Facebook Twitter

საქმე №490აპ-15 ქ. თბილისი

თ-ი თ, 490აპ-15 24 დეკემბერი, 2015 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მაია ოშხარელი (თავმჯდომარე),

გიორგი შავლიაშვილი, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ თ. თ-ა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ. ქ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 17 ივლისის განაჩენზე.

აღწერილობითი ნაწილი:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 13 მარტის განაჩენით თ. თ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით და მიესაჯა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე 2014 წლის 13 იანვრის განაჩენით (სსკ-ის 19,177-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი) დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა - 3 წლით თავისუფლების აღკვეთამ - შთანთქა ბოლო განაჩენით დანიშნული, ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა. თ. თ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2014 წლის 11 დეკემბრიდან. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2014 წლის 12 იანვრიდან იმავე წლის 13 იანვრის ჩათვლით.

2. მასვე ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, 3 წლის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური საქმიანობის უფლება, სახელმწიფო მმართველობისა და თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.

3. განაჩენით მსჯავრდებულ თ. თ-ს მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში: თბილისის საქალაქო სასამარლთოს 2014 წლის 9 სექტემბრის დადგენილებით თ. თ-ს ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარებისათვის დაეკისრა ადმინისტრაციული სახდელი - 500 ლარი. 2014 წლის 3 დეკემბერს თ. თ-ი წარდგენილ იქნა საქართველოს შს სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამმართველოს ნარკოლოგიურ განყოფილებაში, სადაც №7027314 დასკვნით დაუდგინდა ნარკოტიკული საშუალება ,,ტეტრაჰიდროკანაბინოლის“ (მარიხუანა) უკანონოდ მოხმარების ფაქტი.

4. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 17 ივლისის განაჩენით დარჩა უცვლელად.

5. მსჯავრდებული თ. თ-ი და მისი ინტერესების დამცველი, ადვოკატი თ. ქ-ე საკასაციო საჩივრით ითხოვენ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 17 ივლისის განაჩენის გაუქმებასა და თ. თ-ს გამართლებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა წარმოდგენილი საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებულ განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება შემდეგ გარემოებათა გამო:

2. მსჯავრდებულ თ. თ-ს მიერ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა დასტურდება საქმეში არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, კერძოდ: მსჯავრდებულ თ. თ-ს აღიარებითი ჩვენებით, თ. თ-ს, მოწმეების - თ. ა-ს, ი. ქ-ს დაკითხვის ოქმებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 9 სექტემბრის დადგენილებით, ნარკოლოგიური შემოწმების დასკვნითა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.

3. საქმეში არ მოიპოვება სისხლის სამართლის საპროცესო კანონის ისეთი არსებითი ხასიათის დარღვევა, რაც საფუძვლად დაედება განაჩენის გაუქმებას.

4. საკასაციო პალატა არ იზიარებს მსჯავრდებულ თ. თ-ა და მისი ინტერესების დამცველის საკასაციო საჩივრის მოტივებს იმასთან დაკავშირებით, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად დაარღვია მსჯავრდებულის მიმართ სამართლიანი სასამართლოს პრინციპი, ვინაიდან საქმე უნდა განეხილა ზეპირი მოსმენით, რა დროსაც მსჯავრდებული დააყენებდა სხვადასხვა შუამდგომლობას, რაც განაპირობებდა მის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანას და განმარტავს, რომ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლი არის ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული. სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის განმხილველი სასამართლო უფლებამოსილია, საჩივრის დასაშვებად ცნობიდან 2 კვირის ვადაში, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილოს მხარის საჩივარი ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულთა საქმეებზე, ასევე საჩივარი მხოლოდ სასჯელის შემცირების თაობაზე.

5. რაც შეეხება სასჯელს, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ თ. თ-ს მიმართ სასჯელის სახით დანიშნული ვადიანი თავისუფლების აღკვეთა უნდა შეიცვალოს და მას სასჯელის სახით უნდა დაენიშნოს ჯარიმა შემდეგ გარემოებათა გამო:

6. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილებით (საქმე - საქართველოს მოქალაქე ბ. წ-ი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ), საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის (2014 წლის 1 მაისიდან 2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) სანქციით გათვალისწინებული თავისუფლების აღკვეთის გამოყენება პირადი მოხმარების მიზნით 70 გრამამდე გამომშრალი ,,მარიხუანის“ შეძენა/შენახვისათვის.

7. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ზემოხსენებული გადაწყვეტილებით, მართალია, დადგინდა პირადი მოხმარების მიზნით 70 გრამამდე გამომშრალი ,,მარიხუანის“ შეძენა-შენახვისათვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების არაკონსტიტუციურობა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს არაკონსტიტუციურად არ უცვნია სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის ნორმატიული შინაარსი ქმედების ან/და სანქციის ნაწილში, მაგრამ, მიუხედავად ამისა, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ამ მუხლით პირის მსჯავრდებისას, მის მიმართ სასჯელის სახისა და ზომის განსაზღვრის დროს, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების დასაბუთება და, შესაბამისად, ამ ქმედების ხასიათი და სიმძიმე, პირის მიერ გამოხატული მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი და პიროვნების მახასიათებელი კონკრეტული გარემოებები.

8. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, ბრალდებულისათვის სასჯელის დანიშვნის დროს უნდა მოხდეს ინდივიდუალური მიდგომა, ინდივიდუალური ქმედებისა და ამ ქმედებიდან მომდინარე კონკრეტული საფრთხის გაანალიზება მართლმსაჯულების განხორციელების მიზნით. თავისუფლების აღკვეთის საპირწონედ არის შეზღუდული თავისუფლება, რაც შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს მხოლოდ მაშინ, როცა ეს უკიდურესად აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში.

9. ვინაიდან თავისუფლების აღკვეთა წარმოადგენს ადამიანის თავისუფლების შეზღუდვის უმკაცრეს ფორმას, ამა თუ იმ ქმედებისათვის სასჯელის სახით პატიმრობის გამოყენება უნდა მოხდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს აუცილებელია ქმედების სიმძიმის, მოსალოდნელი საფრთხეების, დანაშაულის ჩადენის კონკრეტული გარემოებების, დამნაშავის პიროვნებისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით, როდესაც თუ არა საზოგადოებისაგან პირის იზოლირება, შეუძლებელი იქნება მისგან პოტენციურად მომდინარე სხვა საფრთხეების განეიტრალება და სასჯელის მიზნების მიღწევა და თუ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის მიზნის მისაღწევად ობიექტურად საკმარისია პასუხისმგებლობის სხვა არასაპატიმრო ალტერნატივები.

10. ამასთან, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით ცალსახად განიმარტა, რომ პირისათვის თავისუფლების აღკვეთა ისეთი ქმედების გამო, რომელიც მხოლოდ ამ ქმედების ჩამდენს უქმნის საფრთხეს, მის ჯანმრთელობას შეიძლება აყენებდეს ზიანს და არ არის მიმართული (არ შეიძლება იყოს მიმართული) სხვათა უფლებების დარღვევისკენ, უმიზნო და, შესაბამისად, გაუმართლებელია.

11. საკასაციო პალატა მხედველობაში იღებს საკონსტიტუციო სასამართლოს აღნიშულ მსჯელობას და მიუხედავად იმისა, რომ მსჯავრდებული თ. თ-ი წარსულში ნასამართლევია და სახეზე გვაქვს დანაშაულის რეციდივი, მიაჩნია, რომ 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის შემთხვევაში, როდესაც პირი ნარკოტიკის მოხმარებით საკუთარ ჯანმრთელობას უქმნის საფრთხეს და არ არღვევს სხვა პირთა უფლებებს, დანაშაული წარმოადგენს ნაკლებად მძიმე საშიშროების შემცველ ქმედებას, განსხვავებით სსკ-ის 260-ე მუხლის მეორე ნაწილისაგან (2014 წლის 1 მაისიდან 2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქცია), რომელიც განეკუთვნებოდა განსაკუთრებით მძიმე კატეგორიას და პირადი მოხმარების მიზნით 70 გრამამდე გამომშრალი ,,მარიხუანის“ შეძენა/შენახვისათვის ვადიანი თავისუფლების აღკვეთა ჩაითვალა კონსტიტუციის შეუსაბამო სასჯელად, ნარკოტიკული საშუალების მოხმარებისათვის ვადიანი თავისუფლების აღკვეთა უნდა ჩაითვალოს არაპროპორციულ სასჯელად და, შესაბამისად, მიზანშეწონილია, ამ დროს გამოყენებულ იქნეს სანქციის მეორე არასაპატიმრო ალტერნატიული სასჯელი - ჯარიმა.

12. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 17 ივლისის განაჩენში უნდა შევიდეს შემდეგი ცვლილება: მსჯავრდებულ თ. თ-ს საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს ჯარიმა - 1500 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე უნდა გაუქმდეს მის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 13 იანვრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი.

13. სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს - ჯარიმას 1500 ლარის ოდენობით - უნდა დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 1 წელი და 13 დღე. საბოლოოდ თ. თ-ს სასჯელის სახით უნდა განესაზღვროს 1 წლითა და 13 დღით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა - 1500 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

14. მსჯავრდებულ თ. თ-ს სასჯელის მოხდა უნდა დაეწყოს 2014 წლის 11 დეკემბრიდან. მასვე სასჯელის ვადაში მოხდილად უნდა ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2014 წლის 12 იანვრიდან იმავე წლის 13 იანვრის ჩათვლით.

15. მსჯავრდებული თ. თ-ი პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, მთლიანად უნდა გათავისუფლდეს დანიშნული სასჯელის - 1 წლითა და 13 დღით თავისუფლების აღკვეთის მოხდისაგან. საბოლოოდ მას სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს ჯარიმა - 1500 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით, მე-2, მე-3 ნაწილებით, სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მსჯავრდებულ თ. თ-ა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ. ქ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 17 ივლისის განაჩენში შევიდეს ცვლილება, კერძოდ:

3. თ. თ-ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა - 1500 (ათას ხუთასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

4. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდეს მის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 13 იანვრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი.

5. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს - ჯარიმას 1500 (ათას ხუთასი) ლარის ოდენობით - დაემატოს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 13 იანვრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 1 (ერთი) წელი და 13 (ცამეტი) დღე. საბოლოოდ თ. თ-ს სასჯელის სახით განესაზღვროს 1 (ერთი) წლითა და 13 (ცამეტი) დღით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა - 1500 (ათას ხუთასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

6. მსჯავრდებულ თ. თ-ს სასჯელის მოხდა დაეწყოს 2014 წლის 11 დეკემბრიდან. მასვე სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2014 წლის 12 იანვრიდან იმავე წლის 13 იანვრის ჩათვლით.

7. მსჯავრდებული თ. თ-ი პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, მთლიანად გათავისუფლდეს დანიშნული სასჯელის - 1 (ერთი) წლითა და 13 (ცამეტი) დღით თავისუფლების აღკვეთის მოხდისაგან. საბოლოოდ მას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა - 1500 (ათას ხუთასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

8. მასვე ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, 3 (სამი) წლის ვადით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური საქმიანობის უფლება, სახელმწიფო მმართველობისა და თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები, საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.

9. მსჯავრდებული თ. თ-ი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს პატიმრობიდან.

10. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ოშხარელი

მოსამართლეები: პ. სილაგაძე

გ. შავლიაშვილი