Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-214(კ-25) 20 მაისი, 2025 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე

კასატორი - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო

მოწინააღმდეგე მხარე - გ.ჟ-ი

მოპასუხე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ვაკე-საბურთალოს ტერიტორიული ერთეული

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 25 დეკემბრის განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2024 წლის 26 აპრილს გ.ჟ-მა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ.

მოსარჩელის განმარტებით, 2023 წლის 28 ივნისს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრისგან მიიღო წერილი N SSA 4 23 00559557, რომლის თანახმად, 2023 წლის 1 აპრილიდან შეუწყდა სახელმწიფო გასაცემელი და დაეკისრა საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში, ზედმეტად მიღებული სახელმწიფო გასაცემლის - 1145 ლარის სახელმწიფო ბიუჯეტში დაბრუნება, იმ საფუძვლით, რომ სახელმწიფო გასაცემლების მიღების უფლება არ წარმოიშობა და წარმოშობილი უფლება წყდება პირის მიერ საჯარო საქმიანობის პერიოდში. აღნიშნული მოსარჩელემ გაასაჩივრა ადმინისტრაციული საჩივრით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში, რომლის 2024 წლის 02 აპრილის N SSA 2 24 00375602 გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

მოსარჩელის განმარტებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არის არაკანონიერი, ვინაიდან, მისი საქმიანობა სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის ... „...ში" არ გულისხმობს საჯარო საქმიანობის განხორციელებას. იგი დასაქმებულია შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე შტატგარეშე მოსამსახურედ, დამხმარე ფუნქციების შესასრულებლად. მის ფუნქცია-მოვალეობებში შედის: ...ის ...ის განხორციელება და შესაბამისი დასკვნების მომზადება; ...ში წარმოდგენილი სამართლებრივი მასალის სისრულის უზრუნველყოფა და მისი სამართლებრივი შესაბამისობა შინაარსთან; კომპეტენციის ფარგლებში გამოვლენილი ხარვეზების შესახებ ხელმძღვანელისათვის წარდგენა და წინადადებების შემუშავება მათი აღმოფხვრის შესახებ; ორიგინალური წყაროების მიხედვით, ციტატებისა და ციფრული მონაცემების სამართლებრივი სისწორის უზრუნველყოფა; სამსახურის დირექტორის დავალებების შესრულება და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების შესრულება.

მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტების შემდეგ მოპასუხეებად მიუთითა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ვაკე-საბურთალოს ტერიტორიული ერთეული და მოითხოვა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ვაკე-საბურთალოს ტერიტორიული ერთეულის 2023 წლის 1 აპრილის №2023-1 334511 გადაწყვეტილების, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2024 წლის 2 აპრილის № SSA 2 24 00375602 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ვაკე-საბურთალოს ტერიტორიულ ერთეულისათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის, რომლითაც გ.ჟ-ის აღუდგება პენსიის გაცემა 2023 წლის 1 აპრილიდან, გამოცემის დავალება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 23 აგვისტოს გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ვაკე-საბურთალოს ტერიტორიული ერთეულის 2023 წლის 1 აპრილის №2023-1 334511 გადაწყვეტილება და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2024 წლის 2 აპრილის № SSA 2 24 00375602 გადაწყვეტილება; სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ვაკე-საბურთალოს ტერიტორიულ ერთეულს დაევალა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, გ.ჟ-ისათვის 2023 წლის 1 აპრილიდან სახელმწიფო პენსიის აღდგენის თაობაზე. მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 25 დეკემბრის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 23 აგვისტოს გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტზე, რომლის შესაბამისად, საჯარო სამსახური არის სახელმწიფო სამსახურში საქმიანობა (გარდა ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირების მიერ განხორციელებული საქმიანობისა), მუნიციპალიტეტის ორგანოებში (დაწესებულებებში) საქმიანობა, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საქმიანობა (გარდა კულტურულ, საგანმანათლებლო, სამეცნიერო, კვლევით, სასპორტო და რელიგიურ, წევრობაზე დაფუძნებულ და ამ კანონითა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული კატეგორიის საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საქმიანობისა). საჯარო სამსახურად ითვლება აგრეთვე საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საქართველოს მთავრობის სათათბირო ორგანოების აპარატებში, საქართველოს ეროვნული ბანკის აპარატში, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აპარატში, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატში, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში, საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატში, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურში, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის აპარატში, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი საარჩევნო კომისიების აპარატებში, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში საქმიანობა.

განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ საქმის მასალებიდან გამომდინარე, დადგენილად მიიჩნია, რომ გ.ჟ-ი 2022 წლის 1 ნოემბრიდან მუშაობს სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის ... „...ის“ ...ის სპეციალისტის პოზიციაზე, რომლის უშუალო ფუნქცია-მოვალეობებში შედის: 1. ...ის ...ის განხორციელება და შესაბამისი დასკვნების მომზადება; 2. ...ში წარმოდგენილი სამართლებრივი მასალის სისრულის უზრუნველყოფა და მისი სამართლებრივი შესაბამისობა შინაარსთან; 3. კომპეტენციის ფარგლებში გამოვლენილი ხარვეზების შესახებ ხელმძღვანელისთვის წარდგენა და წინადადებების შემუშავება მათი აღმოფხვრის შესახებ; 4. ორიგინალური წყაროების მიხედვით, ციტატებისა და ციფრული მონაცემების სამართლებრივი სისწორის უზრუნველყოფა; 5. სამსახურის დირექტორის დავალებების შესრულება და კანონმდებლობის გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მითითებული საქმიანობა არ ჩაითვლება საჯარო საქმიანობად, მოსარჩელეს კანონის შესაბამისად არ ეზღუდება უფლება, მიიღოს სახელმწიფო პენსია კანონით დადგენილი წესით და ოდენობით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 25 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ.

კასატორის განმარტებით, „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტით რეგლამენტირებულია პირობა, რომ სახელმწიფო პენსიაზე უფლება არ წარმოიშობა და წარმოშობილი უფლება შეწყდება პირის მიერ საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში. ამავე კანონის მიზნებისათვის (მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი) საჯარო საქმიანობა განმარტებულია, როგორც სახელმწიფო სამსახურსა და საჯარო სამსახურში, მათ შორის, საჯარო სამართლის იურიდიულ პირში (გარდა პოლიტიკური ორგანიზაციებისა, ზოგადსაგანმანათლებლო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიისა, მუზეუმებისა, ბიბლიოთეკებისა, სკოლა პანსიონებისა, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების, სკოლისგარეშე და სააღმზრდელო საქმიანობის განმახორციელებელი დაწესებულებებისა) განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა. აღნიშნული კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, პენსიაზე უფლება არ წარმოიშობა და წარმოშობილი უფლება შეწყდება პირის მიერ საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში, ხოლო აღნიშნული კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი პენსიის ადმინისტრირების ფარგლებში, კომპეტენტური ორგანოს უფლება-მოვალეობებს წარმოადგენს პენსიის დანიშვნა, მისი გაცემის ორგანიზება, შეჩერება, განახლება, შეწყვეტა და გადაანგარიშება.

კასატორის განმარტებით, აღნიშნული კანონი წარმოადგენს სახელმწიფო გასაცემლის ადმინისტრირების სპეციალურ კანონს და ამ კანონის მიზნებისათვის მოცემული განმარტება, პენსიით უზრუნველყოფის უფლების შეზღუდვას ადგენს, როგორც საჯარო მოხელეების მიმართ, ასევე, ყველა იმ პირისათვის, ვინც (გარდა ზემოაღნიშნული ნორმით განსაზღვრული გამონაკლისისა), სახელმწიფო სამსახურსა და საჯარო სამსახურში, მათ შორის, საჯარო სამართლის იურიდიულ პირში ეწევა შრომით ანაზღაურებად საქმიანობას. აღნიშნული შეზღუდვა არ ვრცელდება, თუ პირი შემოსავალს იღებს საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან დადებული, არა შრომითი, არამედ სამოქალაქო სამართლებრივი ხელშეკრულებით (ნარდობა, ქირავნობა და სხვა) ან საქონლის/მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულების საფუძველზე.

სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურში დასაქმებული პირების სახელმწიფო გასაცემლებით უზრუნველყოფასთან დაკავშირებით, სააგენტომ შეისწავლა აღნიშნული სამსახურის, ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მოწყობის საკითხები, რა დროსაც გაირკვა, რომ აღნიშნული საჯარო სამართლის იურიდიული პირი შექმნილია „იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, რომლის მიხედვით განსაზღვრულია სამსახურის მიზანი, რაც გულისხმობს - უზრუნველყოს უფასო იურიდიული დახმარების განხორციელება საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში. აღნიშნულიდან გამომდინარე აშკარაა, რომ სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის მთავარ ფუნქცია-მოვალეობას წარმოადგენს იურიდიული დახმარების გაწევა, იურიდიული დახმარების შესახებ საქართველოს კანონის მიზნებიდან გამომდინარე. სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურთან დაკავშირებული საკითხის დეტალური შესწავლის შედეგად, სააგენტოს მიაჩნია, რომ აღნიშნული სამსახური, არ უნდა იქნეს განხილული კანონმდებლობით განსაზღვრულ საგამონაკლისო დაწესებულებად, რომელიც ისარგებლებს საჯარო საქმიანობასთან დაკავშირებული შეღავათიანი პირობებით.

აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 7 მარტის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს მოსარჩელისთვის სახელმწიფო პენსიის დანიშვნაზე უარის თქმის კანონიერება. კერძოდ, უნდა შეფასდეს სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურში ... ,,...ის“ ...ის სპეციალისტის პოზიციაზე საქმიანობა მიიჩნევა თუ არა საჯარო საქმიანობად, რომელიც გამორიცხავს პენსიის მიღებას.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ პენსიის მიღება საერთაშორისო და შიდა სამართლებრივი აქტების შესაბამისად, პირის ძირითად სოციალურ უფლებათა ჯგუფს განეკუთვნება. 1996 წლის 3 მაისის ევროპის სოციალური ქარტიის პირველი ნაწილის 23-ე პუნქტის მიხედვით, ხელმომწერი მხარეები (სახელმწიფოები) აღიარებენ ხანდაზმულ პირთა მიმართ სოციალური დაცვით სარგებლობის უფლებას.

ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-9 მუხლის თანახმად, პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ თითოეული ადამიანის უფლებას სოციალურ უზრუნველყოფაზე. ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 22-ე მუხლის თანახმად, ყოველ ადამიანს, როგორც საზოგადოების წევრს, აქვს სოციალური უზრუნველყოფის უფლება და უფლება განახორციელოს ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ დარგებში, ნაციონალური მეცადინეობისა და საერთაშორისო თანამშრომლობის მეშვეობით და ყოველი სახელმწიფოს სტრუქტურისა და რესურსების შესაბამისად, ის უფლებები, რომლებიც აუცილებელია მისი ღირსების შენარჩუნებისა და მისი პიროვნების თავისუფალი განვითარებისათვის.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ პენსიის მიღების უფლება წარმოადგენს პირის საჯარო სუბიექტური უფლების ერთ-ერთ სახეს, რომლითაც იგი საკანონმდებლო ბაზის საფუძველზე აღჭურვილია სახელმწიფო ხელისუფლების მიმართ. სუბიექტური უფლების წარმოშობის წინაპირობა არის მეორე პირის მოვალეობა, რამდენადაც სუბიექტური საჯარო სამართლებრივი უფლება არის პირისადმი საჯარო სამართლის ნორმით მინიჭებული უფლება, თავისი ინტერესების დასაცავად მოითხოვოს სახელმწიფოსაგან კონკრეტული დამოკიდებულება.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ხანდაზმულ პირთა სოციალური უფლებების მიმართ სახელმწიფოს აკისრია პოზიტიური ვალდებულება, არა მხოლოდ აღიაროს აღნიშნულ პირთა სოციალური უფლებების არსებობა, არამედ საპენსიო სისტემასთან დაკავშირებული ქმედითი ეროვნული კანონმდებლობის შექმნისა და არსებულის დახვეწის გზით, აგრეთვე, უზრუნველყოს ხსენებულ უფლებათა რეალიზებისათვის ფუნდამენტური მნიშვნელობის მქონე სამართლებრივი გარანტიების შექმნა. პოზიტიურ ჭრილში, სახელმწიფო, ასევე, ვალდებულია, დასახელებული ვალდებულებების ზედმიწევნითი განხორციელებით დაიცვას ხანდაზმულ პირთა სოციალური უფლებები და შეამციროს მათი ხელყოფის რისკები. ამასთან, პენსიის მიღების უფლების საჯარო-სამართლებრივი შინაარსის გათვალისწინებით, შესაბამისი საფუძვლების არსებობისას სახელმწიფოს მიერ პენსიის გაცემის შემხვედრი ვალდებულებით აღჭურვით, სახელმწიფოს სოციალურ უფლებათა მიმართ წარმოეშობა ნეგატიური ვალდებულებაც - საპენსიო სისტემის ფორმირების შედეგად ნაკისრი ვალდებულებების განუხორციელებლობით თავად არ ხელყოს ხანდაზმულ პირთა სოციალური გარანტიები.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2023 წლის 1 აპრილის, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ვაკე-საბურთალოს ტერიტორიული ერთეულის №2023-1 334511 გადაწყვეტილებით გ.ჟ-ის საჯარო საქმიანობის განხორციელების გამო, შეუწყდა სახელმწიფო გასაცემელი - სახელმწიფო პენსია.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის II თავი განსაზღვრავს პენსიის დანიშვნის წესსა და პირობებს, კერძოდ, მითითებული კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, პენსიაზე უფლების წარმოშობის საფუძველია საპენსიო ასაკის - 65 წლის მიღწევა. ამასთანავე, პენსიაზე უფლება ქალებს წარმოეშობათ 60 წლიდან. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, პენსიაზე უფლება არ წარმოიშობა და წარმოშობილი უფლება შეწყდება პირის მიერ საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში. აღნიშნულიდან გამომდინარე, საპენსიო ასაკს მიღწეული პირისათვის პენსიის უფლების წარმოშობის დამაბრკოლებელ გარემოებას ან წარმოშობილი უფლების შეწყვეტის საფუძველს პირის მიერ საჯარო საქმიანობის განხორციელება წარმოადგენს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საჯარო საქმიანობის ცნებას განსაზღვრავს „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი, რომლის შესაბამისად, საჯარო საქმიანობა არის სახელმწიფო სამსახურსა და საჯარო სამსახურში, მათ შორის, საჯარო სამართლის იურიდიულ პირში (გარდა პოლიტიკური და რელიგიური ორგანიზაციებისა, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისა, პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა, სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებებისა, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიისა, მუზეუმებისა, ბიბლიოთეკებისა, სკოლა-პანსიონებისა, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების, სკოლისგარეშე და სააღმზრდელო საქმიანობის განმახორციელებელი დაწესებულებებისა) განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა. საჯარო საქმიანობად არ მიიჩნევა საუბნო საარჩევნო კომისიაში განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა და საოლქო საარჩევნო კომისიის დროებითი წევრის მიერ განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა. ისეთი შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობის შესახებ ინფორმაციას, რომელიც საჯარო საქმიანობას მიეკუთვნება, კომპეტენტურ ორგანოს შეთანხმებული ფორმატით აწვდის საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემული დავის ფარგლებში გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება იმას, ახორციელებდა თუ არა სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურში ... ,,...ის“ ...ის სპეციალისტის თანამდებობაზე დანიშნული გ.ჟ-ი საჯარო საქმიანობას.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო სამსახურად მიიჩნევა საქართველოს სახელმწიფო და ავტონომიური რესპუბლიკების იმ ორგანოებში (დაწესებულებებში) არჩევით ან დანიშვნით თანამდებობაზე საქმიანობა, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე ახორციელებენ საკანონმდებლო, აღმასრულებელ და სასამართლო ხელისუფლებას, სახელმწიფო ზედამხედველობასა და კონტროლს, აგრეთვე სახელმწიფო თავდაცვას. ამავე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო მოსამსახურედ ითვლება პირი, რომელსაც სახელმწიფო სამსახურში არჩევითი ან დანიშვნითი თანამდებობა უკავია და რომლის უფლებამოსილება განისაზღვრება საქართველოს კონსტიტუციის ან/და შესაბამისი საკანონმდებლო აქტის საფუძველზე; ამ პირის პირველი მოადგილე/მოადგილე; ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირი. ამავე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, საჯარო სამსახური არის სახელმწიფო სამსახურში საქმიანობა (გარდა ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირების მიერ განხორციელებული საქმიანობისა), მუნიციპალიტეტის ორგანოებში (დაწესებულებებში) საქმიანობა, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საქმიანობა (გარდა კულტურულ, საგანმანათლებლო, სამეცნიერო, კვლევით, სასპორტო და რელიგიურ, წევრობაზე დაფუძნებულ და ამ კანონითა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული კატეგორიის საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საქმიანობისა). საჯარო სამსახურად ითვლება აგრეთვე საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საქართველოს მთავრობის სათათბირო ორგანოების აპარატებში, საქართველოს ეროვნული ბანკის აპარატში, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აპარატში, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატში, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში, საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატში, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის აპარატში, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი საარჩევნო კომისიების აპარატებში, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში საქმიანობა.

„საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, საჯარო დაწესებულებაში საქმიანობა, რომელიც არ გულისხმობს საჯარო სამსახურის განხორციელებას, წესრიგდება შესაბამისი კანონით ან/და საქართველოს შრომის კანონმდებლობით, ამ კანონით განსაზღვრული თავისებურებების გათვალისწინებით. საკასაციო სასამართლოს განმარტებით, საჯარო საქმიანობის განხორციელების საფუძვლით პენსიის შეწყვეტის საკითხის გადაწყვეტისას, მნიშვნელობის მქონეა არა პირის დასაქმების ადგილი, არამედ მის მიერ განხორციელებული საქმიანობის სახე, რამდენადაც საჯარო დაწესებულებაში საქმიანობა ავტომატურად არ გულისხმობს საჯარო საქმიანობის განხორციელებას. მხოლოდ ის გარემოება, რომ მოსარჩელე დასაქმებული იყო სსიპ - იურიდიული დახმარების სამსახურში, არ ქმნის მისთვის პენსიის დანიშვნაზე უარის თქმის საფუძველს. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ პენსიის დანიშვნის დროს მნიშვნელობა აქვს არა პირის დასაქმების ადგილს, არამედ საქმიანობის შინაარსს.

მოცემულ შემთხვევაში, როგორც საქმეში არსებული 2022 წლის 30 დეკემბერს სსიპ - იურიდიული დახმარების სამსახურსა და გ.ჟ-ის შორის გაფორმებული ხელშეკრულებიდან დასტურდება, დამსაქმებელი იღებს დასაქმებულს იურიდიული დახმარების სამსახურში დამხმარე ფუნქციების შესასრულებლად, შრომითი ხელშეკრულებით, ... „...ის“ ...ის სპეციალისტის პოზიციაზე, რომლის უშუალო ფუნქცია-მოვალეობებში შედის: 1. ...ის ...ის განხორციელება და შესაბამისი დასკვნების მომზადება; 2. ...ში წარმოდგენილი სამართლებრივი მასალის სისრულის უზრუნველყოფა და მისი სამართლებრივი შესაბამისობა შინაარსთან; 3. კომპეტენციის ფარგლებში გამოვლენილი ხარვეზების შესახებ ხელმძღვანელისთვის წარდგენა და წინადადებების შემუშავება მათი აღმოფხვრის შესახებ; 4. ორიგინალური წყაროების მიხედვით, ციტატებისა და ციფრული მონაცემების სამართლებრივი სისწორის უზრუნველყოფა; 5. სამსახურის დირექტორის დავალებების შესრულება და კანონმდებლობის გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება. საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების დასკვნას, რომ მოსარჩელის მიერ სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურში საქმიანობა მისი ფუნქცია-მოვალეობებიდან გამომდინარე, არ ჩაითვლება საჯარო საქმიანობად, გ.ჟ-ის არ ეზღუდება უფლება, მიიღოს სახელმწიფო პენსია კანონით დადგენილი წესით და ოდენობით.

საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს, რომ როგორც სახელმწიფო, ისე საჯარო სამსახურში საქმიანობა, ფართო გაგებით მიიჩნევა საჯარო-სამართლებრივი უფლებამოსილების განხორციელებად, თუმცა, საჯარო დაწესებულებაში შესაძლოა დასაქმებული იყოს არაერთი ტექნიკური მუშაკი ან სხვა პირი, რომელიც არ იღებს მონაწილეობას დაწესებულების საჯარო-სამართლებრივი ფუნქციების განხორციელებაში. სახელმწიფო სამსახურში დასაქმებული ყველა პირის საჯარო მოხელედ მიჩნევა გამოიწვევს საჯარო ფუნქციების არმქონე პირებზე, მათ შორის ტექნიკურ მუშაკებზე, საჯარო მოხელისათვის დაწესებული შეზღუდვებისა და ვალდებულებების გავრცელებას, რაც საჯარო დაწესებულებაში დასაქმებული არამოხელე პირებისათვის დაუსაბუთებლად მომატებული ტვირთის დაკისრებას გამოიწვევდა.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მართებულია სასამართლოების დასკვნა, რომ გ.ჟ-სთან მიმართებაში, ადგილი არ ჰქონია ისეთ ფაქტობრივ-სამართლებრივ მოცემულობას, რაც შეიძლებოდა გამხდარიყო მისთვის სახელმწიფო პენსიის შეწყვეტის საფუძველი. შესაბამისად, სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები უკანონოა და ბათილად უნდა იქნეს ცნობილი და უნდა დაკმაყოფილდეს მოთხოვნა, სახელმწიფო პენსიის აღდგენის შესახებ ახალი აქტის გამოცემის დავალების შესახებ.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით,

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 25 დეკემბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: ბ. სტურუა

მ. ვაჩაძე

გ. აბუსერიძე