Facebook Twitter

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №409აპ-15 ქ. თბილისი

ს-ი ხ, 409აპ-15 20 იანვარი, 2016 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მაია ოშხარელი (თავმჯდომარე),

ზაზა მეიშვილი, გიორგი შავლიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 8 ივნისის განაჩენზე მსჯავრდებულ ხ. ს-ა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. ტ-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

ფოთის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 2 აპრილის განაჩენით:

კ. ჩ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2014 წლის 25 დეკემბრის ეპიზოდი) – 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-3 ნაწილის ,,ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით (2014 წლის 31 დეკემბრის ეპიზოდი) – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-3 ნაწილის ,,ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით (2015 წლის 8 იანვრის ეპიზოდი) – 5 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით (2015 წლის 15 იანვრის ეპიზოდი) - 5 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით (2015 წლის 17 იანვრის ეპიზოდი) - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა. კ. ჩ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2015 წლის 28 იანვრიდან.

ხ. ს-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით (2014 წლის 31 დეკემბრის ეპიზოდი) – 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, ,,ბ“ ქვეპუნქტებით (2015 წლის 8 იანვრის ეპიზოდი) - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით (2015 წლის 15 იანვრის ეპიზოდი) - 5 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“, ,,ბ“ ქვეპუნქტებით (2015 წლის 17 იანვრის ეპიზოდი) - 5 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 5 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილისა და 59-ე მუხლის მე-5, მე-6 ნაწილების შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა წინა, ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 16 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით ხ. ს-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 5 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2015 წლის 17 იანვრიდან.

აღნიშნული განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 8 ივნისის განაჩენით დარჩა უცვლელად.

საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ:

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;

ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

გ) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

პალატა აღნიშნავს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რაც ასევე არ დასტურდება საქმის შესწავლის შედეგად.

გარდა ამისა, საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები როგორც წინათ, ისე ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსების მოთხოვნათა შესაბამისად დამკვიდრებული პრაქტიკისაგან გასაჩივრებული განაჩენის განსხვავების არსებობის კრიტერიუმით.

მსჯავრდებულ ხ. ს-ს შერაცხული დანაშაული წარმოადგენს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით, 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებას და ანალოგიურ საქმეებზე, როგორც სამართლებრივი, ისე საპროცესო შეფასების თვალსაზრისით, არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომელიც სწორადაა ასახული სააპელაციო სასამართლოს ხსენებულ გადაწყვეტილებაში.

ამდენად, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა მანამდე არსებული სასამართლო პრაქტიკის განვითარებისა და სრულყოფისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს, მითითებული სამართლებრივი წინაპირობების გარეშე -წარმატების პერსპექტივა.

საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-2, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ ხ. ს-ა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. ტ-ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ოშხარელი

მოსამართლეები: ზ. მეიშვილი

გ. შავლიაშვილი