Facebook Twitter

ას-105-450-07 25 ივლისი, 2007 წ.

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

რ. ნადირიანი, თ. თოდრია

საქმის განხილვის ფორმა _ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი _ სს ” .. ..”

წარმომადგენელი – ლ. ს-ი

მოწინააღმდეგე მხარეები – მ. გ-ი

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 2 ნოემბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა--- გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ჭიათურის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილების ძალაში დატოვება

დავის საგანი – სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობით მიყენებული მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

მ. გ-მა 2006 წლის 11 მაისს სარჩელით მიმართა ჭიათურის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხედ ს\ს „ .. ..“ დაასახელა და მოითხოვა სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობით მიყენებული მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება 75000 აშშ დოლარის ოდენობით.

მოსარჩელის განმარტებით, საწარმოო გაერთიანება „ .. ..“ ... მაღაროთა ... მიერ, მადნის მოპოვებითი სამუშაოების ჩატარების შედეგად 1986 წელს დაინგრა საცხოვრებელი სახლი და სოფლის მეურნეობის წარმართვისათვის საჭირო შენობა-ნაგებობები.

1986 წლის 29 დეკემბერს „ .. ..“ მიერ (დანგრეული სახლის აშენების სანაცვლოდ) შედგენილი ე.წ. ზარალის აქტის თანახმად დადგინდა, რომ მათი ოჯახისათვის უნდა მიეცათ 10 749 მანეთი. მისთვის გაუგებარი მიზეზების გამო ამ 10 749 მანეთს მოპასუხემ გამოაკლო 1979 წელს მიღებული 1623 მანეთი (რომელიც არანაირ კავშირში 1989 წელს შედგენილ ზარალის აქტთან არ იმყოფება, რადგან ეს იყო 1960-იან წლებში განხორციელებული მადნის მოპოვებითი სამუშაოების ჩატარების შედეგად მისი საცხოვრებელი სახლის დაზიანების თანხა, რომელიც 1970 წელს მიეცა).

წლების განმავლობაში მიმდინარეობდა „ვაჭრობა“ მასსა და მოპასუხე ორგანიზაციას შორის მისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების თაობაზე და ბოლოს, 1998 წელს სასამართლომ განიხილა მის მიერ .. .. საწინააღმდეგოდ შეტანილი სარჩელი მოპასუხეს მის სასარგებლოდ 6211 ლარის გადახდა დააკისრა. აღნიშნული თანხა მას საერთოდ არ მიუღია. თუმცა გამუდმებით პირდებოდნენ რომ გადაუხდიდნენ.

არც თუ ისე დიდი ხნის წინ სს „ .. ..“ ერთ-ერთმა კრედიტორმა მიიღო წერილი საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერისაგან, რომლითაც ირკვევა, რომ 1996 წლიდან 2005 წლის 13 იანვრამდე სს „ .. ..“ მიერ კრედიტორული დავალ.ნებების დაფარვის მიზნით გადახდილი ყოფილა 3 მლ. ნახევარი ლარი ანუ, გაირკვა, რომ სს „ .. ..“ ამ პერიოდში ჰქონია ფინანსური შესაძლებლობა შეესრულებინა სასამართლო გადაწყვეტილებით მასზე დაკისრებული ვალდებულება სათანადოდ, რაც მან არ განახორციელა.

ეს გარემოება პირდაპირ მიზეზობრივ კავშირშია მისთვის მიყენებულ ზიანთან, რადგან თუ მოპასუხე დროულად შეასრულებდა მასზე დაკისრებულ ვალდებულებას და მისცემდა თანხას, ამასთან გამოუყოფდა სამოსახლო მიწის ნაკვეთს. მას არ მიადგებოდა ლარის კურსის გაუფასურებით გამოწვეული ზარალი, რაც საშენ მასალებზე ფასების გაძვირებით და მსხმოიარე, მრავალწლიანი ნარგავებიდან მისაღები შემოსავლის მიუღებლობაში გამოიხატა გადაწყვეტილების მიღების დროიდან 1998 წლიდან ჩვენს ქვეყანაში შეიცვალა სოციალური ფონი, საგრძნობლად გაძვირდა ყველაფერი, არამარტო საშენი მასალა, არამედ საკვებიც, ეს რომ ნამდვილად ასეა საქვეყნოდ ცნობილი ფაქტია, ის რომ მიმდინარეობს ინფლაცია სადაო არ არის და დადგენილია სამთავრობო დონეზეც. გარდა ამისა, უკვე კარგა ხანია უხდება იმ პროდუქტებს ბაზარზე ყიდვა, რაც გლეხური მეურნეობიდან უნდა მიეღო, .. .. რომ პირნათლად შეესრულებინა მასზე დაკისრებული მოვალეობა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილება, ანუ იმ ზიანის ანაზღაურება, რაც მას სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობით მიადგა.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ 1998 წლის გადაწყვეტილება, რომლითაც სს „ .. ..“ მ. გ-ს სასარგებლოდ 6211 ლარის გადახდა დაეკისრა შესულ. კანონიერ ძალაში, თუ ამ გადაწყვეტილებას არ ეთანხმებოდა მოსარჩელე მას შეეძლო სარჩელი წარედგინა სასამართლოში 3 წლის განმავლობაში. ამდენად, მის მიერ გაშვებულია სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა, მოთხოვნას არავითარი სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია.

ამ და სხვა გარემოებათა გამო მოითხოვა სარჩელზე უარის თქმა.

ჭიათურის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილებით მ. გ-ს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვა უსაფუძვლობისა და ხანდაზმულობის გამო.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. გ-მა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 2 ნოემბრის გადაწყვეტილებით მ. გ-ს სააპელაციო საჩივარი გაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა ჭიათურის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილება და მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება. მ. გ-ს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. დაეკისრა სს “ .. ..” მ. გ-ს სასარგებლოდ 12 112 ლარი და 32 თეთრი. დანარჩენ ნაწილში სასარჩელო მოთხოვნას უარი ეთქვა დაკმაყოფილებაზე.

პალატამ მიიჩნია, რომ 7 წელი, ვიდრე გაკოტრების საქმის გახსნამდე გადაწყვეტილების მიღებიდან არის საკმარისი დრო, რომლის განმავლობაშიც მოპასუხე ვალდებული იყო შეესრულებინა კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით მასზე დაკისრებული ვალდებულება, ანუ გადაეხადა გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხა მოვა.თვის.

ასევე პალატა მიიჩნია, რომ სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლით მხარისათვის დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობა, ანუ თანხის გადაუხდელობა მოვა.თვის სწორედ იმ ტიპის ვალდებულებათა რიგს განეკუთვნება, რომლის დროულად შეუსრულებლობით გამოწვეული მძიმე შედეგი უცილობლად სავარაუდო უნდა ყოფილიყო მოვალე ორგანიზაციისათვის, სწორედ 1998 წლის გადაწყვეტილებამ დაადგინა, რომ მ. გ-ი დარჩა უსახლკაროდ, დამხმარე ნაგებობებისა და მრავალწლიანი ნარგავების გარეშე და რომ ზიანი, რომელიც მას მიადგებოდა ვალდებულების დროულად შეუსრულებლობით მისთვის განსაკუთრებით მძიმე შედეგების მომტანი იქნებოდა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 2 ნოემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სს “ .. ..” წარმომადგენელმა ლ. ს-მა და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ჭიათურის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილების ძალაში დატოვება.

კასატორის აზრით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-394-ე მუხლების თანახმად მნიშვნელოვანი დარღვევებითაა მიღებული, კერძოდ: პალატამ არ მისცა სათანადო შეფასება იმ გარემოებებს, რომ 1998 წელს სს ” .. ..” სასამართლო გადაწყვეტილებით დაკისრებული ჰქონდა დაახლოებით სამი მილიონი ლარი. მძიმე ფინანსური მდგომარეობის გამო საწარმო ვერ ახდენდა ზარალის თანხის გაცემას. ამიტომ აღმასრულებელი აყადაღებდა საწარმოს ქონებას და ყიდდა აუქციონის წესით, აქედან შემოსული თანხა კი ნაწილდებოდა თითოეულ კრედიტორზე, მისაღები თანხის პროპორციულად.

ასევე კასატორის აზრით ქუთაისის სააპელაციო პალატამ საერთოდ არ გაამახვილა ყურადღება იმ ფაქტზე, რომ დავის იმავე საფუძვლებით მ. გ-მა მიმართა სასამართლოს და მოითხოვა სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობით მიღებული ზიანის ანაზღაურება, ნაცვლად 6211 ლარისა 14264 აშშ დოლარის დაკისრება, რაც არ იქნა დაკმაყოფილებული და ძალაში დარჩა გადაწყვეტილება მასზე უარის თქმის შესახებ, რაც უსაფუძვლობისა და ხანდაზმულობის მოტივებზე მიუთითებს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, გაეცნო საკასაციო საჩივარს და მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ჭიათურის რაიონული სასამართლოს 1998 წლის გადაწყვეტილებით სს „ .. ..“ მ. გ-ს სასარგებლოდ დაეკისრა 6211 ლარის გადახდა. აღნიშნული თანხიდან მას მიღებული ჰქონდა 1623 ლარი და ასაღები დარჩა 5488 ლარი.

სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოპასუხე ვალდებული იყო შეესრულებინა კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დაკისრებული ვალდებულება, ხოლო შეუსრულებლობის გამო ვალდებულია აანაზღაუროს მიყენებული ზიანი.

მოცემულ შემთხვევაში გაუგებარია სასამართლოს მიერ 1999 წლის 1 იანვრიდან 2006 წლის 1 მაისამდე ზიანის ანაზღაურების პერიოდის განსაზღვრა. გადაწყვეტილება, რომლითაც სს „ .. ..“ დაეკისრა თანხის გადახდა, მიღებულ. 1998 წელს. ასეთ შემთხვევაში ზიანის ანაზღაურების ათვლა 1999 წლის 1 იანვრიდან სასამართლოს მიერ არგუმენტირებული არ არის. მითუმეტეს, რომ სასამართლოს არ უმსჯელია იყო თუ არა აღსრულებაში მიქცეული მითითებული გადაწყვეტილება.

როგორც სასამართლო უთითებს სს „ .. ..“ 1995 წელს გაიხსნა საგაკოტრებო წარმოება, მითუმეტეს გაუგებარია ამ პერიოდიდან ზიანის ანაზღაურების თანხის დაკისრება.

საყურადღებოა ის გარემოებაც, რომ სააქციო საზოგადოება 2001 წლიდან იმყოფებოდა რეაბილიტაციის რეჟიმში. „გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ“ კანონის 251 მუხლის თანახმად რეაბილიტაცია წარმოადგენს ეკონომიკური, ფინანსური და სხვა ღონისძიებების ერთობლიობას, რომელიც მიზნად ისახავს მოვალის ფინანსური სიძნელეების დაძლევას, მისი საწარმოს ლიკვიდურობის აღდგენისა და ლიკვიდაციის თავიდან ასაცილებლად. ამავე კანონის 252 მუხლის თანახმად რეაბილიტაციისათვის აუცილებელია მოვა. და კრედიტორის შეთანხმება. 253 მუხლის თანახმად რეაბილიტაციის დროს დგება რეაბილიტაციის გეგმა, რომელშიც აისახება ვალების დაფარვის ვადები. ასეთ შემთხვევაში სასამართლო ვალდებული იყო ემსჯელა თუ რა სახით იქნა გათვალისწინებული მ. გ-ს მოთხოვნა რეაბილიტაციის, ხოლო შემდგომში კი გაკოტრების დროს. მხოლოდ ამის შემდგომ შეეძლო ემსჯელა სასამართლოს ზიანის მიყენების ფაქტის თაობაზე.

გამომდინარე ზემოაღნიშნულიდან სასამართლოს სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად უნდა იმსჯელოს სს „ .. ..“ მიერ მიყენებული ზიანი წარმოადგენს თუ არა ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.

პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

საქმის ხელახალი განხილვისას სასამართლომ უნდა დაადგინოს ამ განჩინებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საეკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

სს „ .. ..“ საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 2 ნოემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.