Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

№ბს-957(კ-24) 21 მაისი, 2025 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ქეთევან ცინცაძე, ბადრი შონია

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა მ.ჩ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 2 მაისის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, მესამე პირი - მა.ჩ-ი).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. მ.ჩ-მა სარჩელით მიმართა მცხეთის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ.

მოსარჩელემ მოითხოვა: ა) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 29 ივლისის №... გადაწყვეტილება მ.ჩ-ის სახელზე 287 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის, ს/კ ... რეგისტრაციის შესახებ; ბ) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 14 სექტემბრის №... გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ; გ) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაევალოს გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მ.ჩ-ის მფლობელობაში არსებულ 146 კვ.მ მიწის ნაკვეთისა და მ.ჩ-ის სახელზე საკადასტრო კოდით ... რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების ერთობლივად დათვალიერების შესახებ; დ) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაევალოს გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მ.ჩ-ის მფლობელობაში არსებული 146 კვ.მ მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის შესახებ; ე) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 26 ოქტომბრის №... გადაწყვეტილება მ.ჩ-ის №27919/17 ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

2. მცხეთის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 14 მარტის გადაწყვეტილებით მ.ჩ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა მ.ჩ-ის მიერ.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 2 მაისის განჩინებით მ.ჩ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა მცხეთის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 14 მარტის გადაწყვეტილება.

,,მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტებზე, საქართველო იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 31 დეკემბრის №487 ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის 371 მუხლის პირველ, მე-3 - მე-6 პუნქტებზე, სადავო პერიოდში მოქმედი „მიწის რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველ მუხლზე, მე-7 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებზე, მე-11 მუხლის მე-2 პუნქტზე, მე-17 მუხლის პირველ, მე-2 და მე-3 პუნქტებზე მითითებით სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ სადავო პერიოდში მოქმედი ნორმატიული აქტით („მიწის რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონი), საკუთრების უფლების პირველი რეგისტრაციისთვის განმცხადებელს უნდა წარედგინა კონკრეტულ უძრავ ნივთზე მისი საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, ხოლო მარეგისტრირებელ ორგანოს კი, საკუთრების უფლების რეგისტრაცია სწორედ უფლების წარმომშობი სათანადო დოკუმენტის საფუძველზე და მის შესაბამისად უნდა განეხორციელებინა. უძრავი ქონების ობიექტებზე უფლების რეგისტრაცია (სადავო პერიოდში) მოიცავდა ორ მთავარ მოქმედებას: მიწის კადასტრის სამუშაოების ჩატარებას, ე.ი სარეგისტრაციო ნომრის მინიჭებას, გეოგრაფიული ადგილმდებარეობის, საზღვრების დადგენას და დოკუმენტირებას და ამ ქონებაზე უფლების დადგენას.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის დაბა ...ში მდებარე 450 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (დაზუსტებული ფართობი - 287 კვ.მ), საკადასტრო კოდი №... (ნაკვეთის წინა ნომე....), რეგისტრირებულია მ.ჩ-ის საკუთრების უფლება. უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად მითითებულია საგადასახადო სია №623 და საქართველოს ეროვნული არქივის დუშეთის რეგიონული არქივის 2016 წლის 24 ოქტომბრის №31/59940 საარქივო ცნობა. 22.11.2001წ. №... მიწის (უძრავი ქონების) სააღრიცხვო ბარათის (მიწის (უძრავი ქონების) სარეგისტრაციო ნომე. - ...) თანახმად, მ.ჩ-ის სახელზე რეგისტრირებულია სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ს/კ ... ), 0.045 ჰა. უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად მითითებულია სასოფლო-სამეურნეო მიწის გადასახადის გადამხდელთა საგადასახადო სია №623. სააღრიცხვო ბარათზე თანდართულია 22.11.2001წ. საკადასტრო რუკა, სადაც აღნიშნულია მიწის ნაკვეთების საკადასტრო მონაცემები, ე.ი უძრავ ქონებაზე ჩატარდა საკადასტრო სამუშაოები, რომელიც დოკუმენტირებული იქნა საკადასტრო რუკის ფორმით. რაც შეეხება უფლების დადგენას, მ.ჩ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციისას გამოყენებულ იქნა საგადასახადო სია №623. აღსანიშნავია, რომ შედგენილი სააღრიცხვო ბარათი და საკადასტრო რუკა ხელმოწერილია რეგისტრატორის მიერ და მასზე დასმულია მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის ბეჭედი. №... საკადასტრო კოდით გახსნილ უძრავი ნივთის საკადასტრო რუკაზე მითითებულია მომიჯნავედ არსებული მიწის ნაკვეთების საკადასტრო კოდები: დასავლეთით ...; სამხრეთით ...; ჩრდილოეთით ....

საქმის მასალებით ასევე დადგენილია, რომ 2022 წლის 9 მარტს მ.ჩ-მა №... სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და სისტემური რეგისტრაციის გეოგრაფიულ არეალში, სპორადული რეგისტრაციის ფარგლებში, მიწის ნაკვეთზე (ს/კ ...) საკადასტრო

მონაცემების დაზუსტება/ცვლილება მოითხოვა. უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის ან/და დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის/დაზუსტებული საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადგენის მიზნით, საჯარო რეესტრის №... გადაწყვეტილებით დაინიშნა მიწის ნაკვეთის ადგილზე დათვალიერება.

ზემოდასახელებული ნორმატიული აქტები, როგორც სისტემური ასევე სპორადული რეგისტრაციის განხორციელებისას ადგენენ სააგენტოს და განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროექტის განმახორციელებლის ვალდებულებას, შესაბამის სარეგისტრაციო ბლოკში შემავალ მიწის ნაკვეთებთან დაკავშირებით ინფორმაციის/დოკუმენტაციის მოძიების, დამუშავების და სისტემატიზაციის ვალდებულებას, კერძოდ, მოძიებული და დამუშავებული უნდა იქნეს: ა) უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში დაზუსტებული და დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთები და რეგისტრაციის საფუძვლად არსებული დოკუმენტაცია; ბ) უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში მიწის ნაკვეთების გრაფიკული მონაცემები; გ) მიღება-ჩაბარების აქტები; დ) საკომლო წიგნის ჩანაწერები; ე) საგადასახადო სიები; ვ) ტექნიკური აღრიცხვის არქივის მონაცემები; ზ) მიწის განაწილების სიები; თ) საკუთრებისა და მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი სხვა დოკუმენტაცია. ამავდროულად, სააგენტო და განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროექტის განმახორციელებელი ვალდებულია სათანადოდ შეისწავლოს მოპოვებული დოკუმენტაცია/ინფორმაცია, გადაამოწმოს მომიჯნავე მიწის ნაკვეთების უფლების დამდგენი დოკუმენტაცია და საკადასტრო/გრაფიკული მონაცემები, სააგენტოში დაცული და საველე სამუშაოების შედეგად მოძიებული, სარეგისტრაციო ბლოკში მდებარე მიწის ნაკვეთების მესაკუთრეთა/საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლების მქონე პირთა მიერ მოწოდებული ინფორმაციის/დოკუმენტაციის ანალიზისა და შეჯერების საფუძველზე განსაზღვროს მიწის ნაკვეთის მდებარეობა სარეგისტრაციო ბლოკის სხვა მიწის ნაკვეთებთან და უფლების დამადასტურებელ დოკუმენტებთან მიმართებით. აღნიშნული წესი არ გამოიყენება, თუ სარეგისტრაციო დოკუმენტაციის საფუძველზე, უტყუარად დგინდება მიწის ნაკვეთის ფაქტობრივი მდებარეობა. განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი 2022 წლის 7 ივნისის „სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების ოქმით“ დგინდება, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლების მიერ განხორციელდა ყაზბეგის მუნიციპალიტეტის დაბა ...ში მდებარე მიწის ნაკვეთის ადგილზე დათვალიერება და შედგა შესაბამისი ოქმი №.... მითითებული ოქმის თანახმად, სარეგისტრაციო მიწის ნაკვეთი შეესაბამება უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებულ/საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთს. ადგილზე დათვალიერების შედეგად აზომილი მიწის ნაკვეთის ფართობმა შეადგინა 287 კვ.მ.

სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის არგუმენტაცია ადგილზე დათვალიერების მისი მონაწილეობის გარეშე ჩატარებასთან დაკავშირებით და განმარტა, რომ საქმის მასალების მიხედვით, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 13 ივნისის №... გადაწყვეტილებით საჯაროდ გამოქვეყნდა 2022 წლის 7 ივნისის ადგილზე დათვალიერების №... ოქმი საჯარო რეესტრის ოფიციალურ ვებ-გვერდზე - .... ამავე დოკუმენტით განიმარტა, რომ ყველას აქვს უფლება წარადგინოს დასაბუთებული წერილობითი მოსაზრება საჯარო გაცნობისთვის წარდგენილ დოკუმენტებთან დაკავშირებით, ინფორმაციის საჯარო გაცნობისთვის გამოქვეყნებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში. ამასთან, დადგინდა, რომ წინამდებარე გადაწყვეტილების საჯაროდ გამოქვეყნებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში დამატებითი დოკუმენტაცია/ინფორმაციის წარუდგენლობის შემთხვევაში, უფლება რეგისტრირდება საჯაროდ გაცნობისთვის წარდგენილი მიწის ნაკვეთის ადგილზე დათვალიერების შედეგების და არსებული დოკუმენტაციის/ინფორმაციის საფუძველზე.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე და 105-ე მუხლებზე მითითებით სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ მტკიცებულებათა თავისუფალი შეფასების პრინციპიდან გამომდინარე, სასამართლო, მტკიცებულებების გამოკვლევის შემდეგ, თავად წყვეტს რომელი მათგანი უნდა მიიჩნიოს სარწმუნოდ და გაიზიაროს. სასამართლოს მიერ მტკიცებულების შეფასება გულისხმობს მტკიცებულებათა როგორც ინდივიდუალურ, ასევე მათ ერთობლიობაში შეფასებას. ამასთან, სასამართლო ვალდებულია, მხარეთა ახსნა-განმარტება, წარმოდგენილი მტკიცებულება და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებიც შეაფასოს მათი შინაარსის და იურიდიული დამაჯერებლობის კუთხით. აღნიშნული გულისხმობს ყველა იმ ობიექტური თუ სუბიექტური კრიტერიუმების განხილვას, დადგენას და გამორიცხვას, რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებაზე. მხარის ზეპირსიტყვიერი განმარტებები, შესაბამისი გარემოებების დამადასტურებელი წერილობითი მტკიცებულებების წარმოდგენის გარეშე, არ წარმოადგენს ამგვარი გარემოებების დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებას. განსახილველ შემთხვევაში, იმის გათვალისწინებით, რომ №... (ახალი საკადასტრო კოდი №...) საკადასტრო კოდით აღრიცხული უძრავი ნივთის საკადასტრო რუკის მონაცემები თანხვედრაშია მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ ადგილზე დათვალიერების შედეგად დაფიქსირებულ მონაცემებთან, ხოლო აპელანტის მიერ წარმოდგენილი არ არის აღნიშნული გარემოების გამაბათილებელი შესაბამისი მტკიცებულებები, დასაბუთებულია პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასება, რომ 2022 წლის 29 ივლისის №... გადაწყვეტილება ყაზბეგის მუნიციპალიტეტის დაბა ...ში 287 კვ.მ მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობაზე (საკადასტრო კოდი ... (წინა საკადასტრო კოდი ...)) დაზუსტებული მონაცემებით მ.ჩ-ის სახელზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის თაობაზე კანონიერია.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 2 მაისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ.ჩ-მა.

კასატორი აღნიშნავს, რომ მა.ჩ-ის მიერ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში სარეგისტრაციო წარმოება დაწყებული იყო №... საკადასტრო კოდზე მდებარე 270 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე ცვლილების რეგისტრაციის განხორციელების მიზნით, რაზეც საჯარო რეესტრმა 2017 წლის 7 ივნისს მიიღო №... გადაწყვეტილება იმ საფუძვლით, რომ საკადასტრო აზომვითი ნახაზის ქაღალდისა და ელექტრონული ვერსიების საფუძველზე მომზადებული სიტუაციური ნახაზის მიხედვით, დადგინდა ინსტრუქციით გათვალისწინებული ზედდება №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ ნაკვეთთან (მესაკუთრე მ.ჩ-ი). კანონმდებლობით დადგენილ ვადაში მ.ჩ-მა არ წარადგინა შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტი/ინფორმაცია და 2017 წლის 19 ივლისს მიღებულ იქნა სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ №... გადაწყვეტილება, რაზეც მა.ჩ-მა წარადგინა №299144/17 ადმინისტრაციულ საჩივარი. საჩივარში მიუთითა, რომ შეცდომით მოითხოვდა №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთის ცვლილების რეგისტრაციას და ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში დააზუსტა მოთხოვნა, რომ №... სარეგისტრაციო განცხადებით სურდა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთის ცვლილების რეგისტრაცია ყაზბეგის მუნიციპალიტეტის დაბა ...ში მდებარე 450 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი ...). საჯარო რეესტრმა საჩივარი დააკმაყოფილა და წარმოება განაახლა №... საკადასტრო კოდზე, რომელზეც ისევ მ.ჩ-ის სახელზე №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის ზედდება გამოიკვეთა. მა.ჩ-ის მოთხოვნით საჯარო რეესტრმა მ.ჩ-ის სახელზე განხორციელებული რეგისტრაცია ძალადაკარგულად გამოაცხადა.

კასატორის განმარტებით, არცერთ სასამართლო ინსტანციას არ გამოუკვლევია, რომ №... და №... საკადასტრო კოდებით რეგისტრირებული ნაკვეთები სხვადასხვა ადგილზე მდებარეობს და ვერანაირად ვერ ექნებოდათ ზედდება მ.ჩ-ის საკუთრებაში რეგისტრირებულ №... საკადასტრო კოდთან. მა.ჩ-ის ადმინისტრაციული საჩივრის ფარგლებში საჯარო რეესტრმა მოახდინა №... სარეგისტრაციო განცხადებით მოთხოვნილი №... და №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთების ადგილზე დათვალიერება. 2017 წლის 9 აგვისტოს, ადგილზე დათვალიერებაზე, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებოდნენ მა.ჩ-ი, მ.ჩ-ი, ა.ფ-ი (ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენელი), ნ.ჩ-ი, მ.ჩ-ი, ლ.ხ-ე. მ.ჩ-მა, მ.ჩ-მა, ნ.ჩ-მა და ლ.ხ-ემ განაცხადეს, რომ არც მა.ჩ-ს და არც მის მამას სადავო მიწის ნაკვეთზე არასდროს უცხოვრიათ, ისინი სხვა ადგილას ცხოვრობდნენ გაყრილობის აქტის თანახმად და მისი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტიც სწორედ სხვაგან მდებარე მიწის ნაკვეთს შეესაბამება. მათ განაცხადეს, რომ სადავო უძრავი ნივთი წარმოადგენს თანასაკუთრებას და ეკუთვნოდა 3 ოჯახს, მათ შორის, მ.ჩ-საც. მა.ჩ-ის განმარტებით, მიწის ნაკვეთზე მდებარე სახლი და მის წინ მდებარე მიწის ნაკვეთი, რომელიც მოიცავს მ.ჩ-ის სახელზე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის ნაწილს, წარმოადგენს მის საკუთრებას. აღნიშნულ სახლში ცხოვრობდა მამამისი - გ.ჩ-ი, დებთან ერთად. ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენელმა ა.ფ-მა კი, დაადასტურა, რომ უძრავი ნივთი წარმოადგენს თანასაკუთრებას, თუმცა, მისთვის უცნობია თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ნივთიდან კონკრეტულ პირთა წილების ოდენობა.

სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2017 წლის 16 აგვისტოს №... და 18 აგვისტოს №... წერილებით მიმართა ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობას და მოითხოვა ინფორმაციის მოწოდება, კერძოდ, იყო თუ არა იდენტური უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული (სააღრიცხვო ბარათი სარეგისტრაციო ნომრით ..., საკადასტრო კოდი ...) და საკადასტრო აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთი. აღნიშნულ წერილზე 2017 წლის 4 სექტემბრის №473662/17 მიმართვის თანახმად, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენელმა არ დაადასტურა უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით (სააღრიცხვო ბარათი სარეგისტრაციო ნომრით ..., საკადასტრო კოდი ... და ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ გაცემული №2216 წერილი) გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის იდენტურობა წარდგენილ საკადასტრო აზომვით ნახაზზე ასახულ მიწის ნაკვეთთან მიმართებით. ასევე, 2017 წლის 18 აგვისტოს №... წერილზე პასუხად, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ 2017 წლის 13 სექტემბრის №495402/17 მიმართვის თანახმად, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენელმა არ დაადასტურა უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით (სააღრიცხვო ბარათი სარეგისტრაციო ნომრით ..., საკადასტრო კოდი ...) გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის იდენტურობა წარდგენილ საკადასტრო აზომვით ნახაზზე ასახულ მიწის ნაკვეთთან მიმართებით.

მცხეთის რაიონულ სასამართლოში სხდომების მიმდინარეობის დროს, დაისვა საკითხი მ.ჩ-ის მფლობელობაში არსებული 146 კვ.მ მიწის ნაკვეთის რა მოცულობა იყო მა.ჩ-ის ქონებასთან ზედდებაში - მ.ჩ-ს დაევალა აზომვითი ნახაზის წარდგენა, რაც ერთვის საქმის მასალებს. ნახაზით დადგინდა 70 კვ.მ მიწის ფართობი, რომელზეც მ.ჩ-მა მოითხოვა, რომ საჯარო რეესტრს ამ მოცულობაზე მოეხდინა ნაკვეთების ერთობლივად დათვალიერება, რაზეც არც ერთი ინსტანციის სასამართლო არ მსჯელობს.

გასაჩივრებულ განჩინებაში არ არის მსჯელობა მ.ჩ-ის უფლებებზე, მაშინ როცა №... საკადასტრო კოდით 146 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის რეგისტრაცია განხორციელდა შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 7 ოქტომბრის №21-02-1/101613 წერილის, სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე, კერძოდ, მ.ჩ-ის აწ გარდაცვლილი მეუღლის - გ.ჩ-ის სახელზე ირიცხებოდა 3000 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რაც საქმის მასალებს ერთვის. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ მ.ჩ-ის სახელზე განხორციელებული რეგისტრაცია ძალადაკარგულად ისე გამოაცხადა და გამოსცა სადავო აქტი, რომ არ გამოუკვლევია, გამოიწვევდა თუ არა საკუთრების უფლების ხელყოფას, მაშინ, როცა საჯარო რეესტრის სამსახურის პირდაპირ ვალდებულებას წარმოადგენს მოთხოვნილი რეგისტრაციის მართებულობის დადგენისას არ შემოიფარგლოს მხოლოდ დაინტერესებული პირის (მა.ჩ-ის) მიერ წარდგენილი დოკუმენტაციით და მოთხოვნილი რეგისტრაციის საფუძვლიანობის შემოწმება, კანონიერების შესწავლა მოახდინოს მის უწყებაში შემავალი საჯარო რეესტრის და ტექნიკური აღრიცხვის ბიუროში რეგისტრირებულ მონაცემებთან მიმართებით, რაც საჯარო რეესტრს არ განუხორციელებია.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 18 სექტემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული მ.ჩ-ის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ.ჩ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში.

საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 19 მაისის №... გადაწყვეტილებით, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, სოფელ ...ში №... საკადასტრო კოდზე მდებარე მიწის ნაკვეთზე, ფართობით 146 კვ.მ, რეგისტრირებული იყო მ.ჩ-ის საკუთრების უფლება (ტ.1, ს.ფ 31, 11-12, 28-29); ბ) 2017 წლის პირველ ივნისს, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს №... სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა მა.ჩ-მა და მოითხოვა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის დაბა ...ში, 270 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (ს/კ...) ცვლილების რეგისტრაციის განხორციელება. განცხადებას ერთვოდა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მიერ გაცემული №2216 ცნობა და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის ქაღალდისა და ელექტრონული ვერსიები (ტ.1, ს.ფ 337, 20-27); გ) 2017 წლის 7 ივნისს, სარეგისტრაციო სამსახურის მიერ, მიღებულ იქნა სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ №... გადაწყვეტილება, რომლითაც მა.ჩ-ს ეცნობა, რომ დადგინდა ინსტრუქციით გათვალისწინებული ზედდება №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ ნაკვეთთან (მესაკუთრე მ.ჩ-ი). ამასთან, თუ მა.ჩ-ი ეთანხმებოდა ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთის კონფიგურაციას და მდებარეობას, რომელთანაც ფიქსირდება სარეგისტრაციოდ წარდგენილი უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემების ზედდება, 30 კალენდარული დღის ვადაში წარსადგენი იყო კორექტირებული აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი (ტ.1, ს.ფ 128-129); დ) №... სარეგისტრაციო განცხადებაზე, მა.ჩ-ის მიერ, 2017 წლის 9 ივნისს, წარდგენილ იქნა განცხადება, რომლითაც უარს აცხადებდა მედიაციის დანიშვნაზე (ტ.1, ს.ფ 20-27); ე) ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის მიერ, 2017 წლის 15 ივნისს მიღებულ იქნა სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ №...- გადაწყვეტილება, რომლითაც მა.ჩ-ს ეცნობა, რომ ფიქსირდებოდა ინსტრუქციით გათვალისწინებული ზედდება №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ ნაკვეთთან და კანონმდებლობით დადგენილ ვადაში წარსადგენი იყო კორექტირებული აზომვითი ნახაზი (ტ.1, ს.ფ 20-27); ვ) მა.ჩ-მა არ წარადგინა შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტი/ინფორმაცია, რის გამოც რეგისტრაციის სამსახურმა 2017 წლის 19 ივლისს მიიღო წარმოების შეწყვეტის თაობაზე №... გადაწყვეტილება (ტ.1, ს.ფ 20-27, 30); ზ) მა.ჩ-მა ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა მარეგისტრირებელი ორგანოს 2017 წლის 19 მაისის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, რომლითაც სადავო უძრავი ნივთი დარეგისტრირდა მ.ჩ-ის სახელზე, ასევე მოითხოვა სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ 2017 წლის 15 ივნისის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა. საჩივარს დაურთო 1962 წლის 15 ოქტომბრის გაყრილობის აქტი, საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს პრეზიდიუმის №309 დადგენილება და საარქივო ცნობა №30. ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის ფარგლებში, მა.ჩ-მა დააზუსტა მოთხოვნა კერძოდ, მიუთითა, რომ №... სარეგისტრაციო განცხადებით სურდა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ნივთზე ცვლილების რეგისტრაცია (ტ.1, ს.ფ 20-27, 124-126); თ) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 29 სექტემბრის №... გადაწყვეტილებით მ.ჩ-ის ადმინისტრაციული საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. ძალადაკარგულად იქნა ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის რეგისტრაციის შესახებ 2017 წლის 19 მაისის №.. .და სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ 2017 წლის 19 ივლისის №... გადაწყვეტილებები და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურს დაევალა №... და №... სარეგისტრაციო წარმოების განახლება და გადაწყვეტილების 3.17 პუნქტის გათვალისწინებით, ახალი გადაწყვეტილების მიღება (ტ.1, ს.ფ 20-27, 28-29); ი) 2022 წლის 9 მარტს მა.ჩ-მა №... განცხადებით მიმართა მარეგისტრირებელ ორგანოს და სისტემური რეგისტრაციის გეოგრაფიულ არეალში, სპორადული რეგისტრაციის ფარგლებში, მიწის ნაკვეთზე საკადასტრო მონაცემების დაზუსტება/ცვლილება მოითხოვა (ს/კ...). განცხადებაზე თანდართული იყო - ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთის ამონაწერი და საკადასტრო რუკის ასლი (ტ.3, ს.ფ 4-5); კ) 2001 წლის 22 ნოემბერს მომზადებული მიწის (უძრავი ქონების) სააღრიცხვო ბარათის მიხედვით, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის დაბა ...ში მდებარე 450 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, საკადასტრო კოდი ..., რეგისტრირებულია მა.ჩ-ის საკუთრების უფლება; უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად მითითებულია საგადასახადო სია №623 (ტ.1. ს.ფ. 90). ამავე უძრავ ნივთზე 2021 წლის 13 დეკემბერს მომზადებული საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, №623 საგადასახადო სიასთან ერთად უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად მითითებულია საქართველოს ეროვნული არქივის დუშეთის რეგიონული არქივის 2016 წლის 24 ოქტომბრის №31/59940 საარქივო ცნობა. უფლების რეგისტრაციის თარიღი 2018 წლის 12 იანვარი (ტ.4, ს.ფ 123); ლ) №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო რუკაზე (თარიღი 2001 წლის 21 იანვარი, სარეგისტრაციო მოწმობა №...) მითითებულია მომიჯნავედ არსებული მიწის ნაკვეთების საკადასტრო კოდები: დასავლეთით ...; სამხრეთით ...; ჩრდილოეთით ... (ტ.4, ს.ფ 125, ტ.1. ს.ფ. 88); მ) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 13 ივნისის №... გადაწყვეტილებით საჯარო რეესტრის ოფიციალურ ვებ-გვერდზე: ..., საჯაროდ გამოქვეყნდა დაბა ... ში მდებარე 287 ფართობის მიწის ნაკვეთის ადგილზე დათვალიერების №... (07.06.2022) ოქმი (ტ.3, ს.ფ 133-134); ნ) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 25 ივლისის №... გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა მა.ჩ-ის ადმინისტრაციული საჩივარი, ბათილად იქნა ცნობილი სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ №... (13.06.2022 წ.) და №... (05.07.2022 წ.) გადაწყვეტილებები, ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტს დაევალა №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემების დაზუსტება უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების შედეგად მომზადებული ნახაზის შესაბამისად, სხვა დამაბრკოლებელი გარემოებების არარსებობის შემთხვევაში (ტ.3, ს.ფ 192-198); ო) 1998 წლის 2 მარტის №1318 მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, მ.ჩ-ს ყაზბეგის მუნიციპალიტეტში გამოეყო 0,11 ჰა ფართობი, ორ ნაკვეთად - 0.02 ჰა და 0.09 ჰა. მიღება-ჩაბარების აქტის მეორე გვერდზე დატანილია ორივე მიწის ნაკვეთის ნახაზი, მითითებულია მოსაზღვრე მიწის ნაკვეთების მესაკუთრეების თაობაზე ინფორმაცია, კერძოდ, 200 კვ.მ მიწის ნაკვეთს დასავლეთით ესაზღვრება გ.ა-ი, რომლის კომლის საკუთრების უფლება რეგისტრირებულია №... საკადასტრო კოდით (დაყოფის შედეგად მიენიჭა №... და №... საკადასტრო კოდები), №402 საგადასახადო სიის საფუძველზე. ამავე მიწის ნაკვეთს სამხრეთით ესაზღვრება ნ.ჩ-ი, რომლის კომლის საკუთრების უფლება რეგისტრირებულია №... საკადასტრო კოდით (ახალი საკადასტრო კოდი ...), №624 საგადასახადო სიის საფუძველზე, ხოლო აღმოსავლეთით ესაზღვრება ქუჩა, რაც შეესაბამება ორთოფოტოზე ასახულ მონაცემებს (ტ.1, ს.ფ 91, ტ.3, ს.ფ 192-198, ტ.2. ს.ფ. 254); პ) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 29 ივლისის №... გადაწყვეტილებით, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის დაბა ...ში 287 კვ.მ მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობაზე (საკადასტრო კოდი: ... (წინა საკადასტრო კოდი:...)), დაზუსტებული მონაცემებით დარეგისტრირდა მ.ჩ-ის საკუთრების უფლება (უფლების დამადასტურებელი დოკუმენტები: №623 საგადასახადო სია და №31/59940 (24.10.2016 წ.) საარქივო ცნობა) (ტ.4, ს.ფ 63, ტ.3 ს.ფ 155); ჟ) 2022 წლის 5 სექტემბერს, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს №... ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა მ.ჩ-ის წარმომადგენელმა ხ.დ-მა და მოითხოვა რეგისტრაციის შესახებ 2022 წლის 29 ივლისის №... გადაწყვეტილების გაუქმება და №... და №... სარეგისტრაციო განცხადებების ერთობლიობაში განხილვა (ტ.3, ს.ფ 182-183); ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ №... (14.09.2022წ.) გადაწყვეტილებით, ბათილად იქნა ცნობილი სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ №... (15.08.2022) გადაწყვეტილება და ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტს დაევალა ახალი გადაწყვეტილების მიღება, რომლითაც დაინტერესებულ პირს მოეთხოვებოდა მიწის ნაკვეთის კორექტირებული საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის ან რეგისტრაციის გაუქმების ან/და მის საფუძვლად არსებული უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გაუქმების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა (ტ.3, ს.ფ 229-231, 179); ხსენებული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტმა განაახლა №... სარეგისტრაციო წარმოება და სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ №... (15.09.2022) გადაწყვეტილებით მ.ჩ-ის აცნობა, რომ წარსადგენი იყო კორექტირებული საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი ზედდების ნაწილში ან რეგისტრირებული უძრავი ნივთის რეგისტრაციის გაუქმების ან/და მის საფუძვლად არსებული უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გაუქმების დამადასტურებელი დოკუმენტი (ტ. 4, ს.ფ 45); რ) ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტმა მიიღო სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ №... (17.10.2022) გადაწყვეტილება, ვინაიდან სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში არ იქნა წარდგენილი შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტი /ინფორმაცია. 2022 წლის 19 ოქტომბერს, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს №... ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა მ.ჩ-ის წარმომადგენელმა და მოითხოვა სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ №... (17.10.2022) გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, სარეგისტრაციო წარმოების განახლება, მე. და მა .ჩ-ების მიწის ნაკვეთების ფლობისა და იდენტურობის საკითხის ერთობლიობაში შესწავლა, რაც სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 26 ოქტომბრის №... გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა (ტ. 4, ს.ფ 226-227).

საკასაციო პალატა მიუთითებს სადავო პერიოდში მოქმედ „მიწის რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონზე (ძალადაკარგულია საქართველოს 12/28/2005 №2635 კანონით (გამოქვეყნებიდან ორი თვის შემდეგ)), რომლის 1-ლი მუხლის თანახმად, სააღრიცხვო ბარათი არის სარეგისტრაციო ფურცელი, რომელიც დგება თითოეულ მიწის ნაკვეთზე და მოიცავს ინფორმაციას ამ ნაკვეთის და მასზე არსებული სხვა უძრავი ქონების სამართლებრივი მდგომარეობისა და საზღვრების შესახებ, აგრეთვე რეგისტრირებული უფლების ობიექტის გეგმას (გრაფიკული ასახვა ცალკე მოცემულია კადასტრულ რუკაზეც). ამავე კანონის მე-7 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, ყოველ რეგისტრატურაში ინახება მიწის და სხვა უძრავი ქონების სააღრიცხვო (სარეგისტრაციო) ბარათები და სარეგისტრაციო რუკები. სააღრიცხვო ბარათზე მოცემული ჩანაწერები არის ამ ქონებასთან დაკავშირებით სამართლებრივი მდგომარეობის განსაზღვრის ძირითადი იურიდიული საფუძველი.

მითითებული კანონის მე-17 მუხლის მიხედვით, (1) მიწის და სხვა უძრავი ქონების პირველადი რეგისტრაცია ხდება სარეგისტრაციო ბარათის შედგენით ამ კანონისა და ყველა სხვა იმ ნორმატიული აქტის მოთხოვნათა შესაბამისად, რომლებითაც განისაზღვრება ამ ქონების უფლებრივი და ვალდებულებითი დატვირთვა; (2) პირველადი რეგისტრაცია შეიძლება მოხდეს ორ საფუძველზე: მიწის და სხვა უძრავი ქონების ობიექტებზე უფლებების დადგენისა და ამ ქონებაზე უფლებების გადასვლის საფუძველზე; (3) უძრავი ქონების ობიექტებზე უფლებების დადგენის საფუძველზე რეგისტრაცია გულისხმობს გარკვეული ტერიტორიის ფარგლებში მიწის კადასტრის სამუშაოების ჩატარებას, რათა რეგისტრირებულ და დოკუმენტირებულ იქნეს საკუთრება, უძრავი ქონების საზღვრები და მასზე უფლებები.

ამავე კანონის მე-11 მუხლის მიხედვით, (1) რეგისტრატურაში აუცილებლად უნდა ინახებოდეს რუკა ან რუკების ერთობლიობა, რომლებიც აღრიცხულია, მიწის და სხვა უძრავი ქონების რეგისტრაციის ზონის კადასტრული (ინდექსირებული) რუკები. ამ რუკების არსებობაზე პასუხისმგებელია რეგისტრატორი; (2) კადასტრულ რუკაზე მოცემული უნდა იყოს მიწის და სხვა უძრავი ქონების სარეგისტრაციო ნომე., საზღვრები, გეოგრაფიული ადგილმდებარეობა, სიტუაციური (გზები, მდინარეები, არხები, ელექტროგადამცემი ხაზები, ხევები, ხრამები და სხვა) და ყველა ის გეოდეზიურ-ტოპოგრაფიული მაჩვენებელი, რაც აუცილებელია საზღვრების დადგენისათვის, ნაჩვენები უნდა იყოს აგრეთვე სერვიტუტის საზღვრები.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ არაერთ საქმეზე გაკეთებულ განმარტებაზე, რომ მიწა შეიძლება არსებობდეს საკუთრებაში, როგორც დაზუსტებული, ასევე დაუზუსტებელი მონაცემებით. კანონმდებლობა არ შეიცავს დაუზუსტებელი მონაცემებით მიწის ნაკვეთის სუბიექტზე აღრიცხვის გამომრიცხავ დანაწესს. ამასთანავე, პირველად დაუზუსტებელ რეგისტრაციას არ აქვს მხოლოდ საცნობარო მნიშვნელობა, უმართებულოა მისი დაყვანა მხოლოდ ფაქტობრივ აღრიცხვამდე, რომელიც აღრიცხვის ობიექტის მიმართ არ იწვევს რაიმე სამართლებრივ შედეგს. სააღრიცხვო მონაცემებს იურიდიული მნიშვნელობა გააჩნია, სარეგისტრაციო აღრიცხვის ოფიციალობა უზრუნველყოფილია საჯარო რეესტრით (იხ. სუსგ 28.02.2013წ. №ბს-367-363(კ-12)).

საკასაციო პალატა კიდევ ერთხელ ამახვილებს ყურადღებას საქმეში წარმოდგენილ 22.11.2001წ. №... მიწის (უძრავი ქონების) სააღრიცხვო ბარათზე, რომლის თანახმად, მა.ჩ-ის სახელზე რეგისტრირებულია სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ს/კ ...), 0.045 ჰა. უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად მითითებულია სასოფლო-სამეურნეო მიწის გადასახადის გადამხდელთა საგადასახადო სია №623. საქმეში ასევე წარმოდგენილია 22.11.2001წ. საკადასტრო რუკა, რომელზეც მითითებულია, მათ შორის, უძრავი ნივთის სარეგისტრაციო მონაცემები და მომიჯნავედ არსებული მიწის ნაკვეთების საკადასტრო კოდები. სააღრიცხვო ბარათი და საკადასტრო რუკა ხელმოწერილია რეგისტრატორის მიერ და მასზე დასმულია მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის ბეჭედი. აღნიშნული გარემოებები ადასტურებს, რომ მა.ჩ-ის სახელზე განხორციელებული იყო პირველადი რეგისტრაცია. დადგენილია, რომ მა.ჩ-მა №... განცხადებით მიმართა მარეგისტრირებელ ორგანოს და სისტემური რეგისტრაციის გეოგრაფიულ არეალში, სპორადული რეგისტრაციის ფარგლებში, მიწის ნაკვეთზე საკადასტრო მონაცემების დაზუსტება/ცვლილება მოითხოვა (ს/კ ...).

საკასაციო პალატა მიუთითებს ,,მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ” საქართველოს კანონზე, რომელიც განსაზღვრავს მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესს, ადგენს ამ რეგისტრაციის სამართლებრივ საფუძვლებს და ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილე მხარეთა უფლება-მოვალეობებს (1.1 მუხლი).

ზემოაღნიშნული კანონის მე-14 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, სისტემური რეგისტრაციის გეოგრაფიულ არეალში უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის ან/და დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის/დაზუსტებული საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობას ადგენს სააგენტო, ხოლო განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროექტის ფარგლებში – განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროექტის განმახორციელებელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. იმავე დანაწესს ადგენს საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 31 დეკემბრის №487 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის“ 371 მუხლის 1-ლი პუნქტი.

„საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 31 დეკემბრის №487 ბრძანების 371 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის ან/და დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის/დაზუსტებული საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობა დგინდება, თუ: ა) მიღება-ჩაბარების აქტში მითითებული მიწის ნაკვეთის მოსაზღვრე ნაკვეთების მესაკუთრის/მესაკუთრეების შესახებ ინფორმაცია შესაბამისობაშია სააგენტოში დაცულ მონაცემებთან; ბ) აგეგმილი/აზომილი მიწის ნაკვეთის მდებარეობა დგინდება მომიჯნავედ რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების სარეგისტრაციო დოკუმენტაციით; გ) აგეგმილი/აზომილი მიწის ნაკვეთი შესაბამისობაშია მებაღეობის ამხანაგობის განაწილების გეგმასთან ან ადგილმდებარეობა დგინდება მებაღეობის ამხანაგობის სააგარაკო სახლის პროექტით; დ) სარეგისტრაციო დოკუმენტაციაში დაცულია აგეგმილი/აზომილი მიწის ნაკვეთის სქემატური ნახაზი, რომელშიც მითითებულია ინფორმაცია მიწის ნაკვეთის მოსაზღვრე ნაკვეთების მესაკუთრეების შესახებ ან სქემატური ნახაზით შესაძლებელია მიწის ნაკვეთის მდებარეობის დადგენა; ე) აგეგმილი/აზომილი ნაკვეთის ადგილმდებარეობა დგინდება ტექნიკური აღრიცხვის არქივში დაცული საინვენტარიზაციო გეგმით; ვ) სააგენტოში დაცული სხვა დოკუმენტაციის/ინფორმაციის, „კადასტრისა და მიწის რეგისტრაციის“ (გერმანიის რეკონსტრუქციისა და საკრედიტო ბანკის (...) თანადაფინანსებით) პროექტისა და ამე.კის შეერთებული შტატების განვითარების საერთაშორისო სააგენტოს (USAID) პროექტის ფარგლებში განხორციელებული სისტემური აღწერების შედეგად მიღებული დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემების კომპიუტერული დამუშავების შედეგად მიღებული ინტეგრირებული გრაფიკული მონაცემთა ბაზის შესწავლის, ანალიზისა და შეფასების საფუძველზე, შესაძლებელია დადგინდეს მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობა.

მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 25 ივლისის №... გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა მა.ჩ-ის ადმინისტრაციული საჩივარი, ბათილად იქნა ცნობილი სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ №... (13.06.2022 წ.) და №... (05.07.2022 წ.) გადაწყვეტილებები, ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტს დაევალა №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემების დაზუსტება უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების შედეგად მომზადებული ნახაზის შესაბამისად, სხვა დამაბრკოლებელი გარემოებების არარსებობის შემთხვევაში. აღნიშნული გადაწყვეტილებაში მითითებულია და წინამდებარე დავაზეც დაადგინეს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა, რომ №... საკადასტრო კოდით გახსნილი უძრავი ნივთის საკადასტრო რუკაზე მითითებულია მომიჯნავედ არსებული მიწის ნაკვეთების საკადასტრო კოდები: დასავლეთით - №...; სამხრეთით - №...; ჩრდილოეთით - №... №... საკადასტრო კოდის სარეგისტრაციო მასალაში დაცულია მიწის ნაკვეთის №1318 მიღება-ჩაბარების აქტი (თარიღი 02.03.1998), რომლის თანახმად, მა.ჩ-ს ყაზბეგის მუნიციპალიტეტში გამოეყო 0.11 ჰა ფართობის უძრავი ნივთი, ორ ნაკვეთად - 0.02 ჰა და 0.09 ჰა. №1318 მიღება-ჩაბარების აქტის მეორე გვერდზე ამოხაზულია ორივე მიწის ნაკვეთი, რომლებზეც მითითებულია ინფორმაცია მოსაზღვრედ რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების მესაკუთრეების თაობაზე. მითითებული მიღება-ჩაბარების აქტის მიხედვით, 200 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთს დასავლეთით ესაზღვრება გ.ა-ი, რომლის კომლის საკუთრების უფლება რეგისტრირებულია №... საკადასტრო კოდით (დაყოფის შემდეგ მიენიჭა №... და №... საკადასტრო კოდები), №402 საგადასახადო სიის საფუძველზე. №1318 მიღება-ჩაბარების აქტის მიხედვით, 200 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთს სამხრეთით ესაზღვრება ნ.ჩ-ი, რომლის კომლის საკუთრების უფლება რეგისტრირებულია №... საკადასტრო კოდით (ახალი საკადასტრო კოდი №...), №624 საგადასახადო სიის საფუძველზე. №1318 მიღება-ჩაბარების აქტის მიხედვით, 200 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთს აღმოსავლეთით ესაზღვრება ქუჩა, რაც შეესაბამება ორთოფოტოზე ასახულ მონაცემებს.

სააპელაციო პალატის მიერ მართებულად გამახვილდა ყურადღება იმ გარემოებაზე, რომ 2022 წლის 7 ივნისის სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების ოქმით, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლების მიერ განხორციელდა ყაზბეგის მუნიციპალიტეტის დაბა ...ში მდებარე მიწის ნაკვეთის ადგილზე დათვალიერება. მითითებული ოქმის თანახმად, სარეგისტრაციო მიწის ნაკვეთი შეესაბამება უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებულ/საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთს. ადგილზე დათვალიერების შედეგად აზომილი მიწის ნაკვეთის ფართობმა შეადგინა 287 კვ.მ. აღნიშნული მიუთითებს, რომ მოპასუხის მიერ დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობა დადგინდა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის შედეგად.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე აქტის კანონიერების მტკიცების ტვირთი, მართალია, ადმინისტრაციულ ორგანოს ეკისრება, თუმცა აღნიშნული დანაწესი არ ათავისუფლებს მოსარჩელეს სარჩელის დასაბუთების, თავისი მოთხოვნის საფუძვლიანობის დამდგენი ფაქტობრივი გარემოებების მითითებისა და მათი დამადასტურებელი მტკიცებულებების წარდგენის ვალდებულებისაგან.

განსახილველ შემთხვევაში საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელე მხარემ ვერ უზრუნველყო იმგვარი მტკიცებულებების წარმოდგენა, რომელიც სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობას, გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობისა და მოპასუხისათვის ახალი აქტის გამოცემის საფუძვლების არსებობას დაადასტურებდა. შესაბამისად, მართებულია ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოთა დასკვნა სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილების საფუძვლების არარსებობის თაობაზე.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ.ჩ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 2 მაისის განჩინება;

3. მ.ჩ-ის (პ/ნ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 08.08.2024წ. №... საგადახდო დავალებით ხ.დ-ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: გ. მაკარიძე

ქ. ცინცაძე

ბ. შონია