Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-1057(კ-25) 29 დეკემბერი, 2025 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო

პროცესუალური მოწინააღმდეგე (მოსარჩელე) - ზ. ნ-ე

მესამე პირი (ასკ-ის 16.1) - აფხაზეთის ა/რ იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის ტერიტორიული ორგანო

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 28 მაისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

2024 წლის 30 ივლისს ზ. ნ-ემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ, რომლითაც მოითხოვა ზ. ნ-ისთვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2024 წლის 2 მაისის № IDP 0 24 00000452 ბრძანების ბათილად ცნობა და მოპასუხისთვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, რომლითაც ზ. ნ-ეს მიენიჭება იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსი.

სარჩელის თანახმად, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2024 წლის 2 მაისის ბრძანებით მოსარჩელეს უარი ეთქვა დევნილის სტატუსის მინიჭებაზე იმ გარემოებაზე მითითებით, რომ იგი აფხაზეთში, სოფელ ...ში იმყოფებოდა მხოლოდ სამუშაოდ და დროებით იყო რეგისტრირებული ამ ტერიტორიაზე, რეალურად კი ოჯახთან ერთად ცხოვრობდა სოფელ ...ში.

მოსარჩელის მითითებით, 1987 წელს სტიქიის გამო მას დაენგრა საცხოვრებელი სახლი მესტიის რაიონის სოფელ ...ში, რის შემდეგაც ოჯახთან ერთად საცხოვრებლად გადავიდა აფხაზეთში და თავდაპირველად ცხოვრობდა ნათესავთან სოფელ ...ში, თუმცა შემდგომ დაიწყო მუშაობა სოფელ ...ში, ...ის სასადილოში და საცხოვრებლად გადავიდა ...ის მიერ გადაცემულ ბინაში, რომელიც მუდმივ საცხოვრებლად გადაეცა (ცხოვრობდნენ 1992 წლის ოქტომბრამდე), რამდენადაც მის ოჯახს საცხოვრებელი ადგილი არ გააჩნდა. მოსარჩელემ ასევე ყურადღება გაამახვილა, რომ 1987 წლიდან 1992 წლამდე სოფელ ...ში ცხოვრების ფაქტს ადასტურებდა ის გარემოებებიც, რომ მისი მეუღლე მ. ჯ-ი მუშაობდა იმავე სასადილოში მებუფეტედ, ხოლო მისი შვილები - ლ. და ლე. ნ-ეები ამავე პერიოდში სწავლობდნენ სოფელ ...ში მდებარე სკოლაში.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 3 ოქტომბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქმეში მესამე პირად ჩაება აფხაზეთის ა/რ იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა სამინისტროს სამეგრელო ზემო სვანეთის ტერიტორიული ორგანო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 7 თებერვლის გადაწყვეტილებით ზ. ნ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2024 წლის 2 მაისის № IDP 0 24 00000452 ბრძანება ზ. ნ-ისთვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ და მოპასუხე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაევალა, გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა მოსარჩელე ზ. ნ-ესთან დაკავშირებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 7 თებერვლის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 28 მაისის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 7 თებერვლის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2024 წლის 2 მაისის №IDP 0 24 00000452 ბრძანებით ზ. ნ-ეს უარი ეთქვა იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭებაზე. უარის თქმის მიზეზი კი გახდა სააგენტოს მსჯელობა, რომლის თანახმად, ზ. ნ-ე მხოლოდ მუშაობის მიზნით იყო რეგისტრირებული სოფ. ...ში და მას აფხაზეთში საკუთრება არ ჰქონია. ამასთან, სააგენტომ ყურადღება გაამახვილა, რომ მოსარჩელის შვილები დაიბადნენ ... და ... წლებში დმანისში.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, უტყუარად არ დასტურდებოდა მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების შესაბამისობა საქმეში არსებულ სხვა გარემოებებთან, შესაბამისად, სადავო საკითხი საჭიროებდა დამატებით კვლევას, რა გარემოებაც მიიჩნია საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების წინაპირობად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 28 მაისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვა.

კასატორი „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონზე მითითებით აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ მოსარჩელის განცხადება და წარდგენილი დოკუმენტაცია შეისწავლა, ასევე ჩაუტარა მას გასაუბრება და მიწოდებული ინფორმაციისა და დოკუმენტაციის საფუძველზე დაასკვნა, რომ არ დასტურდებოდა ზემოაღნიშნული კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარემოებების არსებობა, შესაბამისად, ზ. ნ-ისთვის დევნილის სტატუსის მინიჭება მიზანშეუწონლად მიიჩნია. კერძოდ, სააგენტომ აღნიშნა, რომ ზ. ნ-ე მხოლოდ მუშაობის მიზნით იყო რეგისტრირებული სოფელ ...ში, ამასთან მას აფხაზეთში საკუთრება არ ჰქონია. ამასთან, კასატორმა ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელეს შეეძინა შვილები ...-... წელს დმანისში, მაშინ, როცა განმარტა, რომ აღნიშნულ პერიოდში ოჯახთან ერთად აფხაზეთში ცხოვრობდა. ასევე არ იყო წარმოდგენილი შვილების სოფ. ...ში სწავლის დამადასტურებელი დოკუმენტი. მითითებული გარემოებების საფუძველზე სააგენტომ მიიჩნია, რომ ზ. ნ-ე ოჯახთან ერთად ცხოვრობდა მესტიის რაიონის სოფ. ...ში. სოფ. ...ში შესაძლოა მხოლოდ გარკვეული პერიოდი ყოფილიყო რეგისტრირებული, ისიც მუშაობის მიზნით, რაც ვერ ჩაითვლებოდა მოსარჩელის და მისი ოჯახის მუდმივ საცხოვრებლად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 17 ოქტომბრის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენს სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის 2024 წლის 2 მაისის №IDP 0 24 00000452 ბრძანების კანონიერება და მოსარჩელისთვის დევნილის სტატუსის მინიჭების წინაპირობების არსებობა.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ დევნილის სამართლებრივ სტატუსს, პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის საფუძვლებსა და წესს, დევნილის სამართლებრივ, ეკონომიკურ და სოციალურ გარანტიებს, მის უფლებებსა და მოვალეობებს განსაზღვრავს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონი.

„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, იძულებით გადაადგილებულ პირად – დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება. ამავე კანონის მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, დევნილის მუდმივ საცხოვრებელ ადგილს წარმოადგენს დევნილის, მისი დევნილი მშობლის (მშობლების) ან პირდაპირი აღმავალი შტოს ბიოლოგიური ნათესავის მიერ საცხოვრებლად არჩეული ადგილი, საიდანაც იგი, მისი ერთ-ერთი ან ორივე მშობელი ან პირდაპირი აღმავალი შტოს ბიოლოგიური ნათესავი იძულებული გახდა გადაადგილებულიყო და სადაც მას არ შეუძლია დაბრუნება ამ კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მიზეზის გამო.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2024 წლის 1 აპრილს, ზ. ნ-ემ №369939 განცხადებით მიმართა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს და დევნილის სტატუსის მინიჭება მოითხოვა. ადმინისტრაციულმა ორგანომ ზ. ნ-ესთან ჩაატარა გასაუბრება, ასევე შეივსო შესაბამისი კითხვარი. გასაუბრებისას ზ. ნ-ემ აღნიშნა, რომ დაიბადა ... წელს, მესტიაში. 1961- 1971 წლებში სწავლობდა სოფ. ...ის საშუალო სკოლაში, ხოლო 1974-1977 წლებში სწავლობდა ...ში, ქ. თბილისში. 1987 წლამდე მუშაობდა მესტიის რაიონის სოფ. ...ის ...ის ..., 1977 წელს კი დაოჯახდა სოფ. ...ში, მ. ჯ-ზე. ... და ... წლებში შეეძინათ ორი შვილი - სოფ. ...ში, ... და ... წლებში კი - დმანისში.

გარდა ამისა, ზ. ნ-ემ განმარტა, რომ 1987 წლის დიდთოვლობის გამო დაინგრა მათი საცხოვრებელი სახლი სოფელ ...ში. ამიტომ, ოჯახი საცხოვრებლად გადავიდა აფხაზეთში, სადაც 2 თვე ცხოვრობდნენ სოფ. ...ში ნათესავთან, ხოლო, შემდეგ დაიწყო მუშაობა ...ის სასადილოში, გაგრაში, სოფ. ...ში და საცხოვრებლად გადავიდა ...ის მიერ გადაცემულ ბინაში, რომელიც მდებარეობდა სოფ. ...ის ...ის მუშათა დასახლებაში. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ ბინა გადაეცა მუდმივ საცხოვრებლად და ცხოვრობდა 1992 წლამდე ოჯახთან ერთად. მისი მეუღლე 1987-1992 წლებში მუშაობდა სოფ. ...ში მუშათა სასადილოში. უფროსი შვილები კი 1987-1992 წლებში სწავლობდნენ სოფ. ...ში მდებარე სკოლაში. ზ. ნ-ის განმარტებით, სოფელი ...ი დატოვა ოჯახთან ერთად საომარი მოქმედებების გამო. იყო დაჭრილი, მონაწილეობდა საომარ მოქმედებებში. აფხაზეთის დატოვების შემდეგ ცხოვრება გააგრძელა სოფ. ...ში, სადაც ცხოვრობდა ძმის სახლში. მისმა შვილებმაც სკოლაში სწავლა გააგრძელეს და სკოლა დაამთავრეს სოფ. ...ში. მისი ოჯახის წევრებს არ აქვთ დევნილის სტატუსი. ზ. ნ-ის მიერ წარდგენილი იქნა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის ტერიტორიული ორგანოს 2024 წლის 1 აპრილის №0000228 ცნობა, რომლის თანახმად, ზ. ნ-ე 1987 წლიდან 1992 წლის ოქტომბრამდე ცხოვრობდა სოფ. ...ში.

სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2024 წლის 2 მაისის IDP 0 24 00000452 ბრძანებით ზ. ნ-ეს უარი ეთქვა იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭებაზე. აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებულ იქნა იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე მომზადებულ დასკვნაში მითითებული გარემოებების საფუძველზე, რომლის თანახმად, ზ. ნ-ე მხოლოდ მუშაობის მიზნით იყო რეგისტრირებული და მუშაობდა დროებით სოფ. ...ში (თუმცა, მას არ წარუდგენია სოფ. ...ში მუშაობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია) და მას აფხაზეთში საკუთრება არ გააჩნდა. ასევე, დასკვნაში მითითებულ იქნა, რომ გაუგებარი იყო, თუ რატომ დაიბადნენ მისი შვილები ... და ... წლებში დმანისში. გარდა ამისა, სააგენტომ ყურადღება გაამახვილა, რომ მართალია განმცხადებელი განმარტავდა, რომ იგი აფხაზეთის დატოვების შემდეგ ცხოვრობდა სოფ. ...ში, ძმის სახლში და მისმა შვილებმა სკოლა დაამთავრეს სოფ. ...ში, თუმცა არ წარუდგენია მისი უფროსი შვილების სოფ. ...ის სკოლაში სწავლის დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტი. შესაბამისად, სააგენტომ მიიჩნია, რომ ზ. ნ-ე ოჯახთან ერთან ცხოვრობდა და ცხოვრობს მესტიის რაიონის სოფ. ...ში და იგი მხოლოდ გარკვეულ პერიოდში იყო რეგისტრირებული სოფ. ...ში, რაც ვერ ჩაითვლებოდა ზ. ნ-ის და მისი ოჯახის მუდმივ საცხოვრებელ ადგილად.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-20 მუხლის თანახმად, ფიზიკური პირის საცხოვრებელ ადგილად მიიჩნევა ადგილი, რომელსაც იგი ჩვეულებრივ საცხოვრებლად ირჩევს. პირს შეიძლება ჰქონდეს რამდენიმე საცხოვრებელი ადგილი. მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დადგენაში მოიაზრება არა კონკრეტულ ადგილზე რეგისტრაციის ფაქტის შესწავლა, არამედ პირის მიერ საცხოვრებლად არჩეული, ფაქტობრივი ცხოვრების მისამართის დადგენა. მუდმივი საცხოვრებელი ადგილის არჩევისათვის პირის ნებას თან უნდა ახლდეს ცხოვრების ფაქტი, შესაბამისად, მუდმივი საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრისას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ფაქტობრივ ცხოვრებას, რომელსაც თან ახლავს პირის ნება-სურვილი, რომ მას მოცემულ ადგილას ჰქონდეს საცხოვრისი. პირის ნება დააფუძნოს საცხოვრებელი ადგილი, უზრუნველყოფილი უნდა იყოს ამ ნების დაკმაყოფილების შესაძლებლობით, ე.ი. პირს უნდა ჰქონდეს ბინა, სახლი ან სხვა საცხოვრებელი სადგომი მოცემულ ადგილზე. პირის კონკრეტულ ადგილას მუდმივად ცხოვრების ფაქტი გამოხატულია აღნიშნულ ადგილზე ჩვეულებრივი, ყოველდღიური ცხოვრებით, რაც შეიძლება დასტურდებოდეს მაგალითად, უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული წერილობითი დოკუმენტით, რომ პირი განსაზღვრულ ადგილას წარმოადგენს მუდმივ მაცხოვრებელს (სუსგ 09.06.2011წ. №ბს-1896-1849(კ-10), 01.02.2012წ. №ბს-1227-1213(კ-11), 17.06.2021წ. №ბს-858(2კ-20)).

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა ამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ასევე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში, მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მითითებას საქმის გარემოებების სრულყოფილ გამოკვლევაზე, რამდენადაც თავად ადმინისტრაციული ორგანოს მსჯელობა და საქმეში არსებული მასალები (მაგ: მოსარჩელის შვილების ქ. დმანისში დაბადების ფაქტი; მოსარჩელის მიერ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროს, სამეგრელო-ზემო სვანეთის ტერიტორიული ორგანოს 2024 წლის 1 აპრილის №0000228 ცნობის წარდგენა, რომელშიც მითითებულია, რომ ზ. ნ-ე 1987 წლიდან 1992 წლის ოქტომბრამდე ცხოვრობდა სოფ. ...ში) მიუთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მტკიცებულებები და განმარტებები არ იძლევა ცალსახა დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას იმის თაობაზე, ზ. ნ-ე წარმოადგენდა თუ არა სოფელ ...ში მცხოვრებ პირს, რომელმაც ომის შედეგად დატოვა ოკუპირებული ტერიტორია. ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მსჯელობას, რომ საქმის მასალებით უტყუარად არ დასტურდება, მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების შესაბამისობა საქმეში არსებულ სხვა გარემოებებთან, შესაბამისად, სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით კვლევას, რაც ადასტურებს განსახილველ შემთხვევაში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების მართებულობას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 28 მაისის განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

მ. ვაჩაძე

ბ. სტურუა