Facebook Twitter

¹ას-108-388-08 29 ოქტომბერი, 2008 წ.

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე)

თეიმურაზ თოდრია (მომხსენებელი), როზა ნადირიანი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ ი. ი-ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე _ ი. ზ-იE (მოპასუხე)

დავის საგანი – განქორწინება და საერთო ქონების გაყოფა

გასაჩივრებული სასამართლო გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 11 დეკემბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2006 წლის 6 სექტემბერს ი. ი-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე ი. ზ-ის მიმართ, სადაც აღნიშნა, რომ მოპასუხესთან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება 1986 წლიდან. ერთად ცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი – ნ. ი-ი, დაბადებული ... წლის ... მარტს და ნი. ი-ი, დაბადებული ... წლის ... ივნისს. ერთად ცხოვრების პერიოდში შეიძინეს საცხოვრებელი ბინა ქ. თბილისში, გლდანის ... მ\რ-ის მე-... კორპუსში მდებარე ბინა ¹2. ქ. თბილისის გლდანის რაიონის სასამართლოს 1998 წლის 6 აგვისტოს გადაწყვეტილებით მათ შორის ქორწინება შეწყდა, თუმცა, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1131-ე და 1132-ე მუხლების მოთხოვნათა შეუსრულებლობის, კერძოდ, 200 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობის გამო, განქორწინება არ დარეგისტრირებულა, შესაბამისად, გადაწყვეტილება არ აღსრულებულა და მხარეები დარჩნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში, თუმცა ფაქტობრივად ერთად არ უცხოვრიათ. ამასთან, მოსარჩელეს კუთვნილი წილი მეუღლეთა თანასაკუთრებიდან არ მიუღია. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა ქორწინების შეწყვეტა და განქორწინების საკითხთან ერთად თანასაკუთრების გაყოფის საკითხის განხილვა.

2006 წლის 27 სექტემბერს მოსარჩელე ი. ი-მა განცხადებით მიმართა სასამართლოს, რომლითაც დააზუსტა სარჩელი, კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლის შესაბამისად, მოითხოვა ქორწინების განმავლობაში შეძენილი, ი. ზ-ის სახელზე რეგისტრირებული, ქ. თბილისში, გლდანის ... მ\რ-ის მე-... კორპუსში მდებარე ¹26 ბინის თანამესაკუთრედ ცნობა. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ აღნიშნული ბინის ღირებულება, დღევანდელი საბაზრო ფასების მიხედვით, შეადგენს 18000 აშშ დოლარს, შესაბამისად, მოითხოვა მოპასუხისათვის ბინის ღირებულების ნახევრის – 9000 აშშ დოლარის გადახდის დაკისრება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 23 აპრილის გადაწყვეტილებით ი. ი-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.

აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა ი. ზ-მა.

თბილისის სააპელაციო სასამრთლოს 2007 წლის 11 დეკემბრის გადაწყვეტილებით ი. ზ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა.

აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა ი. ი-მა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2008 წლის 13 თებერვლის განჩინებით ი. ი-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის შესამოწმებლად; მოწინააღმდეგე მხარეს განესაზღვრა 7 დღის ვადა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად.

კასატორის მოწინააღმდეგე მხარეს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხზე საკასაციო სასამართლოში არ წარმოუდგენია მოსაზრება საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ განიხილა საქმის მასალები, გაეცნო საკასაციო საჩივარს და თვლის, რომ ი. ი-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ ი. ი-ი და ი. ზ-ი რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდნენ 1986 წლის 2 იანვრიდან, მათ შეეძინათ შვილები, ... წლის ... მარტს დაბადებული ნ. ი-ი და ... წლის ... ივნისს დაბადებული ნი. ი-ი.

თბილისის გლდანის რაიონის სასამართლოს 1998 წლის 6 აგვისტოს გადაწყვეტილებით მათ შორის შეწყდა ქორწინება.

სააპელაციო სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ განქორწინების მოწმობა მხარეებს არ აუღიათ ბაჟის - 200 ლარის გადაუხდელობის გამო და მოქალაქეობრივი მდგომარეობის ჩამწერ ორგანოში მათ შორის ქორწინების შეწყვეტა არ დარეგისტრირებულა.

სააპელაციო სასამართლომ დადაგენილად მიიჩნია, რომ ი. ზ-მა 1999 წლის 5 მაისს გაყიდა თბილისში, გლდანის …... მ/რ-ის მე-... კორპუსში მდებარე ¹2 ბინა, რომელიც შეძენილი იყო 1994 წლის 7 ივლისს და ამავე 1999 წლის 10 მარტს იყიდა თბილისში, გლდანის მე-...“ა” მ/რ-ში, მე-... კორპუსში მდებარე ¹26 ბინა.

სააპელაციო სასამართლოს მიერ ასევე დადგენილია, რომ 1998 წლიდან მხარეები ცალ-ცალკე ცხოვრობენ.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება წარმოადგენს მათ საერთო ქონებას (თანასაკუთრებას), თუ მათ შორის საქორწინო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის დადგენილი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ასეთ ქონებაზე მეუღლეთა თანასაკუთრების უფლება წარმოიშობა მაშინაც, თუ ერთ-ერთი მათგანი ეწეოდა საოჯახო საქმიანობას, უვლიდა შვილებს ან სხვა საპატიო მიზეზის გამო არ ჰქონია დამოუკიდებელი შემოსავალი.

განსახილველი მუხლი განსაზღვრავს მეუღლეთა თანასაკუთრების რეჟიმს, რომლითაც დადგენილია მათი უფლებები ქორწინების პერიოდში შეძენილი ქონების შესახებ. განსახილველი ნორმის მიზანს წარმოადგენს ოჯახის ინტერესების დაცვა. ივარაუდება, რომ ქორწინების პერიოდში შეძენილი ქონება შეძენილია ოჯახის გაძღოლის საერთო მიზნების უზრუნველსაყოფად, ამიტომ დავის შემთხვევაში ქორწინების განმავლობაში ქონების შეძენის ფაქტი (კანონით დადგენილი გამონაკლისების გარდა) საკმარისი საფუძველია, რომ მივიჩნიოთ ეს ქონება მეუღლეთა თანასაკუთრებად.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1168-ე მუხლის მე-3 ნაწილი ითვალისწინებს ისეთ შემთხვევებს, როდესაც სასამართლომ შეუძლია გადაუხვიოს არასრულწლოვანი ბავშვების ინტერესებიდან გამომდინარე საერთო წესს და თითოეულ მეუღლის საკუთრებად ცნოს ის ქონება, რომელიც შეძენილია თითოული მათგანის მიერ ქორწინების ფაქტობრივი შეწყვეტის ან მათი ცალ-ცალკე ცხოვრების დროს.

მაგრამ იმისათვის, რომ დადგეს განსახილველი ნორმის შედეგი, აუცილებელი, თითოული მათგანის მიერ ქორწინების ფაქტობრივი შეწყვეტის ან მათი ცალ-ცალკე ცხოვრების დროს ქონების შეძენის ფაქტთან ერთად არსებობდეს ამავე კანონის 1168-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ, სასამართლოს შეუძლია გადაუხვიოს მეუღლეთა წილის თანასწორობის საწყისს არასრულწლოვანი შვილების ინტერესების ან ერთ-ერთი მეუღლის ყურადსაღები ინტერესების გათვალისწინებით; კერძოდ, ერთ-ერთი მეუღლის წილი შეიძლება გაიზარდოს იმის გათვალისწინებით, რომ მასთან ცხოვრობენ არასრულწლოვანი შვილები, რომ ის შრომისუუნაროა, ანდა _ თუ მეორე მეუღლე ხარჯავდა საერთო ქონებას ოჯახის ინტერესების საზიანოდ.

ამრიგად, განსახილველი ნორმა აკონკრეტებს, თუ რა ფაქტობრივი გარემოებები უნდა იქნას გათვალისწინებული არასრულწლოვანი შვილების ინტერესების ან ერთ-ერთი მეუღლის ყურადსაღები ინტერესების შემოწმების დროს, კერძოდ: ერთ-ერთ მეუღლესათან არასრულწლოვანი შვილების ცხოვრების ფაქტი; მისი შრომისუუნარობისა და ფაქტი; მეორე მეუღლის მიერ საერთო ქონებას ოჯახის ინტერესების საზიანოდ ხარჯვის ფაქტი.

ამრიგად, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შესაძლებელია დავასკვნათ: საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1168-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის დადგომისათვის აუცილებელია არსებობდეს ქონება, რომელიც შეძენილია თითოული მათგანის მიერ ქორწინების ფაქტობრივი შეწყვეტის ან მათი ცალ-ცალკე ცხოვრების დროს; ქორწინების რეგისტრაციის ფაქტს ამ შემთხვევაში არ ეკისრება გადამწყვეტი მნიშვნელობა; ივარაუდება, რომ ეს ქონება არ არის შეძენილი ოჯახის ინტერესებისათვის და საერთო სამეურნეო საქმიანობის გაძღოლის მიზნით, ამასთან ერთად უნდა არსებობდეს ერთ-ერთ მეუღლესთან არასრულწლოვანი შვილების ცხოვრების ფაქტი; მეორე მეუღლის მიერ საერთო ქონების ოჯახის ინტერესების საზიანოდ ხარჯვის ფაქტი.

ერთ-ერთი ზემოთაღნიშნული ფაქტობრივი გარემოების არსებობა იწვევს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1168-ე მუხლის მე-3 ნაწილის გამოყენების შესაძლებლობას.

საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა მეტად მნიშვნელოვანი გარემოება, რაც აუცილებელია ამ ნორმის სწორი განმარტებისათვის, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1168-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის დადგომისათვის აუცილებელია არსებობდეს ქონება, რომელიც შეძენილია თითოული მათგანის მიერ ქორწინების ფაქტობრივი შეწყვეტის ან მათი ცალ-ცალკე ცხოვრების დროს. ქონებაში უნდა ვიგულისხმოთ არა მარტო უძრავი ნივთი, რომელიც შეძენილ იქნა მათ მიერ ქორწინების ფაქტობრივი შეწყვეტის ან მათი ცალ-ცალკე ცხოვრების დროს, არამედ ის სახსრებიც რომლითაც შეძენილია ეს ქონება. ამდენად, განსახილველი ნორმა ითვალისწინებს ისეთ შემთხვევას, როდესაც ქონება შეძენილია მეორე მეუღლის ქონებრივი მონაწილეობის გარეშე და, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ისევ არიან რეგისტრირებულ ქორწინებაში, პრეუდიციულ მნიშვნელობას კანონი ანიჭებს არა უფლებას, არამედ ფაქტს _ ქორწინების ფაქტობრივ შეწყვეტას ან მათ ცალ-ცალკე ცხოვრებას. იმ შემთხვევაში, თუ ირკვევა მეორე მეუღლის ქონებრივი მონაწილეობა, რაც მიუთითებს ამ ქონებაზე თანასაკუთრების რეჟიმზე, დაუშვებელია საკუთრების ჩამორთმევა, რადგან აღნიშნულს განსახილველი ნორმა არ ითვალისწინებს. თანასაკუთრების რეჟიმის არსებობის შემთხვევაში სასამართლომ შეუძლია მიმართოს მის საერთო ან განსაკუთრებული გაყოფის წესს, რაც დადგენილია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1168-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ი. ზ-მა 1999 წლის 5 მაისს გაყიდა თბილისში, გლდანის ... მ/რ-ში მე-...…კორპუსში მდებარე ¹2 ბინა, რომელიც შეძენილი იყო 1994 წლის 7 ივლისს და ამავე 1999 წლის 10 მარტს იყიდა თბილისში, გლდანის მე-...… “ა” მ/რ-ში, მე-...… კორპუსში მდებარე ¹26 ბინა.

ამრიგად, საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ უნდა შეაფასოს და დაადგინოს თბილისში, გლდანის ... მ/რ-ში მე-... კორპუსში მდებარე ¹2 ბინა, რომელიც შეძენილი იყო 1994 წლის 7 ივლისს, წარმოადგენდა თუ არა მეუღლეთა თანასაკუთრებას; თბილისში, გლდანის მე-... “ა” მ/რ-ში, მე-... კორპუსში მდებარე ¹26 ბინა ნაყიდი იყო თუ არა გაყიდული ბინის სახსრებით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ი. ი-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 11 დეკემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას;

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.