Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე ბს-№797(2კ-24) 30 მაისი, 2025 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო (მოპასუხე), ლ.ა-ი (მესამე პირი)

პროცესუალური მოწინააღმდეგე - ი.მ-ი (მოსარჩელე)

მესამე პირები - ნ. გ. თ. ა-ები, გ.ო-ე, გ .მ. და რ. ქ-ები, ე.რ-ე

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 28 მარტის განჩინება

კასატორების მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

ი.მ-მა 2023 წლის 28 აპრილს სარჩელით მიმართა გორის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და ამავე სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის მიმართ, რომლითაც მოითხოვა ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე 2023 წლის წლის 13 თებერვლის №... გადაწყვეტილების კანონიერების შესწავლასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოების დაწყებისა და ზეპირი მოსმენის დანიშვნის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2023 წლის 9 მარტის №... გადაწყვეტილების, ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2023 წლის 30 მარტის №... გადაწყვეტილებისა და რეგისტრაციის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2023 წლის 10 აპრილის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.

სარჩელის მიხედვით, ი.მ-მა 2023 წლის 24 იანვარს შეიძინა გორის მუნიციპალიტეტში, სოფელს ...ში მდებარე 210 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, თუმცა სარეგისტრაციო სამსახურმა 2023 წლის 30 მარტის №... გადაწყვეტილებით გააუქმა რეგისტრირებული უფლება შემძენის არაკეთილსინდისიერების საფუძვლით, რასაც არ ეთანხმება მოსარჩელე და მიიჩნევს, რომ მარეგისტრირებელ ორგანოს არ ჰქონდა კეთილსინდისიერებასთან დაკავშირებით საკითხის განხილვის კომპეტენცია.

გორის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 6 ივნისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქმეში მესამე პირად ჩაებნენ ლ.ა-ის კომლის წევრები: ნ. გ. და თ. ა-ები, ხოლო 29 ივნისის განჩინებით - გ.ო-ე.

გორის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილებით ი.მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2023 წლის 9 მარტის №... გადაწყვეტილება; ბათილად იქნა ცნობილი ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2023 წლის 30 მარტის №... გადაწყვეტილება; ბათილად იქნა ცნობილი რეგისტრაციის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2023 წლის 10 აპრილის №... გადაწყვეტილება.

რაიონულმა სასამართლომ დაადგინა, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის 2023 წლის 24 იანვრის №...გადაწყვეტილებით 2023 წლის 24 იანვრის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე დარეგისტრირდა ი.მ-ის საკუთრების უფლება გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ ...ში მდებარე 210 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, რომელიც 2023 წლის 23 იანვრის მდგომარეობით რეგისტრირებული იყო ი.მ-ის დის - ე.რ-ის, გ.მ. და რ. ქ-ების სახელზე. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2023 წლის 30 მარტის №...გადაწყვეტილებით, ბათილად იქნა ცნობილი ი.მ-ის საკუთრების რეგისტრაციის შესახებ 2023 წლის 24 იანვრის №... გადაწყვეტილება იმ საფუძვლით, რომ ნაკვეთის შემძენი - ი.მ-ი იყო ე.რ-ის და, მაშასადამე, არაკეთილსინდისიერი შემძენი, თუმცა მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ გადაწყვეტილებების მიღებისას არ იქნა გათვალისწინებული რეგისტრაციის განხორციელების საფუძველი - ნასყიდობის ხელშეკრულება, რომელიც ძალაშია და მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ (ელექტრონული საქმის წარმოების პროგრამის მიხედვით (...) ლ.ა-ს ამ ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ სარჩელის წარმოებაში მიღებაზე ეთქვა უარი 2023 წლის 8 თებერვალს - საქმე №140210023006817126). აქედან გამომდინარე, სასამართლომ განმარტა, რომ ადმინისტრაციული ორგანო არ იყო უფლებამოსილი შეეფასებინა სამოქალაქოსამართლებრივი ხელშეკრულების მონაწილე მხარეთა კეთილსინდისიერების საკითხი, თუკი ეს ხელშეკრულება სადავო არ გახდა კანონმდებლობით დადგენილი წესით.

გორის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, ამავე სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონულმა ოფისმა და მესამე პირმა - ლ.ა-მა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 28 მარტის განჩინებით ლ.ა-ის, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა გორის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა და მიიჩნია, რომ სადავო გადაწყვეტილებები მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ მიღებული იყო ი.მ-ის (მოსარჩელე) ინტერესების გათვალისწინების გარეშე იმ პირობებში, როდესაც მისი საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტი (ნასყიდობის ხელშეკრულება) იყო ძალაში. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ნასყიდობის ხელშეკრულების ძალაში ყოფნის პირობებში შეუძლებელი იყო მოსარჩელის კეთილსინდისიერების საკითხზე მსჯელობა და ი.მ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 28 მარტის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ და ლ.ა-მა.

ლ.ა-ის საკასაციო საჩივრის მიხედვით, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე 210 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი ს/კ ... საკუთრების უფლებით აღირიცხა ე.რ-ის, გ.მ და რ. ქ-ბის სახელზე. რეგისტრაციას საფუძვლად დაედო უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების ოქმი ადგილმდებარეობის იდენტურობისა და სარეგისტრაციო ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების წესის განხილვის მიზნით, ასევე საარქივო ცნობით დადასტურებული საკომლო წიგნის ჩანაწერი. აღნიშნული უძრავი ქონება 2023 წლის 24 იანვარს საკუთრების უფლებით აღირიცხა ი.მ-ის სახელზე, ამავე თარიღით შედგენილი ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე.

2022 წლის 4 ნოემბერს ლ.ა-მა მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა მიწის რეგისტრაცია. 2023 წლის 3 იანვრის გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წარმოება შეწყდა ე.რ-ის მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილ მიწის ნაწილთან ზედდების გამო, რაც გასაჩივრდა ადმინისტრაციული წესით. 2023 წლის 13 თებერვლის გადაწყვეტილებით ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა. მარეგისტრირებელმა ორგანომ 2023 წლის 9 მარტს №... გადაწყვეტილებით საკუთარი ინიციატივით დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება, ადმინისტრაციულ საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ 2023 წლის 13 თებერვლის №... გადაწყვეტილებით კანონიერებასთან დაკავშირებით და დაინიშნა საქმის ზეპირი მოსმენა, სადაც მიწვეულ იქნა ყველა დაინტერესებული მხარე.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2023 წლის 30 მარტის №... გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი როგორც 2023 წლის 13 თებერვლის №... გადაწყვეტილება, ასევე ნასყიდობის საფუძველზე ი.მ-ის სახელზე უძრავი ქონების რეგისტრაციის შესახებ 2023 წლის 24 იანვრის №... გადაწყვეტილება. წარმოდგენილი სარჩელით ი.მ-ი სადავოდ ხდიდა 2023 წლის 9 მარტის №... გადაწყვეტილებას, თუმცა კასატორის მოსაზრებით, დასადგენია ი.მ-ი იყო თუ უფლებამოსილი ედავა და მოეთხოვა მითითებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, რადგან ის არ წარმოადგენდა დაინტერესებული მხარეს, რადგანაც სადაო გადაწყვეტილება ეხებოდა ე.რ-ის უფლებას.

სსიპ საჯარო რეესტრის საკასაციო საჩივრის მიხედვით, უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის მონაცემებით, ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგისტრაციის შესახებ №... (23.01.2023) გადაწყვეტილებით, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე 210 კვ.მ მიწის ნაკვეთზე (აქედან ნაწილი რეგისტრირებულია საარქივო ცნობის და ნაწილი თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების წესით) დარეგისტრირდა მ.ქ-ის, გ.ქ-ის, ე.რ-ის და რ.ქ-ის თანასაკუთრების უფლება. მიწის ნაკვეთს მიენიჭა ... საკადასტრო კოდი, ასევე, მომზადდა ამონაწერი უძრავი ქონების რეესტრიდან და საკადასტრო გეგმა. აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის 2023 წლის 24 იანვრის №... გადაწყვეტილებით, უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულებების (გაფორმების თარიღი: 24/01/2023წ.) საფუძველზე, დარეგისტრირდა ი.მ-ის) საკუთრების უფლება. ამასთან, დგინდება, რომ №... და №... სარეგისტრაციო განცხადებებით, ლ.ა-მა მოითხოვა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე თვითნებურად დაკავებულ 30 კვ.მ და 27 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარებით რეგისტრაცია.

სიტუაციის ამსახველი ნახაზის თანახმად, №... და №... განცხადებებით სარეგისტრაციოდ წარდგენილი და №... განცხადებით (დაინტერესებული პირი: ე.რ-ე) წარმოებაში მყოფი უძრავი ნივთების საკადასტრო მონაცემებს შორის დადგინდა ზედდება ე.რ-ის მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილ მიწის ნაკვეთთან. ლ.ა-ის მიერ საკუთრების უფლების/მართლზომიერი მფლობელობის დამდგენი დოკუმენტის ან კორექტირებული აზომვითი ნახაზის წარუდგენლობის გამო სარეგისტრაციო წარმოება შეწყდა, რაც გასაჩივრდა ადმინისტრაციული წესით, თუმცა ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უფლებამოსილმა თანამდებობის პირმა მიიჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება კანონიერი იყო, ამდენად, მის მიერ მიღებულ იქნა ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ №... (13.02.2023) გადაწყვეტილება.

კასატორის მოსაზრებით, გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში, №... განცხადებით დაიწყო სარეგისტრაციო წარმოება ლ.ა-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნით. აღნიშნული სარეგისტრაციო წარმოების ფარგლებში ადგილზე დათვალიერების დროს აიზომა 27 კვ.მ მიწის ნაკვეთი (ადგილზე დათვალიერების №... (25.09.2022) ოქმი). ადგილზე დათვალიერების ოქმს ხელს აწერს იმავე სარეგისტრაციო ბლოკში მდებარე მიწის ნაკვეთების ოთხი მესაკუთრე. აღნიშნული ოქმით აზომილი 27 კვ.მ მიწის ნაკვეთი მოიცავს ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის ნაწილს.

კასატორის მოსაზრებით, აღსანიშნავია, ისიც, რომ სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში, ... განცხადებით მიმდინარეობდა სარეგისტრაციო წარმოება ე.რ-ის, რ.ქ-ის, გ.ქ-ის, მ.ქ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნით. აღნიშნული სარეგისტრაციო წარმოების ფარგლებში თავდაპირველად აიზომა 175 კვ.მ მიწის ნაკვეთი (ოქმი №... 1; თარიღი: 27.09.2022) და შემდგომ ცვლილებით 202 კვ.მ მიწის ნაკვეთი (ოქმი №...; თარიღი: 14.10.2022),

საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2023 წლის 09 მარტს მიიღო „ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ №... (13.02.2023) გადაწყვეტილების კანონიერების შესწავლასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოების დაწყებისა და ზეპირი მოსმენის დანიშვნის შესახებ“ №... გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული წარმოების დასრულებამდე შეჩერდა №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთის მონაცემების მოქმედება, ამასთან, საქმესთან დაკავშირებული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების გამოკვლევის მიზნით, 2023 წლის 17 მარტს 13:00 საათზე დაინიშნა ზეპირი მოსმენის სხდომა.

ზეპირი მოსმენის სხდომაზე ე.რ-ემ, რ.ქ-მა, გ.ქ-მა და მ.ქ-მა წარმოადგინეს წერილობითი პოზიცია, რომ რეგისტრირებული უძრავი ნივთის ის ნაწილი, რომელიც არის სადავო, მათ საკუთრებაში რეგისტრირებულია უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე, ხოლო ი.მ-ის წერილობითი პოზიციის თანახმად, იგი არის უძრავი ნივთის კეთილსინდისიერი შემძენი და ეთანხმება რეგისტრირებული მონაცემების სისწორეს. 2023 წლის 30 მარტს ადმინისტრაციულმა ორგანომ მიიღო №... გადაწყვეტილება „ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ №... (13.02.2023) გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ“, შემდეგ საფუძვლებზე დაყრდნობით:

სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს №01/69695 (23.03.2023) წერილის თანახმად, ე.რ-ე (პირადი ნომერი...) და ი.მ-ი (პირადი ნომერი...) არიან დები. ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უფლებამოსილი თანამდებობის პირმა მიუთითა, რომ სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში, №... განცხადებით სადავო უძრავი ნივთის ნაწილი - 27 კვ.მ თავდაპირველად აიზომა 2022 წლის 25 სექტემბერს და აღნიშნული მიწის ნაკვეთის დაინტერესებული პირის (ლ.ა-ი) 2007 წლის 20 სექტემბრამდე და ადგილზე დათვალიერების ოქმის შედგენის თარიღისთვის ფლობის ფაქტი დადასტურებული იყო იმავე სარეგისტრაციო ბლოკში მდებარე მიწის ნაკვეთების მესაკუთრეების მიერ, შესაბამისად, რეგისტრაციის შესახებ №... (23.01.2023) გადაწყვეტილების მიღებამდე ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტს უნდა შეეფასებინა აღნიშნული გარემოება. ამრიგად მიჩნეულ იქნა, რომ სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ №... 03.01.2023), №... (05.01.2023) და რეგისტრაციის შესახებ №... (23.01.2023) გადაწყვეტილებები იყო ბათილი და ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტს უნდა დაეწყო სარეგისტრაციო წარმოება, რა დროსაც ადგილზე დათვალიერებით უნდა დადგენილიყო საქმის ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ, ნივთის რომელი ნაწილი იყო უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული და რომელი ნაწილი - თვითნებურად დაკავებული.

კასატორის მითითებით, უძრავი ნივთის შემძენი ი.მ-ი წარმოადგენს გამსხვისებლის ე.რ-ის დას. ამდენად, ნასყიდობის ხელშეკრულების დადების დროს მან იცოდა ან მას უნდა სცოდნოდა უძრავი ნივთის უფლებრივი ნაკლის შესახებ და რეგისტრირებული მონაცემების მიმართ მისი კანონიერი ნდობა სახეზე არ არის, შესაბამისად, მიიჩნევს, რომ რეგისტრაციის შესახებ №... (24.01.2023) გადაწყვეტილება გამოცემული იყო კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით და არსებობდა მისი ბათილად ცნობის საფუძველი უნდა იქნეს ცნობილი.

კასატორის განმარტებით, №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულებები დაიდო 2023 წლის 24 იანვარს, ანუ ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის მიმდინარეობისას, იმ პირობებში, როდესაც უძრავი ნივთის გამსხვისებელი (და ამავე დროს შემძენის ახლო ნათესავი) ინფორმირებული იყო რეესტრის ჩანაწერის წინააღმდეგ შეტანილი საჩივრის შესახებ, რომლის ფარგლებშიც მიმდინარეობდა რეგისტრირებული მონაცემების კანონიერების კვლევა. აღნიშნული გარემოება სსკ-ის 312-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამორიცხავდა შემძენის კეთილსინდისიერებას და ნდობას საჯარო რეესტრის ჩანაწერების მიმართ.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების ურთიერთშეჯერებით საჯარო რეესტრი მიიჩნევს, რომ 2023 წლის 24 იანვარს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება წარმოადგენს მოჩვენებით გარიგებას და მხარეთა მიზანი არა უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების ახალ მესაკუთრეზე გადასვლა, არამედ „კეთილსინდისიერი შემძენის“ ინსტიტუტის გამოყენებით მარეგისტრირებელი ორგანოსთვის მისი რეგისტრაციის კანონიერების შესწავლაში ხელის შეშლა წარმოადგენდა, რათა ვერ მომხდარიყო უძრავ ნივთზე შემძენის საკუთრების უფლების გაუქმება და ამ მხრივ იურიდიული ეფექტის მიღწევა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 12 აგვისტოს განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და ლ.ა-ის საკასაციო საჩივრები დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და ლ.ა-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; VaN de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Le№ble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში საკასაციო პალატის მსჯელობის საგანია სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2023 წლის 9 მარტის №..., 2023 წლის 30 მარტის №.. .და 2023 წლის 10 აპრილის №... გადაწყვეტილებების კანონიერება. სადავო აქტებით მარეგისტრირებელმა ორგანომ თავისი ინიციატივით დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება იმ სარეგისტრაციო განაცხადთან მიმართებით, რომელიც საბოლოო შედეგით შეეხებოდა მოსარჩელის - ი.მ-ის საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ უფლებას. ამდენად, შესაფასებელია სარეგისტრაციო სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები შეესაბამებოდა თუ არა საკითხის მომწესრიგებელ სამართლებრივ ნორმებს, იმ პირობებში, როდესაც დადასტურებულია, რომ ი.მ-ის სარეგისტრაციო განაცხადის საფუძვლად წარდგენილი 2023 წლის 24 იანვრის ხელშეკრულება ძალაშია და მოქმედია.

საკასაციო პალატა მიუთითებს „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლზე, რომლის თანახმად, რეგისტრაცია წარმოებს როგორც უშუალოდ სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტების, აგრეთვე ამ დოკუმენტაციის სათანადო წესით შექმნილი ელექტრონული ასლების საფუძველზე. ამავე კანონის მე-11 მუხლის თანახმად, უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრირდება უძრავ ნივთზე უფლებები, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულებები, უფლების სუბიექტისა და ობიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემები, მათ შორის, უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემები. ამავე კანონის მე-2 მუხლის „კ“ ქვეპუნქტით, სარეგისტრაციო დოკუმენტი განმარტებულია, როგორც სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას, „ლ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, სარეგისტრაციო დოკუმენტაცია არის რეგისტრაციის მიზნით მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი სარეგისტრაციო და სხვა დოკუმენტები.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ ი.მ-მა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე 210 კვ. მ მიწის ნაკვეთი შეიძინა 2023 წლის 24 იანვარს, ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე. ამავე მიწის ნაკვეთზე რეგისტრირებული იყო ი.მ-ის დის - ე.რ-ის, გ.მ. და რ. ქ-ების საკუთრების უფლება, რომელთან მიმართებითაც ლ.ა-ის მიერ წარდგენილი განაცხადის განხილვისას გამოვლინდა ზედდება, თუმცა სარეგისტრაციო წარმოება შეწყდა ლავრენტი ავანზელის მიერ შეჩერების საფუძვლის აღმოუფხვრელობის საფუძვლით. შემდგომში, მარეგისტრირებელმა ორგანომ თავისი ინიციატივით მიღებული გადაწყვეტილებით (09.03.2023წ.) განაახლა სარეგისტრაციო წარმოება და ბათილად ცნო ლ.ა-ის განცხადებაზე სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ 2023 წლის 3 იანვრის №..., 2023 წლის 5 იანვრის №... გადაწყვეტილებები, ასევე ბათილად იქნა ცნობილი ე.რ-ის, გ.მ. და რ. ქ-ების სახელზე სადავო მიწის ნაკვეთის აღრიცხვის შესახებ 2023 წლის 23 იანვრის №... და ი.მ-ის საკუთრების რეგისტრაციის შესახებ 2023 წლის 24 იანვრის №... გადაწყვეტილებები (არაკეთილსინდისიერებაზე მითითებით) და განახლდა რეგისტრირებული მონაცემების მოქმედება.

საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებებს და აღნიშნავს, რომ „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის 26.1 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეგისტრაციის გაუქმების ერთ-ერთ საფუძველს წარმოადგენს რეგისტრაციის საფუძვლად არსებული უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის ძალადაკარგულად, ბათილად ცნობა ან არარად აღიარება. ამდენად, დაუშვებელია რეგისტრაციის გაუქმება მისი საფუძვლის ძალაში ყოფნის პირობებში. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ არაერთხელ გააკეთა განმარტება იმასთან დაკავშირებით, რომ „..უფლებას მხოლოდ რეგისტრაცია არ წარმოშობს. რეგისტრაცია წარმოებს სარეგისტრაციო დოკუმენტის საფუძველზე, რომელსაც „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, განეკუთვნება სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას. მითითებული კანონის მე-9 მუხლის 1-ლი პუნქტის დანაწესიდან გამომდინარე, დაუშვებელია რეგისტრაციის გაბათილება მისი საფუძვლის ძალაში არსებობის პირობებში“ (იხ. სუსგ საქმეზე ბს-585-572(4კ-14) 30.04.2015წ., ბს-30-30(2კ-15) 02.05.2015წ., ბს-193-189(2კ-15) 29.09.2015წ. და სხვა).

როგორც უკვე აღინიშნა, უძრავ ქონებაზე ი.მ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციას საფუძვლად უდევს მხარეთა შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება, შესაბამისად მისი, როგორც გარიგების შინაარსობრივი კვლევა მათ შორის შემძენის კეთილსინდისიერების საფუძვლით და ამ გარემოებაზე დაყრდნობით ი.მ-ის საკუთრების უფლების საფუძვლის გადასინჯვა, სცდება ადმინისტრაციული ორგანოს - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილების ფარგლებს.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სადავო საკითხთან მიმართებით ამომწურავად იმსჯელა სასამართლომ და კასატორები დამატებით ვერ მიუთითებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების არსებით ფაქტობრივ თუ სამართლებრივ უსწორობაზე, შესაბამისად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საფუძველს.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან, ლ.ა-ის საკასაციო საჩივარზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, ასევე, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარზე გადახდილია ასევე 300 ლარი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, აღნიშნული თანხის 70 პროცენტი - უნდა დაუბრუნდეთ კასატორებს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და ლ.ა-ის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 28 მარტის განჩინება;

3. კასატორს - ლ.ა-ის (პ/ნ...) დაუბრუნდეს 01.08.2024წ. №... გადახდის ქვითრით მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

3. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (ს/ნ...)დაუბრუნდეს 10.06.2024წ. №... საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

მ. ვაჩაძე

ბ. სტურუა