საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-1044(2კ-24) 12 ივნისი, 2025 წელი
თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: თამარ ოქროპირიძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კახეთის რეგიონული ოფისი
კასატორი (მოპასუხე) - ახმეტის მუნიციპალიტეტის მერია
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - მ.ჩ-ი
მესამე პირი - ზ.მ-ი
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის პირველი ივლისის გადაწყვეტილება
კასატორების მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
აღწერილობითი ნაწილი:მ.ჩ-მა 2023 წლის 15 მარტს სარჩელით მიმართა თელავის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კახეთის რეგიონული ოფისისა და ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ და სასარჩელო მოთხოვნათა დაზუსტების შედეგად, ახმეტის მუნიციპალიტეტის მუდმივმოქმედი სააუქციონო კომისიის 2022 წლის 27 სექტემბრის ზ.მ-ის სახელზე გაცემული საკუთრების უფლების დამადასტურებელი №73 მოწმობისა (მისი ძალაში შესვლის დღიდან) და რეგისტრაციის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 5 ოქტომბრის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვა.
ამავე სარჩელით მოსარჩელემ იშუამდგომლა უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე, კერძოდ, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს აეკრძალოს უფლების რეგისტრაციის განხორციელება ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე ზ.მ-ის საკუთრებაში არსებულ ... საკადასტრო კოდის მქონე 199 კვ.მ უძრავ ნივთზე.
სარჩელში აღნიშნულია, რომ ახმეტის მუნიციპალიტეტის მუდმივმოქმედი სააუქციონო კომისიის 2013 წლის 9 აგვისტოს №21 ოქმის შესაბამისად, საჯარო აუქციონში გამარჯვებულად გამოცხადდა მ.ჩ-ი, რომელმაც 575 ლარად შეიძინა თავის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული საცხოვრებელი სახლის მომიჯნავედ მდებარე 199 კვ.მ მიწის ნაკვეთი. მან სრულად გადაიხადა ნასყიდობის საფასური და გაიცა №108 საკუთრების მოწმობა. 2023 წლის 2 მარტს მ.ჩ-მა განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა 2013 წლის 9 აგვისტოს შეძენილი უძრავი ნივთის რეგისტრაცია. განცხადებას თან დაურთო საკუთრების უფლების მოწმობა და აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი. საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ მას უარი უთხრა რეგისტრაციაზე, ვინაიდან მიწის ნაკვეთს შეცვლოდა მესაკუთრე ზ.მ-ის სახით. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან გამოთხოვილი მასალებით მოსარჩელისთვის ცნობილი გახდა, რომ ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიამ მიწის ნაკვეთი გაასხვისა მეორედ. მოსარჩელის მოსაზრებით, შემძენი არ იყო კეთილსინდისიერი, რადგან მან იცოდა, რომ მიწის ნაკვეთი ეკუთვნოდა მ.ჩ-ს. რაც შეეხება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებას, იგი უკანონო იყო, რადგან ამ უკანასკნელის მიერ უნდა ჩატარებულიყო ადმინისტრაციული წარმოება და ისე მიეღო გადაწყვეტილება რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ. შესაბამისად, მ.ჩ-მა სასარჩელო წარმოების წესით მოითხოვა როგორც საკუთრების უფლების მოწმობის, ისე რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.
თელავის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 31 მარტის განჩინებით მ.ჩ-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა; სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს აეკრძალა ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე ზ.მ-ის საკუთრებაში არსებული ... საკადასტრო კოდის მქონე 199 კვ.მ უძრავ ნივთთან დაკავშირებით განკარგვის ან იპოთეკის უფლებით დატვირთვის შესახებ გადაწყვეტილების მიღება, სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე.
თელავის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 13 ივლისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა ზ.მ-ი.
თელავის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილებით მ.ჩ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული განჩინება კი სააპელაციო წესით მანვე გაასაჩივრა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის პირველი ივლისის გადაწყვეტილებით მ.ჩ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თელავის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც მ.ჩ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ახმეტის მუნიციპალიტეტის მუდმივმოქმედი სააუქციონო კომისიის 2022 წლის 27 სექტემბრის საკუთრების უფლების დამდასტურებელი №73 მოწმობა გაცემული ზ.მ-ის სახელზე და ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიას გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მითითებული, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა; ასევე, ბათილად იქნა ცნობილი რეგისტრაციის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 5 ოქტომბრის №... გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის პირველი ივლისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კახეთის რეგიონულმა ოფისმა და ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიამ.
კასატორი - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კახეთის რეგიონული ოფისის წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ მარეგისტრირებელი ორგანოს 2022 წლის 5 ოქტომბრის გადაწყვეტილება, რომლითაც სადავო უძრავ ნივთზე დარეგისტრირდა ზ.მ-ის საკუთრების უფლება, მიღებულ იქნა კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით. მარეგისტრირებელმა ორგანომ მისი კომპეტენციისა და შესაძლებლობის ფარგლებში, სრულად გამოიკვლია გადაწყვეტილების მიღებისთვის აუცილებელი გარემოებანი და მისთვის ვერ იქნებოდა ცნობილი მასზედ, რომ ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიამ ერთსა და იმავე უძრავ ნივთზე ორჯერ გამოაცხადა აუქციონი 2013 და 2022 წლებში და შესაბამისად, ორჯერ გაასხვისა აღნიშნული ნივთი, ვინაიდან მ.ჩ-ს არ მიუმართავს საჯარო რეესტრისათვის და არ აღურიცხავს უძრავი ქონება მის სახელზე. მართალია, ეს უკანასკნელი გარემოება (რეესტრში რეგისტრაციის განუხორციელებლობა), როგორც სააპელაციო პალატამ განმარტა, არ წარმოადგენს ჩატარებული აუქციონის შედეგების გაუქმების საფუძველს, თუმცა აღნიშნული არ ცვლის იმ გარემოებას, რომ ასეთ მოცემულობაში, სააგენტო მოკლებული იყო შესაძლებლობას მიეღო სხვაგვარი გადაწყვეტილება, გარდა ერთისა - წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლის, სააგენტოში დაცული მონაცემების გადამოწმებისა და კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, მიეღო გადაწყვეტილება სადავო უძრავ ნივთზე ზ.მ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ.
კასატორის - ახმეტის მუნიციპალიტეტის სააგენტოს წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ „სახელმწიფო ქონების პრივატიზების, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, თვითმმართველი ერთეულის პრივატიზებულ ქონებასთან დაკავშირებული სადავო საკითხის სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა იყო 3 წელი. ამავე კანონის მე-10 მუხლის მე-6 პუნქტისა და საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2007 წლის 20 სექტემბრის №1-1/1417 ბრძანებით დამტკიცებული „ადგილობრივი თვით მმართველი ერთეულის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ“ დებულების მე-6 მუხლის მე-11 პუნქტის მიხედვით „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისას მყიდველზე საკუთრების უფლება გადადიოდა თანხის მთლიანად გადახდის, საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემისა და საჯარო რეესტრში ან შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის შემდეგ, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მყიდველს უნდა შეესრულებინა ნაკისრი ვალდებულებები მყიდველს საკუთრების უფლება ეძლეოდა ნაკისრი ვალდებულების შესრულების პირობით“. მართალია, ზემოაღნიშნული ნორმატიული აქტები ამჟამად ძალადაკარგულია, მაგრამ მოქმედებდა მოსარჩელესთან გაფორმებული ხელშეკრულების პერიოდში, 2014 წლიდან დღემდე კი მოქმედია „მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის №669 დადგენილება, რომლის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი და მე-11 მუხლის მე-6 პუნქტი იმეორებს ზემოაღნიშნული ძალადაკარგული ნორმატიული აქტების დანაწესს.
კასატორის მითითებით, საქმეზე წარმოდგენილი ადმინისტრაციული მასალები ცხადყოფს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ზ.მ-ის სახელზე №73 საკუთრების მოწმობა გაიცა კანონის მოთხოვნათა სრული დაცვითა და ადმინისტრაციული წარმოებით გათვალისწინებული მოთხოვნების ზედმიწევნითი შესრულებით, გარდა ამისა, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი წარმოადგენს აღმჭურველ აქტს, აღმჭურველი აქტის ბათილად ცნობის საკითხი კი უნდა გადაწყდეს მისი მართლზომიერების, გამოცემისას მისი კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის, აგრეთვე მმართველობის კანონიერების პრინციპისა და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმართ დაინტერესებული მხარის კანონიერი ნდობის პრინციპის, აღმჭურველი აქტის ბათილად ცნობით მიყენებული ზიანისა და ამ აქტის ბათილად გამოუცხადებლობით მიყენებული ზიანის შეპირისპირების საფუძველზე. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის მე-5 ნაწილით კი განსაზღვრულია, თუ როგორ უნდა შემოწმდეს დაინტერესებული მხარის კანონიერი ნდობის არსებობა. დაინტერესებული მხარის კანონიერი ნდობა არსებობს იმ შემთხვევაში, თუ მან ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის საფუძველზე განახორციელა იურიდიული მნიშვნელობის მოქმედება და ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობით მას მიადგება ზიანი.
კასატორი აღნიშნავს, რომ არც ახმეტის მუნიციპალიტეტის ეკონომიკის სამსახურის ქონების მართვის განყოფილებას და არც ქონების შემძენს არ გააჩნდათ ინფორმაცია 2013 წელს მ.ჩ-ის სახელზე გაცემული საკუთრების მოწმობის შესახებ, ვინაიდან როგორც ფაქტობრივად, ასევე საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით, უძრავი ნივთი წარმოადგენდა მუნიციპალიტეტის საკუთრებას, ხოლო რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია. კასატორის მოსაზრებით, განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ დარღვეულ იქნა 2013 წელს გაფორმებული ხელშეკრულების პირობები, რომლის მიხედვითაც ახმეტის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისას მყიდველზე საკუთრების უფლება გადადიოდა ამ უკანასკნელის მიერ საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის საჯარო რეესტრში რეგისტრაციის შემდეგ, თუმცა მოსარჩელე მ.ჩ-ზე არც 2013 წელს და არც შემდგომ პერიოდში არ მომხდარა აღნიშნულ ობიექტზე საკუთრების უფლების გადასვლა, ხოლო ზ.მ-ი წარმოადგენს უძრავი ნივთის კეთილსინდისიერ, კანონიერ შემძენს, მით უფრო მაშინ, როდესაც დავის საგანს არ წარმოადგენს აუქციონის გამოცხადებისა და მასში გამარჯვებულის გამოვლენის ოქმი. შესაბამისად, ითვლება, რომ ეს აქტები კანონიერია და ზემოაღნიშნულ აუქციონში გამარჯვებული ზ.მ-ი წარმოადგენს სადავო ქონების კანონიერ შემძენს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის პირველი ოქტომბრის განჩინებით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კახეთის რეგიონული ოფისისა და ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივრები, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კახეთის რეგიონული ოფისისა და ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები, ვინაიდან:
- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;
- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;
- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;
- კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივრებში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრების განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
ამასთან, საკასაციო პალატა მიუთითებს, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველ პარაგრაფზე, რაც ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, თუმცა იგი არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საქმის მასალებით დასტურდება, რომ:
- ახმეტის მუნიციპალიტეტის მუდმივმოქმედი სააუქციონო კომისიის 2013 წლის 09 აგვისტოს №21 ოქმის შედეგად საჯარო აუქციონში გამარჯვებულად გამოცხადდა მ.ჩ-ი, რომელმაც 575 ლარად შეიძინა თავის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული საცხოვრებელი სახლის მომიჯნავედ მდებარე 199 კვ.მ მიწის ნაკვეთი. ამავე ოქმის მე-8 პუნქტის თანახმად, მყიდველზე საკუთრების უფლება გადადიოდა თანხის მთლიანად გადახდის, საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემისა და საჯარო რეესტრში ან შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის შემდეგ. მ.ჩ-მა სრულად გადაიხადა ნასყიდობის საფასური და გაიცა საკუთრების მოწმობა №108. დადგენილია, რომ 2023 წლამდე მას საჯარო რეესტრისათვის მიწის რეგისტრაციის მოთხოვნით არ მიუმართავს;
- 2023 წლის 2 მარტს მ.ჩ-მა განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა 2013 წლის 09 აგვისტოს შეძენილი უძრავი ნივთის რეგისტრაცია. განცხადებას თან დაურთო მიწის ნაკვეთის საკუთრების უფლების მოწმობა და აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი. საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ მას უარი უთხრა რეგისტრაციაზე, ვინაიდან მიწის ნაკვეთი საკუთრების უფლებით რეგისტრირებული იყო ზ.მ-ის სახელზე;
- საქმის მასალებით დადგენილია, რომ ზ.მ-ის სახელზე საკუთრების რეგისტრაციას წინ უსწრებდა ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გამოცხადებული აუქციონი, რომელზეც გამოტანილი იქნა ახმეტაში, სოფელ ...ში მდებარე 199 კვ.მ მიწის ნაკვეთი. ახმეტის მუნიციპალიტეტის მუდმივმოქმედი სააუქციონო კომისიის მიერ 2022 წლის 8 სექტემბერს აუქციონში გამარჯვებულად გამოცხადდა ზ.მ-ი. მასთან გაფორმდა პირობების გარეშე გამოცხადებული აუქციონის ხელშეკრულება. ხელშეკრულების მე-9 პუნქტის თანახმად, შეძენილი ქონების საფასურის სრულად გადახდის, საკუთრების მოწმობის გაცემისა და მისი საჯარო რეესტრში რეგისტრაციის შემდეგ მყიდველზე გადადიოდა საკუთრების უფლება. 2022 წლის 27 სექტემბერს გაიცა საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა. მის საფუძველზე კი ზ.მ-ი აღირიცხა უძრავი ნივთის მესაკუთრედ;
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ერთსა და იმავე უძრავ ქონებასთან დაკავშირებით ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიამ ორჯერ გამოაცხადა აუქციონი - 2013 და 2022 წლებში. განსახილველ შემთხვევაში სადავოა 2022 წლის აუქციონის შედეგად ზ.მ-ის სახელზე გაცემული საკუთრების უფლების №73 მოწმობა, რის გამოც შეფასების საგანია დასახელებული დოკუმენტისა და იმ ადმინისტრაციული წარმოების კანონიერება, რომელიც წინ უძღოდა მის გამოცემას. გარდა ამისა, შესაფასებელია ამავე საკუთრების უფლების მოწმობის საფუძველზე მიღებული ზ.მ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 5 ოქტომბრის №... გადაწყვეტილების კანონიერება.
საკასაციო სასამართლო, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასების თვალსაზრისით, მიზანშეწონილად მიიჩნევს, მიუთითოს ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 118-ე მუხლზე, რომლის თანახმად, მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზება ხორციელდება საჯარო ან ელექტრონული აუქციონის ფორმით, ხოლო თბილისის ქონების პრივატიზება - აგრეთვე პირდაპირი განკარგვის, გაცვლის ან კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი განკარგვის ფორმით, გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. მითითებული კოდექსის 119-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მუნიციპალიტეტის ქონების განკარგვა შეიძლება განხორციელდეს ელექტრონული აუქციონის ფორმით. მუნიციპალიტეტის ქონების ელექტრონული აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ ინფორმაცია ქვეყნდება და ვაჭრობა მიმდინარეობს ვებგვერდზე - .... ამავე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, აუქციონის ფორმით მუნიციპალიტეტის ქონების განკარგვის მიზანია საკუთრების/სარგებლობის უფლების მინიჭება აუქციონში მონაწილე იმ პირისთვის, რომელიც ვაჭრობის პროცესში მუნიციპალიტეტის ქონების განმკარგავ სუბიექტს ყველაზე მაღალ ფასს შესთავაზებს, ხოლო თუ აუქციონი პირობებით გამოცხადდება - საკუთრების/სარგებლობის უფლების მინიჭება აუქციონში მონაწილე იმ პირისთვის, რომელიც აიღებს ვალდებულებას, დააკმაყოფილოს გამოცხადებული პირობები, და ვაჭრობის პროცესში მუნიციპალიტეტის ქონების განმკარგავ სუბიექტს ყველაზე მაღალ ფასს შესთავაზებს. ამავე მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრულია აუქციონის შედეგების გაუქმების პირობები, კერძოდ, აუქციონის შედეგები უქმდება, თუ აუქციონში გამარჯვებულმა: ა) ამ კანონით განსაზღვრულ ვადაში არ გადაიხადა საფასური; ბ) უარი განაცხადა ნასყიდობის ხელშეკრულების ხელმოწერაზე.
საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს „მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის №669 დადგენილებაზე, რომელიც განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებით გადაცემის, მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისას - საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემისას - ქირის საფასურის და ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის, აგრეთვე ანგარიშსწორების წესებს. დასახელებული დადგენილების მე-13 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების თანახმად, თუ არ მოხდება ელექტრონული აუქციონის ფორმით გატანილი მუნიციპალიტეტის ქონების განკარგვა, მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო, ხოლო თბილისის მუნიციპალიტეტის შემთხვევაში ქონების მმართველი, უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება ამ ქონების იმავე პირობებით, ვადაგაგრძელებული ელექტრონული აუქციონის ფორმით განკარგვის შესახებ. თუ არ მოხდება ელექტრონული აუქციონის ფორმით გატანილი მუნიციპალიტეტის ქონების განკარგვა, ეს ქონება შესაძლებელია, გატანილ იქნეს საპრივატიზებოდ ელექტრონულ აუქციონზე, შეცვლილი საწყისი საპრივატიზებო საფასურით ან/და პირობებით. ასეთ შემთხვევაში, აუქციონი ჩაითვლება განმეორებით ელექტრონულ აუქციონად. განმეორებით ელექტრონულ აუქციონზე, მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს გადაწყვეტილებით, მუნიციპალიტეტის ქონების საწყისი საპრივატიზებო საფასური შეიძლება შემცირდეს 50%-მდე. თუ მუნიციპალიტეტის ქონება ამ საფასურად გამოტანის შემდეგაც არ გაიყიდა, მუნიციპალიტეტის საკრებულოს, ხოლო თბილისის შემთხვევაში, აღმასრულებელი ორგანოს მიერ, საფასური შეიძლება კიდევ შემცირდეს.
საკასაციო პალატის განმარტებით, დასახელებული ნორმების ანალიზი ცხადყოფს, რომ ადგილობრივი მუნიციპალიტეტი უფლებამოსილია მის საკუთრებად რიცხული უძრავი ქონება გაასხვისოს აუქციონის წესით. ამასთან, ერთსა და იმავე ქონებაზე განმეორებითი ან ვადაგაგრძელებული აუქციონის ჩატარების უფლება მუნიციპალიტეტს მხოლოდ იმ შემთხვევაში წარმოეშობა, თუკი პირველ ჯერზე არ მოხდება აუქციონის ფორმით უძრავი ქონების განკარგვა.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე, ... საკადასტრო კოდის მქონე 199 კვ.მ სადავო მიწის ნაკვეთი აუქციონზე ორჯერ იქნა გატანილი. 2013 წლის აუქციონის შედეგად გამარჯვებულად გამოცხადდა მოსარჩელე მ.ჩ-ი, რომელმაც დადგენილ ვადაში გადაიხადა საფასური - 575 ლარი, რის შემდეგაც მასთან გაფორმდა შესაბამისი ხელშეკრულება და გაიცა საკუთრების მოწმობა №108. მართალია, მ.ჩ-ის არ მიუმართავს მარეგისტრირებელი ორგანოსთვის და არ აღურიცხავს უძრავი ქონება მის სახელზე, თუმცა, საკასაციო სასამართლოს განმარტებით, ამ გარემოებას არ გამოუწვევია ჩატარებული აუქციონის შედეგების გაუქმება, რამდენადაც სადავო პერიოდში მოქმედი „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტი აუქციონის შედეგების გაუქმებისათვის ითვალისწინებდა ორ პირობას, კერძოდ, თუ აუქციონში გამარჯვებული ამ კანონით განსაზღვრულ ვადაში არ წარადგენდა საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტს და აუქციონში გამარჯვებული აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელ ოქმზე ხელის მოწერაზე უარს განაცხადებდა. ანალოგიურ დათქმას შეიცავდა ასევე 2013 წლისათვის მოქმედი „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 193 მუხლის მე-6 პუნქტი. ამასთან, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში საკუთრების მოწმობის წარუდგენლობა, როგორც აუქციონის შედეგების გაუქმების საფუძველი - არ არის გათვალისწინებული არც ამჟამად მოქმედი კანონმდებლობით. ამგვარ ჩანაწერს არ იცნობდა არც ხელმეორედ ჩატარებული აუქციონის დროს (2022წ.) მდგომარეობით მოქმედი რედაქცია.
ამრიგად, საკასაციო სასამართლო მართებულად მიიჩნევს სააპელაციო პალატის დასკვნას, რომ სადავო მიწის ნაკვეთი 2022 წლისთვის უკვე განკარგული იყო ახმეტის მუნიციპალიტეტის მიერ. იმ დროისათვის მოქმედი კანონმდებლობა კი არ ადგენდა რაიმე ვადას საკუთრების მოწმობის საჯარო რეესტრში წარსადგენად და არც აუქციონის შედეგების გაუქმების რომელიმე პირობა ითვალისწინებდა საჯარო რეესტრში საკუთრების მოწმობის წარუდგენლობას აუქციონის შედეგების გაუქმების საფუძვლად. შესაბამისად, არასწორია მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს არგუმენტი, რომ საჯარო რეესტრში საკუთრების უფლების რეგისტრაციის არარსებობის გამო, ახმეტის მუნიციპალიტეტმა შეიძინა უფლება ხელახლა განეკარგა უძრავი ქონება. დავას არ იწვევს ის გარემოება, რომ 2013 წლის აუქციონის შედეგები მ.ჩ-სთან დაკავშირებით იყო ძალაში, იგი არ გაუქმებულა და ადმინისტრაციულ ორგანოს არ გააჩნდა რაიმე საფუძველი, რომ გაუქმებულად მიეჩნია ახმეტის მუნიციპალიტეტის მუდმივმოქმედი სააუქციონო კომისიის 2013 წლის 9 აგვისტოს №21 ოქმი ან ახმეტის მუნიციპალიტეტის მიერ გაცემული საკუთრების უფლების დამადასტურებელი მოწმობა №108. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით კი, იმ პირობებში როდესაც სადავოდაა გამხდარი ზ.მ-ის სახელზე გაცემული, ახმეტის მუნიციპალიტეტის მუდმივმოქმედი სააუქციონო კომისიის 2022 წლის 27 სექტემბრის საკუთრების უფლების დამდასტურებელი მოწმობა №73, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმესთან დაკავშირებული ყველა გარემოება. მან ისე დაამტკიცა საპრივატიზებო ობიექტების ნუსხაში სოფელ ...ში მდებარე 199 კვ.მ ფართობის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომ არ შეუსწავლია მისი უფლებრივი მდგომარეობა.
საკასაციო სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლისა და „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის შესაბამისად, საჯარო რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია. მითითებული მუხლების შინაარსის მიხედვით, რეესტრის მონაცემები ითვლება სწორად, ვიდრე არ დადგინდება ხარვეზი რეგისტრირებულ უფლებაში. სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, იმ პირის სასარგებლოდ, რომელიც გარიგების საფუძველზე სხვა პირისაგან იძენს რომელიმე უფლებას და ეს უფლება გამსხვისებლის სახელზე იყო რეესტრში რეგისტრირებული, რეესტრის ჩანაწერი ითვლება სწორად, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ამ ჩანაწერის საწინააღმდეგოდ შეტანილია საჩივარი, ან შემძენმა იცოდა, რომ ჩანაწერი უზუსტოა. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში, შემძენის ინტერესებიდან გამომდინარე, გამსხვისებელი ითვლება ერთადერთ მესაკუთრედ, თუ იგი ასეთად არის რეგისტრირებული საჯარო რეესტრში, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც შემძენმა იცოდა, რომ გამსხვისებლის გარდა არსებობს სხვა თანამესაკუთრეც. აღნიშნული ნორმები ცხადყოფს, რომ საჯარო რეესტრს, როგორც უძრავ ნივთებზე უფლებათა მარეგისტრირებელ ორგანოს, გააჩნია სანდოობის მაღალი ხარისხი. საჯარო რეესტრს გააჩნია სამართლებრივი გარანტის ფუნქცია, კანონისმიერების პრეზუმფცია სწორედ საჯარო რეესტრში დარეგისტრირებული უფლების ჩანაწერის მიმართ არსებობს. თუმცა იმ შემთხვევაში, როდესაც გამსხვისებელმა ან შემძენმა იცოდა ნივთის უფლებრივი ნაკლის შესახებ, „უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია“ აღარ მოქმედებს ამგვარი არაკეთილსინდისიერი სუბიექტის მიმართ.
განსახილველ შემთხვევაში, მართალია, 2022 წელს საპრივატიზაციო ნუსხაში სადავო ქონების შეტანის დროისათვის მასზე არ იყო მ.ჩ-ის საკუთრების უფლება რეგისტრირებული, თუმცა ქონების გამსხვისებელი - ახმეტის მუნიციპალიტეტის მერია საქმის კურსში იყო 2013 წელს მის მიერ ჩატარებული აუქციონის შესახებ. მოცემულ შემთხვევაში, სახეზეა ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონების გასხვისება ხელმეორედ მაშინ, როდესაც პირველი გასხვისების შემდეგ მ.ჩ-ის სასარგებლოდ დასრულებული აუქციონის შედეგები გაუქმებული არ იყო.
ამრიგად, საკასაციო პალატა, საქმის მასალებით დადასტურებული გარემოებების საფუძველზე, იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ ზ.მ-ის სახელზე გაცემული ახმეტის მუნიციპალიტეტის მუდმივმოქმედი სააუქციონო კომისიის 2022 წლის 27 სექტემბრის საკუთრების უფლების დამდასტურებელი №73 მოწმობა გამოცემულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის გარეშე, კერძოდ, მიზანშეწონილია თავდაპირველად სწორედ ადმინისტრაციულმა ორგანომ ჩაატაროს სრულყოფილი ადმინისტრაციული წარმოება და დაადგინოს არსებითი ფაქტობრივი გარემოებები. ადმინისტრაციულმა ორგანომ სადავო საკითხზე ხელახალი მსჯელობისას განსაკუთრებული ყურადღება უნდა გაამახვილოს 2013 წლის აუქციონსა და მის შედეგებზე და სწორედ აღნიშნულის გათვალისწინებით უნდა დაადგინოს არსებობდა თუ არა 2022 წლისათვის ამავე უძრავი ქონების საპრივატიზაციო ნუსხაში დამტკიცებისა და მისი განკარგვის წინაპირობები და შეეძლო თუ არა მესაკუთრეს - ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიას, რომელმაც ერთხელ უკვე განკარგა/გაასხვისა საკუთრებაში მყოფი უძრავი ქონება, ხელახლა განეკარგა იმ პირობებში, როცა კანონიერი იყო და კანონიერ ძალაში იყო 2013 წლის აუქციონის შედეგები. ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ საკუთრების უფლების მოწმობა წარმოადგენს აუქციონის შემაჯამებელ დოკუმენტს, ხოლო ზემოხსენებული აქტები აუქციონის თაობაზე მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოების შემადგენელი ნაწილია. იმ პირობებში, როდესაც ჩატარებული აუქციონის შედეგად გაცემული საკუთრების მოწმობის კანონიერება საეჭვოა, საეჭვოა ამ წარმოების განმავლობაში მიღებული შუალედური აქტების კანონიერებაც. აღნიშნულიდან გამომდინარე, რადგან სადავო საკითხი საჭიროებს ჩამოთვლილი გარემოებების სრულყოფილად შესწავლასა და გამოკვლევას, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე მართებულად იქნა მითითებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილად ცნობილი და ადმინისტრაციულ ორგანოს ახალი აქტის გამოცემა დაევალა. ამასთან, საკითხის ამგვარი გადაწყვეტის პირობებში, სასამართლო მოკლებული იყო შესაძლებლობას, სრულად დაეკმაყოფილებინა სასარჩელო მოთხოვნები, რადგან საკითხი ამ ეტაპზე თავად ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა შეისწავლოს და გადაწყვიტოს.
სარჩელით ასევე მოთხოვნილია სადავო უძრავ ქონებაზე ზ.მ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 5 ოქტომბრის №... გადაწყვეტილების კანონიერების შეფასება. აღნიშნულ მოთხოვნასთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლზე, რომლის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. განცხადებას უნდა ერთოდეს ინსტრუქციით განსაზღვრული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და ინფორმაცია. მითითებული კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, რეგისტრაცია წარმოებს როგორც უშუალოდ სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტების, აგრეთვე ამ დოკუმენტაციის სათანადო წესით შექმნილი ელექტრონული ასლების საფუძველზე, ხოლო მე-2 მუხლის „კ“ ქვეპუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო დოკუმენტი არის სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას. შესაბამისად, საკუთრების უფლების რეგისტრაციისა თუ უკვე რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების განხორციელებისთვის განმცხადებელმა უნდა წარადგინოს საკუთრების უფლების დამადასტურებელი სათანადო დოკუმენტაცია. წინააღმდეგ შემთხვევაში, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო მიიღებს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ, ხოლო თუ სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში არ იქნა წარდგენილი სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი ინფორმაცია ან დოკუმენტი, იმავე კანონის 22-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მარეგისტრირებელი ორგანო მიიღებს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს ასევე საჯარო რეესტრის მიერ გადაწყვეტილების მიღების წესზე. „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო და მისი თანამშრომელი პასუხს არ აგებენ წარდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის ნამდვილობაზე, თუმცა სარეგისტრაციო სამსახური პასუხისმგებელია რეგისტრირებული მონაცემების და მათთან დაცული სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტაციის ურთიერთშესაბამისობასა და უსაფრთხოებაზე. ამავე კანონის 26-ე მუხლით კი განსაზღვრულია რეესტრში რეგისტრირებული უფლების გაუქმების საფუძვლები. კერძოდ, დასახელებული მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, რეგისტრაცია ბათილად ან არარად უნდა გამოცხადდეს, თუ: ა) ბათილად ან არარად იქნა ცნობილი რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება; ბ) წარმოდგენილია სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული აქტი, რომელიც ადასტურებს რეგისტრაციის ბათილად ან არარად ცნობის ფაქტს; გ) არსებობს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძვლები. განსახილველ შემთხვევაში კი რამდენადაც სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ზ.მ-ის სახელზე გაცემული საკუთრების №73 მოწმობა, რომელიც, თავის მხრივ, მის სახელზე განხორციელებული საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძველია, პალატა მიიჩნევს, რომ სახეზეა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 5 ოქტომბრის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობის წინაპირობებიც.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საფუძველს, არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
სარეზოლუციო ნაწილი:საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დაადგინა:
1. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კახეთის რეგიონული ოფისისა და ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის პირველი ივლისის გადაწყვეტილება;
3. კასატორს - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (ს/ნ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 2024 წლის 15 აგვისტოს №... საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი
მოსამართლეები: თ. ოქროპირიძე
ნ. სხირტლაძე