Facebook Twitter

¹ას-1053-1237-08 2 აპრილი, 2009წ.

ქ. თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე)

რ. ნადირიანი (მომხსენებელი), თ. თოდრია

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი _ ს.ს “უ.”

მოწინააღმდეგე მხარე _ შპს «ქ.,» შპს «მ.,» შპს «ზ.» უფლებამონაცვლე ნ. ჯ-შვილი, ნ. მ-ელის უფლებამონაცვლე რ. ლ-ძე და სხვები

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სამოქალაქო საქმეთა პალატის სასამართლოს 2008 წლის 9 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და 2008 წლის 8 ოქტომბრის განჩინება.

დავის საგანი _ დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2003 წლის 2 მაისს შპს “ზ.ს” შპს “მ.” შპს “ქ.” დირექტორებმა, ი/მ ნ. მ-ელმა და ი/მ Aა. ქ-ავამ სარჩელი აღძრეს თბილისის გლდანი _ ნაძალადევის რაიონულ სასამართლოში ს.ს “უ.” მიმართ საერთო სარგებლობის გზის აღდგენის შესახებ შემდეგი საფუძვლებით: მოსარჩელეებს საკუთრების უფლებით ეკუთვნით ქ. თბილისში ... ქ. ¹2_ში მდებარე შენობა და მიწის ნაკვეთი, თუმცა მათ არ გააჩნდათ ამ შენობასთან მისასვლელი გზა. აღნიშნულის გამო მოსარჩელეები სარგებლობდნენ მოპასუხის ტერიტორიაზე გამავალი საერთო სარგებლობის გზით, რომელიც ამჟამად ს.ს “უ.” მიისაკუთრა და მოსარჩელეებს აღუკვეთა შენობასთან მისვლის საშუალება.

ს.ს “უ.” კუთვნილი მიწის ნაკვეთის რეგისტრაციისას არ გაითვალისწინა წლების განმავლობაში დადგენილი შენობამდე მისასვლელი საერთო სარგებლობის გზა, რითაც შეზღუდა მოსარჩელეების უფლება. მოსარჩელეებმა მოითხოვეს ს.ს “უ.” კუთვნილი მიწის ნაკვეთის დატვირთვა იმგვარად, რომ მათ შეძლონ სადავო შენობამდე მისასვლელი გზით სარგებლობა.

გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 23 ივლისის გადაწყვეტილებით შპს “ზ.” შპს “მ.” შპს “ქ.” დირექტორების, ი/მ ნ. მ-ელის და ი/მ ა. ქ-ავას სარჩელი დაკმაყოფილდა. მოსარჩელეებს აღუდგათ ქ. თბილისში ... ქ.¹2_ში მდებარე კორპუსთან მიმავალი ს.ს “უ.” კუთვნილი საერთო გზით სარგებლობის უფლება.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ს.ს “უ.”, მოითხოვა 2003 წლის 23 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

აღნიშნული საქმე არაერთხელ იქნა განხილულ ზემდგომი სასამართლო ინსტანციების მიერ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2006 წლის 24 აპრილის განჩონებით ი/მ «ნ. მ-ელი» შეიცვალა რ. ლ-ძით. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 13 იანვრის საოქმო განჩინებით შპს “ზ.” შეიცვალა მისი უფლებამონაცვლით ნ. ჯ-შვილით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 9 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ს.ს “უ.” სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა აპელანტის გამოუცხადებლობის გამო. უცვლელი დარჩა თბილისის გლდანი _ ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 23 ივლისის გადაწყვეტილება.

დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი შეიტანა ს.ს “უ.” წარმომადგენელმა ნ. ჩ-ძემ, რომლითაც მოითხოვა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის განახლება იმ საფუძვლით, რომ 2008 წლის 9 ივლისს დაეწყო გულის შეტევა მაღალი წნევის ფონზე, რის გამოც ნ. ჩ-ძე გამოცხადდა სასამართლოში ორმოცი წუთის დაგვიანებით, წარმომადგენელმა ასევე აღნიშნა, რომ საზოგადოების ადვოკატებს უწყება არ ჩაჰბარებიათ, რის გამოც ისინი პროცესზე ვერ გამოცხადდნენ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 8 ოქტომბრის განჩინებით სს «უ.» საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 9 ივლისის დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე არ დაკმაყოფილდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლომ დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ს.ს “უ.” წარმომადგენლობას სასამართლოში ახორციელებდნენ ა. ჩ-შვილი, ლ. ე-შვილი და ს.ს “უნივერსალის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ნ. ჩ-ძე. 2008 წლის 09 ივლისის სასამართლო სხდომის თაობაზე სასამართლო უწყება ჩაჰბარდა ს.ს. “უ.” დირექტორ ნ. ჯ-შვილს. (ტII. ს.ფ.9).

სააპელაციო სასამართლომ სს «უ.» წარმომადგენელ ნ. ჩ-ძის მიერ წარმოდგენილი შპს “კ.” გაცემული ბარათი ¹2353 მისი ავადმყოფობის თაობაზე, არ მიიჩნია 2008 წლის 9 ივლისის სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მტკიცებულებად. სასამართლომ მიუთითა, რომ აღნიშნული ბარათით დასტურდებოდა მხოლოდ ის გარემოება, რომ ნ. ჩ-ძე ავად იმყოფებოდა 2008 წლის 10 ივლისს, ხოლო რაიმე დოკუმენტი, რომელიც პირდაპირ მიუთითებდა სასამართლო პროცესზე მისი გამოცხადების შეუძლებლობაზე, შპს «უ.» წარმომადგენელს არ წარმოუდგენია.

თბილისის სააპელაციო სასამართლომ განჩინების სამართლებრივ საფუძვლად გამოიყენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე, 74-ე, 241-ე, 233-ე, 215-ე მუხლის მესამე ნაწილი და 102-ე მუხლები.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 9 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტიელბა და 2008 წლის 8 ოქტომბრის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ საკასაციო წესით გაასაჩივრა ს.ს “უ.”, მოითხოვა განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა დაბრუნება განსახილველად.

კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არასწორად განმარტა კანონი, ვინაიდან კასატოის აზრით, საქმის მასალებში წარმოდგენილი ავადმყოფობის ფურცლით დასტურდებოდა ნ. ჩ-ძის ავადმყოფობა. ამასთან, აღნიშნა, რომ საქმეში მონაწილე მათ სხვა წარმომადგენლებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ არ ეცნობათ პროცესის ჩატარების დრო და თარიღი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ ს.ს “უ.” საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია თუ: გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო ამ კოდექსის 70-ე 78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსისი 70-ე მუხლის თანახმად მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდა ერთ_ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს.

საქმეში არსებული მასალების მიხედვით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი აღნიშნულ შემთხვევაში არ არსებობს, ვინაიდან საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ ს.ს “უ.” უწყებით ეცნობა სასამართლო სხდომის დაწყების დრო და თარიღი (ტ II,ს.ფ.5), ხოლო კასატორის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ საქმეში მონაწილეობდა საზოგადოების ორი სხვა წარმომადგენელი, რომლებსაც თბილისის სააპელაციო სასამართლომ არ აცნობა პროცესის ჩატარების დრო და თარიღი, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს, ვინაიდან საქმის მასალებით დადგენილია, რომ უწყება ჩაიბარა ს.ს “უ.” დირექტორმა ნ. ჯ-შვილმა (ტ.II ს.ფ 9), რაც იმას ნიშნავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის თანახმად, უწყება ჩაბარებულად ითვლება წარმომადგენლებისათვისაც.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლის თანახმად, გარდა 233-ე მუხლის პირველ ნაწილში ჩამონათვალი გარემოებებისა, რომელიც დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად მიიჩნევა, შეიძლება მოსარჩელის მიერ მითითებულ იქნეს სხვა გარემოებებიც, რომელიც მისი გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად შეიძლება იქნეს მიჩნეული.

კასატორის განმარტებას იმის თაობაზე, რომ წარმომადგენლის სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობა საპატიო მიზეზით იყო გამოწვეული, კერძოდ ავადმყოფობით, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს, ვინაიდან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობის და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.

საქმეში არსებული მასალებით დადგენილია, რომ ს.ს “უ.” წარმომადგენლის ნ. ჩ-ძემ წარმოადგინა შპს “კ.” მიერ ხელმოწერილი ბარათი ¹2353, რომლითაც დასტურდება მხოლოდ ის, რომ ნ. ჩ-ძე 2008 წლის 10 ივლისს იყო ავად, ხოლო რაიმე დამადასტურებელი მტკიცებულება იმის თაობაზე, რომ 2008 წლის 09 ივლის ავადმყოფობის გამო არ შეეძლო სასამართლო სხდომაზე გამოცხადება, ან აღნიშნულის თაობაზე სასამართლოსათვის წინასწარ ეცნობებინა, კასატორს არ წარმოუდგენია.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ნ. ჩ-ძეს სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზი არ დასტურდება საქმეში არსებული მტკიცებულებებით. განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების თაობაზე მიღებულია კანონის მოთხოვნათა დაცვით და მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ს.ს. “უ.” წარმომადგენელ ნ. ჩ-ძის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

უცვლელად დარჩეს ამ საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 8 ოქტომბრის განჩინება.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.