Facebook Twitter

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №408აპ-15 ქ. თბილისი

ს-ე რ, 408აპ-15 20 იანვარი, 2016 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მაია ოშხარელი (თავმჯდომარე),

ზაზა მეიშვილი, გიორგი შავლიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 3 ივნისის განაჩენზე ზესტაფონის რაიონული პროკურორის მოადგილე გრიგოლ კეზევაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის განაჩენით რ. ს-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით და მიესაჯა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2014 წლის 16 ოქტომბრიდან.

აღნიშნულ განაჩენში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 3 ივნისის განაჩენით შევიდა ცვლილება, კერძოდ:

რ. ს-ს ქმედება საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლიდან გადაკვალიფიცირდა 122-ე მუხლზე.

რ. ს-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 122-ე მუხლით და მიესაჯა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2014 წლის 16 ოქტომბრიდან.

საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ:

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;

ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

გ) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

პალატა აღნიშნავს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რაც ასევე არ დასტურდება საქმის შესწავლის შედეგად.

გარდა ამისა, საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები როგორც წინათ, ისე ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსების მოთხოვნათა შესაბამისად დამკვიდრებული პრაქტიკისაგან გასაჩივრებული განაჩენის განსხვავების არსებობის კრიტერიუმით.

მსჯავრდებულ რ. ს-ს შერაცხული დანაშაული წარმოადგენს საქართველოს სსკ-ის 122-ე მუხლით გათვალისწინებულ ქმედებას და ანალოგიურ საქმეებზე, როგორც სამართლებრივი, ისე საპროცესო შეფასების თვალსაზრისით, არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომელიც სწორადაა ასახული სააპელაციო სასამართლოს ხსენებულ გადაწყვეტილებაში.

ამდენად, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა მანამდე არსებული სასამართლო პრაქტიკის განვითარებისა და სრულყოფისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს, მითითებული სამართლებრივი წინაპირობების გარეშე -წარმატების პერსპექტივა.

საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-2, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ზესტაფონის რაიონული პროკურორის მოადგილე გრიგოლ კეზევაძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ოშხარელი

მოსამართლეები: ზ. მეიშვილი

გ. შავლიაშვილი