ას-1073-1340-09 28 დეკემბერი, 2009 წელი
¹ ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე)
მოსამართლეები:
ნ. კვანტალიანი (მომხსენებელი), ლ. ლაზარაშვილისაქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ ლ. ფ-შვილი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე _ ნ. ჩ-ძე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 12 ოქტომბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ნ. ჩ-ძემ სარჩელი აღძრა სასამართლოში ლ. და კ. ფ-შვილების, ასევე გ. და გ. ბ-ელების მიმართ ქ.თბილისში, ... ქ¹12-ში მდებარე უძრავი ნივთის მოპასუხეთა უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვის შესახებ შემდეგი საფუძვლებით: მხარეები არიან ქ.თბილისში, ... ქ.¹12-ში მდებარე სახლთმფლობელობის 1/6-1/6 წილის მესაკუთრეები. მოპასუხემ უკანონოდ დაიკავა, ფლობს და სარგებლობს მოსარჩელის წილი ქონებით და არ ათავისუფლებს მას.
მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 8 ივლისის გადაწყვეტილებით ნ. ჩ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა, ლ. და კ. ფ-შვილების, გ. და გ. ბ-ელების უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა ქ.თბილისში, ... ¹12-ში მდებარე მოპასუხეების მიერ დაკავებული მეორე სართულის ფართი მთლ.დ და იგი მოსარჩელეს ჩაბარდა თავისუფალ მდგომარეობაში.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ლ. ფ-შვილმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 12 ოქტომბრის განჩინებით ლ.ფ-შვილის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ ამავე პალატის 2009 წლის 30 ივლისის განჩინებით ლ. ფ-შვილის სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და აპელანტს დაევალა 10 დღის ვადაში სააპელაციო საჩივრის მოთხოვნის დაზუსტება და სახელმწიფო ბაჟის _ 160 ლარის გადახდის ქვითრის წარდგენა. აპელანტის მოთხოვნით მას 2009 წლის 8 და 25 სექტემბრის განჩინებებით ხარვეზის შევსების ვადა 5-5 დღით გაუგრძელდა და განემარტა, რომ ხარვეზის გამოუსწორებლობის შემთხვევაში სააპელაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველად. ხარვეზის დადგენის შესახებ 25 სექტემბრის განჩინება 2009 წლის 1 ოქტომბერს ჩაბარდა აპელანტის წარმომადგენელ მ.კ-იანს, ხოლო ამავე წლის 6 ოქტომბერს _ ლ.ფ-შვილს. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილით და ხარვეზის გამოსასწორებლად მხარისათვის მიცემული ვადა აითვალა 2009 წლის 1 ოქტომბრიდან. ამავე კოდექსის 374-ე მუხლისა და 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის საფუძველზე პალატამ ჩათვალა, რომ მხარეს დადგენილ ვადაში ხარვეზი სრულად არ გამოუსწორებია, რის გამოც სააპელაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად. სააპელაციო სასამართლომ ხარვეზის დროულად გამოუსწორებლობის საპატიო მიზეზად არ მიიჩნია აპელანტის 2009 წლის 12 ოქტომბრის განცხადებაში მითითებული გარემოება, რომ მისმა წარმომადგენელმა იურიდიულ მომსახურებაზე უარი განუცხადა და, ამასთან, ხარვეზის განჩინების ასლი პირადად არ ჩაბარებია. პალატამ აღნიშნა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მესამე ნაწილით საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის საპატიო მიზეზის არსებობა მხარეს სათანადოდ არ დაუდასტურებია, არც აპელანტს და არც მის წარმომადგენელს მ.კ-იანის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ დროულად სასამართლოსათვის არ უცნობებია. სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლით და ლ.ფ-შვილს დაუბრუნა მის მიერ საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ წარმოდგენილი სახელმწიფო ბაჟი _ 160 ლარის ოდენობით.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე ლ. ფ-შვილმა შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო სასამართლომ ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინების მ.კ-იანისათვის გადაცემა აპელანტისთვისაც მის ჩაბარებად არასწორად მიიჩნია, ვინაიდან ფაქტობრივად მ.კ-იანი ლ.ფ-შვილის ინტერესებს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების მიღების შემდეგ აღარ იცავს. ამასთან, წარმომადგენელს სასამართლო გზავნილი პირადად არ ჩაბარებია, მ.კ-იანი იმყოფებოდა სამშობიაროში, რის გამოც მან იგი დროულად აპელანტს ვერ გადასცა. ამდენად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, ლ.ფ-შვილის მიერ საპროცესო ვადის დარღვევა საპატიოდ უნდა ჩაითვალოს.
სააპელაციო სასამართლომ დაადგინა და კერძო საჩივრის ავტორს სადავოდ არ გაუხდია შემდეგი გარემოებები:
სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 30 ივლისის განჩინებით ლ. ფ-შვილს დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა 10 დღის ვადაში მისი გამოსწორება. აპელანტის მოთხოვნით სააპელაციო პალატის 2009 წლის 8 და 25 სექტემბრის განჩინებებით ხარვეზის შევსების ვადა 5-5 დღით გაუგრძელდა და მხარეს განემარტა, რომ ხარვეზის გამოუსწორებლობის შემთხვევაში სააპელაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველად.
შპს “სკს-ს” გზავნილების ჩაბარების შესახებ შეტყობინების ბარათით დასტურდება, რომ ხარვეზის დადგენის შესახებ 25 სექტემბრის განჩინება 2009 წლის 1 ოქტომბერს ჩაბარდა აპელანტის წარმომადგენელ მ.კ-იანს, ხოლო ამავე წლის 6 ოქტომბერს _ ლ.ფ-შვილს.
ხარვეზის გამოსწორების მიზნით ლ.ფ-შვილმა სასამართლოს განცხადებით მიმართა 2009 წლის 12 ოქტომბერს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ლ. ფ-შვილის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამავე მუხლის მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება. დასახელებული ნორმით კანონმდებელი შესაძლებლობას აძლევს სააპელაციო სასამართლოს, განუხილველად დატოვოს სააპელაციო საჩივარი მას შემდეგ, რაც სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლების დაცვით ჩააბარებს აპელანტს სააპელაციო საჩივარში არსებული ხარვეზის განჩინებას, თუმცა მხარე ამ განჩინებით განსაზღვრულ ვადაში საჭირო საპროცესო მოქმედებებს არ განახორციელებს და არსებულ ხარვეზს არ გამოასწორებს.
მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ აპელანტ ლ. ფ-შვილისათვის სააპელაციო პალატის 2009 წლის 25 სექტემბრის განჩინება ხარვეზის შესავსებად ვადის გაგრძელების შესახებ კანონის მოთხოვნათა დაცვით 2009 წლის 1 ოქტომბერს ჩაბარებულად უნდა ჩაითვალოს, ვინაიდან იგი ჩაიბარა აპელანტის წარმომადგენელმა მ. კ-იანმა.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ სავსებით სწორად გამოიყენა და განმარტა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის მიხედვით მხარეებს და მათ წარმომადგენლებს სასამართლო უწყებით ეცნობებათ სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს. მითითებული კანონის დანაწესიდან გამომდინარე, აპელანტის წარმომადგენლისათვის სასამართლო გზავნილის ჩაბარება თავად მხარისათვის გზავნილის ჩაბარებულად მიჩნევის საკმარის საფუძველს წარმოადგენდა.
სამართლებრივ დასაბუთებასაა მოკლებული კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტი, რომ სააპელაციო სასამართლოს სადავო განჩინების ჩაბარებისას მ.კ-იანი აპელანტის წარმომადგენელი აღარ იყო და მის მიერ ხარვეზის დადგენის თაობაზე სასამართლო განჩინების მიღება აპელანტისათვის მის ჩაბარებად არ უნდა ჩაითვალოს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 99-ე მუხლის პირველი წინადადების შესაბამისად, მარწმუნებელს უფლება აქვს საქმის წარმოების ყველა სტადიაზე გააუქმოს თავის მიერ გაცემული მინდობილობა და შეწყვიტოს წარმომადგენლის უფლებამოსილება, რის შესახებაც იგი წერილობით აცნობებს სასამართლოსა და წარმომადგენელს. აღნიშნული ნორმის სამართლებრივი ანალიზი ცხადყოფს, რომ მხარეს შეუძლია თავის წარმომადგენელს ნებისმიერ დროს შეუწყვიტოს წარმომადგენლობითი უფლებამოსილება, თუმცა წარმომადგენლობითი უფლებამოსილების შეწყვეტა სასამართლოსათვის იურიდიულ ძალას იძენს მხოლოდ მას შემდეგ, როდესაც მხარე აღნიშნულის თაობაზე აცნობებს როგორც წარმომადგენელს, ისე სასამართლოს. კანონის ამ დანაწესის დაუცველობა ართმევს მხარეს უფლებას, პრეტენზია გამოთქვას სასამართლოს მიერ იმ საპროცესო მოქმედებათა შესრულებასთან დაკავშირებით, რაც სასამართლომ წარმომადგენლობითი უფლებოსილების არსებობის დასაბუთებული ვარაუდით განახორციელა.
ამდენად, სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ადგენს კონკრეტულ საპროცესო მოქმედებებს, რომელიც მხარემ სხვა პირისათვის მინიჭებული წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გასაუქმებლად უნდა შეასრულოს. განსახილველ შემთხვევაში ლ.ფ-შვილმა თავისი წარმომადგენლისათვის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ სასამართლოს ხარვეზის გამოსასწორებლად მისთვის მიცემული ვადის გასვლის შემდეგ აცნობა და მხარემ ვერ დაადასტურა, რომ ხარვეზის განჩინების ჩაბარებისას მ.კ-იანი ლ.ფ-შვილის ინტერესებს არ წარმოადგენდა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მართებულად იხელმძღვანელა საქმეში წარმოდგენილი ლ.ფ-შვილის მიერ მ.კ-იანის სახელზე გაცემული მინდობილობით, რომლის იურიდიულ ძალაში ეჭვის შეტანის საფუძველი მას არ გააჩნდა (მინდობილობა გაცემული იყო 2010 წლის მაისამდე და ითვალისწინებდა სააპელაციო საჩივრის სასამართლოში წარდგენის უფლებასაც) და ლ.ფ-შვილის სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის გამოსწორების ვადა აითვალა აპელანტის წარმომადგენლისათვის სასამართლო გზავნილის ჩაბარების მომენტიდან _ 2009 წლის 6 ოქტომბრიდან.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ აპელანტს, ხარვეზის გამოსწორების მიზნით, სასამართლოსათვის განჩინებაში განსაზღვრულ 5-დღიან ვადაში არ მიუმართავს, რაც სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს წარმოადგენდა.
დაუსაბუთებელია კერძო საჩივრის ავტორის მითითება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მესამე ნაწილზე, ვინაიდან ლ.ფ-შვილს დასახელებული ნორმით გათვალისწინებული საპროცესო ვადის გაშვების საპატიო მიზეზის არსებობა სათანადოდ არ დაუდასტურებია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ლ. ფ-შვილის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 12 ოქტომბრის განჩინება დარჩეს უცვლელი.
სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.