Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

ბს-1020 (კ-24) 26 ივნისი, 2025 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე: ნუგზარ სხირტლაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: გიორგი გოგიაშვილი, თამარ ოქროპირიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ა.ნ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.05.2024წ. განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ა.ნ-მა 17.11.2023წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიმართ. ა.ნ-მა მოითხოვა საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე საქართველოს ვიზის გაცემაზე და საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის შესახებ შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინაციის მთავარი სამმართველოს სასაზღვრო სამიგრაციო კონტროლის სამსახურის ( ...) 14.10.2023წ. გაწყვეტილებისა და შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის 18.10.2023წ. №MIA 0 23 03047286 ბრძანების ბათილად ცნობა, ასევე, ა.ნ-ის საქართველოში შემოსვლაზე ნებართვის გაცემის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოპასუხისათვის დავალდებულება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 05.03.2024წ. გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა.ნ-მა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.05.2024წ. განჩინებით ა.ნ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 05.03.2024წ. გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას არ დარღვეულა მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორი შეფასება მისცა საქმის მასალებს და საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები დადგენილია სრულყოფილად, რის გამოც არ არსებობს გადაწყვეტილების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ ,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის თანახმად, საქართველოში შემოსვლისას უცხოელი გადის ინსპექტირებას სასაზღვრო გამტარ პუნქტში, რომლის ინსპექტირებასაც ახორციელებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანო საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. ინსპექტირების შედეგად იგი უცხოელს აძლევს თანხმობას საქართველოში შემოსვლაზე ან უარს ეუბნება საქართველოში შემოსვლაზე და უკან აბრუნებს. მითითებული კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის ,,ი“ ქვეპუნქტის შესაბამისად, უცხოელს საქართველოს ვიზის გაცემაზე ან საქართველოში შემოსვლაზე შეიძლება უარი ეთქვას საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინაციის მთავარი სამმართველოს სასაზღვრო სამიგრაციო კონტროლის სამსახურის (...) 14.10.2023წ. გადაწყვეტილებით, ა.ნ-ის უარი ეთქვა საქართველოში შემოსვლაზე შემდეგი საფუძვლით - არ აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა მოთხოვნებს. პალატამ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ 17.10.2023წ. ა.ნ-მა საჩივარი წარადგინა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინაციის მთავარი სამმართველოს სასაზღვრო სამიგრაციო კონტროლის სამსახურის (...) 14.10.2023წ. გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის 18.10.2023წ. №MIA 0 23 03047286 ბრძანებით, ა.ნ-ის ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა. ძალაში დარჩა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს სასაზღვრო სამიგრაციო კონტროლის სამმართველოს 14.10.2023წ. გადაწყვეტილება საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე საქართველოს ვიზის გაცემაზე და საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის შესახებ.

სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6, მე-7 მუხლებიდან გამომდინარე, თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია, ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია განახორციელოს დისკრეციული უფლებამოსილება მხოლოდ იმ მიზნით, რომლის მისაღწევადაც მინიჭებული აქვს ეს უფლებამოსილება. დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას არ გამოიცემა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, თუ პირის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესებისათვის მიყენებული ზიანი არსებითად აღემატება იმ სიკეთეს, რომლის მისაღებადაც იგი გამოიცა. დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ შეიძლება გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ სათანადოდ უფლებამოსილ პირს აქვს ფართო დისკრეცია, კანონის მიზნებისა და კონკრეტული გარემოებების გათვალისწინებით, თავად მიიღოს გადაწყვეტილება პირისათვის საქართველოში შემოსვლაზე ნებართვის გაცემის მიზანშეწონილობის ან მიზანშეუწონლობის შესახებ. სასამართლომ ასევე განმარტა, რომ „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, საქართველოში უცხოელის უფლებების განხორციელება არ უნდა ლახავდეს საქართველოს ინტერესებს, არ უნდა ზღუდავდეს საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ სხვა პირთა უფლებებს, არ უნდა უგულებელყოფდეს მათ კანონიერ ინტერესებს.

სააპელაციო პალატამ ასევე მიუთითა „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანხმად, სახელმწიფო საიდუმლოება არის ქვეყნის თავდაცვის, ეკონომიკის, საგარეო ურთიერთობათა, დაზვერვის, სახელმწიფო უსაფრთხოების, მართლწესრიგის დაცვისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროებში არსებული ინფორმაცია, რომლის გამჟღავნებამ ან დაკარგვამ შეიძლება ზიანი მიაყენოს საქართველოს ან საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების ან შეთანხმების მონაწილე მხარის სუვერენიტეტს, კონსტიტუციურ წყობილებას, პოლიტიკურ და ეკონომიკურ ინტერესებს და რომელიც ამ კანონით ან/და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან შეთანხმებით დადგენილი წესით წინასწარ დასაიდუმლოებულია ან მიჩნეულია სახელმწიფო საიდუმლოებად და სახელმწიფოს მიერ დაცვას ექვემდებარება.

პალატამ მიუთითა საქმის პირველ ინსტანციაში და სააპელაციო სასამართლოში განხილვისას, შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტიდან მოსარჩელის შესახებ გამოთხოვილ ინფორმაციაზე, რომელიც საიდუმლოების შემცველობის გამო არ დაერთო საქმეს, თუმცა აღნიშნული ინფორმაციის შესწავლა და შემოწმება განხორციელდა კანონით დადგენილი წესით, სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში და სასამართლომ მიიჩნია, რომ მასში მითითებული გარემოებები წარმოადგენს საკმარის საფუძველს ა.ნ-ის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისთვის.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მიუხედავად ა.ნ-ის საქართველოს მოქალაქეობის მქონე პირთან რეგისტრირებული ქორწინებისა, გამოთხოვილი საიდუმლო ინფორმაციის არსებობის პირობებში, მისი შინაარსის გათვალისწინებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინაციის მთავარი სამმართველოს სასაზღვრო სამიგრაციო კონტროლის სამსახური სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივი დაცვის მიზნებიდან გამომდინარე, სხვაგვარ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებდა.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ არ არსებობს გასაჩივრებული აქტების ბათილად ცნობისა და ა.ნ-ის მიმართ საქართველოში შემოსვლაზე ნებართვის გაცემის თაობაზე მოპასუხისათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების სამართლებრივი საფუძველი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.05.2024წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა ა.ნ-ის მიერ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორის მოსაზრებით სააპელაციო სასამართლომ უგულებელყო შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის დარღვევის ფაქტი, კერძოდ, სზაკ-ის 53-ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნები. ამ თვალსაზრისით, კასატორი მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ 07.03.2023წ. №ბს-939(კ-22) საქმეზე მიღებულ განჩინებაზე, რომელშიც განიმარტა, რომ ადმინისტრაციული ორგანოსთვის საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილების არსებობა უპირობოდ არ განაპირობებს მისი გამოყენებით მიღებული გადაწყვეტილების მართლზომიერებას. ამავდროულად, კასატორის შეფასებით, სააპელაციო სასამართლომ საკითხის შეფასებისას არ გაითვალისწინა ის ფაქტი, რომ ა.ნ-ი რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება საქართველოს მოქალაქეობის მქონე პირთან, რომლითაც ირღვევა ევროპული კონვენციით დაცული მისი პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლება, რაც ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს - Lupsa v Romania; Malone v the United Kingdom, Rotaru v Romania - მოცემული გადაწყვეტილებების საერთო შინაარსის მიხედვით, კასატორი აღჭურვილი უნდა იყოს სახელმწიფოს თვითნებობისაგან დაცვის ეფექტიანი უფლებადაცვითი გარანტიებით. ევროკონვენციის მე-8 მუხლის კონტექსტში, კასატორი მიუთითებს ოჯახის გაერთიანების პოზიტიურ ვალდებულებასთან დაკავშირებით ევროპული სასამართლოს დიდი პალატის მიერ საქმეზე M.A. v. Denmark (App. No. 6697/18) 09.07.2021წ. მიღებულ გადაწყვეტილებაში ჩამოყალიბებულ მსჯელობაზე.

კასატორი აღნიშნავს, რომ მესაზღვრე-კონტროლიორის მიერ ა.ნ-ისათვის საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მომენტში, შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს ცენტრალური კრიმინალური პოლიციიდან არ ჰქონდა შემოსვლაზე უარის თქმის განმაპირობებელი ინფორმაცია მიღებული. შესაბამისი ინფორმაციისა და საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის საფუძვლის არსებობასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ ყოფილა კასატორისთვის მიწოდებული შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმათველოს სასაზღვრო-სამიგრაციო კონტროლის სამსახურის 14.10.2023წ. გადაწყვეტილების პოლიციის დეპარტამენტში გასაჩივრებისას.

კასატორისთვის, ასევე, გაუგებარია კრიმინალური პოლიციის მიერ მოპოვებული ინფორმაციის გასაიდუმლოების მოტივები, მაშინ როდესაც, ჩვეულებრივ შემთხვევაში, პირის საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმასთან დაკავშირებით შსს პოლიციის დეპარტამენტის გადაწყვეტილებას საფუძვლად უდევს საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ მოპოვებული ინფორმაცია. კასატორის აზრით, იმ სიების კანონიერებაც, რომლის საფუძველზეც განხორციელდა შემოწმება. შესაბამისად, კასატორი შუამდგომლობს სადავო აქტის გამოცემის საფუძვლად არსებული დოკუმენტაციის განსაიდუმლოებაზე, ან/და საიდუმლოებასთან დაშვებაზე იმ საფუძვლით, რომ შესაბამისი ინფორმაციის არქონის გამო, იგი მოკლებულია საკუთარი თავის დაცვის შესაძლებლობას. კასატორი ასევე შუამდგომლობს სასამართლოს მიერ შესაბამისი ინფორმაციის დასაიდუმლოების კანონიერების შესწავლაზე, კერძოდ, იმ საკითხთან დაკავშირებით, თუ რამდენად შედის ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის კომპეტენციაში ინფორმაციის დასაიდუმლოება. მოცემული თვალსაზრისით, კასატორი მიუთითებს „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის 1-ელ პუნქტზე, რომლის თანახმად აკრძალულია სახელმწიფო საიდუმლოებისთვის იმ ინფორმაციის მიკუთვნება, რომლითაც შეიძლება შეილახოს ან შეიზღუდოს ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები, მისი კანონიერი ინტერესები, აგრეთვე ზიანი მიადგეს მოსახლეობის ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ა.ნ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთანავე, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მიგრაციის სფერო სახელმწიფოს სუვერენული პოლიტიკის არსებითი ელემენტია, რომელიც მჭიდროდ არის დაკავშირებული საზღვრების კონტროლთან. „სახელმწიფოს უფლებების და პასუხისმგებლობების შესახებ“ მონტევიდეოს 1933 წლის კონვენციის 1-ლი მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სახელმწიფოს როგორც საერთაშორისო სამართლის სუბიექტს აქვს განსაზღვრული ტერიტორია. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის 1-ლი მუხლის თანახმად, მაღალი ხელშემკვრელი მხარეები თავიანთი იურისდიქციის ფარგლებში უზრუნველყოფენ ყველასათვის კონვენციის I კარით განსაზღვრულ უფლებებსა და თავისუფლებებს. ამ მუხლის ნორმატიული მიზნებისთვის „იურისდიქციის“ სამართლებრივი ცნება ასახავს საერთაშორისო სამართალში დამკვიდრებულ იურისდქციის მნიშვნელობას, რომლის შესაბამისადაც, სახელმწიფოს იურისდიქციული კომპეტენცია პირველ რიგში ტერიტორიული ხასიათისაა (ევროპული სასამართლოს დიდი პალატის განჩინება საქმეზე M.N. and Others v. Belgium, App. No. 3599/18, 05.03.2020წ. §98). იურისდიქციულ კომპეტენციაში მოაზრებულია სუვერენული ტერიტორიული უფლებები საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო კომპეტენციების სახით. მიჩნეულია, რომ იურისდიქციული კომპეტენცია ჩვეულებრივად ხორციელდება სახელმწიფოს მთელი ტერიტორიის მასშტაბით (ევროპული სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილება საქმეზე Assanidze v. Georgia, App. No. 71503/01, 08.04.2004წ. §139). საერთაშორისო სამართლის შესაბამისად, სახელმწიფოებს აქვთ უფლება აკონტროლონ თავიანთ ტერიტორიაზე უცხოელთა შესვლის, ბინადრობისა და გაძევების საკითხები (ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე, Mirzoyan v. the Czech Republic, App. Nos. 15117/21 და 15689/21, 16.08.2024წ. §76). ევროკონვენცია უცხო ქვეყნის მოქალაქეს არ აღჭურავს კონკრეტულ სახელმწიფოში შესვლის და ცხოვრების უფლებით (ევროპული სასამართლოს დიდი პალატის 09.07.2021წ. გადაწყვეტილება საქმეზე M.A. v. Denmark, App. No. 6697/18, §131). საიმიგრაციო კონტროლი არის საფუძვლიანი ლეგიტიმური მიზანი, რომელიც სახელმწიფოს აძლევს ევროკონვენციის მე-8 მუხლით დაცულ სფეროში ჩარევის უფლებას (იხ.,§142.). შესაბამისად, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე უცხოელთა შესვლის, ბინადრობის და გაძევების საკითხები განეკუთვნება სახელმწიფოს თვითმყოფად, ექსკლუზიურ და სუვერენულ პრეროგატივას მიგრაციის სფეროში, რომელიც ხორციელდება სახელმწიფოებრივი ინტერესების შესაბამისად. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოსარჩელის ევროკონვენციის მე-8 მუხლით დაცულ სფეროში ჩარევის აუცილებლობა მაშინ არსებობს დემოკრატიულ საზოგადოებაში, მაშინ არის იგი გამართლებული, დასაბუთებული და თანაზომიერი, თუ დაცულია სამართლიანი ბალანსი მოსარჩელის ევროკონვენციის მე-8 მუხლით დაცულ უფლებასა და იმ ფაქტობრივ-სამართლებრივ წინაპირობებს შორის, რომელიც საფუძვლად უდევს სახელმწიფოს მიხედულებას არ დაუშვას პირის სახელმწიფოში შემოსვლა. სამართლიანი წონასწორობის მიღწევის საჭიროება, პირველ რიგში, მოითხოვს იმას, რომ სახელმწიფოს მიერ უცხოელთა მიმართ განხორციელებული ქმედებები სათანადო ნორმატიულ საფუძველს ეფუძნებოდეს (იხ. mutatis mutandis, სუსგ., Nბს-631(კ-21), 06.04.2023წ.). საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ უცხოელთა საქართველოში შემოსვლის, ყოფნის, ტრანზიტით გავლისა და საქართველოდან გასვლის სამართლებრივ საფუძვლებსა და მექანიზმებს არეგულირებს „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონი. მითითებული კანონის 4.1 მუხლის თანახმად, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, უცხოელი საქართველოში შემოდის და საქართველოდან გადის საერთაშორისო მიმოსვლისათვის გახსნილი სასაზღვრო გამტარი პუნქტიდან მიმოსვლისათვის დადგენილ საათებში, თუ მას აქვს მოქმედი სამგზავრო დოკუმენტი და მიიღებს საქართველოში შემოსვლის ნებართვას. იმავე კანონის 12.1 მუხლის თანახმად, საქართველოში შემოსვლისას უცხოელი გადის ინსპექტირებას სასაზღვრო გამტარ პუნქტში, ხოლო 12.2 მუხლის მიხედვით, სასაზღვრო გამტარ პუნქტში უცხოელის ინსპექტირებას ახორციელებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანო საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. ინსპექტირების შედეგად იგი: ა) უცხოელს აძლევს თანხმობას საქართველოში შემოსვლაზე; ბ) უცხოელს უარს ეუბნება საქართველოში შემოსვლაზე და უკან აბრუნებს. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ რუსეთის ფედერაციის მოქალაქეს - ა.ნ-ის შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინაციის მთავარი სამმართველოს სასაზღვრო სამიგრაციო კონტროლის სამსახურის 14.10.2023წ. გადაწყვეტილებით უარი ეთქვა საქართველოში შემოსვლაზე „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 11.1 მუხლის „ი“ ქვეპუნქტის საფუძველზე იმ დასაბუთებით, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა მოთხოვნებს, ამასთანავე დასტურდება, რომ ა.ნ-ისათვის საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის საფუძველია -გასაიდუმლოებული ინფორმაცია. საგულისხმოა, რომ უცხოელის საქართველოში შემოსვლის უფლება არ არის აბსოლუტური, სათანადო საფუძვლების არსებობისას აღნიშნული უფლება შეზღუდვას ექვემდებარება. გადაწყვეტილებაში „Al-Nashif v. Bulgaria“, ევროპულმა სასამართლომ მართალია მიუთითა სამართლებრივი საფუძვლის ხელმისაწვდომობისა და განჭვრეტადობის საჭიროებაზე (§119,), თუმცა ასევე აღნიშნა, რომ ნორმატიული საფუძვლის განჭვრეტადობა არ მოიცავს სახელმწიფოს ვალდებულებას ზედმიწევნით მოახდინოს ყველა იმ ქმედების სახეების განსაზღვრა, რომელთა განხორციელებამაც ეროვნული ინტერესების დაცვის კუთხით პირის დეპორტირება შეიძლება გამოიწვიოს. ეროვნული უშიშროებისთვის საფრთხის წარმომშობი ქმედებები შესაძლოა თავისი ბუნებით და მახასიათებლებით არსებითად განსხვავდებოდნენ ერთმანეთისგან, ამასთანავე, მათი წინასწარი იდენტიფიცირება შესაძლოა ვერც განხორციელდეს (§121). ამდენად, საფუძველთა მრავალფეროვნების გათვალისწინებით ნორმატიულად მათი ამომწურავად ჩამოთვლის შესაძლებლობა არ დასტურდება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიმართვით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტიდან და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტიდან გამოთხოვილ იქნა ის საიდუმლო ინფორმაცია, რომელიც საფუძვლად დაედო ა.ნ-ისათვის საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლაზე უარის თქმას. ადმინისტრაციულმა ორგანოებმა შესაბამისი ინფორმაცია წარმოუდგინეს საკასაციო პალატას. გამოთხოვილი ინფორმაციის შინაარსის გაცნობის შედეგად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორისათვის საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმა დასაბუთებულია. ამდენად, კანონშესაბამისია შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინაციის მთავარი სამმართველოს სასაზღვრო სამიგრაციო კონტროლის სამსახურის გასაჩივრებული აქტით დამდგარი სამართლებრივი შედეგი.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინაციის მთავარი სამმართველოს სასაზღვრო სამიგრაციო კონტროლის სამსახური გადაწყვეტილებას იღებს საქმის გარემოებათა ყოველმხრივი გამოკვლევის შედეგად, მიზანშეწონილობის ფაქტორის გათვალისწინებით, კერძო და საჯარო ინტერესების ურთიერთშეპირისპირების საფუძველზე. მიღებული საიდუმლო მასალების გაცნობის შედეგად, პალატა თვლის, რომ მოსარჩელის საქართველოს მოქალაქეზე ქორწინების ფაქტის მიუხედავად, არსებობდა ა.ნ-ისათვის საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის სათანადო საფუძვლები. აღსანიშნავია, რომ საქართველოში უცხოელის შემოსვლა, საქართველოს მოქალაქესთან დაოჯახების მიუხედავად, არ არის აბსოლუტური უფლება, სათანადო საფუძვლების არსებობისას ეს უფლება შეიძლება შეიზღუდოს. ამ მიმართულებით სახელმწიფოს შეფასების ფართო ფარგლები აქვს. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაში განიმარტა, რომ სახელმწიფოს მასზე დაკისრებული საჯარო წესრიგის უზრუნველყოფის ვალდებულებიდან გამომდინარე, თავის ტერიტორიაზე უცხოელთა შესვლის, დარჩენის და ყოფნის ხანგრძლივობის კონტროლის უფლება აქვს: კონვენცია არ ახდენს კონკრეტულ ქვეყანაში უცხოელის შესვლისა და ყოფნის უფლების უზრუნველყოფას (იხ. მაგ. 20.06.2002წ. „Al-Nashif v. Bulgaria“ (§114), 06.12.2007წ. „Liu v. Russia“ (§49), 28.06.2011წ. ,,Nunez v. Norway“ (§66), 21.06.1988წ. „Berrehab v. the Netherlands“ (§28), 03.10.2014წ. „Jeunesse v. The Netherlands“ (§100), 13.12.2012წ. „De Souza Ribeiro v. France“ (§77), 24.04.1996წ. „Boughanemi v. France“(§41) და სხვ.). სახელმწიფოებს არ ეკრძალებათ უცხოელთა ქვეყანაში შესვლისა და იქ დარჩენის ხანგრძლივობის რეგულირება, თუმცა ინდივიდთა უფლებებში ჩარევა უნდა იყოს აუცილებელი და მისაღწევი ლეგიტიმური მიზნის პროპორციული (21.06.1988წ. „Berrehab v. The Netherlands“ (§28)), უცხოელის ოჯახური კავშირების არსებობის შემთხვევაში კონვენციის მე-8 მუხლით დაცულ ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლებაში ჩარევა უნდა დასაბუთდეს უკიდურესი სოციალური საჭიროებით და იყოს მისაღწევი მიზნის თანაზომიერი (24.04.1996წ. „Boughanemi v. France“ (§41)). სათანადო დასაბუთების შემთხვევაში სახელმწიფოს აქვს თავის საზღვრებში უცხო ქვეყნის მოქალაქეთა შესვლისა და ცხოვრების კონტროლის განხორციელების უფლება (Chahal v. the United Kingdom“, §73).

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელესთან დაკავშირებით შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტიდან და შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტიდან გამოთხოვილი ინფორმაცია ალბათობის საკმარისი ხარისხით ადასტურებს საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე შემოსვლის დამაბრკოლებელი სათანადო საფუძვლების არსებობას. ამასთანავე, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოში უცხოელის დაშვების დამაბრკოლებელი გარემოებების დამდგენი მონაცემები შესაძლოა არ აკმაყოფილებდეს სისხლის სამართლის საქმეზე გამოსატანი განაჩენის „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტს. მთავარია საიდუმლო ინფორმაციაში ასახული მონაცემების ერთობლიობა ქმნიდეს სავარაუდოობის გარკვეულ ხარისხს, რაც შექმნის გონივრულ ეჭვს, დასაბუთებულ მოლოდინს უცხოელის საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლის მიზანშეუწონლობის შესახებ. საკასაციო პალატა თვლის, რომ სასამართლოში წარმოდგენილი საიდუმლო ინფორმაციის შინაარსი აკმაყოფილებს აღნიშნულ სტანდარტს. ამასთანავე, ის გარემოება, რომ მოსარჩელე ქორწინებაში იმყოფება საქართველოს მოქალაქეობის მქონე პირთან, არ ასაბუთებს საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლაზე უარის უკანონობას. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლი (პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება) სახელმწიფოს არ ავალდებულებს, ნებისმიერ შემთხვევაში აღასრულოს ქორწინებაში მყოფი მეუღლეების არჩევანი იმის თაობაზე, თუ რომელ ქვეყანაში სურთ მათ ცხოვრება და არამოქალაქე მეუღლე მიიღოს თავის ტერიტორიაზე საცხოვრებლად (Jeunesse v. the Netherlands, 12738/10, [დიდი პალატა], § 107; Biao v. Denmark, 38590/10, [დიდი პალატა], § 117). რაც შეეხება კასატორის მიერ ციტირებულ ევროპული სასამართლოს დიდი პალატის 09.07.2021წ. გადაწყვეტილებას საქმეზე M.A. v. Denmark (App. No. 6697/18), საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ დასახელებულ საქმეში ჩამოყალიბებული სამართლებრივი შეფასებები უკავშირდება სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებას დაუშვას ან არ დაუშვას უცხოელის ოჯახის გაერთიანება მასპინძელ სახელმწიფოში (§§134-135). აღნიშნული სტანდარტი ვრცელდება ოჯახის გაერთიანებასთან დაკავშირებით ბინადრობის ნებართვის გაცემის მართლზომიერების შემოწმებაზე, ხოლო, განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანი უკავშირდება არა კასატორზე ბინადრობის ნებართვის გაცემის, არამედ საიდუმლო ინფორმაციის საფუძველზე მისი საქართველოში შემოსვლაზე უარის კანონიერების საკითხს. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონის მე-17 მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად, საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხი განიხილება და წყდება საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად. საქართველოს მთავრობის 01.09.2014წ. №520 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის“ მე-15 მუხლის 1-ლი პუნქტის მე-2 წინადადების მიხედვით, სააგენტო უფლებამოსილია, შეუწყვიტოს უცხოელს საქართველოში ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადა, თუ მისთვის ცნობილი გახდება კანონის 21-ე მუხლით განსაზღვრული საქართველოში ყოფნის ვადის შეწყვეტის საფუძვლების არსებობის შესახებ. „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონის 21-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“-„მ“ ქვეპუნქტები ახდენს საქართველოში ყოფნის ვადის შეწყვეტის საფუძვლების რეგლამენტაციას, ამდენად, დასახელებული ნორმები, რომელთაგანაც ზოგი უკავშრიდება „ფორმალურ,“ ხოლო ზოგი „მიზანშეწონილობის“ კატეგორიას, შესაძლებელია გახდეს შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების საფუძველი. სზაკ-ის 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია ძალადაკარგულად გამოაცხადოს კანონის შესაბამისად გამოცემული აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი თუ არსებობს ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოება, ამავე კოდექსის მე-6 ნაწილის თანახმად, ძალადაკარგულად გამოცხადება ნიშნავს აქტის მოქმედების შეწყვეტას მისი ძალადაკარგულად გამოცხადების დღიდან. საკასაციო პალატა მიუთითებს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს №1000804734/5 გადაწყვეტილებაზე, რომლითაც სააგენტოს 20.06.2022წ. №1000804734 გადაწყვეტილებით 2025 წლის 24 თებერვლიდან ძალადაკარგულად გამოცხადდა ა.ნ-ის მიმართ გაცემული საქართველოში მუდმივი ცხოვრების ნებართვა (DCM0117061678), „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონის 21-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტზე მითითებით, აღნიშნული ნორმის მიხედვით უცხოელს საქართველოში ყოფნის ვადა შეიძლება შეუწყდეს თუ იგი ახორციელებს საქმიანობას, რომელიც საფრთხეს უქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ იმ საქმეებში, რომლებიც უკავშირდება ოჯახური ცხოვრებისა და იმიგრაციის თანაკვეთას, სახელმწიფოს ვალდებულების ხარისხი დაუშვას მასპინძელ სახელმწიფოში კანონიერად მცხოვრები ადამიანის ნათესავები განსხვავდება საქმის ინდივიდუალური გარემოებებისა და შესაბამისი ზოგადი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, რაც საჭიროებს სამართლიანი ბალანსის მიღწევას კონკურენციაში მყოფ სხვადასხვა ლეგიტიმურ ინტერესს შორის (ევროსასამართლოს დიდი პალატის 09.07.2021წ. გადაწყვეტილება საქმეზე Case of M.A. v. Denmark, App. No. 6697/18, §132.). ამდენად, ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია კასატორის მითითება მუდმივი ცხოვრების ნებართვის ქონასთან დაკავშირებით, აღნიშნული საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ვერ იქნება მიჩნეული სადავო აქტის კანონიერების დამაბრკოლებელ გარემოებად.

კასატორი აღნიშნავს, რომ დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მის მიმართ წერილობითი ფორმით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტი არ შეიცავს წერილობით დასაბუთებას და არ არის მითითებული ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას. აღნიშნულთან დაკავშირებით პალატა განმარტავს, რომ მართალია დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში გადაწყვეტილების მიღება არ ათავისუფლებს ადმინისტრაციულ ორგანოს გადაწყვეტილების დასაბუთების ვალდებულებისაგან, თუმცა როგორც უკვე აღინიშნა, სადავო აქტი ეყრდნობა გასაიდუმლოებულ ინფორმაციას, რაც გამორიცხავს აქტში დეტალური დასაბუთების მითითების შესაძლებლობას. კასატორისთვის პრობლემურ სიაში შეყვანა, რომლის საფუძველზეც სასაზღვრო გამტარ პუნქტში განხორციელდა კასატორის შემოწმება, ეფუძნება ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციის სფეროს, აღნიშნული საიმიგრაციო და უსაფრთხოების პოლიტიკის არსებითი კომპონენტია, საქართველოს მთავრობის 30.12.2013წ. №386 დადგენილებით დამტკიცებული „სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესის“ მე-4 მუხლის მე-8 პუნქტის მიხედვით, საქართველოში შემოსვლისას პირი მოწმდება სამართალდამცავი ორგანოების მიერ გადმოცემული სიების მიხედვით. მათი ფორმირება ეფუძნება ოპერატიულ ინფორმაციას და მისი კანონიერების შეფასება შეიძლება გახდეს ცალკე დავის საგანი თუ პირი დაასაბუთებს, რომ აღნიშნული არღვევს მის უფლებებს.

კასატორი შუამდგომლობს უარის საფუძვლად არსებული ინფორმაციის დასაიდუმლოების შესწავლის კანონიერებაზე, კასატორის შეფასებით, გამოკვლევას საჭიროებს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის საამისო კომპეტენციის არსებობა. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ დაისაიდუმლოება არის ინფორმაციის სახელმწიფო საიდუმლოებად მიჩნევა („სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ კანონის 1.5. მუხ.). სახელმწიფო საიდუმლოებაში ექცევა ქვეყნის თავდაცვის, ეკონომიკის, საგარეო ურთიერთობათა, დაზვერვის, სახელმწიფო უსაფრთხოების, მართლწესრიგის დაცვისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროებში არსებული ინფორმაცია (კანონის 1.1. მუხ.). ინფორმაციის სახელმწიფო საიდუმლოებად მიჩნევა ხორციელდება კანონით მკაცრად გაწერილი ფორმალური პროცედურების საფუძველზე (კანონის 21 მუხ.), სახელმწიფო შეიმუშავებს საერთო პოლიტიკას სახელმწიფო საიდუმლოების მიმართ (კანონის 3 მუხ.). „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ კანონის 43-ე მუხლის და ამავე კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სადღეისოდ ძალაშია საქართველოს მთავრობის 24.09.2015წ. №507 დადგენილებით დამტკიცებული „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ საქართველოს კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტები“, კერძოდ: ა) ინფორმაციის სახელმწიფო საიდუმლოებისათვის მიკუთვნებისა და დაცვის წესი (დანართი №1); ბ) სახელმწიფო საიდუმლოებისათვის მიკუთვნებული ინფორმაციების ნუსხა (დანართი №2); გ) იმ უფლებამოსილი პირების ნუსხა, რომლებიც სახელმწიფო საიდუმლოებასთან ინდივიდუალურ დაშვებას უზრუნველყოფენ (დანართი №3); დ) იმ უფლებამოსილი პირების ნუსხა, რომლებსაც აქვთ კონკრეტული ინფორმაციის სახელმწიფო საიდუმლოებისათვის მიკუთვნების კომპეტენცია (დანართი №4). არსებობს ინფორმაციის ისეთი ნორმატიული კატეგორიების ჩამონათვალი, რომლებიც შესაძლოა მიეკუთვნოს სახელმწიფო საიდუმლოებას (კანონის 6 მუხ.), ასევე ისეთი ინფორმაციის სახეობის ჩამონათვალიც, რომელიც თავისი შინაარსით არ შეიძლება მიეკუთვნოს სახელმწიფო საიდუმლოების კატეგორიას (კანონის 7 მუხ.). სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის დასაიდუმლოება ხდება კანონიერების, დასაბუთებულობისა და დროულობის პრინციპების შესაბამისად (კანონის 8.1. მუხ.). კანონიერება გულისხმობს სახელმწიფო საიდუმლოებისათვის მიკუთვნების ნორმატიული შესაძლებლობის არსებობას იმ ფაქტორების ანალიზის საფუძველზე, რომელთა თანახმად ინფორმაცია შესაძლოა მიეკუთვნოს ან არ შეიძლება მიეკუთვნოს სახელმწიფო საიდუმლოებას (კანონის 8.2. მუხ.). რაც შეეხება დასაბუთებულობას იგი განისაზღვრება ინფორმაციის სახელმწიფო საიდუმლოებისათვის მიკუთვნებული ინფორმაციების ნუსხასთან შესაბამისობით, რაც წარმოადგენს ინფორმაციის დასაიდუმლოების ნორმატიულ საფუძველს (კანონის 8.3. და 11.1. მუხ.). ინფორმაციის სახელმწიფო საიდუმლოებისათვის მიკუთვნების აუცილებლობის დასაბუთება, მისი მნიშვნელობის გათვალისწინებით, ევალება სახელმწიფო ორგანოს, საწარმოს, დაწესებულებას, ორგანიზაციას (მიუხედავად მისი სამართლებრივი ფორმისა), რომელმაც ეს ინფორმაცია შეიმუშავა ან განსახილველად ან/და შესანახად მიიღო (კანონის 11.2. მუხ.). კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის და ზემოაღნიშნული დადგენილების დანართი №4-ის თანახმად, დადგენილია ინფორმაციის სახელმწიფო საიდუმლოებისათვის მიკუთვნების კომპეტენციის მქონე პირთა ნუსხა, აღნიშნულის მიხედვით, ასეთი უფლებამოსილებით აღჭურვილია არამხოლოდ, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური (განყოფილების უფროსები და ზედა რგოლის წარმომადგენლები, ოპერატიული და ოპერატიულ-ტექნიკური ქვედანაყოფების უფლებამოსილი თანამშრომლები) არამედ, საქართველოს მინისტრები, მათ შორის საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, ხოლო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განყოფილების უფროსები და ზედა რგოლის წარმომადგნლები, აგრეთვე, ოპერატიული და ოპერატიულ-ტექნიკური ქვედანაყოფების პასუხისმგებელი მუშაკები. „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ კანონის 1-ლი მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობა არის ამ კანონით დადგენილი სახელმწიფო ორგანოების სპეციალური სამსახურების მიერ თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ღია თუ ფარული მეთოდით ჩატარებული ღონისძიებების სისტემა, რომლის მიზანია ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების, იურიდიული პირის უფლებების, საზოგადოებრივი უშიშროების დაცვა დანაშაულებრივი და სხვა მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან. ამავე კანონის მე-12 მუხლის 1-ლი „ა“ და „ა1“ პუნქტის მიხედვით, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განხორციელების უფლება აქვთ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოპერატიულ ორგანოებსა და საგამოძიებო დანაყოფებსა და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფლებამოსილ დანაყოფებს. საქართველოს მთავრობის 13.12.2013წ. დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების“ მე-7 მუხლის „კ“ და „ლ“ ქვეპუნქტების მიხედვით, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებია ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი. ამავდროულად, მე-12 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელი ორგანოები მათ წინაშე დასმულ ამოცანებს წყვეტენ დამოუკიდებლად, ურთიერთმოქმედებით, აგრეთვე ცალკეულ პირთა ხელშეწყობით. საკასაციო პალატა განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს ამ კანონის მე-5 მუხლის 1-ელ პუნქტზე, რომლის მიხედვით ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობა მკაცრად გასაიდუმლოებულია. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ამ საქმიანობის ამსახველი დოკუმენტები, მასალები და სხვა მონაცემები წარმოადგენს სახელმწიფო საიდუმლოებას. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მოკლებულია კასატორის შუამდგომლობაზე მსჯელობის შესაძლებლობას, ვინაიდან მასზე არსებითად მსჯელობის ნებისმიერი შესაძლო მცდელობა მოითხოვს სწორედ იმ საკვანძო საკითხების შეფასებას, რომელიც წარმოადგენს სახელმწიფო საიდუმლოებას, არ შეადგენს წინამდებარე საქმეზე დავის საგანს და შინაარსობრივად ქმნის თვისობრივად ახალ სასარჩელო მოთხოვნას. შუამდგომლობაში აღნიშნული საკითხების არსებითი განხილვა გამოიწვევს სახელმწიფო საიდუმლოების გამჟღავნებას ან/და შექმნის ასეთ რისკს, ასეთი მოთხოვნებისათვის კანონმდებლობით განსაზღვრულია სამართალწარმოების ინიცირების დამოუკიდებელი რეჟიმი. ამასთან, საიდუმლოება გულისხმობს არა მხოლოდ საიდუმლოდ შენახულ ინფორმაციას, ცნობებს, არამედ მის გარკვეულ მდგომარეობას, სამართლებრივ რეჟიმს, ანუ რეჟიმის სუბიექტთა ქცევის წესების კომპლექსს, საიდუმლოს თავისებურება განაპირობებს იმ სამართლებრივი რეჟიმის თავისებურებას, რომელიც თვით ამ საიდუმლოს დაცვას ემსახურება. ამდენად, „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ კანონის მე-15 მუხლი იცავს ინფორმაციის დასაიდუმლოების შესახებ გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლებას, აღნიშნული ნორმა იცავს დასაიდუმლოებისა და განსაიდუმლოების შესახებ გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლებას. განსაიდუმლოება წარმოადგენს სახელმწიფო საიდუმლოებად მიჩნეული ინფორმაციისათვის ამ კანონით დადგენილი შეზღუდვების მოხსნას. კასატორს შეუძლია ამტკიცოს დასაიდუმლოების უკანონობა ან/და დაუსაბუთებლობა „სახელმწიფო უსაფრთხოების შესახებ“ კანონის მე-6, მე-7 და მე-8 მუხლების თანახმად. აღნიშნული კანონის მე-16 მუხლი ითვალისწინებს სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის განსაიდუმლოებისა და საიდუმლოობის გრიფის მოხსნის ინსტიტუციურ საფუძვლებს. ამავდროულად, სასკ-ის მე-201 მუხლი ითვალისწინებს სასამართლოს მიერ გასაიდუმლოებული ინფორმაციის განხილვის წესს. უკეთუ კასატორისთვის პრობლემურია დასაიდუმლოების არსებითი, მატერიალური კანონიერება, აგრეთვე, შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოების ფორმალური უფლებამოსილება დასაიდუმლოებასთან დაკავშირებით და იგი მიზნად ისახავს დასაიდუმლოებულად მიჩნეული ინფორმაციის განსაიდუმლოებას, კასატორი უფლებამოსილია მიმართოს სასამართლოს. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სასამართლო შეზღუდულია დავის ფარგლებით, რომელსაც დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე მოსარჩელე განსაზღვრავს (სასკ-ის 3.1 მუხ., სსკ-ის 3.1 მუხ.). განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს შეადგენს ა.ნ-ისთვის საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის კანონიერების შეფასება და არა საიდუმლო ინფორმაციის განსაიდუმლოების ან მოსარჩელის ასეთ ინფორმაციასთან დაშვების საკითხი, სსკ 83-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მოსარჩელეს უფლება აქვს, საქმის წინასწარი სასამართლო განხილვისათვის მომზადების დამთავრებამდე შეცვალოს სარჩელის საფუძველი ან საგანი, შეავსოს სარჩელში მითითებული გარემოებები და მტკიცებულებები, გაადიდოს ან შეამციროს სასარჩელო მოთხოვნის ოდენობა, რის შესახებაც სასამართლომ უნდა აცნობოს მოპასუხეს, იმავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი საქმის წინასწარი სასამართლო განხილვისათვის მომზადების შემდეგ სარჩელის საფუძვლის ან საგნის შეცვლა დასაშვებია მხოლოდ მოპასუხის წინასწარი თანხმობით. ასეთი თანხმობის შემთხვევაში მოპასუხეს შეუძლია მოითხოვოს სასამართლო სხდომის გადადება სხვა დროისათვის, ხოლო სსკ-ის 406-ე მუხლის თანახმად, დავის საგნის შეცვლა საკასაციო სამართალწარმოების ეტაპზე დაუშვებელია. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407.2 მუხლის შესაბამისად საკასაციო პალატა საქმეზე დადგენილად მიიჩნევს, რომ ა.ნ-ის თავდაპირველ სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენდა შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს სასაზღვრო სამიგრაციო კონტროლის სამსახურის (...) 14.10.2023წ. გადაწყვეტილებისა და შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის 18.10.2023წ. ბრძანების ბათილად ცნობა, ასევე ა.ნ-ის საქართველოში შემოსვლაზე ნებართვის გაცემის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოპასუხისათვის დავალდებულება, შესაბამისად, დასახელებული მიზეზების გათვალისწინებით, საკასაციო საჩივარში დაყენებული შუამდგომლობა განუხილველად უნდა დარჩეს. საკასაციო პალატა სადავო ადმინისტრაციული აქტებისა და სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერებას ამოწმებს სწორედ დავის საგნის და იმ მოცემულობის ფარგლებში, რომ ა.ნ-ისთვის საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმას საფუძვლად უდევს სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებული ინფორმაცია. შესაბამისად, მითითებული ინფორმაციის განსაიდუმლოების ან საიდუმლოებასთან დაშვების საკითხი შესაძლებელია დაისვას ცალკე სასარჩელო მოთხოვნის საფუძველზე, რა დროსაც შეფასდება ასევე სადავო აქტის საფუძვლად არსებული ინფორმაციის დასაიდუმლოების კანონიერება (იხ. mutatis mutandis, სუსგ., №ბს-959(კ-21), 29.07.2022წ. იხ., სუსგ. ბს-1002(კ-22) 16.11.2022წ.).

კასატორის პრეტენზია იმასთან დაკავშირებით, რომ ის არ იცნობს საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის საფუძვლად არსებულ ინფორმაციას, არ ადასტურებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობისა და სადავო აქტების ბათილად ცნობის საფუძვლების არსებობას. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მიუთითებს, რომ დაინტერესებულ პირს უნდა შეეძლოს სათანადო საჩივრის წარდგენა, უფლებამოსილ ორგანოს უნდა ჰქონდეს რეაგირების შესაძლებლობა ისეთ შემთხვევებზე, როდესაც პირის მიმართ განხორციელებული ქმედებები თვითნებური და დაუსაბუთებელია („Al-Nashif v. Bulgaria“ §124). ევროპული სასამართლო არ უარყოფს სახელმწიფოს მიერ უცხოელის თავის ტერიტორიაზე შემოსვლის უფლების შეზღუდვის შესაძლებლობას, თუმცა იმ პირობით, რომ დაინტერესებული პირი შეძლებს აღნიშნული ქმედების გასაჩივრებას და საჩივრის ფარგლებში სახელმწიფო ორგანოთა გადაწყვეტილებებზე ქმედითი კონტროლი განხორციელდება. განსახილველ შემთხვევაში, ა.ნ-ის საქართველოში შემოსვლაზე უარი ეთქვა შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმათველოს სასაზღვრო-სამიგრაციო კონტროლის სამსახურის უფლებამოსილი პირის მიერ, რასაც საფუძვლად დაედო შსს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტიდან მიწოდებული გასაიდუმლოებული ინფორმაცია, ამასთანავე, ა.ნ-ის მიეცა მის მიმართ მიღებული უარყოფითი გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრების შესაძლებლობა. თავის მხრივ სასამართლოს აქვს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერებაზე სრული კონტროლის განხორციელების კომპეტენცია: იგი გამოითხოვს შესაბამის უწყებებში დაცულ საიდუმლო ინფორმაციას, ეცნობა მას და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში შეფასების შედეგად იღებს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციული ორგანოს დასკვნის გაზიარების თუ მის გაზიარებაზე უარის თქმის შესახებ. განსახილველ შემთხვევაში, დგინდება, რომ სადავო აქტის მიმართ სასამართლო კონტროლის აღნიშნული წინაპირობები სახეზეა, როგორც ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა, აგრეთვე საკასაციო პალატამ გამოითხოვა სადავო აქტის გამოცემის საფუძვლად არსებული შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში დაცული ინფორმაცია და შეაფასა საქმეში დაცულ მტკიცებულებებთან, მხარეთა ზეპირ და წერილობით ახსნა-განმარტებებთან ერთობლიობაში. ამდენად, განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელესთან მიმართებით ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტი სრულად დაცულია, ადმინისტრაციული ორგანოსადმი მინიჭებული დისკრეციის ბოროტად გამოყენებისგან დასაცავად სასამართლოს მხრიდან განხორციელდა „ადეკვატური და ქმედითი“ პროცედურები საქმის „ეფექტიანი განხილვის“ მიზნით (08.06.2006წ. „Lupsa v. Romania“ (§34)). მართალია უშუალოდ მხარე ვერ გაეცნო სადავო აქტის საფუძვლად არსებულ მონაცემებს, თუმცა აღნიშნული ინფორმაცია შესწავლილი და შეფასებული იქნა სასამართლოს მიერ. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ უკეთუ სასამართლო, მათ შორის საკასაციო პალატა, შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტიდან მიღებულ მონაცემებს არასარწმუნოდ და შესაბამისად, მოსარჩელისთვის საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმას დაუსაბუთებლად მიიჩნევდა, იგი მიიღებდა მოსარჩელის სასარგებლო გადაწყვეტილებას, თუმცა როგორც უკვე აღინიშნა, საიდუმლო ინფორმაციის შინაარსის გათვალისწინებით კასატორისათვის საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლაზე უარის თქმა დასაბუთებულია. ადმინისტრაციული ორგანოს ქმედებებზე სასამართლო კონტროლის სათანადოდ განხორციელების პირობებში, კასატორის მითითება იმ გარემოებაზე, რომ მან ვერ შეძლო პოზიციის გამყარება და ვერ უზრუნველყო თავისი უფლებების სათანადოდ დაცვა - არ არის დასაბუთებული. მართალია, კერძო პირის სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციასთან დაშვება არ ხდება, თუმცა სადავო გადაწყვეტილებები დაექვემდებარა სამინსტანციურ, სასამართლო კონტროლს, რა დროსაც სასამართლომ მოახდინა საჯარო და კერძო ინტერესების შეპირისპირება. ასეთ დროს პირის მიერ სადავო აქტების საფუძვლად არსებული ინფორმაციის გაცნობის შეუძლებლობის მიუხედავად, უცხო ქვეყნის მოქალაქის უფლება დაცვის გარეშე არ რჩება, რადგან სასამართლო აფასებს არა მხოლოდ საჯარო ინტერესს, არამედ კერძო პირის ინტერესებსაც, რის შემდეგაც იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას, თუმცა ინფორმაციის საიდუმლოების გათვალისწინებით, სათანადო დასაბუთების ასახვა გადაწყვეტილების ტექსტში არ ხდება. საიდუმლოების დაცვა ილუზორული იქნებოდა, თუ საიდუმლოების შემცველი ინფორმაცია სასამართლოს გადაწყვეტილების ტექსტის გაცნობით გახდებოდა ცნობილი. სამართლებრივი დაცვის საშუალებების ეფექტიანად მიჩნევა არ არის დამოკიდებული მოსარჩელის სასარგებლო შედეგის დადგომაზე, ეფექტიანი სამართლებრივი დაცვის მოთხოვნა გულისხმობს, რომ სულ მცირე, კომპეტენტური დამოუკიდებელი ორგანო ინფორმირებული იყოს დეპორტაციის შესახებ გადაწყვეტილების საფუძვლებზე, მათ შორის იმ შემთხვევაში, როდესაც ეს მონაცემი არ არის საჯაროდ ხელმისაწვდომი, ამასთანავე, მითითებული ორგანო აღჭურვილი უნდა იყოს აღმასრულებელი ხელისუფლების მოსაზრებების უარყოფის შესაძლებლობით, თუ იგი ამ მოსაზრებებს დაუსაბუთებლად და თვითნებურად ჩათვლის (ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „Al-Nashif v. Bulgaria“, §132, 137). განსახილველ შემთხვევაში, ასეთი ორგანო სასამართლოა, რადგან იგი დამოუკიდებელია აღმასრულებელი ხელისუფლებისგან, აღჭურვილია ქვეყანაში უცხოელის დაშვებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების საფუძვლად არსებული საიდუმლო ინფორმაციის შესწავლის და არასარწმუნოობისა თუ დაუსაბუთებლობის შემთხვევაში საიდუმლოდ მიჩნეულ ინფორმაციაში ასახული მონაცემების გაზიარებაზე უარის თქმისა და შემოსვლაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობის უფლებამოსილებით, რის გამოც საკასაციო პალატა თვლის, რომ ა.ნ-მა ისარგებლა თავისი უფლების დაცვის ეფექტიანი საშუალებით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დაუსაბუთებელია კასატორის მიერ „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ კანონის მე-7 მუხლის 1-ელ პუნქტზე მითითება. რაც შეეხება სახელმწიფო საიდუმლოებასთან ინდივიდუალურ დაშვებას, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ კანონის 1-ლი მუხლის მე-12 პუნქტის მიხედვით, აღნიშნული მოიაზრებს ინფორმაციის გაცნობის საჭიროების გათვალისწინებით, ფიზიკური პირისათვის უფლებამოსილების მინიჭებას განახორციელოს ამ კანონითა და სხვა ნორმატიული აქტებით განსაზღვრული სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაკავშირებული საქმიანობა. უკვე აღინიშნა, რომ საქართველოს მთავრობის 24.09.2015წ. №507 დადგენილებით დამტკიცებული „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ რეგულაციის დანართი №3-ით გათვალისწინებულია სახელმწიფო საიდუმლოებასთან ინდივიდუალურ დაშვების უზრუნველყოფის უფლებამოსილების მქონე პირთა ნუსხა. “სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ” კანონის V თავი, კერძოდ, 20-24 მუხლები, ითვალისწინებს სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვების მოწესრიგებას. ამასთანავე, კანონის მე-20 მუხლის 1-ლი პუნქტის მიხედვით, ამ კანონითა და სხვა ნორმატიული აქტებით განსაზღვრული საფუძვლების არსებობისას სახელმწიფო საიდუმლოებასთან ინდივიდუალური დაშვება, შემოწმების პროცედურის შედეგების გათვალისწინებით, მიეცემა ქმედუნარიან, 18 წლის ასაკს მიღწეულ საქართველოს მოქალაქეს. ამავე კანონის მე-20 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო საიდუმლოებასთან უცხოელისა და მოქალაქეობის არმქონე პირის დაშვებისა და დაშვების გაუქმების წესი განისაზღვრება საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან/და შეთანხმებით ან საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილებით. საქართველოს მთავრობის 04.08.2014წ. №462 დადგენილებით დამტკიცებული “უცხოელი მოქალაქის და მოქალაქეობის არმქონე პირის სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვების და დაშვების გაუქმების წესით” განისაზღვრება ასეთი პირის სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვების და დაშვების გაუქმების პირობები, „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ კანონის შესაბამისად. კასატორს შეუძლია ისარგებლოს ამ პროცედურით. შესაბამისად, დაუსაბუთებელია კასატორის შუამდგომლობა სადავო აქტის გამოცემის საფუძვლად არსებული დოკუმენტაციის განსაიდუმლოებაზე, ან/და საიდუმლოებასთან დაშვებაზე იმ საფუძვლით, რომ შესაბამისი ინფორმაციის არქონის გამო, იგი მოკლებულია საკუთარი თავის დაცვის შესაძლებლობას.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს ა.ნ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ა.ნ-ის შუამდგომლობა სადავო აქტის გამოცემის საფუძვლად არსებული დოკუმენტაციის განსაიდუმლოების ან საიდუმლოებასთან დაშვებისა და სასამართლოს მიერ ინფორმაციის დასაიდუმლოების კანონიერების შეფასების თაობაზე განუხილველად იქნეს დატოვებული;

2. ა.ნ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

3. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.05.2024წ. განჩინება;

4. ა.გ-ის (პ.ნ....) დაუბრუნდეს მის მიერ საკასაციო საჩივარზე 16.09.2024წ. N104 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: გ. გოგიაშვილი

თ. ოქროპირიძე