Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

ბს-1105 (კ-23) 18 ივნისი, 2025 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: თამარ ოქროპირიძე, გიორგი გოგიაშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 06.09.2023წ. განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ე.მ-მა 29.07.2022წ. სარჩელით მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილის 08.07.2022წ. N38-3822189127 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და ქ. რუსთავში, ...ას გამზირზე მდებარე უძრავ ქონებაზე (ს/კ N...) მიშენების ნებართვის გაცემის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ქ. რუსთვის მუნიციპალიტეტის მერიისათვის გამოცემის დავალდებულება.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 09.12.2022წ. გადაწყვეტილებით ე.მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილის 08.07.2022წ. N38-3822189127 გადაწყვეტილება, ადმინისტრაციულ ორგანოს საქმის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ დაევალა ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 06.09.2023წ. განჩინებით ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 09.12.2022წ. გადაწყვეტილება. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის 08.07.2022წ. №38-3822189127 გადაწყვეტილებით განმცხადებელს უარი ეთქვა ქ. რუსთავში, ...ას გამზ. №29-ში მდებარე საცხოვრებელ ბინაზე (ს/კ N...) მიშენების ნებართვის გაცემაზე იმ საფუძვლით, რომ ადგილზე დათვალიერებისა და დამატებითი კვლევების შედეგად დადგინდა არსებულ კორპუსზე მიშენებების არ არსებობა, სივრცითი გეგმარების გაუარესება და შიდა ეზოში შესასვლელი გზის შეზღუდვა. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ განსახილველ შემთხვევაში მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ ისე გამოსცა სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მშენებლობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შესახებ, რომ ობიექტურად არ გამოუკვლევია საქმის გარემოებები და საკითხის გადაწყვეტისას ცალმხრივად დაეყრდნო იმ ფაქტს, რომ ამავე საცხოვრებელ კორპუსს სხვა მიშენება არ ჰქონდა, ამასთან, უარესდებოდა სივრცითი გეგმარება და იზღუდებოდა შიდა ეზოში შესასვლელი გზა. ადმინისტრაციული ორგანო საკითხის ამგვარ გადაწყვეტამდე მივიდა ისე, რომ არ გაითვალისწინა ადმინისტრაციული წარმოების ეტაპზე წარდგენილი ამხანაგობის წევრთა 100%-იანი თანხმობა იმ პირობებში, როდესაც სწორედ ამხანაგობაა დაინტერესებული ეზოში შესასვლელი გზით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, ადგილზე დათვალიერებით შესაძლებელი იქნებოდა იმ ფაქტის შეფასება თუ რა პარამეტრებით იცვლიდა საზღვრებს ეზოში შესასვლელი გზა, რაც არ განხორციელებულა.

სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ გასაჩივრებული აქტიდან არ დგინდება, თუ როგორ შეძლო ადმინისტრაციულმა ორგანომ დაედგინა ის გარემოება, რომ მოსარჩელის დაინტერესებაში არსებული მშენებლობა ზღუდავდა საჯარო ინტერესს სივრცითი გეგმარების გაუარესების გამო, მით უფრო იმ პირობებში, თუ მიშენებას ადგილი ექნებოდა საცხოვრებელი კორპუსის არა გარე ფასადის, არამედ შიდა ეზოს მხრიდან. სააპელაციო პალატა აღნიშნა, რომ სადავო აქტი, რომელიც გამოცემულია დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მიზანშეწონილობაზე მითითებით, აუცილებლად უნდა შეიცავდეს ფაქტობრივ და სამართლებრივ მოტივაციას ზემოაღნიშნულ საკითხებზე მსჯელობის თაობაზე. მოცემულ შემთხვევაში სადავო აქტი არ შეიცავს საკითხის იმგვარად გადაწყვეტის დასაბუთებას, რასაც იმპერატიულად ადგენს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლი. დაუშვებელია ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილების კანონიერების მტკიცება მხოლოდ დისკრეციული უფლებამოსილების არსებობაზე მითითებით. ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილების კანონიერების დადგენა უპირველესად მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთებიდან ხდება შესაძლებელი. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში ადმინისტრაციულმა ორგანომ ვერ დაასაბუთა, თუ რაში გამოიხატება საჯარო ინტერესის უპირატესობა ან/და საზოგადოებრივი საჭიროება, რომელიც შეზღუდავს მოსარჩელის უფლებას სამშენებლო განვითარებაზე. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია სრულფასოვნად გამოიყენოს მისთვის ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილება და სრულყოფილად შეისწავლოს მიშენების განხორციელების შემთხვევაში საცხოვრებელ სახლთან მისასვლელი გზის შეზღუდვის საკითხი, საჭიროების შემთხვევაში გამოკითხოს ამავე მისამართზე მცხოვრები პირებიც, ამასთან, ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა დაასაბუთოს ამგვარი მიშენებების არარსებობა რამდენად არის რეალურად მშენებლობის ნებართვის გაცემისათვის ობიექტურად დამაბრკოლებელი გარემოება, ხოლო სივრცითი გეგმარების საკითხის შეფასებისას უნდა იხელმძღვანელოს კანონიერებისა და მიზანშეწონილობის თვალსაზრისით და გადაწყვეტილება მიიღოს იმგვარად, რომ არ შეილახოს პირის კანონით გარანტირებული საკუთრების უფლება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 06.09.2023წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ.

კასატორმა აღნიშნა, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ გადაწყვეტილება მიიღო დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში. არასწორი პრაქტიკის ჩამოყალიბების, ეზოში შესასვლელი გზის გამტარუნარიანობის შეფასების, სივრცის დაგეგმარების გაუარესებისა და საცხოვრებელი კორპუსების დამახინჯების თავიდან არიდების მიზნით ადმინისტრაციულმა ორგანომ მიიღო მიშენების ნებართვის გაცემაზე უარის თქმის გადაწყვეტილება. კასატორმა მიუთითა, რომ დისკრეციული უფლებამოსილება ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება. დისკრეციული უფლებამოსილების რეალიზების დროს დაცული უნდა იყოს საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის პრინციპი. კასატორმა აღნიშნა, რომ საჯარო ინტერესის ცნების განსაზღვრისას უნდა გამოიყოს რამდენიმე ელემენტი. უპირველესად მნიშვნელოვანია ადრესატთა წრე - საჯარო ინტერესი ნიშნავს არა ცალკეულ ინდივიდს, არამედ ინდივიდთა ერთობლიობას, რომელიც ქმნის ერთ მთლიან ორგანიზმს. მომდევნო არსებით შემადგენელ ელემენტს წარმოადგენს მისაღწევი მიზანი, რაც საყოველთაო სარგებლის დამკვიდრებაში გამოიხატება. საყოველთაო სარგებელი არ ნიშნავს მარტოოდენ პირადი კეთილდღეობისაკენ სწრაფვას, იგი ასევე გულისხმობს მოსახლეობისათვის უსაფრთხო გარემოს არსებობას, კომფორტულ სატრანსპორტო ინფრასტრუქტურას და ა.შ..

კასატორის მოსაზრებით ადმინისტრაციული ორგანოს მიზანს და ვალდებულებას წარმოადგენს იმ გარემოებათა შეფასება თუ რა შედეგის მომტანი იქნება მშენებლობის ნებართვის გაცემა მუნიციპალიტეტისათვის სამომავლოდ. სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ 2019 წლიდან დღემდე მნიშვნელოვნად შემცირდა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაცემული მშენებლობის ნებართვების რიცხვი. ადმინისტრაციული ორგანოს მიდგომა უპირველესად დაკავშირებულია საჯარო ინტერესთან - საზოგადოებისათვის უსაფრთხო გარემოს მოწყობასთან და იმ არასწორი პრაქტიკის თავიდან აცილებასთან, რომლის საფუძველზეც დამახინჯებულია კორპუსები, იცვლება მათი არსებული იერსახე, სამომავლოდ იქმნება მოსახლეობისათვის საცხოვრებლად საშიში გარემო. კასატორის მოსაზრებით ვითარებას არ ცვლის ის თუ რომელი მხრიდან - ფასადის თუ ეზოს მხრიდან განხორციელდება მშენებლობა, მით უფრო მაშინ, როდესაც მიშენების შემთხვევაში 2.5 მეტრით მცირდება ეზოში შესასვლელი გზა, რაც შეაფერხებს გზის გამტარუნარიანობას. კასატორი თვლის, რომ ამხანაგობის კრების ოქმის წარმოდგენა არ ნიშნავს იმას, რომ ე.მ-ის მიერ საცხოვრებელ კორპუსზე მიშენების განხორციელების შემთხვევაში არ დაირღვევა საჯარო ინტერესი, რადგან ამხანაგობის დაინტერესება გამომდინარეობს სამომავლოდ მათთვისაც მიშენების ნებართვის მოპოვების ინტერესებიდან, რაც შექმნის ერთგვარ არასწორ პრაქტიკას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საქმის მასალების მიხედვით, ე.მ-მა 06.12.2021წ. განცხადებით მიმართა მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს არქიტექტურის სამსახურს, მის საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ ფართზე მიშენების განხორციელების მიზნით მშენებლობის ნებართვის გაცემის მოთხოვნით. ადმინისტრაციული წარმოების პროცესში განმცხადებელს მოეთხოვა სხვადასხვა დოკუმენტის წარდგენა, მათ შორის: განახლებული ოქმის (ბინათმესაკუთრეთა 100%-ის თანხმობით), საინჟინრო-გეოლოგიურ კვლევაში შეცდომების გასწორების (ზომები, კლასი), ასევე სახელმწიფო აკრედიტაციის მქონე პირის მიერ შედგენილი ექსპერტიზის დასკვნის (არსებული შენობის მზიდუნარიანობისა და პროექტით გათვალისწინებული რეკონსტრუქციის შემთხვევაში, მიშენების განხორციელების შესაძლებლობის შესახებ), საკომუნიკაციო ქსელების მფლობელ კომპანიებთან პროექტის შეთანხმების და მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის. მოსარჩელის მიერ შესრულებულ იქნა ყველა პირობა და წარდგენილ იქნა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მოთხოვნილი დოკუმენტები. აღნიშნულის მიუხედავად, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის 08.07.2022წ. №38-3822189127 გადაწყვეტილებით განმცხადებელს უარი ეთქვა ქ. რუსთავში, ...ას გამზ. №29-ში მდებარე საცხოვრებელ ბინაზე (ს/კ N...) მიშენების ნებართვის გაცემაზე იმ საფუძვლით, რომ ადგილზე დათვალიერებისა და დამატებითი კვლევების შედეგად დადგინდა არსებულ კორპუსზე მიშენებების არ არსებობა, სივრცითი გეგმარების გაუარესება და შიდა ეზოში შესასვლელი გზის შეზღუდვა. ამდენად, მოსარჩელეს მშენებლობის ნებართვის გაცემაზე უარი ეთქვა იმის გამო, რომ საცხოვრებელ კორპუსს არ ჰქონდა სხვა მიშენებები, უარესდებოდა სივრცითი გეგმარება და იზღუდებოდა შიდა ეზოში შესასვლელი გზა. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს საქმეში დაცულ, სასამართლოს მიერ გამოთხოვილ და შესაბამისად ადმინისტრაციული წარმოების დასრულების შემდგომ გაცემულ დოკუმენტზე - ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის სამსახურის 07.11.2022წ. №05-382231120 წერილზე რომლითაც დგინდება, რომ ქ. რუსთავში, ...ას გამზ. №29-ში მდებარე საპროექტო შენობის არსებული კედელი ორი მხრიდან შემოსაზღვრულია ეზოში შემავალი გზით, შესაბამისად, მანძილებია 8.7 მ. და 5.27 მ., მიშენების განხორციელების შემთხვევაში 8.7 მ-იანი დაშორება შემცირდება 2.5მ-ით. აღსანიშნავია, რომ სადავო აქტით ისე ეთქვა მოსარჩელეს უარი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, რომ გზის შეზღუდვის მასშტაბი ადმინისტრაციული წარმოების პროცესში არ დადგენილა და მხოლოდ სასამართლოს მიერ გამოთხოვილი ინფორმაციის შედეგად გახდა ცნობილი მიშენების შემთხვევაში 8.7 მეტრიანი ფართობის გზის 2.5 მეტრით შემცირების შესახებ, რაც საჭიროებს ადმინისტრაციული წარმოების პროცესში მოცემული საკითხის სრულყოფილად გამოკვლევას, კერძოდ, შესაფასებელია 2.5 მეტრიანი შეზღუდვის გავლენა გზის გამტარუნარიანობაზე. ამასთან, აღსანიშნავია, რომ საუბარია ეზოში შესასვლელი გზის შეზღუდვაზე, ხოლო საქმეში დაცულია ამხანაგობის წევრთა 100%-იანი თანხმობა მიშენებასა და ამ პროცესით გამოწვეულ ცვლილებებზე.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 9.2 მუხლზე, რომლის თანახმად სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი დაგეგმვის პროცესში უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია უზრუნველყოს ყველა მნიშვნელოვანი საჯარო ინტერესისა და კერძო ინტერესის შეწონასწორება და დაბალანსება. ქალაქთმშენებლობითი დაგეგმვის პროცესში უზრუნველყოფილი უნდა იქნეს სივრცის დაგეგმარების სფეროში საჯარო ინტერესებისა და კერძო ინტერესების შეჯერება (ამავე კოდექსის 38.2 მუხ.). მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელეს ისე ეთქვა უარი მშენებლობის ნებართვის გაცემაზე სივრცითი გეგმარების გაუარესებაზე მითითებით, რომ სადავო აქტში აღნიშნული არ არის საპროქტო დოკუმენტაციით გათვალისწინებული მიშენების განხორციელების შემთხვევაში კონკრეტულად რაში გამოიხატებოდა სივრცითი გეგმარების გაუარესება, ასევე სადავო აქტი არ შეიცავს საჯარო და კერძო ინტერესის შეწონასწორების საფუძველზე საჯარო ინტერესის სასარგებლოდ გადაწყვეტილების მიღების დასაბუთებას. ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ საქმეში დაცულია არაერთი საექსპერტო კველვა, რომელთა თანახმად შენობა-ნაგებობის მიშენებასთან დაკავშირებით ჩატარებული საინჟინრო გეოლოგიური სამუშაოები აკმაყოფილებს მოქმედი სამშენებლო ნორმების მოთხოვნებს. პროექტის კონსტრუქციული ნაწილი შესრულებულია სამშენებლო ნორმებისა და წესების დაცვით. ამასთან, ინსპექტირების ანგარიში ადასტურებს პირველ სართულზე დაგეგმილი მიშენების განხორციელების შესაძლებლობას ტექნიკური თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მართალია უფლებამოსილებათა განხორციელება ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან ხორციელდება არქიტექტურულ-სამშენებლო სფეროს მარეგულირებელი კანონმდებლობის საფუძველზე, რისთვისაც იგი სარგებლობს დისკრეციული უფლებამოსილებით და რის საფუძველზეც შესაძლებლობა აქვს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების შესწავლისა და შეფასების შემდგომ განსაზღვროს ამა თუ იმ სამშენებლო სამუშაოების განხორციელების მიზანშეწონილობა და მისი შესაბამისობა სამსახურის მიერ შემუშავებულ ქალაქის განვითარების პოლიტიკასთან, თუმცა ადმინისტრაციული ორგანოს მიხედულება უკიდეგანო არ არის და მის ფარგლებში თვითნებობის, დისკრიმინაციის, დისკრეციული უფლებამოსილების გადაჭარბების ან არამიზნობრივი გამოყენების გამოვლენა დაუშვებელია. დისკრეციული უფლებამოსილება სამართლებრივად შებოჭილი თავისუფლებაა. სასამართლო კონტროლი ამ პროცესზე მოიცავს კანონიერების და არა მიზანშეწონილობის საკითხებს.

სზაკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი და მე-5 ნაწილების შესაბამისად, წერილობითი ფორმით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე (სზაკ-ის 53-ე, 96-ე მუხ.). ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის სადავო აქტი დაუსაბუთებელია, მიღებულია საქმის გარემოებათა ყოველმხრივი გამოკლვევისა და საქმეში არსებული მტკიცებულებების სათანადო შეფასების გარეშე.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 06.09.2023წ. განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: თ. ოქროპირიძე

გ. გოგიაშვილი