Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

№ბს-388(კ-25) 30 მაისი, 2025 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ქეთევან ცინცაძე, ბადრი შონია

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ნ.კ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 19 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, მესამე პირი - სსიპ საქართველოს ნოტარიუსთა პალატა).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ნ.კ-ემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიმართ.

მოსარჩელემ მოითხოვა: ა) ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 30 ივლისის №316 ბრძანება; ბ) დაევალოს მოპასუხე - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი წესით, მოსარჩელის მიერ ნოტარიუსის თანამდებობაზე ყოფნის ზღვრული ასაკის 65 წლის მიღწევიდან ნოტარიუსის უფლებამოსილების ვადის 5 წლით გაგრძელების შესახებ.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 22 ნოემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქმეში მესამე პირად ჩაება სსიპ საქართველოს ნოტარიუსთა პალატა.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ნ.კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 30 ივლისის №316 ბრძანება და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 19 ივნისის გადაწყვეტილებით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. ნ.კ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 19 ივნისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ.კ-ემ.

კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება მიღებულია საქართველოს კანონმდებლობის არსებითი დარღვევით. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვისას არასწორად იქნა განმარტებული ისეთი მნიშვნელოვანი ნორმები, რომლებიც არეგულირებს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ოფიციალური გაცნობისა და გასაჩივრების წესს. სააპელაციო სასამართლომ არასწორად იმსჯელა ხანდაზმულობის საკითხის განხილვისას და სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის - ნ.კ-ის ნოტარიუსის თანამდებობიდან გათავისუფლების 2020 წლის 30 ივლისის ბრძანების მხარისათვის ოფიციალურად ჩაბარებად მიიჩნია აქტის ადრესატისათვის იუსტიციის სამინისტროს დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემის „დესის’’ პროგრამაში ატვირთვა. სააპელაციო სასამართლოს მიერ უგულებელყოფილ იქნა, როგორც ადმინისტრაციული სამართლის ნორმები, ასევე, სპეციალური კანონი, რომელიც არეგულირებს, თუ როგორ უნდა მოხდეს ნოტარიუსისათვის გათავისუფლების ბრძანების ჩაბარება.

საპელაციო სასამართლოს მითითება, რომ თითქოსდა „დესის“ ელექტრონული პროგრამით მოხდა ბრძანების ჩაბარება, უსაფუძვლოა. აღნიშნული ეწინაღმდებაგება „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლს, რომელიც განსაზღვრავს ბრძანების გაცნობის ფორმას. საყურადღებოა, რომ „დესის“ პროგრამა არ არის ოფიციალური და არც სავალდებულოდ გამოსაყენებელი ნოტარიუსებისათვის. ის შექმნილი იყო პროკურატურის თანამშრომლებისათვის და 2016 წელს მიწების სპორადული რეგისტრაციის ფარგლებში, ნოტარიუსთა პალატის გამგეობის გადაწყვეტილებით, რომელიც არ არის სავალდებულო ძალის მქონე (გამგეობის გადაწყვეტილება არ აკმაყოფილებს სამართლებრივი აქტის ფორმას), გამოყენებულ იქნა, რათა მიმოწერა გაადვილებულიყო საჯარო რეესტრთან. „დესის“ პროგრამა 2014 წელს გაუქმებულ იქნა პრეზიდენტის ბრძანების საფუძველზე, კერძოდ, „საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და პროკურატურის სისტემაში ელექტრონული საქმისწარმოების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის №386 ბრძანება გამოცემულია „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 7 ნოემბრის №541 ბრძანებულების საფუძველზე, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის 2014 წლის 16 იანვრის №10 ბრძანებულებით ძალადაკარგულად იქნა გამოცხადებული. შესაბამისად, 2023 წლამდე „დესს“ ისე იყენებდა იუსტიციის სამინისტრო, რომ არ არსებობდა მისი გამოყენების არანაირი სამართლებრივი საფუძველი.

კასატორის განმარტებით, სასამართლოს მითითება ნოტარიუსის მიერ არქივისა და ბეჭდის ჩაბარებაზე ვერ შეცვლის კანონის მოთხოვნას გათავისუფლების ბრძანების ჩაბარების წესების შესახებ. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მხრიდან არ მომხდარა კასატორისათვის ნოტარიუსის თანამდებობიდან გათავისუფლების 2020 წლის 30 ივლისის ბრძანების არც უშუალოდ გადაცემა და არც ფოსტის მეშვეობით გაგზავნა, რასაც ითვალისწინებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი და „ნოტარიატის შესახებ“ კანონი. დაუსაბუთებელია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა, რომ ბრძანების ნომრის და თარიღის ცოდნა ნიშნავს იმას, რომ მოსარჩელე კანონით გათვალისწინებული წესით გაეცნო მის შინაარსს, გასაჩივრების წესს, ვადას, დასაბუთებას ან/და სხვა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისათვის სავალდებულო მონაცემებს. ნ.კ-ემ, იუსტიციის სამინისტროს, №316 ბრძანების ჩაბარების მოთხოვნით მიმართა 2021 წლის 2 ივნისს, ხოლო ბრძანება ჩაიბარა 2021 წლის 3 ივნისს. სწორედ აღნიშნული დროიდან უნდა დაიწყოს ბრძანების გასაჩივრების ვადის ათვლა.

სააპელაციო სასამართლომ არასწორად მიიჩნია დადგენილად ის ფაქტობრივი გარემოება, რომ კასატორი - ნ.კ-ე ნოტარიუსის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ 2020 წლის 30 ივლისის №316 ბრძანებას გაეცნო იუსტიციის სამინისტროს დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემის „დესის" მეშვეობით 2020 წლის 4 აგვისტოს - 19 საათსა და 37 წუთზე. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების დადგენისას არ გაითვალისწინა თბილისის საქალაქო სასამართლოში კასატორის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, მათ შორის, CD დისკზე არსებული ვიდეოჩანაწერი. აღნიშნული ჩანაწერიდან დასტურდება, რომ რომ შესაძლებელია „დესის“ მეშვეობით შემოსულ წერილზე ნოტარიუსმა დააჭიროს დასრულების ღილაკს პროგრამულად, ისე, რომ არ ჩანს, თუ რა სახის წერილია შემოსული და არ ხდება აღნიშნული წერილის გახსნა ან/და ჩამოტვირთვა. აღნიშნული მტკიცებულება ადასტურებს, რომ კასატორი ნ.კ-ე არ გაცნობია იუსტიციის მინისტრის ბრძანებას მისი ნოტარიუსის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ და დასრულების ღილაკზე დაჭერა არ ნიშნავს შეტყობინების გაცნობას. აღსანიშნავია, რომ დასრულება დაფიქსირებულია შეუსაბამო დროს, მაშინ, როცა ნოტარიუსი არ მუშაობდა. საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ ნოტარიუსი ვერ შეძლებდა აქტს გაცნობოდა სახლის პირობებში. ყველა ნოტარიუსს აქვს „დესის“ პროგრამის სტანდარტული მომხმარებელი - სახელი, გვარი და პაროლი. პროგრამში პაროლის შეცვლა შეუძლებლია, შეცვლა შესაძლებელია მხოლოდ საჯარო რეესტრის საინფორმაციო ტექნოლოგიების სამსახურის მიერ. შესაბამისად, ნებისმიერ იუსტიციის სამინისტროს თანამშრომელს და მის დაქვემდებარებაში არსებულ სსიპ-ებს თავისუფლად შეეძლო ნ.კ-ის პროგრამაში შესვლა. პრაქტიკაში არ ხდება ნოტარიუსების მიერ „დესის“ პროგრამის გამოყენება და დაინტერესების შემთხვევაში, ისიც იშვიათად, შეიძლება მასზე გადაგზავნილ იქნეს საჯარო რეესტრის წერილი კონკრეტულ სანოტარო აქტთან დაკავშირებით. ნოტარიუსი თავის ძირითად საქმინობას ახორციელებს სანოტარო მოქმედების ელექტრონულ რეესტრში, მხარის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, რომელიც მატერიალური სახით ინახება ნოტარიუსის არქივში. სააპელაციო სასამართლომ უგულებელყო კასატორის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულება, კერძოდ, ვიდეოჩანაწერი CD დისკზე. აღნიშნული ჩანაწერიდან დასტურდება, რომ რომ „დესის“ ელექტრონულ სისტემაში ტექნიკურად შეუძლებელია ახალი პაროლის დაყენება, გამომდინარე იქიდან, რომ პაროლის შეცვლის ღილაკი აღნიშნულ პროგრამას არ გააჩნია. მოსარჩელე ნ.კ-ის პაროლი არის ავტომატური და არის ალბათობა იმისა, რომ ნაცვლად ნ.კ-ისა ელექტრონულ სისტემაზე წვდომა განხორციელდა სხვა პირის მიერ. სწორედ ეს ამყარებს მოსარჩელის პოზიციას, რომ შეუძლებელია ნ.კ-ე მისი გათავისუფლების ბრძანებას გაცნობოდა 2020 წლის 4 აგვისტოს 19:37 წუთზე, რადგან მოსარჩელემ რეესტრში ბოლო სანოტარო მოქმედება შეასრულა 2020 წლის 4 აგვისტოს 16 საათსა და 17 წუთზე, მით უმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელის სამუშაო გრაფიკს წარმოადგენდა - სამშაბათიდან შაბათის ჩათვლით 09:00-17:00 საათი.

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 16 აპრილის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ნ.კ-ის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ.კ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში.

საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა) საქართველოს იუსტიციის მინისტრის 1999 წლის 24 მაისის №39 §10 ბრძანებით, „ნოტარიატის შესახებ“ კანონის 41-ე მუხლის „ბ-ვ“ პუნქტებით გათვალისწინებული სანოტარო მოქმედებათა შესრულებისათვის ნოტარიუს - ნ.კ-ეს განესაზღვრა სამუშაო უბანი - ქ. ... (ტ.1, ს.ფ 17); ბ) ნ.კ-ის 2020 წლის 7 ივლისის №201/8 განცხადების საფუძველზე, სსიპ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის თავმჯდომარემ, 2020 წლის 17 ივლისს, №16/5004 წერილით, საქართველოს იუსტიციის მინისტრს, „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად წარუდგინა ნოტარიუსთა პალატის გამგეობის 2020 წლის 16 ივლისის რეკომენდაცია, ნოტარიუს - ნ.კ-ის უფლებამოსილების ვადის გაგრძელების შესახებ. წერილში აღნიშნულია, რომ ნ.კ-ეს, 2020 წლის 15 აგვისტოს უსრულდება ნოტარიუსის თანამდებობაზე ყოფნის ზღვრული ასაკი - 65 წერლი. ამავდროულად, მას შეუსრულდება ნოტარიუსად მუშაობის 34 წლის სტაჟი. ნ.კ-ემ სანოტარო საქმიანობა დაიწყო საქართველოს იუსტიციის მინისტრის 1986 წლის 30 ოქტომბრის №86 §1 ბრძანების საფუძველზე. 1996 წელს იგი დაინიშნა ...ის ნოტარიუსად. თანამდებობაზე პირველად დანიშვნის დღიდან (1986 წლიდან) ამ პერიოდამდე იგი სანოტარო საქმიანობას მუდმივად ახორციელებდა ...ის მუნიციპალიტეტში. შესაბამისად, მისთვის უცხო არ იყო ამ მხარის მოქალაქეების მოთხოვნები და საჭიროებები. ნ.კ-ე მოქალაქეებს ემსახურება მაღალ პროფესიულ დონეზე, არის ობიექტური, გულისხმიერი, თავაზიანი და სარგებლობს მოსახლეობის დიდი სიყვარულით. აღსანიშნავია, რომ 2013 წლიდან 2015 წლამდე პერიოდში, იგი დამატებით ემსახურებოდა ამბროლაურის და ონის მუნიციპალიტეტების მოსახლეობასაც. ნ.კ-ე კოლეგების მიმართ გამოირჩევა თავაზიანობით. აქტიურად იღებს მონაწილეობას სასწავლო ხასიათის ტრენინგებში, შეხვედრებში და მუდმივად იმაღლებს კვალიფიკაციას. არის შრომისმოყვარე, პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე, კეთილსინდისიერი და მოწესრიგებული. არ არღვევს ნოტარიუსის სამუშაო გრაფიკს. ნოტარიუსთა პალატაში მის მიმართ არ დაფიქსირებულა მოქალაქის საჩივარი და/ან ცხელი ხაზის საშუალებით შემოსული საპრეტენზიო ხასიათის შეტყობინება. ასევე, ნოტარიუსთა პალატში, ნ.კ-ის მიმართ არ მიმდინარეობს დისციპლინური საქმის წარმოება. საქართველოს ნოტარიუსთა პალატიდან 2017 წელს მას გადაეცა მადლობის სიგელი ნოტარიატში მოღვაწეობისთვის. ნ.კ-ეს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის და პროფესიული თვისებების გათვალისწინებით, შესწევს უნარი, დაუბრკოლებლად მოემსახუროს მოქალაქეებს და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში უზრუნველყოს ნოტარიუსის ფუნქციების შესრულება (ტ.1, ს.ფ 15); გ) საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 30 ივლისის №316 ბრძანებით, „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის პირველი წინადადებისა და მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ნოტარიუსი - ნ.კ-ე (დაბ: ... ... ...წ; პ/ნ:...) 2020 წლის 15 აგვისტოდან გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან, შეუწყდა ნოტარიუსის უფლებამოსილება და ამოირიცხა საქართველოს ნოტარიუსთა რეესტრიდან (ტ.1, ს.ფ 24, 26); დ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს 2023 წლის 21 ივლისის №8322 წერილით დგინდება, რომ საქართველოს იუსტიციის მინისტრი დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, სანოტარო საქმიანობის უფლებამოსილების ვადის გაგრძელების საკითხთან მიმართებით იღებდა ორგვარ გადაწყვეტილებას, რომლითაც ან უგრძელებდა ვადას 65 წელს მიღწეულ ნოტარიუსებს (მაქსიმუმ 5 წლის ვადით) ან იღებდა გადაწყვეტილებას ნოტარიუსის გათავისუფლების შესახებ. საქართველოს იუსტიციის მინისტრი გადაწყვეტილების მიღებისას ხელმძღვანელობდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად, გადაწყვეტილების მიღებისას იკვლევდა, როგორც ობიექტურ, ისე სუბიექტურ კრიტერიუმებს. ობიექტური კრიტერიუმის გამოკვლევისას ყურადღება ექცეოდა ტერიტორიულ პრინციპს, ნოტარიუსის საჭიროებასა და როტაციის აუცილებლობას; სუბიექტური მხრივ ფასდებოდა კონკრეტული ნოტარიუსის სუბიექტური მხარე, ამასთან, ხომ არ იყო კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დეფიციტი, კერძოდ, განცხადებისა და ნოტარიუსთა პალატის თავმჯდომარის რეკომენდაციის არარსებობა. წერილში მითითებულია, რომ „იმ დასახლებათა (მათ შორის, მაღალმთიან დასახლებათა) ნუსხის განსაზღვრის შესახებ, სადაც 2020 წელს სანოტარო მომსახურება სათანადოდ ხელმისაწვდომი არ არის“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 16 იანვრის №495 ბრძანების შესაბამისად, ქ. ... შეტანილ იქნა იმ დასახლებათა ნუსხაში, სადაც 2020 წელს სანოტარო მომსახურება სათანადოდ ხელმისაწვდომი არ იყო. შესაბამისად, ობიექტური კრიტერიუმი უკვე არსებობდა. ამასთან, ქ. ...ში, ნ.კ-ის გათავისუფლებისთანავე დაიწყო ახალი კადრის დანიშვნის პროცედურები, დაინიშნა ნოტარიუსი - ი.დ-ი, რომელიც უზრუნველყოფდა საზოგადოებისათვის ნოტარიუსის მომსახურების შეუფერხებელ და ეფექტიან ხელმისაწვდომობას. ამავე წერილში მითითებულია, რომ 2020 წელს უფლებამოსილების ვადა გაუგრძელდა 5 ნოტარიუსს 1 წლით, ხოლო 4 ნოტარიუსს ეთქვა უარი (ტ.2, ს.ფ 15-16); ე) საქართველოს ნოტარიუსთა პალატის გამგეობის 2016 წლის 28 ივლისის №19 §5 გადაწყვეტილებით მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული საქართველოს ნოტარიუსების ჩართვა დოკუმენტბრუნვის ელექტრონულ სისტემაში (დესი). ნოტარიუსთა პალატის სასწავლო ცენტრს დაევალა დოკუმენტბრუნვის ელექტრონულ სისტემაში ნოტარიუსების ჩართვის მიზნით ტრენინგის ორგანიზება 2016 წლის აგვისტოში (ტ.1, ს.ფ 213-216); ვ) ნ.კ-ე თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 30 ივლისის №316 ბრძანებას, იუსტიციის სამინისტროს დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემის მეშვეობით, გაეცნო 2020 წლის 4 აგვისტოს 19 საათსა და 37 წუთზე. ბრძანების შინაარსის გრაფაში მითითებული იყო: „ბრძანება ნოტარიუს ნ.კ-ის გათავისუფლების შესახებ“ (ტ.1, ს.ფ 182); ზ) საქართველოს ნოტარიუსთა პალატის 2020 წლის 17 აგვისტოს №16/6689 მიმართვით ნ.კ-ეს ეთხოვა უფლებამოსილების შეწყვეტის გამო განადგურების მიზნით ნოტარიუსის ბეჭდის წარდგენა, ასევე, მის მიერ ნაწარმოები სანოტარო საქმეების, მათ შორის, პირდაპირი კომუნიკაციის საშუალებით დამოწმებული სანოტარო აქტების თაობაზე ვიდეოფაილების, მიღებული ფულის და სხვა ფასიანი ქაღალდების (ასეთის არსებობის შემთხვევაში), გადაცემა (ტ.1, ს.ფ 180); თ) ნოტარიუსის ბეჭდის განადგურების და შენახვის შესახებ 2020 წლის 24 აგვისტოს აქტის თანახმად, ნოტარიუსის ბეჭდის განადგურებისა და შენახვის აუცილებლობა გამოწვეულია ნოტარიუსის ზღვრული ასაკის მიღწევის საფუძვლით მისი გათავისუფლების გამო უფლებამოსილების შეწყვეტით. აქტის მიხედვით, ნ.კ-ის მინდობილმა პირმა ი.ფ-ემ, ნ.კ-ის მიერ 2020 წლის 23 აგვისტოს გაცემული მინდობილობის საფუძველზე, საქართველოს ნოტარიუსთა პალატას ჩააბარა ბეჭედი, რომელიც გაიჭრა ორ ნაწილად, ჩაიდო კონვერტში და დაილუქა. აქტს ხელს აწერს, მათ შორის, ნ.კ-ის მინდობილი პირი ი.ფ-ე. აქტზე დატანილია ნოტარიუს ნ.კ-ის ბეჭდის ნიმუში (ტ.1, ს.ფ 179); ი) არქივის წინასწარი მიღება-ჩაბარების 2020 წლის 24 აგვისტოს აქტის თანახმად, 2020 წლის 24 აგვისტოს საქართველოს ნოტარიუსთა პალატის არქივს ნოტარიუს ნ.კ-ის მინდობილმა პირმა ი.ფ-ემ წარუდგინა ნ.კ-ის მიერ ნაწარმოები არქივი, რომელიც მოცავდა 1991-2020წწ. პერიოდს, საქმეები წლების და სახეობების მიხედვით მოთავსებული იყო კოლოფებში. აქტს ხელს აწერს, მათ შორის, ნ.კ-ის წარმომადგენელი ი.ფ-ე (ტ.1, ს.ფ 181).

მოცემულ შემთხვევაში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს ნოტარიუს ნ.კ-ის გათავისუფლების შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 30 ივლისის №316 ბრძანების კანონიერება. განსახილველ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე, საფუძვლად დაედო ხანდაზმულობა, კერძოდ, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელემ გაუშვა სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრების ვადა.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ უფლება სამართლიან სასამართლოზე უპირველესად გულისხმობს პირის მიერ ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილებების სასამართლო წესით გასაჩივრებისა და უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობას. თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ „მიუხედავად სამართლიანი სასამართლოს უფლების უდავოდ დიდი მნიშვნელობისა, ის არ არის აბსოლუტური უფლება“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 5 ნოემბრის გადაწყვეტილება №3/1/531 საქმეზე „ისრაელის მოქალაქეები – თამაზ ჯანაშვილი, ნანა ჯანაშვილი და ირმა ჯანაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II, 3). სასამართლო წესით უფლების დაცვა და განხორციელება განუყოფლადაა დაკავშირებული ვადების ფაქტორთან, კერძოდ, კანონმდებლობა ვადებით ზღუდავს ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრების შესაძლებლობას და ყოველ კონკრეტულ სამართალურთიერთობასთან დაკავშირებით განსაზღვრავს უფლების დაცვის ხანდაზმულობის ვადებს. შესაბამისად, უფლება სამართლიან სასამართლოზე დროში შეზღუდული უფლებაა და მისი განხორციელება დამოკიდებულია კანონმდებლობით დადგენილ ხანდაზმულობის ვადებზე. თავის მხრივ, უფლების დაცვის ვადა, სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა გულისხმობს დროის გარკვეულ მონაკვეთს, რომლის განმავლობაშიც პირს, რომლის უფლებაც დაირღვა, შესაძლებლობა აქვს, მოითხოვოს საკუთარი უფლებების დაცვა სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით. ხანდაზმულობის ვადის გასვლა აზრს უკარგავს მოთხოვნის საფუძვლიანობას და პირს ართმევს სარჩელის დაკმაყოფილების შესაძლებლობას. ამ შემთხვევაში უზრუნველყოფილია მხოლოდ სასამართლოსადმი ფორმალური ხელმისაწვდომობა. ხანდაზმულობის ვადა არ გულისხმობს დროის გაურკვეველ პერიოდს. მას აქვს დასაწყისი და დასასრული. ხანდაზმულობის ვადის სწორად გამოთვლისას კი მნიშვნელოვანია მისი დენის დაწყების მომენტის განსაზღვრა.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სარჩელი სასამართლოს უნდა წარედგინოს შესაბამისად ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ან ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებული გადაწყვეტილების გაცნობიდან, ასევე ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებული გადაწყვეტილების გამოტანისათვის დადგენილი ვადის გასვლიდან 1 თვის ვადაში.

„ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, ნოტარიუსს, რომელსაც შეუჩერდა სანოტარო საქმიანობის უფლება ან რომელიც გათავისუფლდა თანამდებობიდან, შეუძლია გაასაჩივროს იუსტიციის მინისტრის ბრძანება მისი ოფიციალურად გაცნობიდან 1 თვის ვადაში. ბრძანება ჩაბარებულად ითვლება, თუ იგი გადაცემულია უშუალოდ ნოტარიუსისათვის ან დაზღვეული წერილით გაგზავნილია ნოტარიუსის რეგისტრაციის ადგილზე. ბრძანების გასაჩივრება არ იწვევს მისი მოქმედების შეჩერებას.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 54-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ძალაში შედის მხარისათვის კანონით დადგენილი წესით გაცნობისთანავე ან გამოქვეყნების დღეს. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მხარისთვის გაცნობის ზოგად წესს განსაზღვრავს სზაკ-ის 55–58 მუხლები, კერძოდ, მითითებული კოდექსის 58-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, დაინტერესებული მხარისათვის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ოფიციალური გაცნობა ნიშნავს მისთვის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გადაცემას ან ფოსტის მეშვეობით გაგზავნას.

მოცემულ შემთხვევაში, პირველ რიგში, მნიშვნელოვანია დადგინდეს ჩაბარებული ჰქონდა თუ არა ნ.კ-ეს მისი თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 30 ივლისის №316 ბრძანება. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების დადასტურების შემთხვევაში (გათავისუფლების შესახებ აქტის მოსარჩელეზე ჩაბარების), მიუხედავად ჩაბარების ფორმისა, სასამართლომ უნდა შეაფასოს განემარტა თუ არა მოსარჩელეს აქტის გასაჩივრების შესაძლებლობა კანონის დადგენილი წესით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ მართებულად გამახვილდა ყურადღება იმ გარემოებაზე, რომ სპეციალური კანონმდებლობა - „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონი არ შეიცავს ნოტარიუსის გათავისუფლების შესახებ ბრძანების ელექტრონულად გაგზავნის გამომრიცხავ დანაწესს. ამასთან, საქმეზე დადგენილია, რომ ნ.კ-ე თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 30 ივლისის №316 ბრძანებას იუსტიციის სამინისტროს დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემის მეშვეობით გაეცნო 2020 წლის 4 აგვისტოს 19 საათსა და 37 წუთზე. ბრძანების შინაარსის გრაფაში მითითებული იყო: „ბრძანება ნოტარიუს ნ.კ-ის გათავისუფლების შესახებ“.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე აქტის კანონიერების მტკიცების ტვირთი, მართალია, ადმინისტრაციულ ორგანოს ეკისრება, თუმცა აღნიშნული დანაწესი არ ათავისუფლებს მოსარჩელეს სარჩელის დასაბუთების, თავისი მოთხოვნის საფუძვლიანობის დამდგენი ფაქტობრივი გარემოებების მითითებისა და მათი დამადასტურებელი მტკიცებულებების წარდგენის ვალდებულებისაგან.

მოცემულ შემთხვევაში საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ ვერ მიუთითა იმგვარ გარემოებებზე და ვერ წარმოადგინა ისეთი მტკიცებულებები, რომელიც დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემის მეშვეობით მისთვის გასაჩივრებული ბრძანების 2020 წლის 4 აგვისტოს გადაცემას გააქარწყლებდა. საგულისხმოა, რომ სისტემაში დაშვება ხდებოდა ნოტარიუსის ინდივიდუალური მომხმარებლისა და პაროლის მეშვეობით, რის გამოც საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის შედავებას, რომ არის ალბათობა იმისა, რომ ნაცვლად ნ.კ-ისა ელექტრონულ სისტემაზე წვდომა განხორციელდა სხვა პირის მიერ. საქმის მასალებით ასევე არ დასტურდება პროგრამაში პაროლის შეცვლის შეუძლებლობა, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ ქმნის რაიმე სახის ტექნიკური ხარვეზის დადასტურების საკმარის საფუძველს. კასატორის შედავება იმის შესახებ, რომ მისი სამუშაო გრაფიკი 17:00 საათზე სრულდებოდა, არ გამორიცხავს კორესპონდენციის 19 საათსა და 37 წუთზე გაცნობის შესაძლებლობას, რადგან საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ სამუშაო გრაფიკის დასრულების შემდგომ ნოტარიუსი მოკლებული იყო დოკუმენტბრუნვის ელექტრონულ სისტემაში შესვლისა და შემოსული კორესპონდენციების გაცნობის შესაძლებლობას. ამდენად, სადავო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს მოსარჩელე გაეცნო 2020 წლის 4 აგვისტოს. ბრძანების მესამე პუნქტით ნ.კ-ეს განემარტა გასაჩივრების შესაძლებლობა, სასამართლო, სადაც შეიძლება გასაჩივრება, მისი ადგილმდებარეობა, გასაჩივრების ვადა და წესი. შესაბამისად, სადაო აქტის გასაჩივრების 1-თვიანი ვადის ათვლა უნდა მოხდეს სწორედ 2020 წლის 4 აგვისტოდან.

გარდა ზემოაღნიშნულისა, საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №71 ბრძანებაზე, რომლითაც დამტკიცებულია სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ ინსტრუქცია. მითითებული ინსტრუქციის მე-14 მუხლის მე-10 პუნქტის თანახმად, ნოტარიუსი, რომელსაც შეუჩერდა ან შეუწყდა უფლებამოსილება, ან სხვა პირი, რომლის ფაქტობრივ მფლობელობაშიც აღმოჩნდა ნოტარიუსის ბეჭედი, ვალდებულია ნოტარიუსის ბეჭედი დაუყოვნებლივ ჩააბაროს საქართველოს ნოტარიუსთა პალატას. ჩაბარებული ბეჭედი უნდა განადგურდეს ამ მუხლის მე-9 პუნქტით დადგენილი წესით. 41-ე მუხლის 1-ლი პუნქტის მიხედვით, ნოტარიუსი, რომელსაც შეუწყდა უფლებამოსილება, ვალდებულია რეესტრები, სანოტარო აქტები, ბეჭედი, მის მიერ მიღებული ფული და სხვა ფასიანი ქაღალდები გადასცეს საქართველოს ნოტარიუსთა პალატას.

საკასაციო პალატა კიდევ ერთხელ ამახვილებს ყურადღებას საქმეზე დადგენილი იმ ფაქტობრივი გარემოების შესახებ, რომ ნოტარიუსის ბეჭდის განადგურების და შენახვის შესახებ 2020 წლის 24 აგვისტოს აქტის თანახმად, ნოტარიუსის ბეჭდის განადგურებისა და შენახვის აუცილებლობა გამოწვეულია ნოტარიუსის ზღვრული ასაკის მიღწევის საფუძვლით მისი გათავისუფლების გამო უფლებამოსილების შეწყვეტით. აქტის მიხედვით, ნ.კ-ის მინდობილმა პირმა - ი.ფ-ემ, ნ.კ-ის მიერ 2020 წლის 23 აგვისტოს გაცემული მინდობილობის საფუძველზე, საქართველოს ნოტარიუსთა პალატას ჩააბარა ბეჭედი. აქტს ხელს აწერს, მათ შორის, ნ.კ-ის მინდობილი პირი ი.ფ-ე. აქტზე დატანილია ნოტარიუს ნ.კ-ის ბეჭდის ნიმუში. არქივის წინასწარი მიღება-ჩაბარების 2020 წლის 24 აგვისტოს აქტის თანახმად, 2020 წლის 24 აგვისტოს საქართველოს ნოტარიუსთა პალატის არქივს ნოტარიუს ნ.კ-ის მინდობილმა პირმა - ი.ფ-ემ წარუდგინა ნ.კ-ის მიერ ნაწარმოები არქივი. აქტს ხელს აწერს, მათ შორის, ნ.კ-ის წარმომადგენელი ი.ფ-ე. მითითებული გარემოებები ხაზს უსვამს, რომ ნ.კ-ემ იცოდა მისი სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ. ამასთან, მოსარჩელემ სათანადო მტკიცებულებებით ვერ დაადასტურა, რომ იგი სადავო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს არ გაცნობია 2020 წლის 4 აგვისტოს. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ნ.კ-ის მიერ სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლოში წარდგენილია 2021 წლის 30 ივნისს - აქტის გასაჩივრების 1-თვიანი ვადის დარღვევით, მართებულია სააპელაციო სასამართლოს დასკვნა სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლების არარსებობის თაობაზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

სახეზე არ არის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, ამდენად, საკასაციო პალატა საკასაციო საჩივარს მიიჩნევს დაუშვებლად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ნ.კ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 19 ივნისის გადაწყვეტილება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: გ. მაკარიძე

ქ. ცინცაძე

ბ. შონია