Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

№ბს-1058(კ-24) 10 ივნისი, 2025 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, გიორგი გოგიაშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ნ.ტ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 02 მაისის განჩინებაზე (მოწინააღმდეგე მხარე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, მესამე პირები - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საბურთალოს რაიონის გამგეობა, ნ.ნ-ე).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2021 წლის 25 იანვარს ნ.ტ-მა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 18 სექტემბრის №... გადაწყვეტილების (სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ), საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 19 ოქტომბრის №... გადაწყვეტილების (სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ) და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 23 დეკემბრის №... გადაწყვეტილების (ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარი) ბათილად ცნობის მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 20 ოქტომბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაება ნ.ნ-ე, ხოლო მე-16 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საბურთალოს რაიონის გამგეობა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილებით ნ.ტ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა მოსარჩელის მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 02 მაისის განჩინებით ნ.ტ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატის მსჯელობით, სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტების უკანონობის თაობაზე მოსარჩელის მოთხოვნის ძირითადი მოტივაცია ემყარება იმ არგუმენტს, რომ მარეგისტრირებელ ორგანოში წარდგენილი 1994 წლის 10 ნოემბრის მიწის ნაკვეთის მიღება - ჩაბარების აქტით და შპს „ ...ის“ 2020 წლის 8 აპრილის №... ექსპერტიზის დასკვნით დგინდებოდა მიწის ნაკვეთის ფაქტობრივი მდებარეობა და შესაბამისად არ არსებობდა მოთხოვნილ რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველი. პალატამ საკითხზე მსჯელობის ფარგლებში მიუთითა „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „კ“ და „ლ“ ქვეპუნქტებზე, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 31 დეკემბრის №487 ბრძანებით დამტკიცებულ „საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის“ 26-ე მუხლის პირველ პუნქტზე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე, 105-ე მუხლებზე და განმარტა შემდეგი: ვინაიდან 1994 წლის 10 ნოემბრის მიწის ნაკვეთის მიღება - ჩაბარების აქტში მიწის ნაკვეთის აღმოსავლეთით და დასავლეთით მდებარე, მომიჯნავე მიწის ნაკვეთები მითითებული არ არის, ხოლო სარეგისტრაციო მიწის ნაკვეთის აღმოსავლეთით და დასავლეთით მდებარე მომიჯნავე მიწის ნაკვეთების მიღება - ჩაბარების აქტებში ვ.მ-ე არ ფიქსირდება, მითითებული დოკუმენტაციის საფუძველზე უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობა ვერ დგინდება. სააპელაციო სასამართლომ ასევე მიიჩნია, რომ 1994 წლის 10 ნოემბრის მიწის ნაკვეთის მიღება - ჩაბარების აქტში მითითებული მონაცემები არ არის საკმარისი უძრავი ნივთის კონკრეტული მახასიათებლების ფიქსაციისათვის. ამასთან, საგულისხმოდ მიიჩნია ის გარემოება, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დაცული სისტემური აღწერის შედეგად მიღებული უფლებადაურეგისტრირებელი, დაუზუსტებელი გრაფიკული საკადასტრო მონაცემების (ე.წ. ყვითელი ფენა) თანახმად, სარეგისტრაციო მიწის ნაკვეთი მოიცავს №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ ტერიტორიას, რომლის მესაკუთრედაც მითითებულია რ.ნ-ე.

სააპელაციო სასამართლომ ვერ გაიზიარა აპელანტის (მოსარჩელე) არგუმენტაცია შპს „...ის“ 2020 წლის 8 აპრილის №... ექსპერტიზის დასკვნასთან დაკავშირებით, ყურადღება გაამახვილა აღნიშნული დასკვნის დასკვნით ნაწილში მითითებულ ჩანაწერზე და აღნიშნა, რომ მხოლოდ ის ფაქტი, რომ მიღება - ჩაბარების აქტებში მიწის ნაკვეთების ჩრდილოეთი და სამხრეთი საზღვრები იდენტურია, უპირობოდ არ იძლევა იმგვარი დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას, რომ ვ.მ-ის მიერ მიღებული მიწის ნაკვეთი უნდა მდებარეობდეს ნ.ნ-ისა და თ.ა-ის მიწის ნაკვეთის მეზობლად, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც სარეგისტრაციო მიწის ნაკვეთის აღმოსავლეთით და დასავლეთით მდებარე მომიჯნავე მიწის ნაკვეთების მიღება - ჩაბარების აქტებში ვ.მ-ე არ ფიქსირდება. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა ადმინისტრაციული ორგანოს პოზიცია და მიუთითა, რომ შპს „...ის“ 2020 წლის 8 აპრილის №... ექსპერტიზის დასკვნაში აღწერილი დოკუმენტაციის შესწავლისა და გამოკვლევის მეთოდი და შესაბამისად ამ მეთოდის საფუძველზე მიღებული დასკვნა არ იძლევა დოკუმენტში განსაზღვრული მიწის ნაკვეთის და აზომვითი ნახაზით წარმოდგენილი ნაკვეთის იდენტურობის დადგენის საფუძველს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 02 მაისის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა ნ.ტ-ის მიერ.

კასატორი არ იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მსჯელობას და მიუთითებს, რომ ... - ... ნაკვეთებზე, 1992-94 წლებში გაიცა მიღება - ჩაბარების აქტები, სადაც რეფორმით მიღებულ ნაკვეთებზე არ იყო მითითებული მოსაზღვრეები არამედ, მითითებული იყო მხოლოდ ჩრდილოეთით გზა და სამხრეთით არხი. ნაკვეთების აზომვა მოხდა ადგილზე კომისიის წარმომადგენლის მითითებით. მისივე განმარტებით, გარკვეული პერიოდის შემდგომ, შემდგენელი ორგანოს მიერ მოხდა აღნიშნული აქტების შეცვლა/გამოთხოვა და შესაბამისად მოხდა აქტებში ასახული მონაცემების აღრევა, რამაც გამოიწვია თითოეული ნაკვეთის მოსაზღვრეების არევა. მიუთითებს, რომ მიღება - ჩაბარების აქტები იყო არა დედანი, არამედ ასლის სახით.

კასატორი სასამართლოს ყურადღებას ამახვილებს ექსპერტიზის დასკვნის იმ ნაწილზე, სადაც მითითებულია, რომ ვ.მ-ის ნაკვეთი მდებარეობს ნ.ნ-ის მოსაზღვრედ. აღნიშნულის სისწორეს, კასატორის მსჯელობით ადასტურებს იმ გარემოებასთან შედარებაც, რომ ... საკადასტრო კოდზე ჭ.ჟ-ის ჩრდილოეთით უწერია არხი, იგივე მეორდება რ.მ-ის აქტშიც ... საკადასტრო კოდზე. რაც შეეხება ვ.მ-ის სახელზე გაცემულ ქსერო ასლს, ასევე მიღება - ჩაბარების აქტს (n680), წარმომადგენლის განმარტებით გვარები მითითებულია არასწორად კერძოდ, დასავლეთით მითითებულია ი-ი, სამხრეთით ს-ი, ჩრდილოეთით ნ-ე, აღმოსავლეთით არავინ. მისივე მსჯელობით, ვინაიდან გაცემული მიღება - ჩაბარების აქტები იყო უზუსტო მონაცემების შემცველი და ამავდროულად ქსერო ასლები, მარეგისტრირებელმა ორგანომ დედანთან შესაბამისობის დადგენის გარეშე, დაინტერესებულ პირებს საკუთრება დაურეგისტრირა საგადასახადო სიების საფუძველზე. კასატორის მსჯელობით მათი მიწის ნაკვეთი მიღება - ჩაბარების აქტების აღრევის გამო არასწორად იყო მითითებული და ნაცვლად იმისა, რომ მითითებულიყო აქტში ნაკვეთი გზიდან მარჯვენა მხარეს - ჩრდილოეთით, სანაცვლოდ აქტში მითითებულია გზიდან მარცხენა მხარე - სამხრეთით, რომელსაც არასოდეს არ ფლობდნენ. წარმომადგენლის განმარტებით, საქმის განმხილველი სასამართლო არ დაინტერესდა იმ გარემოებით, რომ ნაკვეთი ს/კ ... არ არის რეგისტრირებული, აქვს მინიჭებული კოდი და ჰყავს მესაკუთრე - რ.ნ-ე, რაც მისივე განმარტებით მითითებულია მცდარ ყვითელ ფენებში. ასევე დაუსაბუთებლად მიიჩნევს სასამართლოს შეფასებას წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნის ნაწილშიც და ასევე არ ეთანხმება ექსპერტიზის დასკვნაში მოყვანილი გარემოებების, საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის არასაკმარისად მიჩნევას.

რაც შეეხება ადმინისტრაციულ წარმოებაში საბურთალოს რაიონის გამგეობის ჩართულობის/მონაწილეობის საკითხს, კასატორის მსჯელობით, ადმინისტრაციულმა ორგანომ თავი აარიდა მასზე კანონით დაკისრებული ვალდებულებების შესრულებას და უმოქმედობით მიზანმიმართულად ზიანი მიაყენა საკუთრების უფლების მქონე პირს. კასატორი დაუსაბუთებლად მიიჩნევს სასამართლოს შეფასებას მიწის რეგისტრაციის პროექტის მონაცემების ნაწილში, რომელთა მიხედვითაც, თითქოს დარეგისტრირებული მიწის ნაკვეთი მოიცავს სარეგისტრაციო მიწის ნაკვეთს და ზედდებაშია, მაშინ როდესაც აღნიშნული პროექტის ფარგლებში დარეგისტრირებული მონაცემები ეყრდნობა მცდარ ყვითელ ფენებს. წარმომადგენლის მსჯელობით, საჯარო რეესტრს ევალება შეამოწმოს ყველა მონაცემის უტყუარობა და სიზუსტე ვინაიდან, წარმოადგენს ერთადერთ მარეგისტრირებელ ორგანოს. მიუთითებს, რომ სსიპ საჯარო რეესტრის სამსახურს არ გამოუკვლევია მიწის განაწილების პირვანდელი გეგმა და სია, აღნიშნულიდან გამომდინარე კი მიიჩნევს, რომ სახეზეა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ფარგლებში, სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმების და სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლები.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 5 ნოემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ნ.ტ-ის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საქმის მასალებით დადგენილია შემდეგი: 2020 წლის 25 მაისს ნ.ტ-მა №... სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურს და მოითხოვა 983 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე (მდებარე ქ. თბილისი, ყოფილი .../ ... უფლებათა სპორადული რეგისტრაცია.

დადგენილია, რომ ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის 2020 წლის 28 მაისის N... გადაწყვეტილებით ნ.ტ-ს ეცნობა, რომ მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად უნდა დადგენილიყო უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობა, რისთვისაც საბურთალოს რაიონის გამგეობას გაეგზავნა N135253 წერილი.

სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 18 სექტემბრის №... გადაწყვეტილებით შეჩერდა სარეგისტრაციო წარმოება და განმცხადებელს ეცნობა, რომ სარეგისტრაციო მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად წარსადგენი იყო მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ვინაიდან სარეგისტრაციო მიწის ნაკვეთისა და უფლების დამდგენ დოკუმენტში მითითებული უძრავი ნივთის შესაბამისობა, საბურთალოს რაიონის გამგეობის 2020 წლის 10 სექტემბრის N31-01202543983 წერილით ვერ დადასტურდა.

დადგენილია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 19 ოქტომბრის №... გადაწყვეტილებით შეწყდა სარეგისტრაციო წარმოება, ვინაიდან 2020 წლის 25 მაისის №... სარეგისტრაციო განცხადებაზე, რომლითაც მოთხოვნილ იყო უფლებათა სპორადული რეგისტრაცია მიწის ნაკვეთზე - მდებარე ქ. თბილისი, ყოფილი .../ ...(983 კვ.მ.), სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში არ იქნა წარდგენილი შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტი/ინფორმაცია.

დადგენილია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 18 სექტემბრის №... და 2020 წლის 19 ოქტომბრის №... გადაწყვეტილებები გასაჩივრდა 2020 წლის 4 ნოემბრის №497104/17 ადმინისტრაციული საჩივრით. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 23 დეკემბრის №... გადაწყვეტილებით ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

უპირველესად საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში შეფასების საგანია სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 18 სექტემბრის №... გადაწყვეტილების (სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ), საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 19 ოქტომბრის №... გადაწყვეტილების (სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ) და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 23 დეკემბრის №... გადაწყვეტილების (ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარი) კანონიერება.

სადავო საკითხზე მსჯელობის ფარგლებში, პალატა მიუთითებს „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონს, რომლის თანახმად, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის ძირითადი იურიდიული საფუძველია უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი; კერძოდ, უძრავი ქონების პირის სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრაციისათვის, აუცილებელია მას გააჩნდეს სარეგისტრაციოდ წარდგენილი ქონების კუთვნილებასთან დაკავშირებით კანონით გათვალისწინებული უფლების დამდგენი საბუთი, რომელშიც მოცემული უფლების ფარგლები განმსაზღვრელია რეგისტრაციას დაქვემდებარებული უძრავი ნივთის საიდენტიფიკაციო მონაცემებისა თუ სხვა კონკრეტული მახასიათებლების ფიქსაციისათვის. ამავე კანონის მე-2 მუხლის „კ“ ქვეპუნქტით კანონმდებელმა ცალსახად განმარტა უფლების დამდგენი სარეგისტრაციო დოკუმენტი, კერძოდ, როგორც სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას, ხოლო „ლ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სარეგისტრაციო დოკუმენტაცია განმარტებულია, როგორც რეგისტრაციის მიზნით მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი სარეგისტრაციო და სხვა დოკუმენტები.

მეტი სიცხადისთვის საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტების უკანონობის თაობაზე დავის ძირითადი მოტივაცია ემყარება იმ არგუმენტს, რომ მარეგისტრირებელ ორგანოში წარდგენილი, 1994 წლის 10 ნოემბრის მიწის ნაკვეთის მიღება - ჩაბარების აქტით და შპს „...ის“ 2020 წლის 8 აპრილის №... ექსპერტიზის დასკვნით დგინდებოდა მიწის ნაკვეთის ფაქტობრივი მდებარეობა და შესაბამისად, არ არსებობდა მოთხოვნილ რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველი.

აქვე, საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 31 დეკემბრის №487 ბრძანებით დამტკიცებულ „საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის“ 26-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას რეგისტრაციის (მოთხოვნის დაკმაყოფილების) შესახებ, თუ არ არსებობს რეგისტრაციაზე უარის თქმის, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ან შეწყვეტის საფუძვლები. თუ რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება ზღუდავს მესამე პირის უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს, გადაწყვეტილების მიღებაზე უფლებამოსილი პირი ვალდებულია აღნიშნული გადაწყვეტილება სათანადოდ დაასაბუთოს, რათა ის შეესაბამებოდეს „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მოთხოვნებს.

როგორც საქმის მასალებით ირკვევა 2020 წლის 25 მაისს რეგისტრაციის მოთხოვნით წარდგენილ №... სარეგისტრაციო განცხადებას ნ.ტ-მა თან დაურთო ანდერძისმიერი სამკვიდრო მოწმობა, სსიპ შემოსავლების სამსახურის გორის რეგიონული ცენტრის №21-20/2-7-05/2700 წერილი, 1994 წლის 10 ნოემბერს გაცემული მიწის ნაკვეთის მიღება - ჩაბარების აქტი და შპს „...ის“ 2020 წლის 8 აპრილის №... ექსპერტიზის დასკვნა. 2006 წლის 26 აპრილის ანდერძისმიერი სამკვიდრო მოწმობის თანახმად, ნ.ტ-ი წარმოადგენდა ვ.მ-ის მემკვიდრეს. სსიპ შემოსავლების სამსახურის გორის რეგიონული ცენტრის №21-20/2-7-05/2700 წერილის თანახმად, 2002 წლის პირველი მარტის მდგომარეობით გადაცემულ ყოფილი ... - ...ის მიწის გადასახადის გადამხდელთა სიაში 672-ე რიგით ნომრად აღრიცხული იყო მ-ე. ვ, რომელსაც ერიცხებოდა 0.1 ჰა სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. 1994 წლის 10 ნოემბერს გაცემული მიწის ნაკვეთის მიღება - ჩაბარების აქტის მიხედვით კი ვ.მ-ეს ... - საცდელ მეურნეობაში გადაეცა 1000 კვ.მ მიწა.

სააგენტოს 2020 წლის 19 ოქტომბრის №... გადაწყვეტილებით შეწყდა სარეგისტრაციო წარმოება იმ საფუძვლით, რომ სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში არ იქნა წარდგენილი შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტი/ინფორმაცია.

საკასაციო საჩივრის ავტორი, ქვედა ინსტანციის განჩინების გაუქმების ძირითად საფუძვლად მიუთითებს შპს „...ის“ 2020 წლის 8 აპრილის №... ექსპერტიზის დასკვნის შინაარსზე და არ იზიარებს სასამართლოს იმ მსჯელობას, რომ დასკვნაში აღწერილი დოკუმენტაციის შესწავლისა და გამოკვლევის მეთოდი და შესაბამისად, ამ მეთოდის საფუძველზე მიღებული დასკვნა არ იძლევა დოკუმენტში განსაზღვრული მიწის ნაკვეთის და აზომვითი ნახაზით წარმოდგენილი ნაკვეთის იდენტურობის დადგენის საფუძველს. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის აღნიშნულ მსჯელობას და მეტი სიცხადისთვის დეტალურად მიუთითებს დასკვნის სწორედ იმ დასკვნით ნაწილზე სადაც მითითებულია, რომ „ მოქალაქე ვ.მ-ის მიერ მითითებული მიწის ნაკვეთი (ს/კ...) შეესაბამება წარმოდგენილ შპს „ ...ის“ მიერ 2017 წლის 24 მაისს მომზადებული საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის მონაცემებს. მიწის ნაკვეთის დასავლეთით რეგისტრირებულია ნ.ნ-ის მიწის ნაკვეთი (ს/კ...), ხოლო აღმოსავლეთით ი.კ-ის მიწის ნაკვეთი (ს/კ...). მიწის ნაკვეთის სამხრეთით არის გზა, ხოლო მიღება - ჩაბარების აქტში მითითებული სარწყავი არხი ნაკვეთის ჩრდილოეთით დღეისათვის აღარ არსებობს. იმის გათვალისწინებით, რომ ვ.მ-ის მიღება - ჩაბარების აქტში ნაჩვენები სამხრეთისა და ჩრდილოეთის საზღვრები მის დასავლეთით დარეგისტრირებული ნ.ნ-ის მიწის ნაკვეთისა (ს/კ ...) და თ.ა-ის მიწის ნაკვეთის (ს/კ ...) მიღება-ჩაბარების აქტებში მითითებული ჩრდილოეთისა და სამხრეთის საზღვრების იდენტურია (იხ. მიწის ნაკვეთის მიღება - ჩაბარების აქტი №67, 1992 წლის 30 დეკემბერი და მიწის ნაკვეთის მიღება - ჩაბარების აქტი №69, 1992 წლის 30 დეკემბერი), 1994 წლის 10 ნოემბრის მიწის ნაკვეთის მიღება - ჩაბარების აქტით ვ.მ-ის მიერ მიღებული მიწის ნაკვეთი უნდა მდებარეობდეს ნ.ნ-ისა და თ.ა-ის მიწის ნაკვეთის მეზობლად.“

საქმის მასალებით, კერძოდ, სარეგისტრაციოდ წარდგენილი შპს „...ის“ მიერ 2017 წლის 24 მაისს მომზადებული საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის მონაცემების თანახმად, მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის დასავლეთით რეგისტრირებულია ნ.ნ-ის მიწის ნაკვეთი (ს/კ...), აღმოსავლეთით ი.კ-ის მიწის ნაკვეთი (ს/კ ...), ხოლო სამხრეთით გზა.

აქვე, საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე და 105-ე მუხლებს, რომლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა - განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მტკიცებულებათა თავისუფალი შეფასების პრინციპიდან გამომდინარე, სასამართლო, მტკიცებულებების გამოკვლევის შემდეგ, თავად წყვეტს რომელი მათგანი უნდა მიიჩნიოს სარწმუნოდ და გაიზიაროს. სასამართლოს მიერ მტკიცებულების შეფასება გულისხმობს მტკიცებულებათა როგორც ინდივიდუალურ, ასევე მათ ერთობლიობაში შეფასებას. ამასთან, სასამართლო ვალდებულია, მხარეთა ახსნა - განმარტება, წარმოდგენილი მტკიცებულება და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებიც შეაფასოს მათი შინაარსის და იურიდიული დამაჯერებლობის კუთხით. აღნიშნული გულისხმობს ყველა იმ ობიექტური თუ სუბიექტური კრიტერიუმების განხილვას, დადგენას და გამორიცხვას, რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებაზე. მხარის ზეპირსიტყვიერი განმარტებები, შესაბამისი გარემოებების დამადასტურებელი წერილობითი მტკიცებულებების წარმოდგენის გარეშე, არ წარმოადგენს ამგვარი გარემოებების დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებას. საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს 1994 წლის 10 ნოემბრის მიწის ნაკვეთის მიღება - ჩაბარების აქტის შინაარსზე და აღნიშნავს, რომ ვ.მ-ისთვის გადაცემულ მიწის ნაკვეთს ჩრდილოეთით ესაზღვრებოდა სარწყავი არხი, სამხრეთით გზა, ხოლო რაც შეეხება მიწის ნაკვეთის აღმოსავლეთ და დასავლეთ საზღვრებს, მომიჯნავეები მითითებული არ არის. სარეგისტრაციო მიწის ნაკვეთის აღმოსავლეთით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის (ს/კ ...) პირველადი რეგისტრაცია ნაწარმოებია 1996 წელს გ.თ-ის სახელზე გაცემული მიღება - ჩაბარების აქტის (№677) საფუძველზე. აღნიშნულ მიღება - ჩაბარების აქტში მიწის ნაკვეთის დასავლეთით მდებარე ნაკვეთის მესაკუთრედ მითითებულია „ნ-ე“. დადგენილია ასევე, რომ სარეგისტრაციო მიწის ნაკვეთის დასავლეთით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის (ს/კ ...) პირველადი რეგისტრაცია ნაწარმოებია 1992 წელს, ნ.ნ-ის სახელზე გაცემული მიღება - ჩაბარების აქტის (№67) საფუძველზე. აღნიშნულ მიღება - ჩაბარების აქტში მიწის ნაკვეთის აღმოსავლეთით მდებარე ნაკვეთის მესაკუთრედ მითითებულია „კ-ე“.

საკასაციო პალატის მოსაზრებით, მართებულია სააპელაციო სასამართლოს ის მსჯელობა, რომ ვინაიდან 1994 წლის 10 ნოემბრის მიწის ნაკვეთის მიღება - ჩაბარების აქტში მიწის ნაკვეთის აღმოსავლეთით და დასავლეთით მდებარე, მომიჯნავე მიწის ნაკვეთები მითითებული არ არის, ხოლო სარეგისტრაციო მიწის ნაკვეთის აღმოსავლეთით და დასავლეთით მდებარე მომიჯნავე მიწის ნაკვეთების მიღება - ჩაბარების აქტებში ვ.მ-ე არ ფიქსირდება, მითითებული დოკუმენტაციის საფუძველზე, უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობა ვერ დგინდება. გასათვალისწინებელი ის გარემოებაც, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დაცული სისტემური აღწერის შედეგად მიღებული უფლებადაურეგისტრირებელი, დაუზუსტებელი გრაფიკული საკადასტრო მონაცემების (ე.წ. ყვითელი ფენა) თანახმად, სარეგისტრაციო მიწის ნაკვეთი მოიცავს №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ ტერიტორიას, რომლის მესაკუთრედაც მითითებულია რ.ნ-ე.

მტკიცების პროცესი მოიცავს მხარეთა მიერ მტკიცებულებათა შეგროვებას და სასამართლოში წარდგენას. მხარე ვალდებულია თვითონვე დაამტკიცოს მის მიერ მითითებული გარემოებები. ამ ვალდებულების შესრულება განაპირობებს დავის შედეგს. მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების ინსტიტუტს აქვს არა მარტო საპროცესო სამართლებრივი, არამედ მატერიალურ - სამართლებრივი მნიშვნელობაც, რადგან საქმის შედეგი იმაზეა დამოკიდებული რა მტკიცებულებებზე მითითებით დაასაბუთებენ მხარეები გარემოებებს, რომლებზედაც ამყარებენ თავიან მოთხოვნებს. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. მითითებული დებულება ადგენს მხარეთა საპროცესო მოვალეობებს ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში, რაც უზრუნველყოფს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის სრულყოფილ რეალიზაციას. ამასთან, კანონი ადგენს საგამონაკლისო შემთხვევას, როცა დავის საგანს წარმოადგენს ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის მართლზომიერების შემოწმება - მტკიცების ტვირთი, ასეთ დროს გადადის აქტის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოზე, თუმცა მტკიცების ტვირთის ამგვარი გადანაწილება არ გულისხმობს მოსარჩელე მხარის საერთოდ გათავისუფლებას მის მიერ მითითებული გარემოებების დასაბუთების ვალდებულებისაგან, ე.ი. იმ გარემოებების შესაბამისი მტკიცებულებებით დადასტურების მოვალეობისგან, რაზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას.

კასატორის მიერ საქმეში წარდგენილ და საჩივარში ყურადღებაგამახვილებულ შპს „...ის“ 2020 წლის 8 აპრილის №... ექსპერტიზის დასკვნასთან დაკავშირებით, სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 172-ე მუხლზე, რომლის თანახმად, ექსპერტის დასკვნა სასამართლოსათვის სავალდებულო არ არის და მისი შეფასება ხდება 105-ე მუხლით დადგენილი წესით, მაგრამ სასამართლოს უარი დასკვნის მიღებაზე დასაბუთებულ უნდა იქნეს საქმეზე გამოტანილ გადაწყვეტილებაში ან განჩინებაში. მტკიცებულების სრულყოფილად გამოკვლევა გულისხმობს თავდაპირველად მისი შინაარსის სრულყოფილ შესწავლა ანალიზს, ხოლო შემდეგ - მისი იურიდიული ძალის (დამაჯერებლობის, სარწმუნოობის) შემოწმებას (სუსგ №ას-1125-1389-09, 26.03.2010 წ.). მტკიცებულებათა შეფასების დროს სასამართლო ხელმძღვანელობს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც თავისუფალია და იმავდროულად კანონის დანაწესითაა შეზღუდული (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლი). შინაგანი რწმენა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად ყალიბდება. მტკიცებულებათა შეფასება არა სპონტანური და ინტუიციური, არამედ სათანადოდ მოტივირებული და დამაჯერებელი უნდა იყოს (სუსგ №ას-279-264-17, 21.04.17წ.). მტკიცებულებათა შეფასების სტანდარტი მიუთითებს სასამართლოსათვის არა სუბიექტურ მოსაზრებებზე დაყრდნობით მტკიცების საგანში შემავალი გარემოებების დადგენილად მიჩნევაზე, არამედ, მოსამართლის შინაგან რწმენაზე, რომელიც შეჯიბრებითობის ფარგლებში მხარეთა მიერ წარდგენილი მტკიცებულებების ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ შეფასებაზეა დაფუძნებული.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საჯარო რეესტრის როლი და მნიშვნელობა საკუთრების უფლების წარმოშობისა და ზოგადად სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობის შენარჩუნების კუთხით ძალიან დიდია. საჯარო რეესტრი, როგორც უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანო წარმოადგენს უძრავ ქონებაზე საკუთრების რეგისტრაციის ერთადერთ სამართლებრივ საშუალებას. შესაბამისად, უძრავი ქონების ბრუნვის სტაბილურობის დაცვა სწორედ რეესტრის მონაცემების სანდოობის უზრუნველყოფით ხდება. სამოქალაქო ბრუნვა სტაბილურობასთან ერთად სათანადო სიმარტივით უნდა გამოირჩეოდეს. ამიტომ მნიშვნელოვანია, ბრუნვა არ შეფერხდეს ზედმეტი ტრანზაქციული ხარჯებითა და არაგონივრული დაყოვნებებით. წინააღმდეგ შემთხვევაში საფრთხე შეექმნება უძრავი ქონების ეფექტიანად განკარგვას. სახელმწიფომ თავი უნდა შეიკავოს საკუთრების უფლებით სარგებლობასა და განკარგვაზე ზედმეტი ბარიერების შემოღებისგან.“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილება №3/4/550 საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ნოდარ დვალი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“). საჯარო რეესტრის მიერ საკუთრების უფლების რეგისტრაცია უნდა განხორციელდეს კანონიერებისა და ყველა ფაქტობრივი გარემოების სრულყოფილად გამოკვლევისა და შეფასების პრინციპების დაცვით, მხოლოდ ასე შეიძლება უზრუნველყოფილი იქნას საკუთრების უფლების დაცვა. მით უფრო, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ პუნქტით საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არაერთხელ აღნიშნა, რომ საკუთრების უფლება ადამიანის ბუნებითი უფლებაა, ხოლო მისი, როგორც ინსტიტუტის კონსტიტუციურსამართლებრივი გარანტირება და პირისთვის საკუთრების უფლებით ეფექტური სარგებლობის გარანტიების შექმნა, სასიცოცხლოდ აუცილებელია დემოკრატიული, სამართლებრივი და სოციალური სახელმწიფოსთვის (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის №3/1/512 გადაწყვეტილება საქმეზე „დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“). სწორედ საკუთრების უფლების სრულყოფილად რეალიზებისთვის შექმნილია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, რომელიც ქმნის როგორც საკუთრების უფლების მოპოვების, ასევე მისით სარგებლობისა და განკარგვის საკანონმდებლო და ფაქტობრივ შესაძლებლობას. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მხოლოდ ის ფაქტი, რომ მიღება - ჩაბარების აქტებში მიწის ნაკვეთების ჩრდილოეთი და სამხრეთი საზღვრები იდენტურია, უპირობოდ არ იძლევა იმგვარი დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას, რომ ვ.მ-ის მიერ მიღებული მიწის ნაკვეთი უნდა მდებარეობდეს ნ.ნ-ისა და თ.ა-ის მიწის ნაკვეთის მეზობლად. მით უფრო იმ პირობებში, როდესაც სარეგისტრაციო მიწის ნაკვეთის აღმოსავლეთით და დასავლეთით მდებარე მომიჯნავე მიწის ნაკვეთების მიღება - ჩაბარების აქტებში ვ.მ-ე არ ფიქსირდება. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მსჯელობის გაზიარებით, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ შპს „...ის“ 2020 წლის 8 აპრილის №... ექსპერტიზის დასკვნაში აღწერილი დოკუმენტაციის შესწავლისა და გამოკვლევის მეთოდი და შესაბამისად, ამ მეთოდის საფუძველზე მიღებული დასკვნა არ იძლევა დოკუმენტში განსაზღვრული მიწის ნაკვეთის და აზომვითი ნახაზით წარმოდგენილი ნაკვეთის იდენტურობის დადგენის საფუძველს.

საკასაციო პალატა, აქვე მიუთითებს, რომ საკუთრების უფლება აღიარებულია არა მხოლოდ ეროვნული, არამედ საერთაშორისო აქტებითაც; კერძოდ, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლი ადგენს, რომ ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრებით შეუფერხებელი სარგებლობის უფლება. ევროპული კონვენციის აღნიშნული დებულება „უზრუნველყოფს უფლებას არსებულ ქონებაზე, რაც ასევე მოიცავს მოთხოვნებს, რომლის საფუძველზეც განმცხადებელს აქვს საკუთრების უფლებით ეფექტიანი სარგებლობის მოპოვების მინიმუმ „ლეგიტიმური მოლოდინი“ (მორისი საფრანგეთის წინააღმდეგ (Maurice v. France), No. 11810/03, 6.10.03; პლეხანოვი პოლონეთის წინააღმდეგ (Plechanow v. Poland), No. 22279/04, 7.7.09). საკუთრების ცნება არ შემოიფარგლება მხოლოდ ფიზიკურ საგნებზე საკუთრების უფლებით. „...ზოგიერთი სხვა უფლება და სარგებელი, რომელიც ქმნის ქონებას, ქონებრივი ღირებულებები, მათ შორის უფლება მოთხოვნაზე, რაც კანონიერი მოლოდინის საფუძველზე წარმოიშობა და პირის საკუთრების ეფექტურ გამოყენებას განაპირობებს, შესაძლოა განხილულ იქნეს როგორც საკუთრება და უფლება საკუთრებაზე (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 30.07.2010წ. N1/5/489-498 განჩინება, II-2).

საკასაციო პალატის მოსაზრებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, კასატორმა ვერ შეძლო ისეთი მტკიცებულებების წარდგენა, რომელიც გააქარწყლებდა სააპელაციო პალატის მსჯელობას, მის მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დაადასტურებდა სააპელაციო პალატის სამართლებრივი დასკვნების მცდარობას. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა იზიარებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და საკასაციო საჩივრის შინაარსის გათვალისწინებით მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებულ არც ერთ საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, ნ.ტ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 02 მაისის განჩინებაზე მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

ამასთან, არსებითია ხაზგასმა, რომ საკასაციო სასამართლო არ აყენებს ეჭვქვეშ 1994 წლის 10 ნოემბრის მიწის ნაკვეთის მიღება - ჩაბარების აქტით გადაცემული უფლების არსებობას. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვერ დგინდება სადავო მიწის ნაკვეთის ზუსტი ადგილმდებარეობა, თუმცა ეს არ გამორიცხავს მოსარჩელის შესაძლებლობას, რომ მომავლისთვის, იმ შემთხვევაში, თუ შეძლებს მიწის ნაკვეთის ზუსტი ადგილმდებარეობის დადასტურებას, სრული მოცულობით ისარგებლოს მიღება-ჩაბარების აქტით მინიჭებული უფლებით.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, ნ.ტ-ის (პ/ნ...) უნდა დაუბრუნდეს ვ.მ-ის (პ/ნ ...) მიერ 2024 წლის 30 ოქტომბერს (საგადასახადო დავალება №...) საკასაციო საჩივარზე სს „...ში“ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70% - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ნ.ტ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 02 მაისის განჩინება;

3. ნ.ტ-ის (პ/ნ...) დაუბრუნდეს ვ.მ-ის (პ/ნ...) მიერ 2024 წლის 30 ოქტომბერს (საგადასახადო დავალება №...) საკასაციო საჩივარზე სს „...ში“ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70% - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე

გიორგი გოგიაშვილი