საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-1039(3კ-24) 12 ივნისი, 2025 წელი
თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: თამარ ოქროპირიძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები (მოპასუხეები) - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ...ის რაიონის გამგეობა
კასატორი (მოპასუხე) - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია (საკასაციო საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.10.24წ. განჩინებით)
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ტ.მ-ე ( ბ.მ-ის უფლებამონაცვლე)
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი აქტის გამოცემის დავალება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 13 მაისის გადაწყვეტილება
კასატორების მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
აღწერილობითი ნაწილი:ბ.მ-მა 2019 წლის 30 დეკემბერს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ...ის რაიონის გამგეობის მიმართ და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ...ის რაიონის გამგეობის 2018 წლის 8 თებერვლის №33-0118039151 გადაწყვეტილებისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 24 ოქტომბრის №1627 ბრძანების ბათილად ცნობა, ასევე, ქალაქ თბილისში, ...ის ქ. №...-ის №... კორპუსში მდებარე 68.48 კვ.მ ფართის მქონე საცხოვრებელი სახლის მოსარჩელის საკუთრებაში გადაცემის თაობაზე, მოპასუხისათვის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ...ის რაიონის გამგეობისათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 13 ოქტომბრის საოქმო განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაერთო საქართველო თავდაცვის სამინისტრო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 10 მარტის განჩინებით, შეჩერდა საქმის წარმოება მოსარჩელის გარდაცვალების გამო მის უფლებამონაცვლის დადგენამდე, მაგრამ არა უმეტეს ერთი წლის ვადით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 15 მაისის განჩინებით მოცემულ ადმინისტრაციული საქმეზე განახლდა წარმოება; მოსარჩელის - გარდაცვლილი ბ.მ-ის უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა ტ.მ-ე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებით ტ.მ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით მანვე გაასაჩივრა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 22 აპრილის სხდომაზე დაზუსტდა მოპასუხეთა წრე და მოპასუხედ მიეთითა საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 13 მაისის გადაწყვეტილებით ტ.მ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ტ.მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 24 ოქტომბრის №1627 ბრძანება; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ...ის რაიონის გამგეობის 2018 წლის 8 თებერვლის №33-0118039151 გადაწყვეტილება; მოპასუხეს - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაევალა, კანონით დადგენილ ვადაში, გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მითითებული საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა სადავო საკითხთან დაკავშირებით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 13 მაისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ...ის რაიონის გამგეობამ, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღების შედეგად, სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვეს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 22 ოქტომბრის განჩინებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი, ხარვეზის შეუვსებლობის გამო, დარჩა განუხილველად.
კასატორი - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო სადავოდ ხდის დავის ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით გადაწყვეტის მართებულობას და აღნიშნავს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლო, მითითებული ნორმის გამოყენებასთან მიმართებით არაერთ გადაწყვეტილებაში აღნიშნავს, რომ, მართალია, სასამართლოს აქვს შესაძლებლობა ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის მიზნით შეაგროვოს დამატებითი მტკიცებულებები, თუმცა აღნიშნული უზრუნველყოფს ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში დაშვებული ხარვეზების აღმოფხვრას და არა ორგანოში განსახორციელებელი წარმოების ჩანაცვლებას (იხ. სუსგ-ები №ბს-1445(კ-22) 11 ივნისი, 2024წ.; №ბს-641(2კ-23) 28 მაისი, 2024 წელი). აღნიშნული განმარტებები, კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 32.4 მუხლის გამოყენებისათვის აუცილებელია სახეზე იყოს ხარვეზიანი ადმინისტრაციული წარმოება.
კასატორის მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილების არც ერთ ნაწილში არ უთითებს, თუ რაში გამოიხატა სადავო ადმინისტრაციული წარმოებების ხარვეზიანობა, სასამართლოს მხრიდან არაა გამოკვლეული და შესაბამისად მითითებული, კონკრეტულად რომელი გარემოება არ იქნა გამოკვლეული ან/და შესწავლილი ადმინისტრაციული ორგანოების მხრიდან. ამასთან, გაურკვეველია როგორ უნდა შევიდეს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო სხვა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული პროცედურული, იმპერატიული დანაწესების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების შინაარსში მაშინ, როდესაც განცხადება, რომლის საფუძველზეც ჩატარებული წარმოების შედეგად მიღებული გადაწყვეტილება ფორმალურად ტოვებდა შინაარსობრივ ნაწილზე მსჯელობის შესაძლებლობას (ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ...ის რაიონის გამგეობის 2017 წლის 14 სექტემბრის №33-0117257288 გადაწყვეტილება), დარჩა განუხილველი განმცხადებლის მიერ ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან მოთხოვნილი, კანონმდებლობით იმპერატიულად განსაზღვრული, დოკუმენტის წარუდგენლობის გამო. ასევე ხაზგასასმელია, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება ბ.მ-ის არ გაუსაჩივრებია.
რაც შეეხება დამოუკიდებლად საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის ახალი აქტის გამოცემის დავალებას, მოცემულ შემთხვევაში, ცალსახაა, რომ სახეზე არ გვაქვს ადმინისტრაციული კოდექსის 23-ე მუხლის წინაპირობები, რაც პირველ რიგში მოიაზრებს ადმინისტრაციული ორგანოს უარს, კონკრეტულ საკითხთან მიმართებით. განსახილველ შემთხვევაში უდავოა, რომ საქმეში არაა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უარი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე, რაც სასკ-ის 33.1 მუხლის საფუძველზე, გამორიცხავს ამ ტიპის სარჩელის დაკმაყოფილებას. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ცალსახაა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო როგორც მატერიალური, ისე საპროცესო კანონმდებლობის უხეში დარღვევით, რაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტურ საფუძველს წარმოადგენს.
კასატორი დამატებით აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული სამართალწარმოების ფარგლებში მოქმედებს ინკვიზიციურობის პრინციპი, თუმცა მხოლოდ შეჯიბრებითობის პრინციპთან ერთა და მართალია, სასამართლო აღჭურვილია უფლებამოსილებით, ხელი შეუწყოს ადმინისტრაციული ორგანოს მოწინააღმდეგე მხარეს, საკუთარი უფლებების რეალიზებაში, თუმცა აღნიშნული უნდა განხორციელდეს შეჯიბრებითობის პრინციპისათვის ზიანის მიყენების გარეშე. მოცემულ შემთხვევაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოში სხდომის გამართვამდე, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო საქმეში მონაწილეობდა სასკ-ის 16.1 მუხლით გათვალისწინებული მესამე პირის სტატუსით. ადმინისტრაციული და სამოქალაქო საპროცესო კოდექსების ურთიერთშეჯერებიდან გამომდინარე, განსხვავდება სასკ-ის 16.1. მუხლით ჩართული მესამე პირებისა და მოპასუხეების საპროცესო-სამართლებრივი სტატუსი. მოყვანილი ნორმატიული წინაპირობებიდან გამომდინარე, აშკარაა რომ ზემოთ მოხსენიებული მესამე პირის სტატუსის მქონე პროცესის მონაწილეებს არ აქვთ სულ მცირე გადაწყვეტილების გასაჩივრების შესაძლებლობაც კი, მაშინ როდესაც, პირველი ინსტანციის სასამართლო ფაქტების დამდგენი სასამართლოა, სააპელაციო სასამართლოში პროცესის მონაწილეებს კი აღნიშნული შესაძლებლობა შეზღუდული აქვთ. ამავე დროს, თბილისის სააპელაციო სასამართლომ, რომელსაც, მოსარჩელისათვის შესაბამისი მითითებების გაკეთების შემდეგ, სულ მცირე, ჰქონდა პირველი ინსტანციისათვის საქმის დაბრუნების ვალდებულება, არსებითად იმსჯელა ისეთ სასარჩელო მოთხოვნაზე, რომელიც გაჟღერებულიც კი არ ყოფილა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმისწარმოების მიმდინარეობისას. ამდენად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ქმედებებიდან გამომდინარე, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წაერთვა ერთ ინსტანციაში კვალიფიციური შედავების შესაძლებლობა.
კასატორი - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ...ის რაიონის გამგეობის მითითებით, ამავე გამგეობის 2017 წლის 14 სექტემბრის №33-0117257288 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განუხილველი დარჩა ბ.მ-ის წარმომადგენლის 2017 წლის 2 აგვისტოს №19/01172142129-33 განცხადება იმ საფუძვლით, რომ დადგენილ ვადაში განმცხადებლის მიერ არ იქნა აღმოფხვრილი და წარდგენილი შესაბამისი დოკუმენტი (ინფორმაცია). 2018 წლის 31 იანვარს ბ.მ-ის წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა ...ის გამგეობას და მოითხოვა ბ.მ-ისთვის ქ. თბილისში, ...ის ქ. №...-ის №96-ში კორპუსში მდებარე უძრავი ქონების (ფართობი: 68.48 კვ.მ) უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემა. ...ის გამგეობის 2018 წლის 8 თებერვლის №33-0118039151 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით კი, ბ.მ-ის წარმომადგენლის 2018 წლის 31 იანვრის განცხადება, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის №189 დადგენილებით დამტკიცებული „კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართების ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის“ მე-4 მუხლის მე-10 პუნქტის თანახმად, დარჩა განუხილველი იმ საფუძვლით, რომ გამგეობის 2017 წლის 14 სექტემბრის №33117257288 ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტთან მიმართებით სახეზე არ იყო ფაქტობრივი ან სამართლებრივი მდგომარეობის საჩივრის ავტორის სასარგებლოდ შეცვლა. ამასთანავე, არ დასტურდებოდა რაიმე სახის ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებების არსებობა, რომლებიც განაპირობებდა მის მიმართ უფრო ხელსაყრელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემასა და მოთხოვნილი საცხოვრებელი ფართის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ...ის რაიონის გამგეობამ გადაწყვეტილებები მიიღო სრულიად სამართლიანად და კანონიერად.
კასატორი ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 17 ივლისის №445 დადგენილება, რომლითაც მოწესრიგებულია საცხოვრებელი და არსაცხოვრებელი ფართების ადმინისტრირების საკითხები, კერძოდ, სამინისტროს საცხოვრებელი ან/და არასაცხოვრებელი ფართების საკუთრებაში გადაცემა, არ არსებობდა გასაჩივრებული აქტის მიღების დროს. შესაბამისად, სასამართლომ უნდა შეაფასოს აქტის გამოცემის დროს არსებული მოცემულობა, რაც, განსხვავებით სააპელაციო პალატისა, კანონიერად შეფასდა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ. დღეს ფასდება აქტის კანონიერება ზემოხსენებული საცხოვრებელი ფართის „კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის №189 დადგენილებით დამტკიცებული წესის საფუძველზე ექვემდებარებოდა თუ არა უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემას და თუკი შეცვლილი საკანონმდებლო რეგულაციის შემდეგ აღნიშნული სხვა უწყების განსჯადი გახდა, არ გულისხმობს სადავო აქტის უკანონობას.
კასატორის მოსაზრებით. ყოველივე ზემოაღნიშნული ცხადყოფს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ არასწორად შეაფასა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები და შესაბამისად, არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა განსახილველ საკითხს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 27 სექტემბრის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ...ის რაიონის გამგეობის საკასაციო საჩივრები, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ...ის რაიონის გამგეობის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები, ვინაიდან:
- არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;
- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;
- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;
- კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივრებში მითითებული პოზიციები ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრების განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებების სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ მოცემული დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი.
საკასაციო პალატა მიუთითებს, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველ პარაგრაფზე, რაც ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, თუმცა იგი არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს მოპასუხის მიერ მოსარჩელის - ბ.მ-ის განცხადების განუხილველად დატოვების კანონიერების შემოწმება იმ საფუძვლით, რომ მოსარჩელის მიერ არ იქნა მითითებული ისეთ ახლად აღმოჩენილ ან ახლად გამოვლენილ გარემოებებზე, რაც მისთვის არაპრივატიზებული ფართის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წინაპირობას შექმნიდა. ამასთანავე, შესაფასებელია რამდენად არსებობს მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების საფუძვლები, მოსარჩელისთვის ქალაქ თბილისში, ...ის ქ. №...-ის №... კორპუსში მდებარე 68.48 კვ.მ საცხოვრებელი ბინის საკუთრებაში გადაცემის თაობაზე.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ:
- ადმინისტრაციისა და პროფკომიტეტის 1991 წლის 23 მაისის №43 ერთობლივი სხდომის ოქმის ამონაწერის თანახმად, დასტურდება, რომ ქალაქ თბილისში, ...ის ქ. №...-ში მდებარე გათავისუფლებული ბინა (1 ოთახი, 18 კვ.მ) გადაეცა …ის 33192 ...ას - ბ.მ-ის, რომლის ოჯახი შედგებოდა 2 ადამიანისგან;
- საქართველოს შეიარაღებული ძალების ჯარების ...ის დეპარტამენტის 2008 წლის 24 მარტის №3-11/2175 წერილის თანახმად, ასევე დადგენილია, რომ შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ჯარების ...ის დეპარტამენტი თანახმაა, რომ ბ.მ-მა დადგენილი წესით მოახდინოს ...ის ქ. №...-ში მდებარე მის მიერ დაკავებული ოროთახიანი ბინის ფართის პრივატიზაცია;
- 2017 წლის 2 აგვისტოს ბ.მ-ის წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ...ის რაიონის გამგეობას და მოითხოვა ქალაქ თბილისში, ...ის ქ. №...-ის №... კორპუსში მდებარე 68.48 კვ.მ ფართის მქონე საცხოვრებელი სახლის განმცხადებლის სახელზე პრივატიზება. განცხადებას თან დაერთო: ბინის შიდა აზომვითი ნახაზი, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „...ის“ 2017 წლის 16 ივლისის კრების ოქმი №2 (ამხანაგობამ ხმათა 100%-ით გადაწყვიტა, რომ ბ.მ-ს საკუთრებაში გადაეცეს ქალაქ თბილისში, ...ის ქ. №...-ის №... კორპუსში მდებარე 68.48 კვ.მ ფართის მქონე საცხოვრებელი სახლი), ამონაწერი ადმინისტრაციისა და პროფკომიტეტის 1991 წლის 23 მაისის №43 ერთობლივი სხდომის ოქმიდან, საქართველოს შსს ქალაქ თბილისის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს ... სამსახურის სამმართველოს ...ის რაიონის რაზმის 2000 წლის 27 მაისის №4 ცნობა, საქართველოს შეიარაღებული ძალების ჯარების ...ის დეპარტამენტის 2008 წლის 24 მარტის №3-11/2175 წერილი, პირადობის, ქორწინებისა და გარდაცვალების მოწმობების ასლები, ასევე, ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან და რწმუნებულება;
- ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ...ის რაიონის გამგეობის 2017 წლის 8 აგვისტოს №33-01172207 წერილით ბ.მ-ის წარმომადგენელს ეცნობა, რომ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის №189 დადგენილებით დამტკიცებული ,,კანონიერი მოსარგებლეებისთვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის“ მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამგეობაში წარსადგენი იყო აღნიშნული ფართობის კანონიერი სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ბინის ორდერი, საბინაო წიგნი და სხვა). კანონიერი მოსარგებლის გარდაცვალების შემთხვევაში, აგრეთვე მემკვიდრეობის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტი, ხოლო კანონიერ მოსარგებლის არსებობის შემთხვევაში - მოთხოვნის უფლების დათმობის შესახებ ნოტარიულად დამოწმებული თანხმობა (თანხმობები). ამავე წერილში მიეთითა, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული სამსახურებრივი დანიშნულების არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის სპეციალური წინაპირობები რეგულირდება შესაბამისი ნორმატიული აქტით დადგენილი წესის შესაბამისად. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 30 აპრილის №219 ბრძანებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამგეობაში დამატებით წარმოსადგენი იყო თავდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული ცნობა ამ დებულების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ.ა“, „ბ.ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გარემოებებისა და შესაბამის ბინაზე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მონაწილეობით სასამართლო დავის არარსებობის თაობაზე;
- ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ...ის რაიონის გამგეობის 2017 წლის 14 სექტემბრის №33-0117257288 გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადაში დამატებითი დოკუმენტების წარუდგენლობის გამო, ბ.მ-ის 2017 წლის 2 აგვისტოს განცხადება დარჩა განუხილველი;
- საქმეში წარმოდგენილია საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ჯარების ...ის სარდლობის 2017 წლის 25 ოქტომბრის MOD 9 17 01026350 წერილი, რომლის თანახმად, ბ.მ-ს ეცნობა, რომ თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე არსებული ყველა ბინა (საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართი), მათ შორის, მოთხოვნილი ფართი, მხოლოდ სამსახურებრივი სარგებლობისთვის გამოსაყენებელ ბინებადაა გამოცხადებული საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2010 წლის 13 სექტემბრის №589 ბრძანებით. ვინაიდან მოთხოვნილ საცხოვრებელ ფართს არ აქვს მოხსნილი სამსახურებრივი სარგებლობისთვის გამოსაყენებელი ბინის სტატუსი, საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 30 აპრილის №219 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ფართი დღეის მდგომარეობით საკუთრებაში გადაცემას არ ექვემდებარება;
- 2018 წლის 31 იანვარს, ბ.მ-ის წარმომადგენელმა კვლავ განცხადებით მიმართა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ...ის რაიონის გამგეობას და მოითხოვა ზემოთ მითითებული ფართის პრივატიზება. ამასთანავე, მიუთითა, რომ გამგეობას გადაწყვეტილების მისაღებად უნდა ეხელმძღვანელა მის მიერ ერთხელ უკვე წარდგენილი დოკუმენტებით;
- ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ...ის რაიონის გამგეობის 2018 წლის 8 თებერვლის №33-0118039151 გადაწყვეტილებით ბ.მ-ის წარმომადგენელს ეცნობა, რომ ვინაიდან მის მიერ 2018 წლის 31 იანვარს წარმოდგენილ განცხადებაში არ იყო მითითებული ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებები, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლის საფუძველზე, გამგეობამ მიიღო გადაწყვეტილება განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნული გადაწყვეტილება ბ.მ-ის წარმომადგენელმა გაასაჩივრა ადმინისტრაციული საჩივრით, თუმცა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 24 ოქტომბრის №1627 ბრძანებით ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ 2017 წლის მდგომარეობით, როდესაც მოსარჩელე მხარემ მოისურვა აღნიშნული უძრავი ქონების საკუთრებაში რეგისტრაცია, მოქმედებდა საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 30 აპრილის №219 ბრძანებულება „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემის შესახებ“, რომლის პირველი პუნქტის თანახმად, „სახელმწიფო ქონებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის 41 პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემის შესახებ თანდართული დებულება. დასახელებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ დებულების მე-2 მუხლში მითითებული საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებითა და ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების გარდა, ფიზიკურმა პირმა შესაბამის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს უნდა წარუდგინოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცნობა ამ დებულების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ.ა.“, „ბ.ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გარემოებებისა და შესაბამის ბინაზე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მონაწილეობით სასამართლო დავის არარსებობის თაობაზე. თავის მხრივ, აღნიშნული დებულების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საკუთრებაში გადაცემას არ ექვემდებარებოდა საქართველოს თავდაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით მხოლოდ სამსახურებრივი სარგებლობისათვის განკუთვნილი ბინები.
საკასაციო სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესს არეგულირებს საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის №189 დადგენილებაც, რომლის მიხედვითაც ეს წესი არეგულირებს სახელმწიფო საბინაო ფონდში საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ამოქმედებამდე და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საცხოვრებელ ფონდში არსებული, მათ შორის, 2007 წლის 2 თებერვლამდე დროებით გადაცემული, არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის კანონიერი მოსარგებლისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესსა და პირობებს, ამ პროცესში წარმოშობილ ურთიერთობებს და განსაზღვრავს წესით გათვალისწინებული ურთიერთობის მხარეებსა და მათ უფლებამოსილებებს. ამავე წესის მე-3 მუხლის შესაბამისად, არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის კანონიერი მოსარგებლისათვის საკუთრებაში გადაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანო – მუნიციპალიტეტის გამგებელი/მერი, ხოლო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში, ამ წესის მიზნებისათვის – შესაბამისი რაიონის გამგებელი, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“, ამ წესისა და აგრეთვე სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების შესაბამისად.
საკასაციო სასამართლოს განმარტებით, დასახელებული ნორმები ცხადყოფს, რომ 2017 წლისათვის საცხოვრებელი ფართის კანონიერ მოსარგებლეზე გადაცემის კომპეტენცია მინიჭებული ჰქონდა ადგილობრივ გამგეობას. სწორედ ამიტომ, ბ.მ-მა განცხადებით მიმართა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ...ის რაიონის გამგეობას, კანონიერ სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების პრივატიზების - მის სახელზე საკუთრების უფლების აღრიცხვის მოთხოვნით, რაც არ დაკმაყოფილდა, იმ საფუძველზე მითითებით, რომ მისი მხრიდან არ ყოფილა წარდგენილი საამისოდ განსაზღვრული დოკუმენტაცია, სრულყოფილად.
საკასაციო პალატა, უდავოდ დადასტურებული გარემოების გათვალისწინებით, რომ მოსარჩელე მხარის დაინტერესებაში არსებული უძრავი ქონება ირიცხება თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე, მიუთითებს სასამართლოში საქმის განხილვისას უკვე მოქმედ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 17 ივლისის №445 დადგენილებით დამტკიცებულ „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემის შესახებ დებულებაზე“, რომელმაც მოაწესრიგა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართობის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესი და პირობები, აგრეთვე, ამ პროცესში წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობები. აღნიშნული დებულების მე-5 მუხლის შესაბამისად, საცხოვრებელი ან/და არასაცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემას დღეის მდგომარეობით ახორციელებს არა ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანო, არამედ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, ამავე ნორმატიული აქტით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში საცხოვრებელი ან/და არასაცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემის საკითხი ახალი დადგენილების მიხედვით, განსხვავებულად წესრიგდება. პირველ რიგში, განსხვავებულია განცხადების განმხილველი ორგანო, ხოლო შინაარსობრივი თვალსაზრისით, განსხვავდება და ამავდროულად უფრო მარტივდება ასევე სადავო ფართის საკუთრებაში გადაცემის პროცედურა.
საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მართებულად მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს მიერ კონკრეტულ შემთხვევაში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების საჭიროებას, რადგან საკითხი არ არის სრულყოფილად გამოკვლეული. საქმის მასალებით იკვეთება ის გარემოებები, რაც შესაძლოა წარმოშობდეს ბ.მ-ის უფლებამონაცვლის - ტ.მ-ის განცხადების დაკმაყოფილების წინაპირობებს, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც სახეზეა მისთვის უძრავი ქონების სარგებლობაში გადაცემის ოქმი (ადმინისტრაციისა და პროფკომიტეტის 1991 წლის 23 მაისის №43 ერთობლივი სხდომის ოქმის ამონაწერი), ასევე იკვეთება 2008 წლის მდგომარეობით ადმინისტრაციული ორგანოების ნება (თავდაცვის სამინისტრო), მას საკუთრებაში აღერიცხა სადავო უძრავი ქონება. მართალია, საქმეში წარმოდგენილია საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ჯარების ...ის სარდლობის 2017 წლის 25 ოქტომბრის MOD 9 17 01026350 წერილი, რომლის თანახმად, განცხადებით მოთხოვნილს ფართს ჰქონდა სამსახურებრივი სარგებლობისთვის გამოსაყენებელი ბინის სტატუსი და საქართველოს პრეზიდენტის 30.04.2008 წლის №219 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ფართი საკუთრებაში გადაცემას არ ექვემდებარება, თუმცა პალატა განმარტავს, რომ წინამდებარე გადაწყვეტილების მიღების ერთ-ერთი საფუძველი სწორედ ის გარემოებაა, რომ სასამართლოში საქმის განხილვის დროისათვის აღარ მოქმედებს №219 დადგენილება და მისით დაწესებული შეზღუდვა. შესაბამისად, პალატა მიიჩნევს, რომ სადავო საკითხის გადაწყვეტა მიზანშეწონილია ამჟამად მოქმედი რეგულაციის პირობებში, რაც გამართლებულია როგორც პროცესუალური და მატერიალური თვალსაზრისით, ისე საპროცესო ეკონომიის მიზნით. ამრიგად, საკასაციო პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას, რომლის თანახმად, იმის მიუხედავად, რომ სადავო აქტი გამოცემულია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ...ის რაიონის გამგეობის მიერ, განსახილველი საკითხის ხელახლა გამოკვლევა და გადაწყვეტა უნდა დაევალოს ამჟამად ამ საკითხზე პასუხისმგებელ ორგანოს - საქმეში მოპასუხე მხარედ ჩართულ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, რომელიც საქართველოს მთავრობის 2020 წლის 17 ივლისის №445 დადგენილებით განსაზღვრული წესით, ვალდებულია განიხილოს და გადაწყვიტოს ტ.მ-ის (ბ.მ-ის უფლებამონაცვლე) დაინტერესებაში არსებული საკითხი. ამასთან, საქმეზე დამდგარი შედეგის გათვალისწინებით, როდესაც სადავო საკითხის გადაწყვეტილად ბათილად იქნა ცნობილი ძირითადი აქტი და ადმინისტრაციულ ორგანოს მასში დასმული საკითხების ხელახლა გადაწყვეტა დაევალა, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კანონშეუსაბამოდ უნდა იქნა მიჩნეული ზემდგომი ორგანოს მიერ ადმინისტრაციული საჩივრის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილება, რომლითაც ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ...ის რაიონის გამგეობის 2018 წლის 8 თებერვლის №33-0118039151 გადაწყვეტილება უცვლელად იქნა დატოვებული.
აღსანიშნავია, რომ მოსარჩელის მოთხოვნას ასევე წარმოადგენდა ქალაქ თბილისში, ...ის ქ. №...-ის №... კორპუსში მდებარე 68.48 კვ.მ ფართის მქონე საცხოვრებელი სახლის მოსარჩელის საკუთრებაში გადაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღება, თუმცა იმ პირობებში, როდესაც საქმეზე დადასტურებულია საქმის გარემოებების არასათანადო გამოკვლევა და საკითხი საჭიროებს ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან ხელახალი ადმინისტრაციული წარმოების ჩატარებას, ფაქტობრივი გარემოებების დადგენასა და სათანადო გადაწყვეტილების მიღებას დღეს მოქმედი რეგულაციის პირობებში, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ ეტაპზე არ არსებობს ამ მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ იძლევა საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, სახეზე არ არის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, ამდენად, საკასაციო პალატა საკასაციო საჩივრებს მიიჩნევს დაუშვებლად.
სარეზოლუციო ნაწილი:საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დაადგინა:
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ...ის რაიონის გამგეობის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 13 მაისის გადაწყვეტილება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი
მოსამართლეები: თ. ოქროპირიძე
ნ. სხირტლაძე