Facebook Twitter

საქმე №531აპ-15 ქ. თბილისი

ე-ა ლ, 531აპ-15 24 დეკემბერი, 2015 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მაია ოშხარელი (თავმჯდომარე),

გიორგი შავლიაშვილი, ზაზა მეიშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ლ. ე-ა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. ა-ს საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 12 აგვისტოს განაჩენზე.

აღწერილობითი ნაწილი:

1. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 18 ივნისის განაჩენით ლ. ე-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით (2014 წლის 28 სექტემბრის ეპიზოდი) – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, 273-ე მუხლით (2015 წლის 3 იანვრის ეპიზოდი) - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე სსკ-ის 273-ე მუხლით (2015 წლის 3 იანვრის ეპიზოდი) დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა სსკ-ის 273-ე მუხლით (2014 წლის 28 სექტემბრის ეპიზოდი) დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. ლ. ე-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2015 წლის 18 აპრილიდან.

2. მასვე ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, 3 წლის ვადით ჩამოერთვა საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება, სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური საქმიანობის უფლება, სახელმწიფო მმართველობისა და თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები.

3. განაჩენით ლ. ე-ს მსჯავრი დაედო იმაში, რომ მან ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება, ჩადენილი ასეთი ქმედებისათვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული პირის მიერ, რაც გამოიხატა შემდეგში:

4. 2013 წლის 27 ივნისს ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მიერ ლ. ე-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტითა და 273–ე მუხლით და სასჯელად განესაზღვრა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. 2014 წლის 28 სექტემბერს ნარკოლოგიურ კაბინეტში შემოწმების შედეგად მას დაუდგინდა ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლის“ მიღების ფაქტი. მასვე 2015 წლის 3 იანვარს ნარკოლოგიურ კაბინეტში შემოწმების შედეგად კვლავ დაუდგინდა ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლის“ მიღების ფაქტი.

5. აღნიშნული განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 12 აგვისტოს განაჩენით დარჩა უცვლელად.

6. მსჯავრდებული ლ. ე-ა და მისი ინტერესების დამცველი, ადვოკატი გ. ა-ი საკასაციო საჩივრით ითხოვენ სასჯელის შემსუბუქებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებები, რის შედეგადაც მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: მოწმეების - ვ. ს-ს, ი. ჩ-ს, ზ. ფ-ს ჩვენებებით, ნარკოლოგიური შემოწმების #50117 და 5014191 დასკვნებით, ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 27 ივნისის განაჩენით, სენაკის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 1 ოქტომბრის დადგენილებით, სენაკის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 30 იანვრის დადგენილებით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმითა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება მის მიმართ ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენა, რასაც სადავოდ არც საკასაციო საჩივარი ხდის.

3. რაც შეეხება სასჯელს, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ ლ. ე-ს მიმართ სასჯელის სახით დანიშნული ვადიანი თავისუფლების აღკვეთა უნდა შეიცვალოს და მას სასჯელის სახით უნდა დაენიშნოს ჯარიმა შემდეგ გარემოებათა გამო:

4. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილებით (საქმე - საქართველოს მოქალაქე ბ. წ-ი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ), საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის (2014 წლის 1 მაისიდან 2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) სანქციით გათვალისწინებული თავისუფლების აღკვეთის გამოყენება პირადი მოხმარების მიზნით 70 გრამამდე გამომშრალი ,,მარიხუანის“ შეძენა/შენახვისათვის.

5. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ზემოხსენებული გადაწყვეტილებით, მართალია, დადგინდა პირადი მოხმარების მიზნით 70 გრამამდე გამომშრალი ,,მარიხუანის“ შეძენა-შენახვისათვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების არაკონსტიტუციურობა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს არაკონსტიტუციურად არ უცვნია სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის ნორმატიული შინაარსი ქმედების ან/და სანქციის ნაწილში, მაგრამ, მიუხედავად ამისა, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ამ მუხლით პირის მსჯავრდებისას, მის მიმართ სასჯელის სახისა და ზომის განსაზღვრის დროს, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების დასაბუთება და, შესაბამისად, ამ ქმედების ხასიათი და სიმძიმე, პირის მიერ გამოხატული მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი და პიროვნების მახასიათებელი კონკრეტული გარემოებები.

6. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, ბრალდებულისათვის სასჯელის დანიშვნის დროს უნდა მოხდეს ინდივიდუალური მიდგომა, ინდივიდუალური ქმედებისა და ამ ქმედებიდან მომდინარე კონკრეტული საფრთხის გაანალიზება მართლმსაჯულების განხორციელების მიზნით. თავისუფლების აღკვეთის საპირწონედ არის შეზღუდული თავისუფლება, რაც შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს მხოლოდ მაშინ, როცა ეს უკიდურესად აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში.

7. ვინაიდან თავისუფლების აღკვეთა წარმოადგენს ადამიანის თავისუფლების შეზღუდვის უმკაცრეს ფორმას, ამა თუ იმ ქმედებისათვის სასჯელის სახით პატიმრობის გამოყენება უნდა მოხდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს აუცილებელია ქმედების სიმძიმის, მოსალოდნელი საფრთხეების, დანაშაულის ჩადენის კონკრეტული გარემოებების, დამნაშავის პიროვნებისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით, როდესაც თუ არა საზოგადოებისაგან პირის იზოლირება, შეუძლებელი იქნება მისგან პოტენციურად მომდინარე სხვა საფრთხეების განეიტრალება და სასჯელის მიზნების მიღწევა და თუ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის მიზნის მისაღწევად ობიექტურად საკმარისია პასუხისმგებლობის სხვა არასაპატიმრო ალტერნატივები.

8. ამასთან, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით ცალსახად განიმარტა, რომ პირისათვის თავისუფლების აღკვეთა ისეთი ქმედების გამო, რომელიც მხოლოდ ამ ქმედების ჩამდენს უქმნის საფრთხეს, მის ჯანმრთელობას შეიძლება აყენებდეს ზიანს და არ არის მიმართული (არ შეიძლება იყოს მიმართული) სხვათა უფლებების დარღვევისკენ, უმიზნო და, შესაბამისად, გაუმართლებელია.

9. საკასაციო პალატა მხედველობაში იღებს საკონსტიტუციო სასამართლოს აღნიშულ მსჯელობას და მიუხედავად იმისა, რომ მსჯავრდებული ლ. ე-ა წარსულში ნასამართლევია და სახეზე გვაქვს დანაშაულის რეციდივი, მიაჩნია, რომ 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის შემთხვევაში, როდესაც პირი ნარკოტიკის მოხმარებით საკუთარ ჯანმრთელობას უქმნის საფრთხეს და არ არღვევს სხვა პირთა უფლებებს, დანაშაული წარმოადგენს ნაკლებად მძიმე საშიშროების შემცველ ქმედებას, განსხვავებით სსკ-ის 260-ე მუხლის მეორე ნაწილისაგან (2014 წლის 1 მაისიდან 2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქცია), რომელიც განეკუთვნებოდა განსაკუთრებით მძიმე კატეგორიას და პირადი მოხმარების მიზნით 70 გრამამდე გამომშრალი ,,მარიხუანის“ შეძენა/შენახვისათვის ვადიანი თავისუფლების აღკვეთა ჩაითვალა კონსტიტუციის შეუსაბამო სასჯელად, ნარკოტიკული საშუალების მოხმარებისათვის ვადიანი თავისუფლების აღკვეთა უნდა ჩაითვალოს არაპროპორციულ სასჯელად და, შესაბამისად, მიზანშეწონილია, ამ დროს გამოყენებულ იქნეს სანქციის მეორე არასაპატიმრო ალტერნატიული სასჯელი - ჯარიმა.

10. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 12 აგვისტოს განაჩენში უნდა შევიდეს შემდეგი ცვლილება: მსჯავრდებულ ლ. ე-ს საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით (2014 წლის 28 სექტემბრის ეპიზოდი) სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს ჯარიმა - 700 ლარის ოდენობით, 273-ე მუხლით (2015 წლის 3 იანვრის ეპიზოდი) - ჯარიმა 700 ლარის ოდენობით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე შთანთქმის პრინციპის გამოყენებით სსკ-ის 273-ე მუხლით (2015 წლის 3 იანვრის ეპიზოდი) დანიშნულმა სასჯელმა უნდა შთანთქას სსკ-ის 273-ე მუხლით (2014 წლის 28 სექტემბრის ეპიზოდი) დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ მას სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს ჯარიმა - 700 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. იმის გათვალისწინებით, რომ ლ. ე-ა სასჯელს იხდის 2015 წლის 18 აპრილიდან, იგი მთლიანად უნდა გათავისუფლდეს დანიშნული სასჯელის მოხდისაგან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით, მე-2, მე-3 ნაწილებით, სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მსჯავრდებულ ლ. ე-ა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. ა-ს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 12 აგვისტოს განაჩენში შევიდეს ცვლილება, კერძოდ:

3. ლ. ე-ა ცნობილ იქნეს დამნაშავედ და მიესაჯოს: საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით (2014 წლის 28 სექტემბრის ეპიზოდი) – ჯარიმა 700 (შვიდასი) ლარის ოდენობით, 273-ე მუხლით (2015 წლის 3 იანვრის ეპიზოდი) - ჯარიმა 700 (შვიდასი) ლარის ოდენობით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე სსკ-ის 273-ე მუხლით (2015 წლის 3 იანვრის ეპიზოდი) დანიშნულმა სასჯელმა შთანთქას სსკ-ის 273-ე მუხლით (2014 წლის 28 სექტემბრის ეპიზოდი) დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ მას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა - 700 (შვიდასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. ლ. ე-ა პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით (მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2015 წლის 18 აპრილიდან), მთლიანად გათავისუფლდეს დანიშნული სასჯელის მოხდისაგან.

4. მასვე ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, 3 (სამი) წლის ვადით ჩამოერთვას საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება, სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური საქმიანობის უფლება, სახელმწიფო მმართველობისა და თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები.

5. მსჯავრდებული ლ. ე-ა დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს პატიმრობიდან.

6. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ოშხარელი

მოსამართლეები: ზ. მეიშვილი

გ. შავლიაშვილი