№71აგ-15 18 დეკემბერი, 2015 წელი
ბ-ი თ, 71აგ-15 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მაია ოშხარელი, (თავმჯდომარე),
გიორგი შავლიაშვილი, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ თ. ბ-ს საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 13 ივლისის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
გორის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 24 ივნისის განაჩენით თ. ბ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ–ის 236–ე მუხლის პირველი ნაწილით - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ–ის 236–ე მუხლის მეორე ნაწილით - 3 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის თანახმად, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა და თ. ბ-ს საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა 3 წლითა და 10 თვით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2008 წლის 3 დეკემბრიდან.
2015 წლის 1 ივლისს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა თ. ბ-ა და ითხოვა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გორის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 24 ივნისის განაჩენის გადასინჯვა იმ საფუძვლით, რომ მას არავითარი დანაშაული არ ჩაუდენია, მისი ჩხრეკის დროს მისგან იარაღი არ ამოუღიათ, მხოლოდ პოლიციის განყოფილებაში აჩვენეს ავტომატი და უთხრეს, რომ ეს იყო მისი; შუამდგომლობის ავტორი აღნიშნავს, რომ ჩხრეკის ოქმი გაყალბებულია და მის უდანაშაულობას დაადასტურებს მოწმე მ. ხ-ი, რომელიც სასამართლოში საქმის განხილვის დროს არ გამოცხადდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 13 ივლისის განჩინებით მსჯავრდებულ თ. ბ-ს შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე დაუშვებლად იქნა ცნობილი.
მსჯავრდებული თ. ბ-ი საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 13 ივლისის განჩინების გაუქმებასა და სააპელაციო სასამართლოსათვის იმის მითითებას, რომ მან განსახილველად დაუშვას ზემოაღნიშნული შუამდგომლობა იმავე მოტივებით, რაზეც მას მითითებული ჰქონდა შუამდგომლობაში; ამასთან, ითხოვს გორის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 24 ივნისის გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და გამამართლებელი განაჩენის დადგენას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენი გადაისინჯება, თუ არსებობს გარემოება, რომელიც მოწმობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის დამდგენი სასამართლოს უკანონო შემადგენლობას ან იმ მტკიცებულების დაუშვებლობას, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს.
საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება საკასაციო საჩივარში მითითებულ გარემოებას, რომ გადასასინჯ განაჩენს საფუძვლად დაედო კანონის დარღვევით მოპოვებული და გაყალბებული მტკიცებულება, რადგან აღნიშნული გარემოება დადგენილი უნდა იყოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით.
ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ კასატორის მიერ საჩივარში მითითებული გარემოებები არ წარმოადგენს საპროცესო კანონით გათვალისწინებულ ისეთ ახალ გარემოებებს, რომლებიც საქმის განხილვის დროს არ იყო ცნობილი სასამართლოსთვის და რაც შეიძლება გახდეს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გადასინჯვის საფუძველი.
ამასთან, პალატა აღნიშნავს, რომ კასატორს შეეძლო მის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი გაესაჩივრებინა როგორ სააპელაციო, ისე საკასაციო გასაჩივრების წესით, რა დროსაც ზემდგომ სასამართლო ინსტანციებს მიეცემოდათ საშუალება ემსჯელათ განაჩენის კანონიერების, დასაბუთებულობისა და სამართლიანობის შესახებ. რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ მოწმე მ. ხ-ი შიშის გამო სასამართლო სხდომაზე ვერ გამოცხადდა, საკასაციო პალატა ამ ეტაპზე მოკლებულია შესაძლებლობას, იმსჯელოს აღნიშნულზე, რადგან სისხლის სამართლის პროცესის მონაწილეს უფლება აქვს კანონით დადგენილი წესით გაასაჩივროს სისხლის სამართლის პროცესის მწარმოებელი პირის ის ქმედება და გადაწყვეტილება, რაც უკანონოდ და დაუსაბუთებლად მიაჩნია. თუ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგინდება, რომ საქმის მწარმოებელმა პირმა ან სხვა პირმა ამ საქმესთან დაკავშირებით ჩაიდინა დანაშაული, ეს განაჩენი გახდება ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გორის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 24 ივნისის განაჩენის გადასინჯვის საფუძველი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მსჯავრდებულ თ. ბ-ს შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე კანონიერი და დასაბუთებულია, რომლის გაუქმების ან შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ თ. ბ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 13 ივლისის განჩინება მსჯავრდებულ თ. ბ-ს შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ოშხარელი
მოსამართლეები: გ. შავლიაშვილი
პ. სილაგაძე