Facebook Twitter

საქმე №322აპ-15 ქ. თბილისი

ს-ი ე 322აპ-15 2 დეკემბერი, 2015 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მაია ოშხარელი (თავმჯდომარე),

პაატა სილაგაძე, გიორგი შავლიაშვილი

სხდომის მდივან - გიორგი შალამბერიძის

პროკურორ - დავით მუხიაშვილის

ადვოკატების - გ. ნ-ს, ნ. ნ-ს

მსჯავრდებულ - ე. ს-ს

თარჯიმან - ნ. გ-ს

მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ ე. ს-ა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატების - ჯ. მ-ა და გ. ნ-ს, რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ დავით მუხიაშვილის საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 11 მაისის განაჩენზე.

აღწერილობითი ნაწილი:

1. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 28 იანვრის განაჩენით ე. ს-ს მიმართ წარდგენილი ბრალდება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით, გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 117-ე მუხლის 1-ელ ნაწილზე.

2. ე. ს-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მიესაჯა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2014 წლის 1 აგვისტოდან.

3. საქმეზე ამოღებული: ე. ს-ს, ლ. გ-ს, ნ. ბ-ს ტანსაცმელი დაუბრუნდეს მათ მფლობელებს, ხოლო სისხლის ნიმუშები და შემთხვევის ადგილიდან ამოღებული დანა - განადგურდეს.

4. მსჯავრდებულ ე. ს-ს მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში: 2014 წლის 1 აგვისტოს, დაახლოებით 4:00 საათზე, ქ. რ-ი, მ-ს გამზირის მე-2 გასასვლელის, ბინა N...-ში ე. ს-ა და ლ. გ-ს შორის მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების დროს, ე. ს-ა სამზარეულოს დანის გამოყენებით ლ. გ-ს მიაყენა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რომელიც სიცოცხლისათვის იყო სახიფათო.

5. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 11 მაისის განაჩენით დარჩა უცვლელად.

6. მსჯავრდებული ე. ს-ი და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატები - ჯ. მ-ი და გ. ნ-ა საკასაციო საჩივრით ითხოვენ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 11 მაისის განაჩენის გაუქმებასა და ე. ს-ს გამართლებას, მის ქმედებაში დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო.

7. რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორი დავით მუხიაშვილი საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 11 მაისის განაჩენში ცვლილების შეტანას იმ მიმართებით, რომ მსჯავრდებულ ე. ს-ს ქმედება საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილიდან გადაკვალიფიცირდეს სსკ-ის 19,108-ე მუხლზე და განესაზღვროს სამართლიანი სასჯელი.

8. საკასაციო პალატის სხდომაზე მსჯავრდებულ ე. ს-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატებმა - გ. ნ-მ და ნ. ნ-ა ვრცლად მიმოიხილეს საქმის მასალები, მხარი დაუჭირეს წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და იშუამდგომლეს მისი დაკმაყოფილება, რასაც დაეთანხმა მსჯავრდებული ე. ს-ი.

9. საკასაციო პალატის სხდომაზე პროკურორმა დავით მუხიაშვილმა ვრცლად მიმოიხილა საქმის მასალები, მხარი დაუჭირა წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და იშუამდგომლა მისი დაკმაყოფილება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრების საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ ე. ს-ა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატების - ჯ. მ-ა და გ. ნ-ს, ასევე რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ დავით მუხიაშვილის საკასაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს არგუმენტებს ე. ს-ს მიერ სამზარეულოს დანის გამოყენებით ლ. გ-ს ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მიყენების თაობაზე, რომელიც სიცოცხლისათვის იყო სახიფათო და მიაჩნია, რომ კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეულ, ურთიერთშეჯერებულ და საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობით დასტურდება ე. ს-ს შერაცხული ქმედების ჩადენა, რაც გამოიხატა იმაში, რომ 2014 წლის 1 აგვისტოს, დაახლოებით 4:00 საათზე, ქ. რ-ი, მ-ს გამზირის მე-2 გასასვლელის ბინა N....-ში ე. ს-ა და ლ. გ-ს შორის მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების დროს, ე. ს-ა სამზარეულოს დანის გამოყენებით ლ. გ-ს მიაყენა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რომელიც სიცოცხლისათვის იყო სახიფათო, კერძოდ:

3. დაზარალებულ ლ. გ-ს ჩვენებით, იგი ნ. ბ-ნ შესახვედრად ს. ი-ა და ნ. თ-ნ ერთად ჩავიდა ქ. რ-ი. ნ. ბ-ს სურდა დედასთან, თ. მ-ნ მცირეწლოვანი შვილის დატოვება. ამ დროს სახლში იმყოფებოდა ე. ს-ი, რომელმაც დაპატიჟა ლუდის დასალევად. იგი შევიდა სახლში, გაიცნო იგი და დალიეს ლუდი. შემდეგ დაურეკეს მისმა მეგობრებმა, რომლებიც ელოდებოდნენ, გავიდა მათთან და ისევ დაბრუნდა. ამჯერად მეგობრებთან ერთად გააგრძელა ლუდის სმა. ე. ს-ნ საუბრობდა თ. მ-ა და ნ. ბ-ს დახმარებით. მოგვიანებით, ე. ს-ა უთხრა მათ, რომ ეძინებოდა და მეგობრებთან ერთად, ყოველგვარი კონფლიქტისა და უსიამოვნების გარეშე გამოვიდა სახლიდან, თუმცა მალევე მიბრუნდა, რადგან მობილური ტელეფონი დარჩა და დაინახა, რომ ე. ს-ი ურტყამდა თ. მ-ს, ნ. კი შველას სთხოვდა. იგი მივიდა მასთან, უთხრა, რას აკეთებო და რამდენჯერმე დაარტყა ხელი სახის არეში. ე. ს-ი დაეცა, შემდეგ ფეხით სცემა, მას წარბი გაუსკდა. როდესაც წასვლა დააპირა, კარი დაკეტილი იყო, ისევ უკან მოტრიალდა და ამ დროს ე-მ დანა დაარტყა მუცლის არეში, მან ხელი მოუქნია, დანა იატაკზე დავარდა და ამ დროს გამოიქცა კიდეც სახლიდან, გააჩერა ტაქსი და თავად მივიდა საავადმყოფომდე. ე. ს-ს კიდევ შეეძლო დანის დარტყმა, თუმცა ვერ მოახერხა, რადგან დანის დაგდების შემდეგ იგი კვლავ სამზარეულოსკენ წავიდა, თუმცა აიღო თუ არა რაიმე დანისმაგვარი საგანი, არ დაუნახავს. მიაჩნია, რომ ე-ს მისი მოკვლა სურდა. დაზიანება მიიღო ღვიძლსა და ფილტვზე, დაკარგა დიდი რაოდენობით სისხლი.

4. მოწმე თ. მ-ს ჩვენებით, იგი ე. ს-ნ იმყოფება არარეგისტრირებულ ქორწინებაში და ცხოვრობს ქ. რ-ი, მ-ს გამზირზე. 2014 წლის 1 აგვისტოს დაურეკა შვილმა - ნ. ბ-ა და სთხოვა ბავშვის დატოვება. ნ. ლ. გ-ნ ერთად მივიდა და ე-ს თხოვნით ლ. ლუდის დასალევად დაპატიჟეს, შემდეგ ლ-ს მეგობრებიც შეუერთდნენ. მოგვიანებით ე-ა მოინდომა, რომ სტუმრები წასულიყვნენ, თუმცა მას სურდა, რომ ნ-ც წასულიყო და ამის გამო შეკამათდნენ. ე. დაარტყა სახის არეში. ნ. გაბრაზდა, რა უფლებით დაარტყი დედასო და დაუძახა ლ-ს. მან ე-ს უთხრა, ქალს ხელი როგორ დაარტყიო, შეაგინა და დაარტყა, ამას მოყვა ჩხუბი, ე-ი დაეცა. ლ-ი გამეტებით ურტყამდა ფეხებით სახის არეში. შემდეგ ე-ა მოახერხა წამოდგომა, უცბად მაგიდიდან დანა აიღო და ერთხელ დაარტყა ლ-ს მუცლის არეში. მან მაისური აიწია, სისხლი წამოუვიდა, თქვა დამჭრაო, კარი გააღო და ჩქარა წავიდა. ე-ს კიდევ შეეძლო დანის დარტყმა, სურვილის შემთხვევაში დაეწეოდა კიდეც ლ-ს, მაგრამ მას მისი მოკვლა არ უნდოდა. მიაჩნია, რომ ე-ა ლ-ს დანა თავდაცვის მიზნით დაარტყა, რადგან ის გამეტებით ურტყამდა. ე-ა თავად დარეკა საპატრულო პოლიციაში და შეატყობინა მომხდარის შესახებ.

5. მოწმე ნ. ბ-ს გამოძიებაში მიცემული ჩვენებით, იგი 2014 წლის 31 ივლისს, დაახლოებით 22:00 საათზე, ლ. გ-ნ და შვილთან ერთად მივიდა ქ. რ-ი, მ-ს მე-2 გასასვლელის N.....-ში, სადაც ცხოვრობს დედამისი - თ. მ-ი მეუღლე ე. ს-ნ ერთად. ლ-ი სახლში დაპატიჟეს, სადაც დალიეს ლუდი. შემდეგ ლ-ი მის მეგობრებთან შესახვედრად გავიდა და მალევე მათთან ერთად დაბრუნდა. დაახლოებით 03:30 საათზე, ლ-ს მეგობრები წავიდნენ სახლიდან. ლ-ც გაჰყვა მათ და უთხრა, რომ დაელოდებოდა ეზოში. სახლში დარჩნენ ის, დედამისი და ე-ი. ერთად ყოფნის პერიოდში ე-ა თურქულად თქვა, რომ ისიც წასულიყო სახლიდან, რადგან ეძინებოდა. ამაზე დედამისი გაბრაზდა და მკაცრად უთხრა, რომ მისი შვილი იმდენ ხანს გაჩერდებოდა მასთან, რამდენ ხანსაც მოესურვებოდა. პასუხად ე-ა დედამისს ხელი გაარტყა სახეში. იგი ამაზე ძალიან გაბრაზდა და ე-ს დაუწყო სიტყვიერი ჩხუბი და დაუძახა ლ-ს. როდესაც ლ-ი სახლში შევიდა, ე-ს შეაგინა, რის გამოც მათ შორის მოხდა ჩხუბი. ჩხუბის დროს, როგორც ლ-ა, ასევე ე-ა ერთმანეთს რამდენჯერმე გაარტყეს ხელი სახის არეში. ჩხუბი მიმდინარეობდა მცირე ხანს, რა დროსაც ე-ს სისხლი წამოუვიდა წარბიდან. იგი ცდილობდა, რომ გაეშველებინა ე-ი და ლ-ი, ხოლო დედამისი ცდილობდა ისიც გაეყვანა ჩხუბიდან, რადგან ეშინოდა შემთხვევით მუცელზე ხელი არ მოხვედროდა. ამ ჩხუბის დროს ე-ი მცირე მანძილით წამიერად მოშორდა ლ-ს და ნათლად დაინახა, თუ როგორ აიღო ე-ა მაგიდიდან იასამნისფერი საოჯახო დანა და ერთხელ მოუქნია ლ-ს. მოქნეული დანა ლ-ს მოხვდა მარცხენა მხარეს, ნეკნებთან. ლ-ა უკან დაიხია, თქვა დამჭრა ამ არაკაცმაო, აიწია მაისური და დაინახა, თუ როგორ სდიოდა სისხლი ჭრილობიდან, ასევე დაინახა დარტყმის შემდგომ ხელში როგორ ეჭირა ე-ს დანა. ლ-ი სწრაფი ნაბიჯებით გავიდა სახლიდან ის, რომ მისთვის არაფერი უთქვამს და წავიდა მისთვის გაურკვეველი მიმართულებით. ლ-ს გასვლისთანავე ე-ა იატაკზე დააგდო დანა და გავიდა საპირფარეშოში. ამ დროისათვის იგი მაშინვე ვერ გაყვა ლ-ს, რადგან მისმა შვილმა ხმაურზე გაიღვიძა და დაიწყო ტირილი. როდესაც დააწყნარა ბავშვი, გავიდა ეზოში, სადაც ლ-ი ვერ ნახა. დაახლოებით 15-20 წუთში ლ-ა დაურეკა და უთხრა, რომ მისულიყო მასთან აზოტის საავადმყოფოში. იგი მაშინვე ტაქსით მივიდა საავადმყოფოში, სადაც ლ-ი დახვდა მისაღებში და ექიმები უწევდნენ პირველად სამედიცინო დახმარებას.

6. 2014 წლის 1 აგვისტოს დათვალიერებულ იქნა ნ. ბ-ს მიერ წარმოდგენილი მაისური, რომელსაც მარჯვენა მკლავზე, წინა მხრიდან აღენიშნებოდა სხვადასხვა ფორმის და ზომის, უსწორმასწოროდ განლაგებული მოწითალო ფერის ლაქები, ასევე მაისურს უკანა მხარეს მთლიანად ჰქონდა სხვადასხვა ფორმისა და ზომის მოწითალო ფერის ლაქები.

7. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტ ბ. მ-ს ჩვენებით დადგენილია, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილ იქნა გამოსაკვლევი პირის სამედიცინო დოკუმენტები, რომელთა თანახმად, ლ. გ-ი სტაციონარში მოთავსდა 2014 წლის 1 აგვისტოს და ექსპერტიზის ჩატარების პერიოდშიც აგრძელებდა მკურნალობას. ჩატარებული გამოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ ლ.გ-ს აღენიშნებოდა გულმკერდის მარცხენა ნახევარის წინა ზედაპირის ნაჩხვლეტ-ნაკვეთი ჭრილობა შემავალი გულმკერდისა და მუცლის ღრუში, მარცხენა ფილტვისა და ღვიძლის დაზიანებით, რაც მიყენებულია რაიმე მჩხვლეტავ-მჭრელი ზედაპირის მქონე საგნის მოქმედებით. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ შემთხვევის თარიღს და მიეკუთვნება მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათო. თვითდახმარება ასეთ შემთხვევაში გამორიცხულია და შესაძლებელი იყო დიდი რაიოდენობით სისხლის დაკარგვის გამო, დამდგარიყო სიკვდილი. ამიტომ არის დაზიანება სიცოცხლისთვის სახიფათო. სისხლდენა იყო ღვიძლიდან და ფილტვიდან. შინაგანი ორგანოებიდან სისხლდენა ყოველთვის ფასდება როგორც სიცოცხლისთვის სახიფათო. პაციენტი შეიძლება სტაციონარიდან გაიწეროს დაზიანების მიღების დღესვე, თუმცა ეს არ ცვლის დაზიანების ხარისხს და მის სახიფათოობას. მან მოცემულ საქმეზე ასევე გასცა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა ე. ს-ს მიმართ. სამედიცინო დოკუმენტების გამოკვლევის საფუძველზე დაადგინა, რომ ე. ს-ა მიიღო მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად.

8. 2014 წლის 1 აგვისტოს გამომძიებელ გ. ჯ-ს მიერ მოწმე ე. ს-ა და თარჯიმან ი. ი-ს მონაწილეობით ე. ს-ს მიერ გამოძიებისათვის წარმოდგენილი ტანსაცმლის დათვალიერების ოქმის თანახმად, მუქი ფერის ჯინსის შარვლის უკანა, მარჯვენა ჯიბეზე იყო მოყავისფრო ლაქა, ამავე ჯიბის ქვემოთ - ორი მცირე ზომის მოყავისფრო ლაქა, ”კოტონის” ფირმის მუქი ლურჯი ფერის მოკლემკლავიანი მაისური, რომელიც ელვაშესაკრავთან იყო დაზიანებული (ჩამოხეული), მაისურს საყელოს მარჯვენა მხარეს და მარჯვენა მხართან აღენიშნებოდა მუქი მოყავისფრო ლაქები, რუხი ფერის უმკლავებო შიდა ჩასაცმელ მაისურს დაზიანება და ლაქები არ აღენიშნებოდა.

9. 2014 წლის 1 აგვისტოს კლინიკა რ-ი, ექიმ-რეანიმატორ, ანესთეზიოლოგ მ. გ-ს მიერ წარმოდგენილ იქნა პაციენტ ლ. გ-ს ტანსაცმელი, შავი ფერის მაისური, ქვედა მარცხენა მხარეს - 5 სმ სიგრძის დაზიანებით და მოწითალო ფერის ლაქებით, ღია ნაცრისფერი ბრიჯი დაუზიანებელ მდგომარეობაში, ასევე მოწითალო ფერის ლაქებით. აღნიშნული მაისური იმავე დღეს დათვალიერდა და დაილუქა.

10. 2014 წლის 2 აგვისტოს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მოქალაქე ლ. გ-ი მოთავსდა სტაციონარში 2014 წლის 1 აგვისტოს და იმ დროისათვის აგრძელებდა მკურნალობას დიაგნოზით: გულმკერდის მარცხენა ნახევარის წინა ზედაპირის ნაჩხვლეტ-ნაკვეთი ჭრილობა შემავალი გულმკერდისა და მუცლის ღრუში, მარცხენა ფილტვისა და ღვიძლის დაზიანებით, რაც მიყენებულია რაიმე მჩხვლეტავ-მჭრელი ზედაპირის მქონე საგნის მოქმედებით, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ შემთხვევის თარიღს და მიეკუთვნება მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათო.

11. 2014 წლის 8 აგვისტოს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, ე. ს-ს ექსპერტიზაზე წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტის მიხედვით დაუდგინდა: ნაჭდევი თავის მიდამოში, სისხლჩაქცევები სახის მიდამოში, რაც მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებებში მითითებულ შემთხვევის თარიღს და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად.

12. 2014 წლის 14 აგვისტოს ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ლ. გ-ს მაისურის ზედაპირზე არსებული გამჭოლი დაზიანება წარმოქმნილია რაიმე მჩხვლეტავ-მჭრელი თვისებების მქონე საგნის ზემოქმედების შედეგად და შესაძლებელია მიყენებულიყო წარმოდგენილი დანით ან სხვა დანით, რომლის პირის სიგანის ერთ-ერთი მონაკვეთი შეადგენს 13 მმ. ლ. გ-ს მაისურის ზედაპირზე არსებული დაზიანებები, ნაკერის განარღვევის და გახევის სახით, წარმოქმნილია ფიზიკური ძალის ზემოქმედების შედეგად. ლ. გ-ს შორტის ზედაპირზე რაიმე სახის დაზიანების კვალი, გარდა ექსპლუატაციური ცვეთისა არ აღენიშნება. ე. ს-ს მოკლესახელოიანი მაისური, ზედაპირზე არსებული დაზიანებები, ელვა შესაკრავის განცალკევების, ნაკერის განარღვევების და გახევის სახით წარმოქმნილია ფიზიკური ძალის ზემოქმედების შედეგად. ე. ს-ს მაისურისა და შარვლის ზედაპირზე რაიმე სახის დაზიანების კვალი, გარდა მისი ექსპლუატაციური ცვეთისა, არ აღინიშნება.

13. 2014 წლის 29 აგვისტოს ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ლ. გ-ს სისხლი მიეკუთვნება 0ab/I/ ჯგუფს. ე. ს-ს სისხლი მიეკუთვნება 0ab/I/ ჯგუფს. ლ. გ-ს მაისურსა და შორტზე აღმოჩნდა ადამიანის სისხლი, რომელიც მიეკუთვნება 0ab/I/ ჯგუფს. ე. ს-ს შარვალსა და ლურჯ მაისურზე აღმოჩნდა ადამიანის სისხლი, რომელიც მიეკუთვნება 0ab/I/ ჯგუფს. ნაცრისფერ მაისურზე სისხლის საეჭვო ლაქები არ აღმოჩნდა. ნ. ბ-ს მაისურზე აღმოჩნდა ადამიანის სისხლი, რომელიც მიეკუთვნება 0ab/I/ ჯგუფს. გამოსაკვლევად წარმოდგენილ დანაზე აღმოჩნდა ადამიანის სისხლი, რომელიც მიეკუთვნება 0ab/I/ ჯგუფს. შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ ანაწმენდებზე აღმოჩნდა ადამიანის სისხლი, რომელიც მიეკუთვნება 0ab/I/ ჯგუფს. შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ანაფხეკი აღმოჩნდა ადამიანის სისხლი, რომელიც მიეკუთვნება 0ab/I/ ჯგუფს. ლ. გ-ს და ე. ს-ს სისხლის და შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ ანაწმენდებზე, ლ. გ-ს მაისურსა და შორტზე, ე. ს-ს შარვალსა და ლურჯ მაისურზე, ნ. ბ-ს მაისურზე და გამოსაკვლევად წარმოდგენილ დანაზე არსებული სისხლი და შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ანაფხეკი მიეკუთვნება 0ab/I/ ჯგუფს.

14. საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის სისხლისამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ჯანმრთელობა. ობიექტური მხრივ, იგი გამოიხატება როგორც მოქმედებაში, ისე უმოქმედობაში. ამასთან, დანაშაულის დამთავრებულად ცნობისათვის აუცილებელია კანონით გათვალისწინებული მძიმე შედეგის ან კონკრეტული საფრთხის დადგომა, რომელიც მიზეზობრივ კავშირში უნდა იყოს დამნაშავის ქმედებასთან. სუბიექტური მხრივ, ეს დანაშაული განზრახია. მისი ჩადენა შეიძლება როგორც პირდაპირი, ისე არაპირდაპირი განზრახვით. სსკ-ის 117-ე მუხლს მკვლელობის მცდელობისაგან განზრახვის მიმართულება განასხვავებს, რომლის დასადგენად მნიშვნელოვანია ზოგადად დამნაშავისა და მსხვერპლის ურთიერთდამოკიდებულების სწორი შეფასება, დაზიანების მიყენების მომენტში თითოეულის ქმედება და შემდგომი ქცევა, ასევე, თვით საქმეში მონაწილე პირების ჩვენებები, მიყენებული დაზიანების ხასიათი და არაერთგზისობა.

15. მხარეთა შორის სადავო გარემოებას არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ ლ. გ-ა ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათო, მიიღო 2014 წლის 1 აგვისტოს, ე. ს-ს მიერ დანის დარტყმით. გამოკვლეული მტკიცებულებების შეფასების შედეგად, საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს არგუმენტაციას, რომ არ დასტურდება ე. ს-ს განზრახი ქმედება, მიმართული ლ. გ-ს სიცოცხლის მოსპობისაკენ და ხაზს უსვამს როგორც დაზარალებულის, ისე ბრალდებულის ქცევას კონფლიქტის წარმოშობის მომენტიდან დანაშაულის დამთავრებამდე. კერძოდ, ლ. გ-ა და ე. ს-ს შორის ფიზიკური დაპირისპირების ინიციატორი მხარე თავად დაზარალებულია. მან პირველმა დაარტყა ხელი ბრალდებულს და ამ დარტყმების შედეგად ე. ს-ი დაეცა, ხოლო ლ. გ-ა ფეხებით განაგრძო მისი ცემა. მოწმეების - თ. მ-ა და ნ. ბ-ს ჩვენებებით, დანის დარტყმის შემდეგ, ე-ს დანა ისევ ხელში ეჭირა და როდესაც ლ. გავიდა, მან დანა ძირს დააგდო. ე. ს-ს ჰქონდა შესაძლებლობა, რომ მეორედ დაერტყა მისთვის დანა. ამასთან, საკასაციო პალატა აანალიზებს რა ე. ს-ს მიერ საკასაციო პალატის სხდომაზე მიცემულ განმარტებას, მიაჩნია, რომ იმ დროს, როდესაც ნ. ბ-ი მათ აშველებდა, დაზარალებულს ხელი შეუშალა ე. ს-ს ცემაში და ცდილობდა მის შეჩერებას, ე. ს-ა შეძლო ადგომა მაგიდაზე დაყრდნობით. ასევე წამოდგა დაზარალებულიც, რომელმაც შეწყვიტა ე. ს-ს ცემა და იდგა მის პირისპირ მოკლე მანძილზე. ე. ს-ა, რომელიც ზურგით დადგა დაზარალებულისაკენ, მაგიდიდან აიღო დანა და, დაზარალებულზე გაბრაზებულმა, დანა მოუქნია არაკონკრეტიზებული განზრახვით, რათა მისთვის მიეყენებინა დაზიანება და არა მოეკლა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ბრალდებულისთვის ხელი არაფერს შეუშლია, მეორედ დაერტყა დანა დაზარალებულისათვის ან სწრაფად ემოქმედა, დადევნებოდა დაჭრილ დაზარალებულს და თუნდაც სადარბაზოში ან მიმდებარე ტერიტორიაზე სისრულეში მოეყვანა თავისი განზრახვა, აღნიშნულზე ასევე მიუთითებს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაც, რომლის მიხედვით დაზარალებულისათვის დაზიანება მიყენებულია გულმკერდის მარცხენა ნახევარში.

16. საკასაციო პალატა ასევე ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ ე. ს-ს ლ. გ-ს განზრახ მოკვლისათვის ფაქტობრივად არ გააჩნდა საბაბი. იგი შემთხვევის დღეს პირველად შეხვდა ლ. გ-ს. რომ არა ლ. გ-ს აქტიურობა, მომხდარ ინციდენტს ადგილიც არ ექნებოდა.

17. ამდენად, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის პოზიციას ე. ს-ს ქმედების საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლზე გადაკვალიფიცირების შესახებ, ვინაიდან მიაჩნია, რომ მსჯავრდებულის ქმედება არ წარმოადგენს განზრახ მკვლელობის მცდელობას და არ შეიცავს ამ დანაშაულის შემადგენლობის ყველა ნიშანს. კერძოდ, როგორც უკვე აღინიშნა, საქმეზე დაკითხული მოწმეების - თ. მ-ა და ნ. ბ-ს ჩვენებებით, დანის ერთხელ დარტყმის შემდეგ, ე-ს დანა ისევ ხელში ეჭირა და როდესაც ლ. გავიდა, ძირს დააგდო. მსჯავრდებულისთვის ხელი არაფერს შეუშლია, რომ მისი დანაშაულებრვი განზრახვა, თუკი ასეთი არსებობდა, სისრულეში მოეყვანა. ამასთან, გასათვალისწინებელია მომხდარ ინციდენტში ლ. გ-ს აქტიურობა, მისთვის ჭრილობის მიყენების რაოდენობა და მსჯავრდებულის ქცევა ჩადენილი ქმედების შემდეგ. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს სახელმწიფო ბრალდების არგუმენტაციას, რომ არ უნდა იქნეს გაზიარებული თ. მ-ა და ნ. ბ-ს ჩვენებები და სარწმუნოდ უნდა იქნეს მიღებული დაზარალებულის ჩვენება იმ ნაწილში, რომ ე. ს-ს დანის დარტყმისთანავე დანიან ხელში ჩაარტყა ხელი და გააგდებინა დანა, რის შემდეგაც სანამ ე. ს-ი სამზარეულოში ეძებდა სხვა საშუალებას მისთვის დამატებითი ზიანის მისაყენებლად, მოასწრო გაქცევა. მოწმეების - თ. მ-ა და ნ. ბ-ს ჩვენებებში აღწერილი ფაქტები არ ეწინააღმდეგება საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, რომელთა სანდოობაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს, ხოლო დაზარალებულ ლ. გ-ს ჩვენება იმავე გარემოებებთან დაკავშირებით ეწინააღმდეგება სწორედ ფაქტის თვითმხილველი მოწმეების ზემოაღნიშნულ ჩვენებებს. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.

18. საკასაციო პალატა ასევე ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას, რომ ე. ს-ი მოქმედებდა აუცილებელი მოგერიების ფარგლებში და ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს არგუმენტაციას შემდეგ გარემოებათა გამო: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-8 თავით დადგენილია მართლწინააღმდეგობის გამომრიცხავი გარემოებები და 28-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მართლსაწინააღმდეგოდ არ მოქმედებს ის, ვინც ამ კოდექსით გათვალისწინებულ ქმედებას ჩაიდენს აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში, ესე იგი ვინც მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისას დააზიანებს ხელმყოფს თავისი ან სხვისი სამართლებრივი სიკეთის დასაცავად. შესაბამისად, უნდა დადგინდეს, რომ ხელყოფა არის მართლსაწინააღმდეგო, რაც იმავდროულად საფრთხეს უნდა უქმნიდეს სამართლით დაცულ სიკეთეს, ხელყოფა უნდა იყოს იმწუთიერი და თავდაცვა უნდა შეესაბამებოდეს თავდასხმას, (ხელყოფას). ანუ აუცილებელი მოგერიების მდგომარეობის არსებობისათვის აუცილებელია ერთმანეთთან კავშირში მყოფი რამდენიმე გარემოების შეფასება, როგორიცაა კონფლიქტის წარმოშობის საფუძველი და მიზეზი, გამოყენებულ საშუალებათა ურთიერთშესაბამისობა, როგორც ხელმყოფის საშიშროებასთან, ისე ინტენსივობასთან. ამ გარემოებათა დადგენის გარეშე მდგომარეობა ვერ ჩაითვლება აუცილებელ მოგერიებად.

19. მოცემულ შემთხვევაში თავად მსჯავრდებულისა და დაზარალებულის ჩვენებით დადგენილია, რომ ე. ს-ა მაშინ დაარტყა ლ. გ-ს დანა, როდესაც ეს უკანასკნელი ფაქტობრივად გაჩერებული იყო, თუმცა ჯერ კიდევ პირისპირ იდგა. მხოლოდ იმ გარემოებაზე მითითება, რომ ადგილი ჰქონდა ორმხრივ ჩხუბს და დაზიანებები აქვს მიღებული ე. ს-ც, არ შეიძლება გახდეს იმის საფუძველი, რომ ე. ს-ი აუცილებელი მოგერიების ფარგლებში იმყოფებოდა, მით უფრო, რომ ჩხუბი მათ შორის დამთავრებული იყო. ამასთან, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ე. ს-ს ქმედება - დანის დარტყმა არ არის შესაბამისი და პროპორციული დაზარალებულის ქმედებასთან.

20. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის არგუმენტაციას და ასევე ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს იმასთან დაკავშირებითაც, რომ საქმეზე დაზარალებულ ლ. გ-ს ჩვენებები არის ურთიერთსაწინააღმდეგო, ვინაიდან მიაჩნია, რომ დაზარალებულის ჩვენებებში მითითებული ის ფაქტობრივი გარემოებები, რომლებსაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მტკიცების საგანთან დაკავშირებით, არ არის არსებით წინააღმდეგობაში არც ერთმანეთთან და არც საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან.

21. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განაჩენი კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.

22. რაც შეეხება სასჯელს, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას სრულად გაითვალისწინა მსჯავრდებულის პიროვნება, მას პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია, წარსულში ნასამართლევი არ არის, თავად შეატყობინა საპატრულო პოლიციას, კონფლიქტის ინიციატორი იყო დაზარალებული ლ. გ-ი, ჩადენილი დანაშაულის მოტივი, მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორციელების ხერხი და ისე განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით, მე-2, მე-3 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მსჯავრდებულ ე. ს-ა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატების - ჯ. მ-ა და გ. ნ-ს, რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ დავით მუხიაშვილის საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 11 მაისის განაჩენი დარჩეს უცვლელად, კერძოდ:

3. ე. ს-ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მიესაჯოს 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყოს 2014 წლის 1 აგვისტოდან.

4. საქმეზე ამოღებული: ე. ს-ს, ლ. გ-ს, ნ. ბ-ს ტანსაცმელი დაუბრუნდეს მათ მფლობელებს, ხოლო სისხლის ნიმუშები და შემთხვევის ადგილიდან ამოღებული დანა - განადგურდეს.

5. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ოშხარელი

მოსამართლეები: გ. შავლიაშვილი

პ. სილაგაძე