საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-1021(კ-25) 29 დეკემბერი, 2025 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები (მოპასუხეები) - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სამტრედიის სერვის ცენტრი
პროცესუალური მოწინააღმდეგე (მოსარჩელე) - ც. მ-ე
გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 28 ივლისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, პენსიის აღდგენა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
2024 წლის 29 აპრილს ც. მ-ემ სარჩელით, ხოლო 2024 წლის 5 აგვისტოს დაზუსტებული სარჩელით მიმართა სამტრედიის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სამტრედიის საქალაქო ცენტრის მიმართ, რომლითაც მოითხოვა ც. მ-ის სახელმწიფო პენსიის შეწყვეტის შესახებ სსიპ საქართველოს სოციალური მომსახურის სააგენტოს სამტრედიის ტერიტორიული ერთეულის 2023 წლის 1 მაისის 2023/3 გადაწყვეტილების, ადმინისტრაციული განცხადების განუხილველად დატოვების თაობაზე ამავე სააგენტოს 2024 წლის 19 მარტის SSA 1 24 00320232 გადაწყვეტილების და პენსიის დარიცხვის შესახებ სსიპ საქართველოს სოციალური მომსახურის სააგენტოს სამტრედიის ტერიტორიული ერთეულის SSA 2 23 01157497 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, ასევე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სამტრედიის სერვის ცენტრისთვის პენსიის შეწყვეტის დღიდან - 2023 წლის 1 მაისიდან სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების დღემდე მიუღებელი სახელმწიფო პენსიის ანაზღაურების დავალება და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სამტრედიის სერვის ცენტრისთვის ახალი აქტის გამოცემის დავალება და ც. მ-ისათვის სახელმწიფო პენსიის გაცემა სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან. მოსარჩელემ ასევე მოითხოვა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს №SSA 1 24 00545107 და №SSA 8 24 00744068 გადაწყვეტილებების გაუქმება, რომლითაც უარი ეთქვა ც. მ-ეს პენსიის აღდგენაზე/ხელახლა დანიშვნაზე.
სარჩელის თანახმად, ც. მ-ე 2019 წლიდან დღემდე დასაქმებულია ...ის ... სახლ-მუზეუმში, ...ის პოზიციაზე. 2023 წლის 1 მაისამდე იღებდა პენსიასაც და ხელფასსაც, თუმცა 2023 წლის 1 მაისს შეუწყდა პენსია, რისი გამოკვლევის მიზნითაც მან მიმართა სოციალური მომსახურების სააგენტოს, რაზეც ვერ მიიღო პასუხი. 2024 წლის თებერვალში კი, მოსარჩელისთვის ცნობილი გახდა, რომ მას პენსია შეუწყდა იმ საფუძვლით, რომ ახორციელებდა საჯარო საქმიანობას, თუმცა, აღნიშნული ინფორმაცია მოსარჩელემ მიიღო ზეპირსიტყვიერად და არ ჩაბარებია შესაბამისი დოკუმენტი.
მოსარჩელის მითითებით, 2024 წლის მარტში ჩაბარდა დოკუმენტები, მათ შორის გადაწყვეტილება 2023/3, სადაც უკანონოდ მიღებული გასაცემლის დაანგარიშებაზე ნამსჯელი არ იყო. ამასთან, მოსარჩელემ სოციალური მომსახურების სააგენტოდან მიიღო №SSA 2 23 01157497 წერილი, რომელშიც მითითებულ იქნა, რომ ინფორმაციის კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადაში განუცხადებლობის გამო ადგილი ჰქონდა სახელმწიფო გასაცემლის არასწორად გაცემას, შესაბამისად დასაბრუნებელი თანხა შეადგენდა 4 040 ლარს. 2024 წლის 7 თებერვლის განცხადებით მოსარჩელემ მოითხოვა დარიცხული თანხის ჩამოწერა, თუმცა სააგენტოს 2024 წლის 19 მარტის №SSA 1 24 00320232 გადაწყვეტილებით განემარტა, რომ გასაჩივრების ვადის გასვლის გამო განუხილველად დარჩა მისი განცხადება.
სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 29 მაისის გადაწყვეტილებით ც. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საქართველოს სოციალური მომსახურის სააგენტოს სამტრედიის ტერიტორიული ერთეულის 2023 წლის 1 მაისის 2023/3 გადაწყვეტილება ც. მ-ის სახელმწიფო პენსიის შეწყვეტის შესახებ და ამავე სააგენტოს 2024 წლის 19 მარტის №SSA 1 24 00320232 გადაწყვეტილება ადმინისტრაციული განცხადების განუხილველად დატოვების თაობაზე; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საქართველოს სოციალური მომსახურის სააგენტოს სამტრედიის ტერიტორიული ერთეულის 2023 წლის 31 ოქტომბრის №SSA 2 23 01157497 გადაწყვეტილება ც. მ-ეზე საპენსიო დავალიანების დარიცხვის შესახებ; სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სამტრედიის სერვის ცენტრს დაევალა პენსიის შეწყვეტის დღიდან - 2023 წლის 1 მაისიდან სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების დღემდე ც. მ-ისთვის მიუღებელი სახელმწიფო პენსიის ანაზღაურება; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2024 წლის 21 მაისის №SSA1 24 00545107 და 2024 წლის 11 ივლისის №SSA 8 24 00744068 აქტები, რომლითაც ც. მ-ეს უარი ეთქვა პენსიის აღდგენა/ხელახლა დანიშვნაზე და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სამტრედიის სერვის ცენტრს დაევალა ც. მ-ისათვის სახელმწიფო პენსიის დანიშვნა (აღდგენა) სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან.
სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 29 მაისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სამტრედიის სერვის ცენტრმა, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 28 ივლისის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სამტრედიის სერვის ცენტრის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 29 მაისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ც. მ-ე 2019 წლიდან დასაქმებულია ...ის ... სახლ-მუზეუმში, ...ის პოზიციაზე. საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2021 წლის 24 ნოემბრის №05/05 ბრძანებით დამტკიცებულ სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დებულების პირველი მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 მუხლის პირველი პუნქტის, აგრეთვე „მუზეუმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის ანალიზის შედეგად სასამართლომ მიიჩნია, რომ ... სახლ-მუზეუმი, სადაც მოსარჩელე მუშაობს, წარმოადგენდა სამუზეუმო საქმიანობის განმახორციელებელ დაწესებულებას. ამრიგად, მოსარჩელის სამუშაო ადგილი და განხორციელებული საქმიანობის მახასიათებლები სრულად შეესაბამებოდა საქართველოს კანონმდებლობის დასახელებულ ნორმებს, რომლის მიხედვითაც კულტურულ სფეროში საქმიანობა საჯარო საქმიანობის განხორციელებად არ მიიჩნევა და მას კანონის შესაბამისად არ ეზღუდება უფლება მიიღოს სახელმწიფო პენსია კანონით დადგენილი წესითა და ოდენობით. ამდენად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელე ც. მ-ის სახელმწიფო პენსიის დანიშვნაზე უარი ეწინააღმდეგებოდა მოქმედ კანონმდებლობას. ამასთან, სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელემ სადავო აქტი გაასაჩივრა მისი ჩაბარებიდან ერთთვიან ვადაში, რაც სრულად შეესაბამებოდა საპროცესო კანონის მოთხოვნებს, შესაბამისად, სასამართლომ სწორად მიიჩნია გასაჩივრების ვადის გასვლის გამო ადმინისტრაციული საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე სააგენტოს 2024 წლის 19 მარტის №SSA 1 24 00320232 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.
დანარჩენ სასარჩელო მოთხოვნებთან დაკავშირებით სასამართლომ მიუთითა, რომ ადმინისტრაციული ორგანოს ან თანამდებობის პირის მიერ, პირისათვის მართლსაწინააღმდეგოდ მიყენებული ზიანის ანაზღაურების უპირობო ვალდებულება დადგენილია საქართველოს კონსტიტუციით და მითითებული საკანონმდებლო აქტებით. სასამართლოს მითითებით, ვინაიდან სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი - 2023 წლის 1 მაისის 2023/3 გადაწყვეტილება ც. მ-ის სახელმწიფო პენსიის შეწყვეტის შესახებ სასამართლოს მიერ მართებულად იქნა უკანონოდ მიჩნეული და ბათილად ცნობილი, რითაც აღდგენილ იქნა აღნიშნული სადავო აქტის მიღებამდე არსებული მდგომარეობა, შესაბამისად, მოსარჩელე მხარის დანარჩენი სასარჩელო მოთხოვნებიც ექვემდებარებოდა დაკმაყოფილებას.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 28 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ და ამავე სააგენტოს სამტრედიის სერვის ცენტრმა, რომლებმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორები აღნიშნავენ, რომ მოსარჩელე ც. მ-ე დასაქმებულია სსიპ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ... სახლ–მუზეუმში ...ის პოზიციაზე, რომელიც თავის მხრივ წარმოადგენს სააგენტოს სტრუქტურულ ერთეულს და არა ცალკე არსებულ, ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის იურიდიული სტატუსის მქონე სუბიექტს. ამასთან, კასატორები მიუთითებენ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2021 წლის 24 ნოემბრის №05/05 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის-საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დებულების მე-8 მუხლსა და „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტზე და მიიჩნევენ, რომ სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო არ წარმოადგენს სამუზეუმო სტატუსის მქონე სუბიექტს, რომელზეც შესაძლებელია გავრცელდეს „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მ-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საშეღავათო პირობა. ამდენად, ვინაიდან ც. მ-ე დასაქმებულია სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ... სახლ-მუზეუმში, აღნიშნულ დაწესებულებაში შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობის განხორციელების პერიოდში კანონით დადგენილი პირობებით მას ეზღუდებოდა სახელმწიფო გასაცემლის მიღების უფლება.
კასატორებმა ასევე მიუთითეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 180-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და 182-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტზე და აღნიშნეს, რომ ც. მ-ეს შეტყობინებით ეცნობა სამტრედიის სერვის ცენტრის 2023წლის 28 აპრილის №447535 სახელმწიფო პენსიის შეწყვეტის შესახებ და განემარტა მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება, მითითებული შეტყობინება გაეგზავნა ფოსტის მეშვეობით, თუმცა გზავნილი უკან დაუბრუნდა სამტრედიის სერვის ცენტრს. აღნიშნულის შემდგომ, მოსარჩელე 2023 წლის 22 მაისს თავად გამოცხადდა სამტრედიის სერვის ცენტრში და ხელზე ჩაბარდა სამტრედიის სერვის ცენტრის 2023 წლის 28 აპრილის 447535 შეტყობინება გასაჩივრების ვადის მითითებით. კასატორები მიიჩნევენ, რომ ვინაიდან, გასული იყო ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი ვადა, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ 2024 წლის 19 მარტს მიღებული იქნა №320232 გადაწყვეტილება ც. მ-ის განცხადების განხილვაზე უარის თქმის თაობაზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 8 ოქტომბრის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სამტრედიის სერვის ცენტრის საკასაციო საჩივარი დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სამტრედიის სერვის ცენტრის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ პენსიის მიღება საერთაშორისო და შიდა სამართლებრივი აქტების შესაბამისად, პირის ძირითად სოციალურ უფლებათა ჯგუფს განეკუთვნება. 1996 წლის 3 მაისის ევროპის სოციალური ქარტიის პირველი ნაწილის 23-ე პუნქტის მიხედვით, ხელმომწერი მხარეები (სახელმწიფოები) აღიარებენ ხანდაზმულ პირთა მიმართ სოციალური დაცვით სარგებლობის უფლებას, ხოლო მე-2 ნაწილის 23-ე მუხლის შესაბამისად, ხანდაზმულ პირთა მიერ სოციალური დაცვის უფლებით სარგებლობის მიზნით სახელმწიფო ვალდებულებას იღებს უზრუნველყონ ხანდაზმულთა დარჩენა საზოგადოების სრულფასოვან წევრებად, რაც შეიძლება დიდხანს. ამავე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, აღნიშნული გამოიხატება ადეკვატური სახსრების გამოყოფით, რაც საშუალებას მისცემს მათ იცხოვრონ ღირსეულად და აქტიური მონაწილეობა მიიღონ საზოგადოებრივ, სოციალურ და კულტურულ ცხოვრებაში. ამასთან, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-9 მუხლის თანახმად, პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ თითოეული ადამიანის უფლებას სოციალურ უზრუნველყოფაზე.
გარდა ამისა, საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულაზე, რომლის თანახმად, საქართველოს მოქალაქეთა ურყევი ნებაა, რომ დაამკვიდრონ, მათ შორის სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფო. კონსტიტუციის მე-5 მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების თანახმად კი განსაზღვრულია, რომ საქართველო არის სოციალური სახელმწიფო, რომელიც სახელმწიფო ზრუნავს საზოგადოებაში სოციალური სამართლიანობის, სოციალური თანასწორობისა და სოციალური სოლიდარობის პრინციპების განმტკიცებაზე.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ პენსიის უფლება ექცევა ადამიანის სოციალურ უფლებებში და წარმოადგენს სახელმწიფოს მხრიდან მისი ვალდებულების აღიარებას ხანდაზმულ მოქალაქეთა მიმართ. აღნიშნული უფლებების სრულყოფილი რეალიზაციისთვის მნიშვნელოვანია სახელმწიფოს მხრიდან როგორც პენსიის დანიშვნა/გაცემასთან დაკავშირებით შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის შექმნა, ასევე სახელმწიფოს მხრიდან აღნიშნული უფლების შეზღუდვისგან თავის შეკავება და შეზღუდვის დაშვება მხოლოდ კანონმდებლობით მკაცრად განსაზღვრულ შემთხვევებში, შესაბამისი ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად, როდესაც გამოყენებული საშუალება წარმოადგენს მიზნის მიღწევის გამოსადეგ, აუცილებელ და პროპორციულ საშუალებას.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტი პენსიაზე უფლების წარმოშობის საფუძვლად განსაზღვრავს საპენსიო ასაკის, კერძოდ 65 წლის მიღწევას. ამასთან, დაკონკრეტებულია, რომ პენსიაზე უფლება ქალებს წარმოეშობათ 60 წლიდან. აღსანიშნავია, რომ დასახელებული მუხლის მე-3 პუნქტი ითვალისწინებს საგამონაკლისო შემთხვევას, კერძოდ, პენსიაზე უფლება არ წარმოიშობა და წარმოშობილი უფლება შეწყდება პირის მიერ საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში. ამასთან, კანონის მე-17 მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი პენსიის შეწყვეტის (მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან) ერთ-ერთ საფუძვლად ითვალისწინებს საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდს.
აღსანიშნავია, რომ ზემოაღნიშნული კანონის მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი განსაზღვრავს კანონის მიზნებისთვის საჯარო საქმიანობის ცნებას და იგი განმარტებულია, როგორც საჯარო საქმიანობა სახელმწიფო სამსახურსა და საჯარო სამსახურში, მათ შორის, საჯარო სამართლის იურიდიულ პირში (გარდა პოლიტიკური და რელიგიური ორგანიზაციებისა, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისა, პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა, სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებებისა, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიისა, მუზეუმებისა, ბიბლიოთეკებისა, სკოლა-პანსიონებისა, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების, სკოლისგარეშე და სააღმზრდელო საქმიანობის განმახორციელებელი დაწესებულებებისა), განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა. საჯარო საქმიანობად არ მიიჩნევა საუბნო საარჩევნო კომისიაში განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა და საოლქო საარჩევნო კომისიის დროებითი წევრის მიერ განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა. ისეთი შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობის შესახებ ინფორმაციას, რომელიც საჯარო საქმიანობას მიეკუთვნება, კომპეტენტურ ორგანოს შეთანხმებული ფორმატით აწვდის საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ც. მ-ე 2019 წლიდან დღემდე დასაქმებულია ...ის ... სახლ-მუზეუმში, ...ის პოზიციაზე და 2023 წლის 1 მაისამდე იღებდა პენსიასაც და ხელფასსაც. სოციალური მომსახურების სააგენტოს სამტრედიის სერვის ცენტრმა 2023 წლის 28 აპრილის №447535 წერილი გაუგზავნა ც. მ-ეს ფოსტის მეშვეობით, რომელიც არ ჩაბარდა ადრესატს. წერილში მითითებული იყო, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად ც. მ-ე დასაქმებული იყო შრომითი ხელშეკრულებით. „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, სახელმწიფო გასაცემლის მიღების უფლება იზღუდებოდა პირის მიერ საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში, რის გამოც მას 2023 წლის 1 მაისიდან შეუწყდებოდა სახელმწიფო გასაცემელი. ასევე ეცნობა, რომ სააგენტოს მიერ საჯარო საქმიანობის დაწყების/დასრულების თარიღის დაზუსტების შემდეგ შესაძლებელია დაკისრებოდა ვალდებულება საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში ზედმეტად მიღებული სახელმწიფო გასაცემლის სახელმწიფო ბიუჯეტში დაბრუნების შესახებ. 2023 წლის 1 მაისს №2023/3 გადაწყვეტილებით ც. მ-ეს ზემოაღნიშნული საფუძვლით შეუწყდა პენსია.
2023 წლის 31 ოქტომბრის №SSA 2 23 01157497 წერილით ც. მ-ეს ეცნობა, რომ სახელმწიფო პენსია შეწყდებოდა ბენეფიციარის საჯარო საქმიანობის განხორციელების მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან და შემდგომ ჩარიცხული თანხები ექვემდებარებოდა ბიუჯეტში აღდგენას. ინფორმაციის კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადაში განუცხადებლობის გამო ადგილი ჰქონდა სახელმწიფო გასაცემლის არასწორად გაცემას და დასაბრუნებელი თანხა შეადგენდა 4 040 (ოთხი ათას ორმოცი) ლარს. 2024 წლის 7 თებერვალს ც. მ-ემ განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და მოითხოვა დარიცხული თანხის ჩამოწერა. 2024 წლის 29 მარტს სოციალური მომსახურების სააგენტოში ჩააბარეს 19 მარტის №SSA 1 24 00320232 გადაწყვეტილება, რომლითაც გასაჩივრების ვადის გასვლის მოტივით განუხილველად დარჩა მოსარჩელის განცხადება.
2024 წლის 16 აპრილს ც. მ-ემ მიმართა სოციალური მომსახურების სააგენტოს და მოითხოვა პენსიის (სახელმწიფო გასაცემის) აღდგენა. ც. მ-ეს ამ განცხადების განხილვაზე სააგენტომ უარი უთხრა 2024 წლის 21 მაისის №SSA 1 24 00545107 აქტით, რაც მოსარჩელემ გაასაჩივრა ადმინისტრაციული საჩივრით ზემდგომ თანამდებობის პირთან. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2024 წლის 11 ივლისის №SSA 8 24 00744068 აქტით არ დაკმაყოფილდა ც. მ-ის ადმინისტრაციული საჩივარი.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელისთვის სახელმწიფო პენსიის დანიშვნაზე უარის თქმა განაპირობა მისმა საქმიანობამ, კერძოდ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ... სახლ-მუზეუმში ...ის პოზიციაზე დასაქმებამ. ამდენად, საკასაციო პალატის შეფასების საგანს წარმოადგენს ც. მ-ე ახორციელებდა თუ არა საჯარო საქმიანობას, რაც „სახელმწიფო პენსიის შესახებ” საქართველოს კანონიდან გამომდინარე შესაძლოა გამხდარიყო მისთვის სახელმწიფო პენსიის დანიშვნის უარმყოფელი კანონისმიერი საფუძველი.
საკასაციო სასამართლოს განმარტებით, როგორც სახელმწიფო, ისე საჯარო სამსახურში საქმიანობა, ფართო გაგებით მიიჩნევა საჯარო-სამართლებრივი უფლებამოსილების განხორციელებად, თუმცა საჯარო დაწესებულებაში შესაძლოა დასაქმებული იყოს არაერთი ტექნიკური მუშაკი ან სხვა პირი, რომელიც არ იღებს მონაწილეობას დაწესებულების საჯარო-სამართლებრივი ფუნქციების განხორციელებაში. სახელმწიფო სამსახურში დასაქმებული ყველა პირის საჯარო მოხელედ მიჩნევა გამოიწვევს საჯარო ფუნქციების არმქონე პირებზე, მათ შორის ტექნიკურ მუშაკებზე, საჯარო მოხელისათვის დაწესებული შეზღუდვებისა და ვალდებულებების გავრცელებას, რაც საჯარო დაწესებულებაში დასაქმებული არამოხელე პირებისათვის დაუსაბუთებლად მომატებული ტვირთის დაკისრებას გამოიწვევდა (იხ. სუსგ ბს-506(კ-24); 29.10.2024).
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „მუზეუმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, მუზეუმი განმარტებულია, როგორც კანონით დადგენილი წესით შექმნილი (დაფუძნებული) ან/და რეგისტრირებული იურიდიული პირი, რომლის მიზანია სამეცნიერო-კვლევითი და კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელება, კულტურული მემკვიდრეობის გამოვლენა, შეგროვება, აღრიცხვა, დაცვა, შესწავლა, ექსპონირება და პოპულარიზაცია. დასახელებული ნორმების ანალიზის საფუძველზე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საჯარო სამსახურად ერთმნიშვნელოვნად არ მიიჩნევა კულტურულ, საგანმანათლებლო და კვლევით სფეროში განხორციელებული საქმიანობა.
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2021 წლის 24 ნოემბრის №05/05 ბრძანებით დამტკიცებულ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დებულების პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად დადგენილია, რომ საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო შექმნილია საჯარო სამართლის იურიდიული პირების: სტეფანწმინდის ისტორიული მუზეუმის, დიდი მცხეთის არქეოლოგიური სახელმწიფო მუზეუმ-ნაკრძალის, ვარძიის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალის, უფლისციხის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალის, სამშვილდის და კლდეკარის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალის, ქსნის ხეობის ისტორიულ-არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალის, პარმენ ზაქარაიას სახელობის ნოქალაქევის არქიტექტურულ-არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალის, ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის გურიის მხარის არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალის, დიდი ლიახვის ხეობის სახელმწიფო მუზეუმ-ნაკრძალის, ქუთაისის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალის, ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის, მირზაანის ნიკო ფიროსმანაშვილის სახელმწიფო მუზეუმის ბაზაზე და წარმოადგენს ზემოაღნიშნული მუზეუმებისა და მუზეუმ-ნაკრძალების და საჯარო სამართლის იურიდიული პირების – ... სახლ-მუზეუმისა და ...ის სახლ-მუზეუმის უფლებამონაცვლეს. ამავე დებულების მე-8 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სააგენტოს სტრუქტურა შედგება მუზეუმების, მუზეუმ-ნაკრძალებისა და სამსახურებისაგან (სტრუქტურული ერთეულები), ხოლო მეორე პუნქტის “ს” ქვეპუნქტის შესაბამისად, სააგენტოს მუზეუმი და მუზეუმ-ნაკრძალია ... სახლ-მუზეუმი. აღნიშნული დებულების მე-9 მუხლის თანახმად, მუზეუმებისა და მუზეუმ-ნაკრძალების ძირითადი ამოცანებია: ა) მუზეუმებისა და მუზეუმ-ნაკრძალების მართვაში არსებული კულტურული მემკვიდრეობის მართვა, დაცვა, ექსპონირება და პოპულარიზაცია; ბ) კულტურული მემკვიდრეობის გამოვლენა, შეგროვება, აღრიცხვა, დაცვა, შესწავლა, ექსპონირება და პოპულარიზაცია; გ) კულტურული ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა; დ) სამეცნიერო-კვლევითი და კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელება; ე) სამეცნიერო კვლევების საფუძველზე, ახალი და განახლებული მუზეუმების ან/და მუზეუმ-ნაკრძალებისათვის სამუზეუმო ექსპოზიციათა კონცეფციების შემუშავება; ვ) სამუზეუმო სფეროს ექსპერტებთან თანამშრომლობა და კვლევითი, საკონსულტაციო, საექსპერტო საქმიანობის განხორციელების ხელშეწყობა; ზ) მუზეუმებთან და მუზეუმ-ნაკრძალებთან დაკავშირებული შემეცნებითი, სამეცნიერო, სამეცნიერო-პოპულარული, საინფორმაციო ხასიათის გამოცემებისა და ღონისძიებების მომზადება-განხორციელება; თ) ამ მუხლის „ა“-„ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ამოცანების შესრულების მიზნით, შესაბამისი პროგრამების შემუშავება და განხორციელება; ი) მუზეუმის/მუზეუმ-ნაკრძალის დებულებით განსაზღვრული და სამინისტროსგან შესაბამისი ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დელეგირებული საქმიანობის ფარგლებში სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო, შექმნილია რა მუზეუმებისა და მუზეუმ-ნაკრძალების ბაზაზე, წარმოადგენს ზემოაღნიშნული მუზეუმებისა და მუზეუმ-ნაკრძალების უფლებამონაცვლეს. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დებულებით პირდაპირ განსაზღვრულია და გამიჯნულია როგორც მუზეუმებისა და მუზეუმ-ნაკრძალების, ასევე, კონკრეტული სამსახურების სახეობები და მათი საქმიანობა და ფუნქციები. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში მუზეუმების საქმიანობის მიზნებიდან და დაკისრებული ფუნქციებიდან გამომდინარე, ... სახლ-მუზეუმში განხორციელებული საქმიანობა არ განეკუთვნება საჯარო საქმიანობას, ხოლო მასში დასაქმებული პირი წარმოადგენს სააგენტოს შემადგენლობაში, როგორც მუზეუმში (მუზეუმ-ნაკრძალში) დასაქმებულ პირს და არა საჯარო საქმიანობის განმახორციელებელ სუბიექტს. მოსარჩელე მისი დასაქმებული (... სახლ-მუზეუმი) საქმიანობის სპეციფიკიდან და ფუნქციური დანიშნულებიდან გამომდინარე ექცევა „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით დადგენილ საგამონაკლისო შემთხვევათა ნუსხაში, რომელში განხორციელებული საქმიანობაც არ მიიჩნევა საჯარო სამსახურად (სუსგ №ბს-575(კ-25); 18.09.2025წ.)
ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ ც. მ-ე არ ახორციელებდა საჯარო საქმიანობას, შესაბამისად, მას არ ეზღუდება უფლება კანონის შესაბამისად მიიღოს სახელმწიფო პენსია. ამასთან, განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელემ სადავო აქტი გაასაჩივრა მისი ჩაბარებიდან ერთთვიან ვადაში, რაც სრულად შეესაბამება საპროცესო კანონის მოთხოვნებს, რაც ასევე მიუთითებდა გასაჩივრების ვადის გასვლის გამო ადმინისტრაციული საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე სააგენტოს 2024 წლის 19 მარტის SSA 1 24 00320232 გადაწყვეტილების უკანონობაზე. ამასთან, ბათილად ცნობილი სადავო აქტების არაკანონიერად მიჩნევის პირობებში, ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ მართებულად იქნა მიღებული გადაწყვეტილება სასარჩელო მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილების შესახებ.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სამტრედიის სერვის ცენტრის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 28 ივლისის განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
მ. ვაჩაძე
ბ. სტურუა