Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

№ბს-1086(კ-24) 3 სექტემბერი, 2025 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, თამარ ოქროპირიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა თ. კ-ას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 25 ივნისის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თ. კ-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ.

მოსარჩელემ მოითხოვა: ა) ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2022 წლის 22 დეკემბრის MOD 12200005620 ბრძანება; ბ) დაევალოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლითაც თ. კ-ა აღდგება საქართველოს შეიარაღებული ძალების ...ის ლაზარეთის ექიმი-თერაპევტის (საშტატო კატეგორია - „სამოქალაქო პირი“) ტოლფას თანამდებობაზე; გ) დაევალოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თ. კ-ას სასარგებლოდ იძულებითი განაცდურის - შრომითი გასამრჯელოს ანაზღაურება მისი კადრების განკარგულებაში გადაყვანის დღიდან, სამსახურში აღდგენამდე, შესაბამისი თანამდებობისათვის დადგენილი შრომითი გასამრჯელოს ყოველთვიური ოდენობით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილებით თ. კ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა თ. კ-ამ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 25 ივნისის განჩინებით თ. კ-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილება.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 25 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა თ. კ-ამ.

საკასაციო საჩივრის თანახმად, თ. კ-ა პროფესიით არის ექიმ-თერაპევტი. 2012 წლიდან მუშაობდა სპეციალობით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრუქტურაში. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2016 წლის 4 ნოემბრის MOD 6 16 00006982 ბრძანებით დაინიშნა საქართველოს შეიარაღებული ძალების ...ის ლაზარეთის ექიმ-თერაპევტად. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 22.12.2016 წლის MOD 1 16 00008110 ბრძანებით, 2016 წლის 19 დეკემბრიდან იგი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და გადაყვანილ იქნა კადრების განკარგულებაში. აღნიშნულის მიზეზად დასახელდა რეორგანიზაციის შედეგად საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრუქტურაში შემავალი ერთეულის - ლაზარეთის გაუქმება, რის შემდეგაც შემცირდა ექიმების რაოდენობა და 4 შტატის ნაცვლად დარჩა მხოლოდ 3. საბოლოოდ, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2017 წლის 18 აპრილის MOD 1 17 00002674 ბრძანებით კადრების განყოფილებაში მყოფი თ. კ-ა გათავისუფლდა სამსახურიდან.

თ. კ-ას მიერ დაწყებულ იქნა სასამართლო დავა მისი გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის, სამსახურში აღდგენისა და განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნით. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (საქმე №3/441-17) 2017 წლის 9 ნოემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი „სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ“ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2017 წლის 18 აპრილის MOD 1 17 00002674 ბრძანება და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაევალა, გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მითითებული საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, სადავო საკითხთან დაკავშირებით, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაში დეტალურად იქნა მითითებული ის გარემოებები, თუ რაზე უნდა ემსჯელა ადმინისტრაციულ ორგანოს, რაც მოპასუხის მიერ არ შესრულდა და 2020 წლის 18 მაისს გამოიცა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი თ. კ-ას თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ, რაც ასევე სასამართლო წესით იქნა გასაჩივრებული. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილებით (საქმე №3ბ/22-21) სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 18 მაისის MOD 7 20 00003378 ბრძანება და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაევალა ახალი გადაწყვეტილების მიღება საქმისათვის არსებითი გარემოებების გამოკვლევის შემდგომ. სასამართლომ ადმინისტრაციულ ორგანოს, ფაქტობრივად, მეორედ მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს არანაირი თანამდებობრივი ინსტრუქცია ან/და დებულება, რომელიც განსაზღვრავდა, რომ ახალ შექმნილ შტატზე თ. კ-ა ვერ აკმაყოფილებდა ახალი საშტატო ერთეულის დაკავებისთვის აუცილებელ კვალიფიკაციას. მიუხედავად იმისა, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს საკითხი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა, თავდაცვის სამინისტრომ კვლავ არაფერი გამოიკვლია, ჩაატარა ფორმალური ადმინისტრაციული წარმოება, კატეგორიული უარი განაცხადა განაცდურის ანაზღაურებაზე და ფორმალურად (განაცდურის ანაზღაურების გარეშე) შესთავაზა მოსარჩელეს დანიშვნა იმ ადგილას, რომელიც ასევე შეთავაზებული ჰქონდა წინა ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში. ,,ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების შესახებ’’ 2020 წლის 22 აპრილის №1 ოქმით დასტურდება, რომ თ. კ-ას ჯერ კიდევ წინა ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში შესთავაზეს სამსახური - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების ... თავდაცვის სარდლობის ... თავდაცვის ბრიგადის უზრუნველყოფის ბატალიონის უზრუნველყოფის ასეულის სამედიცინო პუნქტის ექიმ-სპეციალისტის თანამდებობა. მოცემულ შემთხვევაში ისეთი ვითარებაა, რომ ადმინისტრაციული ორგანო, ფაქტობრივად, არ აღასრულებს სასამართლო გადაწყვეტილებას, ვინაიდან განაცდურის ანაზღაურების გარეშე, შეთავაზებულ იქნა იგივე თანამდებობა, რაც ერთხელ უკვე წარმოადგენდა სასამართლო განხილვის საგანს. 2020 წლის №1 ოქმი არის 2020 წლის 18 მაისის ბრძანების გამოცემის მიზნით ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების მასალა, რაზედაც სააპელაციო სასამართლომ განუმარტა მხარეს, რომ გათავისუფლება იყო უკანონო.

კასატორის განმარტებით, სადავო აქტით უგულებელყოფილია კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებაში ასახული მითითებები და არ შეიცავს არანაირ მსჯელობას იმ საკითხების შესახებ, რაზეც უნდა ემსჯელა ადმინისტრაციულ ორგანოს. რეალურად, ნაცვლად იმისა, რომ მოსარჩელეს მიეღო დასაბუთებული პასუხი, ან მომხდარიყო მისი სამსახურში აღდგენა, მოპასუხე, ფაქტობრივად, იმავე საფუძვლით, რაც ერთხელ უკვე გაბათილებულია სასამართლოს მიერ, უარს ეუბნება მოსარჩელეს სამსახურში აღდგენაზე.

კასატორის განმარტებით, მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს არ გააჩნია/გააჩნდა თანამდებობრივი ინსტრუქცია, რომლითაც განისაზღვრება, თუ კონკრეტულად, რა პროფესიის/მიმართულების ექიმები უნდა დანიშნულიყვნენ ახალ საშტატო ერთეულზე. სადავო აქტით ადმინისტრაციული ორგანო განმარტავს, რომ ახალი საშტატო ერთეული ითვალისწინებდა ნევროლოგის, ზოგადი ქირურგისა და ქირურგიული სტომატოლოგიის მიმართულებებს, რაც არ შეესაბამება სინამდვილეს. საქმის მასალებში წარმოდგენილი გენერალური შტაბის ... თავდაცვის სარდლის მოვალეობის შემსრულებლის - ს. ნ-ას 2017 წლის 19 მაისის წერილითა და მისი თანდართული დოკუმენტაციით დასტურდება, რომ რეორგანიზაციის შედეგად შეიქმნა 3 ექიმი სპეციალისტის შტატი, თუმცა არსად არ არის ნახსენები, რომ აღნიშნულ სამ შტატზე აუცილებლად ქირურგი, ნევროლოგი და სტომატოლოგი უნდა დანიშნულიყვნენ. საშტატო ნუსხა, როგორც რეორგანიზაციამდე, ისე რეორგანიზაციის შემდგომ არსებული, შემოიფარგლება მხოლოდ თანამდებობების ჩამონათვალით. არ არსებობს თანამდებობრივი ინსტრუქცია, თუ ვინ რა ფუნქციებს ასრულებს ახალ სამ საშტატო ერთეულზე და რატომ ვერ შეძლებდა მოსარჩელე თავისი ფუნქციების შესრულებას. მოპასუხე კი, მხოლოდ ზეპირსიტყვიერად განმარტავს, რომ ახალი სამი შტატის ფუნქციაა სტომატოლოგია, ქირურგია და ნევროლოგია. სადავო აქტში საუბარია იმ გარემოებაზე, რომ სხვა დანიშნულ პირებს გააჩნდათ კონკრეტული სერტიფიკატები, თუმცა აღსანიშნავია, რომ სერტიფიკატები არასდროს ყოფილა სამსახურში მიღების წინაპირობა. ამასთან, გაუგებარია, თუ რატომ უნდა მიენიჭოს ზოგადი ქირურგის სერტიფიკატს უპირატესობა საოჯახო მედიცინის სერტიფიკატთან, როდესაც თავად საშტატო ერთეულით არ არის განსაზღვრული კონკრეტული ფუნქცია-მოვალეობები ახლად შექმნილი ექიმ-სპეციალისტის შტატით.

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 4 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული თ. კ-ას საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ თ. კ-ას საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე: ა) საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2014 წლის 7 ივლისის ბრძანებით დამტკიცდა საქართველოს შეიარაღებული ძალების ...ის საშტატო ნუსხა. ერთ-ერთ სტრუქტურულ ერთეულად განისაზღვრა ლაზარეთი, ხოლო ლაზარეთში დამტკიცდა ლაზარეთის უფროსის-ექიმის (საშტატო კატეგორია „სამხედრო პირი“) 1, ექიმი-თერაპევტის 1, ექიმი-სპეციალისტის 2 და ექიმი-სტომატოლოგის 1, უფროსი მედდას 1, მედდას 5, აფთიაქის უფროსის 1, მძღოლი-მაშველის 1 საშტატო ერთეული (საშტატო კატეგორია „სამოქალაქო პირი“). ლაზარეთში სულ განისაზღვრა 13 საშტატო ერთეული (ტ.1, ს.ფ. 74-94); ბ) საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2016 წლის 4 ნოემბრის MOD 6 16 00006982 ბრძანებით თ. კ-ა გათავისუფლდა საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის ...ის ლაზარეთის ექიმი-თერაპევტის თანამდებობიდან და 2016 წლის 15 ოქტომბრიდან დაინიშნა საქართველოს შეიარაღებული ძალების ...ის ლაზარეთის ექიმ-თერაპევტად (საშტატო კატეგორია - „სამოქალაქო პირი“, შტატი №...) (ტ.1, ს.ფ. 124); გ) საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 19 დეკემბრის ბრძანებებით, „სახმელეთო ჯარებში საორგანიზაციო ღონისძიებების ჩატარების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2014 წლის 7 ივლისის MOD 1 14 00000949 ბრძანებიდან ამოღებული იქნა დანართი №1 - ...ის საშტატო ნუსხა და დამტკიცდა ...ის საშტატო ნუსხა, სადაც ერთ-ერთ სტრუქტურულ ერთეულად განისაზღვრა სამედიცინო პუნქტი, ხოლო სამედიცინო პუნქტში დამტკიცდა პუნქტის უფროსის 1, ექიმი-სპეციალისტის (საშტატო კატეგორია „სამხედრო პირი“) 1, ექიმი-სპეციალისტის (საშტატო კატეგორია „სამოქალაქო პირი“) 2, მედდას (საშტატო კატეგორია „სამხედრო პირი“) 4, აფთიაქის უფროსის (საშტატო კატეგორია „სამოქალაქო პირი“) 1, ფამაცევტი (საშტატო კატეგორია „სამოქალაქო პირი“) 1, აღმრიცხველი (საშტატო კატეგორია „სამხედრო პირი“) 1, მძღოლი-მაშველი (საშტატო კატეგორია „სამხედრო პირი“) 3 საშტატო ერთეული. სამედიცინო პუნქტი სულ განისაზღვრა 14 საშტატო ერთეულით (ტ.1, ს.ფ. 74-94); დ) საქართველოს მთავრობის 2013 წლის 22 ნოემბრის №297 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების“ მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „რ“ და „ე“ ქვეპუნქტების შესაბამისად, საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 19 დეკემბრის MOD 2 16 00001073 ბრძანებით დამტკიცდა ...ის №... შტატი (დანართი №1). ბრძანება ძალაში შესულად ჩაითვალა ამავე თარიღიდან. სამედიცინო პუნქტში დამტკიცდა: პუნქტის უფროსის 1 (კაპიტანი), ექიმი-სპეციალისტი 1 (კაპიტანი), ექიმი-სპეციალისტი (საშტატო კატეგორია „სამოქალაქო პირი“) 2, მედდა (კაპრალ-სპეციალისტი) 4, აფთიაქის უფროსი (კაპრალ სპეციალისტი) 1, ფარმაცევტი (საშტატო კატეგორია „სამოქალაქო პირი“) 1, აღმრიცხველი (კაპრალ-სპეციალისტი) 1, მძღოლი-მაშველი (კაპრალ-სპეციალისტი) 3 საშტატო ერთეული. სამედიცინო პუნქტი სულ განისაზღვრა 14 საშტატო ერთეულით (ტ.1, ს.ფ. 130-151); ე) საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 22 დეკემბრის ბრძანებით, საქართველოს შეიარაღებული ძალების ... თავდაცვის სარდლობას დაექვემდებარა ...ა, ... თავდაცვის ბრიგადა და ცენტრალური საკომანდო პუნქტი (ტ.1, ს.ფ. 74-94); ვ) საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2016 წლის 22 დეკემბრის ბრძანებით, დაწესებულების რეორგანიზაციასთან დაკავშირებით, შტატების შემცირების გამო, თ. კ-ა გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და 2016 წლის 19 დეკემბრიდან გადაყვანილ იქნა კადრების განკარგულებაში. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2017 წლის 18 აპრილის ბრძანებით, 2017 წლის 20 აპრილიდან თ. კ-ა გათავისუფლდა სამსახურიდან (ტ.1, ს.ფ. 74-94); ზ) 2017 წლის 19 მაისის წერილით საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ... თავდაცვის სარდლობამ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსს აცნობა ...ის რეორგანიზაციამდე ლაზარეთში მომუშავე ექიმთა (მათ შორის - თ. კ-ას) მონაცემები. ამავე დეპარტამენტის უფროსს ეცნობა, რომ გაუქმებული ...ის სამართალმემკვიდრეს წარმოადგენს ...ა. თ. კ-ასთან ერთად, სხვა ექიმები სამსახურიდან არ გათავისუფლებულან (...ის ლაზარეთის უფროსი ექიმი - მ. მ-ი დასაქმებულია სარდლობის შტაბის ...-ის სამსახურის სამედიცინო უზრუნველყოფის დაგეგმვის ოფიცრად; ექიმი-სპეციალისტი (სამოქალაქო პირი) თ. მ-ე - ...ის ...ის ... რგოლის სამედიცინო პუნქტის (...ი) ექიმ-სპეციალისტად; ექიმი-სპეციალისტი (სამოქალაქო პირი) ლ. ა-ე - ...ის ...ის ... რგოლის სამედიცინო პუნქტის (...ი) ექიმ-სპეციალისტად; ექიმი-სტომატოლოგი (სამოქალაქო პირი) ს. ზ-ი - ...ის ...ის ... რგოლის სამედიცინო პუნქტის (...ი) ექიმ-სპეციალისტად (ტ.1, ს.ფ. 127-129); თ) საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ... თავდაცვის სარდლობის 2017 წლის 26 ივნისის MOD 8 17 00600109 წერილით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსს ეცნობა, რომ ... თავდაცვის სარდლობის ...ში რეორგანიზაციის ჩატარების შედეგად, შტატით გათვალისწინებული იყო სამედიცინო პუნქტის უფროსის და სამი ექიმი-სპეციალისტის თანამდებობა. აქედან სამედიცინო პუნქტის უფროსი არის სამხედრო და ამ თანამდებობაზე შერჩეულია სამხედრო მოსამსახურე თერაპიის მიმართულებით, შინაგანი მედიცინის სერტიფიკატით. ექიმი-სპეციალისტები არიან სამოქალაქო პირები და აღნიშნულ თანამდებობებზე დანიშნულნი არიან ექიმები: ნევროპათოლოგის, ქირურგის და სტომატოლოგის სერტიფიკატებით. ექიმი თ. კ-ა არის თერაპევტი, ხოლო თერაპიის მიმართულებით შერჩეული იყო სამხედრო პირი. შესაბამისად, სამოქალაქო თანამდებობებზე პრიორიტეტულად გათვალისწინებულ იქნა სხვა მიმართულების სერტიფიკატის მქონე ექიმები სამედიცინო მომსახურების სრულყოფილად აღმოჩენის შესაძლებლობის გამო (ტ.2, ს.ფ. 8); ი) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 9 ნოემბრის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა თ. კ-ას სარჩელი; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2017 წლის 18 აპრილის MOD 117 00002674 ბრძანება თ. კ-ას სამსახურიდან გათავისუფლების ნაწილში და მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაევალა გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მითითებული, საქმისათვის არსებითი გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, სადავო საკითხთან დაკავშირებით ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან კანონით გათვალისწინებულ ვადაში. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა (ტ.1, ს.ფ. 74-94). თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 21 აგვისტოს განჩინებით არ დაკმაყოფილდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და თ. კ-ას სააპელაციო საჩივრები; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 9 ნოემბრის გადაწყვეტილება. სასამართლოს განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში, სახეზე იყო ადმინისტრაციული ორგანოს მიერ კონკრეტული თანამდებობების მხოლოდ რაოდენობრივად გაუქმება იმგვარად, რომ ახალ საშტატო ნუსხაში კვლავ იქნა გათვალისწინებული ექიმი-სპეციალისტის (საშტატო კატეგორია „სამოქალაქო პირი“) საშტატო ერთეული, რომელიც იმავე იერარქიულ საფეხურზეა და მისთვის არ არის დაწესებული ახალი საკვალიფიკაციო მოთხოვნები. იმ პირობებში, როდესაც თ. კ-ას მიერ დაკავებული თანამდებობა კვლავ არსებობს, ამასთან სახეზეა შტატების მხოლოდ რაოდენობრივად შემცირება, აღნიშნული მიუთითებს დამსაქმებელი ორგანიზაციის ვალდებულებაზე საქმის გარემოებათა არსებითი გამოკვლევის შემდეგ გამოეცა სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები. სამინისტროს მიერ არ არის შეფასებული და სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებში არ არ გადმოცემული დასაბუთება თუ რა სამართლებრივი აქტით დადგინდა, დამტკიცებული ექიმი-სპეციალისტების (საშტატო კატეგორია „სამოქალაქო პირი“) ფუნქციური დატვირთვები და შესაბამისი საკვალიფიკაციო მოთხოვნები, აღნიშნულ საშტატო ერთეულებზე პირთა დანიშვნის დროს, მათი საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობის დასადგენად, რომელი სამართლებრივი აქტით იხელმძღვანელა ადმინისტრაციულმა ორგანომ და რის საფუძველზე დაადგინა, რომ მითითებული ექიმ-სპეციალისტის 2 საშტატო ერთეულთაგან, ექიმი-თერაპევტის ფუნქციური დატვირთვის მქონე არცერთი აღარ არის (ტ.1, ს.ფ. 95-120). საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 16 იანვრის განჩინებით დაუშვებლად იქნა მიჩნეული საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და თ. კ-ას საკასაციო საჩივრები. უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 21 აგვისტოს განჩინება (ტ.1, ს.ფ. 121-123); კ) თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 9 ნოემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების შედეგად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ 2020 წლის 18 მაისს გამოცემული MOD 7 20 00003378 ბრძანებით, კადრების განკარგულებაში მყოფი, ყოფილი საქართველოს შეიარაღებული ძალების ...ის ლაზარეთის ექიმი-თერაპევტი (საშტატო კატეგორია - „სამოქალაქო პირი“, შტატი №...) თ. კ-ა 2017 წლის 20 აპრილიდან გათავისუფლდა სამსახურიდან. ბრძანების გამოცემის სამართლებრივ საფუძვლად მითითებულ იქნა 2017 წლის 20 აპრილის მდგომარეობით მოქმედი რედაქციის საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 21 ივლისის №583 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის და სახმელეთო ჯარების თანამშრომელთა/მოსამსახურეთა სამსახურის გავლის წესის“ მე-13 მუხლის მე-3 პუნქტი, ასევე საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12 დეკემბრის №580 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების“ მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 19 დეკემბრის MOD 4 16 00001075 ბრძანებით, 2016 წლის 19 დეკემბერს გაუქმდა ...ა, მასთან ერთად - ლაზარეთი და საშტატო განრიგში შემავალი სამოქალაქო ექიმის თანამდებობები: 1) ექიმი-თერაპევტი (რომელზეც დანიშნული იყო თ. კ-ა, სახელმწიფო სერტიფიკატით ნებადართული სპეციალობით - „საოჯახო მედიცინა“); 2) ექიმი-სპეციალისტი (რომელზეც დანიშნულ მოსამსახურეს ჰქონდა სახელმწიფო სერტიფიკატი, ნებადართული სპეციალობით - „ზოგადი ქირურგია“); 3) ექიმი-სპეციალისტი (რომელზეც დანიშნულ მოსამსახურეს ჰქონდა სახელმწიფო სერტიფიკატი, ნებადართული სპეციალობით - „ნევროლოგია“); დ) ექიმი-სტომატოლოგი (რომელზეც დანიშნულ მოსამსახურეს ჰქონდა სახელმწიფო სერტიფიკატი, ნებადართული სპეციალობით - „ქირურგიული სტომატოლოგია“). საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 19 დეკემბრის MOD 216 00001073 ბრძანებით დამტკიცებული ...ის საშტატო ნუსხის მიხედვით, შეიქმნა ...ის (...ი) სამედიცინო პუნქტი (...ი), რომლის საშტატო განრიგშიც შევიდა სამოქალაქო ექიმის სამი თანამდებობა: 1) ექიმი-სპეციალისტი, რომლის ფუნქციასაც შეადგენს „ქირურგიული სტომატოლოგია“ (თანამდებობრივი გადაადგილების საფუძველზე, დაინიშნა ...ის ლაზარეთის ექიმი-სტომატოლოგი, რომელსაც ჰქონდა სახელმწიფო სერტიფიკატი, ნებადართული სპეციალობით - „ქირურგიული სტომატოლოგია“); 2) ექიმი-სპეციალისტი, რომლის ფუნქციასაც შეადგენს „ზოგადი ქირურგია“ (თანამდებობრივი გადაადგილების საფუძველზე, დაინიშნა ...ის ლაზარეთის ექიმი-სპეციალისტი, რომელსაც ჰქონდა სახელმწიფო სერტიფიკატი, ნებადართული სპეციალობით - „ზოგადი ქირურგია“); 3) ექიმი-სპეციალისტი, რომლის ფუნქციასაც შეადგენს „ნევროლოგია“ (თანამდებობრივი გადაადგილების საფუძველზე, დაინიშნა ...ის ლაზარეთის ექიმი-სპეციალისტი, რომელსაც ჰქონდა სახელმწიფო სერტიფიკატი, ნებადართული სპეციალობით - „ნევროლოგია“). ახლადშექმნილი ...ის ...ის (...ი) სამედიცინო პუნქტის (...ი) საშტატო განრიგში აღარ არის გათვალისწინებული ექიმი-თერაპევტის სამოქალაქო თანამდებობა. შესაბამისად, საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 21 ივლისის №583 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის და სახმელეთო ჯარების თანამშრომელთა/მოსამსახურეთა სამსახურის გავლის წესის“ მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, თ. კ-ა გათავისუფლდა თანამდებობიდან და 2016 წლის 19 დეკემბრიდან გადაყვანილ იქნა კადრების განკარგულებაში. რეორგანიზაციის შედეგად გაუქმებული ...ისა და ახლად შექმნილი ...ის საშტატო ნუსხების შედარების შედეგად, დადგინდა, რომ ექიმი-თერაპევტის შტატი გაუქმდა როგორც დასახელებით, ისე ფუნქციურად. გაუქმებული ...ის ლაზარეთიდან ორი ექიმი-სპეციალისტი (ფუნქციებით - „ზოგადი ქირურგია“ და „ნევროლოგია“) ახალ საშტატო ნუსხაში გადავიდა იმავე ფუნქციით და დასახელებით, რომლებზეც გადაადგილდნენ შესაბამისი სპეციალობის მოსამსახურეები. ექიმი-სტომატოლოგის თანამდებობას შეეცვალა მხოლოდ სახელი და შენარჩუნდა მისი ფუნქცია („ქირურგიული სტომატოლოგია“). ექიმი-სპეციალისტის თანამდებობაზე (ფუნქციით - „ქირურგიული სტომატოლოგია“) გადაადგილდა მოსამსახურე ნებადართული სპეციალობით - „ქირურგიული სტომატოლოგია“. კადრების განკარგულებაში ყოფნის პერიოდში, თ. კ-ას შესთავაზეს ...ის სამედიცინო პუნქტის ექიმი-სპეციალისტის თანამდებობაზე (...ი) დანიშვნა, რაზეც მან უარი განაცხადა (ტ.1, ს.ფ. 68-70); ლ) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 5 ოქტომბრის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა თ. კ-ას სარჩელი, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2020 წლის 18 მაისის MOD 720 00003378 ბრძანების ბათილად ცნობის, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის თ. კ-ას საქართველოს შეიარაღებული ძალების ... თავდაცვის სარდლობის ... ბრიგადის ლაზარეთის ექიმი-თერაპევტის (საშტატო კატეგორია ,,სამოქალაქო პირი“) ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალებისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების დაკისრების თაობაზე (ტ.1, ს.ფ. 35-60); თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა თ. კ-ას სააპელაციო საჩივარი; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 5 ოქტომბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. თ. კ-ას სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 18 მაისის MOD 7 20 00003378 ბრძანება და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაევალა ახალი გადაწყვეტილების მიღება საქმისათვის არსებითი გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ კანონით გათვალისწინებულ ვადაში. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 18 ოქტომბრის განჩინებით დაუშვებლად იქნა მიჩნეული საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და თ. კ-ას საკასაციო საჩივრები; უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილება (ტ.1, ს.ფ. 35-60, 61-67); მ) კანონიერ ძალაში შესული თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მიერ 2022 წლის 22 დეკემბერს გამოცემული MOD 1 22 00005620 ბრძანებით, კადრების განკარგულებაში მყოფი, ყოფილი საქართველოს შეიარაღებული ძალების ...ის ლაზარეთის ექიმი-თერაპევტი (საშტატო კატეგორია „სამოქალაქო პირი“) თ. კ-ა 2017 წლის 20 აპრილიდან გათავისუფლდა სამსახურიდან. ბრძანების გამოცემის სამართლებრივ საფუძვლად მითითებულ იქნა 2017 წლის 20 აპრილის მდგომარეობით მოქმედი რედაქციის საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 21 ივლისის №583 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის და სახმელეთო ჯარების თანამშრომელთა/მოსამსახურეთა სამსახურის გავლის წესის“ მე-13 მუხლის მე-3 პუნქტი, ასევე „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა მართვის ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 14 დეკემბრის MOD 3 18 00000965 ბრძანების პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი. მითითებული ბრძანების გამოცემასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 19 დეკემბრის MOD 416 00001075 ბრძანებით, 2016 წლის 19 დეკემბერს გაუქმდა ...ა, მასთან ერთად - ლაზარეთი და მის საშტატო განრიგში შემავალი სამოქალაქო ექიმის თანამდებობები: 1) ექიმი-თერაპევტი (რომელზეც დანიშნული იყო თ. კ-ა, სახელმწიფო სერტიფიკატით ნებადართული სპეციალობით - „საოჯახო მედიცინა“); 2) ექიმი-სპეციალისტი (რომელზეც დანიშნულ მოსამსახურეს ჰქონდა სახელმწიფო სერტიფიკატი, ნებადართული სპეციალობით - „ზოგადი ქირურგია“); 3) ექიმი-სპეციალისტი (რომელზეც დანიშნულ მოსამსახურეს ჰქონდა სახელმწიფო სერტიფიკატი, ნებადართული სპეციალობით - „ნევროლოგია“); დ) ექიმი-სტომატოლოგი (რომელზეც დანიშნულ მოსამსახურეს ჰქონდა სახელმწიფო სერტიფიკატი, ნებადართული სპეციალობით - „ქირურგიული სტომატოლოგია“). ამავე ბრძანებით დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 19 დეკემბრის MOD 216 00001073 ბრძანებით დამტკიცებული ...ის საშტატო ნუსხის მიხედვით, შეიქმნა ...ის (...ი) სამედიცინო პუნქტი (...ი), რომლის საშტატო განრიგშიც შევიდა სამოქალაქო ექიმის სამი თანამდებობა: 1) ექიმი-სპეციალისტი, რომლის ფუნქციასაც შეადგენს „ქირურგიული სტომატოლოგია“ (თანამდებობრივი გადაადგილების საფუძველზე, დაინიშნა ...ის ლაზარეთის ექიმი-სტომატოლოგი, რომელსაც ჰქონდა სახელმწიფო სერტიფიკატი, ნებადართული სპეციალობით - „ქირურგიული სტომატოლოგია“); 2) ექიმი-სპეციალისტი, რომლის ფუნქციასაც შეადგენს „ზოგადი ქირურგია“ (თანამდებობრივი გადაადგილების საფუძველზე, დაინიშნა ...ის ლაზარეთის ექიმი-სპეციალისტი, რომელსაც ჰქონდა სახელმწიფო სერტიფიკატი, ნებადართული სპეციალობით - „ზოგადი ქირურგია“); 3) ექიმი-სპეციალისტი, რომლის ფუნქციასაც შეადგენს „ნევროლოგია“ (თანამდებობრივი გადაადგილების საფუძველზე, დაინიშნა ...ის ლაზარეთის ექიმი-სპეციალისტი, რომელსაც ჰქონდა სახელმწიფო სერტიფიკატი, ნებადართული სპეციალობით - „ნევროლოგია“). ახლადშექმნილი ...ის ...ის (...ი) სამედიცინო პუნქტის (...ი) საშტატო განრიგში აღარ არის გათვალისწინებული ექიმი-თერაპევტის სამოქალაქო თანამდებობა. რეორგანიზაციის შედეგად გაუქმებული ...ისა და ახლად შექმნილი ...ის საშტატო ნუსხების შედარების შედეგად, დადგინდა, რომ ექიმი-თერაპევტის შტატი გაუქმდა როგორც დასახელებით, ისე ფუნქციურად. გაუქმებული ...ის ლაზარეთიდან ორი ექიმი-სპეციალისტი (ფუნქციებით - „ზოგადი ქირურგია“ და „ნევროლოგია“) ახალ საშტატო ნუსხაში გადავიდა იმავე ფუნქციით და დასახელებით, რომლებზეც გადაადგილდნენ შესაბამისი სპეციალობის მოსამსახურეები. ექიმი-სტომატოლოგის თანამდებობას შეეცვალა მხოლოდ სახელი და შენარჩუნდა მისი ფუნქცია („ქირურგიული სტომატოლოგია“). ექიმი-სპეციალისტის თანამდებობაზე (ფუნქციით - „ქირურგიული სტომატოლოგია“) გადაადგილდა მოსამსახურე ნებადართული სპეციალობით - „ქირურგიული სტომატოლოგია“. მითითებული ბრძანების გამოცემასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, თ. კ-ას, როგორც კადრების განკარგულებაში მყოფ პირს, შესთავაზეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების ... თავდაცვის სარდლობის ... თავდაცვის ბრიგადის უზრუნველყოფის ბატალიონის უზრუნველყოფის ასეულის სამედიცინო პუნქტის ექიმი-სპეციალისტის (თბილისი, ...) ვაკანტური თანამდებობა, რომლის ძირითადი ფუნქციური მოვალეობები დამტკიცებულია ... თავდაცვის სარდლის 2022 წლის 25 თებერვლის N14 ბრძანებით. თ. კ-ას ასევე განემარტა, რომ მითითებული ფუნქცია-მოვალეობები თითქმის იდენტურია ...ის ლაზარეთის ექიმი-თერაპევტის ფუნქცია მოვალეობებისა, საიდანაც იგი, როგორც კადრების განკარგულებაში მყოფი პირი, გათავისუფლდა. ზემოაღნიშნულ შეთავაზებაზე თ. კ-ამ წერილობითი უარი განაცხადა, იმ მოტივით, რომ შეთავაზებული თანამდებობა არ არის მის მიერ ადრე დაკავებული თანამდებობის ტოლფასი, ამასთანავე, არ მოხდება განაცდურის ანაზღაურება, რომელიც მას ეკუთვნის 2016 წლიდან. ბრძანებაში ასევე მითითებულია, რომ თ. კ-აზე არ ვრცელდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის რეგულაციები. შესაბამისი სამართალურთიერთობა მოწესრიგებულია სპეციალური კანონმდებლობით (ტ.1, ს.ფ. 25-29).

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, შრომის თავისუფლება უზრუნველყოფილია. ყველას აქვს სამუშაოს თავისუფალი არჩევის უფლება. უფლება შრომის უსაფრთხო პირობებზე და სხვა შრომითი უფლებები დაცულია ორგანული კანონით. სასამართლო განმარტავს, რომ ზემოაღნიშნული დანაწესი განამტკიცებს შრომის თავისუფლებას. შრომის თავისუფლება მოიცავს როგორც ადამიანისათვის მინიჭებულ უფლებას, თავად განკარგოს საკუთარი შესაძლებლობები შრომით საქმიანობაში, თავად აირჩიოს შრომითი საქმიანობის ესა თუ ის სფერო (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება №2/4-24, 28.02.1997), ასევე, სახელმწიფოს ვალდებულებას, იზრუნოს მოქალაქეთა დასაქმებაზე და დაიცვას მათი შრომითი უფლებები (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება №2/2-389, 26.10.2007). საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება №2/2-389, 26.10.2007), დაცულია არა მარტო უფლება, აირჩიო სამუშაო, არამედ ასევე უფლება განახორციელო, შეინარჩუნო და დათმო ეს სამუშაო.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ შრომის თავისუფლების სამართლებრივი დაცვის გარანტიები გათვალისწინებულია არა მხოლოდ ეროვნული, არამედ საერთაშორისო საკანონმდებლო აქტებითაც. კერძოდ, საკასაციო სასამართლო მიუთითებს ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-6 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, წინამდებარე პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ შრომის უფლებას, რომელიც მოიცავს თითოეული ადამიანის უფლებას, მოიპოვოს საარსებო სახსრები შრომით, რომელსაც თავისუფლად აირჩევს ან რომელზეც თანხმდება, და მიიღებენ შესაბამის ზომებს ამ უფლების დასაცავად. ამასთან, ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 23-ე მუხლის თანახმად, ყოველ ადამიანს აქვს შრომის, სამუშაოს თავისუფალი არჩევის, შრომის სამართლიანი და ხელსაყრელი პირობების და უმუშევრობისაგან დაცვის უფლება. საკასაციო სასამართლო აგრეთვე მიუთითებს ევროპის სოციალური ქარტიის 24-ე მუხლის დანაწესზე, რომლის თანახმად, დასაქმების შეწყვეტის შემთხვევებში მუშაკთა მიერ დაცვის უფლების ეფექტურად განხორციელების უზრუნველყოფის მიზნით, მხარეები ვალდებულებას იღებენ აღიარონ: ა) ყველა მუშაკის უფლება არ შეუწყდეთ დასაქმება ასეთი შეწყვეტის თაობაზე საპატიო მიზეზების გარეშე, რაც დაკავშირებული უნდა იყოს მათ შესაძლებლობასთან ან ქცევასთან ან განპირობებული უნდა იყოს შრომითი დაწესებულების, საწარმოს ან სამსახურის ოპერატიული მოთხოვნებით; ბ) მუშაკთა უფლება, რომელთა დასაქმება შეწყვეტილი იქნება საპატიო მიზეზების გარეშე, სათანადო კომპენსაციაზე ან სხვა შესაბამის დაკმაყოფილებაზე. ამ მხრივ მხარეები ვალდებულებას იღებენ უზრუნველყონ მუშაკის, რომელიც მიიჩნევს, რომ მისი დასაქმება შეწყდა საპატიო მიზეზების გარეშე, მიუკერძოებელ ორგანოში საჩივრის შეტანის უფლება.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ როგორც კერძო, ასევე საჯარო სექტორში ინდივიდთა შრომითი უფლებების დაცვისათვის ქმედითი მექანიზმების შექმნა სახელმწიფოს ვალდებულებას წარმოადგენს. ხსენებული ვალდებულების ზედმიწევნითი განხორციელების საჭიროება სახელმწიფოს მხრიდან თავს იჩენს მით უფრო საჯარო სექტორში, სადაც სახელმწიფო ეროვნული საკანონმდებლო ბაზის, კერძოდ, ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე, ერთი მხრივ, თავად ქმნის დასაქმებულ საჯარო მოხელეთა შრომითი უფლებების დაცვის გარანტიებს, ხოლო, მეორე მხრივ, იგი თავად გვევლინება დამსაქმებლის როლში, რაც საგრძნობლად ზრდის მისი მხრიდან დასაქმებულ საჯარო მოხელეთა უფლებების, განსაკუთრებით კი, შრომითი უფლებების დაცვის სავალდებულოობის ხარისხს. საჯარო მოსამსახურე კონკრეტული გადაწყვეტილების, მით უფრო, საჯარო მოხელის თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისას და საჭიროების შემთხვევაში, გათავისუფლების შემდგომი პროცედურების განხორციელებისას შეზღუდულია „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი კანონიერების პრინციპით, რომლის მიხედვით, საჯარო მოსამსახურე თანამდებობრივი უფლება-მოვალეობების განხორციელებისას უნდა მოქმედებდეს მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციისა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების შესაბამისად. მისი ნებისმიერი ქმედება უნდა ემსახურებოდეს კანონის უზენაესობის დაცვას და ეფუძნებოდეს კანონისმიერი დათქმის პრინციპს. ამავე შინაარსის დანაწესი გათვალისწინებულია აგრეთვე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლით დადგენილი კანონიერების პრინციპითაც, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება.

შრომის უფლება გულისხმობს სახელმწიფოს ვალდებულებას სათანადო, კანონიერი საფუძვლების გარეშე არ დაუშვას დასაქმებულთა შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა, რაც სახელმწიფო სამსახურში პირის შრომის უფლებას არამართლზომიერად შეზღუდავს, ამასთან, შრომის გარანტირებული უფლება არ არის აბსოლუტური და აღნიშნული უფლებით დაცული სფერო შესაძლებელია დაექვემდებაროს შეზღუდვას კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ლეგიტიმური მიზნითა და თანაზომიერების პრინციპის დაცვით. შრომის უფლების დაცვა არ გულისხმობს დამსაქმებლის აბსოლუტურ შეზღუდვას, კანონით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, გაათავისუფლოს დასაქმებული (სუსგ 23.04.2019წ. საქმე №ბს-954(2კ-18)). დამსაქმებლის მიერ დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლება ობიექტურ მიზეზებზე უნდა იყო დაფუძნებული, დამსაქმებელი ვალდებულია დაასაბუთოს დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლების ობიექტური მიზეზები. საჯარო მოხელის სამსახურიდან გათავისუფლება დასაშვებია მხოლოდ კანონმდებლობით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას. მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.

მოცემულ შემთხვევაში, მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს რეორგანიზაციის საფუძვლით კადრების განკარგულებაში მყოფი, ყოფილი საქართველოს შეიარაღებული ძალების ...ის ლაზარეთის ექიმი-თერაპევტის (საშტატო კატეგორია „სამოქალაქო პირი“) - თ. კ-ას სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ თავდაცვის ძალების მეთაურის 2022 წლის 22 დეკემბრის MOD 12200005620 ბრძანების კანონიერება, ასევე მოსარჩელის საქართველოს შეიარაღებული ძალების ...ის ლაზარეთის ექიმი-თერაპევტის (საშტატო კატეგორია - „სამოქალაქო პირი“) ტოლფას თანამდებობაზე აღდგენისა და განაცდურის ანაზღაურების დაკისრება.

სადავო სამართალურთიერთობის დროს მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის (ძალადაკარგულია - 27.10.2015, №4346, ძალის დაკარგვის თარიღი - 01.07.2017წ.) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია, საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი, საქართველოს სამინისტროები და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებები წარმოადგენენ სახელმწიფო დაწესებულებებს, რომლებში საქმიანობაც ითვლება საჯარო სამსახურად. ამავე კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „ო“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კანონის მოქმედება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბისა და სახმელეთო ჯარების თანამშრომლებზე/მოსამსახურეებზე ვრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევებში, თუ საქართველოს კონსტიტუციით, სპეციალური კანონმდებლობით ან მათ საფუძველზე სხვა რამ არ არის დადგენილი. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ამ კანონის მოქმედება ვრცელდება ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გაუთვალისწინებელ მოხელეებზე, თუ ამ კატეგორიის მოსამსახურეთა სტატუსის შესახებ საკანონმდებლო აქტებითა და ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად კი, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბისა და სახმელეთო ჯარების თანამშრომელთა/მოსამსახურეთა მიერ სამსახურის გავლის წესი“ მტკიცდება საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანებით. ამ წესით განისაზღვრება აღნიშნულ თანამშრომელთა/მოსამსახურეთა სამსახურებრივი ურთიერთობების საკითხები, მათ შორის, თანამდებობაზე დანიშვნისა და თანამდებობიდან განთავისუფლების, სამსახურის გავლის, ატესტაციის, კვალიფიკაციის ამაღლების, წახალისების ფორმებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების გამოყენების წესები და საფუძვლები. ამ კანონის მოქმედება ამ პუნქტით გათვალისწინებულ თანამშრომლებზე/მოსამსახურეებზე ვრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევებში, თუ სამხედრო მოსამსახურეებთან ურთიერთობების მარეგულირებელი კანონმდებლობით და ამავე პუნქტში მითითებული წესით სხვაგვარად არ რეგულირდება შესაბამისი სამსახურებრივი ურთიერთობები.

სადავო პერიოდში მოქმედი საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 21 ივლისის №583 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის და სახმელეთო ჯარების თანამშრომელთა/მოსამსახურეთა სამსახურის გავლის წესის“ (ძალადაკარგულია - 25.07.2017, №54, ძალის დაკარგვის თარიღი - 26.07.2017წ.) პირველი მუხლის თანახმად, წესი ვრცელდება საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბისა (გარდა სამხედრო პოლიციის დეპარტამენტისა) და სახმელეთო ჯარების სამხედრო მოსამსახურეებზე, სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირებზე, მათ შორის, შტატგარეშე მოსამსახურეებზე.

განსახილველ შემთხვევაში დგინდება, რომ მოსარჩელის, როგორც თავდაცვის სამინისტროს სისტემაში დასაქმებული პირის კადრების განკარგულებაში გადაყვანისა და შემდგომში მისი თანამდებობიდან გათავისუფლების სამართლებრივი საფუძველი გახდა ზემოდასახელებული წესი, რომლის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მოსამსახურე თავისუფლდება შესაბამისი თანამდებობიდან და გადაიყვანება კადრების განკარგულებაში შემდეგ შემთხვევებში: ა) სტრუქტურულ ქვედანაყოფში მიმდინარე რეორგანიზაციასა და შტატების შემცირებისას (მათ შორის, შტატით განსაზღვრული თანამდებობის გაუქმებისას); ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადა არ უნდა აღემატებოდეს ოთხ თვეს. აღნიშნული ვადის ამოწურვამდე კადრების განკარგულებაში ყოფნის შემთხვევაში, მოსამსახურე უნდა დაინიშნოს შესაბამის თანამდებობაზე ან დათხოვნილ/განთავისუფლებულ იქნეს სამსახურიდან. თუ აღნიშნული ვადის ამოწურვისას მოსამსახურე არ დაინიშნება შესაბამის თანამდებობაზე, სამინისტროს უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ დათხოვნის ბრძანების გამოცემის შემთხვევაში, მოსამსახურე ითვლება დათხოვნილად/განთავისუფლებულად აღნიშნული ვადის ამოწურვიდან მეორე დღეს. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, რეორგანიზაციასა და შტატების შემცირებასთან დაკავშირებით მოსამსახურის დათხოვნის/განთავისუფლების შემთხვევაში, მისი კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადა არ უნდა იყოს ორ თვეზე ნაკლები. მოსამსახურის კადრების განკარგულებაში გადაყვანა იმავდროულად წარმოადგენს გაფრთხილებას სამსახურიდან შესაძლო დათხოვნის/განთავისუფლების შესახებ.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ რეორგანიზაციამ მხოლოდ შტატის შემცირების შემთხვევაში შეიძლება გამოიწვიოს პირის სამსახურიდან გათავისუფლება, ამასთან, შტატების შემცირების მოტივით დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლებისას „ერთმანეთისგან უნდა გაიმიჯნოს, ერთი მხრივ, შემთხვევა, როდესაც დაწესებულებაში განხორციელებულ რეორგანიზაციას თან სდევს შტატების შემცირება, რა დროსაც ადმინისტრაციული ორგანო უკეთესის/საუკეთესოს, უპირატესის ამორჩევის პრინციპზე დაყრდნობით უნდა იღებდეს გადაწყვეტილებას ცალკეულ მოხელეთა გათავისუფლების თუ სამსახურში დატოვებასთან დაკავშირებით, ხოლო, მეორე მხრივ, შემთხვევა, როდესაც რეორგანიზაციის დროს უქმდება კონკრეტული საშტატო ერთეული“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილება საქმეზე №ბს-166-165(კ-16)).

მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებული თავდაცვის ძალების მეთაურის 2022 წლის 22 დეკემბრის MOD 12200005620 ბრძანება გამოიცა სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით. აღნიშნული ბრძანების თანახმად, მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების ძირითადი საფუძველია ის გარემოება, რომ რეორგანიზაციის შედეგად ახლად შექმნილი ...ის (...ი) სამედიცინო პუნქტის (...ი) საშტატო განრიგში აღარ არის გათვალისწინებული ექიმი-თერაპევტის სამოქალაქო თანამდებობა.

საკასაციო სასამართლოს მითითებით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ არაერთგზის განიმარტა, რომ საშტატო ერთეული გაუქმებულად ითვლება, როდესაც ფუნქციური დატვირთვით აღარ არსებობს მსგავსი შტატი, ახალი საშტატო ერთეულით განისაზღვრა სხვა უფლება-მოვალეობები, ან/და ამგვარი საშტატო ერთეულის დასაკავებლად სხვა კრიტერიუმებია დადგენილი. რეორგანიზაციის შედეგად შეიძლება ადმინისტრაციული ორგანოს სტრუქტურა შეიცვალოს, გაიყოს და კონკრეტული სამსახურები განსხვავებულად ჩამოყალიბდეს, მაგრამ მოხელის მიერ დაკავებული შტატი არსებითად უცვლელად დარჩეს, ანუ იყოს იმავე იერარქიულ საფეხურზე, თუნდაც სხვა უწყების დაქვემდებარებაში და ითვალისწინებდეს იმავე უფლება-მოვალეობების შესრულებას (სუსგ 08.12.2015წ, №ბს-449-442(კ-15)).

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 9 ნოემბრის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა თ. კ-ას სარჩელი და სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2017 წლის 18 აპრილის MOD 117 00002674 ბრძანება. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 21 აგვისტოს განჩინებით არ დაკმაყოფილდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და თ. კ-ას სააპელაციო საჩივრები, ხოლო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 16 იანვრის განჩინებით დაუშვებლად იქნა მიჩნეული საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და თ. კ-ას საკასაციო საჩივრები. შესაბამისად, უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 21 აგვისტოს განჩინება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 16 იანვრის განჩინებაში აღნიშნულია შემდეგი: ,,მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრება თ. კ-ას ნაწილში „თანამდებობიდან გათავისუფლებისა და კადრების განკარგულებაში გადაყვანის შესახებ“ ბრძანების მართლზომიერების შესახებ, რადგან საქმის მასალებით დასტურდება, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შემადგენლობაში შედიოდა სტრუქტურული ერთეული - ლაზარეთი, რომელიც მოიცავდა 13 შტატს, აქედან 4 შტატი იყო ექიმის, კერძოდ: ექიმი თერაპევტი - 1, ექიმი სპეციალისტი - 2 და ექიმი სტომატოლოგი - 1 შტატი, ოთხივე შტატზე საშტატო კატეგორიად მითითებული იყო სამოქალაქო პირი. თ. კ-ას ეკავა ექიმი თერაპევტის თანამდებობა. განხორციელებული რეორგანიზაციის შედეგად ლაზარეთი გაუქმდა და ერთ-ერთ სტრუქტურულ ერთეულად ჩამოყალიბდა სამედიცინო პუნქტი, რომელშიც გათვალისწინებულ იქნა სულ 14 შტატი, თუმცა აქედან მხოლოდ 3 შტატი იყო ექიმის, კერძოდ: ექიმი სპეციალისტი (სამხედრო პირი) - 1, ექიმი სპეციალისტი (სამოქალაქო პირი) - 2 შტატი. ამდენად, უტყუარად დგინდება რეორგანიზაციის შედეგად შტატების შემცირება, რაც ქმნიდა თ. კ-ას კადრების განკარგულებაში გადაყვანის საკმარის საფუძველს’’.

ასევე დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა თ. კ-ას სააპელაციო საჩივარი და სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 18 მაისის MOD 7 20 00003378 ბრძანება. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 18 ოქტომბრის განჩინებით დაუშვებლად იქნა მიჩნეული საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და თ. კ-ას საკასაციო საჩივრები;

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 18 ოქტომბრის განჩინებაში აღნიშნულია შემდეგი: ,,რეორგანიზაციის შედეგად მართალია შემცირდა შტატთა რაოდენობა და არსებული 4 სამოქალაქო კატეგორიის შტატიდან დარჩა მხოლოდ 2 სამოქალაქო კატეგორიის შტატი, თუმცა მხოლოდ აღნიშნულ გარემოებაზე მითითება არ ასაბუთებს თ. კ-ას სამსახურიდან გათავისუფლების კანონშესაბამისობას’’.

რეორგანიზაციის შედეგად, სამედიცინო პუნქტში ექიმის შტატების შემცირება დასტურდება წინამდებარე საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებითაც, კერძოდ, საქმეში წარმოდგენილი მასალებით დასტურდება, რომ რეორგანიზაციამდე საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2014 წლის 7 ივლისის ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს შეიარაღებული ძალების ...ის საშტატო ნუსხის მიხედვით, ...ის ერთ-ერთ სტრუქტურულ ერთეულს წარმოადგენდა ლაზარეთი, რომელიც განსაზღვრული იყო 13 საშტატო ერთეულით, აქედან უფროსის-ექიმის (საშტატო კატეგორია „სამხედრო პირი“) 1, ექიმი-თერაპევტის 1, ექიმი-სპეციალისტის 2 და ექიმი-სტომატოლოგის 1 (საშტატო კატეგორია „სამოქალაქო პირი“). ასევე დადგენილია, რომ ლაზარეთში ექიმი-თერაპევტის ერთ საშტატო ერთეულზე დასაქმებული იყო მოსარჩელე (საშტატო კატეგორია „სამოქალაქო პირი“). ადმინისტრაციულ ორგანოში ჩატარებული რეორგანიზაციის შედეგად, საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 19 დეკემბრის ბრძანებებით, „სახმელეთო ჯარებში საორგანიზაციო ღონისძიებების ჩატარების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2014 წლის 7 ივლისის ბრძანებიდან ამოღებული იქნა დანართი №1 - ...ის საშტატო ნუსხა და დამტკიცდა ...ის საშტატო ნუსხა, ერთ-ერთ სტრუქტურულ ერთეულად განისაზღვრა სამედიცინო პუნქტი, სადაც სულ განისაზღვრა 14 საშტატო ერთეული, აქედან დამტკიცდა პუნქტის უფროსის 1, ექიმი-სპეციალისტის (საშტატო კატეგორია „სამხედრო პირი“) 1, ექიმი-სპეციალისტის (საშტატო კატეგორია „სამოქალაქო პირი“) 2. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დგინდება, რომ რეორგანიზაციის შედეგად, სახეზეა სამედიცინო პუნქტში ექიმის შტატების შემცირება.

საქმეში არსებული მტკიცებულებებით, მათ შორის, 2017 წლის 26 ივნისის წერილის შინაარსით და ადმინისტრაციული ორგანოს ახსნა-განმარტებებით დგინდება, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ... თავდაცვის სარდლობამ, დაწესებულებაში რეორგანიზაციის ჩატარების შედეგად, ...ში გაითვალისწინა სამედიცინო პუნქტის უფროსისა და სამი ექიმი-სპეციალისტის თანამდებობა. ამასთანავე, სამედიცინო პუნქტის უფროსი სამხედრო პირია და ამ თანამდებობაზე იგი შერჩეულია თერაპიის მიმართულებით, შინაგანი მედიცინის სერტიფიკატით. 2017 წლის 26 ივნისის წერილიდან ასევე გამომდინარეობს, რომ ექიმი-თერაპევტი თ. კ-ა იყო სამოქალაქო კატეგორიის თანამდებობის პირი და დაწესებულების რეორგანიზაციის პირობებში, მისი თანამდებობის შენარჩუნების შესაძლებლობა უნდა გადაწყვეტილიყო ექიმი-სპეციალისტის რანგში, თუმცა ადმინისტრაციულმა ორგანომ ჩათვალა, რომ სამედიცინო მომსახურების სრულყოფილად აღმოჩენის მიზნებისათვის, სამოქალაქო თანამდებობებზე პრიორიტეტულად გათვალისწინებული უნდა ყოფილიყო სხვა მიმართულების სერტიფიკატის მქონე ექიმები, კერძოდ, დაწესებულებამ ექიმი-სპეციალისტების თანამდებობებზე პრიორიტეტი მიანიჭა იმ სამოქალაქო პირებს (ექიმებს), რომელთაც გააჩნდათ ნევროპათოლოგის, ქირურგისა და სტომატოლოგის სერტიფიკატები (ლაზარეთის უფროსი ექიმი დასაქმდა სარდლობის შტაბის ...-ის სამსახურის სამედიცინო უზრუნველყოფის დაგეგმვის ოფიცრად, ხოლო ორი ექიმი-სპეციალისტი (სამოქალაქო პირი) და ერთი ექიმი-სტომატოლოგი (სამოქალაქო პირი) - ...ის ...ის ... რგოლის სამედიცინო პუნქტის ექიმ-სპეციალისტებად).

ამდენად, საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ რეორგანიზაციისა და შესაბამისად, საშტატო ნუსხაში განხორციელებული ცვლილების შემდეგ, აღარ არსებობს ისეთი ფუნქციური დატვირთვის მატარებელი თანამდებობა, როგორიც მოსარჩელეს ჰქონდა დაკავებული. ამასთან, რეორგანიზაციის შემდეგ ანალოგიური ფუნქციური დატვირთვის მატარებელი თანამდებობა ცვლილების განხორციელების შედეგად, არ შექმნილა. შესაბამისად, სახეზე არ არის შემთხვევა, როდესაც ადმინისტრაციულ ორგანოს ექიმ-სპეციალისტების კვალიფიკაციის, პროფესიული უნარ-ჩვევებისა და უკეთესის/საუკეთესოს, უპირატესის ამორჩევის პრინციპზე დაყრდნობით ევალებოდა გადაწყვეტილების მიღება ერთის განთავისუფლების და შედარებით უკეთესი მონაცემებისა და კონკრეტული უპირატესობების მქონე 2 ექიმ-სპეციალისტის სამსახურში დატოვების თაობაზე.

საკასაციო სასამართლოს განმარტებით, საკადრო საჭიროებების შეფასებისა და აღნიშნულის შედეგად საკადრო საკითხების გადაწყვეტისას ადმინისტრაციული ორგანო სარგებლობს მიხედულების ფართო ფარგლებით. შესაბამისად, განსაზღვრა იმისა, კონკრეტულად რომელი შტატის/შტატების არსებობაა საჭირო და საკმარისი ადმინისტრაციული ორგანოს სრული, ეფექტური და მაქსიმალურად ეკონომიური ფუნქციონირებისათვის, ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციის სფეროს განეკუთვნება. ამასთან, რეორგანიზაციის განხორციელების აუცილებლობის არსებობის პირობებში, რეორგანიზაციის საფუძველზე საკადრო ოპტიმიზაცია ადმინისტრაციული ორგანოს შეხედულების შესაბამისად წარიმართება, თავად ადმინისტრაციული ორგანოა ექსკლუზიურად კომპეტენტური განსაზღვროს, კონკრეტულად რომელი შტატის დამატება-გაუქმება ან რომელ შტატთა გაერთიანება უწყობს ხელს საჯარო მმართველობის ეფექტურად განხორციელებას.

სასამართლო ყურადღებას მიაქცევს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ პრაქტიკაზე, რომლის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია შეცვალოს არსებული ორგანიზაციული მოწყობა, მოახდინოს შტატების ოპტიმიზაცია, საშტატო ერთეულის დამატება, გაერთიანება ან გაუქმება, ადმინისტრაცია ცვლილებების გატარებისას სარგებლობს მიხედულების, თავისუფალი დისკრეციის უფლებამოსილებით, ხოლო სასამართლო კონტროლი ამ პროცესში მოიცავს კანონიერების და არა მიზანშეწონილობის საკითხებს (სუსგ 12.04.2018წ. №ბს-1102-1096(კ-17)). ამდენად, სასამართლო კონტროლი გარკვეული თავისებურებებით ხასიათდება, კერძოდ, ადმინისტრაციულ ორგანოში რეორგანიზაციის ჩატარების პირობებში სასამართლო ვერ იმსჯელებს კონკრეტული საშტატო ერთეულის გაუქმების ან დამატების საჭიროებაზე, არამედ, ამ პროცესში სასამართლო ამოწმებს აქვს თუ არა ადგილი საშტატო ერთეულების მხოლოდ ფორმალურ ცვლილებას და მოხელის გათავისუფლების მოტივით ორგანოს მიერ ხელოვნური პროცედურების განხორციელებას, მოხელეთა თანასწორუფლებიანობის შეზღუდვას, გადაწყვეტილების მიღების პროცედურული საკითხების დარღვევას და სხვა.

ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოს შეფასებას, რომ ახლადდამტკიცებული საშტატო ნუსხის პირობებში, გამოირიცხა თ. კ-ას დარჩენის შესაძლებლობა საქართველოს შეიარაღებული ძალების ...ის ლაზარეთის ექიმი-თერაპევტის (საშტატო კატეგორია - „სამოქალაქო პირი“) თანამდებობაზე, ვინაიდან სამოქალაქო პირთა საშტატო კატეგორიაში აღარ არის გათვალისწინებული ექიმი-თერაპევტის შტატი, შესაბამისად, შესაძლებელი არ არის ძველი და ახალი ფუნქცია-მოვალეობების გაიგივება. ფუნქცია-მოვალეობათა იდენტურობის შეფასება გამოირიცხა როგორც ფაქტობრივად არსებული ვითარების ანალიზის შედეგად, ისე ოფიციალური დოკუმენტით (შესაბამისი ნორმატიული აქტით) ...ის საშტატო ნუსხაში, სამოქალაქო პირთა კატეგორიაში, ექიმი-თერაპევტის ფუნქცია-მოვალეობების განუსაზღვრელობის მიზეზით. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ ამომწურავად დაასაბუთა არსებული ობიექტური მიზეზები, რამაც რეალურად განაპირობა მოსარჩელის შტატის საჭიროების არარსებობა, მისი გაუქმების მომენტისათვის. სამსახურში ჩატარებული რეორგანიზაცია და მოსარჩელის შტატის გაუქმება შესაბამისობაში იყო იმ დროს მოქმედ კანონმდებლობასთან და არ ეწინააღმდეგებოდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულისათვის განსაზღვრულ მიზნებს, რის გამოც მართებულად იქნა ძალაში დატოვებული გასაჩივრებული აქტი და შესაბამისად, არ დაკმაყოფილდა მოთხოვნები - საქართველოს შეიარაღებული ძალების ...ის ლაზარეთის ექიმი-თერაპევტის (საშტატო კატეგორია - „სამოქალაქო პირი“) ტოლფას თანამდებობაზე აღდგენისა და განაცდურის ანაზღაურების თაობაზე.

ამასთან, დამატებით საყურადღებოა ის გარემოება, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროში მოსარჩელის მიერ დაკავებული თანამდებობის ფუნქციურად გაუქმების მიუხედავად, 2020 წლის 18 მაისის MOD 720 00003378 ბრძანების გამოცემასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, თ. კ-ას, როგორც კადრების განკარგულებაში მყოფ პირს, შესთავაზეს ...ის სამედიცინო პუნქტის ექიმი-სპეციალისტის თანამდებობაზე (...ი) დანიშვნა, თუმცა თ. კ-ამ შეთავაზებაზე წერილობითი უარი განაცხადა. სადავო 2022 წლის 22 დეკემბრის MOD 122 00005620 ბრძანების გამოცემისას, თ. კ-ას ასევე შესთავაზეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების ... თავდაცვის სარდლობის ... თავდაცვის ბრიგადის უზრუნველყოფის ბატალიონის უზრუნველყოფის ასეულის სამედიცინო პუნქტის ექიმი-სპეციალისტის (თბილისი, ...) ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშვნა, თუმცა აღნიშნულზეც თ. კ-ამ კვლავ წერილობითი უარი განაცხადა.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. თ. კ-ას საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 25 ივნისის განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. მაკარიძე

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

თ. ოქროპირიძე