საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-1075(კ-25) 29 დეკემბერი, 2025 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
გიორგი მიქაუტაძე, ბიძინა სტურუა
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო
პროცესუალური მოწინააღმდეგე (მოსარჩელე) - გ. ა-ე
მესამე პირები (ასკ-ის 16.2 მუხ.) - ნ. ა-ე, ბ. ა-ე
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი - გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
გ. ა-ემ 2023 წლის 22 მარტს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ, რომლითაც მოითხოვა მოპასუხის 2023 წლის 13 თებერვლის №IDP 8 23 00158637 ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (წერილის) ბათილად ცნობა და სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსთვის გ. ა-ისა და მისი დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.
სარჩელის თანახმად, გ. ა-ე არის აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირი, ცხოვრობს ქუთაისში, დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტში, სს „...ის“ შენობაში, რომელიც ამავდროულად არის რეგისტრაციის ადგილი (სამხარაულის ექსპერტიზით შენობას დაუდგინდა ნგრევადი სტატუსი).
დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის სხდომაზე განხორციელდა ქ. ქუთაისში მდებარე სს „...ის“ შენობაში ფაქტობრივად მცხოვრები დევნილი ოჯახების ახალაშენებულ საცხოვრებელ კორპუსებში კრიტერიუმების გარეშე განსახლება, თუმცა მისი განსახლების საკითხი არ განხილულა.
გ. ა-ის გაუგებარი იყო თუ რატომ არ მოხდა მათი ოჯახის სიცოცხლისთვის მომეტებული საფრთხის შემცველი ობიექტიდან კრიტერიუმების გარეშე გამოსახლება და ახალაშენებულ საცხოვრებელ კორპუსებში განსახლება. მისი განმარტებით, სააგენტო წარმოადგენს დევნილთა განსახლების საკითხებზე პასუხისმგებელ უწყებას, რომელიც ვალდებულია ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში გულისხმიერად და სრული პასუხისმგებლობით მიუდგეს მასზე დაკისრებულ მოვალეობას, ზედმიწევნით ზუსტად განსაზღვროს დევნილი ოჯახის განსახლების პრიორიტეტულობის საკითხი, რაც უნდა განახორციელოს საქმის გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევის გზით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 23 მარტის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაებნენ ნ. ა-ე და ბ. ა-ე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 03 ივნისის გადაწყვეტილებით გ. ა-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ დევნილთა ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2023 წლის 13 თებერვლის №IDP 8 23 00158637 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და მოპასუხეს დაევალა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა სადავო საკითხთან დაკავშირებით; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 03 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსა და გ. ა-ის მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გ. ა-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 03 ივნისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც გ. ა-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ დევნილთა ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2023 წლის 13 თებერვლის №IDP 8 23 00158637 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და მოპასუხეს დაევალა გ. ა-ის დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.
სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ გ. კ-ის დევნილი ოჯახის (მეუღლე - ნ. ა-ე, შვილი - ბ. ა-ე) დროებით საცხოვრებელ ადგილს წარმოადგენდა იმერეთი, ქუთაისი, ... ქ. №1, სს „...ი“.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2020 წლის 20 ოქტომბრის №62 სხდომის ოქმის თანახმად, კომისიის გადაწყვეტილებით, კომისიამ იმსჯელა იმერეთის რეგიონში სიცოცხლისთვის მომეტებული საფრთხის შემცველი ...ის დახურვის მიზნით, ქ. ქუთაისში, ... ქ. №1-ში მდებარე „სს ...ის“ შენობაში ფაქტობრივად მცხოვრები დევნილი ოჯახების ახალაშენებულ საცხოვრებელ კორპუსებში კრიტერიუმების გარეშე განახლების თაობაზე. კომისიას საკითხის გადაწყვეტის მიზნით წარედგინა ქ. ქუთაისში, ... ქ. №1-ში მდებარე შენობის (...ო „...“) ტექნიკური მდგომარეობის შესახებ ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ მომზადებული 27.10.2017წ. №5005810717 დასკვნა.
დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2020 წლის 20 ოქტომბრის №62 სხდომის ოქმის თანახმად, ახალაშენებულ კორპუსებში გრძელვადიანი განსახლების მიზნით ...ო შპს „...იდან“ (...) საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფაზე თანხმობა ეთქვა - 66 ოჯახს, ხოლო უარი - 30 ოჯახს, მათ შორის უარის თქმის საფუძვლად რიგ შემთხვევებში მითითებულია - „ფაქტობრივად არ ცხოვრების გამო“.
სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა მოსარჩელის მიერ წარდგენილ კომუნალური მომსახურების მიღების თაობაზე აბონენტის ბარათებსა და ტრანზაქციების ისტორიებზე, ასევე ცენტრალური საარჩევნო კომისიის ერთიან საარჩევნო სიაში რეგისტრირებულ მისამართზე, რომელთა საფუძველზე დადგენილად მიიჩნია, რომ გ. ა-ე, ქ. ქუთაისში, ... ქუჩის №1, ბინა №89-ში იყო რეგისტრირებული, კომუნალური სერვისების მიმღები აბონენტი და ერიცხებოდა კომუნალური მომსახურების გადასახადი. ამდენად, პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელის (მისი ოჯახის) ნგრევად ობიექტში ცხოვრებისა და შესაბამისად, გრძელვადიანი საცხოვრებლით, კრიტერიუმების გარეშე, დაკმაყოფილების საჭიროების დასადასტურებლად საქმეში არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა იყო საკმარისი და არ არსებობდა დამატებით ახალი გარემოებების გამოკვლევის აუცილებლობა, რაც ქმნიდა სარჩელის სრულად დაკმაყოფილების შესაძლებლობას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ.
კასატორის, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს, წარმომადგენელი არ ეთანხმება სააპელაციო პალატის მოსაზრებას, რომლითაც სასამართლომ არ გაიზიარა ადმინისტრაციული ორგანოს მხოლოდ ზეპირსიტყვიერი განმარტება მოსარჩელის ავარიულ ობიექტში ფაქტობრივად არ ცხოვრების შესახებ და აღნიშნავს, რომ საქმეში წარდგენილი იყო წერილობითი ინფორმაცია, კერძოდ, 31.03.2023წ. №IDP 0 23 00343787 სამსახურებრივი ბარათი, შესაბამისად, ზემოხსენებული ინფორმაცია დადასტურებული იყო წერილობითი მტკიცებულებით.
კასატორის მითითებით, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2020 წლის 20 ოქტომბრის სხდომის გადაწყვეტილების შესაბამისად, იმერეთის რეგიონში სიცოცხლისათვის მომეტებული საფრთხის შემცველი ...ის დახურვის მიზნით, ქ. ქუთაისში, ... ქ. №1-ში მდებარე სს „...ის“ შენობაში ფაქტობრივად მცხოვრები დევნილი ოჯახები კრიტერიუმების გარეშე განსახლდნენ ახალაშენებულ საცხოვრებელ კორპუსებში. ობიექტების აღწერა განხორციელდა 2020 წლის 30 ივნისს. მონიტორინგის სამსახურს გ. ა-ის ოჯახი ადგილზე არ დახვდა და არც ფაქტობრივად მაცხოვრებლებს მოუწოდებიათ მასთან დაკავშირებით ინფორმაცია. შესაბამისად, ოჯახი არ დაფიქსირდა ფაქტობრივად მცხოვრებ ოჯახთა აღწერის მასალებში, ასევე არ მიუმართავს სააგენტოსთვის დამატებითი აღწერის (მონიტორინგის) მოთხოვნით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორის წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ კომისიას არ უმსჯელია გ. ა-ის ოჯახის კრიტერიუმების გარეშე განსახლების საკითხზე, შესაბამისად, არ გამოცემულა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გ. ა-ის ოჯახის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფასთან დაკავშირებით. ამავდროულად სააგენტოს უარი არ უთქვამს ოჯახის საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე -ფაქტობრივად არ მცხოვრები დევნილი ოჯახების საცხოვრებლებით უზრუნველყოფის საკითხი განიხილება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 08.04.2021წ. №01-30/ნ ბრძანებით გათვალისწინებული წესისა და პროცედურების შესაბამისად, რომელიც ადგენს შესაბამისი განცხადების მიღებისა და განხილვის წესს, ამასთან გასაზღვრავს დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროცედურასა და კრიტერიუმებს.
კასატორის წარმომადგენელი მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლზე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 08.04.2021წ. №01-30/ნ ბრძანებით დამტკიცებულ „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ მე-4, მე-6, მე-13 მუხლებზე, საქართველოს მთავრობის 05.03.2021წ. №292 განკარგულებით დამტკიცებულ „იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მიმართ 2021-2022 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმაზე“ და აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ სრულფასოვნად გამოიყენა მისთვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილება და დეტალურად შეისწავლა ხსენებული შემთხვევა.
ამდენად, ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ სასამართლომ გადაწყვეტილება საქმის გარემოებების, საქმეში წარდგენილი წერილობითი მტკიცებულებებისა და ფაქტობრივი გარემოებების შესწავლისა და გამოკვლევის გარეშე მიიღო, რაც მისი მოსაზრებით, ქმნის გადაწყვეტილების გაუქმების სამართლებრივ და ფაქტობრივ გარემოებებს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 20 ოქტომბრის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო პალატა „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ო“ ქვეპუნქტსა და ამავე კანონის მე-13 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებზე მითითებით აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს განსაკუთრებული ვალდებულებები აკისრია დევნილთა მიმართ, კერძოდ, ის სხვა შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან ერთად, ვალდებულია დევნილი ოჯახი უზრუნველყოს გრძელვადიანი საცხოვრებლით, შექმნას მათი ღირსეული განსახლებისათვის აუცილებელი პირობები.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სახელმწიფოს მიერ დეკლარირებული მთავარი მიზანი დევნილებთან მიმართებით მათი სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებაა. სახელმწიფოს აქვს კანონით ნაკისრი ვალდებულება, დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოს დევნილი მოსახლეობა. ამავდროულად, საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების შესაბამისად, სახელმწიფომ დევნილი უნდა დააკმაყოფილოს ადეკვატური საცხოვრებლით ნებისმიერ ვითარებაში და რაც მთავარია ეს პროცესი ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე უნდა განხორციელდეს. აღნიშნული უფლება გარანტირებულია მთელი რიგი საერთაშორისო აქტებით, მათ შორის, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1966 წლის ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათა პაქტის მე-11 მუხლით, რომელიც სახელმწიფოებს აკისრებს ვალდებულებას „მისთვის ხელმისაწვდომი რესურსების მაქსიმალური გამოყენებით“ მოახდინონ ამ მუხლით გათვალისწინებული უფლების რეალიზება. სახელმწიფოს განსაკუთრებული ვალდებულებები აკისრია დევნილთა მიმართ. მნიშვნელოვანია, შექმნილი იყოს მათი ნებაყოფლობითი და ღირსეული განსახლებისათვის აუცილებელი პირობები.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანებით პირველი პუნქტით დამტკიცდა „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესი“ (შემდგომში - წესი) (დანართი №1). პალატა მიუთითებს აღნიშნული წესის მეორე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა არის ამ წესის შესაბამისად, დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების ან მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართის საკუთრებაში გადაცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ან კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვა; იმავე წესის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით კი დადგენილია, რომ გრძელვადიანი საცხოვრებელ ფართით უზრუნველყოფის მიზნით, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი. ამავე წესის თანახმად, კომისია უფლებამოსილია პრიორიტეტი მიანიჭოს დადგენილი კრიტერიუმების გარეშე განახორციელოს იმ დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა, რომლებიც ცხოვრობენ სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველ ნგრევად და/ან საცხოვრებლად უვარგის მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ საცხოვრებელ ფართობში (ყოფილ დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტში).
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ გ. ა-ე და მისი ოჯახი: მეუღლე - ნ. ა-ე, შვილი - ბ. ა-ე არიან იძულებით გადაადგილებული პირები - დევნილები, რომელთა დროებითი საცხოვრებელი, მათ შორის, რეგისტრაციის ადგილია - ქ.ქუთაისი, ... ქ. №1, სს ...ი.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ 2020 წლის 20 ოქტომბრის №62 სხდომაზე იმსჯელა იმერეთის რეგიონში სიცოცხლისთვის მომეტებული საფრთხის შემცველი ...ის დახურვაზე და გადაწყვიტა, რომ ქ. ქუთაისში, ... ქ. №1-ში მდებარე სს „...ის“ შენობაში ფაქტობრივად მცხოვრები დევნილი ოჯახები კრიტერიუმების გარეშე უნდა განსახლებულიყვნენ ახალაშენებულ საცხოვრებელ კორპუსებში. დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 20.10.2020. №62 სხდომის ოქმის თანახმად, ახალაშენებულ კორპუსებში გრძელვადიანი განსახლების მიზნით ...ო ...იდან (...) საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფაზე თანხმობა ეთქვა - 66 ოჯახს, ხოლო უარი - 30 ოჯახს, მათ შორის უარის თქმის საფუძვლები რიგ შემთხვევაში იყო ფაქტობრივად არ ცხოვრება.
საქმეზე დადგენილია, რომ გ. ა-ემ 17.01.2023წ. განცხადებით მიმართა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს, რომლითაც მოითხოვა ავარიული შენობიდან განსახლება და გრძელვადიანი საცხოვრებლით დაკმაყოფილება. განცხადებას თან ერთოდა სს „ე...ის“ აბონენტის ბარათი.
სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 13.02.2023წ. №IDP 8 23 00158637 აქტით გ. ა-ეს ეცნობა, რომ დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 20.10.2020წ. სხდომაზე გ. ა-ის ოჯახის საკითხი არ განხილულა, ქ. ქუთაისში, ... ქ. №1-ში მდებარე სს „...ის“ შენობაში ფაქტობრივად არ ცხოვრების გამო.
ამდენად დადგენილია, რომ გ. ა-ეს ქულათა მიუხედავად, კრიტერიუმების გარეშე, დაუყოვნებლად გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხის განხილვაზე უარი ეთქვა იმ საფუძვლით, რომ იგი ფაქტობრივად არ ცხოვრობდა ქ. ქუთაისში, ... ქ. №1-ში მდებარე ნგრევად ობიექტში. ადმინისტრაციული ორგანოს ხსენებული მოსაზრება ეფუძნება მონიტორინგის ჯგუფის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად, მისამართზე (ქ. ქუთაისში) განხორციელებული ვიზიტისას გ. ა-ის ოჯახი ადგილზე არ დახვდათ და არც ფაქტობრივად მაცხოვრებლებს მიუწოდებიათ მასთან დაკავშირებით ინფორმაცია. ამ გარემოების საწინააღმდეგოდ, საქმეში დაცული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ გ. ა-ე ცხოვრობს ქ. ქუთაისში, ... ქ. №1-ში, არის კომუნალური სერვისების მიმღები აბონენტი, ერიცხება კომუნალური მომსახურების გადასახადი, ცენტრალური საარჩევნო კომისიის ერთიან საარჩევნო სიაში რეგისტრირებულია ზემოხსენებულ მისამართზე.
საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებებს და აღნიშნავს, ფაქტის დადგენა უნდა მოხდეს კანონით დადგენილი წესით, სათანადო მტკიცებულებების საფუძველზე. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. 105-ე მუხლის მე-2 ნაწილით კი განსაზღვრულია, რომ სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. ამრიგად, ადმინისტრაციული თუ სასამართლო წარმოებისას მიღებული გადაწყვეტილება ეფუძნება მხარეთა მიერ წარდგენილი მტკიცებულებების სრულად, ყოველმხრივ და ობიექტურად გამოკვლევას, შესწავლასა და შეფასებას. მიუთითებს რა კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებაზე, მხარემ უნდა წარადგინოს შესაბამისი ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულებები. მტკიცებულებას შეიძლება წარმოადგენდეს მხარეთა ახსნა-განმარტება, მოწმეთა ჩვენება, ფაქტების კონსტატაციის მასალები, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებები და ექსპერტთა დასკვნები. ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილით ცალსახადაა განსაზღვრული, რომ საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
საკასაციო პალატის მოსაზრებით, მართებულია სააპელაციო პალატის დასკვნა, რომ ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება, რომლითაც გ. ა-ის ოჯახი მიჩნეული იქნა ნგრევად ობიექტში ფაქტობრივად არ მცხოვრებ ოჯახად, ეფუძნება ადმინისტრაციული ორგანოს ზეპირსიტყვიერ განმარტებას, რომლის წერილობითი, მოხსენებითი ბარათის სახით გადმოცემა არ ცვლის თავის შინაარს, რომ იგი ეფუძნება ზეპირსიტყვიერ მოსაზრებას, შესაბამისად აღნიშნული არ შეიძლება მიჩნეული იქნეს საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობად. ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა მიეღო გადაწყვეტილება მოსარჩელესთან მიმართებით და დაეკმაყოფილებინა გრძელვადიანი საცხოვრებლით, კრიტერიუმების გარეშე, როგორც ნგრევად ობიექტში მცხოვრები ოჯახი.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში მოპასუხის მიერ ადმინისტრაციული წარმოების ჩაუტარებლობის გამო ვერ განხორციელდა მოსარჩელეთა დევნილი ოჯახის დაკმაყოფილება, რაც სადავო აქტის ბათილად ცნობის საფუძველს ქმნის.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
გ. მიქაუტაძე
ბ. სტურუა