდის საკითხის ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე გადაწყვეტას და მოითხოვს სარჩელის სრულად დაკმაყოფილებას. ამდენად, პალატა იმსჯელებს მხოლოდ ი.გ-ის საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო პალატის განსახილველია მოცემული საქმის ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე გადაწყვეტის კანონიერების, სარჩელის სრულად დაკმაყოფილების შესაძლებლობის არსებობის შეფასება.
„გორის მუნიციპალიტეტის მერიაში რეორგანიზაციის დაწყების თაობაზე“ გორის მუნიციპალიტეტის მერის 2022 წლის 9 ივნისის №ბ20.202216023 ბრძანებით დაიწყო რეორგანიზაცია გორის მუნიციპალიტეტის მერიაში. ი.გ-ი „გორის მუნიციპალიტეტის მერიაში რეორგანიზაციის დაწყების თაობაზე“ გორის მუნიციპალიტეტის მერის 2022 წლის 9 ივნისის №ბ20.202216023 ბრძანებას გაეცნო 2022 წლის 13 ივნისს. რეორგანიზაციის შედეგად, ...ის განყოფილებაში გაუქმდა ... რანგის ... კატეგორიის ...ის 1 პოზიცია (მანამდე იყო 2 საშტატო ერთეული). გორის მუნიციპალიტეტის მერის 2022 წლის 8 აგვისტოს N20-2022220226 წერილით ი.გ-ის ეცნობა, რომ 2022 წლის 9 სექტემბრიდან გაუქმდებოდა ...ის სამსახურის მეორადი სტრუქტურული ერთეულის ...ის განყოფილების ... რანგის ... კატეგორიის ...ის საშტატო ერთეული. ეცნობა ასევე, რომ ზემოაღნიშნულ საშტატო ერთეულზე დასაქმებული იყო 2 პირი, შესაბამისად, გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გასათავისუფლებელი მოხელის იდენტიფიცირების მიზნით განხორციელდა ამავე პოზიციებზე დასაქმებულ პირთა მონაცემების (განათლების, გამოცდილების, უნარ-ჩვევების და სხვა) შესწავლა. ზემოაღნიშნული მონაცემების შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, „პროფესიული საჯარო მოხელის მობილობის წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 20 აპრილის №199 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-11 მუხლის 1-ლი პუნქტის და „გორის მუნიციპალიტეტის მერიაში რეორგანიზაციის დაგეგმვისა და განსახორციელებელ ღონისძიებათა გეგმის განსაზღვრის შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის მერის 2022 წლის 8 ივლისის №ბ20.202218928 ბრძანების 1-ლი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ი.გ-ის ეცნობა 2022 წლის 9 სექტემბრიდან მის მიერ დაკავებული თანამდებობიდან შესაძლო გათავისუფლების თაობაზე. გორის მუნიციპალიტეტის მერიაში ი.გ-ის მობილობის წესით გადაყვანა ვერ განხორციელდა ვერცერთ პოზიციაზე, ამდენად, მობილობის განხორციელების უზრუნველყოფის მიზნით, გორის მუნიციპალიტეტის მერიამ 2022 წლის 16 აგვისტოს N20-2022228303 წერილით მიმართა საჯარო სამსახურის ბიუროს საჯარო სამსახურის სისტემაში არსებულ სხვა საჯარო დაწესებულებაში შესაბამისი ვაკანტური თანამდებობ(ებ)ის მოძიების თაობაზე. საჯარო სამსახურის ბიუროს 2022 წლის 19 აგვისტოს № გ6680 წერილით გორის მუნიციპალიტეტის მერიას ეცნობა, რომ საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ საჯარო სამსახურში ...ის ერთიანი ელექტრონული სისტემიდან, შიდა ქართლის რეგიონის მასშტაბით, მოძიებულ იქნა ინფორმაცია პროფესიული საჯარო მოხელის შესაბამისი ვაკანტური თანამდებობების შესახებ და წარმოდგენილ იქნა აღნიშნული ინფორმაცია. შიდა ქართლის რეგიონის მასშტაბით არსებული საჯარო დაწესებულებების პასუხებიდან დადგინდა, რომ მოცემული დროისთვის ან აღარ იყო ვაკანტური ადგილები ამ დაწესებულებებში, ან დაწესებულება უარს აცხადებდა მობილობის განხორციელებაზე. 2022 წლის 8 სექტემბრის გორის მუნიციპალიტეტის მერის Nბ20.202225157 ბრძანებით ი.გ-ი გათავისუფლდა გორის მუნიციპალიტეტის მერიის ...ის სამსახურის ...ის განყოფილების ... რანგის ... კატეგორიის ...ის თანამდებობიდან.
საკასაციო პალატა მიუთითებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლის მიზანია, უზრუნველყოს კარიერულ წინსვლაზე, დამსახურებაზე, კეთილსინდისიერებაზე, პოლიტიკურ ნეიტრალიტეტზე, მიუკერძოებლობასა და ანგარიშვალდებულებაზე დაფუძნებული, სტაბილური, საქართველოს ერთიანი საჯარო სამსახურის ჩამოყალიბებისა და ფუნქციონირების სამართლებრივი საფუძვლების შექმნა. კანონის 108-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების ერთ-ერთ საფუძვლად გათვალისწინებულია საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატების შემცირებას. ამავე კანონის 110-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად კი, მოხელე შესაძლებელია სამსახურიდან გათავისუფლდეს საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატების შემცირებასთან დაკავშირებით, თუ მოხელის ამ კანონის 52-ე მუხლით გათვალისწინებული მობილობა შეუძლებელია.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ შტატების შემცირების გამო მოხელის სამსახურიდან დათხოვნა უკავშირდება მუშაკთა უნარ-ჩვევების შეფასების უფლებამოსილებას, რაც ადმინისტრაციულ ორგანოს უქმნის დისკრეციის, შეფასების თავისუფლების ფართო არეალს. მართალია, ადმინისტრაციული ორგანო თავისი ნორმატიულად განსაზღვრული მიზნებისა და ფუნქციების შესასრულებლად მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში და გადაწყვეტილების მიღებისას გარდა კანონიერებისა, ითვალისწინებს აგრეთვე მიზანშეწონილობის ასპექტებსაც, თუმცა დისკრეციული უფლებამოსილება არ გულისხმობს მოქმედების სრულ თავისუფლებას, არამედ დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6 და მე-7 მუხლებიდან გამომდინარე, ადმინისტრაციულმა ორგანომ, ერთი მხრივ, უნდა უზრუნველყოს ასეთი უფლებამოსილების მინიჭების მიზნის დადგენა, მიღწევა, მეორე მხრივ კი, უნდა დაიცვას საჯარო და კერძო ინტერესთა პროპორციულობის პრინციპი. საკასაციო პალატა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში გადაწყვეტილების მიღება არ გამორიცხავს საქმის გარემოებათა ყოველმხრივ გამოკვლევისა და მიღებული გადაწყვეტილების სათანადოდ დასაბუთების ვალდებულებას.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ დამსაქმებელი ვალდებულია დაასაბუთოს დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლების ობიექტური მიზეზები (შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის №158 კონვენციის (1982წ.) №166 რეკომენდაცია „დამსაქმებლის ინიციატივით შრომითი ურთიერთობების შეწყვეტის შესახებ“). დაინტერესებულ პირს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა გაეცნოს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში რა გარემოებებზე დაყრდნობით მიიღო ადმინისტრაციულმა ორგანომ გადაწყვეტილება. განსახილველ შემთხვევაში, მაშინ, როდესაც გაუქმდა 2 საშტატო ერთეულიდან მხოლოდ ერთი და სამსახურიდან გათავისუფლდა ი.გ-ი, სადავო ბრძანებაში არ იყო ასახული გარემოებები, რომლითაც მოპასუხემ იხელმძღვანელა მოსარჩელის თანამდებობიდან გათავისუფლების დროს, კერძოდ, არ იყო მითითებული და დასაბუთებული, თუ რა კრიტერიუმების (კვალიფიკაცია და ა.შ.) გათვალისწინებით მიანიჭა სხვა პირს უპირატესობა ზემოაღნიშნულ საშტატო ერთეულზე. ამასთან, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეცია არ გამორიცხავს მიღებული გადაწყვეტილების სათანადოდ დასაბუთების საჭიროებას.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ი.გ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 18 ივნისის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
გიორგი გოგიაშვილი