საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-1060(კ-24) 12 ივნისი, 2025 წელი
თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: თამარ ოქროპირიძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) - შპს „ ...“
მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხეები) - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 13 ივნისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
აღწერილობითი ნაწილი:
შპს „...მა“ 2021 წლის 11 ივნისს სარჩელით მიმართა ბოლნისის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიმართ და სასარჩელო მოთხოვნათა დაზუსტების შედეგად, მოითხოვა „სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ“ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 31 მარტის №..., „სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ“ ამავე სააგენტოს 2021 წლის 26 აპრილის №..., „ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ“ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 27 მაისის №..., „სახელმწიფო საკუთრებაში რეგისტრაციის შესახებ“ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 17 თებერვლის №... გადაწყვეტილებებისა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 15.02.21წ №1-6/32, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2021 წლის 13 ოქტომბრის №1-1/453 ბრძანებების ბათილად ცნობა; ასევე მოპასუხის დავალდებულება, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უძრავი ქონების (მდებარე: ..., სოფელ ...) შპს „...ს“ საკუთრებაში რეგისტრაციის შესახებ.
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილებით შპს „...ს“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 13 ივნისის განჩინებით შპს „...ს“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. შესაბამისად, უცვლელად დარჩა ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 13 ივნისის განჩინება შპს „...მა“ საკასაციო წესით გაასაჩივრა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღების შედეგად სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორი მიუთითებს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არასწორად განმარტეს კანონი. კასატორის მითითებით, სადავო მიწის ნაკვეთებზე შენობა-ნაგებობები აშენებულია მის მიერ, რაც რეგისტრირებულია ტექბიუროში და აღნიშნულთან დაკავშირებით გაცემულია ტექნიკური პასპორტები, რასაც ადასტურებს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან მიღებული წერილები. კასატორი ასევე აღნიშნავს, რომ მითითებულ ქონებებთან დაკავშირებით იხდის ქონების გადასახადს. ამდენად, მისი მოსაზრებით, ის არის სადავო უძრავი ქონებების, მათ შორის, შენობა-ნაგებობების მესაკუთრე. კასატორი ასევე არ იზიარებს სააპელაციო პალატის მითითებას, რომ სადავო უძრავი ქონებები თვითნებურად აქვს დაკავებული და მასზე უნდა გავრცელდეს ის საკანონმდებლო დანაწესი, რომლითაც იურიდიული პირები 2012 წლის 1 იანვრიდან კარგავენ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების უფლებას, ვინაიდან სადავო უძრავი ქონებები მოსარჩელის მიერ შეძენილია და აქვს მიღება-ჩაბარების აქტები აღნიშნულის თაობაზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და არ მისცა მათ სწორი სამართლებრივი შეფასება. სწორედ ამიტომ, კასატორი ითხოვს სადავო აქტების ბათილად ცნობას და სარჩელის დაკმაყოფილებას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 18 ოქტომბრის განჩინებით შპს „...ს“ საკასაციო საჩივარი, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „...ს“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:
- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;
- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;
- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;
- კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს მოსარჩელისათვის ...ში, სოფელ ...ში მდებარე უძრავი ქონების საკუთრების უფლებით რეგისტრაციაზე უარის თქმის კანონიერება, შეჩერების ვადაში დაინტერესებული პირის მიერ შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტის/ინფორმაციის წარუდგენლობის საფუძვლით. ამასთან, საკასაციო პალატა მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველ პარაგრაფზე, რაც ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, თუმცა იგი არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო თავდაპირველად მიუთითებს საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე:
... „ ...“ ... სამმართველოსთან არსებულ კოოპერატივის „ ...ას“ (შემდგომში: კოოპერატივი „...“) 22.12.1995წ №12 ბრძანების საფუძველზე, 25.12.1995წ, კოოპერატივი „...სა“ და შპს „...ას“ შორის გაფორმებულია მიღება ჩაბარების აქტი. მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, კოოპერატივი „...ამ“, შპს „...ას“ გადასცა სხვადასხვა უძრავ-მოძრავი ქონება, მათ შორის, სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთები: 8.41ჰა, 16.6ჰა შპს „...ას“ 20.07.1999წ. №24 ბრძანების საფუძველზე, 24.07.1999წ, შპს „...სა“ და შპს „...ს“ შორის გაფორმებულია მიღება-ჩაბარების აქტი. მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, შპს „...ამ“, შპს „...ს“ გადასცა სხვადასხვა უძრავ-მოძრავი ქონება, მათ შორის, სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთები: 8.41ჰა, 16.6ჰა ...ის რაიონული სასამართლოს 07.06.06წ. გადაწყვეტილების თანახმად, დადგინდა იურიდიული მნიშვნელობის ფაქტი, შპს „...ის“ სამართალმემკვიდრედ ცნობილია შპს „...“.
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ცნობა-დახასიათების თანახმად, ...ში, სოფ. ...ში მდებარე უძრავი ქონება 15650 კვ.მ აღრიცხულია სახელმწიფოს საკუთრებაში, მოსარგებლის გრაფაში მითითებულია შპს „...“. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 15.06.22წ №... წერილის თანახმად, ტექნიკური აღრიცხვის არქივში დაცულია საარქივო მასალა, მისამართით: ..., სოფ. .... ტექნიკური აღრიცხვის ბარათის შესაბამის გრაფაში (მოსარგებლე/მესაკუთრეთა სია) მითითებულია წისქვილი - საქმიანი ეზო, შემდგომში ასევე: შპს „...“, საფუძველი: სააღრიცხვო მასალა 2000წ. მასალებში უფლების დამდგენი დოკუმენტი დაცული არაა (ინვენტარიზაცია №249; რიგ დოკუმენტებში მითითებულია: N243). უძრავი ქონების საერთო მახასიათებლებია: ლიტერი „ა“ (წისქვილი) საერთო ფართი: 372.31 კვ.მ; ლიტერი „ბ“ (საწყობი) საერთო ფართი 195.16 კვ.მ; ლიტერი „ე“ (საყარაულო ჯიხური“) საერთო ფართი 15.21 კვ.მ; ლიტერი „ვ“ (ბენზინ გასამართი სადგური“) საერთო ფართი 10.24 კვ.მ.; ლიტერი „დ“ (ელ. სადგური) საერთო ფართი 4.83 კვ.მ, ლიტერი „გ“ („საქვაბე“) საერთო ფართი 9.36 კვ.მ.; მიწის ნაკვეთი : 15650 კვ.მ.
საქართველოს სახელმწიფო საგადასახადო ინსპექციის 01.03.99წ წერილის თანახმად, შპს „...ის“ მფლობელობაში არსებულ უძრავ ქონებაზე: ..., სოფ. ...ის ტერიტორიაზე არსებულ 8900 კვ.მ, 5.32ჰა და 6.21 ჰა მიწის ნაკვეთებზე, ერიცხება საგადასახადო ვალდებულება - მიწის გადასახადი; მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის 15.09.2000წ წერილის თანახმად, შპს „...ის“ მფლობელობაში არსებულ უძრავ ქონებაზე: ...ში, სოფ. ...ის ტერიტორიაზე არსებულ 8900 კვ.მ, 5.32ჰა და 6.21 ჰა მიწის ნაკვეთებზე, ერიცხება საგადასახადო ვალდებულება - მიწის გადასახადი. 15.06.02წ. №13727/151 სააღრიცხვო ბარათის თანახმად, მიწის ნაკვეთი ს.კ. ... (ნაკვეთის წინა ნომრად მითითებულია: „ ...“), 15650 კვ.მ. სარგებლობის უფლებით აღრიცხულია შპს „...ს“ სახელზე.
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში 19.02.21წ. წარდგენილია შპს „...ს“ წარმომადგენლის - ნ.ა-ის №... განცხადება. განცხადებით მოთხოვნილია, მიწის ნაკვეთზე უფლებათა სპორადული რეგისტრაცია 15650 კვ.მ-ზე და მასზე არსებულ შენობა-ნაგებობაზე, მდებარე: ...ის რაიონი, სოფელი ... (ზონა:..., სექტორი: ...). შპს „...ს“ №... ზემოაღნიშნული განცხადების სარეგისტრაციო წარმოების ფარგლებში, სარეგისტრაციოდ წარდგენილ აზომვით/საკადასტრო ნახაზსა და სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას (ს/კ №...) შორის, დადგინდა ზედდება. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 16.03.21წ №6/14080 წერილის თანახმად, უძრავი ნივთის (რომლის საკადასტრო საზღვრები ფარავს სახელმწიფოს საკუთრების უფლებით რეგისტრირებული ქონების (ს/კ N...) საზღვრებს) პრივატიზების/სარგებლობაში გადაცემის ფაქტობრივი გარემოების დამადასტურებელი დოკუმენტაცია სააგენტოს არქივში არ იძებნება. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს №... (31.03.2021) გადაწყვეტილების თანახმად, შპს „...ის“ განესაზღვრა ვალდებულება, 30 დღის ვადაში წარედგინა საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტი; სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს №... (26.04.2021) გადაწყვეტილების საფუძველზე, შპს „...ს“ ზემოაღნიშნულ N... განცხადებაზე შეწყდა სარეგისტრაციო წარმოება.
სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 15.02.21წ №1-6/32 ბრძანების (უძრავ ნივთზე სახელმწიფო საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის შესახებ) თანახმად, დადგინდა, ამავე ბრძანების დანართი №1-ში მითითებულ უძრავი ქონებაზე (44000 კვ.მ-ზე, 794 კვ.მ-ზე სერვიტუტის უფლების გათვალისწინებით), სახელმწიფოს საკუთრების რეგისტრაციის მიზნით, მარეგისტრირებელი ორგანოსთვის მიმართვის აუცილებლობა. აღნიშნულ ბრძანებაზე, შპს „...ის“ მიერ წარდგენილია ადმინისტრაციული საჩივარი, რაც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2021 წლის 13 ოქტომბრის №1-1/453 ბრძანების საფუძველზე, არ დაკმაყოფილდა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 17 თებერვლის №... გადაწყვეტილების საფუძველზე, უძრავი ნივთი, მდებარე: ..., სამხედრო ქალაქის დასახლება, დაზუსტებული მიწის ნაკვეთის ფართობი: 44000 კვ.მ; ს.კ...., რეგისტრირებულია სახელმწიფოს საკუთრებაში. საკუთრების უფლების დამდგენ დოკუმენტად მითითებულია: სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 15.02.21წ №1-6/32 ბრძანება.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასებისას საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლზე, რომლის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. განცხადებას უნდა ერთოდეს ინსტრუქციით განსაზღვრული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და ინფორმაცია. მითითებული კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, რეგისტრაცია წარმოებს როგორც უშუალოდ სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტების, აგრეთვე ამ დოკუმენტაციის სათანადო წესით შექმნილი ელექტრონული ასლების საფუძველზე, ხოლო იმავე კანონის მე-2 მუხლის „კ“ ქვეპუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო დოკუმენტი არის სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას. შესაბამისად, საკუთრების უფლების რეგისტრაციისა თუ უკვე რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების განხორციელებისთვის განმცხადებელმა უნდა წარადგინოს საკუთრების უფლების დამადასტურებელი სათანადო დოკუმენტაცია. ამასთანავე, მართალია, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო და მისი თანამშრომელი პასუხს არ აგებენ წარდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის ნამდვილობაზე, თუმცა სარეგისტრაციო სამსახური პასუხისმგებელია რეგისტრირებული მონაცემების და მათთან დაცული სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტაციის ურთიერთშესაბამისობასა და უსაფრთხოებაზე. შესაბამისად, საკუთრების უფლებაში ცვლილების რეგისტრაციამდე მარეგისტრირებელმა ორგანომ სრულყოფილად უნდა შეისწავლოს არა მხოლოდ წარდგენილი დოკუმენტაცია, არამედ - მასთან რეგისტრირებული მონაცემები და დაცული ინფორმაციაც, რათა საკუთრების უფლების რეგისტრაცია მხოლოდ სათანადო საფუძვლით განხორციელდეს.
საკასაციო პალატა, ასევე, მიუთითებს საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის“ მე-18 მუხლზე, რომლის თანახმად, სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას რეგისტრაციის (მოთხოვნის დაკმაყოფილების) შესახებ, თუ არ არსებობს რეგისტრაციაზე უარის თქმის, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ან შეწყვეტის საფუძვლები. დასახელებული კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ, თუ განცხადებას არ ერთვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული დოკუმენტი ან ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად, ან/და არ არის გადახდილი სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების საფასური. ამავე კანონის 22-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ, თუ სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში არ იქნა წარმოდგენილი სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი ინფორმაცია ან დოკუმენტი.
დასახელებულ ნორმათა ანალიზის შედეგად, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მარეგისტრირებელ ორგანოს, მართალია, არ გააჩნია წარდგენილი დოკუმენტაციის ნამდვილობის შემოწმების უფლებამოსილება, თუმცა, მისი შეფასების საგანს უდავოდ წარმოადგენს საკითხი - არის თუ არა დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი, ასევე, მარეგისტრირებელ ორგანოში დაცული სარეგისტრაციო დოკუმენტი ამ კანონით განსაზღვრული შესაბამისი რეგისტრაციის მოთხოვნის უფლების უშუალოდ წარმოშობის საფუძველი. ამასთან, სარეგისტრაციო სამსახურს ეკისრება პასუხისმგებლობა, საკუთრების უფლების რეგისტრაციის განხორციელებისას, ყოველმხრივ გადაამოწმოს სხვა პირზე რეგისტრაციის არსებობა, ასევე, რეგისტრაციამდე სარეგისტრაციოდ წარდგენილი დოკუმენტაცია შეადაროს მასთან დაცულ მონაცემებს და თუ არ არსებობს სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ან შეწყვეტის საფუძველი, მხოლოდ ამის შემდეგ მიიღოს გადაწყვეტილებას საკუთრების რეგისტრაციის შესახებ.
განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების დასკვნას, რომ სადავო ქონებაზე ტექნიკური აღრიცხვის არქივში დაცული სააღრიცხვო მასალა დათარიღებულია 2000 წლით, ხოლო დაცული მონაცემები მიუთითებს სადავო ქონების სახელმწიფოს საკუთრებაში რეგისტრაციაზე, ხოლო კასატორის შემთხვევაში, სადავო უძრავი ქონებაზე აღრიცხულია მხოლოდ უძრავი ქონების სარგებლობის უფლება. ამასთან, გაცემული მიწის სააღრიცხვო ბარათი და რეგისტრირებული მონაცემები, მხოლოდ მიუთითებს უძრავ ნივთზე მოსარჩელის სარგებლობის უფლებაზე. შესაბამისად, საკასაციო პალატა საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე დადასტურებულად ვერ მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ სადავო უძრავი ქონება განკერძოებული იყო საკუთრების უფლებით, ასევე ვერ გაიზიარებს კასატორის მითითებას, რომ განხორციელდა კოოპერატივი „...ის“ ან შპს „...ის“ სასარგებლოდ ქონების პრივატიზება და ამ საფუძველზე სახელმწიფომ დაკარგა საკუთრების უფლება.
საკასაციო პალატა მიუთითებს სადავო პერიოდში მოქმედ „მიწის რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლზე, რომლის თანახმად, მიწის მიმართ შესაბამისი უფლებების წარმოსაშობად აუცილებელი იყო საჯარო რეესტრში მიწის სახელმწიფო რეგისტრაცია, ანუ აღნიშნული უფლებების რეგისტრაციას ახდენდა სწორედ საჯარო რეესტრი, ხოლო ტექნიკური აღრიცხვის ტერიტორიული სამსახურები ახორციელებდნენ მიწასთან მყარად დაკავშირებული შენობა-ნაგებობების ტექნიკურ აღრიცხვა-დახასიათებას, ინვენტარიზაციასა და პასპორტიზაციას. შესაბამისად, ტექნიკური აღრიცხვის ტერიტორიული სამსახურები ახდენდნენ მხოლოდ მიწასთან მყარად დაკავშირებული ობიექტების ტექნიკური ხასიათის რეგისტრაციას და ამ რეგისტრაციას არ გააჩნდა გადამწყვეტი და უფლებაწარმომქნელი მნიშვნელობა, მით უმეტეს, რომ ასეთი რეგისტრაციის შედეგად შეკრებილი მონაცემები საბოლოოდ წარედგინებოდა საქართველოს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის საჯარო რეესტრის სამსახურს. როგორც მიწის ნაკვეთის, ისე მასზე განლაგებული შენობა ნაგებობების რეგისტრაციის განმახორციელებელ სუბიექტს წარმოადგენდა სწორედ საქართველოს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის საჯარო რეესტრის სამსახური და მიწის ნაკვეთზე ან, სხვა უძრავ ქონებაზე შესაბამისი უფლების წარმოშობის აუცილებელი პირობა იყო მისი რეგისტრაცია საჯარო რეესტრში, კანონით დადგენილი წესით (საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 19 სექტემბრის განჩინება სუსგ ბს-238-226(კ-07). შესაბამისად, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის არგუმენტაციას ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში დაცულ მონაცემებზე და მიიჩნევს, რომ აღნიშნული ასევე ვერ იქნება მიჩნეული მოსარჩელის მიერ საკუთრების უფლების შეძენის დამადასტურებელ სათანადო მტკიცებულებად.
რაც შეეხება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში დასტურდება საჩივრის განმხილველი ორგანოს მიერ საქმის ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად შესწავლის შედეგად საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღების ფაქტი, ვინაიდან საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დგინდება სადავო უძრავ ნივთზე კასატორის საკუთრების უფლება, მართლზომიერი მფლობელობის ფაქტი კი, რომელიც მოსარჩელეს უდასტურდება, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონის თანახმად 2012 წლის პირველი იანვრის შემდგომ გამორიცხავს საკუთრების უფლების მოპოვების დაშვებას, ვინაიდან კერძო სამართლის იურიდიული პირი კარგავს მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ, ასევე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების უფლებას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინება მიღებულია კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნათა გათვალისწინებით, შესაბამისად, არ არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი. ამრიგად, კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დაადგინა:
1. შპს „...ის“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 13 ივნისის განჩინება;
3. შპს „...ის“ (ს/ნ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 2024 წლის 17 ოქტომბერს №... ქვითრით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი
მოსამართლეები: თ ოქროპირიძე
ნ. სხირტლაძე