საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-108(2კ-25) 8 ივლისი, 2025 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია
კასატორი (მოპასუხე) – სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური
პროცესუალური მოწინააღმდეგეები (მოსარჩელეები) – უ.ზ-ე, ს.ქ-ე
მოპასუხე – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 8 ივლისის განჩინება
კასატორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
2022 წლის 28 დეკემბერს უ.ზ-ემ და ს.ქ-ემ სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის მიმართ, რომლითაც მოითხოვეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის 2022 წლის 13 ივლისის №18–01221942593 და №18–01221942597 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების, სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის 2022 წლის 19 სექტემბრის №6128145 და 2022 წლის 20 სექტემბრის №6129635 გადაწყვეტილებების და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილის 2022 წლის 6 დეკემბრის №1175 ბრძანების ბათილად ცნობა.
სარჩელის თანახმად, უ.ზ-ემ და ს.ქ-ემ 2022 წლის 30 მარტს მიმართეს სსიპ ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურს და მოითხოვეს მათ საკუთრებაში არსებულ ს/კ ... და ს/კ ... მიწის ნაკვეთებზე მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენა, თუმცა სამსახურის 2022 წლის 19 სექტემბრის №6128145 და 2022 წლის 20 სექტემბრის №6129635 გადაწყვეტილებებით მათ უარის ეთქვათ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის წერილებზე მითითებით, რომლებშიც განიმარტა, რომ მიწის ნაკვეთის იმ ნაწილზე, სადაც განხორციელდა მწვანე ნარგავების უკანონო ჭრა, სამსახურს შენობის განთავსება დაუშვებლად მიაჩნდა. სადავო აქტებზე მოსარჩელეებმა წარადგინეს ადმინისტრაციული საჩივარი, რაც თბილისის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილის 2022 წლის 6 დეკემბრის №1175 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 10 ნოემბრის გადაწყვეტილებით უ.ზ-ისა და ს.ქ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის 2022 წლის 13 ივლისის №18–01221942593 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი; ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის 2022 წლის 13 ივლისის №18–01221942597 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი; ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის 2022 წლის 20 სექტემბრის №6129635 გადაწყვეტილება; ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის 2022 წლის 19 სექტემბრის №6128145 გადაწყვეტილება; ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილის 2022 წლის 6 დეკემბრის №1175 ბრძანება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 10 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ, სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 8 ივლისის განჩინებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 10 ნოემბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ უძრავ ქონებაზე, მდებარე - ქ. თბილისი, დაბა ..., ს/კ ..., 1057.00 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე რეგისტრირებულია უ.ზ-ის საკუთრების უფლება. ხოლო უძრავ ქონებაზე, მდებარე - ქ. თბილისი, დაბა ..., ს.კ. ..., 1058.00 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე რეგისტრირებულია ს.ქ-ის საკუთრების უფლება. 2022 წლის 30 მარტს მოსარჩელეთა სახელით გ.გ-ამ განცხადებები წარადგინა არქიტექტურის სამსახურში დასახელებულ მიწის ნაკვეთებზე ინდივიდუალური ერთბინიანი საცხოვრებელი სახლის განთავსების მიზნით, მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენის მოთხოვნით. 2022 წლის 13 ივლისის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის გარემოს 30 დაცვის საქალაქო სამსახურის №18–01221942593 აქტით, სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს განემარტა, რომ საპროექტო ტერიტორიაზე უნებართვოდ განხორციელდა 61 ძირი ჯანსაღი, სხვადასხვა სახეობის მწვანე ნარგავის მოჭრა, ხოლო 2022 წლის 13 ივლისის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის №18–01221942597 აქტით, სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს განემარტა, რომ საპროექტო ტერიტორიაზე უნებართვოდ განხორციელდა 65 ძირი ჯანსაღი, ზრდასრული ...ის მოჭრა.
სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 19 სექტემბრის №6128145 და 2022 წლის 20 სექტემბრის №6129635 გადაწყვეტილებებით, არ დაკმაყოფილდა გ.გ-ას 2022 წლის 30 მარტის განცხადებები ქალაქ თბილისში, დაბა კოჯორში №... და №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებზე ინდივიდუალური ერთბინიანი საცხოვრებელი სახლის განთავსების მიზნით, მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენის თაობაზე. აღნიშნული გადაწყვეტილებები ძალაში დარჩა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2022 წლის 6 დეკემბრის №1175 ბრძანებით.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა „მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №255 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს მთავრობის 2022 წლის 24 ივნისის №333 დადგენილებაზე და აღნიშნა, რომ მოსარჩელეთა საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ნარგავების ჭრა დაფიქსირდა დასახელებულ ცვლილებამდე. ამასთან ადმინისტრაციულ ორგანოსთვის მიწის ნაკვეთის საამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენის მოთხოვნით მიმართვა ასევე განხორციელდა დასახელებულ ცვლილებამდე. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლზე და აღნიშნა, რომ კანონის უკუძალის პრინციპის გათვალისწინებით შემზღუდველი ნორმის გავრცელება ძველ სამართალურთიერთობაზე იყო დაუშვებელი. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს არ ჰქონდა უფლება „მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №255 დადგენილებაში ცვლილების შეტანამდე არსებულ მოცემულობაზე გაევრცელებინა დადგენილების 101 მუხლი და მის საფუძველზე მიეღო მოსარჩელეების განცხადებასთან დაკავშირებით უარყოფითი გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 8 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ და სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა, რომლებმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
კასატორი - სსიპ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 93-ე, 94-ე, 101-ე და 103-ე მუხლებზე, აგრეთვე „მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №255 დადგენილების პირველ, მე-2, მე-8, მე-9 მუხლებზე მითითებით განმარტავს, რომ მშენებლობის ნებართვის გაცემის I სტადიას წარმოადგენს მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენა, რა დროსაც მიწის ნაკვეთს უდგინდება ქალაქმშენებლობითი პირობები, კერძოდ, მოწმდება მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ შემდგომი განვითარების მიზანშეწონილობა, მიეთითება განაშენიანების ძირითადი პარამეტრები, განაშენიანების სახეობა, მიწის ნაკვეთის სახეობა გამოყენების შესაძლებლობების მიხედვით, დგინდება ძირითადი მოთხოვნები მიწის ნაკვეთის ან/და შენობა-ნაგებობის სამშენებლო განვითარების მიმართ, მიწის ნაკვეთზე შენობა-ნაგებობის განთავსება (მათ შორის, განაშენიანების საზღვრები ან/და განაშენიანების სავალდებულო ხაზები) და მაქსიმალური სიმაღლის განსაზღვრის პირობები, ხოლო საჭიროების შემთხვევაში – აგრეთვე სართულიანობა, ფუნქციური დანიშნულება და კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კასატორის მითითებით, კანონმდებლობა დეტალურად განსაზღვრავს იმ დოკუმენტებს, რომლებიც სავალდებულოა მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენის მიზნით განცხადების წარდგენისას. ხსენებული ნორმების თანახმად, მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენის ეტაპზე წარდგენილ უნდა იქნას როგორც ინფორმაცია მოსაჭრელი/გადასარგავი მწვანე ნარგავებისა და ბიომრავალფეროვნებაზე ზემოქმედების შესაბამისი საკომპენსაციო ღონისძიების შესახებ, ასევე, ინფორმაცია დაგეგმილი გამწვანების შესახებ, ექსპერტის დასკვნა მიწის ნაკვეთზე არსებული მწვანე ნარგავების აღწერისა და მათი ხარისხობრივი შეფასების შესახებ და ტოპოგრაფიული გეგმა.
კასატორი საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსზე, ზემოაღნიშნული დადგენილების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ო“ ქვეპუნქტზე და „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 იანვრის №10-11 დადგენილების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტზე მითითებით, არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 19 დეკემბრის და 2022 წლის 20 სექტემბრის №6128145 და №6129635 გადაწყვეტილებების კანონიერებასთან დაკავშირებით განმარტავს, რომ ვინაიდან №... და №... საკადასტრო კოდებით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებზე მიწის ნაკვეთის სამშენებლოს გამოყენების პირობების დადგენის ეტაპზე ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩართული უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დაფიქსირდა უარყოფითი პოზიციები, არქიტექტურის სამსახური მოკლებული იყო შესაძლებლობას, ამგვარი პოზიციების არსებობის პირობებში დაეკმაყოფილებინა წარდგენილი განცხადებები და ზემოაღნიშნულ მიწის ნაკვეთებზე დაედგინა მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები.
კასატორი - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია ასევე უთითებს ზემოაღნიშნულ სამართლებრივ ნორმებზე და განმარტავს, რომ მშენებლობის ნებართვის მოპოვებასთან დაკავშირებით მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, როგორც დღეს მოქმედი კანონმდებლობა, ასევე სასამართლოს მიერ მითითებულ პერიოდში მოქმედი კანონმდებლობა, ითვალისწინებდა მშენებლობის ნებართვის გამცემი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ადმინისტრაციულ წარმოებაში სხვა ადმინისტრაციული ორგანოს ჩართვის ვალდებულებას. კერძოდ, მშენებლობის ნებართვის მოპოვებასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობს გარემოს დაცვის სამსახური, რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში აფიქსირებს პოზიციას საპროექტო მიწის ნაკვეთზე განსახორციელებელ მშენებლობასთან დაკავშირებით.
კასატორმა ასევე აღნიშნა, რომ ვინაიდან არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 19 სექტემბრის №6128145 და 2022 წლის 20 სექტემბრის №6129635 გადაწყვეტილებებით №... და №... საკადასტრო კოდებით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებზე, მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენის ეტაპზე, ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩართული უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დაფიქსირდა უარყოფითი პოზიციები, არქიტექტურის სამსახური მოკლებული იყო შესაძლებლობას ამგვარი პოზიციების არსებობის პირობებში დაეკმაყოფილებინა გ.გ-ას 2022 წლის 30 მარტის განცხადებები.
კასატორის მითითებით, გადაწყვეტილებების მიღების დროს, ასევე განცხადების წარდგენის დროს მოქმედი კანონმდებლობა ითვალისწინებდა შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოს ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩართვის ვალდებულებას, რასაც სასამართლოს მიერ არ მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება. ხოლო რაც შეეხება უშუალოდ გარემოს დაცვის სამსახურის გადაწყვეტილებების კანონიერებას, სადავო აქტებში მითითებულია ის ნორმატიული აქტები და საფუძვლები, რასაც მოცემულ შემთხვევაში დაეყრდნო ადმინისტრაციული ორგანო გადაწყვეტილების მიღებისას და აღნიშნული არ ემყარება მხოლოდ „მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობების ექსპლუატაციაში მიღების წესისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №255 დადგენილების 101 პუნქტს, რაზეც აპელირებდა სასამართლო გადაწყვეტილებაში.
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო პალატამ ყოველგვარი დასაბუთების გარეშე გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რასაც ცხადყოფდა ის გარემოება, რომ სასამართლო გადაწყვეტილების არც აღწერილობითი და არც სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს დასაბუთებას იმ ფაქტებზე/სამართლებრივ ნორმებზე, რომელთა საფუძველზეც დადგენილ იქნა, რომ ამ შემთხვევაში, 2019 წლის 31 მაისის №255 დადგენილებაში განხორციელებული ცვლილებებით გაუარესდა განმცხადებლის მდგომარეობა და შესაბამისად უკუძალის პრინციპის გათვალისწინებით ადმინისტრაციულ ორგანოს არ უნდა გამოეყენებინა გადაწყვეტილების მიღების დროს მოქმედი კანონმდებლობა. სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №255 დადგენილებაში ცვლილების შეტანამდე არსებულ მოცემულობაზე. თუმცა, თუ რა მოცემულობას მოიაზრებდა განსხვავებულად სასამართლო, რომელი სამართლებრივი ნორმებით რეგულირებული მოცემული საკითხი, ან რა გარემოებები ავალდებულებდა ადმინისტრაციულ ორგანოს დადებითი გადაწყვეტილების მიღებას, არც ფაქტობრივი და არც სამართლებრივი თვალსაზრისით გასაჩივრებული განჩინებით არ არის დასაბუთებული.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 5 თებერვლის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, ხოლო 2025 წლის 24 თებერვლის განჩინებით, სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის საკასაციო საჩივრები დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის და სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ იგი იმსჯელებს იმ პრეტენზიებზე, რომლებიც მოცემული დავის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანია. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენს ქ. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის 2022 წლის 13 ივლისის №18–01221942593 და №18–01221942597 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების, სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის 2022 წლის 19 სექტემბრის №6128145 და 2022 წლის 20 სექტემბრის №6129635 გადაწყვეტილებების და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილის 2022 წლის 6 დეკემბრის №1175 ბრძანების კანონიერება.
საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 93-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, შენობა-ნაგებობის მშენებლობის განხორციელების სამართლებრივი საფუძველია მშენებლობის შეტყობინება ან მშენებლობის ნებართვა, გარდა ამ მუხლის მე-3 და მე-6 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამავე კოდექსის 94-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად კი, I კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობა, ამ კოდექსით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, ექვემდებარება მშენებლობის მარტივ შეტყობინებას. ხოლო, II−IV კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობა, ამ კოდექსით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, ექვემდებარება მშენებლობის ნებართვის მიღების ვალდებულებას.
საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 101-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, მშენებლობის ნებართვა გაიცემა ორ სტადიად, გარდა ამ კოდექსის 108-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა (სამსტადიიანი წარმოება): ა) I სტადია − მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცება; ბ) II სტადია – მშენებლობის ნებართვის გაცემა. მშენებლობის ნებართვის გაცემის თითოეულ სტადიაზე მიმდინარეობს დამოუკიდებელი ადმინისტრაციული წარმოება.
საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №255 დადგენილებით დამტკიცებული მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესისა და პირობების მე-6 მუხლის პირველ და მეორე პუნქტებზე, რომელთა თანახმად, წინასაპროექტო კვლევის ჩატარების მიზანია მიწის ნაკვეთის ან/და შენობა-ნაგებობის ფიზიკური პირობებისა და მახასიათებლების გარემოზე ზემოქმედების ფაქტორების განსაზღვრა და მათი ცვლილებების პროგნოზირება. 2. წინასაპროექტო კვლევა უნდა განხორციელდეს: ა) მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენისთვის; ბ) არქიტექტურული პროექტის შედგენისათვის; გ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევაში.
საქმის მასალებში არსებული 2018 წლის 23 აგვისტოს და 2022 წლის 21 ივლისის ამონაწერებით საჯარო რეესტრიდან დადგენილია, რომ უძრავ ქონებაზე, მდებარე - ქალაქი თბილისი, დაბა ..., ს.კ. ..., 1057.00 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, 2018 წლიდან რეგისტრირებულია უ.ზ-ის საკუთრების უფლება, ხოლო უძრავ ქონებაზე, მდებარე - ქალაქი თბილისი, დაბა ..., ს.კ. ..., 1058.00, კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, 2018 წლიდან რეგისტრირებულია ს.ქ-ის საკუთრების უფლება.
დადგენილია, რომ 2022 წლის 30 მარტს მოსარჩელეთა წარმომადგენელმა გ.გ-ამ №AR1889901 და №AR1889967 განცხადებებით მიმართა არქიტექტურის სამსახურს ქალაქ თბილისში, დაბა კოჯორში, №... და №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებზე ინდივიდუალური ერთბინიანი საცხოვრებელი სახლის განთავსების მიზნით, მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენის მოთხოვნით. აღნიშნული განცხადებების განხილვის ფარგლებში სსიპ ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურმა 2022 წლის 28 ივნისს №60-01221791630 და 2022 წლის 30 ივნისს №60-01221811345 განცხადებებით მიმართა გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურს, რათა სამსახურს თავის კომპეტენციის ფარგლებში დაეფიქსირებინა პოზიცია ზემოაღნიშნულ მიწის ნაკვეთებზე გამწვანების პროექტის შეთანხმებასთან დაკავშირებით. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის 2022 წლის 13 ივლისის №18–01221942593 აქტით, სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს განემარტა, რომ საპროექტო ტერიტორიაზე უნებართვოდ განხორციელდა 61 ძირი ჯანსაღი, სხვადასხვა სახეობის მწვანე ნარგავის მოჭრა. ხოლო სამსახურის 2022 წლის 13 ივლისის №18–01221942597 აქტით, სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს განემარტა, რომ საპროექტო ტერიტორიაზე უნებართვოდ განხორციელდა 65 ძირი ჯანსაღი, ზრდასრული ...ის მოჭრა. ორივე აქტში განიმარტა, რომ მოჭრილ ნარგავებს შორის ფიქსირდებოდა დიდი დიამეტრის მქონე ხეები, რომელთა მოჭრის/გადარგვის ნებართვას სამსახური კომპეტენციის ფარგლებში, ინდივიდუალური შეფასების საფუძველზე და კანონმდებლობით დადგენილი წესით არ გასცემდა. ამდენად საპროექტო ტერიტორიაზე იმ ნაწილში, სადაც მწვანე ნარგავების უნებართვო ჭრა განხორციელდა, სამსახურმა შენობის განთავსება დაუშვებლად მიიჩნია.
დადგენილია, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 19 სექტემბრის №6128145 და 2022 წლის 20 სექტემბრის №6129635 გადაწყვეტილებებით, არ დაკმაყოფილდა გ.გ-ას 2022 წლის 30 მარტის განცხადებები ქალაქ თბილისში, დაბა კოჯორში №... და №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებზე ინდივიდუალური ერთბინიანი საცხოვრებელი სახლის განთავსების მიზნით, მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენის თაობაზე. აღნიშნული გადაწყვეტილებებზე ადმინისტრაციული საჩივარი წარადგინეს უ.ზ-ემ და ს.ქ-ემ, თუმცა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2022 წლის 6 დეკემბრის №1175 ბრძანებით გასაჩივრებული გადაწყვეტილებები ძალაში დარჩა.
საკასაციო სასამართლო ქვედა ინსტანციის სასამართლოების მსგავსად ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ „მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №255 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს მთავრობის 2022 წლის 24 ივნისის №333 დადგენილებით, საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №255 დადგენილებაში მე-10 მუხლის შემდგომ დაემატა 101 მუხლი, რომლითაც განისაზღვრა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შენობა-ნაგებობის განთავსება საპროექტო ტერიტორიის იმ ნაწილზე, სადაც მწვანე ნარგავ(ებ)ის უნებართვო განადგურება განხორციელდა, დასაშვებია, თუ უნებართვოდ განადგურებულ მწვანე ნარგავ(ებ)ზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის გარემოს დაცვის პოლიტიკაზე პასუხისმგებელი სტრუქტურული ერთეული, კომპეტენციის ფარგლებში, ინდივიდუალური შეფასების საფუძველზე და კანონმდებლობით დადგენილი წესით მიიღებდა გადაწყვეტილებას მოჭრაზე ან გადარგვაზე. აღნიშნული ცვლილება გამოქვეყნებულ იქნა 2022 წლის 27 ივნისს და ამოქმედდა გამოქვეყნებისთანავე.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლზე, რომლის თანახმად, ნორმატიულ აქტს უკუძალა აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს პირდაპირ არის დადგენილი ამ ნორმატიული აქტით. ნორმატიულ აქტს, რომელიც ადგენს ან ამძიმებს პასუხისმგებლობას, უკუძალა არა აქვს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციების სასამართლოების მსჯელობას იმის შესახებ, რომ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №255 დადგენილებაში ცვლილება შეტანილ იქნა 2022 წლის 24 ივნისის დადგენილებით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მწვანე ნარგავების ადგილზე დათვალიერების საველე აქტები კი, რომლებითაც დასტურდება, რომ ქალაქ თბილისში, დაბა კოჯორში მდებარე №... და №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებზე დაფიქსირდა მწვანე ნარგავების გაჩეხის ფაქტი, დათარიღებულია 2022 წლის 13 აპრილით. შესაბამისად დგინდება, რომ როგორც მოსარჩელეთა საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ნარგავების ჭრა, ასევე მათი მხრიდან ადმინისტრაციულ ორგანოსთვის მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენის მოთხოვნით მიმართვა, განხორციელდა ზემოაღნიშნულ ცვლილებამდე. აღნიშნული კი არ აძლევდა ადმინისტრაციულ ორგანოს იმის უფლებას, რომ დადგენილების 101 მუხლი გაევრცელებინა ცვლილების განხორციელებამდე არსებულ მდგომარეობაზე და მოსარჩელეების განცხადებასთან დაკავშირებით უარყოფითი გადაწყვეტილება მიეღო.
ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილი და კასატორების მიერ მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრები უპერსპექტივოა, სახეზე არ არის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რაც გამორიცხავს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან, სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის (ს/კ: 205270053) მიერ საკასაციო საჩივარზე 07.02.2025წ. №00140 საგადახდო მოთხოვნით გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 300 (სამასი) ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, აღნიშნული თანხის 70 პროცენტი უნდა დაუბრუნდეს კასატორს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის და სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 8 ივლისის განჩინება;
3. სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს (ს/კ: 205270053) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 07.02.2025წ. №00140 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
მ. ვაჩაძე
ბ. სტურუა