Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-922(2კ-24) 15 მაისი, 2025 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები (მოპასუხეები) - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიცია

პროცესუალური მოწინააღმდეგე (მოსარჩელე) - კ.ს-ა

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 15 ნოემბრის განჩინება

დავის საგანი - დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრებისა და შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

2021 წლის 29 ივლისს კ.ს-ამ სარჩელით, ხოლო 2021 წლის 24 სექტემბერს დაზუსტებული სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის მიმართ, რომლითაც მოითხოვა დისციპლინური წესით დასჯისა და შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის თაობაზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2021 წლის 29 ივნისის №MIA 9 21 01643304 ბრძანების ბათილად ცნობა, ასევე მოპასუხისთვის მოსარჩელე კ.ს-ას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ...ის დეპარტამენტის ...ის სამმართველოს ...ის ან ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის და მოსარჩელისთვის იძულებითი შრომითი განაცდურის (მისი სამსახურიდან გათავისუფლებიდან აღდგენამდე პერიოდში შესაბამისი თანამდებობისათვის დადგენილი ხელფასის ყოველთვიური ოდენობით) ანაზღაურების დავალება.

სარჩელის თანახმად, კ.ს-ა 1995 წლიდან მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში, ხოლო 2002 წლიდან სასაზღვრო პოლიციაში. აღნიშნული პერიოდის განმავლობაში მას დისციპლინური სახდელი არ დასდებია და არაერთხელ იყო წახალისებული, ამასთან მიღებული ჰქონდა ჯილდოებიც. მიუხედავად ამისა, დისციპლინური წესით დასჯისა და საქართველოს შს სამინისტროდან დათხოვნის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2021 წლის 29 ივნისის №MIA 92101643304 ბრძანებით საქართველოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება-საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ...ის დეპარტამენტის ...ის სამმართველოს ..., საქართველოს სასაზღვრო პოლიციის პირველი რანგის კაპიტანი - კ.ს-ა უკანონოდ იქნა გათავისუფლებულ დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილ იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 29 სექტემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიცია.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 4 მაისის გადაწყვეტილებით კ.ს-ას სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი კ.ს-ას დისციპლინური წესით დასჯისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის თაობაზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2021 წლის 29 ივნისის №MIA 9 21 01643304 ბრძანება; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციას დაევალა კ.ს-ას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ...ის დეპარტამენტის ...ის სამმართველოს ...ის ან ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, ასევე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაევალა კ.ს-ასთვის იძულებითი შრომითი განაცდურის ანაზღაურება მისი გათავისუფლებიდან აღდგენამდე პერიოდში შესაბამისი თანამდებობისათვის დადგენილი ხელფასის ყოველთვიური ოდენობით და მასვე დაევალა ადვოკატის მომსახურებისთვის 2 000 ლარის ოდენობით ანაზღაურება.

საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ კ.ს-ა 1998 წლიდან მსახურობდა საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში სხვადასხვა თანამდებობაზე, ხოლო 2019 წლის 5 აგვისტოდან გათავისუფლებამდე, საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ...ის დეპარტამენტის ...ის სამმართველოს ...ის პოზიციაზე.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსის მიერ 2021 წლის 21 ივნისს №MIA 0 21 01592159 დამტკიცდა შს სამინისტროს მოსამსახურეთა მიმართ ჩატარებული სამსახურებრივ შემოწმების შედეგებზე დასკვნა, რომლის თანახმად, შს სამინისტროს მოსამსახურეთა მიმართ ჩატარებული სამსახურებრივი შემოწმების ... I რანგის კაპიტანი კ.ს-ა - შს სამინისტროს სსდ - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ...ის დეპარტამენტის ...ის სამმართველოს .., შს სამინისტროში მსახურობდა 2009 წლიდან, დაკავებულ თანამდებობაზე იყო 2019 წლიდან და მოქმედი დისციპლინური სახდელი არ გააჩნდა. ამავე დასკვნის თანახმად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ 2021 წლის 30 მარტიდან 18 აპრილამდე პერიოდში შემოწმებული იქნა შსს სსდ-საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ...ის დეპარტამენტის მიერ ...ის მიმართულებით განხორციელებული საქმიანობა, რის შედეგად გამოვლენილ დარღვევებზე ჩატარდა სამსახურებრივი შემოწმება.

ზემოაღნიშნული შემოწმების თანახმად, ხელმძღვანელი თანამდებობის პირების მიერ არაჯეროვნად ხორციელდებოდა დაქვემდებარებული მოსამსახურეებზე დაკისრებულ ფუნქცია-მოვალეობათა შესრულებაზე კონტროლი; სატვირთო და სამგზავრო სატრანსპორტო საშუალებების საგზურის ფურცლებში მძღოლების მიერ შეყვანილი ინფორმაცია არ შეესაბამებოდა რეალობას, ასევე დარღვეული იყო საგზურის ფურცლების წარმოების წესი; საწყობის გვერდის ავლით განხორციელებული იყო სამეურნეო ოპერაცია; ქონების შემოსავლის ამსახველი დოკუმენტაცია წარმოებდა ხარვეზებით; საწყობში არსებული მატერიალური ფასეულობების ფაქტობრივი ნაშთების ბუღალტრულ მონაცემებთან შედარებისას გამოვლინდა ზედმეტობა/დანაკლისები; დარღვეული იყო საწყობიდან მატერიალური ფასეულობების გაცემის წესი; სასაზღვრო პოლიციისათვის საჩუქრად გადაცემული მატერიალური ფასეულობები არ იყო აღრიცხული დადგენილი წესით; შეიარაღების საწყობში დარღვეული იყო შეიარაღებისა და საბრძოლო მასალის შენახვის წესი, რომელთა გამოსწორების მიზნითაც არ იყო გატარებული ქმედითი ღონისძიებები; ...ის დეპარტამენტის ... სამმართველოში ინახებოდა ისეთი მატერიალური ფასეულობები, რომლებიც აღრიცხული არ იყო დადგენილი წესით; შესყიდული იყო მცურავი საშუალებების ისეთი სათადარიგო ნაწილები, რომლებიც ნაშთად ირიცხებოდა საწყობში; დარღვეული იყო ჯართისა და ფერადი ლითონის შემოსავალში აღების წესი; დარღვეული იყო საქვაბე კმაყოფაზე მყოფი მოსამსახურეების კვებით უზრუნველყოფის წესი; დარღვეული იყო ინვენტარიზაციის ჩატარების წესი; არ იყო გატარებული დებიტორული დავალიანებების ანაზღაურებისათვის საჭირო ღონისძიებები; ახლად აშენებულ საწყობზე არსებული ხარვეზის აღმოფხვრის მიზნით არ იყო გატარებული შესაბამისი ღონისძიებები; საწყობში არსებული არასაჭირო მატერიალური ფასეულობების შემდგომი განკარგვის მიზნით არ იყო გატარებული ღონისძიებები; დადგენილი წესით არ იყო დაფიქსირებული სამსახურებრივი ავტომანქანების დაზიანების ფაქტები; დაგვიანებით იყო შესყიდული ექსპლუატაციაში არსებულ მცურავ საშუალებებზე ეკიპაჟის უსაფრთხოების მიზნით დამონტაჟებული სამაშველო ტივების განახლების მომსახურება; არ იყო ჩამოწერილი ისეთი მატერიალური ფასეულობები, რომლებიც შესრულებული სამუშაოს აქტების საფუძველზე ექვემდებარებოდა ჩამოწერას; არ იყო გათვალისწინებული სახელმწიფო აუდიტის სამსახურის რეკომენდაცია.

ზემოაღნიშნული დასკვნის თანახმად მიჩნეულ იქნა, რომ ... I რანგის კაპიტანმა კ.ს-ამ ჩაიდინა შს სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა1“ (სამსახურებრივ მოვალეობათა შეუსრულებლობა), „ა“ (სამსახურებრივ მოვალეობათა არაჯეროვანი შესრულება) და „ვ“ (მოსამსახურისათვის შეუფერებელი ქმედება, რომელიც ლახავს სამინისტროს სისტემის ავტორიტეტს“) ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომა, რაც მისი მხრიდან გამოიხატა: დაქვემდებარებული მოსამსახურეების მიერ მათზე დაკისრებული ფუნქცია-მოვალეობების შესრულებაზე სუსტ კონტროლში; შეიარაღების და საბრძოლო მასალების სასაწყობე პირობების მოწესრიგების მიზნით კომპეტენციის ფარგლებში გასატარებელი ღონისძიებების განუხორციელებლობაში; სატრანსპორტო საშუალებათა საგზურის ფურცლების წარმოებაში არსებული ხარვეზების გამოსწორების მიზნით ღონისძიების განუხორციელებლობაში; საოფისე-საყაზარმე საწყობიდან საჭირო მატერიალური ფასეულობების დადგენილი წესის დარღვევით გატანის ფაქტების გამოსწორების მიზნით შესაბამისი ღონისძიების განუხორციელებლობაში; დებიტორული დავალიანებების ანაზღაურების მიზნით დადგენილი წესით გასატარებელი ღონისძიებების განუხორციელებლობაში; ქონების შემოსავლის ამსახველი დოკუმენტაციის წარმოების ხარვეზის გამოსწორების მიზნით ღონისძიების განუხორციელებლობაში; საქვაბე კმაყოფაზე მყოფი მოსამსახურეების დადგენილი წესით კვებით უზრუნველყოფის მოუწესრიგებლობაში; ჯართისა და ფერადი ლითონის დადგენილი წესის გვერდის ავლით შემოსავალში აღების გამოუსწორებლობაში; სათადარიგო ნაწილების მოთხოვნის შესახებ კორესპონდენციის არასწორად განაწილებაში, რითაც გამოირიცხა დაქვემდებარებულ დანაყოფებს შორის კოორდინირებული მუშაობის შესაძლებლობა; სამეურნეო ოპერაციის არასწორად ასახვის გამოსწორების მიზნით სათანადო ღონისძიების განუხორციელებლობაში; დაქვემდებარებული დანაყოფის მოსამსახურეების მიერ ჩადენილი გადაცდომების გამოვლენის მიზნით შესაბამისი ღონისძიებების განუხორციელებლობაში; სამსახურებრივი შემოწმებისას გამოჩენილ არაგულწრფელობაში და გენერალური ინსპექციის შეცდომაში შეყვანის მცდელობაში. აღნიშნული დასკვნა გადაეგზავნა შს სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტსა და შს სამინისტროს სსდ-საქართველოს სასაზღვრო პოლიციას.

საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის დისციპლინური წესით დასჯისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის შესახებ 2021 წლის 29 ივნისის №MIA 9 21 01643304 ბრძანებით: „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №989 ბრძანებით დამტკიცებული წესდების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ (სამსახურებრივ მოვალეობათა შეუსრულებლობა), „ა1“ (სამსახურებრივ მოვალეობათა არაჯეროვანი შესრულება) და „ვ“ (მოსამსახურისათვის შეუფერებელი ქმედება, რომელიც ლახავს სამინისტროს სისტემის ავტორიტეტს) ქვეპუნქტებით, ამავე წესდების მე-3 მუხლის „ზ“ (სამსახურიდან დათხოვნა) ქვეპუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომისთვის, მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ და „ნ“ ქვეპუნქტების შესაბამისად: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ...ის დეპარტამენტის ...ის სამმართველოს ..., საქართველოს სასაზღვრო პოლიციის პირველი რანგის კაპიტანი კ.ს-ა გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილ იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან.

ასევე დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ სსდ - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ...ის დეპარტამენტის ...ის სამმართველოს უფროსის 2021 წლის 11 აგვისტოს №MIA7 21 2114894 მიმართვის თანახმად, ყოფილი მოსამსახურე კ.ს-ა საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ...ის დეპარტამენტის ...ის სამმართველოს ...ის პოზიციაზე დანიშნული იყო 2019 წლის 5 აგვისტოდან (სსდ - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსის 2019 წლის 5 აგვისტოს ბრძანება №2O64643), აღნიშნულ პოზიციაზე მისი ყოველთვიური დარიცხული ფულადი ანაზღაურება 2020 წლის ივლისის თვემდე შეადგენდა 3012,50 ლარს, მათ შორის: - თანამდებობრივი სარგო - 2100,00 ლარი; - წოდებრივი სარგო - 70,00 ლარი; - დანამატი წელთა ნამსახურების (25%) - 542,50 ლარი; - სპეციალური დანამატი - 300,00 ლარი. ხოლო, 2020 წლის ივლისიდან კ.ს-ას ყოველთვიური დარიცხული ფულადი ანაზღაურება შეადგენდა 3168,75 ლარს, მათ შორის: - თანამდებობრივი სარგო - 2225,00 ლარი; - წოდებრივი სარგო - 70,00 ლარი; - დანამატი წელთა ნამსახურების (25%) - 573,75 ლარი; - სპეციალური დანამატი - 300,00 ლარი. „დისციპლინური წესით დასჯისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2021 წლის 29 ივნისის №1643304 ბრძანების თანახმად, კ.ს-ა გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილ იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან, ხოლო 2021 წლის 24 ივნისს ჩაერიცხა ფულადი ანაზღაურება ხელზე გასაცემი 2534,01 ლარი, მათ შორის: - თანამდებობრივი სარგო - 1779,00 ლარი; - წოდებრივი სარგო - 56,00 ლარი; - დანამატი - 699,01 ლარი. ხოლო უკან დაბრუნებულ იქნა 2 (ორი) დღის (29-30 ივნისი) - 169,00 ლარი.

საქალაქო სასამართლომ დამატებით მიუთითა თავად კ.ს-ას განმარტებაზე, რომლის თანახმად შეიარაღების და საბრძოლო მასალების სასაწყობე პირობების მოწესრიგების მიზნით კომპეტენციის ფარგლებში გატარებული ჰქონდა შესაბამისი ზომები; კერძოდ, წარმოდგენილი მტკიცებულებით, მან წერილით მიმართა ...ის დეპარტამენტის ხელმძღვანელობას და სასაზღვრო პოლიციის უფროსს საბრძოლო მასალასთან დაკავშირებით; როგორც შემმოწმებელმა გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა მიუთითა, სხვა ალტერნატიული სათავსო ოთახი ...ის დეპარტამენტის ტერიტორიაზე არ არსებობდა, სადაც დაცული იქნებოდა შეიარაღება და საბრძოლო მასალები, როგორც დატაცების, ასევე მატერიალური ფასეულობის გაუვარგისების მიზნით. ასევე სატრანსპორტო საშუალებების საგზურების შევსების წესი რეგულირდება 2017 წლის 6 ივნისის №201 სასაზღვრო პოლიციის ბრძანებით, სადაც აღნიშნულ იქნა ერთ ავტომანქანაზე რამდენიმე პასუხისმგებელი პირის მიმაგრება. აღნიშნული ბრძანების გამოცემის შემდგომ საავტომობილო მომსახურების განყოფილების უფროსი და დისპეტჩერი მივლინებული იყვნენ სასაზღვრო პოლიციის საავტომობილო სამსახურში, რათა სწორად მომხდარიყო საგზურების შევსება, ასევე არა ერთხელ ყოფილა სასაზღვრო პოლიციის საავტომობილო სამსახურიდან შემოწმება, რომლებსაც შენიშვნაც კი არ მოუციათ. ასევე განმარტა, რომ საოფისე საყაზარმე საწყობიდან საჭირო მატერიალური ფასეულობების დადგენილი წესის დარღვევით გატანის ფაქტი არ მომხდარა მიზანმიმართულად, ეს იყო პირველი და უკანასკნელი, კერძოდ, ახალ აშენებულ მცურავი საშუალებების სათადარიგო ნაწილების საწყობში, უცხოელი პარტნიორების მოთხოვნით უნდა გაკეთებულიყო/მოწყობილიყო შესაბამისი ოთახი, სადაც შეინახებოდა მაღალი ტექნოლოგიების და ძვირად ღირებული ნაწილები. აღნიშნული ოთახების მოწყობას ახორციელებდა ...ის დეპარტამენტის ... სამმართველოს მაღალკვალიფიციური თანამშრომლები, ამასთან დაკავშირებით საფინანსო სამმართველოს უფროსს საქმის კურსში ჩაყენებული ჰყავდა ზემდგომი ხელმძღვანელობა და მისი განკარგულებით მოხდა აღნიშნული.

გარდა ზემოაღნიშნულისა, კვების საკითხთან დაკავშირებით განიმარტა, რომ პირადი შემადგენლობის საქვაბე კმაყოფაზე მყოფი პირების კვება რეგულირდებოდა ...ის დეპარტამენტის დირექტორის 2019 წლის 21 თებერვლის №6 ბრძანებით, სადაც განწესში მყოფი პირად შემადგენლობას უნდა მიეღო სამჯერადი კვება, მაგრამ ბრძანებით არ იყო განსაზღვრული, როდიდან დაწყებულიყო კვება; ვინაიდან განწესი იწყებოდა 09:00 საათზე, თავისთავად კვება იწყებოდა სადილით 13:30 წუთიდან 14:30 წუთამდე, ვახშამი 17:30 წუთიდან 18:00 წუთამდე და შესაბამისად საუზმე 07:00 წუთიდან 08:00 საათამდე. აღნიშნული გადაწყვეტილება ხელმძღვანელობამ მიიღო პირადი შემადგენლობასთან თათბირის შემდგომ, ვინაიდან მოდიოდნენ სახლიდან ნასაუზმები და ასევე ვახშმიდან საუზმემდე იყო დიდი დრო და ჯობდა დაწყებულიყო სადილით კვება. კ.ს-ას განმარტებით, წინა წლების შემმოწმებელ გენერალური ინსპექციას შენიშვნა არ მიუცია. ასევე განიმარტა, რომ შავი და ფერადი ლითონის შემოსავალში აყვანა ხდებოდა ჯართის ან ფერადი ლითონის აწონვის და შესაბამისი აქტის გაფორმების საფუძველზე, არსებული სასწორით. გენერალური ინსპექციის მიერ ჯართის გადაწონვა განხორციელდა ქ. ფოთის ტერიტორიაზე არსებულ ტერმინალის სასწორით, აწონილი ჯართი თითქმის იყო არა გაბარიტული, ხოლო გენერალური ინსპექციის დავალებით მოხდა ჯართების დაჭრა და ტრანსპორტირება. რაც შეეხება კორესპონდენციას, 2020 წელს საქართველოში გამოცხადებული ლოკდაუნის დროს, პირადი შემადგენლობის 90% გადაყვანილი იყო დისტანციურ რეჟიმში, რა დროსაც მოხდა შესყიდვის მოთხოვნის კორესპონდენციის არასწორად განაწილება.

საქალაქო სასამართლოს განმარტებით, განსახილველ შემთხვევაში კ.ს-ას მიმართ საკითხის განხილვისას დისციპლინური პასუხისმგებლობის სახის შერჩევა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დისკრეციას წარმოადგენს, მაგრამ იმ შემთხვევაშიც, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილებით, იგი მაინც შეზღუდულია კანონის მოთხოვნის ფარგლებით. დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთების ვალდებულება უმნიშვნელოვანესია, რადგან ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან უნდა გამოირიცხოს თვითნებური, მიკერძოებული და არაკვალიფიციური გადაწყვეტილების მიღება და შესაბამისად უნდა მოხდეს აღნიშნული გადაწყვეტილების კანონთან შესაბამისობის, ასევე მიღებული გადაწყვეტილების აუცილებლობის დასაბუთება, სადაც არგუმენტირებულად უნდა მიეთითოს ყველა იმ გარემოებაზე, რომლის შესაბამისად იქნა კონკრეტული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემული და უარი ეთქვა სხვა სახის გადაწყვეტილებას. ამასთან, სასამართლომ მიიჩნია, რომ ნორმაში ალტერნატიული სანქციის არსებობა მიუთითებს უფრო მკაცრი სახის სახდელის გამოყენების შესაძლებლობაზე იმ შემთხვევაში, თუ ნაკლებად მკაცრი სახდელი ვერ უზრუნველყოფს შესაბამისი მიზნების მიღწევას. ადმინისტრაციულ ორგანოს დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას ეკისრება განსაკუთრებული პასუხისმგებლობა, რა დროსაც იგი ყველა შესაძლებლობას უნდა იყენებდეს ყველა შემთხვევასთან დაკავშირებით საუკეთესო გადაწყვეტილების მისაღებად. ამასთან, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-7 მუხლი განსაზღვრავს დისკრეციული უფლებამოსილების საფუძველზე გადაწყვეტილების მიღებისას საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის დაცვის აუცილებლობას.

საქალაქო სასამართლომ ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის დასკვნით იმ უწყებაში, რომლის ერთ-ერთ ხელმძღვანელს კ.ს-ა წარმოადგენდა, გამოვლენილი იქნა დარღვევები, თუმცა წარმოდგენილი სამსახურებრივი პატაკებითა და მიმართვებით დასტურდებოდა, რომ კ.ს-ა არსებული პრობლემების შესახებ ხელმძღვანელ პირებს აწვდიდა ინფორმაციას, ასევე გენერალური ინსპექციის დასკვნით დასტურდებოდა, რომ დარღვევების აღმოსაფხვრელად შემუშავდა გეგმა და ასევე დასკვნით არ გამოკვეთა ისეთი დარღვევა, რომელიც იქნებოდა შეუქცევადი, გამოუსწორებელი, რომელიც შელახავდა სამინისტროს სისტემის ავტორიტეტს. ამასთან, სასამართლომ ყურადღება გაამახვილა, რომ განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ, არ იქნა სათანადოდ შეფასებული კ.ს-ას შინაგან საქმეთა ორგანოებში მუშაობის ხანგრძლივობა და სამსახურებრივი დახასიათებები, რაც ცალსახად ქმნიდა საკმარის საფუძველს იმისთვის, რომ კ.ს-ას მიმართ შესაძლებელი იყო უფრო მსუბუქი სახდელის გამოყენება, რომლითაც დაცული იქნებოდა როგორც კ.ს-ას კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებები, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს საჯარო და კერძო ინტერესები.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ კანონმდებლობაში ალტერნატიული სახდელების არსებობა, ემსახურება სწორედ იმ მიზანს, რომ თუნდაც დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში ადმინისტრაციულ ორგანოს მიერ გამოყენებულ იქნას, ყველაზე შესაბამისი, ადეკვატური სახდელი, რომელიც ეფექტურად, დასაქმებულის უფლებების შეუზღუდავად უზრუნველყოფს შესაბამისი მიზნის მიღწევას. ამდენად, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მოსარჩელე კ.ს-ას მიმართ გამოყენებული დისციპლინური სახდელი - სამსახურიდან დათხოვნა, რომელსაც წინ არ უსწრებდა უფრო მსუბუქი დისციპლინური სახდელი, საქმეში წარმოდგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, წარმოადგენდა შეუსაბამოდ მკაცრ ზომას და მიიჩნია, რომ იკვეთებოდა დისციპლინური წესით დასჯისა და შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის თაობაზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2021 წლის 29 ივნისის №MIA 9 21 01643304 ბრძანების ბათილად ცნობის წინაპირობების არსებობა.

გარდა ამისა, სასამართლომ მიიჩნია, რომ იმ პირობებში, როდესაც ბათილად იქნა ცნობილი სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოსარჩელე კ.ს-ას თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე, მოთხოვნა მისი შესაბამის თანამდებობაზე აღდგენის შესახებ იყო საფუძვლიანი და მოპასუხეს უნდა დავალებოდა როგორც ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა მოსარჩელის სამსახურში აღდგენის თაობაზე, ასევე მისი მოთხოვნის დაკმაყოფილება იძულებითი განაცდურის ანაზღაურებასთან დაკავშირებით მისი გათავისუფლების დღიდან - 2021 წლის 29 ივნისიდან სამსახურში აღდგენამდე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 4 მაისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციამ, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 15 ნოემბრის განჩინებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 4 მაისის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე და დამატებით ყურადღება მიაქცია იმ გარემოებას, რომ განსახილველ შემთხვევაში სადავო ბრძანების გამოცემის საფუძვლად მითითებულ იქნა გენერალური ინსპექციის დასკვნაში აღნიშნული დისციპლინური გადაცდომები, რაც ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან შეფასდა, როგორც სამსახურებრივ მოვალეობათა შეუსრულებლობა და არაჯეროვანი შესრულება და ასევე, მოსამსახურისათვის შეუფერებელი ქმედება, რომელიც ლახავდა სამინისტროს სისტემის ავტორიტეტს. ამასთან, საქმის მასალების მიხედვით, კ.ს-ას მიერ განმარტებაში მითითებულ გარემოებებს, ადმინისტრაციული ორგანოები არსებითად არ უარყოფდნენ.

სააპელაციო პალატამ ხაზი გაუსვა, რომ მართალია, მოსარჩელისთვის დისციპლინური სახდელის შეფარდების პროცესში ადმინისტრაციული ორგანო სარგებლობს დისკრეციული უფლებამოსილებით, თუმცა იგი არ უნდა იქცეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერების დასაბუთებად. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერების მტკიცება არ უნდა დადიოდეს დისკრეციული უფლებამოსილების არსებობაზე მითითებით.

ამდენად, სააპელაციო პალატამ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს შეფასება, რომ სადავო ბრძანება არ შეიცავდა დასაბუთებას მოსარჩელის მიმართ ყველაზე მძიმე დისციპლინური სახდელის - სამსახურიდან დათხოვნის გამოყენების მიზანშეწონილობის თაობაზე, სანქციის ალტერნატივის არსებობა კი სწორედ ასეთ დასაბუთებას საჭიროებდა და დაუსაბუთებელი იყო მოსარჩელის მიმართ უფრო მსუბუქი სახდელის გამოყენება, რატომ ვერ უზრუნველყოფდა მოსარჩელის მიერ ჩადენილი გადაცდომებისთვის სახდელის მიზნის მიღწევის შესაძლებლობას. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ გენერალური ინსპექციის დასკვნის შესწავლის შედეგად აღნიშნა, რომ ადმინისტრაციულ ორგანო სხვადასხვა საჯარო მოხელეების ქმედებების შეფასებისა და დისციპლინური სახდელების განსაზღვრისას, არ ხელმძღვანელობდა შეფასების ერთნაირი სტანდარტით. ამდენად, სააპელაციო პალატამ პირველი ინსტანციის სასამართლოს მსგავსად მიიჩნია, რომ მოსარჩელე კ.ს-ას მიმართ გამოყენებული დისციპლინური სახდელი - სამსახურიდან დათხოვნა, რომელსაც წინ არ უსწრებდა უფრო მსუბუქი დისციპლინური სახდელი, საქმეში წარმოდგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, წარმოადგენდა შეუსაბამოდ მკაცრ ზომას.

აპელანტების მოსაზრებაზე საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების წინაპირობებთან დაკავშირებით, სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ მოცემულ საქმეზე დავის გადაწყვეტისათვის დადგენილი იყო საკმარისი ფაქტობრივი გარემოებები, შესაბამისად სახეზე არ იყო საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4-ე მუხლის გამოყენების წინაპირობა. სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი შეიცავდა სასამართლოს მოსაზრებებს საქმის სამართლებრივ ასპექტებთან დაკავშირებით, რაც თავისთავად არ ქმნიდა დავის გადაუწყვეტლად სადავოდ გამხდარი აქტის ბათილად ცნობისა და ადმინისტრაციული ორგანოსათვის საკითხის ხელახალი გამოკვლევისათვის დავალების საფუძველს. სასამართლომ ხაზი გაუსვა, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებები საკმარისი იყო იმის დასადგენად, რომ გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება იყო დაუსაბუთებელი და არ ემყარებოდა კანონმდებლობის მოთხოვნებს, რაც ადასტურებდა სარჩელის სრულად დაკმაყოფილების წინაპირობების არსებობას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 15 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციამ, რომლებმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

კასატორი - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიცია აღნიშნავს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ უგულებელყოფილი იქნა მოპასუხის პოზიცია სადავო საკითხთან მიმართებით და სასამართლომ ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივ დასაბუთებაზე მსჯელობისას გვერდი აუარა საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ...ის დეპარტამენტში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ გამოვლენილ დარღვევებთან მიმართებაში კ.ს-ას პასუხისმგებლობის საკითხს. კასატორის მითითებით, კ.ს-ას მიერ გადაცდომის ჩადენა დადგენილი იყო უდავო ფაქტობრივი გარემოებებით, ხოლო არცერთი ინსტანციის სასამართლომ არ იმსჯელა მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილ მნიშვნელოვან მტკიცებულებებზე (2022 წლის 16 თებერვლის №411622 სამს.ბარათი, შსს გენერალური ინსპექციის უფროსის მიერ 2021 წლის 21 ივნისს დამტკიცებულ №1592159 დასკვნა და დასკვნასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების მასალები, მათ შორის კ.ს-ასა და მის დაქვემდებარებაში მყოფი ამავე დასკვნის საფუძველზე თანამშრომლების ახსნა-განმარტებები.). კასატორი მიიჩნევს, რომ სასამართლო უხეშად ჩაერია მაკონტროლებელი ორგანოს ფუნქციაში და ფაქტობრივად სახდელის გარეშე დატოვა პირი, რომელსაც ჩადენილი ჰქონდა არაერთი გადაცდომა, რაც წინააღმდეგობაში მოდიოდა როგორც საქართველოს კანონმდებლობასთან, ასევე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ მყარად დამკვიდრებულ პრაქტიკასთან, რომლის თანახმადაც ადმინისტრაციულ ორგანოს გააჩნია დისკრეციული უფლებამოსილება, თუ რომელ დისციპლინურ სახდელს აირჩევს (სუსგ №ბს-523(2კ-23), 28.11.2023წ., №ბს-644-637(კ-16) 20.04.2017წ.).

კასატორი მიიჩნევს, რომ საქმის განმხილველმა სასამართლომ არასწორად შეაფასა კ.ს-ას მხრიდან ჩადენილი ქმედებების სიმძიმე და მხარეთა შორის არაპროპორციულად გაანაწილა მტკიცების ტვირთი, სააპელაციო პალატის მიერ არასწორად იქნა განმარტებული დანაყოფის ხელმძღვანელისა და მოადგილის პასუხისმგებლობის გადანაწილების საკითხი. კასატორი ხაზს უსვამს, რომ კ.ს-ას მიერ ჩადენილია არაერთი გადაცდომა, რაც დასტურდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის დასკვნით და თავად კ.ს-ას ახსნა-განმარტებით, რაც გახდა მის მიმართ დისციპლინური სახდელის - სამსახურიდან დათხოვნის გამოყენების საფუძველი. ამასთან, რამდენადაც მოსარჩელეს ეკავა მენეჯერული თანამდებობა, ამიტომ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიზანშეწონილად ჩათვალა მოხელისათვის პასუხისმგებლობის დისციპლინური წესით დაკისრება, რაც გამოიხატა მისი სამსახურიდან გათავისუფლებაში.

კასატორმა აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში, კ.ს-ას, როგორც საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ...ის დეპარტამენტის ...ის სამმართველოს ...ის, ეკისრებოდა ვალდებულება განეხორციელებინა ...ის სამმართველოს კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების შესრულების ან/და გადაწყვეტილების კონტროლი, ხოლო საქმის განმხილველი ორივე ინსტანციის სასამართლოს მხრიდან არასწორად იქნა შეფასებული ის ფაქტი, რომ სამმართველოს უფროსის გარეშე თითქოს მას კონტროლის განხორციელების უფლებას კანონი არ ავალდებულებდა. ამასთან, კასატორმა აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის, როგორც მენეჯერული რგოლის მიერ განხორციელებული სუსტი კონტროლის შედეგად, მის დაქვემდებარებაში მყოფი თანამშრომლების მიერაც იქნა ჩადენილი გადაცდომები, რასაც მოჰყვა მათი სამსახურიდან დათხოვნა, რომლებიც იმავე დასკვნით იქნენ დათხოვნილნი. კასატორმა ასევე ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ დასახელებულ შემთხვევაში ნაწილობრივ დაკმაყოფილდა სარჩელი, რაც გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ და სრულად ეთქვა მოსარჩელეს უარი სარჩელის დაკმაყოფილებაზე, ხოლო მეორე შემთხვევასთან მიმართებაში ორივე ინსტანციის სასამართლომ მოსარჩელეს უარი უთხრა სარჩელის დაკმაყოფილებაზე. ამასთან, კასატორი ხაზს უსვამს, რომ სამსახურებრივი შემოწმების შედეგად დადგენილია, რომ კ.ს-ას მხრიდან საქმიანობის ეფექტური კონტროლის პირობებში, დაქვემდებარებული დანაყოფის მიერ მოვალეობათა შეუსრულებლობას ან/და არაჯეროვან შესრულებას ადგილი არ ექნებოდა.

კასატორმა ასევე ყურადღება გაამახვილა, რომ სასამართლომ საერთოდ არ იმსჯელა აუდიტის დასკვნაზე, რომელსაც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის დასკვნის არაერთი გვერდი აქვს დათმობილი, რომლის თანახმადაც გამოვლინდა დარღვევები, თუმცა არ მომხდარა მათი პრევენცია, მიუხედავად აუდიტის დასკვნით გაცემული რეკომენდაციისა. ასევე სასამართლო საერთოდ არ მსჯელობს ისეთ მნიშვნელოვან მტკიცებულებაზე, როგორიცაა საქართველოს გენერალური ინსპექციის უფროსისათვის საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ...ის დეპარტამენტის მიერ 2022 წლის 16 თებერვალს მიწერილი სამსახურებრივი ბარათი, რომლითაც მკაფიოდ და ხაზგასმით არის აღწერილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ შემოწმების შედეგად გამოვლენილი დარღვევებისა და სწორი მენეჯერული კონტროლის ფარგლებში მათი აღმოფხვრის შესახებ.

კასატორი - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ არ მოხდა კ.ს-ას მხრიდან დისციპლინური დარღვევების სიმძიმის ადეკვატური შეფასება. ამდენად, გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში სასამართლოს მხრიდან ვერ იქნა დასაბუთებული, თუ რატომ იქნა მიჩნეული კ.ს-ას მიმართ გამოყენებული დისციპლინური პასუხისმგებლობა არაპროპორციულად მის მიერ ჩადენილ გადაცდომებთან მიმართებით.

კასატორმა მიუთითა კ.ს-ას უფლებამოსილებებზე კონკრეტულ საკითხებში (მათ შორის სამსახურის სხვადასხვა მიმართულებების უშუალოდ განმახორციელებელი პირების კოორდინაცია/კონტროლი) და მისი მხრიდან საკუთარი მოვალეობების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების არაერთ კონკრეტულ შემთხვევაზე, რის საფუძველზეც მიჩნეულ იქნა, რომ მოსარჩელემ ჩაიდინა დისციპლინური გადაცდომა, რაც გახდა მისი სამსახურიდან დათხოვნის საფუძველი. კასატორი აღნიშნავს, რომ საჯარო სამსახურის და განსაკუთრებით პოლიციის მიმართ საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბება და დაცვა წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს ლეგიტიმურ საჯარო ინტერესს, რამდენადაც საჯარო სამსახურის და განსაკუთრებით პოლიციის საქმიანობის ეფექტიანობა მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული საზოგადოების ნდობასა და საჯარო სამსახურის ავტორიტეტზე, ეს კი მიიღწევა შესაბამისი საჯარო მოსამსახურეებისა და პოლიციელების სათანადო ქცევითა და საქმიანობით. ამდენად, სამინისტრო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეში იკვეთება მომეტებული საჯარო ინტერესი, რომელიც აღემატება იმ კერძო ინტერესს, რომელიც კონკრეტული პირის აღნიშნულ თანამდებობაზე დასაქმებაა. კასატორი მიიჩნევს, რომ პოლიციელი, რომელიც უნდა უზრუნველყოფდეს საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვას, თავად არ უნდა გვევლინებოდეს სამართალდამრღვევად, ამდენად, დაცულ სფეროში, შრომის უფლებაში ჩარევის ინტენსივობის ხარისხი კანონით გათვალისწინებული ლეგიტიმური მიზნის – საჯარო ინტერესის დაცვის მიზნის პროპორციულია.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 13 სექტემბრის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის საკასაციო საჩივრები დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 25 მარტის განჩინებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნა დასაშვებად და მათი განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრების გარეშე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრების საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის საკასაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 15 ნოემბრის განჩინება.

ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ იგი იმსჯელებს იმ პრეტენზიებზე, რომლებიც მოცემული დავის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანია. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

უპირველეს ყოვლისა, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმის მასალებში ასახულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

კ.ს-ა 1998 წლიდან მსახურობს საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში სხვადასხვა თანამდებობაზე, ხოლო 2019 წლის 5 აგვისტოდან გათავისუფლებამდე, საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ...ის დეპარტამენტის ...ის სამმართველოს ...ის პოზიციაზე. გარდა ამისა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსის მიერ 2021 წლის 21 ივნისს №MIA 0 21 01592159 დამტკიცდა შს სამინისტროს მოსამსახურეთა მიმართ ჩატარებული სამსახურებრივ შემოწმების შედეგებზე დასკვნა, რომელიც ადასტურებს, რომ შს სამინისტროს მოსამსახურეთა მიმართ ჩატარებული სამსახურებრივი შემოწმების ... I რანგის კაპიტანი კ.ს-ა - შს სამინისტროს სსდ - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ...ის დეპარტამენტის ...ის სამმართველოს ..., შს სამინისტროში მსახურობდა 2009 წლიდან. მოსარჩელე დაკავებულ თანამდებობაზე იმყოფებოდა 2019 წლიდან და მას მოქმედი დისციპლინური სახდელი არ გააჩნდა.

ზემოაღნიშნული დასკვნით განისაზღვრა, რომ ... I რანგის კაპიტანმა კ.ს-ამ ჩაიდინა შს სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ (სამსახურებრივ მოვალეობათა შეუსრულებლობა), „ა1“ (სამსახურებრივ მოვალეობათა არაჯეროვანი შესრულება) და „ვ“ (მოსამსახურისათვის შეუფერებელი ქმედება, რომელიც ლახავს სამინისტროს სისტემის ავტორიტეტს) ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომა, რაც მისი მხრიდან გამოიხატა: დაქვემდებარებული მოსამსახურეების მიერ მათზე დაკისრებული ფუნქცია-მოვალეობების შესრულებაზე სუსტ კონტროლში; შეიარაღების და საბრძოლო მასალების სასაწყობე პირობების მოწესრიგების მიზნით კომპეტენციის ფარგლებში გასატარებელი ღონისძიებების განუხორციელებლობაში; სატრანსპორტო საშუალებათა საგზურის ფურცლების წარმოებაში არსებული ხარვეზების გამოსწორების მიზნით ღონისძიების განუხორციელებლობაში; საოფისე-საყაზარმე საწყობიდან საჭირო მატერიალური ფასეულობების დადგენილი წესის დარღვევით გატანის ფაქტების გამოსწორების მიზნით შესაბამისი ღონისძიების განუხორციელებლობაში; დებიტორული დავალიანებების ანაზღაურების მიზნით დადგენილი წესით გასატარებელი ღონისძიებების განუხორციელებლობაში; ქონების შემოსავლის ამსახველი დოკუმენტაციის წარმოების ხარვეზის გამოსწორების მიზნით ღონისძიების განუხორციელებლობაში; საქვაბე კმაყოფაზე მყოფი მოსამსახურეების დადგენილი წესით კვებით უზრუნველყოფის მოუწესრიგებლობაში; ჯართისა და ფერადი ლითონის დადგენილი წესის გვერდის ავლით შემოსავალში აღების გამოუსწორებლობაში; სათადარიგო ნაწილების მოთხოვნის შესახებ კორესპონდენციის არასწორად განაწილებაში, რითაც გამოირიცხა დაქვემდებარებულ დანაყოფებს შორის კოორდინირებული მუშაობის შესაძლებლობა; სამეურნეო ოპერაციის არასწორად ასახვის გამოსწორების მიზნით სათანადო ღონისძიების განუხორციელებლობაში; დაქვემდებარებული დანაყოფის მოსამსახურეების მიერ ჩადენილი გადაცდომების გამოვლენის მიზნით შესაბამისი ღონისძიებების განუხორციელებლობაში; სამსახურებრივი შემოწმებისას გამოჩენილ არაგულწრფელობაში და გენერალური ინსპექციის შეცდომაში შეყვანის მცდელობაში.

შედეგად, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის დისციპლინური წესით დასჯისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის შესახებ 2021 წლის 29 ივნისის №MIA 9 21 01643304 ბრძანებით: „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №989 ბრძანებით დამტკიცებული წესდების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ (სამსახურებრივ მოვალეობათა შეუსრულებლობა), „ა1“ (სამსახურებრივ მოვალეობათა არაჯეროვანი შესრულება) და „ვ“ (მოსამსახურისათვის შეუფერებელი ქმედება, რომელიც ლახავს სამინისტროს სისტემის ავტორიტეტს) ქვეპუნქტებით, ამავე წესდების მე-3 მუხლის „ზ“ (სამსახურიდან დათხოვნა) ქვეპუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომისთვის, მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ და „ნ“ ქვეპუნქტების შესაბამისად: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ...ის დეპარტამენტის ...ის სამმართველოს ..., საქართველოს სასაზღვრო პოლიციის პირველი რანგის კაპიტანი კ.ს-ა გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილ იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-3 პუნქტის სადავო პერიოდში მოქმედ რედაქციაზე, რომელიც კანონის მოქმედებას მათ შორის ავრცელებდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში დასაქმებულ, სპეციალური და სამხედრო წოდებების მქონე პირების საქმიანობაზე. ამავე კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის თანახმად კი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი პოლიციელებსა და სამინისტროს მოსამსახურეებზე ვრცელდებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ კანონითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით სხვა რამ არ იყო დადგენილი (კანონის ამჟამად მოქმედი რედაქციის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედება პოლიციელსა და სამინისტროს სხვა მოსამსახურეზე ვრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ კანონით, სხვა საკანონმდებლო აქტით ან/და მათ საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით სხვა რამ არ არის დადგენილი).

ზემოაღნიშნული კანონის 41-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციით, პოლიციელის სამსახურიდან დათხოვნის ერთ-ერთ საფუძველს წარმოადგენდა დისციპლინური გადაცდომის ჩადენა ან მის მიმართ კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენი (მსგავსი შინაარსის რეგულირებას მოიცავს დასახელებული კანონის ამჟამად მოქმედი რედაქციის 41-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ზ” ქვეპუნქტი). ამავე კანონის ამავე კანონის 59-ე მუხლის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია კი, სამსახურებრივი დისციპლინის დარღვევისათვის სამინისტროს მოსამსახურის მიმართ გამოსაყენებლად ითვალისწინებდა შემდეგ დისციპლინური სახდელებს: ა) შენიშვნა; ბ) საყვედური; გ) სასტიკი საყვედური; დ) სამინისტროს სამკერდე ნიშნის ჩამორთმევა; ე) სპეციალური ან სამხედრო წოდების ერთი საფეხურით ჩამოქვეითება; ვ) თანამდებობიდან ჩამოქვეითება; ზ) სამსახურიდან დათხოვნა (იგივე რეგულირებას შეიცავს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №989 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების“ მე-3 მუხლი).

საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №989 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების“ სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის მე-2 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, დისციპლინური გადაცდომის ჩადენისათვის მოსამსახურეს ეკისრება დისციპლინური სახდელი. ხოლო, ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ა1“ და „ვ“ ქვეპუნქტები დისციპლინური გადაცდომის სახედ ითვალისწინებდა სამსახურებრივ მოვალეობათა შეუსრულებლობას, სამსახურებრივ მოვალეობათა არაჯეროვან შესრულებას და მოსამსახურისათვის შეუფერებელ ქმედებას, რომელიც ლახავდა სამინისტროს სისტემის ავტორიტეტს. აღსანიშნავია, რომ დასახელებული წესდების სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის მე-4 მუხლის მე-10 პუნქტის თანახმად, დისციპლინური სახდელის გამოყენებისას გათვალისწინებული უნდა ყოფილიყო ჩადენილი გადაცდომის შინაარსი და სიმძიმე, შედეგები, აგრეთვე ჩადენის გარემოებები, მოსამსახურის პიროვნება და დამსახურება.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, შრომის თავისუფლება უზრუნველყოფილია. ყველას აქვს სამუშაოს თავისუფალი არჩევის უფლება. უფლება შრომის უსაფრთხო პირობებზე და სხვა შრომითი უფლებები დაცულია ორგანული კანონით. საქართველოს კონსტიტუციის ზემოხსენებული ნორმით გარანტირებული შრომის უფლება გულისხმობს მოქალაქის უფლებას გააჩნდეს წვდომა საჯარო სამსახურზე და სახელმწიფოს ვალდებულებას არ დაუშვას პირის საჯარო სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლება. შრომის უფლება არ არის აბსოლუტური უფლება და ექვემდებარება შეზღუდვას კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, თუმცა მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველი უნდა იყოს დამაჯერებლად დასაბუთებული.

შრომის თავისუფლებასთან დაკავშირებულ ნორმა-პრინციპი გათვალისწინებული იყო საქართველოს 2018 წლის 23 მარტის №2071 კონსტიტუციური კანონით განხორციელებულ ცვლილებებამდე არსებული საქართველოს კონსტიტუციის რედაქციის 30-ე მუხლით. აღსანიშნავია, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტების თანახმად, კონსტიტუციის 30-ე მუხლის 1-ლი პუნქტით „დაცულია არა მხოლოდ უფლება, აირჩიო სამუშაო, არამედ ასევე უფლება განახორციელო, შეინარჩუნო და დათმო ეს სამუშაო, დაცული იყო უმუშევრობისაგან და ისეთი რეგულირებისაგან, რომელიც პირდაპირ ითვალისწინებს ან იძლევა სამსახურიდან უსაფუძვლო, თვითნებური და უსამართლო გათავისუფლების საშუალებას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება 2007 წლის 26 ოქტომბრის №2/2-389 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე მაია ნათაძე და სხვები საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ“, II-19).

საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომელიც განსაზღვრავს, რომ საქართველოს ყოველ მოქალაქეს აქვს უფლება დაიკავოს ნებისმიერი საჯარო თანამდებობა, თუ იგი აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. მსგავსი შინაარსის რეგულირებას შეიცავდა საქართველოს 2018 წლის 23 მარტის №2071 კონსტიტუციური კანონით განხორციელებულ ცვლილებებამდე არსებული საქართველოს კონსტიტუციის რედაქციის 29-ე მუხლიც, რომელთან დაკავშირებით, საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ „საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტი „მოიცავს სახელმწიფო სამსახურში საქმიანობის შეუფერხებელი განხორციელების სხვადასხვა უფლებრივ კომპონენტს, მათ შორის, სამსახურიდან დაუსაბუთებელი გათავისუფლებისგან დაცვის გარანტიას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 7 აპრილის №3/2/717 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები მთვარისა კევლიშვილი, ნაზი დოთიაშვილი და მარინა გლოველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-13).

ამდენად, საკასაციო პალატა ასკვნის, რომ პირის სამსახურიდან გათავისუფლების თითოეული შემთხვევის შეფასება უნდა მოხდეს განსაკუთრებული სიფრთხილით, რამდენადაც იგი წარმოადგენს კონსტიტუციურად განმტკიცებულ ადამიანის ერთ-ერთ ფუნდამენტურ ძირითად უფლებაში ჩარევას, რომელიც შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ მკაფიოდ განსაზღვრული ლეგიტიმური მიზნის არსებობის პირობებში, გათავისუფლების როგორც უკიდურესი ღონისძიების გამოყენების აუცილებლობისას, დასაცავ ინტერესსა და შეზღუდულ უფლებას შორის პროპორციულობის დაცვით.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. გარდა ამისა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს, რომ საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6 მუხლზე, რომლის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია განახორციელოს დისკრეციული უფლებამოსილება მხოლოდ იმ მიზნით, რომლის მისაღწევადაც მინიჭებული აქვს ეს უფლებამოსილება. ამავე კოდექსის მე-7 მუხლის თანახმად კი, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას არ შეიძლება გამოიცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, თუ პირის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესებისათვის მიყენებული ზიანი არსებითად აღემატება იმ სიკეთეს, რომლის მისაღებადაც იგი გამოიცა. დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ შეიძლება გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-4-მე-5 ნაწილები განსაზღვრავს, რომ თუ ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, წერილობით დასაბუთებაში მიეთითება ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ შრომით ურთიერთობაში, დასაქმებულის მიერ შესაბამისი პირის გათავისუფლების თაობაზე გადაწყვეტილების მიღება ექცევა მისი დისკრეციული უფლებამოსილების სფეროში, თუმცა საკასაციო პალატა ხაზს უსვამს, რომ დისკრეციული უფლებამოსილება და მასში ჩარევის შეუძლებლობა, არ აძლევს ადმინისტრაციული ორგანოს თვითნებობის გარანტიას და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების ფარგლებში მხოლოდ მიზანშეწონილობის კრიტერიუმით ხელმძღვანელობის შესაძლებლობას. დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში გადაწყვეტილების მიღება ავტომატურად არ ადასტურებს მის კანონიერებას და ადმინისტრაციულ ორგანოს არ ათავისუფლებს მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთებისგან. სამართალწარმოების ფარგლებში, სასამართლომ უნდა შეამოწმოს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში განხორციელებული შესაბამისი ქმედების ან მიღებული გადაწყვეტილების აუცილებლობა და მისი კანონიერება და გამორიცხოს შესაბამისი ორგანოს მიერ თვითნებური, მიკერძოებული ან კანონთან შეუსაბამო გადაწყვეტილების მიღება, ამასთან, მიღებული გადაწყვეტილება უნდა იყოს დასაბუთებული და დეტალურად უნდა იყოს განსაზღვრული თუ რატომ გამოიწვია კონკრეტული გარემოებების ერთობლიობამ და მათმა შეფასებამ კონკრეტული გადაწყვეტილების მიღება, განსაკუთრებით იმ პირობებში, თუ კანონმდებლობა ითვალისწინებს დასაქმებულის მიმართ ნაკლებად მზღუდავი გადაწყვეტილების მიღების ალტერნატივას.

საკასაციო სასამართლო დამატებით მიუთითებს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის - ILO-ს (რომლის წევრიც საქართველო არის 1993 წლიდან) №158 კონვენციაზე (დასაქმების შეწყვეტის შესახებ კონვენცია), რომელიც აწესებს საერთაშორისო სტანდარტს იმ თვალსაზრისით, თუ რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს დასაქმებულის გათავისუფლება. მოცემული კონვენციის მე-4 მუხლის თანახმად „დამსაქმებელმა არ უნდა შეწყვიტოს დასაქმებულთან არსებული შრომითი ურთიერთობა, თუ არ არსებობს მისი შეწყვეტის იმგვარი სათანადო საფუძველი, რომელიც დაკავშირებულია დასაქმებულის კვალიფიკაციასთან, ქცევასთან ან საწარმოს, დაწესებულების ან სამსახურის ოპერაციულ საჭიროებებთან. ხსენებულ კონვენციასთან მიმართებით მნიშვნელოვან დოკუმენტს წარმოადგენს ასევე ILO-ს მიერ შექმნილი ექსპერტთა კომიტეტის („ექსპერტთა კომიტეტის კონვენციებისა და რეკომენდაციების გამოყენების თაობაზე“ - CEACR) 1995 წლის სამართლებრივი დოკუმენტი: „დაცვა უსაფუძვლო გათავისუფლებისგან“, რომელიც სწორედ ამ კონვენციის დანაწესთა სიღრმისეულ ანალიზს და პრაქტიკაში ეფექტიანი გამოყენების წესის განსაზღვრას ისახავს მიზნად. მოცემული დოკუმენტის (პარაგრაფი 93) თანახმად, „დასაქმებულის მიმართ დისციპლინური მოქმედების კონტექსტში, დასაქმებულის გათავისუფლება უნდა იყოს მის მიმართ გამოსაყენებელი უკიდურესი ზომა.“

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ პირისთვის დისციპლინური სახდელის შეფასებისას ადმინისტრაციული ორგანოს თვითმიზანს მისი დასჯა არ უნდა წარმოადგენდეს და იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას, რომ განსახილველ შემთხვევაში, გასაჩივრებულ ადმინისტრაციულ აქტში არ არის მსჯელობა გამოყენებული დისციპლინური პასუხისმგებლობის სახის ჩადენილი დარღვევის სიმძიმესთან პროპორციულობასა და თანაზომიერებაზე; კერძოდ მოსარჩელის მიმართ ყველაზე მძიმე დისციპლინური სახდელის - სამსახურიდან დათხოვნის გამოყენების მიზანშეწონილობის და აუცილებლობის თაობაზე, მაშინ, როდესაც სანქციის ალტერნატივის არსებობა სწორედ ასეთ დასაბუთების საჭიროებას ადასტურებდა. ამასთან, არ არის განმარტებული, თუ განსახილველ შემთხვევაში, შესაბამისი კანონიერი მიზნების მიღწევას რატომ ვერ უზრუნველყოფდა უფრო მსუბუქი დისციპლინური სახდელის გამოყენება. აღნიშნული კი განსაკუთრებით საყურადღებოა იმ პირობებში, როდესაც საქმის მასალების თანახმად, სამსახურიდან გათავისუფლების დროისთვის, მოსარჩელე ითვლებოდა დისციპლინური პასუხისმგებლობის არმქონედ და ნამსახურობის პერიოდში იგი არაერთხელ იქნა წახალისებული.

გარდა ამისა, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიმართ კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველაზე მძიმე სახდელის გამოყენების შეფასებისას, გათვალისწინებული უნდა ყოფილიყო ჩადენილი გადაცდომის შინაარსი და სიმძიმე, შედეგები, აგრეთვე ჩადენის გარემოებები, მოსამსახურის პიროვნება და დამსახურება. საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). მოცემულ საქმეზე სააპელაციო პალატამ ერთი მხრივ აღნიშნა, რომ გენერალური ინსპექციის დასკვნით დასტურდებოდა, რომ დარღვევების აღმოსაფხვრელად შემუშავდა გეგმა და ასევე დასკვნით არ გამოიკვეთა ისეთი დარღვევა, რომელიც იქნებოდა შეუქცევადი, გამოუსწორებელი, რომელიც შელახავდა სამინისტროს სისტემის ავტორიტეტს, ხოლო მეორე მხრივ ყურადღება გაამახვილა თავად მოსარჩელე - კ.ს-ას პოზიციაზე და მის მიერ განხორციელებულ მოქმედებებზე, კერძოდ, განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ სამსახურებრივი პატაკებითა და მიმართვებით დასტურდებოდა, რომ კ.ს-ა არსებული პრობლემების შესახებ ხელმძღვანელ პირებს აწვდიდა ინფორმაციას, ხოლო აღნიშნული გარემოებების საპირისპიროდ მოპასუხეებს არ წარმოუდგენიათ დასაბუთებული შედავება.

გარდა ზემოაღნიშნულისა, საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა მიმართ ჩატარებული სამსახურებრივი შემოწმების შედეგებზე შედგენილი დასკვნის თანახმად გამოიკვეთა სამინისტროს საფინანსო-სამეურნეო დეპარტამენტის არაერთი თანამშრომლის მიმართ გადაცდომის ჩადენის ფაქტი, მათ შორის გამოიკვეთა კ.ს-ას უშუალო უფროსის - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსდ - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ...ის დეპარტამენტის ...ის სამმართველოს უფროსის -ი.ტ-ის მიერ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ (სამსახურებრივ მოვალეობათა შეუსრულებლობა), „ა1“ (სამსახურებრივ მოვალეობათა არაჯეროვანი შესრულება) „თ“ (შრომის დისციპლინის წესის დარღვევა (სახელმწიფო ქონების არასამსახურებრივი მიზნით გამოყენება)) და „გ“ (ქონებრივი ზიანის მიყენება) ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომა, თუმცა აღსანიშნავია, რომ ი.ტ-ის და თანამშრომელთა გარკვეული რაოდენობის მიმართ დისციპლინური სახდელის სახედ გამოყენებულ იქნა - თანამდებობიდან ჩამოქვეითება, ამასთან, ზოგიერთი თანამშრომლის მიმართ გამოყენებულ იქნა მკაცრი საყვედური, საყვედური და შენიშვნა, ხოლო კ.ს-ა წარმოადგენდა ერთ-ერთ იმ გამონაკლისთაგანს, რომლის მიმართაც გამოყენებულ იქნა ყველაზე მძიმე დისციპლინური სახდელი - სამსახურიდან დათხოვნა. როგორც უკვე აღინიშნა, საქმის მასალებში არ არის დეტალური დასაბუთება, თუ რატომ იქნა გამოყენებული კ.ს-ას მიმართ კანონით გათვალისწინებული ყველაზე მძიმე დისციპლინური სახდელი იმ პირობებში, როდესაც მას მოქმედი არ ჰქონდა მოქმედი დისციპლინური სახდელი და სხვა თანამშრომლების მიმართ გამოყენებულ იქნა უფრო მსუბუქი სახდელი.

ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ განსახილველ შემთხვევაში, შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებისას, ადმინისტრაციულმა ორგანომ სათანადოდ არ შეაფასა მოსარჩელის სამუშაო სტაჟი, მისი სამსახურებრივი დახასიათებები, რაც ადასტურებდა მოსარჩელის მიმართ უფრო მსუბუქი სახდელის გამოყენების შესაძლებლობას. ამდენად, მოსარჩელისათვის სახდელის სახედ სამსახურიდან დათხოვნის შეფარდება, რომელსაც წინ არ უსწრებს უფრო მსუბუქი დისციპლინური სახდელი, საქმეში წარმოდგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, წარმოადგენს შეუსაბამოდ მკაცრ ზომას და ადასტურებს სადავო აქტის ბათილად ცნობის წინაპირობების არსებობას.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-3 ნაწილის სადავო პერიოდში მოქმედ რედაქციაზე, რომლის თანახმად, ზემდგომი ორგანოს ან სასამართლოს მიერ მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების შემთხვევაში საჯარო დაწესებულება ვალდებულია მოხელე დაუყოვნებლივ აღადგინოს იმავე თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის არარსებობისას – ტოლფას თანამდებობაზე იმავე საჯარო დაწესებულების სისტემაში. თუ სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული მოხელის სამსახურში აღდგენა შეუძლებელია იმავე საჯარო დაწესებულების სისტემაში ტოლფასი ვაკანტური თანამდებობის არარსებობის გამო, საჯარო დაწესებულება ვალდებულია დაუყოვნებლივ მიმართოს ბიუროს საჯარო სამსახურის სისტემაში ტოლფასი ვაკანტური თანამდებობის მოძიების თხოვნით. სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული მოხელის სხვა საჯარო დაწესებულებაში ტოლფას თანამდებობაზე აღდგენა დასაშვებია უკანონოდ გათავისუფლებული მოხელისა და ამ საჯარო დაწესებულების თანხმობით. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ იმ პირობებში, როდესაც დადასტურებულია კ.ს-ას დისციპლინური წესით დასჯისა და შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის თაობაზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2021 წლის 29 ივნისის №MIA 9 21 01643304 ბრძანების ბათილად ცნობის წინაპირობების არსებობა, ასევე საფუძვლიანია მოსარჩელის მოთხოვნა მისი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ...ის დეპარტამენტის ...ის სამმართველოს ...ის ან ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის თაობაზე.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-4 პუნქტზე, რომლის თანახმად, სამსახურში აღდგენილ მოხელეს ეძლევა განაცდური თანამდებობრივი სარგო და საკლასო დანამატი, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრული წელთა ნამსახურობის დანამატი და წოდებრივი სარგო (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ იმ პირობებში, როდესაც სასამართლომ უკანონოდ მიიჩნია მოსარჩელესთან შრომითი-სამართლებრივი ურთიერთობის გაგრძელებაზე მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს უარი და საფუძვლიანად მიიჩნია მოსარჩელის მოთხოვნა სამსახურში აღდგენის შესახებ, იკვეთებოდა მოპასუხისთვის კ.ს-ას სასარგებლოდ განაცდური ხელფასის ანაზღაურების წინაპირობების არსებობაც.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის საკასაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 15 ნოემბრის განჩინება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 15 ნოემბრის განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

მ. ვაჩაძე

ბ. სტურუა