Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-241(კ-24) 20 მაისი, 2025 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტრო

პროცესუალური მოწინააღმდეგე (მოსარჩელე) - თ.შ-ა

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 27 ნოემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი - სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

თ.შ-ამ 2022 წლის 31 მარტს სარჩელით მიმართა სოხუმისა და გაგრა-გუდაუთის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე - იუსტიციის და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის მიმართ. მოსარჩელემ სარჩელის დაზუსტების შედეგად მოითხოვა მოპასუხის 2022 წლის 02 მარტის №24პ/შ ბრძანების ბათილად ცნობა, თ.შ-ას ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა და 2022 წლის 02 მარტიდან განსახილველ საქმეზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებამდე იუსტიციის და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატისთვის ყოველთვიურად 1 330 ლარის ოდენობით იძულებითი განაცდურის ანაზღაურების დავალება.

სოხუმისა და გაგრა-გუდაუთის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 12 აპრილის განჩინებით თ.შ-ას ადმინისტრაციული სარჩელი განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.

სარჩელის თანახმად, 2022 წლის 02 მარტს იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის №24 პ/შ ბრძანებით, მინისტრის აპარატში რეორგანიზაციის საფუძველზე შტატების შემცირების გამო თ.შ-ა განთავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან. მოსარჩელემ მიიჩნია, რომ ზემოხსენებული ბრძანება იყო უკანონო და დაუსაბუთებელი, არღვევდა რა მის უფლებებს, მათი აღდგენის მიზნით მიმართა სასამართლოს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 20 სექტემბრის გადაწყვეტილებით თ.შ-ას სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის 2022 წლის 02 მარტის №24 პ/შ ბრძანება თ.შ-ას სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ და მოპასუხეს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა; იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა საპროცესო ხარჯის - ადვოკატის მომსახურების ანაზღაურება 1000 ლარის ოდენობით; დანარჩენ ნაწილში თ.შ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 20 სექტემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 27 ნოემბრის განჩინებით, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 20 სექტემბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, რომელთა თანახმად, თ.შ-ა 2020 წლის 27 ივლისს დაინიშნა იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის იუსტიციის დეპარტამენტის ...ის სამმართველოს ( ... რანგის ... კატეგორია) ...ის თანამდებობაზე 12 თვიანი გამოსაცდელი ვადით.

იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის 2021 წლის 07 დეკემბრის №73 ძ/ს ბრძანებით, საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობის შესაბამისად, 2021 წლის 07 დეკემბრიდან იუსტიციის სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატში ეფექტიანი მმართველობისა და ინსტიტუციური მოწყობის შეცვლის მიზნით გამოცხადდა რეორგანიზაცია, რომელსაც შესაძლოა მოჰყოლოდა მოხელეთა მობილობა, შტატებისა და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირების შემცირება.

თ.შ-ას 2022 წლის 03 თებერვალს ჩაუტარდა გასაუბრება, რომელიც, დასმული შეკითხვებისა და გაცემული პასუხების შესაბამისად, შეფასდა 3.84 ქულით. იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის 2022 წლის 02 მარტის №24 პ/შ ბრძანებით, თ.შ-ა გათავისუფლდა სამსახურიდან.

სააპელაციო პალატამ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე განმარტა, რომ მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, დასაქმებული პირის თანამდებობიდან გათავისუფლების ერთ-ერთ საფუძველს რეორგანიზაციის შედეგად შესაბამისი საშტატო ერთეულის გაუქმება წარმოადგენდა, თუმცა საშტატო ერთეულის გაუქმება თავის თავში გულისხმობდა იმავე ფუნქციური დატვირთვისა და საკვალიფიკაციო მოთხოვნების მქონე საშტატო ერთეულის საშტატო ნუსხიდან ამოღებას. მოხელის გასათავისუფლებლად აუცილებელი იყო შესაბამისი საშტატო ერთეულის შემცირება, ხოლო საშტატო ერთეული გაუქმებულად ითვლებოდა, როცა ფუნქციური დატვირთვით აღარ არსებობდა ამგვარი შტატი. პალატამ მიიჩნია, რომ საჯარო დაწესებულებაში განსაზღვრული თითოეული საშტატო ერთეული დატვირთული იყო კონკრეტული საჯარო ფუნქციებითა და პასუხისმგებლობებით, რაც მის ინდივიდუალურ ადგილს განაპირობებდა საჯარო სამსახურის სისტემაში. შესაბამისად, სამართლებრივ ურთიერთობებში, მათ შორის, რეორგანიზაციის დროს შტატების შემცირების პროცესში თითოეული საშტატო ერთეულის შეფასება უნდა განხორციელებულიყო ინდივიდუალურად და საშტატო ერთეულის შემცირების საფუძვლით მხოლოდ იმ საჯარო მოსამსახურის გათავისუფლება უნდა მომხდარიყო, რომლის საშტატო ერთეულიც გაუქმდა.

სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ თ.შ-ა დასაქმებული იყო იუსტიციის დეპარტამენტში, ...ის სამმართველოში. პალატამ არ გაიზიარა ადმინისტრაციული ორგანოს მოსაზრება, რომ რეორგანიზაციის შედეგად ახლად ჩამოყალიბებული სამართალშემოქმედებისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტი ფუნქციურად არსებითად შეიცვალა და დაიტვირთა. პალატამ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა, რომლის თანახმად, რეორგანიზაციამდე პერიოდშიც იუსტიციის დეპარტამენტის ...ის სამმართველოს ფუნქციას წარმოადგენდა როგორც ..., ასევე ...ის .... შესაბამისად, პალატამ მიიჩნია, რომ რეორგანიზაციამდეც ... რანგის ... კატეგორიის ...ის - თ.შ-ას ფუნქციებში შედიოდა ზემოხსენებული უფლებამოსილებების განხორციელება.

პალატამ საქმის მასალებზე მითითებით აღნიშნა, რომ დასტურდებოდა თ.შ-ასთვის რეორგანიზაციის პროცესში გასაუბრების ჩატარების ფაქტი, რა დროსაც იგი შეფასდა 3.84 ქულით, თუმცა 2022 წლის 03 თებერვლის №1 ოქმი და გასაუბრებაში მონაწილე კანდიდატთა შეფასების ფორმა არ შეიცავდა რაიმე მითითებას არც დასმული შეკითხვებისა და არც კანდიდატთა მიერ გაცემული პასუხების შესახებ. მასში მხოლოდ კომისიის წევრთა მიერ გაკეთებული შეფასებები იყო მოცემული, თუმცა ის, თუ რა დაედო შედეგს საფუძვლად, იყო უცნობი. აღნიშნულთან დაკავშირებით პალატამ მიუთითა, რომ დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთება წარმოადგენდა ადმინისტრაციული ორგანოს უმნიშვნელოვანეს ვალდებულებას, რამდენადაც ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან უნდა გამორიცხულიყო თვითნებური, მიკერძოებული და არაკვალიფიციური გადაწყვეტილების მიღება.

სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ადმინისტრაციულმა ორგანომ ადმინისტრაციული წარმოების დროს არ დაიცვა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი ადმინისტრაციული წარმოების პროცედურა, არ გამოიკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება, გადაწყვეტილება მიიღო ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების გარეშე. კერძოდ, განსახილველ შემთხვევაში სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი იყო დაუსაბუთებელი, რაც შეუძლებელს ხდიდა იმის შემოწმებას, თუ რა ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე იქნა გათავისუფლებული თ.შ-ა სამსახურიდან; საქმის მასალებით არ დგინდებოდა მის კონკურენტ პირთა შეფასებები და კვალიფიკაციები. შესაბამისად, პალატის მოსაზრებით, მართებული იყო საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და ადმინისტრაციული ორგანოსთვის საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 27 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის მიერ.

კასატორის, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის, წარმომადგენელმა მიმოიხილა აპარატში განხორციელებული რეორგანიზაციის პროცესი და განმარტა, რომ დაგეგმილი ცვლილებების თანახმად, იუსტიციის დეპარტამენტს უნდა შესცვლოდა დასახელება და იქმნებოდა სამართალშემოქმედებისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტი. რეორგანიზაციაზე პასუხისმგებელმა პირებმა მიზანშეწონილად ჩათვალეს დეპარტამენტის ფუნქციების გაზრდა, კერძოდ, დეპარტამენტს დაემატებოდა ფუნქციები, მათ შორის ...ის .... აღნიშნულის გათვალისწინებით, ...ის სამმართველოში თანამშრომელთა რაოდენობა და რანგირება განისაზღვრებოდა შემდეგნაირად: სამმართველოს უფროსი - 1 საშტატო ერთეული, III რანგის პირველი კატეგორიის სპეციალისტი - 2 საშტატო ერთეული; III რანგის II კატეგორიის სპეციალისტი - 1 საშტატო ერთეული. ...ის სამმართველოში, ...ის ...ის განმახორციელებელი საშტატო ერთეულის ფორმირება მოხდებოდა III რანგის პირველი კატეგორიის სპეციალისტის საშტატო ერთეულად, ხოლო III რანგის II კატეგორიის სპეციალისტის ფუნქციად განისაზღვრებოდა აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტების მოძიება/დამუშავება და მასთან დაკავშირებული საქმიანობის განხორციელება. რეორგანიზაციის პროცესში მოქმედი დებულების თანახმად, მითითებული ფუნქცია წარმოადგენდა სამოქალაქო ინტეგრაციის დეპარტამენტის ამოცანებს. ამდენად ...ის სამმართველოში შესამცირებელ საშტატო ერთეულად გამოიკვეთა ... რანგის ... კატეგორიის ..ის პოზიცია.

ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ „იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის რეორგანიზაციის პროცესში მობილობასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით კომისიის შექმნისა და მობილობას დასაქვემდებარებელ პირთა შერჩევის შესახებ“ მინისტრის 2021 წლის 09 დეკემბრის №74 ძ/ს ბრძანებით შექმნილი კომისიის 2022 წლის 03 თებერვალს №1 სხდომის ოქმის შესაბამისად, ჩატარდა მინისტრის აპარატში დასაქმებულ საჯარო მოხელეებთან გასაუბრება, რომლის შესაბამისად განხორციელდა რეორგანიზაციის პროცესში მობილობას დაქვემდებარებულ პირთა განსაზღვრა. გასაუბრება ჩაუტარდა თ.შ-ას, რომელსაც მინისტრის აპარატში ეკავა იუსტიციის დეპარტამენტის ...ის სამმართველოს ...ის თანამდებობა. კასატორის წარმომადგენლის განმარტებით, კომისიამ განახორციელა მინისტრის აპარატის თანამშრომელთა კვალიფიკაციისა და გამოცდილების (პირად საქმეებში დაცულ მასალებზე დაყრდნობით) დეტალური შესწავლა, თითოეული თანამშრომლის შესახებ არსებული ინფორმაცია/დოკუმენტაციისა და მათი სამსახურებრივი ფუნქცია-მოვალეობების შესწავლა-ანალიზი, რის შედეგადაც მოხდა მათი შედარება რეორგანიზაციაზე პასუხისმგებელი პირების 2022 წლის 18 იანვრის №21-02 მოხსენებით ბარათში მითითებული, 17 იანვარს მინისტრთან წარდგენილი ორგანიზაციული სტრუქტურით გათვალისწინებული თანამდებობისთვის შესაბამის ფუნქცია-მოვალეობებთან და სამუშაო აღწერილობებთან. თ.შ-ამ გაიარა გასაუბრება, სადაც მისმა შეფასებამ შეადგინა 3.84 ქულა. მისი მონაცემები სამუშაო აღწერილობასთან ერთად გადაგზავნილ იქნა საქართველოს პარლამენტში. 2022 წლის 22 თებერვლის №1695/2-6/22 წერილით მინისტრის აპარატს ეცნობა, რომ საქართველოს პარლამენტი ამ ეტაპზე მოკლებული იყო შესაძლებლობას დადებითად გადაეწყვიტა აღნიშნული საკითხი, ამრიგად თ.შ-ა დაექვემდებარა სამსახურიდან გათავისუფლებას და მოხელეთა რეზერვში ჩარიცხვას.

კასატორის წარმომადგენელმა მიუთითა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-4 პუნქტზე, 108-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტზე, 110-ე მუხლის პირველ პუნქტზე და განმარტა, რომ რეორგანიზაციის შედეგების გათვალისწინებით, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი იყო გამოეცა თ.შ-ას იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის იუსტიციის დეპარტამენტის ...ის სამმართველოს ...ის თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე 2022 წლის 02 მარტის №24 პ/შ ბრძანება.

ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენელმა მიუთითა აქტის ბათილობასთან დაკავშირებულ მტკიცების ტვირთზე და განმარტა, რომ ადმინისტრაციულ ორგანოზე მტკიცების ტვირთის გადატანა არ ათავისუფლებდა მოსარჩელეს საკუთარი მოთხოვნის დასაბუთებისაგან. მოცემულ შემთხვევაში, მის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი და მითითებული ვერცერთი არსებითი დარღვევა, რომელიც იქნებოდა გასაჩივრებული აქტის ბათილად ცნობის საფუძველი. აღნიშნულის გათვალისწინებით, ასევე სრულიად დაუსაბუთებელი იყო სასამართლოს მხრიდან საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით ხელმძღვანელობა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 18 მარტის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის საკასაციო საჩივარი დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 15 მაისის განჩინებით იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის უფლებამონაცვლედ ცნობილი იქნა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტრო.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს, შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში შესაფასებელია თ.შ-ას სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერება, ამდენად, უნდა შემოწმდეს ზემოხსენებული აქტის შესაბამისობა საკითხის მომწესრიგებელ სამართლებრივ ნორმებსა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს ყოველ მოქალაქეს აქვს უფლება დაიკავოს ნებისმიერი საჯარო თანამდებობა, თუ იგი აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. საჯარო სამსახურის პირობები განისაზღვრება კანონით (საქართველოს კონსტიტუციის 25.1 მუხ.). საქართველოს კონსტიტუციის ზემოხსენებული ნორმით გარანტირებული შრომის უფლება გულისხმობს მოქალაქის უფლებას, გააჩნდეს წვდომა საჯარო სამსახურზე და სახელმწიფოს ვალდებულებას არ დაუშვას პირის საჯარო სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლება. აღსანიშნავია, რომ შრომის უფლება არ არის აბსოლუტური უფლება და ექვემდებარება შეზღუდვას კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში. მნიშვნელოვანია, რომ მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველი უნდა იყოს დამაჯერებლად დასაბუთებული.

„საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 110-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად (სადავო აქტის გამოცემის დრო მოქმედი რედაქცია), მოხელის თანამდებობიდან გათავისუფლების ერთ-ერთ საფუძველს წარმოადგენდა საჯარო დაწესებულების რეორგანიზაცია, რასაც შედეგად მოჰყვა შტატების შემცირება.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საჯარო დაწესებულების რეორგანიზაცია არის საჯარო სამსახურის დაწესებულის შიდა სტრუქტურული ან/და ფუნქციონალური გარდაქმნა, რასაც შეიძლება მოსდევდეს დაწესებულების მთლიანად ან მისი სტრუქტურული ქვედანაყოფების სტატუსის, დაქვემდებარების ან/და ფუნქციონალური დატვირთვის ცვლილება. საშტატო ერთეულისათვის სახელწოდების შეცვლა არ წარმოადგენს საფუძველს იმ ფაქტობრივი გარემოების დადგენილად მიჩნევისათვის, რომ აღარ არსებობს საშტატო ერთეული. საშტატო ერთეული გაუქმებულად ითვლება, როცა ფუნქციური დატვირთვით აღარ არსებობს ამგვარი შტატი, ახალი საშტატო ერთეულით განისაზღვრა სხვა უფლება-მოვალეობები, ან/და ამგვარი საშტატო ერთეულის დასაკავებლად სხვა კრიტერიუმები უნდა იქნეს დაკმაყოფილებული პირის მიერ და ა.შ. რეორგანიზაციის შედეგად შეიძლება ადმინისტრაციული ორგანოს სტრუქტურა შეიცვალოს, გაიყოს და კონკრეტული სამსახურები განსხვავებულად ჩამოყალიბდეს, მაგრამ მოხელის მიერ დაკავებული შტატი არსებითად უცვლელად დარჩეს ანუ იყოს იმავე იერარქიულ საფეხურზე, თუნდაც სხვა უწყების დაქვემდებარებაში და ითვალისწინებდეს იმავე უფლება-მოვალეობების შესრულებას. შესაბამისად, კონკრეტული თანამდებობის იდენტურობის დადგენის მიზნით უნდა შეფასდეს: ა) მათი ადგილი ადმინისტრაციული ორგანოს სამსახურებრივ იერარქიაში; ბ) ძირითად უფლებამოსილებათა წრე, ამასთან საკასაციო სასამართლო ხაზს უსვამს, რომ ფორმალურად ზოგიერთი ფუნქციის მოკლება ან რაიმე უმნიშვნელო მოთხოვნის დამატება მდგომარეობას არ ცვლის; გ) მოთხოვნები, რომლებიც რეორგანიზაციის შემდგომ საჭიროა კონკრეტული თანამდებობის დასაკავებლად; დ) ზოგიერთ შემთხვევაში შრომის ანაზღაურება (სუსგ №ბს-449-442(კ-15), 08.12.2015წ.).

საქმეში დაცული მტკიცებულებებითა და ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, თ.შ-ა 2020 წლის 27 ივლისს დაინიშნა იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის იუსტიციის დეპარტამენტის ...ის სამმართველოს ...ის თანამდებობაზე. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ასევე დადგენილია, რომ იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის 2021 წლის 07 დეკემბრის №73 ძ/ს ბრძანებით, საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობის შესაბამისად, 2021 წლის 07 დეკემბრიდან იუსტიციის სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატში ეფექტიანი მმართველობისა და ინსტიტუციური მოწყობის შეცვლის მიზნით გამოცხადდა რეორგანიზაცია.

იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის 2021 წლის 9 დეკემბრის №74 ძ/ს ბრძანებით, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის რეორგანიზაციის პროცესში მობილობასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით, შეიქმნა კომისია. მობილობას დასაქვემდებარებელ საჯარო მოხელეთა იდენტიფიცირების, მათი კომპეტენციებისა და უნარების განსაზღვრის მიზნით კომისიას უნდა უზრუნველეყო გასაუბრების ჩატარება.

რეორგანიზაციის შედეგად იუსტიციის დეპარტამენტს ეწოდა სამართალშემოქმედებისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტი. კასატორის მითითებით, ამავე დეპარტამენტს დაემატა ფუნქციები, კერძოდ, დეპარტამენტს დაემატა ... ...ის ..., შესაბამისად ...ის სამმართველოში თანამშრომელთა რაოდენობა და რანგირება განისაზღვრა შემდეგნაირად - სამმართველოს უფროსი - 1 საშტატო ერთეული, III რანგის I კატეგორიის სპეციალისტი - 2 საშტატო ერთეული, III რანგის II კატეგორიის სპეციალისტი - 1 საშტატო ერთეული. ...ის სამმართველოში, ...ის ...ის განხორციელება დაეკისრა III რანგის I კატეგორიის უფროს სპეციალისტს, ხოლო III რანგის II კატეგორიის სპეციალისტს ფუნქციად განესაზღვრა აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტების მოძიება/დამუშავება და მასთან დაკავშირებული საქმიანობის განხორციელება.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2019 წლის 11 ოქტომბრის №37 დადგენილებით დამტკიცებული „იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის თანამდებობის შემოღების, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 17.11.2014წ. №56 დადგენილების თანახმად, იუსტიციის დეპარტამენტის ძირითად ამოცანებში შედიოდა აფხაზეთის მკვიდრთა (მათ შორის აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრებ პირთა) უფლებათა დარღვევის გამოვლენა და პრევენციის მიზნით წინადადებების შემუშავება, შესაბამისი ღონისძიებებისა და პროგრამების დაგეგმვა და განხორციელება (11.1 მუხ., „თ“ ქვ.პ). იუსტიციის დეპარტამენტი ამოცანებისა და უფლებამოსილებების განსახორციელებლად უზრუნველყოფდა მასში სტრუქტურული ქვედანაყოფის სახით შემავალი სტრუქტურული ერთეულებით, კერძოდ, ...ის სამმართველოს მეშვეობით. ...ის სამმართველო, მათ შორის, უზრუნველყოფდა აფხაზეთის მკვიდრთა (მათ შორის აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრები პირების) უფლებათა დარღვევის პრევენციის მიზნით წინადადებების შემუშავებას, შესაბამისი ღონისძიებებისა და პროგრამების დაგეგმვასა და განხორციელებას, მათთვის სამართლებრივი ხასიათის კონსულტაციების გაწევასა და აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული ადამიანის უფლებათა დარღვევასთან დაკავშირებით იდენტური ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული გადაწყვეტილებების მოძიებას, ... (11.2 მუხ. „ბ.ა“ და „ბ.გ“ ქვ.პ)

ამდენად, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ რეორგანიზაციამდე პერიოდშიც იუსტიციის დეპარტამენტის ...ის სამმართველოს ფუნქციას წარმოადგენდა როგორც ..., ასევე ის ... შესაბამისად, რეორგანიზაციამდეც თ.შ-ას, როგორც ... რანგის … კატეგორიის ...ის ფუნქციებში შედიოდა ზემოხსენებული უფლებამოსილებების განხორციელება.

საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლზე, რომლის თანახმად ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას. დაუშვებელია ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილების კანონიერების მტკიცება მხოლოდ დისკრეციული უფლებამოსილების არსებობაზე მითითებით.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებას განეკუთვნება მუშაკის სამსახურებრივ მოთხოვნებთან შესაბამისობის სხვადასხვა კრიტერიუმებით შეფასება, თითოეული მუშაკის პროფესიონალიზმის, შრომითი უნარ-ჩვევების, კომპეტენტურობის, მიღებული განათლების, კარიერული ზრდის პერსპექტივის, კრეატიულობის, პირადი თვისებების, თანამშრომლობის უნარის, კოლეგიალობის, რეპუტაციის, სხვა გარემოებების გათვალისწინება და კონკრეტული შემთხვევისათვის სათანადო გადაწყვეტილების მიღება (სუსგ №ბს-1037(კ-18), 23.07.2020წ.).

საკასაციო პალატის მოსაზრებით, დასაბუთებული არ არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენებისას რამდენიმე შესაძლო გადაწყვეტილებიდან ყველაზე მისაღები გადაწყვეტილების მიღება. მართალია რეორგანიზაციის შედეგად თანამშრომელთა დასაქმების საკითხი ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებათა რიგს მიკუთვნება, რაც არ გამორიცხავს მასზე სასამართლო კონტროლის განხორციელებას. სასამართლო ფლობს დავის გადაწყვეტის სრულ იურისდიქციას, თუმცა სფეროს სპეციფიკის გათვალისწინებით განსხვავდება ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციული სფეროს რეგულირების ხარისხი, სასამართლო კონტროლის სიმჭიდროვე, ინტენსივობა, შესაბამისად სასამართლოს კონტროლი ამ პირობებში უნდა იყოს სათანადო და თანაზომიერი, დასაცავი ობიექტის მნიშვნელობიდან გამომდინარე არ არის გამორიცხული დისკრეციის მიმართ გამკაცრებული ტესტის გამოყენება (სუსგ №ბს-448-443(კ-12), 13.02.2013წ.).

სასამართლოს შეუძლია შეაფასოს გადაწყვეტილების მიღების პროცედურული მხარე, კანონმდებლობით განსაზღვრული დისკრეციული უფლებამოსილების საზღვრების გამოყენების დაცულობა და მიზანთან მისი შესაბამისობის სისწორე, შეფასების საყოველთაოდ მიღებული მასშტაბის, თანასწორობის პრინციპის დაცულობა. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენების შედეგად შერჩეულმა ღონისძიებამ არ შეიძლება გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა. აღნიშნული უფლებამოსილებით მიღებული გადაწყვეტილება საკმარისად დასაბუთებული უნდა იყოს მისი შინაარსის, საგნის, მიზნისა და მოცულობის მიხედვით. ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილე პირს გარკვეულ დონეზე უნდა შეეძლოს მისი განჭვრეტა და გათვლა. მოხელის თანამდებობიდან გათავისუფლება უნდა ემყარებოდეს ობიექტურ, ცხად და გამჭვირვალე პროცესსა და კრიტერიუმებს, რაც გათავისუფლებულ პირს შესაძლებლობას მისცემს ობიექტურად და სრულად აღიქვას მისი გათავისუფლებისა და სხვა კონკრეტულ პირთათვის უპირატესობის მინიჭების საფუძვლები.

საკასაციო პალატის მოსაზრებით, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის 2022 წლის 02 მარტის №24 პ/შ ბრძანების სამართლებრივი საფუძველი უნდა შეფასდეს 2022 წლის 03 თებერვლის გასაუბრების/გადაწყვეტილების ოქმის დასაბუთების კუთხით, ვინაიდან გათავისუფლების ერთ-ერთ საფუძველს სწორედ ზემოხსენებული ოქმი წარმოადგენს. საქმეში დაცული მტკიცებულებით, კერძოდ, 2022 წლის 03 თებერვლის №1 ოქმი, ასევე გასაუბრებაში მონაწილე კანდიდატთა შეფასების ფორმა არ შეიცავს რაიმე მითითებას არც დასმული შეკითხვების, არც კანდიდატის მიერ გაცემული პასუხების შესახებ, მითითებულია მხოლოდ კომისიის წევრთა მიერ გაკეთებული შეფასებები, თუმცა უცნობია რას ეყრდნობა თითოეული შედეგი.

განსახილველ შემთხვევაში სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტსა და გასაუბრების/გადაწყვეტილების ოქმში არ არის ასახული გარემოებები, რომლითაც იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატმა იხელმძღვანელა თ.შ-ას თანამდებობიდან გათავისუფლების დროს; კერძოდ კასატორი ადმინისტრაციული ორგანო ვერ უთითებს იმ კრიტერიუმებს, რომლის მიხედვითაც მოხდა შეფასება, დაუდგენელია როგორ განსაზღვრა კომისიამ თ.შ-ას პროფესიული ჩვევების, უნარების, კვალიფიკაციის, შესაძლებლობების და პიროვნული თვისებების შესაბამისობის საკითხი დაკავებული თანამდებობის მოთხოვნებთან, როგორ შეაფასა მოხელის მიერ შესრულებული პროფესიული სამსახურებრივი საქმიანობა და მოხელის პროფესიული დონის გამოყენების პერსპექტივა. არ არის მითითებული და დასაბუთებული, თუ რა შინაარსის იყო გასაუბრება, რა კრიტერიუმების (კვალიფიკაცია და ა.შ) საფუძველზე მიენიჭათ გასაუბრების დროს თ.შ-ასთან შედარებით უპირატესობა სხვა კანდიდატებს. საკასაციო პალატის მოსაზრებით, იმის შესაფასებლად, ჩატარებული გასაუბრებისას, თუ რამდენად დაიცვა ადმინისტრაციულმა ორგანომ თანასწორობის პრინციპი, კერძოდ, უპირატესი დარჩენის უფლების მქონე მოხელეთა გამოსავლენად მათი კვალიფიკაციისა და პროფესიული ჩვევების, შრომის დისციპლინის და ა.შ. ადეკვატური, ობიექტური შეფასება და შესაბამისი მოტივირებული გადაწყვეტილების მიღება, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული აქტები უნდა იყოს დასაბუთებული და სათანადოდ არგუმენტირებული. განსახილველ შემთხვევაში კი, საქმეში დაცული გასაუბრების/გადაწყვეტილების ოქმი არაინფორმაციული ხასიათისაა, რაც არ იძლევა გასაუბრების პროცესის მართებულად შეფასების შესაძლებლობას.

შესაბამისად საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე სადავო აქტის ბათილად ცნობის შესახებ. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია სრულად გამოიკვლიოს საქმესთან დაკავშირებული გარემოებები და მიიღოს სათანადოდ დასაბუთებული გადაწყვეტილება. განსახილველ შემთხვევაში სადავო აქტი ვერ აკმაყოფილებს აღნიშნულ სტანდარტს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 27 ნოემბრის განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

მ. ვაჩაძე

ბ. სტურუა