Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე ბს-№704(კ-24) 30 მაისი, 2025 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო (სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისი

პროცესუალური მოწინააღმდეგე (მოსარჩელე) - ო.ს-ი

მესამე პირები - გ.ყ-ი, გ.კ-ე, სს „ ...“

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

ო.ს-მა 2022 წლის 22 ივლისს სარჩელით მიმართა ახალციხის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის მიმართ და მოითხოვა სააგენტოს 15.05.2019 წლის №... გადაწყვეტილება, 02.07.2019 წლის №... გადაწყვეტილებისა და 28.04.2021წლის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.

სარჩელის მიხედვით, ო.ს-ს ქ. ახალციხეში ...ის ქ. №7-ში მდებარე უძრავი ნივთის ნაწილი შეძენილი აქვს 1996 წლის 25 ივნისს ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე და დარეგისტრირებულია იმდროისათვის მოქმედ ერთადერთ ორგანოში ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროში. ო.ს-მა 2022 წლის 27 აპრილს მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და და ითხოვა უძრავი ნივთს რეგისტრაცია. მარეგისტრირებელმა ორგანომ 2022 წლის 3 მაისს შეაჩერა სარეგისტრაციო წარმოება და განმარტა, რომ უძრავი ქონება რეგისტრირებული იყო ე.ს-ზე, რომელიც შემდგომ გასხვისდა და ახლანდელი მესაკუთრეა გ.ყ-ი. 2022 წლის 3 ივნისის გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წარმოება შეწყდა. 2022 წლის 4 ივლისს მოსარჩელემ ახალი განცხადებით მიმართა სარეგისტრაციო სამსახურს და მოითხოვა უძრავ ნივთზე თანამესაკუთრედ რეგისტრაცია, თუმცა 8 ივლისის გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა. ამასთან, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 15 მაისის გადაწყვეტილებით უძრავი ქონება საკუთრების უფლებით დარეგისტრირდა ე.ს-ის საკუთრებად, ისე რომ არ იქნა გამოკვლეული ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში დაცული მასალები, სადაც რეგისტრირებული იყო მოსარჩელის წილი და უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი. 02.07.2019 წლის გადაწყვეტილებით უძრავი ქონება დაიყო ორ ნაწილად. ხოლო შემდგომ ქონება გასხვისდა გ.ყ-ზე.

მოსარჩელის განმარტებით, სარეგისტრაციო სამსახურს რომ გამოეკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები და გადაეხედა მათთან დაცულ ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს არქივისათვის, აღმოაჩენდა, რომ აღნიშნული უძრავი ნივთის ნაწილი უკვე აღრიცხული იყო მოსარჩელის სახელზე უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე და მთლიან ქონებას ისევ გამყიდველს აღარ დაურეგისტრირებდა.

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 2 ნოემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის შესაბამისად, საქმეში მესამე პირად ჩაება გ.ყ-ი, 2023 წლის 30 იანვრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე საქმეში მესამე პირად ჩაება გ.კ-ე.

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილებით ო.ს-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადაო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 15 მაისის №... გადაწყვეტილება, 2019 წლის 2 ივლისის №... გადაწყვეტილება და 2021 წლის 28 აპრილის №... გადაწყვეტილება; საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაევალა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება.

რაიონული სასამართლოს შეფასებით საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მიერ არ ყოფილა სრულყოფილად შესრულებული მისთვის, როგორც საჯარო-სამართლებრივი უფლებამოსილების განმახორციელებელი მარეგისტრირებელი ორგანოსათვის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დაკისრებული სარეგისტრაციო წარმოების პროცესში საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის, შეფასების და ურთიერთშეჯერების ვალდებულება, კერძოდ, იმ პირობებში, როდესაც არსებობს სადავო უძრავ ნივთზე ნასყიდობის ხელშეკრულება, ასევე ტექნიკურ პასპორტში სადავო უძრავი ნივთის მესაკუთრედ ე.პ-ნთან ერთად ½ ნაწილზე მითითებულია ო.ს-ის, სარეგისტრაციო სამსახური ვალდებული იყო გამოეკვლია მითითებული გარემოებები და ისე მიეღო გადაწყვეტილება.

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონულმა ოფისმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 26 თებერვლის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მესამე პირებად ჩაბმულ იქნა სს „...“ (ს/ნ ...).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილებით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილება სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 02 ივლისის №... და 2021 წლის 28 აპრილის №... გადაწყვეტილებების სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნობის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ო.ს-ის სარჩელი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 02 ივლისის №... და 2021 წლის 28 აპრილის №... გადაწყვეტილებების ბათილად ცნობის მოთხოვნით, არ დაკმაყოფილდა; დანარჩენ ნაწილში ახალციხის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ ო.ს-ს 1996 წლის 25 ივლისის ნასყიდობის ხელშეკრულებით ე.ს-ისგან შეიძინა ქ. ახალციხეში, ...ის ქ. №7-ში მდებარე უძრავი ქონების ½ ნაწილი და მისი უფლება აღირიცხა ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროში, თუმცა რეფორმის შემდგომ რეგისტრაცია არ განხორციელებულა საჯარო რეესტრის მეშვეობით და მხარეთა შორის დავა წარმოიშვა სწორედ მაშინ, როდესაც 2022 წლის 27 აპრილს ო.ს-მა სამცხე-ჯავახეთის რეგიონულ ოფისში წარადგინა №... სარეგისტრაციო განცხადება და მოითხოვა ზემოხსენებულ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია. წარმოებისას აღმოჩნდა, რომ ქონება, რომელზეც საკუთრების უფლების პრეტენზიას აცხადებს ო.ს-ი, ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე 2019 წელს დარეგისტრირდა გ.კ-ის საკუთრების უფლებად, ხოლო 2021 წელს აღირიცხა გ.ყ-ის სახელზე.

2022 წლის 3 ივლისს სამცხე-ჯავახეთის რეგიონულმა ოფისმა მიიღო სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება და განუმარტა მხარეს დაეზუსტებინა ითხოვდა თუ არა ... საკადასტრო კოდზე თანამესაკუთრედ რეგისტრაციას. ვინაიდან ო.ს-ს მოთხოვნა არ დაუზუსტებია, განაცხადზე სარეგისტრაციო წარმოება შეწყდა.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 15 მაისის №... გადაწყვეტილებით ე.ს-ის სახელზე დარეგისტრირდა საკუთრების უფლება უძრავ ქონებაზე მდებარე ახალციხე, ... „ ...“. განცხადებას თან ერთოდა მიღება-ჩაბარების აქტი №119, (გაფორმების თარიღი: 10.05.1997), რომლის შესაბამისადაც მის საკუთრებაში იქნა გადაცემული „...“ საერთო ფართით 0.26 ჰა.

სააპელაციო პალატის შეფასებით საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე ირკვევა, რომ ო.ს-ს გააჩნდა შეძენილი საკუთრების უფლება იმ უძრავი ქონების ნაწილზე, რომელიც 2019 წლის 15 მაისს სრულად აღირიცხა ე.ს-ის სახელზე. ო.ს-ს საკუთრების უფლება აღრიცხული ჰქონდა ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროში და ამ მონაცემების მოკვლევისა და მოძიების ვალდებულება ჰქონდა მარეგისტრირებელ ორგანოს, რაც არასრულყოფილად განახორციელა. ამდენად, პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ამ ნაწილში მართებულია და არსებობდა სადავო საკითხის გადაუწყვეტლად სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 15 მაისის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძვლები, რადგან ადმინისტრაციულმა ორგანომ ყოველმხრივ უნდა გამოიკვლიოს, სწორად შეაფასოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და ისე გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი რათა არ შეიზღუდოს დაინტერესებულ პირთა საკუთრების უფლება.

რაც შეეხება სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 2 ივლისის №... გადაწყვეტილების სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნობის საფუძვლების არსებობის შემოწმებას, სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა რაიონული სასამართლოს შეფასება მითითებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე და აღნიშნა, რომ დასახელებული აქტით ე.ს-ის სახელზე რიცხული ქონება გაიყო ორ საკადასტრო კოდად, შესაბამისად, არ დგინდება თუ რა პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს მოსარჩელე მხარეს უძრავი ქონების დაყოფის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება, მით უფრო იმ პირობებში როდესაც გაყოფილი ქონების ერთ ნაწილზე ის საერთოდ არ აცხადებს უფლებრივ პრეტენზიას და მისი ინტერესი შეეხება უძრავი ქონების გაყოფის შედეგად მიღებულ მეორე მიწის ნაკვეთის ნაწილს საკადასტრო კოდით ... (ფართობით: 2018კვ.მ.) და სადავო საკითხი არ წარმოშობილა უძრავი ქონების დაყოფის შედეგად მიღებული გადაწყვეტილებით.

გარდა ამისა, 2021 წლის 28 აპრილის N... გადაწყვეტილებასთან მიმართებით (რომლითაც დარეგისტრირდა გ.ყ-ის საკუთრების უფლება ს/კ ...,) სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობდა რეგისტრაციის გაუქმების „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლით რეგლამენტირებული საფუძვლები, რადგან გ.ყ-ის საკუთრების უფლება წარმოიშვა ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, რომელიც ძალაშია და ასეთ პირობებში სააპელაციო პალატა მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს სადავო რეგისტრაციის გაუქმების საკითხზე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მოთხოვნით.

საკასაციო საჩივრის მიხედვით, მარეგისტრირებელი ორგანო არ იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას ო.ს-ის ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროში აღრიცხული საკუთრების უფლების შესახებ მონაცემების მოკვლევისა და მოძიების ვალდებულების არასრულყოფილად განხორციელების თაობაზე და აღნიშნავს, რომ საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე მითითებით აღნიშნავს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლომ შეფასების მიღმა დატოვა ის გარემოება, რომ სადავო გადაწყვეტილების მიღების დროს ტექნიკური აღრიცხვის არქივიდან გამოთხოვილი მონაცემებით (№1810630 (17.04.2019)) ინფორმაცია ახალციხე, ... ლ. და ე. ს-ის მითითებით არ მოიძებნა. ასევე, საჯარო რეესტრს სადავო რეგისტრაციის მიღების დროს არ მიეწოდა ინფორმაცია, არც დაინტერესებული მხარის და არც სხვა მესამე პირის მიერ, რომ ტექნიკური აღრიცხვის არქივში იყო ინფორმაცია/ დოკუმენტაცია ო.ს-ის სახელზე. გარდა ამისა, პალატის მსჯელობის საგანი არ ყოფილა არც ის გარემოება, რომ სადავო უძრავი ნივთი სხვა დოკუმენტაციასთან ერთად დარეგისტრირდა 10/05/1997 წელს გაცემული მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, თუმცა საქმეში წარმოდგენილი ნასყიდობის ხელშეკრულებით დგინდება, რომ მოსარჩელემ 1996 წლის 25 ივლისს შეისყიდა სადავო უძრავი ნივთის ნაწილი. საინტერესოა იმ პირობებში როცა 1996 წელს უძრავი ნივთი გასხვისებული ჰქონდა ე.ს-ის, როგორღა მოხდა მიღება-ჩაბარების აქტის გაცემა მთლიან უძრავ ნივთზე. მაშინ როცა, მიღება-ჩაბარების აქტის გაცემის მომენტისთვის აქტი უნდა გაცემულიყო სადავო უძრავი ნივთის მხოლოდ ½ ნაწილზე. უფრო მეტიც, მიღება-ჩაბარების აქტში არც რაიმე სახის მინიშნება, ცვლილება, ან ჩანაწერია განხორციელებული რომლითაც დადგინდებოდა სადავო უძრავი ნივთის ½ ნაწილის გასხვისების ფაქტი.

კასატორი ასევე მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის მსჯელობის საგანი უნდა გამხდარიყო მოსარჩელის მიერ ქ. ახალციხე, ... ის ქ. №7-ში მდებარე უძრავი ნივთის ½ ნაწილის და არა მთლიანი უძრავი ნივთის შეძენა, რაც სასამართლოსთვის უნდა გამხდარიყო სხვაგვარი გადაწყვეტილების მიღების საფუძველი. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, როგორც ფუნქციურ-სამართლებრივი ნიშნით შექმნილი ადმინისტრაციული ორგანოს, რომლის ძირითადი საჯარო-სამართლებრივი უფლებამოსილებაა უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაცია, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 31 დეკემბრის №487 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის შესაბამისად მართალია, არ გააჩნია წარდგენილი დოკუმენტაციის ნამდვილობის შემოწმების უფლებამოსილება, თუმცა მისი შეფასების საგანს უდავოდ წარმოადგენს საკითხი - არის თუ არა დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი, ასევე მარეგისტრირებელ ორგანოში დაცული სარეგისტრაციო დოკუმენტი ამ კანონით განსაზღვრული შესაბამისი რეგისტრაციის მოთხოვნის უფლების უშუალოდ წარმოშობის საფუძველი. მოცემულ საქმეზე რეგისტრაციის შესახებ №... (15.05.2019) გადაწყვეტილება მიღებულია, უფლების დამდასტურებელი დოკუმენტის მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე.

კასატორის მოსაზრებით, ასევე გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ სასამართლოს არ შეუფასებია მის მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების შესაძლებლობა. მიღებული გადაწყვეტილებით სასამართლომ მოსარჩელე მხარეს ისე შეუქმნა გადაწყვეტილების აღსრულების ლეგიტიმური მოლოდინი, რომ არ უმსჯელია და არ შეუფასებია საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებები. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ასეთი ფორმალური დამოკიდებულება სადავო საკითხის მიმართ კი ეფექტურ მართლმსაჯულებაზე უარის თქმის ტოლფასია. გადაწყვეტილების აღსრულება მართლმსაჯულების შემადგენელი ნაწილია, გადაწყვეტილების შესრულება უზრუნველყოფილია სახელმწიფოს მიერ. ამასთან, დაუშვებელია, რომ სასამართლოს დაუსაბუთებელი მსჯელობა სადავო რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობასთან დაკავშირებით, მოსარჩელე მხარეს უქმნიდეს იმის მოლოდინს, რომ მისი მოთხოვნა რეგისტრაციის განხორციელების თაობაზე დაკმაყოფილდება.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ცალსახაა, რომ სასამართლომ არასწორი ფაქტობრივი და სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს, რამაც საბოლოოდ, დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების გამოტანა გამოიწვია. აქედან გამომდინარე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სრულად დაკმაყოფილდება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 25 ივლისის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; VaN de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით სააპელაციო პალატის მიერ გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლების გათვალისწინებით, საკასაციო პალატის მსჯელობის საგანია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 15 მაისის №... გადაწყვეტილების კანონიერება, რომლითაც 1997 წლის 10 მაისის №119 მიღება-ჩაბარების აქტის, ახალციხის რაიონული სასამართლოს №2-99 გადაწყვეტილებისა (15.06.2007წ.) და №21/44554 საარქივო ცნობის საფუძველზე ე.ს-ის სახელზე დარეგისტრირდა ახალციხეში მდებარე, „ ...“ საერთო ფართით 0.26 ჰა რა დროსაც მარეგისტრირებელ ორგანოს არ შეუფასებია ამავე ქონებაზე ო.ს-ის საკუთრების უფლების არსებობა.

საკასაციო პალატა მიუთითებს „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლზე, რომლის თანახმად, რეგისტრაცია წარმოებს როგორც უშუალოდ სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტების, აგრეთვე ამ დოკუმენტაციის სათანადო წესით შექმნილი ელექტრონული ასლების საფუძველზე. ამავე კანონის მე-11 მუხლის თანახმად, უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრირდება უძრავ ნივთზე უფლებები, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულებები, უფლების სუბიექტისა და ობიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემები, მათ შორის, უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემები. ამავე კანონის მე-2 მუხლის „კ“ ქვეპუნქტით, სარეგისტრაციო დოკუმენტი განმარტებულია, როგორც სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას. ასევე „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება; განცხადებას უნდა ერთოდეს ინსტრუქციით განსაზღვრული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და ინფორმაცია. საქმის მასალებით დგინდება, რომ 2022 წლის 4 ივლისს ო.ს-მა სამცხე-ჯავახეთის რეგიონულ ოფისში წარადგინა №... სარეგისტრაციო განცხადება და მოითხოვა ქ. ახალციხე, ... ის ქ. №7 მდებარე უძრავი ნივთზე რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილებების რეგისტრაცია. საქმის მასალებით ასევე დადასტურებულია, რომ 1996 წლის 25 ივლისის ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად, ე.ს-მა გაყიდა, ხოლო ო.ს-მა იყიდა უძრავი ნივთის, მდებარე ქ. ახალციხე, ... ის ქ. №7, ½ ნაწილი. ო.ს-ის უფლება აღირიცხა ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროში, თუმცა რეფორმის შემდგომ რეგისტრაცია არ განხორციელებულა საჯარო რეესტრის მეშვეობით.

საგულისხმოა, რომ ნასყიდობის ხელშეკრულების დადებისას მოქმედი „მიწის რეგისტრაციის შესახებ“ (ძალადაკარგულია ძალის დაკარგვის თარიღი 20/03/2006) საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მიწის რეგისტრაციას ახდენდა მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტი, ხოლო ამავე კანონის 22-ე მუხლის მიხედვით, წესრიგდებოდა ყიდვა-გაყიდვისა და იჯარის ხელშეკრულების რეგისტრაციის საკითხი, კერძოდ, მიწის და სხვა უძრავი ქონების გასხვისების ხელშეკრულება რეგისტრირდებოდა სააღრიცხვო ბარათის შესაბამის განყოფილებაში, ხოლო თავის მხრივ ამავე კანონის პირველი მუხლის მიხედვით სააღრიცხვო ბარათი იყო სარეგისტრაციო ფურცელი, რომელიც დგებოდა თითოეულ მიწის ნაკვეთზე და მოიცავდა ინფორმაციას ამ ნაკვეთის და მასზე არსებული სხვა უძრავი ქონების სამართლებრივი მდგომარეობისა და საზღვრების შესახებ, აგრეთვე რეგისტრირებული უფლების ობიექტის გეგმას (გრაფიკული ასახვა ცალკე მოცემულია კადასტრულ რუკაზეც). ამრიგად, მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტში აღრიცხული საკუთრების უფლება წარმოადგენდა საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებას და აღნიშნულ უფლებაში ჩარევისათვის სავალდებულოა არსებობდეს შესაბამისი სამართლებრივი საფუძველი, რაც მოცემულ შემთხვევაში სარეგისტრაციო სამსახურის მიერ ვერ იქნა დასაბუთებული, კერძოდ, მარეგისტრირებელ ორგანოს 2019 წლის 15 მაისის №... გადაწყვეტილების მიღებით, რომლითაც მიღება-ჩაბარების №119 აქტის, ახალციხის რაიონული სასამართლოს N2-99 გადაწყვეტილებისა (15.06.2007) და №21/44554 საარქივო ცნობის საფუძველზე ე.ს-ის სახელზე დარეგისტრირდა საკუთრების უფლება ახალციხეში, ...ში მდებარე უძრავ ქონებაზე, შეილახა ო.ს-ის მიერ ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე შეძენილი საკუთრების უფლება, ვინაიდან არ იქნა გათვალისწინებული მისი პირველადი რეგისტრაციისას მარეგისტრირებელ ორგანოში არსებული მონაცემები შესაბამისად საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ 2019 წლის 15 მაისის №... გადაწყვეტილება მიღებულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის გარეშე, რაც რაც სასამართლოს მიერ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების - სადავო საკითხის გადაუწყვეტლად აქტის ბათილად ცნობისა და ადმინისტრაციული ორგანოსათვის საქმის გარემოებების შესწავლის შემდეგ, ახალი აქტის გამოცემის დავალების წინაპირობაა.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სადავო საკითხთან მიმართებით ამომწურავად იმსჯელა სააპელაციო სასამართლომ და კასატორი დამატებით ვერ მიუთითებს სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების არსებით ფაქტობრივ თუ სამართლებრივ უსწორობაზე, შესაბამისად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან, საკასაციო საჩივარზე 11.06.2024წ. №... საგადახდო მოთხოვნით გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, აღნიშნული თანხის 70 პროცენტი - უნდა დაუბრუნდეს კასატორს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება;

3. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს (ს/ნ ...)დაუბრუნდეს 11.06.2024წ. №... საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

მ. ვაჩაძე

ბ. სტურუა