Facebook Twitter

კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

Nბს-313 (კ-კს-23) 25 მაისი, 2023 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ:

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე; მომხსენებელი)

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გიორგი გოგიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს კერძო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 24.06.2022წ. განჩინებაზე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 24.06.2022წ. განჩინებით საქმეში სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლეებად ცნობილ იქნენ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო და სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო. აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გასაჩივრდა სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიერ.

საკასაციო სასამართლოს 06.04.2023წ. განჩინებით კერძო საჩივარზე დადგინდა ხარვეზი იმ საფუძვლით, რომ იგი არ აკმაყოფილებდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396.2 მუხლის მოთხოვნას. კერძო საჩივარი შედგენილი იყო სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის კ. შ-ეის მიერ, თუმცა საქმეში არ იყო დაცული შესაბამისი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი. წარმოდგენილი კერძო საჩივარი არ აკმაყოფილებდა აგრეთვე სსკ-ის 396.1 ნაწილის "თ" ქვეპუნქტის და ამავე კოდექსის 135-ე მუხლის მოთხოვნებს. კერძო საჩივარი ხელმოწერილი იყო ელექტრონულად, თუმცა კერძო საჩივრის ავტორს წარმოდგენილი ჰქონდა ელექტრონული დოკუმენტის ამონაბეჭდი და არა თავად ელექტრონული დოკუმენტი, რომლითაც უფლებამოსილი პირის მიერ შესრულებული ელექტრონული ხელმოწერის გადამოწმება იქნებოდა შესაძლებელი. ამასთან, გაურკვეველი იყო კერძო საჩივრის კანონით განსაზღვრულ 12-დღიან ვადაში წარმოდგენის საკითხიც. შესაბამისად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 06.04.2023წ. განჩინებით კერძო საჩივრის ავტორს დაევალა ხარვეზის შესახებ განჩინების ჩაბარებიდან 07 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი კერძო საჩივრის ან კერძო საჩივარზე ხელმომწერი პირის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა, ასევე დაევალა სათანადო წესით ელექტრონულად ხელმოწერილი (შესაბამისი ელექტრონული დოკუმენტით) ან უფლებამოსილი პირის დედანი ხელმოწერით შესრულებული კერძო საჩივრის და ფოსტის სამსახურისთვის კერძო საჩივრის ჩაბარების დამადასტურებელი მტკიცებულების წარმოდგენა. მასვე განემარტა, რომ მითითებულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, კერძო საჩივარი დარჩებოდა განუხილველი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 06.04.2023წ. განჩინება გაეგზავნა სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს საქმეში მითითებულ მისამართზე და ჩაბარდა უფლებამოსილ პირს 15.05.2023წ.. დადგენილ ვადაში კერძო საჩივრის ავტორმა განცხადებით მომართა უზენაეს სასამართლოს და წარმოადგინა კ. შ-ეის, სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად დანიშვნის ბრძანება, ასევე 18.08.2022წ. N154 რეესტრი და 17.08.2022წ. კერძო საჩივარი.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქმის მასალების მიხედვით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 24.06.2022წ. განჩინება კერძო საჩივრის ავტორს 05.08.2022წ. ჩაბარდა (ტ 2, ს.ფ. 222). მხარისათვის აღნიშნული განჩინების გასაჩივრების ბოლო ვადა იყო 17.08.2022წ. (ოთხშაბათი, 24 საათი). კერძო საჩივარი სააპელაციო სასამართლოში წარდგენილია 19.08.2022წ.. სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიერ უზენაეს სასამართლოში წარმოდგენილი 18.08.2022წ. N154 რეესტრით და მასზე თანდართული საფოსტო ბარათით დასტურდება, რომ კერძო საჩივარი ფოსტას 18.08.2022წ. გადაეცა.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სსკ-ის 416.1 მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის შეტანის ვადაა 12 დღე, ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ დაიშვება და იგი იწყება მხარისათვის განჩინების გადაცემის მომენტიდან. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61.3 მუხლის შესაბამისად საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება. სსსკ-ის 63-ე მუხლის შესაბამისად, საპროცესო მოქმედების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთი, რომელიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, რჩება განუხილველად.

განსახილველ შემთხვევაში დასტურდება, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 24.06.2022წ. განჩინება სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ კერძო საჩივრის წესით გაასაჩივრა გასაჩივრების 12-დღიანი ვადის დარღვევით, რაც მისი განუხილველად დატოვების საფუძველია.

სსკ-ის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. სსკ-ის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სსკ-ის 396.3, 399-ე, 420-ე მუხლების თანახმად, სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს კერძო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე, 399-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 24.06.2022წ. განჩინებაზე დატოვებულ იქნეს განუხილველად;

2. სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს (ს.კ. 205035120) დაუბრუნდეს კერძო საჩივარზე 11.08.2022წ. N05295 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 50 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

გ. გოგიაშვილი