Facebook Twitter

საქმე №281აპ-15 ქ. თბილისი

დ-ე მ, 281აპ-15 2 დეკემბერი, 2015 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მაია ოშხარელი (თავმჯდომარე),

გიორგი შავლიაშვილი, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ მ. დ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. ჩ-ს საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 6 მარტის განაჩენზე.

აღწერილობითი ნაწილი:

1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 23 დეკემბრის განაჩენით მ. დ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით - 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 373-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. მ. დ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2014 წლის 22 აპრილიდან.

2. მასვე, როგორც ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობს, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, 5 წლის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის, საექიმო საქმიანობის, საადვოკატო საქმიანობის, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო და იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები.

3. ნივთმტკიცებები - მოწმე მ. ჯ-ს მიერ წარმოდგენილი რვეულის ყდა და CD დისკები, დალუქული ორ პაკეტად, რაც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, უნდა დარჩეს საქმესთან მისი შენახვის ვადით; დათო შარაძის მიერ წარმოდგენილი მობილური ტელეფონი, რომელიც ინახება საქართველოს შსს აჭარის საპატრულო პოლიციის მთავარ სამმართველოში, გამომძიებელ ზ. ბ-ნ უნდა დაუბრუნდეს მესაკუთრეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ; ექსპერტიზაზე წარდგენილი გამჭვირვალე, უფერო მინის ფლაკონში მოთავსებული 7.2 მლ. მოყვითალო ფერის გამჭვირვალე ხსნარი, რომელიც შეიცავს ნარკოტიკულ საშუალებებს - ,,ეფედრონს” და ,,მორფინს” (მარილი), რომელშიც ნარკოტიკული საშუალება ,,ეფედრონის” რაოდენობა შეადგენს - 0,0133 გრამს, ხოლო ნარკოტიკული საშულება ,,მორფინის” (მარილი) რაოდენობა - 0,0119 გრამს და ინახება შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის პირველ სამმართველოში, უნდა განადგურდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ; მ. დ-ს მიერ წარმოდგენილი ნივთები, რომლებიც ინახება გამომძიებელ ზ. ბ-ნ, უნდა დაუბრუნდეს მსჯავრდებულ მ. დ-ს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

4. განაჩენით მსჯავრდებულ მ. დ-ს მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში: მ. დ-ს, რომელსაც სამოქალაქო სამართალწარმოების წესით დაკისრებული ჰქონდა ტ. გ-ს სასარგებლოდ სესხის გადახდის ვალდებულება, გაუჩნდა განზრახვა - ტ. გ-ს ავტომანქანაში ჩაედო ნარკოტიკული საშუალება მისი პასუხისგებაში მიცემის მიზნით, რისთვისაც უკანონოდ შეიძინა და შეინახა 0,0133 გრამი ნარკოტიკული საშუალება ,,ეფედრონი”. 2013 წლის 30 იანვარს აღნიშნული ნარკოტიკი მოათავსა ტ. გ-ს ,,ფორ-მონდეოს” მარკის ავტომანქანაში, მძღოლის სავარძლის უკან არსებულ ხალიჩაზე, რის შემდეგაც მობილური ტელეფონის სააბონენტო ნომრით - .... გაგზავნა შეტყობინება აჭარის საპატრულო პოლიციის მთავარ სამმართველოში, რითაც ტ. გ-ს მიმართ პირადი მოტივით ჩაიდინა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენის შესახებ ცრუ დასმენა.

5. აღნიშნული განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 6 მარტის განაჩენით დარჩა უცვლელად.

6. მსჯავრდებულ მ. დ-ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი დ. ჩ-ი საკასაციო საჩივრით ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 6 მარტის განაჩენის გაუქმებასა და მ. დ-ს გამართლებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებულ განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება შემდეგ გარემოებათა გამო:

2. პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას დაცვის მხარის საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ და აღნიშნავს, რომ სასამართლომ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის, მ. დ-ს დამნაშავედ ცნობისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, რის შედეგადაც მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ, დაზარალებულ ტ. გ-ს ჩვენებებით, მოწმეების - ი. გ-ს, დ. შ-ს, ა. ა-ა და ვ. ქ-ს ჩვენებებით, ექსპერტ ა. მ-ს ჩვენებით, ფონოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნით, ასევე იმ მტკიცებულებებით, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ - ტ. გ-ა და მისი ავტომანქანის ჩხრეკის ოქმით, ქიმიური ექსპერტიზის №...., №1.... და №.... დასკვნებით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლის 2012 წლის 26 ოქტომბრის განჩინებითა და 2012 წლის 20 ნოემბერს გაცემული სააღსრულებლო ფურცლით, ამოღებული ნივთმტკიცებებითა და საქმის სხვა მასალებით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ მისთვის ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედებები დადასტურებულია.

3. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა ჩადენილი დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის პიროვნება, რის საფუძველზეც მის ქმედებას მისცა სწორი სამართლებრივი შეფასება, რასაც პალატაც ეთანხმება.

4. ამასთან, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ,,საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2015 წლის 8 ივლისის კანონის საფუძველზე, სსკ-ის 260-ე მუხლში შესული ცვლილების თანახმად, შემსუბუქდა რა აღნიშნული ქმედების ჩადენისათვის გათვალისწინებული სასჯელი, საკასაციო პალატა ახალი ცვლილების ფარგლებში მსჯელობს მსჯავრდებულ მ. დ-ს მიმართ სასჯელის დანიშვნაზე. შესაბამისად, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 6 მარტის განაჩენი უნდა მოვიდეს შესაბამისობაში მოქმედ კანონმდებლობასთან, კერძოდ: მ. დ-ს დანაშაულებრივი ქმედება, რომელიც დაკვალიფიცირებულია საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით (დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვა), შეესაბამება ამჟამად მოქმედი სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტს. დანაშაულის ჩადენის დროს მოქმედი შესაბამისი მუხლის სანქცია ითვალისწინებდა 7-დან 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთას, რაც მიეკუთვნებოდა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთა კატეგორიას, ხოლო ამჟამად მოქმედი სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი იმავე დანაშაულებრივი ქმედებისათვის ითვალისწინებს 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას, რაც წარმოადგენს მძიმე დანაშაულის კატეგორიას.

5. საქართველოს სსკ-ის მე-3 მუხლის თანახმად, სისხლის სამართლის კანონს, რომელიც აუქმებს ქმედების დანაშაულებრიობას ან ამსუბუქებს სასჯელს, აქვს უკუძალა.

6. აღნიშნულიდან გამომდინარე, სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებად, აგრეთვე დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის გათვალისწინებით, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 6 მარტის განაჩენში უნდა შევიდეს შემდეგი ცვლილება: მსჯავრდებულ მ. დ-ს დანაშაულებრივი ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (ძველი რედაქცია), შესაბამისობაში უნდა მოვიდეს ამჟამად მოქმედი სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტთან (2015 წლის 8 ივლისის რედაქცია). ამასთან, მ. დ-ს მიმართ აღნიშნული დანაშაულისათვის დანიშნული სასჯელი - 7 წელი და 6 თვე უნდა მოექცეს მოქმედი სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში და განესაზღვროს 5 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რამაც უნდა შთანთქას სსკ-ის 373-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით განსაზღვრული სასჯელი და საბოლოოდ მას მოსახდელად უნდა განესაზღვროს 5 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით, მე-2, მე-3 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მსჯავრდებულ მ. დ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. ჩ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 6 მარტის განაჩენში შევიდეს შემდეგი ცვლილება:

3. მსჯავრდებულ მ. დ-ს მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით (ძველი რედაქცია), შესაბამისობაში მოვიდეს ამჟამად მოქმედი სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტთან (2015 წლის 8 ივლისის რედაქცია), რისთვისაც მას სასჯელის სახით განესაზღვროს 5 (ხუთი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა, რამაც შთანთქას სსკ-ის 373-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით განსაზღვრული სასჯელი და საბოლოოდ მას სასჯელის სახით განესაზღვროს 5 (ხუთი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდაც აეთვალოს 2014 წლის 22 აპრილიდან.

4. მასვე, როგორც ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობს, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, 5 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის, საექიმო საქმიანობის, საადვოკატო საქმიანობის, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო და იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები.

5. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.

6. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ოშხარელი

მოსამართლეები: პ. სილაგაძე

გ. შავლიაშვილი