Facebook Twitter

ას-1043-1311-09 24 დეკემბერი, 2009 წელი

¹ ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე

ნ. კვანტალიანი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ თ. ს-ძე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე _ სს “ბანკი კონსტანტა” (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 26 აგვისტოს განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი _ ვალდებულების შესრულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სს “ბანკმა კონსტანტამ” განცხადებით მიმართა სასამართლოს ლ. გ-ძისა და თ. ს-ძის მიმართ და მოითხოვა გადახდის ბრძანების მიღების გზით 2008 წლის 11 ივნისს გაფორმებული სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების გამო თანხის _ 3638.29 აშშ დოლარის დაკისრება შემდეგი საფუძვლებით: 2008 წლის 11 ივნისს სს “ბანკ კონსტანტასა” და ლ. გ-ძეს შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება ¹10-80-000560, რომლის საფუძველზეც მსესხებელს 24 თვის ვადით, წლიური 32 პროცენტით გადაეცა 4500 აშშ დოლარი. სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოთხოვნის უზრუნველსაყოფად, კრედიტორთან წერილობითი შეთანხმებით, სესხის ზღვრულ თანხაზე, სოლიდარულად იკისრა თავდებობა თ.ს-ძემ. ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა გაიცა 2008 წლის 11 ივნისს და მისი დაბრუნების ვადად განისაზღვრა 2010 წლის 11 ივნისი. ხელშეკრულების მე-2 მუხლისა და მე-7 მუხლის 7.2 პუნქტით განისაზღვრა ვალდებულების შესრულების გარაფიკი. ამავე ხელშეკრულების მე-7 მუხლის 7.7 პუნქტის 7.7.1 და 7.7.2 ქვეპუნქტების თანახმად, გამსესხებელს უფლება აქვს მსესხებლის მიერ ნაკისრი ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, მოსთხოვოს მოვალეს ვალდებულების დარჩენილი ნაწილის დაუყოვნებლივ შესრულება. მოვალის მიერ არაეთხელ იქნა დარღვეული ხელშეკრულების პირობები, რის გამოც დავალიანებამ შეადგინა 3638.29 აშშ დოლარი. განმცხადებელმა ასევე მიუთითა, რომ კრედიტორის მოთხოვნა არ არის დამოკიდებული მისი მხრიდან რაიმე საპასუხო შესრულებაზე და სამოქალაქო კოდექსის 302-309-ე მუხლის საფუძველზე მოითხოვა მოპასუხეებისათვის, როგორც სოლიდარული მოვალეებისათვის 3638.29 აშშ დოლარის დაკისრება.

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მიერ 2009 წლის 4 მარტს სს “ბანკი კონსტანტას” განცხადება დაკმაყოფილდა და ლ. გ-ძისა და თ. ს-ძის მიმართ მიღებულ იქნა გადახდის ბრძანება, ლ. გ-ძესა და თ. ს-ძეს სს “ბანკი კონსტანტას” სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 3638,29 აშშ დოლარის გადახდა.

თ. ს-ძემ შესაგებლით მიმართა სასამართლოს, მოითხოვა მიღებული გადახდის ბრძანების გაუქმება, საქმის სასარჩელო წესით განხილვა და სს “ბანკ კონსტანტასათვის” მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი დასაბუთებით: მოსარჩელემ მხოლოდ 2008 წლის 3 ივლისს მიიღო საქართველოს ეროვნული ბანკისაგან საბანკო საქმიანობის ლიცენზია და ფუნქციონირებს “ბანკი კონსტანტას” სახელით, ხოლო სესხი გაცემულია 2008 წლის 11 ივნისს, რაც კანონის დარღვევაა, ამასთან გადახდის ქვითრებით დასტურდება, რომ მხარეს კრედიტორის მიმართ დავალიანება არ გააჩნია. სადავო თავდებობის გარიგება არ არის ნამდვილი, რადგანაც არ შეესაბამება სამოქალაქო კოდექსის 891-ე და 892-ე მუხლების მოთხოვნებს, ხოლო მოთხოვნის კრედიტორი სარგებლობს გაბატონებული მდგომარეობით.

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 5 მაისის გადაწყვეტილებით სს “ბანკ კონსტანტას” სარჩელი დაკმაყოფილდა, სს “ბანკ კონსტანტას” სასარგებლოდ მოპასუხეებს ლ.გ-ძესა და თ.ს-ძეს სოლიდარულად დაეკისრათ სესხის ძირითადი თანხის _ 2663 აშშ დოლარისა და 29 ცენტის, სესხის პროცენტისა და პირგასამტეხლოს _ 975 აშშ დოლარის, სულ 3638,29 აშშ დოლარის ანაზღაურება.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა თ. ს-ძემ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 26 აგვისტოს განჩინებით თ. ს-ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლ.დ შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი არემოება, რომ 2008 წლის 11 ივნისის ¹10-80-000560 სესხის ხელშეკრულების საფუძველზე ლ. გ-ძეს გადაეცა 4500 აშშ დოლარი წლიური 32%-ით, სესხის ხელშეკრულების ვადა განისაზღვრა 24 თვით, ვალდებულების შეუსრულებლობისათვის პირგასამტეხლოდ განისაზღვრა 1% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ამავე ხელშეკრულებით განისაზღვრა, რომ სესხის დაფარვა დარიცხული პროცენტებიანად უნდა მომხდარიყო შეთანხმებული გრაფიკის შესაბამისად. 2008 წლის 11 ივნისის წერილობითი განცხადების საფუძველზე სოლიდარული თავდებობა იკისრა თ. ს-ძემ. 2009 წლის 27 თებერვლის სესხის გადახდის ამაონაწერით დასტურდება, რომ 2008 წლის 11 ივნისიდან 2009 წლის 27 თებერვლამდე სესხის, სარგებლისა და პირგასამტეხლოსათვის გადახდილი თანხა შეადგენს 1327 აშშ დოლარს. 2009 წლის 19 და 25 თებერვლის ხელწერილებით ლ.გ-ძე სესხის გადახდის თაობაზე გაფრთხილებულ იქნა, თუმცა აღნიშნული ხელწერილები არ ჩაიბარა მოვალის მეუღლემ. ასევე დადგენილია, რომ თ. ს-ძე არის ლ.გ-ძის სოლიდარული თავდები და თავდებობა გაფორმებულია წერილობით. ამდენად, პალატამ არ გაიზიარა მხარის მითითება სამოქალაქო კოდექსის 894-ე მუხლზე, ამასთან, ვინაიდან ძირითადმა მოვალემ _ ლ.გ-ძემ გადააცილა სესხის გადახდის ვადას, ხოლო წერილობით გაფრთხილებას შედეგი არ მოჰყოლია, პალატამ მიიჩნია, რომ არსებობს სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის მოთხოვნები, რის გამოც მოსარჩელის მოთხოვნა სოლიდარული თავდების მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე საფუძვლიანია.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა თ. ს-ძემ, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის შემდეგი საფუძვლებით: მოსარჩელის მიერ არ არის მიღებული ზომები ძირითადი მოვალის მიერ ვალდებულების შესრულებისათვის. თ.ს-ძე არის თავდები და არა ძირითადი მოვალე, რის გამოც უფლებამოსილია, სამოქალაქო კოდექსის 894-ე მუხლის შესაბამისად, უარი თქვას თანხის გადახდაზე ვიდრე ყველა ზომა არ იქნება გამოყენებული მოთხოვნის ძირითადი მოვალის მიერ ვალდებულების შესასრულებლად, ამასთან, კანონის დანაწესი, რომ კრედიტორი უფლებამოსილია ძირითადი მოვალის მიერ ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის დროს აღნიშნულის შესრულება დააკისროს თავდებს, გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოთხოვნის კრედიტორი ყველანაირად შეეცდება ვალდებულების შესრულებას ძირითადი მოვალისგან და შემდეგ დააყენებს თავდების პასუხისმგებლობას. კასატორმა სასამართლოს წინაშე იშუამდგომლა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების თაობაზე მძიმე ეკონომიკური პირობების გამო, თუმცა მას აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებები სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2009 წლის 3 ნოემბრის განჩინებით თ.ს-ძის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა დაუსაბუთებლობის მოტივით, ხოლო საკასაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და მხარეს დაევალა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების ან სახელმწიფო ბაჟის _ 181.91 აშშ დოლარის ეკვივალენტი ეროვნული ლარის ჩარიცხვის ქვითრის დედნის წარმოდგენა.

დადგენილ ვადაში თ.ს-ძემ განცხადებით მიმართა სასამართლოს და განმარტა, რომ არის გადახდისუუნარო, აქვს მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა, აღნიშნული გარემოების დასადასტურებლად წარმოადგინა უბნის კომიტეტის ცნობა და იშუამდგომლა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის საფუძველზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების თაობაზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2009 წლის 20 ნოემბრის განჩინებით შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა და მხარეს გაუგრძელდა ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ვადა 4 (ოთხი) დღით სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების დამადასტურებელი მტკიცებულების, ან მისი გადახდის გდამადასტურებელი მტკიცებულების წარმოსადგენად. აღნიშნული განჩინება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით გაეგზავნა და ჩაბარდა კასატორს. სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში მხარეს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მიუმართავს სასამართლოსათვის.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ თ. ს-ძის საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. ამდენად, დასახელებული მუხლიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია, განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მან დაკარგა ინტერესი დავის მიმართ.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს მოცემულ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

მოცემულ შემთხვევაში, თ. ს-ძეს საკასაციო სასამართლოს 2009 წლის 20 ნოემბრის განჩინებით გაუგრძელდა ვადა ხარვეზის გამოსწორებისათვის, დაევალა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების დამადასტურებელი მტკიცებულების ამ სახელმწიფო ბაჟის ჩარიცხვის ქვითრის წარმოდგენა. აღნიშნული განჩინება კასატორის მიერ მითითებულ მისამართზე გაიგზავნა და ჩაბარდა ადრესატს 2009 წლის 27 ნოემბერს (ს.ფ. 157).

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. დასახელებული ნორმის თანახმად, ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ვადის დენა დაიწყო 2009 წლის 28 ნოემბერს და ამოიწურა ამავე წლის პირველ დეკემბერს. ამ ვადის განმავლობაში კასატორს ხარვეზი არ გამოუსწორებია, რაც საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ თ. ს-ძის საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

თ. ს-ძის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.