საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
ბს-297(კ-24) 22 მაისი, 2025წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: გიორგი გოგიაშვილი, თამარ ოქროპირიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა გ.ფ-ას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 15.01.2024წ. გადაწყვეტილებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
გ.ფ-ამ 14.07.2021წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის მიმართ. მოსარჩელემ თავდაპირველად მოითხოვა გ.ფ-ას დისციპლინური წესით დასჯისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 29.06.2021წ. MIA 2 21 01643244 ბრძანების ბათილად ცნობა. 15.11.2022წ. მოსარჩელემ დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და პირველ სასარჩელო მოთხოვნასთან ერთად მოითხოვა მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციისათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, გ.ფ-ას სამსახურში აღდგენის შესახებ, კადრების განკარგულებაში ყოფნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 16.03.2023წ. გადაწყვეტილებით გ.ფ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 29.06.2021წ. MIA 2 21 01643244 ბრძანება და მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაევალა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა სადავო საკითხთან დაკავშირებით. დამატებით, მოსარჩელეს უნდა დაბრუნებოდა 14.07.2021წ. სს „...ში“ ვ.გ-ას მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 100 (ასი) ლარი.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციამ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 16.03.2023წ. გადაწყვეტილება გაასაჩივრეს სააპელაციო სასამართლოში და მოითხოვეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 16.03.2023წ. გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღების გზით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 15.01.2024წ. გადაწყვეტილებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 16.03.2023წ. გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც გ.ფ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა, გ.ფ-ას დაუბრუნდა 14.07.2021წ. სარჩელზე სს „...ის“ მეშვეობით ვ.გ-ას მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 100 (ასი) ლარი.
სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ გ.ფ-ა და მისი წარმომადგენელი ვ.გ-ა არ გამოცხადნენ საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის სხდომაზე, სააპელაციო პალატის მიერ მხარეთა პროცესზე გამოცხადების უზრუნველსაყოფად გაწეული ძალისხმევის მიუხედავად, შესაბამისად 15.01.2024წ. საქმის ზეპირი მოსმენით განხილვა მოხდა მოწინააღმდეგე მხარის, კერძოდ, გ.ფ-ას მონაწილეობის გარეშე. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ განსახილველ საქმეზე მხარეთა მიერ სადავოდ არ არის გამხდარი საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები, სადავოა მხოლოდ მათი სამართლებრივი შეფასება. ამდენად, დავის საგანს წარმოადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 29.06.2021წ. MIA 2 21 01643244 ბრძანების კანონშესაბამისობა, რაც თავის მხრივ, საჭიროებს მოსარჩელისათვის შეფარდებული დისციპლინური პასუხისმგებლობის პროპორციულობის შეფასებას მოსარჩელის მიერ ჩადენილ დისციპლინურ დარღვევებთან მიმართებით. სააპელაციო პალატამ მიუთითა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებზე. საქმის მასალებით დასტურდება, რომ ... I რანგის კაპიტანი გ.ფ-ა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში მსახურობდა 2014 წლიდან. იგი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსდ - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ...ის დეპარტამენტის ...ის სამმართველოს ...ის სამსახურის ...ის თანამდებობაზე დასაქმებული იყო 2018 წლიდან. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ 2021 წლის 30 მარტიდან 18 აპრილამდე პერიოდში შემოწმდა შინაგან საქმეთა სამინისტროს სსდ - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ...ის დეპარტამენტის მიერ ...ის მიმართულებით განხორციელებული საქმიანობა. გამოვლენილ დარღვევებზე ჩატარდა სამსახურებრივი შემოწმება. სამსახურებრივი შემოწმების ფარგლებში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში გამოიკითხნენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეები, მათ შორის გ.ფ-ა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში 2021 წლის 7, 8, 11 და 17 აპრილს გამოკითხული გ.ფ-ას განმარტებით, მასზე 2015 წლიდან განპიროვნებული იყო „...ის“ მარკის ავტომობილი სახ. ნომრით - ..., რომელსაც დაზიანებული ჰქონდა უკანა მარჯვენა ფარი. 2015 წლის 22 აპრილის ინვენტარიზაციის მასალაში მითითებული დაზიანება აღნიშნული არ არის (გამორჩენილია), თუმცა 15.01.2015წ. როდესაც მან მანქანა გადაიბარა, მანქანას უკანა ფარი დაზიანებული ჰქონდა. მან ასევე განმარტა, რომ გამოიყენა ბენზინის საწვავის ლიმიტი შვებულებაში ყოფნის პერიოდში (კერძოდ: 2 მარტს - 19,99 ლიტრი; 18 მაისს - 31 ლიტრი; 21 მაისს - 25 ლიტრი; 10 ივლისს - 26 ლიტრი; 10 აგვისტოს, 13 აგვისტოს, 14 აგვისტოს, 19 აგვისტოს -20-20 ლიტრი; 14 სექტემბერს - 32 ლიტრი; 19 თებერვალს - 28 ლიტრი) და მზაობა გამოთქვა შსს სამინისტროსათვის მიყენებული ქონებრივი ზიანის ანაზღაურებაზე. გ.ფ-ა აღნიშნავს, რომ შემოწმების დროს გამოვლინდა ისეთი დარღვევა, როდესაც მცურავ საშუალებაზე, კერძოდ ...-ზე განხორციელებული სამუშაოების 18.04.2018წ. N... და 17.07.2020წ. N... აქტების რეაგირების გარეშე დატოვება მის დაქვემდებარებაში მყოფი ერთ-ერთი თანამშრომლის მიერ, შესაბამისად, ხსენებულ აქტებში მითითებული ქონება არ ჩამოწერილა, თუმცა მომზადებულია დოკუმენტაცია მცურავი საშუალებების კომპლექტაციაში არსებული ჩამოსაწერი ქონების შესახებ. დარღვევა დაფიქსირდა ასევე მცურავი საშუალებებისათვის არასაჭირო/გამოუყენებელი ზეთების მარაგების საწყობში არსებობასთან დაკავშირებით. გ.ფ-ას განმარტებით, მცურავი საშუალებების ზეთებს ვარგისიანობის ვადის გასვლა გამოიწვია იმ გემების ძრავების ექსპლუატაციიდან ამოღებამ, რომელთათვისაც განკუთვნილი იყო აღნიშნული მასალა. მითითებულმა გარემოებამ კი წარმოქმნა საწყობებში გამოუსადეგარი ზეთების მარაგები, რომლის ჩამოწერაც ასევე არ მომხდარა. დარღვევას წარმოადგენდა ასევე საწყობის გვერდის ავლით, 22.03.2021წ. შემოსავალში დაფიქსირებული „...“, რომლის რეალურად გ.ფ-ას დაქვემდებარებაში არსებულ საწყობში მიღებას და გაცემას ადგილი არ ჰქონია, ვინაიდან „...“ სასაზღვრო პოლიციის ცენტრალური საწყობიდან პირდაპირ მიიღო ...ის დეპარტამენტის მოსამსახურემ. აღნიშნული ფაქტი გ.ფ-ამ შეიტყო მოგვიანებით, თუმცა რაიმე სახის რეაგირება არ მოუხდენია. ერთ-ერთ დარღვევას წარმოადგენდა საწყობში არსებული ზედმეტი 1 ცალი კომპიუტერი და 8 კომპლექტი კომპიუტერის აღურიცხავობაც. აღნიშნული ინვენტარი გ.ფ-ას განმარტებით, წარმოადგენდა სასაზღვრო პოლიციის ცენტრალური საწყობიდან მიღებულ, აშშ-დან საჩუქრად გადმოცემულ კომპიუტერების ნაწილს, რომლის დადგენილი წესით აღრიცხვა ვერ მოხდა, დოკუმენტების (შემოსავლის საბუთების) არ ქონის გამო. საოფისე საყაზარმე ქონების საწყობის შემოწმებისას დაფიქსირებულ დარღვევასთან დაკავშირებით კი მხარე განმარტავს, რომ გარკვეული მატერიალური ფასეულობები საწყობიდან გავიდა შესაბამისი დოკუმენტების გარეშე, კერძოდ დროშები და საოფისე საშუალებები გაიცა გ.ფ-ასთან შეუთანხმებლად. რაც შეეხება, ახალი საწყობის მშენებლობისთვის სხვადასხვა ლითონის პროფილების და სხვა საშუალებების გატანის საკითხს, გ.ფ-ა მიუთითებს, რომ დოკუმენტაციის მოწესრიგებას აპირებდა მშენებლობის დასრულების შემდეგ. გ.ფ-ამ მიუთითა სასაწყობო შენობის დაზიანებაზეც, რომლის გამოც ზიანდებოდა შეიარაღება და საბრძოლო მასალა, თუმცა აქვე განმარტა, რომ პრობლემის მოგვარება ვერ მოხერხდა, კერძოდ, ზოგადი საუბრების გარდა ქმედითი ღონისძიება არ განხორციელებულა. დარღვევა გამოვლინდა ასევე შემდეგში: 2018 წელს ...ის დეპარტამენტს გადაეცა 2 ერთეული მცურავი საშუალება და მისი სათადარიგო ნაწილები, რომელიც აღიწერა და დასაწყობდა, იმ გარემოების გამორიცხვის მიზნით, რომ არ მომხდარიყო სათადარიგო ნაწილების დამატებით შესყიდვა. 2020 წელს საინჟინრო სარემონტო სამმართველომ მოითხოვა კატარღის სათადარიგო ნაწილების გაცემა, თუმცა მითითებული სამმართველოსთვის საპასუხო წერილის გაცემა არ მომხდარა, ვინაიდან შესაბამისმა თანამშრომელმა საკითხი რეაგირების გარეშე დატოვა. საგზურის ფურცლების წარმოებაში ასევე არსებობდა ხარვეზი, კერძოდ დეპარტამენტის ბალანსზე არსებული ტრაქტორის ტიპის სატრანსპორტო საშუალებების საწვავის ხარჯვის აღრიცხვა, კერძოდ გავლილი მანძილისა და ნამუშევარი დროის სათანადო გამოთვლის შედეგად არ ხორციელდებოდა საწვავის დანახარჯის გაკონტროლება. გ.ფ-ას მიერ, მის დაქვემდებარებაში მყოფ მოსამსახურეებზე დაკისრებული ფუნქცია-მოვალეობის შესრულების კონტროლი, რომელთაც უშუალოდ ევალებოდათ საგზურის ფურცელში შეტანილი მონაცემების სისწორის კონტროლი, არ განხორციელებულა. გ.ფ-ას განმარტებით, მიმდინარე შემოწმების ფარგლებში აიწონა ...ის დეპარტემენტის სახელზე არსებული ჯართი, რა დროსაც 2 ცალი ლითონის შვეული არ იქნა შეყვანილი საერთო წონაში, ვინაიდან საჭიროებდა დაჭრას, ამასთან საინჟინრო სამსახურის მიერ შესაძლებელია გამოყენებული ყოფილიყო სამსახურეობრივი მიზნებისთვის. აღნიშნული შვეულები აღირიცხა ცალკე. გ.ფ-ას განმარტებით, სამსახურის მიერ ასევე არ ხდებოდა მცურავი საშუალებებზე გაცემული საწვავის ზუსტი აღრიცხვა, ვინაიდან მცურავი საშუალებები არ იყო აღჭურვილი შესაბამისი მოწყობილობით, რომელიც აღრიცხავს ძრავების მუშაობის დროს, რაზე დაყრდნობითაც ხორციელდება გახარჯული საწვავის რაოდენობის დაანგარიშება. გ.ფ-ას მითითებით, შესაბამისი აქტით აღნიშნული მოწყობილობების შეძენა მოითხოვა, თუმცა სპეციალისტების მიერ ზეპირსიტყვიერად მიზანშეუწონლად იქნა მიჩნეული აღნიშნული საკითხი.
შსს გენერალური ინსპექციის ...ის მიერ 21.06.2021წ. დამტკიცებული № MIA 0 21 01592159 დასკვნის თანახმად, ... I რანგის კაპიტანმა გ.ფ-ამ ჩაიდინა შს სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ (სამსახურეობრივ მოვალეობათა შეუსრულებლობა), „ა1“ (სამსახურეობრივ მოვალეობათა არაჯეროვანი შესრულება), „თ“ (შრომის დისციპლინის წესების დარღვევა (სახელმწიფო ქონების არასამსახურეობრივი მიზნით გამოყენება გამოყენება)), „გ“ (ქონებრივი ზიანის მიყენება) და „ვ“ (მოსამსახურისათვის შეუფერებელი ქმედება, რომელიც ლახავს სამინისტროს სისტემის ავტორიტეტს) ქვეპუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომა, რაც მისი მხრიდან გამოიხატა: შეიარაღების და საბრძოლო მასალების სასაწყობე პირობების მოწესრიგების მიზნით კომპეტენციის ფარგლებში გასატარებელი ღონისძიებების განუხორციელებლობაში; სატრანსპორტო საშუალებათა საგზურის ფურცლების წარმოებაში არსებული ხარვეზების გამოსწორების მიზნით ღონისძიების განუხორციელებლობაში; საოფისე-საყაზარმე საწყობიდან საჭირო მატერიალური ფასეულობების დადგენილი წესის დარღვევით გატანის ფაქტების გამოსწორების მიზნით შესაბამისი ღონისძიების განუხორციელებლობაში; ქონების შემოსავლის ამსახველი დოკუმენტაციის წარმოების ხარვეზის გამოსწორების მიზნით ღონისძიების განუხორციელებლობაში; საქვაბე კმაყოფაზე მყოფი მოსამსახურეების დადგენილი წესით კვებით უზრუნველყოფის მოუწესრიგებლობაში; ჯართისა და ფერადი ლითონის დადგენილი წესის გვერდის ავლით შემოსავალში აღების გამოუსწორებლობაში; დაქვემდებარებული დანაყოფის მოსამსახურეების მიერ ჩადენილი გადაცდომების გამოვლენის მიზნით შესაბამისი ღონისძიებების განუხორციელებლობაში; მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის დადგენილის წესის დარღვევით ჩატარებაში; საწყობში არსებული დანაყოფისთვის არასაჭირო მატერიალური ფასეულობების შემდგომი განკარგვის მიზნით სათანადო ღონისძიებების განუხორციელებლობაში; სამეურნეო ოპერაციის არასწორად ასახვაში; სახელმწიფო აუდიტის სამსახურის რეკომენდაციის გაუთვალისწინებლობაში, რაც გამოიხატა შვებულების პერიოდში სამსახურებრივი საწვავის გახარჯვაში, რითაც შს სამინისტროს მიადგა ქონებრივი ზიანი; სამსახურებრივი შემოწმებისას გამოჩენილ არაგულწრფელობაში და გენერალური ინსპექციის შეცდომაში შეყვანის მცდელობაში.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 29.06.2021წ. MIA 2 21 01643244 ბრძანებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ...ის დეპარტამენტის ...ის სამმართველოს ...ის სამსახურის ..., საქართველოს სასაზღვრო პოლიციის პირველი რანგის კაპიტანი გ.ფ-ა გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილ იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან (საფუძველი: შსს გენერალური ინსპექციის ...ის მიერ 21.06.2021წ. დამტკიცებული № MIA 0 21 01592159 დასკვნა.).
სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 31.12.2013წ. №989 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების“ (დანართი №1) ნორმატიულ მიზნებზე, აღნიშნული წესდების მე-2 მუხლსა და მე-2 მუხლის მე-3 პუნქტზე, მე-3 მუხლზე, მე-4 მუხლის მე-41, მე-42 და მე-10 პუნქტებზე, აგრეთვე, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 31.12.2013წ. №995 ბრძანებით დამტკიცებულ „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის“ 35-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტზე. სააპელაციო პალატის შეფასებით, სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას დაცულია აღნიშნული აქტის გამოცემის პროცედურის ფორმალური მოთხოვნები - გენერალურმა ინსპექციამ დაიწყო დისციპლინური წარმოება, ხოლო დისციპლინური სახდელის შეფარდებას საფუძვლად დაედო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ მომზადებული, შსს გენერალური ინსპექციის ...ის მიერ 21.06.2021წ. დამტკიცებული №MIA 0 21 01592159 დასკვნა. მატერიალური კანონიერების შეფასების თვალსაზრისით, სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ გ.ფ-ას გათავისუფლების მიზეზად - ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რამდენიმე გარემოებაა მითითებული: სამსახურებრივ მოვალეობათა შეუსრულებლობა, შრომის დისციპლინის წესის დარღვევა (სახელმწიფო ქონების არასამსახურებრივი მიზნით გამოყენება), ქონებრივი ზიანის მიყენება ან ასეთი ზიანის წარმოშობის საშიშროების შექმნა და მოსამსახურისათვის შეუფერებელი ქმედება, რომელიც ლახავს სამინისტროს სისტემის ავტორიტეტს. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ საჯარო მოსამსახურის - შინაგან საქმეთა სამინისტროს მუშაკის მიერ კანონმდებლობით განსაზღვრული მოვალეობების შეუსრულებლობამ ან არაჯეროვანმა შესრულებამ, შესაძლოა გამოიწვიოს მისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრება, რომელიც არის საჯარო მოსამსახურისათვის პროფესიული საქმიანობის განხორციელების პროცესში გამოვლენილი დარღვევებისათვის დადგენილი პასუხისმგებლობის ფორმა. სააპელაციო პალატის შეფასებით, დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში უფლებამოსილმა პირმა უნდა გამოიკვლიოს და გაითვალისწინოს შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა) საჯარო მოხელის მიერ ჰქონდა თუ არა ადგილი დისციპლინურ გადაცდომას; ბ) ფაქტის დადასტურების შემთხვევაში დარღვევა წარმოადგენდა მსუბუქ თუ მძიმე გადაცდომას; გ) ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა გაითვალისწინოს დამდგარი ზიანი, რაც უშუალოდ მოხელის მოქმედებით მიადგა ან შესაძლოა მისდგომოდა ადმინისტრაციულ ორგანოს ან/და მესამე პირს; დ) მოსარჩელის სუბიექტური დამოკიდებულება ჩადენილი გადაცდომისადმი და ბრალეულობის ხარისხი; ე) მიზეზ-შედეგობრივი კავშირი მის მოქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის და საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის გათვალისწინებით, უნდა იქნეს მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილება. სადავო შემთხვევის აღნიშნული სამართლებრივი მეთოდოლოგიის მიხედვით შეფასებაზე დაყრდნობით, სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ გ.ფ-ა წლების განმავლობაში მსახურობდა შინაგან საქმეთა სამინისტროში, მათ შორის ეკავა ხელმძღვანელი თანამდებობა 2018 წლიდან. მართალია მოსარჩელის საქმიანობის განმავლობაში არ იკვეთება სხვა დისციპლინური სახდელის შეფარდების ფაქტი, თუმცა, სააპელაციო პალატის მოსაზრებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენდა საკითხი იმასთან დაკავშირებით, რომ წლების მანძილზე მოსარჩელე ეწეოდა არასწორ სამსახურებრივ პრაქტიკას. სამსახურებრივი შემოწმებით გამოვლინდა და მოსარჩელემ თავადვე აღიარა სხვადასხვა გადაცდომის არსებობის შესახებ, ასევე დადასტურებულია რომ მოსარჩელეს როგორც ხელმძღვანელ პირს მათ აღმოსაფხვრელად არაფერი მოუმოქმედებია. დადასტურებულია, აგრეთვე, რომ გ.ფ-ამ არასამუშაო დროს, შვებულებაში ყოფნის პერიოდში მოიხმარა საწვავი, რომლის უფლებაც შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო მოხელეს არ ჰქონდა. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 24.01.2017წ. N27 ბრძანებით დამტკიცებულ ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და ტერიტორიული ორგანოების საწვავით უზრუნველყოფის შესახებ“ რეგულაციის 41-ე პუნქტის მიხედვით, განპიროვნებულ/პირად სარგებლობაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალებით მოსარგებლე მოსამსახურეებს უფლებამოსილების დროებით შეჩერების ან ავტოსატრანსპორტო საშუალების გამოყენების გარეშე განსაზღვრული სამსახურებრივი მივლინების პერიოდში, ეზღუდებათ გამოყოფილი საწვავით სარგებლობა. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ განხორციელებული და ხშირად, უყურადღებოდ დატოვებული გადაცდომები, რომლებიც უკავშირდება სახელმწიფო ქონებაზე არაჯეროვან ზრუნვასა და სამსახურებრივი მოვალეობების შეუსრულებლობას, ვერ იქნება მიჩნეული მსუბუქი ხასიათის დარღვევებად, რომელიც შესაძლებელია გამოსწორებულიყო ნაკლებად მკაცრი სახდელის შეფარდებით. ამასთან, დადგენილია, რომ მოსარჩელის ქმედებებს მოჰყვა კონკრეტული ოდენობის ზიანი, რაც სხვა სასამართლო წარმოების ფარგლებში მხარის მიერ სრულად ანაზღაურდა (საგულისხმოა, რომ ზიანის ანაზღაურებას სასამართლოში სარჩელის წარდგენა დასჭირდა და მხარეს, სარჩელის წარდგენამდე, მას ნებაყოფლობით არ აუნაზღაურებია ზიანი). სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ზიანის ანაზღაურების მიუხედავად, გ.ფ-ას მიერ ჩადენილი გადაცდომები, მათი სიმძიმე, ხანგრძლივობა და მისი დამოკიდებულება ჩადენილის მიმართ, არ ქმნის იმ დასკვნის გაკეთების საფუძველს, რომ ნაკლებად მკაცრი სახდელის გამოყენების პირობებში მიღწეული იქნებოდა რაიმე გამომასწორებელი შედეგი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 15.01.2024წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა გ.ფ-ას მიერ.
კასატორი მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლოში 15.01.2024წ. საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის სხდომა ჩატარდა სსკ-ის 394-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის 1-ლი წინადადებით გათვალისწინებულ მოთხოვნათა დარღვევით, ვინაიდან, სასამართლომ საქმე განიხილა ერთ-ერთი მხარის დაუსწრებლად, რომელსაც არ მიუღია შეტყობინება კანონით დადგენილი წესით. კასატორის წარმომადგენელი ვ.გ-ა აღნიშნავს, რომ ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში 12.01.2024წ. 15.01.2024წ. და 16.01.2024წ. იცავდა ბრალდებულ ტ.თ-ას ინტერესებს, ამდენად, იგი ვერ შეძლებდა 15.01.2024წ. გამართულ ზეპირი მოსმენით განხილვის სხდომაში ჩართვას და მასში მონაწილეობას, მით უფრო იმ პირობებში როდესაც მას თან არ ჰქონდა საამისოდ გათვალისწინებული ტექნიკური მოწყობილობები და საშუალებები. კასატორმა საკასაციო საჩივარში აღნიშნა, რომ იგი აუცილებლად წარმოადგენდა ამ ფაქტობრივი გარემოებების დამადასტურებელ განკუთვნად მტკიცებულებებს. კასატორმა, აგრეთვე, აღნიშნა, რომ სადავო გადაწყვეტილება მიღებული იქნა სსკ-ის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის მოთხოვნათა დარღვევით, იგი არ არის სათანადოდ დასაბუთებული, ვინაიდან იგი ეყრდნობა მხოლოდ მოპასუხეთა პოზიციას, მასში არაა ასახული მსჯელობა კასატორის პოზიციასთან დაკავშირებით. კასატორი მიუთითებს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 04.05.2022წ. გადაწყვეტილებასა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 15.11.2023წ. განჩინებაზე, რომელიც უკავშირდება საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ...ის დეპარტამენტის ...ის სამმართველოს ...ის მოადგილის პოზიციზე დასაქმებული კ.ს-ას სამსახურიდან გათავისუფლებას და აღნიშნავს, რომ საქმეთა შორის მსგავსების გათვალისწინებით, დაუსაბუთებელია ორი ურთიერთსაწინააღმდეგო შეფასების არსებობა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გ.ფ-ას საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა. სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების მატერიალურ-სამართლებრივი კანონიერების შეფასებამდე, საკასაციო პალატა შეაფასებს მხარის საკასაციო პრეტენზიების გამართულობას სააპელაციო პალატის მიერ საქმის განხილვის მიმდინარეობისას დაშვებულ პროცესუალურ დარღვევებზე, რომელიც სსკ-ის 394-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტურ საფუძველს ქმნის, თუ დადგინდება, რომ სასამართლომ საქმე განიხილა ერთ-ერთი მხარის დაუსწრებლად, რომელსაც არ მიუღია შეტყობინება კანონით დადგენილი წესით. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სსკ-ის 394-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის დარღვევასთან დაკავშირებით კასატორის შედავება დაუსაბუთებელია. კასატორის წარმომადგენელმა ვ.გ-ამ 11.01.2024წ. შუამდგომლობით მიმართა სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის სხვა დროისათვის (თებერვლის ან მარტის თვეში) გადადება იმ საფუძვლით, რომ 15.01.2024წ. ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში ჩანიშნული იყო ბრალდებულ ტ.თ-ას სასამართლო განხილვის სხდომა, სადაც იგი მონაწილეობდა ამ უკანასკნელის ინტერესების დამცველად. სააპელაციო პალატის 15.01.2024წ. მიღებული განჩინებით არ დააკმაყოფილდა კასატორის წარმომადგენლის 11.01.2024წ. განცხადება საქმის 15.01.2024წ. ზეპირი მოსმენით განხილვის სხდომის სხვა დროისათვის გადადების შესახებ. საქმის საკასაციო წესით განხილვის ეტაპზე, კასატორის წარმომადგენელმა ვ.გ-ამ აღნიშნა, რომ ზუგდიდის რაიონულ სასანართლოში 12.01.2024წ. 15.01.2024წ. და 16.01.2024წ. იცავდა ბრალდებულ ტ.თ-ას ინტერესებს, ამდენად, იგი ვერ შეძლებდა 15.01.2024წ. გამართულ ზეპირი მოსმენით განხილვის სხდომაში ჩართვას და მასში მონაწილეობის მიღებას. კასატორმა აღნიშნა, რომ იგი წარმოადგენდა აღნიშნული ფაქტის დამადასტურებელ განკუთვნად ცნობებს. საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მოსაზრება არის დაუსაბუთებელი. საკასაციო პალატა მიუთითებს საპროცესო მოვლენათა თანმიმდევრულ მიმდინარეობასა და განვითარებაზე, რომელსაც ადგილი ჰქონდა სააპელაციო სასამართლოში მიმდინარე სამართალწარმოებისას. საქმეთა ელექტრონული განაწილების სისტემის მეშვეობით საქმის განაწილების დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოში საქმე შემოვიდა 10.07.2023წ. იგი კანონით დადგენილი წესით, საქმის შემთხვევითი განაწილების პრინციპის საფუძველზე გადანაწილებულ იქნა სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის ერთ-ერთ შემადგენლობაზე. სააპელაციო პალატის 19.07.2023წ. განჩინებით სააპელაციო საჩივრები მიღებულ იქნა განსახილველად, ხოლო სხდომის თარიღად განისაზღვრა 02.10.2023წ. 13:00 სთ. სსკ-ის 372-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, საქმეს სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე განსახილველად ამზადებს სააპელაციო სასამართლოს ერთ-ერთი მოსამართლე (მომხსენებელი მოსამართლე), რომელიც ამოწმებს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობას და გამოაქვს შესაბამისი განჩინება, გადაუგზავნის მოწინააღმდეგე მხარეს სააპელაციო საჩივრისა და თანდართული დოკუმენტების ასლებს და დაუნიშნავს მას ვადას წერილობითი შესაგებლის წარმოსადგენად. სააპელაციო საჩივრები და სასამართლოს უწყება 27.07.2023წ. ჩაბარდა გ.ფ-ას ბიძაშვილს - ი.პ-ას. მოსარჩელე გ.ფ-ას მიერ 01.08.2023წ. წარმოდგენილ იქნა სააპელაციო შესაგებელი, რომელიც უტყუარად ადასტურებს იმას, რომ მისთვის ცნობილი იყო სხდომის დროის თაობაზე. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოსარჩელის წარმომადგენელმა ვ.გ-ამ 29.09.2023წ. განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს და იშუამდგომლა საქმის განხილვის გადადებაზე, მას არ მიუთითებია საამისოდ აუცილებელ შესაბამის მიზეზებზე, წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ აუცილებლად წარმოადგენდა შესაბამის არგუმენტაციას (მტკიცებულებებს), თუმცა მას სასამართლოში მოგვიანებითაც არ წარმოუდგენია აღნიშნული. საკასაციო პალატა მიუთითებს სსკ-ის 215-ე მუხლის 1-ელ ნაწილზე, აგრეთვე ამავე კოდექსის 216-ე მუხლის 1-ელ ნაწილზე, რომელთა საერთო შინაარსის მიხედვით, შუამდგომლობა სასამართლოს წარედგინება წერილობითი ფორმით, იგი უნდა იყოს დასაბუთებული, საქმის განხილვის გადადება დასაშვებია მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, გონივრული ვადით, ამასთან, საქმის განხილვის გადადება დასაშვებია აგრეთვე საამისოდ გათვალისწინებული საპატიო მიზეზის არსებობისას, მაშინ როდესაც მხარე გარკვეული ობიექტური, მისგან დამოუკიდებელი მიზეზით ვერ ახერხებს სასამართლო პროცესზე გამოცხადებას. მიუხედავად იმისა, რომ მხარეს არ წარმოუდგენია შესაბამისი მტკიცებულებები ან/და არგუმენტაცია, სააპელაციო პალატის 02.10.2023წ. განჩინებით მოსარჩელის წარმომადგენლის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა, საქმის განხილვა გადაიდო 06.11.2023წ. 12:00 სთ-ზე. აღსანიშნავია, რომ საქმეში დაცული მასალები შეიცავს ცნობებს იმასთან დაკავშირებით, რომ საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის სხდომა ვერ შედგა დანიშნულ თარიღში მომხსენებელი მოსამართლის სამსახურებრივ მივლინებაში ყოფნის გამო. მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენელ ვ.გ-ას სასამართლო შეტყობინების შესახებ სატელეფონო აქტით ეცნობა აღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის გადადებასთან დაკავშირებით, აგრეთვე, მას განემარტა, რომ მომდევნო სხდომა ჩატარდებოდა 27.11.2023წ. 15:00 სთ-ზე. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ 27.11.2023წ. სხდომის დაწყებამდე, სატელეფონო შეტყობინების მეშვეობით, მოსარჩელის წარმომადგენელმა ვ.გ-ამ სააპელაციო სასამართლოს აცნობა, რომ ჯანმრთლობის მდგომარეობის გამო ვერ ცხადდებოდა სხდომაზე, მან თავდაპირველად განმარტა, რომ იმყოფებოდა კლინიკაში, შემდეგ განმარტა, რომ იმყოფებოდა სოფელში და არ ჰქონდა შესაძლებლობა დისტანციურად მიეღო მონაწილეობა სხდომაზე, ამასთანავე, სათანადო ტექნიკური საშუალების არ ქონის გამო, მას არც განცხადების გადმოგზავნა შეეძლო. მან იშუამდგომლა საქმის განხილვის გადადების შესახებ და განმარტა, რომ შესაბამის მტკიცებულებებს წარმოადგენდა მომდევნო სხდომაზე. მოსარჩელის წარმომადგენელს არც ამჯერად წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, საქმის მასალები არ შეიცავს ცნობებს ასეთი მონაცემების შესახებ. სააპელაციო პალატის 27.11.2023წ. განჩინებით მოსარჩელის წარმომადგენლის აღნიშნული შუამდგომლობა კვლავ დაკმაყოფილდა, ხოლო სხდომის თარიღად განისაზღვრა 15.01.2024წ. 15:00 სთ. 29.11.2023წ. სასამართლო შეტყობინების შესახებ სატელეფონი აქტით, ვ.გ-ას ეცნობა აღნიშნული სხდომის დრო და ადგილი, ხოლო უწყება გაეგზავნა გ.ფ-ას და ჩაბარდა მის დედას - ი.ს-ეს 02.12.2023წ. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ 11.01.2024წ. გ.ფ-ას წარმომადგენელმა ვ.გ-ამ განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს, რომლითაც კვლავ ითხოვა საქმის განხილვის სხდომის სხვა დროისათვის გადადება, მან განმარტა, რომ ვერ შეძლებდა 15.01.2024წ. სხდომაზე გამოცხადებას, ვინაიდან ამავე თარიღში ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში იცავდა ერთ-ერთი ბრალდებულის ინტერესებს. სააპელაციო პალატამ მართებულად აღნიშნა, რომ მოსარჩელის წარმომადგენელს ამის დამადასტურებელი მტკიცებულება სასამართლოში არ წარმოუდგენია. სააპელაციო პალატამ არ დააკმაყოფილა გ.ფ-ას წარმომადგენლის ვ.გ-ას შუამდგომლობა სხდომის გადადების თაობაზე, შესაბამისად, საქმის განხილვა გაგრძელდა მოწინააღმდეგე მხარის მონაწილეობის გარეშე (იხ., 15.01.2024წ. სხდომის ოქმი 15:04:36 - 15:14:16). სააპელაციო პალატის მიერ გადამოწმებულ იქნა საქართველოს სასამართლოების საქმისწარმოების ელექტრონული სისტემის საჯაროდ ხელმისაწვდომი მონაცემები, რომელიც შეიცავდა ინფორმაციას ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მიერ საჯაროდ გამოცხადებული სხდომების განრიგის თაობაზე, რომლის შესწავლითაც დადგინდა, რომ ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში 15.01.2024წ. არ იყო ჩანიშნული არც ერთი სისხლის სამართლის საქმე. მოსამართლის თანაშემწესთან სატელეფონო საუბრისას ვ.გ-ამ განმარტა, რომ სისხლის სამართლის საქმე ჩანიშნული იყო 18.01.2024წ., თვითონ იმყოფებოდა ...ში და ვერ გამოცხადდებოდა სხდომაზე თოვლის გამო. სააპელაციო პალატამ მას შესთავაზა სხდომაზე გამოცხადება (ვინაიდან თანაშემწე ესაუბრა გონივრული ვადით ადრე) ან დისტანციურად სხდომაზე მონაწილეობა, რაზეც ვ.გ-ამ განაცხადა უარი, უარის მიზეზად მან შესაბამისი ტექნიკური საშუალებების არ ქონა დაასახელა.
უკვე აღინიშნა, რომ საკასაციო საჩივარში კასატორის ინტერესების დამცველი ვ.გ-ა მიუთითებს ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში 12.01.2024წ. 15.01.2024წ. და 16.01.2024წ. ბრალდებულ ტ.თ-ას ინტერესების დაცვაზე, შესაბამისად, იგი ვერ შეძლებდა სააპელაციო სასამართლოში 15.01.2024წ. ზეპირი მოსმენით განხილვის სხდომაში მონაწილეობის მიღებას. საკასაციო საჩივარში, კასატორი აღნიშნავს, რომ იგი აუცილებლად წარმოადგენდა აღნიშნული ფაქტის დამადასტურებელ განკუთვნად ცნობებს. საკითხი იმასთან დაკავშირებით, საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის სხდომაზე გამოცხადების შეუძლებლობას საფუძვლად უდევს თუ არა კანონმდებლობით გათვალისწინებული საპატიო მიზეზის არსებობა, მით უმეტეს იმ შემთხვევაში, როდესაც მხარე მიუთითებს ერთი და იგივე თარიღში ორ სხვადასხვა საქმეზე საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის სხდომების დამთხვევაზე, უნდა დაამტკიცოს შუამდგომლობის ავტორმა შესაბამისი, განკუთვნადი წერილობითი საბუთების წარმოდგენის მეშვეობით (იხ., mutatis mutandis, სუსგ. ას-1778-2019, 12.03.2020წ. პარა.24-30; იხ. აგრეთვე., სუსგ. ას-1431-2020, 05.02.2021წ. პარა.22-23; სუსგ. ას-849-799-2015, 24.06.2016. პარა.26-31; სუსგ. ას-1352-1272-2017, 22.01.2018წ. პარა.15-16). საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ხსენებული გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები ან/და სხვა ცნობები, რომელთა გამოც კასატორის წარმომადგენელი ვერ შეძლებდა 15.01.2024წ. სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვაში მონაწილეობას მას არ წარმოუდგენია. კასატორის წარმომადგეგნელს არ წარმოუდგენია განკუთვნადი მტკიცებულება ზემოაღნიშნული გარემოების დადასტურების მიზნით. ამასთანავე, კასატორის წარმომადგენელს, ასევე, არ მოუწოდებია ცნობები იმასთან დაკავშირებით, თუ როდის შეიტყო ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში 15.01.2024წ. საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის სხდომის შესახებ, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც მას თითქმის თვენახევრით ადრე ეცნობა (29.11.2023წ. სასამართლო შეტყობინების შესახებ სატელეფონი აქტით - ვ.გ-ას, ხოლო მოსარჩელის დედისათვის 02.12.2023წ. ჩაბარებული უწყებით - მოსარჩელეს) სააპელაციო სასამართლოში ადმინისტრაციული საქმის ზეპირი მოსმენის სხდომაზე განხილვასთან დაკავშირებით. იმ შემთხვევაში თუ კასატორს ან მის წარმომადგენელს 29.11.2023წ. ან/და 02.12.2023წ. უფრო გვიან ეცნობა ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში 15.01.2024წ. გასამართი სხდომის თარიღის შესახებ, გაუგებარია რა ქმედითი ზომები მიიღო მხარემ ერთი და იგივე თარიღში ორ სხვადასხვა საქმეზე საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის სხდომების დამთხვევის პრევენციის მიზნით. ნებისმიერ შემთხვევაში, კასატორის წარმომადგენლის მიერ საკასაციო და სააპელაციო სასამართლოებისათვის მიწოდებული ცნობები, რომელიც უკავშირდება ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში 15.01.2024წ. საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის სხდომის დანიშვნას, არ შეესაბამება სინამდვილეს, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის წარმომადგენელი მიზნად ისახავდა საქმის განხილვის გაჭიანურებას. საკასაციო სასამართლოსათვის ზუგდიდის რაიონული სასამართლოდან მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, რომელიც დაეფუძნა საქმის წარმოების ელექტრონულ სისტემაში დაცულ მონაცემებს, 12.01.2024წ. ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში ჩატარდა სხდომა ბრალდებულ ტ.თ-ას და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის ვ.გ-ას მონაწილეობით, რომელიც გადაიდო 16.01.2024წ. 16:30სთ; ბრალდებულ ტ.თ-ას ინტერესებს აგრეთვე იცავდნენ ადვოკატები ვ.გ-ა, ჯ.ჟ-ა და გ.ძ-ა. რაც შეეხება 15.01.2024წ. სხდომას, მოცემულ თარიღში სასამართლო პროცესი არ ჩატარებულა. კასატორის წარმომადგენლის ხსენებული მითითება საფუძველს მოკლებულია და არ ქმნის საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების პირობას. ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში 15.01.2024წ. ტ.თ-ას სისხლის სამართლის საქმის განხილვა (კასატორის წარმომადგენლის მონაწილეობით ან/და მის გარეშე) საერთოდ არ იყო ჩანიშნული, კასატორს თავისუფლად შეეძლო, მეტიც იგი როგორც საკუთარი მარწმუნებლის ფიდუციარი ვალდებული იყო მონაწილეობა მიეღო 15.01.2024წ. სააპელაციო სასამართლოში ჩანიშნული საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის სხდომაზე. მოსარჩელის წარმომადგენელმა არასწორი ცნობები მოიხმო 11.01.2024წ. წარმოდგენილ განცხადებაში. განცხადების უფლების ბოროტად გამოყენება სახეზეა, თუ იგი შეგნებულად ეფუძნება არასწორ ფაქტებს სასამართლოს შეცდომაში შეყვანის მიზნით (იხ. mutatis mutandis, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 05.10.2000წ. გადაწყვეტილება საქმეზე Varbanov v. Bulgaria, App. No. 31365/96, §36.). მოსარჩელის წარმომადგენლის 11.01.2024წ. განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე სააპელაციო პალატის 15.01.2024წ. გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ევროკონვენციის მე-6 მუხლს, მით უფრო, რომ სააპელაციო პალატამ მოსარჩელის წარმომადგენლის შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადებასთან დაკავშირებით ისე დააკმაყოფილა ორჯერ (02.10.2023წ. და 27.11.2023წ.), რომ მოსარჩელის წარმომადგენელს არცერთხელ არ წარმოუდგენია რაიმე სახის მტკიცებულება სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის დასადასტურებლად. არ შეიძლება არსებობდეს ლეგიტიმური მოლოდინი, რომ სასამართლო დაუსრულებლად დააკმაყოფილებს საქმის განხილვის სხვა თარიღისათვის გადადების შუამდგომლობებს.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მოსარჩელე გ.ფ-ას დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლებას საფუძვლად დაედო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 29.06.2021წ. MIA 2 21 01643244 ბრძანება, რომელიც თავის მხრივ, დაეფუძნა შსს გენერალური ინსპექციის ...ის მიერ 21.06.2021წ. დამტკიცებულ № MIA 0 21 01592159 დასკვნას. აღნიშნული დასკვნა შეიცავს ინფორმაციას გ.ფ-ას დისციპლინური გადაცდომების შესახებ, რომელიც სრულყოფილად შეფასდა სააპელაციო პალატის მიერ. საკასაციო პალატა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 29.06.2021წ. MIA 2 21 01643244 ბრძანება კანონიერია ფორმალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით, საქმე ეხება არა ორდინალური საფუძვლით მოსარჩელის გათავისუფლებას, რომლის უფლებამოსილებაც აქვს სასაზღვრო პოლიციის ...ას და არა შსს მინისტრს (დეტალურად იხ., სუსგ. ბს-1037 (კ-18), 23.07.2020წ.), არამედ მოსარჩელის უშუალოდ დისციპლური პასუხისმგებლობის საფუძვლით გათავისუფლებას, აღნიშნულის იურიდიული საფუძველი გაწერილია „პოლიციის შესახებ“ კანონის 41-ე მუხლის მესამე პუნქტის ,,ზ“ ქვეპუნქტით (პოლიციელის სამსახურიდან დათხოვნა დისციპლინური გადაცდომის ჩადენის გამო), ამავე კანონის 41-ე მუხლის მე-2 პუნქტით, აგრეთვე, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 31.12.2013წ. №995 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის“ 35-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-4 პუნქტით. რაც შეეხება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 29.06.2021წ. MIA 2 21 01643244 ბრძანების მატერიალურ კანონიერებას, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ არსებითად სწორად შეაფასა სადავო შემთხვევა. სსკ-ის 404-ე მუხლის 1-ლი ნაწილის 1-ლი წინადადების მიხედვით, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. სსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). მასში მოიაზრება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს დაშვებულ იმ პროცესუალურ დარღვევებზე მითითება, რამაც განაპირობა ფაქტების არასწორად შეფასება/დადგენა და რის საფუძველზეც ადგილი ჰქონდა მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენებას ან/და განმარტებას. აღნიშნული თვალსაზრისით, კასატორის მიერ არ არის წამოყენებული არცერთი პრეტენზია (შედავება), თუნდაც ზოგადი ან/და შაბლონური ფორმით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. შესაბამისად, საკასაციო პალატა მიუთითებს სააპელაციო პალატის შეფასებაზე, რომ განსახილველ საქმეზე მხარეთა მიერ სადავოდ არის გამხდარი არა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, არამედ სამართლებრივი შეფასება. საკასაციო საჩივარში ავტორი მხოლოდ შაბლონურად მიუთითებს იმაზე, რომ სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებაში არ არის ასახული “მსჯელობა მათი პოზიციის შესახებ.” საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მხარე თავად არ გამოცხადდა 15.01.2024წ. პროცესზე, რომლის გამოც მას საკუთარი ბრალეული ქმედებით მოესპო საკუთარი პოზიციის წარდგენის შესაძლებლობა. კასატორი 31.07.2023წ. წარმოდგენილ სააპელაციო შესაგებელში მხოლოდ შაბლონურად მიუთითებს იმაზე, რომ იგი სააპელაციო საჩივრებში მითითებულ პრეტენზიებს (მათ შორის ფაქტობრივ უსწორობებს) არ ეთანხმება, თუმცა მას საამისოდ გათვალისწინებული რაიმე მტკიცებულება არ წარმოუდგენია. კასატორის საპაექრო სიტყვის ანალიზით დგინდება, რომ მოსარჩელე სადავოდ ხდის მხოლოდ ჩადენილი სამართალდარღვევების სამართლებრივ შეფასებას. სასკ-ის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი, ამასთანავე, სსკ-ის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, ვერ დადასტურდება სხვა სახის მტკიცებულებებით. მტკიცების ტვირთის ადმინისტრაციული ორგანოსათვის დაკისრება არ მოიაზრებს პროცესუალური მოწინააღმდეგე მხარის - მოსარჩელის გათავისუფლებას სარჩელის დასაბუთების ვალდებულებისაგან. მართალია პირველ ინსტანციაში წარმოდგენილ საპაექრო სიტყვაში მოყვანილია გარკვეული განმარტებები დარღვევებთან დაკავშირებით, თუმცა წარმოდგენილი არაა მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებს კასატორის ვერსიის სანდოობას და დამაჯერებლობას. შესაბამისად, მხოლოდ ზეპირსიტყვიერი განმარტება, რაოდენ კვალიფიციურიც არ უნდა იყოს თვითონ განმარტება ან/და ასეთი განმარტების ავტორი, ვერ ჩაანაცვლებს კანონით გათვალისწინებული განკუთვნადი საბუთების წარმოდგენის ვალდებულებას. კასატორის მხოლოდ ზეპირსიტყვიერი მითითების გაზიარება, სსკ-ის 105-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მოთხოვნათა დარღვევით, გაუთანაბრდება ზეპირსიტყვიერი ახსნა-განმარტებისთვის წინასწარ დადგენილი იურიდიული ძალის მინიჭებას. შესაბამისად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ უნდა შეფასდეს არსებული და სათანადო წესით დაცული ფაქტობრივი გარემოებების შეფასების იურიდიული მართებულობა.
საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ კასატორი წლების განმავლობაში ეწეოდა არასწორ სამსახურებრივ პრაქტიკას. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 21.06.2006წ. №786 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის დებულების“ მე-14 მუხლით რეგლამენტირებულია ...ის სამმართველოს ფუნქციები და მოვალეობები. ... I რანგის კაპიტანი გ.ფ-ა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში მსახურობდა 2014 წლიდან, ხოლო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსდ - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ...ის დეპარტამენტის ...ის სამმართველოს ...ის სამსახურის ...ის თანამდებობაზე დასაქმებული იყო 2018 წლიდან. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ უკეთუ კასატორი დასაქმებული იყო ხელმძღვანელ თანამდებობაზე, მას სამსახურებრივი ნორმების ზედმიწევნით დაცვის ვალდებულება უფრო მაღალი ხარისხით წარმოეშობოდა, კასატორის ქცევა სამაგალითო უნდა ყოფილიყო მის დაქვემდებარებაში მყოფი სხვა მოსამსახურეებისათვის. საქმის მასალებით დასტურდება, რომ სახეზეა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 31.12.2013წ. ბრძანებით №989 დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების“ მე-2 მუხლის „ა“ (სამსახურებრივ მოვალეობათა შეუსრულებლობა), „ა1“ (სამსახურებრივ მოვალეობათა არაჯეროვანი შესრულება), „გ“ (ქონებრივი ზიანის მიყენება ან ასეთი ზიანის წარმოშობის საშიშროების შექმნა), „თ“ (შრომის დისციპლინის წესის დარღვევა), და „ვ“ (მოსამსახურისათვის შეუფერებელი ქმედება, რომელიც ლახავს სამინისტროს სისტემის ავტორიტეტს) ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგი. სააპელაციო პალატამ პროპორციულად (თანაზომიერად) მიიჩნია მოსარჩელისათვის „წესდების“ მე-3 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უკიდურესი ღონისძიების - „სამსახურიდან დათხოვნის“ - გამოყენება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზეა აღნიშნული ყველაზე მკაცრი (ultima ratio) ღონისძიების გამოყენების საგამონაკლისო წინაპირობები. მართალია კასატორის ზოგიერთი ქცევა შესაძლოა მსუბუქ დარღვევადაც დაკვალიფიცირდეს, აღნიშნულს იზოლირებულად შესაძლოა არ გამოეწვია სამსახურიდან დათხოვნის ღონისძიების თანაზომიერების დასაბუთება. თუმცა, სამსახურებრივი ნორმების სხვა მძიმე დარღვევებთან ერთობლიობაში, კასატორის ქცევის კუმულატიური ეფექტი, რომელიც გამოვლინდა ამ ნორმათა მასშტაბური და უხეში უგულვებელყოფით, ამართლებს სამსახურიდან დათხოვნის ღონისძიების გამონაკლისის სახით გამოყენების არსს. საკასაციო პალატა მიუთითებს კასატორის მიერ შვებულების პერიოდში დიდი ოდენობით გამოყოფილი საწვავით (დაახლ. 200ლიტრი.) სარგებლობის ფაქტზე, რომელიც პირდაპირ ეწინააღმდეგება „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 76-ე მუხლის მე-4 პუნქტს, რომლის მიხედვით მოხელის მიერ საჯარო დაწესებულების ქონებისა და სხვა რესურსების პირადი მიზნით გამოყენება დაუშვებელია. აღნიშნული ძირს უთხრის ამავე კანონის მე-10 მუხლით გათვალისწინებულ ეკონომიურობისა და ეფექტიანობის პრინცპს: „საჯარო მოსამსახურე ვალდებულია რესურსების ეკონომიურად გამოყენებითა და ხარჯვით ეფექტიანად, სწორად და კოორდინირებულად წარმართოს საჯარო სამსახურში ორგანიზაციული პროცესი ხალხისა და სახელმწიფოს ინტერესების დასაცავად და ქვეყნის წინაშე მდგარი ამოცანების წარმატებით შესასრულებლად.“ საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ კასატორმა თავადვე აღიარა სხვადასხვა გადაცდომის ჩადენა, აგრეთვე იმასაც, რომ რიგ შემთხვევაში, მას როგორც ხელმძღვანელ პირს საკუთარ და მის დაქვემდებარებაში მყოფ მოსამსახურეთა დაშვებული ხარვეზების აღმოსაფხვრელად რაიმე ქმედითი ზომა არ მიუღია. ამ პირობებში საფუძველს მოკლებულია სამსახურიდან დათხოვნის ნაცვლად შედარებით უფრო მსუბუქი ღონისძიების გამოყენების მიზანშეწონილობაზე მსჯელობა. შსს გენერალური ინსპექციის ...ის მიერ 21.06.2021წ. დამტკიცებულ № MIA 0 21 01592159 დასკვნაში (დანართი №1) აღწერილი დარღვევების ფონზე (გვ.11-63), მსუბუქი სანქციის გამოყენება ვერ უზრუნველყოფს წესრიგზე, დისციპლინასა და ერთგულების პრინციპზე ორიენტირებული სისტემის შექმნას განსაკუთრებული თავისებურებების მქონე ისეთ დაწესებულებაში, როგორიც აღნიშნული სამსახურია. მოსარჩელეს, როგორც ხელმძღვანელს უფრო მეტად ევალებოდა სამსახურებრივ მოთხოვნათა დაცვა, შესაბამისად მის მიმართ მსუბუქი სანქციის გამოყენება არ იქნება ადეკვატური. სამართლებრივ შეფასებას არ ცვლის ის გარემოება და არ შეიძლება გამოირიცხოს აღნიშნული არგუმენტით, რომ მოსარჩელეს აქამდე არ შეფარდებია სხვა დისციპლინური სახდელი, აღნიშნული არ გამორიცხავს სამსახურებრივი ნორმების უხეშ დარღვევებზე პროპორციული რეაგირებას, სხვა ღონისძიება გამოიწვევს არა დარღვევის პრევენციას, არამედ პირიქით, მის წახალისებას. ხელმძღვანელ პირებს აქვთ მნიშვნელოვანი ძალაუფლება, პასუხისმგებლობაც ამ ძალაუფლების პროპორციული უნდა იყოს. შესაბამისად, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის ფაქტობრივ-სამართლებრივ შეფასებებს მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების ღონისძიების თანაზომიერებასთან დაკავშირებით.
კასატორი მოიხმობს კ.ს-ას საქმესთან დაკავშირებით მიღებულ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 04.05.2022წ. გადაწყვეტილებასა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 15.11.2023წ. განჩინებას, რომლებიც უკავშირდება შსს გენერალური ინსპექციის ...ის 21.06.2021წ. დამტკიცებული № MIA 0 21 01592159 დასკვნის შესაბამისად საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ...ის დეპარტამენტის ...ის სამმართველოს ...ის მოადგილის პოზიციზე დასაქმებული კ.ს-ას სამსახურიდან გათავისუფლებას. კასატორის მოსაზრებით, საქმეთა შორის მსგავსების გათვალისწინებით, დაუსაბუთებელია ორი ურთიერთსაწინააღმდეგო შეფასების არსებობა. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის მითითებას იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ...ის დეპარტამენტის ...ის სამმართველოს ...ის მოადგილის თანამდებობიდან კ.ს-ას გათავისუფლების საფუძვლად არსებული გარემოებები, რომლებიც საფუძვლად დაედო თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 04.05.2022წ. გადაწყვეტილებასა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 15.11.2023წ. განჩინებას, არის განსახილველი საქმის მსგავსი, რაც გამორიცხავს მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების კანონიერებას. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სადღეისოდ კ.ს-ასთან დაკავშირებით №ბს-922(2კ-24) ადმინისტრაციულ საქმეზე უზენაესი სასამართლოს 25.03.2025წ. განჩინებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნა დასაშვებად და მიღებულ იქნა არსებითად განსახილველად იმ დასაბუთებით, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. უკეთუ კ.ს-ას დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების კანონიერება უკვე შეფასდა №ბს-922(2კ-24) ადმინისტრაციულ საქმეზე საკასაციო სასამართლოს მიერ, მოცემულ შემთხვევაში საკასაციო პალატის შეფასების საგანი შემოიფარგლება მხოლოდ საქმეთა შორის ობიექტურად არსებული განსხვავებებით. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოსარჩელე გ.ფ-ა არ განმარტავს მისი და კ.ს-ას საქმის რომელ კონკრეტულ ნაწილში იკვეთება ის მნიშვნელოვანი მსგავსებანი, რომელიც ასაბუთებს მსგავსი სამართლებრივი შედეგის (“ratio decidendi”) არსს. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ გ.ფ-ა იკავებდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსდ - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ...ის დეპარტამენტის ...ის სამმართველოს ...ის სამსახურის ...ის, ხოლო - კ.ს-ა საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ...ის დეპარტამენტის ...ის სამმართველოს ...ის მოადგილის თანამდებობას, რაც განასხვავებს მათ მოვალეოებებსა და პასუხისმგებლობებს. ამასთანავე, მოსარჩელე გ.ფ-ას უფიქსირდება ისეთი დარღვევები, რომელიც არ უფიქსირდება კ.ს-ას, კერძოდ: ა) მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის დადგენილის წესის დარღვევით ჩატარება; ბ) საწყობში არსებული დანაყოფისთვის არასაჭირო მატერიალური ფასეულობების შემდგომი განკარგვის მიზნით სათანადო ღონისძიებების განუხორციელებლობა; გ) სამეურნეო ოპერაციის არასწორად ასახვა; დ) სახელმწიფო აუდიტის სამსახურის რეკომენდაციის გაუთვალისწინებლობა, რაც გამოიხატა შვებულების პერიოდში სამსახურებრივი საწვავის გახარჯვაში, რითაც შს სამინისტროს მიადგა ქონებრივი ზიანი. შესაბამისად, შსს გენერალური ინსპექციის ...ის 21.06.2021წ. დამტკიცებული № MIA 0 21 01592159 დასკვნის ანალიზით ირკვევა, რომ კ.ს-ას დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლება დაეფუძნა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 31.12.2013წ. №989 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების“ მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ (სამსახურეობრივ მოვალეობათა შეუსრულებლობა), „ა1“ (სამსახურეობრივ მოვალეობათა არაჯეროვანი შესრულება) და „ვ“ ქვეპუნქტების (მოსამსახურისათვის შეუფერებელი ქმედება, რომელიც ლახავს სამინისტროს სისტემის ავტორიტეტს) დარღვევას. მაშინ როდესაც მოსარჩელე გ.ფ-ას შემთხვევაში, აღნიშნული დარღვევების გარდა, დამატებით სახეზეა ამავე წესდების „თ“ (შრომის დისციპლინის წესების დარღვევა (სახელმწიფო ქონების არასამსახურეობრივი მიზნით გამოყენება გამოყენება) და „გ“ (ქონებრივი ზიანის მიყენება) ქვეპუნქტების დარღვევაც. კრიტიკულად მნიშვნელოვანია ის განსხვავებაც, რომ მოსარჩელე გ.ფ-ას უფიქსირდება შვებულების პერიოდში სამსახურებრივ ავტომანქანაზე გამოყოფილი საწვავის ლიმიტის გამოყენება, აღნიშნული მან აღიარა 08.04.2021წ. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციისათვის მიცემულ ახსნა-განმარტებაში, იგივე კატეგორიის დარღვევა არ ფიქსირდება კ.ს-ას შემთხვევაში. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ შსს გენერალური ინსპექციის ...ის მიერ 21.06.2021წ. დამტკიცებულ № MIA 0 21 01592159 დასკვნაში ასახულია მოსარჩელის გ.ფ-ას მიერ მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის დადგენილის წესის დარღვევით ჩატარების ფაქტი. მოსარჩელეს, როგორც საინვენტარიზაციო კომისიის თამვჯდომარეს ევალებოდა აღნიშნული ფასეულობების სანომრე აღრიცხვისა და დასახელებების სააღრიცხვო დოკუმენტებში ასახულ მონაცემეთან შესაბამისობის უზრუნველყოფა, რომლის შეუსრულებლობამაც სრულად მოშალა სათადარიგო ნაწილების აღრიცხვის სისტემა, იგივე შეიძლება ითქვას მატერიალური ფასეულობების მოვლა-პატრონობისა და შენახვის წესების დაცვაზე, დანაკლისი/ზედმეტობის გამოვლენასა და მათზე რეაგირების განხორციელების ვალდებულებაზე, რაც მოსარჩელეს როგორც საინვენტარიზაციო კომისიის თამვჯდომარეს, უფრო მაღალი ხარისხით მოეთხოვებოდა (იხ., გვ.16-30, 30-31, 48-49.). აღნიშნული საქმე იმითაც განსხვავდება კ.ს-ას შემთხვევისგან, რომ მართალია ამ უკანასკნელის მიმართ ადგილი ჰქონდა გარკვეული დარღვევების გამოვლენას, თუმცა, სამსახურეობრივი პატაკებითა და მიმართვებით დასტურდება, რომ კ.ს-ა პრობლემების შესახებ ხელმძღვანელ პირებს აწვდიდა ინფორმაციას. საპირისპიროდ, მოსარჩელის 08.04.2021წ. წერილობითი განმარტების მიხედვით, კომპიუტერული საშუალებების გადმოცემასთან დაკავშირებით, მოსარჩელემ პატაკით უფლებამოსილ პირს, არა საკუთარი ინიციატივით, არამედ მხოლოდ ზემდგომის მოთხოვნის საფუძვლეზე მიმართა. 15.06.2021წ. წერილობითი განმარტების თანახმად, მოსარჩელემ პატაკით მხოლოდ ერთხელ მიმართა ზემდგომს, მცურავი საშუალებები შესაბამისი მოწყობილობით აღჭურვასთან დაკავშირებით. აღნიშნულის მიუხედავად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მითითებული გარემოება, საქმეში არსებული სხვა დარღვევების ფონზე არ ქმნის იმ მასშტაბის მსგავსებას კ.ს-ას საქმესთან, რომ იდენტური სამართლებრივი შედეგის აუცილებლობა დაასაბუთოს. საკასაციო პალატა მოიხმობს ამონარიდებს მოსარჩელის ახსნა-განმარტებიდან, რომელშიც მან თავად აღიარა სამსახურებრივი ნორმების უხეში დარღვევის ფაქტები: ა) 08.04.2021წ. I ახსნა-განმარტებით, აღიარებულია პირადი მიზნით, სამსახურებრივი საწვავის გახარჯვის ფაქტი და გამოთქმულია მზადყოფნა ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებით; ბ) 08.04.2021წ. II ახსნა განმარტებით, აღიარებულია ჩამოსაწერი ქონებასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის შეუსწავლელობის ფაქტი, მიზეზად დასახელებულია „საქმეთა სიმრავლე,“ თუმცა, დამატებით განმარტებულია, რომ მას „მხედველობიდან გამორჩა“ იმ თანამშრომლის საქმიანობის კონტროლი, რომელსაც დაევალა ...-ზე განხორციელებული სამუშაოების 18.04.2018წ. N... და 17.07.2020წ. N... აქტებზე რეაგირება, ასევე ისიც, რომ აღნიშნული ქონებაც არაა ჩამოწერილი; ამასთან, მცურავი საშუალებების კომპლექტაციაში არსებული ქონების ჩამოწერა გაჭიანურდა მისი „სპეციფიურობის“ და „სათანადო გაანალიზების საჭიროების მიზეზით“; გ) 08.04.2021წ. III ახსნა-განმარტებით, აღიარებულია, რომ მოსარჩელის მიერ „არ განხორციელებულა რაიმე ღონისძიება“ საწყობებში გამოუსადეგარი ზეთების მარაგების ჩამოწერის მიზნით, აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია მას ხელმძღვანელობისთვის „არ მოუხსენებია“, აგრეთვე, საწყობიდან ქონების მიღების შემთხვევაში, მიღება არ დასტურდება ქონების მატერიალურად პასუხისმგებელი მიმღები პირის ხელმოწერით, ხოლო აღნიშნული პრაქტიკის აღმოფხვრა მას „საჭიროდ არ ჩაუთვლია,“ ვინაიდან „ასეთი პრაქტიკა“ დიდი ხანია არსებობს, ამასთანავე, მოსარჩელეს „რაიმე სახის ღონისძიება არ განუხორციელებია“ საწყობის გვერდის ავლით „...ის“ გაცემაზე; დ) 11.04.2021წ. ახსნა-განმარტებით, აღიარებულია, რომ 2019-2020 წლებში შესრულებული სამუშაოს აქტებზე „რეაგირება დღემდე არ მომხდარა,“ ვინაიდან, მოსარჩელეს არ ჰქონდა „შესაბამისი ინსტრუქცია“ თუ როგორ უნდა მომხდარიყო ამ ქონების ჩამოწერა; ამასთანავე, თანამშრომელმა უყურადღებოდ დატოვა მცურავი საშუალებების სათადარიგო ნაწილების ფასეულობათა ჩამოწერა, რაც დაფიქსირდა კატარღა P103-ის შემოწმების დროს, რომელიც მოსარჩელესაც „გამორჩა მხედველობიდან“; საოფისე საყაზარმე ქონების საწყობის შემოწმებისას გარკვეული მატერიალური ფასეულობების, კერძოდ, დროშებისა და საოფისე საშუალებების საწყობიდან დოკუმენტების გარეშე გასვლასთან, ასევე, ახალი საწყობის მშენებლობისთვის სხვადასხვა ლითონის პროფილების და სხვა საშუალებების გატანის საკითხთან დაკავშირებით, მოსარჩელემ აღნიშნა - „ვაღიარებ, აღრიცხვიანობის წესი დარღვეული იყო,“ ხოლო, სასაწყობო შენობის დაზიანებასთან დაკავშირებით ზემდგომებთან ზოგადი საუბრების გარდა, მას „კონკრეტული ღონისძიება არ განუხორციელებია.“ კატარღის სათადარიგო ნაწილების გაცემაზე მოთხოვნაც უპასუხოდ იქნა დატოვებული, რაზეც „რეაგირება არ მომხდარა“. საგზურის ფურცლების წარმოებასთან დაკავშირებით, მოსარჩელის მიერ „არ ხორციელდებოდა საგზურის ფურცლების შინაარსის კონტროლი,“ მას, ასევე, „არ შემუშავებია კონკრეტული მექანიზმები“ დასახელებული ხარვეზების აღმოფხვრის მიზნით, ამასთან, „არ ხორციელდებოდა იმ მოხელეთა საქმიანობის შესრულების კონტროლი,“ რომელთაც უშუალოდ ევალებოდათ საკითხის მოწესრიგება. საკასაციო პალატა მოიხმობს შსს გენერალური ინსპექციის ...ის 21.06.2021წ. დამტკიცებულ № MIA 0 21 01592159 დასკვნაში ასახულ მოსაზრებაზე, რომლის მიხედვით სახეზე იყო კონკრეტული პასუხისმგებელი პირის მიერ ჩადენილი ისეთი დარღვევები, რომლის პრევენციაც შესაძლებელი იყო, ხელმძღვანელ პირებს ევალებოდათ ქმედითი კონტროლის განხორციელება, ასევე, ცალკეულ სფეროებში გამოვლენილი დარღვევები დანერგილი იყო სამუშაო პრაქტიკის სახით, რომელთა გამოსასწორებლადაც ხელმძღვანელ პირებს უნდა გაეტარებინათ ქმედითი ზომები (გვ.47.). საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველი საქმის ფაქტობრივი გარემოებები არსებითად განსხვავდება კ.ს-ას საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებებისაგან, არ არსებობს საქმეთა სამართლებრივი შედეგების მსგავსების განმაპირობებელი გარემოებები.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სასკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც გ.ფ-ას საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე, ამდენად, მოსარჩელის წარმომადგენელს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ 04.03.2024წ. საკასაციო საჩივარზე 150 (ასორმოცდაათი) ლარის ოდენობით გადახდილი თანხა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ.ფ-ას საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 15.01.2024წ. გადაწყვეტილება;
3. ვ.გ-ას (პირადი №...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 04.03.2024წ. №... საგადახდო დავალებით გადახდილი თანხა 150 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: გ. გოგიაშვილი
თ. ოქროპირიძე