საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-1022(2კ-23) 8 ივლისი, 2025 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო (მოპასუხე), ა.ღ-ე (მესამე პირი)
პროცესუალური მოწინააღმდეგე (მოსარჩელე) - ი.გ-ე
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 5 ოქტომბრის გადაწყვეტილება
კასატორების მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარად აღიარება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
ი.გ-ემ 2017 წლის 4 მაისს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და ამავე სააგენტოს გორის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ და სარჩელის დაზუსტების შემდეგ საბოლოოდ მოითხოვა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2013 წლის 25 ივნისის №... გადაწყვეტილებისა და 2013 წლის 24 ივნისს გაცემული №... ცნობა-დახასიათების არარად აღიარება.
სარჩელის მიხედვით, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2011 წლის 14 ივლისს გაცემული №... ცნობა-დახასიათების თანახმად, ქ.გორში, ...ის ქ.№6-ში მდებარე 258 კვ.მ მიწასა და მასზე დამაგრებულ ლიტერ „ა“-ზე და ლიტერ „გ“-ზე მესაკუთრედ რეგისტრირებული იყო ი.გ-ის მამა შ.გ-ე, რაც საფუძვლად დაედო აღნიშნული უძრავი ქონების მის საკუთრებად რეგისტრაციას საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2013 წლის 30 იანვრის №... გადაწყვეტილებით.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2013 წლის 11 მარტის გადაწყვეტილებით, საერთო შესასვლელის მითითების თაობაზე ზემოხსენებულ ცნობა-დახასიათებაში შესწორების შეტანის შესახებ ა.ღ-ის განცხადება არ დაკმაყოფილდა იმ მოტივით, რომ ცნობა-დახასიათება შეესაბამებოდა ტექაღრიცხვის არქივში არსებულ მონაცემებს. 2013 წლის 24 ივნისს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ ა.ღ-ის განცხადების საფუძველზე 2013 წლის 25 ივნისის №... გადაწყვეტილებით შეასწორა ხარვეზი, დააკმაყოფილა მისი მოთხოვნა და გასცა ახალი ცნობა-დახასიათება №..., სადაც მიეთითა შენიშვნა - აღნიშნული უძრავი ნივთის გენ-გეგმაზე მიწის ფართად მითითებულია 258 კვ.მ, რომელშიც შედის იმ მიწის ფართი, სადაც ფიქსირდება საერთო შესასვლელი, რომლის ფართიც და ასევე შ.გ-ის მფლობელობაში არსებული ფართიც გაურკვეველია. მოსარჩელის განმარტებით, წლების განმავლობაში ტექაღრიცხვის სამსახური გასცემდა ურთიერთსაწინააღმდეგო საინფორმაციო ხასიათის ცნობებს, რასაც ადასტურებს 2013 წლის 6 აგვისტოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა კონტროლის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის დასკვნა №... სამსახურებრივი შემოწმების შედეგებზე, რითაც დადგინდა 2006-2007 წლებში გაცემული ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გორის სარეგისტრაციო სამსახურის ტექინვენტარიზაციის არქივში დაცული ქ.გორში, ... ის ქ.№4-ში მდებარე საცხოვრებელ ბინებს, რომლის მფლობელები არიან მოქალაქეები შ.ღ-ე და შ.გ-ე, ...ის ქუჩის მხრიდან აქვთ საერთო შესასვლელი და ნაკვეთებიც არის საერთო სარგებლობის. აღსანიშნავია, რომ ტექნიკური აღრიცხვის არქივიდან ინფორმაცია გაიცემა ტექნიკური აღრიცხვის არქივში დაცული მონაცემების საფუძველზე, ხოლო ტექნიკური აღრიცხვის არქივში ასეთი მონაცემები არ არსებობდა. აღნიშნული დასკვნით დადგინდა, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გორის სარეგისტრაციო სამსახურის მხრიდან ადგილი ჰქონდა რა სამსახურებრივი მოვალეობების არაჯეროვან შესრულებას და დაუდევარი დამოკიდებულების ფაქტებს, სამსახურის უფროსს შეეფარდა დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა - შენიშვნა. 2013 წლის 24 ივნისს გაცემულ ცნობა-დახასიათებაში არსებული შენიშვნის საფუძვლად მითითებული უძრავი ნივთის გენ-გეგმა შეადგენს შ.გ-ის ტექნიკური პასპორტის ასლს, სადაც სხვისი ხელით გაჩნდა მინაწერი - „შესას.საერთო“, „უნებართვო ავტოფარეხი“. აღნიშნული მინაწერის გარკვევის მიზნით მოსარჩელემ მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა კონტროლის სამსახურს, რომელმაც 2015 წლის 1 ივნისის №... დასკვნით დაადგინა, რომ შ.გ-ის ტექნიკური პასპორტის ასლზე, მართლაც შესრულებული იყო მინაწერი - „შესას. საერთო“, „უნებართვო ავტოფარეხი“, თუმცა ვერ დადგინდა, აღნიშნული მინაწერები განხორციელდა ადგილობრივი თვითმმართველობის ტექნიკური აღრიცხვის ტერიტორიულ სამსახურში არსებული მონაცემთა საინფორმაციო ბანკის და არქივის საჯარო რეესტრისათვის გადმოცემამდე თუ მას შემდეგ. მოსარჩელე აქტების არარად აღიარების საფუძვლად უთითებს იმ გარემოებაზეც, რომ აღნიშნული აქტების შესრულებამ უკვე გამოიწვია და მომავალშიც გამოიწვევს სისხლისსამართლებრივ ან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 13 ივლისის განჩინებით, აღნიშნული საქმე განსჯადობით გადაეგზავნა გორის რაიონულ სასამართლოს.
გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 19 ოქტომბრის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმის განხილვაში მესამე პირად ჩაება ა.ღ-ე.
გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 11 დეკემბრის გადაწყვეტილებით ი.გ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
რაიონულმა სასამართლომ მიუთითა „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის დანაწესზე, რომლის შესაბამისად მარეგისტრირებელი ორგანო ვალდებულია აღმოჩენისთანავე შეასწოროს თავის მიერ დაშვებული ტექნიკური ხარვეზი, რომელიც გამოწვეულია დოკუმენტაციიდან მონაცემების უზუსტო გადატანით და ტექნიკური ან გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომით. ტექნიკურ ხარვეზად ჩაითვლება ასევე ორთოგრაფიული, არითმეტიკული ან სხვა სახის ტექნიკური უზუსტობა, რა გარემოებაც მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით არ დასტურდებოდა.
რაიონულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ ი.გ-ემ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოში წარადგინა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2011 წლის 14 ივლისს გაცემული №... ცნობა დახასიათება, რომლის საფუძველზე 2013 წლის 30 იანვრის №... გადაწყვეტილებით მის საკუთრებად დარეგისტრირდა ქ.გორში, ... ის ქ.№6-ში მდებარე 258 კვ.მ მიწა და მასზე დამაგრებული ლიტერი „ა“ და ლიტერი „გ“ უძრავი ქონება. 2013 წლის 24 ივნისს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ ა.ღ-ის განცხადების საფუძველზე 2013 წლის 25 ივნისის №... გადაწყვეტილებით შეასწორა ხარვეზი და 2013 წლის 24 ივნისს გაიცა ახალი ცნობა-დახასიათება №..., სადაც იყო შენიშვნა - აღნიშნული უძრავი ნივთის გენ-გეგმაზე მიწის ფართად მითითებულია 258 კვ.მ, რომელშიც შედის იმ მიწის ფართი, სადაც აღნიშნულია საერთო შესასვლელი, რომლის ფართიც და ასევე შ.გ-ის მფლობელობაში არსებული ფართიც გაურკვეველია. ამასთან, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2013 წლის 11 მარტის გადაწყვეტილებით ა.ღ-ის განცხადება, რითაც ითხოვდა ზემოხსენებულ ცნობა-დახასიათებაში შესწორების შეტანას, არ დაკმაყოფილდა იმ მოტივით, რომ ცნობა-დახასიათება შეესაბამებოდა ტექაღრიცხვის არქივში არსებულ მონაცემებს. სწორედ ამ განსხვავებული შინაარსის გადაწყვეტილებებს და გაცემულ ცნობა-დახასიათებებს უთითებდა მოსარჩელე და განმარტავდა, რომ ტექნიკური აღრიცხვის ბიუროში გაყალბდა მონაცემები და აქედან აღმოჩნდა მინაწერი შენიშვნის სახით საერთო შესასვლელზე და ავტოფარეხზე. მოსარჩელემ თავის ახსნა-განმარტებაში მიუთითა, რომ შ.გ-ის სახელზე 1964 წლის 28 დეკემბერს გაცემულ უძრავი ქონების ტექნიკური პასპორტის დედანში ზემოხსენებული შენიშვნა არ ფიქსირდებოდა. ამ გარემოებასთან დაკავშირებით სასამართლომ აღნიშნა, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა კონტროლის სამსახურის მიერ ამ ფაქტის გასარკვევად ჩატარდა სამსახურებრივი შემოწმება, რომლის შედეგად ვერ დადგინდა, თუ როდის განხორციელდა აღნიშნული მინაწერი - ადგილობრივი მმართველობის ტექნიკური აღრიცხვის ტერიტორიულ სამსახურში არსებულ მონაცემთა საინფორმაციო ბანკის და არქივის საჯარო რეესტრისთვის გადმოცემამდე თუ მას შემდეგ, ასევე არ დადგინდა საჯარო რეესტრში დაცული, შ.გ-ის და შ.ღ-ის სააღრიცხვო ბარათებში არსებული დოკუმენტაციის გაქრობა-გაყალბების ფაქტი, ხოლო არასწორი ინფორმაციის გაცემისათვის დისციპლინური სახდელი დაეკისრა თანამშრომელს.
ზემოაღნიშნულ გარემოებათა გათვალისწინებით, რაიონულმა სასამართლომ მიუთითა, რომ ადმინისტრაციული წარმოების მთელი პროცესის მიმდინარეობისას საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო მოქმედებდა თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, მათ შორის გაცემული ინფორმაციის შემოწმების და ხარვეზის გამოსწორებისათვის შეასრულა „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული მოთხოვნები, შესაბამისად სასამართლომ მოთხოვნა მიიჩნია უსაფუძვლოდ და არ დაკმაყოფილდა.
გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 11 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 5 ოქტომბრის განჩინებით ი.გ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა მოცემულ საქმეზე გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 11 დეკემბრის გადაწყვეტილება და მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება; ი.გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; არარად იქნა აღიარებული საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2013 წლის 25 ივნისის №... გადაწყვეტილება და 2013 წლის 24 ივნისს გაცემული №... ცნობა-დახასიათება.
სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მოცემულ საქმეში წარმოდგენილი იყო მ.მ-ის განცხადების საფუძველზე ჩატარებული სამსახურებრივი შემოწმების შედეგებზე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა კონტროლის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის და შიდა კონტროლის სამსახურის ინსპექტორის 2013 წლის 06 აგვისტოს N... დასკვნა. აღნიშნულ დასკვნაში კი მითითებული იყო რომ: „სამსახურებრივი შემოწმებისას მოპოვებული მასალების შესწავლისა და ანალიზის საფუძველზე დადგინდა შემდეგი: „2013 წლის 16 აპრილის № ... განცხადებაზე თანდართული იყო საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გორის სარეგისტრაციო სამსახურის ..... მიერ 2006-2007 წლებში გაცემული ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გორის სარეგისტრაციო სამსახურის ტექინვენტარიზაციის არქივში დაცული ...ის ქ.№4-ში მდებარე საცხოვრებელი ბინები, რომლის მფლობელები არიან მოქალაქეები შ.ღ-ე და შ.გ-ე, ...ის ქუჩის მხრიდან აქვთ საერთო შესასვლელი და ნაკვეთიც არის საერთო სარგებლობის. აღსანიშნავია, რომ ტექნიკური აღრიცხვის არქივიდან ინფორმაცია გაიცემა ტექნიკური აღრიცხვის არქივში დაცული მონაცემების საფუძველზე, ხოლო ტექნიკური აღრიცხვის არქივში ასეთი მონაცემები არ არსებობდა/არსებობს, შესაბამისად ...... მიერ გაცემული ზემოაღნიშნული ინფორმაცია არ შეესაბამებოდა/შეესაბამება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტექნიკური აღრიცხვის არქივში დაცულ მონაცემებს“. იმავე დასკვნაში ასევე მიეთითა, რომ „... მიერ დისციპლინური დარღვევა ჩადენილი იქნა 2006-2007 წლებში. ... საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გორის სარეგისტრაციო სამსახურის ... მხრიდან ადგილი ჰქონდა საქართველოს კანონმდებლობის და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის 2009 წლის 20 იანვრის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საჯარო რეესტრი ეროვნული სააგენტოს შრომის შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“ №... ბრძანების 32-ე მუხლის მოთხოვნების დარღვევას, კერძოდ, მასზე დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობების არაჯეროვანი შესრულების და დაუდევარი დამოკიდებულების ფაქტებს, რისთვისაც მას უნდა შეეფარდოს დისციპლინური პასუხისმგებლობა.“ იმავე დასკვნაში საბოლოოდ მითითებულ იქნა შემდეგი „... საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გორის სარეგისტრაციო სამსახურის ... .... შეეფარდოს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა - შენიშვნა“ (ტ.2. ს.ფ.69-72).
სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემისთანავე ითვლება არარად, თუ მისი შესრულება გამოიწვევს სისხლისსამართლებრივ ან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას.
სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა იმის შესახებ, თითქოს საქმის მასალებით არ დასტურდებოდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 მუხლის პირველ ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარად ცნობის არცერთი საფუძვლის არსებობა. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით განისაზღვრა კანონმდებლის მთავარი მიზანი იმის შესახებ, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღება (რეგისტრაცია) არ უნდა განხორციელებულიყო ისეთი კანონსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად, რასაც შეიძლება გამოეწვია აქტის განმახორციელებელი პირის მიმართ რაიმე კონკრეტული სახის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მართალია ამ მატერიალურ-სამართლებრივი ნორმით პირდაპირ არ იყო გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ, თუმცა აღნიშნული სამართლებრივი ნორმის მიზნებიდან და შინაარსიდან გამომდინარე სააპელაციო პალატამ დაასკვნა, რომ სადავო აქტების საფუძვლის - „საერთო შესასვლელის“ და „ნაკვეთიც არის საერთო სარგებლობის“ - მიმთითებელი პირის მიმართ შესაძლებელი იყო იურიდიული პასუხისმგებლობის კონკრეტული სახის, დისციპლინური პასუხისმგებლობის შენიშვნის სახით დაკისრება, შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატის მოსაზრებით, სახეზე იყო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის არარად მიჩნევის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 5 ოქტომბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ და ა.ღ-ემ, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის უარყოფა მოითხოვეს.
კასატორის - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრის მიხედვით, №... (14.07.2011) ცნობა-დახასიათების თანახმად, ქალაქ გორში, ...ის ქ. №6-ში მდებარე 258 კვ.მ მიწის ნაკვეთსა და „ა“ (საცხოვრებელი, ორსართულიანი, საერთო ფართობი 102 კვ.მ, საცხოვრებელი ფართობი 62 კვ.მ, უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე არსებული ფართობი 99.20 კვ.მ) და „გ“ (დამხმარე, უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე არსებული ფართობი 18 კვ.მ) ლიტერებზე მესაკუთრედ/მოსარგებლედ აღრიცხულია შ.გ-ე.
№... (08.01.2013) ცნობა-დახასიათების თანახმად, ქ. გორში, ...ის ქ. №6ა-ში მდებარე 202 კვ.მ მიწის ნაკვეთსა და „ა“ ლიტერზე (საცხოვრებელი, ორ სართულიანი, საერთო ფართი 90.20 კვ.მ, საცხოვრებელი ფართი - 56.20 კვ.მ, უდდ-ს გარეშე არსებული ფართი - 78.10 კვ.მ) აღრიცხული იყო შ.ღ-ის უფლება (საფუძველი - 28.07.1964 წლის სააღრიცხვო ბარათი).
2013 წლის 24 ივნისის №... განცხადებით გორის სარეგისტრაციო სამსახურს მიმართა ა.ღ-ემ და მოითხოვა ხარვეზის გასწორება №2013000413 (08.01.2013წ.) ცნობა-დახასიათებაში, კერძოდ, მისი განმარტებით, აღნიშნული ცნობა-დახასიათება არ შეიცავდა მითითებას იმის შესახებ, რომ მიწის ფართი წარმოადგენდა საერთო მფლობელობას, რის თაობაზეც პირდაპირ იყო აღნიშნული ტექნიკურ პასპორტში.
ხარვეზის შესწორების შესახებ №... (25.06.2013) გადაწყვეტილებით, დაკმაყოფილდა ა.ღ-ის (რომელიც არის სადავო ქონების თანამესაკუთრის - შ.ღ-ის მემკვიდრე) მოთხოვნა და მომზადდა ახალი №... (24.06.2013) ცნობა-დახასიათება, რომელშიც შენიშვნის სახით მიეთითა, რომ „გენ-გეგმაზე მიწის ფართად მითითებული იყო 258 კვ.მ, რომელშიც შედიოდა იმ მიწის ფართიც, სადაც ფიქსირდება საერთო შესასვლელი, რომლის ფართიც და ასევე შ.გ-ის მფლობელობაში არსებული ფართიც გაურკვეველია“.
ტექნიკური აღრიცხვის არქივში შ.გ-ის სააღრიცხვო დოკუმენტაციაში დაცულია მიწის ნაკვეთის გეგმა (რომელიც ერთვის 28.12.1964 წელს გაცემულ ტექნიკურ პასპორტს), რომლის თანახმად, მიწის ნაკვეთის ფართობი შეადგენს 258 კვ.მ-ს (განაშენიანების ფართობი - 120 კვ.მ, ბაღი - 138.0 კვ.მ), ხოლო მიწის ნაკვეთის შესასვლელ ნაწილზე გაკეთებულია ჩანაწერი: „შესას. საერთო“ და „უნებართვო ავტოფარეხი“.
საჯარო რეესტრში დაცული მონაცემებით, გორის მშრომელთა დეპუტატების საქალაქო საბჭოს აღმასკომის №4 (30.06.1964) ხელშეკრულებისა და №2-41 (03.10.2009) სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე, ქ. გორში, ...ის ქ. №4-ში (ყოფილი №6) მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 245 კვ.მ მიწის ნაკვეთსა და №1 (საცხოვრებელი სახლი, განაშენიანების ფართი - 101.2 კვ.მ), №2 (დამხმარე, განაშენიანების ფართი - 23.8 კვ.მ) შენობებზე ... საკადასტრო კოდით დარეგისტრირდა ი.გ-ის (როგორც შ.გ-ის მემკვიდრის) საკუთრების უფლება (რეგისტრაციის შესახებ №... (30.01.2013) გადაწყვეტილება). რეგისტრაციის შესახებ №... (27.08.2013) გადაწყვეტილებით, ცვლილება განხორციელდა ...საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მონაცემებში და ი.გ-ის მიერ წარდგენილი ახალი საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის საფუძველზე, მიწის ფართობად მიეთითა 248 კვ.მ.
რეგისტრაციის შესახებ №... (25.09.2014) გადაწყვეტილებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 27.05.2014 წლის განჩინების (საქმე №3ბ/1546-13) საფუძველზე, რომლითაც უცვლელად დარჩა გორის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილება (საქმე №3/88-13), გაუქმდა უძრავ ნივთზე (საკადასტრო კოდი ...) ი.გ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაცია, რადგან დადგინდა, რომ მიწის ნაკვეთი (საერთო შესასვლელი) წარმოადგენდა საერთო საკუთრებას.
კასატორის მითითებით, საყურადღებოა, რომ გორის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 31 ოქტომბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ა.ღ-ის სარჩელი; კერძოდ, ბათილად იქნა ცნობილი გორში, ...ის ქ. №4-ში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობების ი.გ-ის ინდივიდუალურ საკუთრებაში რეგისტრაციის შესახებ (საკადასტრო კოდი ...) საჯარო რეესტრის გორის სარეგისტრაციო სამსახურის 2013 წლის 30 იანვრის №... გადაწყვეტილება და გორის სარეგისტრაციო სამსახურს დაევალა ი.გ-ის და ა.ღ-ის განცხადებების ხელახალი და ყოველმხრივი განხილვა-შესწავლა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება. სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება ეფუძნებოდა სწორედ იმ გარემოებას, რომ ტექნიკური აღრიცხვის მონაცემებით, შესასვლელი იყო საერთო და მასზე მხოლოდ ი.გ-ის უფლება არ უნდა ყოფილიყო რეგისტრირებული.
ამის შემდგომ, რეგისტრაციის შესახებ №... (05.11.2015) გადაწყვეტილებით, ქ. გორში, ...ის ქ. №4-ში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 178 კვ.მ მიწის ნაკვეთსა და №..., №... შენობებზე, გორის მშრომელთა დეპუტატების საქალაქო საბჭოს აღმასკომის №4 (30.06.1964) ხელშეკრულების, №2-41 (03.10.2009) და №2-45 (16.03.2009) სამკვიდრო მოწმობების საფუძველზე, ... საკადასტრო კოდით დარეგისტრირდა ა.ღ-ისა და ი.გ-ის თანასაკუთრების უფლება.
საკასაციო საჩივრის მიხედვით, ასევე საყურადღებოა, რომ №2-41 (03.10.2009) სამკვიდრო მოწმობის გაცემის ერთ-ერთ საფუძვლად მითითებულია ტექნიკური აღრიცხვის არქივის მიერ გაცემული №242 (18.06.2008) ცნობა, რომლის თანახმად, შ.გ-ე აღრიცხულია 405 კვ.მ მიწის ნაკვეთზე, თუმცა მანდვე მიწის ნაკვეთზე მითითებულია - „ს/მფ“ ანუ საერთო მფლობელობა.
მნიშვნელოვანია ის მოტივიც, თუ რატომ სთხოვდა ი.გ-ე ხარვეზის შესწორების შესახებ №... (25.06.2013) გადაწყვეტილებისა და №... (24.06.2013) ცნობა-დახასიათების არარად აღიარებას. კერძოდ, მოსარჩელე აპელირებდა, რომ ტექნიკური აღრიცხვის ბიუროში გაყალბდა მონაცემები და აქედან აღმოჩნდა მიწის ნაკვეთის გეგმაზე მინაწერი - „საერთო მფლობელობა“. ამასთან, თუ დოკუმენტმა დაკარგა თავისი პირვანდელი სახე, ანუ მოხდა მინაწერის გაკეთება, ის ავტომატურად კარგავს იურიდიული ძალის მქონე დოკუმენტის სახეს, რის გამოც სადავო ცნობა-დახასიათება ვერ ჩაითვლება კანონიერად. აქტის არარად აღიარების საფუძვლად მოსარჩელე უთითებს იმ გარემოებაზეც, რომ აღნიშნული აქტების შესრულებამ უკვე გამოიწვია და მომავალშიც გამოიწვევს სისხლისსამართლებრივ ან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, კერძოდ, საფრთხე შეუქმნა მის საკუთრების უფლებას და ადმინისტრაციული სახდელი დაედო ქ. გორის მუნიციპალიტეტის მერის №1-767 (26.09.2016) ბრძანებით მის საცხოვრებელ ბინაზე სახურავის უნებართვო რეკონსტრუქციის გამო.
ზემოაღნიშნული გარემოებებისა და მტკიცებულებათა ურთიერთშეჯერების საფუძველზე, გორის რაიონულმა სასამართლომ განმარტა, რომ საჯარო რეესტრი უფლებამოსილი იყო შესაბამისი კანონმდებლობის საფუძველზე, გაესწორებინა მის მიერვე დაშვებული ტექნიკური ხარვეზი, რაც გაასწორა კიდეც და მის აღსრულებას დანაშაული ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევა არ გამოუწვევია. ამასთან, სასამართლომ მიუთითა, რომ ტექნიკური ხარვეზის გასწორებას არ ჰქონდა უშუალო კავშირი არც ი.გ-ის მიმართ შეფარდებულ ადმინისტრაციულ სახდელთან, რომელიც მას შეეფარდა სახლის სახურავის რეკონსტრუქციისთვის და არც გამოძიებასთან, რომელიც დაიწყო განჩინების შეუსრულებლობის გამო.
თბილისის სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ მოცემულ საქმეში წარმოდგენილი იყო საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს შიდა კონტროლის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის და შიდა კონტროლის სამსახურის ინსპექტორის 2013 წლის 06 აგვისტოს №... დასკვნა, რომელშიც მითითებულია, რომ გორის სარეგისტრაციო სამსახურის თანამშრომლის მხრიდან ადგილი ჰქონდა მასზე დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობების არაჯეროვანი შესრულების და დაუდევარი დამოკიდებულების ფაქტებს, რისთვისაც მას უნდა შეეფარდოს დისციპლინური პასუხისმგებლობა. იმავე დასკვნაში საბოლოოდ მითითებულ იქნა შემდეგი: „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გორის სარეგისტრაციო სამსახურის თანამშრომელს შეეფარდოს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა - შენიშვნა“.
კასატორის წარმომადგენლის შეფასებით, განსახილველ შემთხვევაში, თბილისის სააპელაციო სასამართლომ არასწორად (მათ შორის სამართლებრივად) შეაფასა საქმეში არსებული დოკუმენტაცია და გარემოებები. უდავოა, რომ №... (24.06.2013) ცნობა-დახასიათება მომზადებული იყო ტექნიკური აღრიცხვის არქივში დაცული დოკუმენტების/მონაცემების საფუძველზე და ის გარემოება, რომ მოსარჩელეს გააჩნდა განსხვავებული მონაცემების მქონე იგივე დოკუმენტაცია, არ ნიშნავდა, რომ საჯარო რეესტრმა გასცა არასწორი ინფორმაცია. ამასთან, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განმარტების საპირწონედ, საკასაციო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ საჯარო რეესტრის თანამშრომლისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის შენიშვნის სახით დაკისრებას კი არ გამოუწვევია სისხლისსამართლებრივი ან/და ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, არამედ, აღნიშნული შენიშვნა მას დაეკისრა ტექნიკური აღრიცხვის არქივში დაცულ დოკუმენტაციაში ასახული ინფორმაციისგან განსხვავებული ინფორმაციის გაცემის გამო. ამასთან, ი.გ-ეს ადმინისტრაციული სახდელი დაედო მის საცხოვრებელ სახლზე სახურავის უნებართვო რეკონსტრუქციის გამო და ამრიგად, გაუგებარია აღნიშნული გარემოება როგორ იყო კავშირში განსახილველ დავასთან, მით უფრო მაშინ, როდესაც განსახილველი დავა შეეხებოდა მიწის ნაკვეთს (საერთო შესასვლელს) და არა შენობა-ნაგებობას.
კასატორის განმარტებით, სადავო ქონებასთან დაკავშირებით მიმდინარეობდა არაერთი სასამართლო დავა, მათ შორის, გორის რაიონული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული 2013 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილებით (საქმე №3/88-13), ბათილად იქნა ცნობილი გორში ...ის ქ. №4-ში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობების ი.გ-ის ინდივიდუალურ საკუთრებაში რეგისტრაციის შესახებ (საკადასტრო კოდი ...) საჯარო რეესტრის გორის სარეგისტრაციო სამსახურის 2013 წლის 30 იანვრის №... გადაწყვეტილება და გორის სარეგისტრაციო სამსახურს დაევალა ი.გ-ის და ა.ღ-ის განცხადებების ხელახალი და ყოველმხრივი განხილვა-შესწავლა და გადაწყვეტილების გამოტანა. სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება დაეფუძნა სწორედ იმ გარემოებას, რომ ტექნიკური აღრიცხვის მონაცემებით, შესასვლელი იყო საერთო და მასზე მხოლოდ ი.გ-ის უფლება არ უნდა ყოფილიყო რეგისტრირებული.
ამავე გადაწყვეტილებაში „პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მარეგისტრირებელი ორგანო სადავო რეგისტრაციის კანონიერებას ასაბუთებს იმ გარემოების მითითებით, რომ ტექბიუროს ჩანაწერებში არსებულ სააღრიცხვო ბარათებში ცალ-ცალკეა შ.ღ-ისა და შ.გ-ის საკუთრება აღრიცხული და ერთი და იგივე ფართობზე თანასაკუთრების არსებობის შემთხვევაში, გაცემული უნდა ყოფილიყო ერთი სააღრიცხვო ბარათი, რომელზეც მითითებული იქნებოდა სხვა თანამესაკუთრეც. პალატამ არ გაიზიარა სადავო რეგისტრაციის კანონიერად მიჩნევის საფუძვლად აღნიშნულზე აპელირება და მიიჩნია, რომ ამგვარი პოზიცია საკითხისადმი უკიდურესად ფორმალური მიდგომაა და, შესაბამისად, არ იძლევა იმდაგვარი დასკვნის საკმარის საფუძველს, რომ ამ პირებს გააჩნდათ მკაცრად განსაზღვრული ინდივიდუალური საკუთრება ერთ მისამართზე მდებარე მრავალბინიან უძრავ ქონებაზე, მით უფრო, იმ პირობებში, როცა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები საწინააღმდეგოს უთითებენ.“ ამასთან, გორის რაიონული სასამართლოს ამავე გადაწყვეტილებით სამართლებრივ შეფასებაში დადგენილად მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ გორში, ...ის №4-ში მდებარე უძრავი ნივთი წარმოადგენდა თანასაკუთრების ობიექტს.
კასატორის მოსაზრებით, ასევე საყურადღებოა ის გარემოებაც, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლომ შეფასების მიღმა დატოვა საჯარო რეესტრის კონტროლის სამსახურის №... (01.06.2015) დასკვნა, რომელიც ეხებოდა ტექნიკური აღრიცხვის არქივში დაცულ შ.გ-ის სახელზე გაცემულ ტექნიკური პასპორტის ასლზე შესრულებულ მინაწერებს - „შეს. საერთო“ და „უნებართვო ავტოფარეხი“ კერძოდ, ამ დასკვნის თანახმად, კონტროლის სამსახურის მიერ ვერ დადგინდა, თუ როდის და ვის მიერ განხორციელდა აღნიშნული მინაწერები - ტექნიკური აღრიცხვის არქივის საჯარო რეესტრისთვის გადმოცემამდე თუ მას შემდეგ. ასევე, არ დადგინდა საჯარო რეესტრში დაცული - შ.გ-ისა და შ.ღ-ის შესახებ არსებული სააღრიცხვო დოკუმენტაციის გაქრობა-გაყალბების ფაქტი (იხ. გორის რაიონული სასამართლოს 4.4. პუნქტი). ამავე დასკვნაში მითითებულია, რომ გორის სარეგისტრაციო სამსახურის ტექნიკური აღრიცხვის არქივის დოკუმენტაცია თბილისში გადმოტანილ იქნა 2010 წელს.
კასატორის განმარტებით, სადავო გადაწყვეტილების მიღების დროს მოქმედი „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის 28-ე მუხლის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო ვალდებულია აღმოჩენისთანავე შეასწოროს თავის მიერ დაშვებული ტექნიკური ხარვეზი, რომელიც გამოწვეულია დოკუმენტაციიდან მონაცემების უზუსტო გადატანით და ტექნიკური ან გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომით. ტექნიკურ ხარვეზად ჩაითვლება ასევე ორთოგრაფიული, არითმეტიკული ან სხვა სახის ტექნიკური უზუსტობა. ამავე კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო და მისი თანამშრომელი პასუხს არ აგებენ წარმოდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის ნამდვილობაზე. ისინი პასუხისმგებელი არიან მხოლოდ რეგისტრირებული მონაცემებისა და მათთან დაცული სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტაციის ურთიერთშესაბამისობასა და უსაფრთხოებაზე.
„სახელმწიფო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, საქართველოს პრეზიდენტს და საქართველოს მთავრობას განესაზღვრათ ვალდებულება – ამ კანონის ამოქმედებიდან 3 თვის ვადაში უზრუნველეყოთ საჯარო სამართლის იურიდიული პირების – ადგილობრივი მმართველობის ორგანოთა ტექნიკური აღრიცხვის ტერიტორიული სამსახურების ლიკვიდაცია და ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი მატერიალურ-ტექნიკური ბაზის, მონაცემთა საინფორმაციო ბანკის, არქივის, საშტატო რიცხოვნობისა და შესაბამისი საბიუჯეტო დაფინანსების საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის გადმოცემა.
საჯარო სამართლის იურიდიული პირები – ადგილობრივი მმართველობის ტექნიკური აღრიცხვის ტერიტორიული სამსახურები ლიკვიდირებულ იქნენ „საჯარო სამართლის იურიდიული პირების – ადგილობრივი მმართველობის ტექნიკური აღრიცხვის ტერიტორიული სამსახურების ლიკვიდაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 28 სექტემბრის №416 ბრძანებულების საფუძველზე. ამ ბრძანებულების მე-4 პუნქტის თანახმად, ძალადაკარგულად გამოცხადდა „ადგილობრივი მმართველობის ტექნიკური აღრიცხვის ტერიტორიული სამსახურების სამართლებრივი სტატუსის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 27 იანვრის №21 ბრძანებულება. „საჯარო სამართლის იურიდიული პირების – ადგილობრივი მმართველობის ტექნიკური აღრიცხვის ტერიტორიული სამსახურების ლიკვიდაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 28 სექტემბრის №416 ბრძანებულება გამოქვეყნდა 2004 წლის 4 ოქტომბერს, ხოლო „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება ძალაში შედის ოფიციალურად გამოქვეყნებისთანავე, თუ თვით ამ ბრძანებულებით სხვა ვადა არ არის დადგენილი. ამდენად, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს არქივის სახით გადაეცა ტექნიკური აღრიცხვის არქივის მასალები, რომლებშიც ცვლილების შეტანა ან ტექნიკური ხარვეზის შესწორება არ ხდება. ტექნიკური აღრიცხვის არქივში დაცულ ინფორმაციას გასცემს სააგენტოს საინფორმაციო სამსახური მხოლოდ მასთან დაცულ მონაცემებზე დაყრდნობით და შესაბამისი ინფორმაცია უნდა შეესაბამებოდეს არქივში დაცულ ინფორმაციას.
კასატორის განმარტებით, ვინაიდან ტექნიკური აღრიცხვის არქივში დაცული დოკუმენტაციის/ინფორმაციის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ №... (14.07.2011) ცნობა-დახასიათება არ ასახავდა არქივში დაცული დოკუმენტაციის საფუძველზე სრულყოფილ ინფორმაციას, საინფორმაციო სამსახურის №... (25.06.2013) გადაწყვეტილებით შესწორდა ხარვეზი, სადაც მითითებული ინფორმაცია - ქალაქ გორში, ...ის ქ. №6-ში მდებარე უძრავი ნივთის უფლებრივი მდგომარეობის შესახებ, შეესაბამება ტექნიკური აღრიცხვის არქივის ჩანაწერებს, შესაბამისად, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ არ დარღვეულა კანონის მოთხოვნები. სააგენტო მოკლებულია შესაძლებლობას, განახორციელოს ცვლილებები ტექნიკური აღრიცხვის არქივში დაცულ მონაცემებში.
კასატორის განმარტებით, მართალია, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 მუხლი ითვალისწინებს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარად აღიარებას, თუმცა ცნობა-დახასიათება თავისი სამართლებრივი ბუნებიდან გამომდინარე, ვერ ჩაითვლება ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად, რადგან ის მზადდება ტექნიკური აღრიცხვის არქივში დაცული დოკუმენტაციის საფუძველზე და წარმოადგენს ინფორმაციული ხასიათის მატარებელ დოკუმენტს (რეალაქტს), შესაბამისად, მისი არარად აღიარება დაუშვებელია. ამასთან, მოსარჩელე სადავოდ არ ხდის იმ დოკუმენტაციას, რის საფუძველზეც მომზადდა №... (24.06.2013) ცნობა-დახასიათება, ხოლო აღნიშნული დოკუმენტაციის სიყალბე დადგენილი არ არის. შესაბამისად კასატორი მიიჩნევს, რომ სახეზეა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 5 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით ი.გ-ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი.
კასატორის - ა.ღ-ის საკასაციო საჩივრის მიხედვით, სააპელაციო პალატამ არასწორად განმარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტი. მოსარჩელის მიზანს წარმოადგენს საჯარო რეესტრში ... და ... საკადასტრო კოდებით რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე თანასაკუთრების უფლების გაუქმება. აღნიშნული საკითხი არაერთხელ იქნა განხილული არაერთი სასამართლო წარმოების ფარგლებში, რისი დამადასტურებელი დოკუმენტაციაც (გადაწყვეტილებები, განჩინებები, წერილობითი მტკიცებულებები, მათ შორის, ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივის დოკუმენტაცია) წარმოდგენილია და ერთვის განსახილველ საქმეს. სასამართლოების მიერ განხილული და კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით/განჩინებებით უკვე დადგენილი იქნა ის გარემოება, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები (საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2013 წლის 25 ივნისის №... გადაწყვეტილება და 2013 წლის 24 ივნისს გაცემული №... ცნობა-დახასიათება), რომელიც უნდა ასახავდეს ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში დაცულ ინფორმაციას, სრულად შეესაბამება საჯარო რეესტრში არქივის სახით არსებულ დოკუმენტაციას. ამასთან, სადავო უძრავი ქონებების ... და ... საკადასტრო კოდებით რეგისტრაციებს საფუძვლად დაედო არა სადავო 2013 წლის 25 ივნისის № ... გადაწყვეტილება და 2013 წლის 24 ივნისს გაცემული №... ცნობა-დახასიათება, არამედ სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლის წარმოების ფარგლებშიც დეტალურად იქნა შესწავლილი და შეფასებული, საჯარო რეესტრში სადავო ქონებებთან დაკავშირებით, არქივის სახით დაცული ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს საკმაოდ მოცულობითი დოკუმენტაცია.
კასატორის მოსაზრებით, არ არსებობდა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2013 წლის 25 ივნისის № ... გადაწყვეტილებისა და 2013 წლის 24 ივნისს გაცემული № ... ცნობა-დახასიათების, როგორც აქტების არარად აღიარების საფუძველი, რამეთუ მითითებული აქტის აღსრულებას არ გამოუწვევია სისხლისსამართლებრივი ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევა. მოსარჩელის მოთხოვნა ეფუძნება ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 მუხლის „დ“ ქვეპუნქტს, რომლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემისთანავე ითვლება არარად, თუ მისი შესრულება გამოიწვევს სისხლისსამართლებრივ ან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას. ანუ აღნიშნული საკანონმდებლო დანაწესით იმპერატიულად განისაზღვრა, რომ სადავო აქტის შესრულებით დამდგარი შედეგი უნდა წარმოადგენდეს არა დისციპლინური სახდელის დაკისრებას, არამედ სისხლისსამართლებრივ ან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზე არაა, ვინაიდან სადავო აქტების საფუძველზე არც რაიმე ქმედება განხორციელებულა და ისინი არც ... და ... საკადასტრო კოდებით უძრავი ქონებების რეგისტრაციას დადებია საფუძვლად.
კასატორის განმარტებით, იმ შემთხვევაშიც კი თუ დადგინდებოდა, რომ სადავო აქტების საფუძვლის - „საერთო შესასვლელის“ და „ნაკვეთიც არის საერთო სარგებლობის“ - მითითება დანაშაულებრივი ქმედების შედეგია, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სადავო გადაწყვეტილება და ცნობა-დახასიათება იქნება ამ დანაშაულებრივი ქმედების შედეგი და მათი არაკანონიერება, დამოუკიდებლად უნდა დადგეს დღის წესრიგში, რაც ფაქტობრივად გამორიცხავს ასეთი აქტებისათვის სამართლებრივი ძალის შენარჩუნების შესაძლებლობას, თუმცა, მოცემული ტიპის აქტის სადავოობის პირობებში, უფლების დაცვის საშუალებას უნდა ქმნიდეს არა აღიარებითი, არამედ შეცილებითი სარჩელი (რაც არაერთხელ წარადგინა მოსარჩელემ და ყველა შემთხვევაში სარჩელის დაკმაყოფილებაზე ეთქვა უარი - იხ. საქმის მასალებში წარმოდგენილი სასამართლოს გადაწყვეტილებები/განჩინებები), რამეთუ დანაშაულებრივ შედეგს იწვევს არა სადავო აქტი, არამედ თვითონ ეს აქტია დანაშაულის შედეგი.
კასატორის განმარტებით, უზენაესმა სასამართლომ არაერთხელ აღნიშნა, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი მოსარჩელის მატერიალური მიზნის მისაღწევად რამდენიმე სახის საპროცესო საშუალების გამოყენების შესაძლებლობას ითვალისწინებს. კოდექსის 22-25-ე მუხლებში მოცემულია ადმინისტრაციული სარჩელის სახეები და მათი დასაშვებობის წინაპირობები. მოსარჩელის მიერ უფლების დასაცავად სწორი პროცესუალური საშუალების არჩევას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლის თანახმად, აღიარებითი სარჩელი შეიძლება აღიძრას აქტის არარად აღიარების, უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს ამის კანონიერი ინტერესი. ამასთან, აღიარებითი სარჩელი არ შეიძლება აღიძრას, თუ მოსარჩელეს შეუძლია აღძრას სარჩელი ამ კოდექსის 22–24-ე მუხლების საფუძველზე. ამდენად, აღიარებითი სარჩელს შედეგად არ მოჰყვება მოსარჩელის მატერიალური უფლებების უშუალო განხორციელება, არამედ აღიარებითი სარჩელით დგინდება უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა ან არარსებობა.
აღსანიშნავია, რომ აღიარებითი სარჩელის აღძვრა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კოდექსის 22-24-ე მუხლების საფუძველზე სარჩელის აღძვრა შეუძლებელია. აღიარებითი სარჩელის თავისებურება მდგომარეობს იმაში, რომ აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილება, როგორც წესი არ იწვევს დავის გადაწყვეტას, არამედ აღიარებითი სარჩელით მიღწეული შედეგი შესაძლოა საფუძვლად დაედოს შემდგომ მოთხოვნებს (სუსგ 07.07.2016, საქმე № ბს-383-377(კს-15); ასევე 02.10.2014 წ., საქმე №ბს-595-573(კს-13)). აღიარებითი სარჩელის დასაშვებობისათვის განმსაზღვრელია ის, რომ პირის კანონიერი ინტერესი გამოხატულია მატერიალურ-სამართლებრივ სივრცეში და სარჩელში დასმული საკითხისადმი მოსარჩელეს გააჩნია უშუალო უფლებადამცავი ინტერესი, ამასთან ინტერესი არის კონკრეტული, ლეგიტიმური და პატივსადები.
განსახილველ შემთხვევაში, როგორც ეს უკვე ზემოთ აღინიშნა, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2013 წლის 25 ივნისის №... გადაწყვეტილებისა და 2013 წლის 24 ივნისს გაცემული №... ცნობა-დახასიათების ბათილად ცნობის მოთხოვნით, მოსარჩელემ არაერთხელ მიმართა ადმინისტრაციულ ორგანოსა თუ სასამართლოს და ყველა შემთხვევაში მისი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ორივე სადავო აქტი შეესაბამებოდა/ასახავდა ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში დაცულ ინფორმაციას. რაც შეეხება სახურავის რეკონსტრუქციის გამო მოსარჩელის დაჯარიმებას, აღნიშნულ გარემოებას საერთოდ კავშირი არ აქვს სადავო აქტებთან, რადგან სადავო აქტები იარსებებდნენ თუ არა, მას მაინც არ ჰქონდა უფლება უნებართვოდ ეწარმოებინა სახურავის რეკონსტრუქცია.
ამდენად კასატორს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ მართალია გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, მაგრამ არასწორად განმარტა იგი, რასაც შედეგად მოყვა საქმეზე არასწორი გადაწყვეტილების მიღება, შესაბამისად, მიიჩნევს, რომ უნდა გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 05 ოქტომბრის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით უარი ეთქვას მოსარჩელეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 30 ოქტომბრის განჩინებით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, ხოლო 2023 წლის 27 ნოემბრის განჩინებით ა.ღ-ის საკასაციო საჩივრები, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 5 ნოემბრის განჩინებით, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და ა.ღ-ის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნას დასაშვებად და მიღებულ იქნა არსებითად განსახილველად. ამავე განჩინებით დადგინდა საკასაციო საჩივრების ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრების საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ა.ღ-ისა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრები უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; კერძოდ, უნდა გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 5 ოქტომბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეში დავის საგანს წარმოადგენს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2013 წლის 24 ივნისს მომზადებული №... ცნობა-დახასიათების და ამავე სააგენტოს 2013 წლის 25 ივნისის №... გადაწყვეტილების კანონიერების შეფასება. აღსანიშნავია, რომ სააგენტოს 2013 წლის 25 ივნისის №... გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ა.ღ-ის განცხადება 2013 წლის 8 იანვარს გაცემულ ცნობა-დახასიათებაში ხარვეზის აღმოფხვრის შესახებ და გაიცა №... ცნობა-დახასიათება, რომლის მიხედვით, განხორციელდა შ.გ-ის კუთვნილი ქ.გორში, ...ის ქ№6-ში მდებარე უძრავი ქონების აღწერა 1965 წლის 17 აგვისტოს ექსპლუატაციაში მიღების აქტის, 1964 წლის 28 დეკემბრის სააღრიცხვო ბარათისა და ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში დაცული სხვა მასალების საფუძველზე. აღნიშნულ ცნობა-დახასიათებაში შენიშვნის სახით მიეთითა შემდეგი: „აღნიშნული უძრავი ნივთის გენგეგმაზე მიწის ფართად მითითებულია 258 კვ.მ, რომელშიც შედის იმ მიწის ფართი, სადაც ფიქსირდება საერთო შესასვლელი, რომლის ფართიც და ასევე შ.გ-ის მფლობელობაში არსებული ფართიც გაურკვეველია“.
საკასაციო პალატა მიუთითებს „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის დანაწესზე, რომლის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო ვალდებულია აღმოჩენისთანავე შეასწოროს თავის მიერ დაშვებული ტექნიკური ხარვეზი, რომელიც გამოწვეულია დოკუმენტაციიდან მონაცემების უზუსტო გადატანით და ტექნიკური ან გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომით. ტექნიკურ ხარვეზად ჩაითვლება ასევე ორთოგრაფიული, არითმეტიკული ან სხვა სახის ტექნიკური უზუსტობა.
„საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მიხედვით, მარეგისტრირებელი ორგანო რეგისტრაციის საკითხზე გამოსცემს გადაწყვეტილებას წერილობითი ფორმით. ამავე კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, დაინტერესებულ პირს უფლება აქვს მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილება გაასაჩივროს მისი ოფიციალურად გაცნობიდან, ხოლო გადაწყვეტილების გამოქვეყნების შემთხვევაში – გამოქვეყნებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო არ არის ის გარემოება, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2013 წლის 25 ივნისის №... გადაწყვეტილება წარმოადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რამაც კონკრეტული სამართლებრივი შედეგი წარმოშვა მოსარჩელის მიმართ მის საკუთრებასთან დაკავშირებით. რაც შეეხება ამ აქტის საფუძველზე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2013 წლის 24 ივნისს მომზადებული №... ცნობა-დახასიათების სამართლებრივ ბუნებას, საკასაციო პალატა მიუთითებს „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 31 დეკემბრის №487 ბრძანებაზე, რომლის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ცნობა-დახასიათება, რომელიც ასახავს ინდივიდუალური უფლების ობიექტთან დაკავშირებით არქივში აღრიცხულ ბოლო მდგომარეობას, მზადდება ტექნიკური აღრიცხვის არქივის მონაცემებზე დაყრდნობით. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით, ტექნიკური აღრიცხვის არქივის საფუძველზე მომზადებულ ინფორმაციაში (ცნობა-დახასიათება, საინვენტარიზაციო გეგმა და სხვა) გაუქმებული უფლება არ მიეთითება. ინსტრუქციის 43-ე მუხლის შესაბამისად, ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში 2004 წლის 4 ოქტომბრამდე უფლების დამდგენი დოკუმენტის საფუძველზე ან მის გარეშე აღრიცხულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძველია სააგენტოს მიერ მომზადებული ცნობა-დახასიათება.
ამდენად, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მომზადებული ცნობა-დახასიათება ეყრდნობა რა ტექნიკური აღრიცხვის არქივის მონაცემებს, ცალკეულ შემთხვევაში წარმოადგენს საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძველს და შესაბამისად ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რაც განსაზღვრული სამართლებრივი შედეგისკენ არის მიმართული. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დეფინიციის ეს ელემენტი აღწერს მის ბუნებას, რომელიც მიმართულია ურთიერთობის სამართლებრივი მოწესრიგებისაკენ (ე.ი. ის აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირთა სამართლებრივ მდგომარეობას). სამართლებრივი მოწესრიგების არსი იმაში მდგომარეობს, რომ ინდივიდუალური აქტის გამოცემით განხორციელებული ღონისძიება მიმართულია ცალმხრივად და უშუალო სამართლებრივი შედეგის წარმოშობისკენ. ადმინისტრაციული აქტის ცალმხრივობა და მისი შესასრულებლად სავალდებულო ძალა აქტის ცნების ის ელემენტებია, რაც (აქტის ცნების სხვა ელემენტებთან ერთად) აქტის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად მიჩნევის საფუძველს ქმნის (სუსგ საქმე №ბს-627(კ-21); 31.10.2023წ.). ამდენად, როდესაც საჯარო-სამართლებრივი ღონისძიება პირდაპირ სამართლებრივ შედეგს იწვევს, მოწესრიგება, როგორც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ცნების ელემენტი, სახეზეა.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კანონმდებლობა მოსარჩელის უფლებისა და კანონიერი ინტერესების დაცვის მიზნით ითვალისწინებს სხვადასხვა პროცესუალურ საშუალებებს. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული შესაბამისი სარჩელის სახეების გამოყენება დამოკიდებულია იმ მიზანზე, რომელსაც ისახავს მოსარჩელე (ბს-1304(უს-24) 05 თებერვალი, 2025წ.). ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაუქმების მოთხოვნის მიზანია აღმოფხვრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემით დამდგარი მდგომარეობა (შეცილებითი სარჩელი, სასკ-ის 22-ე მუხ.). იმ შემთხვევაში თუ მოსარჩელის მიზანია არსებული მდგომარეობის შეცვლა და მისთვის ხელსაყრელი მდგომარეობის მიღწევა, სარჩელის დასაშვები სახეობაა – სარჩელი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების თაობაზე (მავალდებულებელი სარჩელი, სასკ-ის 23-ე მუხ.)
კონკრეტულ შემთხვევაში, ი.გ-ის მიერ აღძრულია ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლით გათვალისწინებულ აღიარებითი სარჩელი. აღიარებითი სარჩელის სპეციფიკურობა გამომდინარეობს იქიდან, რომ სასამართლო უდავოდ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების საფუძველზე მხოლოდ აღიარებს (ადასტურებს) კონკრეტული სამართალურთიერთობის არსებობა-არარსებობის ფაქტს, შესაბამისად აღიარებითი სარჩელი არ ითვალისწინებს მოსარჩელის მატერიალური უფლებების უშუალო განხორციელებას. ამდენად, მოსარჩელის მიერ უფლების დასაცავად მნიშვნელოვანია სწორი პროცესუალური საშუალების არჩევა.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, აღიარებითი სარჩელი არ შეიძლება აღიძრას, თუ მოსარჩელეს შეუძლია აღძრას სარჩელი ამ კოდექსის 22–24-ე მუხლების საფუძველზე. საკასაციო სასამართლო ხაზს უსვამს რა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს, აღნიშნავს, რომ სწორედ მითითებული მახასიათებელი განასხვავებს აღიარებით სარჩელს შეცილებისა და მავალდებულებელი სარჩელის სახეებისაგან.
მოცემულ შემთხვევაში, როდესაც სადავოა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების კანონიერება, დაუსაბუთებელია აღიარებითი სარჩელის განხილვა და გასაჩივრებული აქტების არარად აღიარება, სასამართლოს მიერ ასკ-ის მე-60 მუხლის ნორმატიული შინაარსის არასწორი გაგებიდან გამომდინარე მოხმობილი საფუძვლით.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მართალია, მოსარჩელე თავად ირჩევს სარჩელის სახეს, რომელიც მას საკუთარი მიზნის მიღწევისათვის ესაჭიროება, აგრეთვე თავადვე განსაზღვრავს დავის საგანს, სარჩელის შინაარსსა და მოცულობას და სასამართლო არ არის უფლებამოსილი გასცდეს სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებს, თუმცა აღნიშნული არ გამორიცხავს სასამართლოს შესაძლებლობასა და, მეტიც, ვალდებულებას, დაადგინოს სარჩელის აღძვრის მიზანი და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 281 მუხლის თანახმად, ხსენებული მიზნის მხედველობაში მიღებით დაეხმაროს მოსარჩელეს მოთხოვნის ფორმულირებაში.
საკასაციო პალატა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მხარისათვის მოთხოვნის ტრანსფორმირებაში დახმარების გაწევა ადმინისტრაციული დავის განმხილველი სასამართლოს არა უფლებას, არამედ ვალდებულებას შეადგენს. მოსარჩელის ცხადი იურიდიული ინტერესიდან გამომდინარე, კონკრეტულ შემთხვევაში, სასამართლო ვალდებული იყო დახმარება აღმოეჩინა მოსარჩელისთვის მოთხოვნის დაზუსტებაში, ტრანსფორმირებაში.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ტექნიკური აღრიცხვის ბიუროს მონაცემები წარმოადგენს საჯარო რეესტრში დაცულ ინფორმაციას, რაც „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის 3.6 მუხლის გათვალისწინებით, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ავალდებულებს სარეგისტრაციო დოკუმენტაცია შეადაროს ტექნიკური აღრიცხვის არქივში დაცულ მონაცემებთან. სააღრიცხვო მონაცემებს იურიდიული მნიშვნელობა გააჩნია, სარეგისტრაციო აღრიცხვის ოფიციალობა უზრუნველყოფილია საჯარო რეესტრით (იხ. სუსგ 28.02.2013წ. Nბს-367-363(კ-12)). მართალია, ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში დაცული ინფორმაცია არსებითი ხასიათის მტკიცებულებითი ძალის მქონეა, თუმცა სასამართლოს მიერ საქმის განხილვის შედეგად დადგენილი უტყუარი გარემოებების გათვალისწინებით, სავსებით შესაძლებელია საარქივო მონაცემებში არსებული ინფორმაციის არ გაზიარება, მით უმეტეს ისეთ პირობებში, როდესაც სახეზეა ერთმანეთისაგან არსებითად განსხვავებული შინაარსის სარეგისტრაციო დოკუმენტები (იხ. სუსგ საქმეებზე: №ბს-263-253(კ-09),10.09.2009 წელი; №ბს-623-618(კ-11), 2 .11.2011 წელი; №ბს-884(კ-23) 26.11.2024 წელი).
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ არის დასაბუთებული, სასამართლომ სრულყოფილად არ გაანალიზა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და არ მისცა მათ სწორი სამართლებრივი შეფასება. გადაწყვეტილება მოკლებულია სათანადო სამართლებრივ და ფაქტობრივ წანამძღვრებს, გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია, რაც სსკ-ის 394-ე მუხლის ,,ე1“ ქვეპუნქტის თანახმად, საკასაციო საჩივრის აბსოლუტურ საფუძველს ქმნის, აღნიშნული, თავის მხრივ, გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და სსკ-ის 412-ე მუხლის საფუძველზე ხელახალი განხილვისათვის დაბრუნების წინაპირობაა. საქმის ხელახალი განხილვისას სასამართლომ სრულყოფილად უნდა გამოიკვლიოს საქმის ფაქტობრივი გარემოებები, საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები და მისცეს მათ სწორი სამართლებრივი შეფასება. იმის გათვალისწინებით, რომ სასარჩელო მოთხოვნის არსებული ფორმულირებით სარჩელის მიზნის მიღწევა შეუძლებელია, სააპელაციო პალატამ უნდა გამოიყენოს მისთვის სასკ-ის 281 მუხლით განსაზღვრული უფლებამოსილება და დაეხმაროს მოსარჩელეს (აპელანტს) სასარჩელო მოთხოვნის სათანადოდ ფორმულირებაში.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე, 412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და ა.ღ-ის საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 5 ოქტომბრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. სასამართლო ხარჯები განაწილდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების დადგენისას;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
მ. ვაჩაძე
ბ. სტურუა