Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-112(2კ-25) 16 ივნისი, 2025 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, გიორგი გოგიაშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 10 მაისის განჩინებაზე (მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - გ.წ-ი).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

გ.წ-მა 2021 წლის 13 მაისს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ და მოითხოვა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2021 წლის 25 იანვრის №000779 დადგენილების (სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე) და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2021 წლის 30 მარტის №395 ბრძანების (ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე) ბათილად ცნობა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 11 მარტის გადაწყვეტილებით გ.წ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2021 წლის 30 მარტის №395 ბრძანება; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2021 წლის 25 იანვრის №000779 დადგენილება, სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურ ინსპექციას დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემა. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა გ.წ-ის, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 10 მაისის განჩინებით გ.წ-ის, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 11 მარტის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა "საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის" 123-ე, 124-ე, 125-ე, 127-ე მუხლები და აღნიშნა, რომ გ.წ-ი სადავოდ არ ხდის მის მიერ უნებართვოდ დაშენების განხორციელების ფაქტს, თუმცა, მიუთითებს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2022 წლის 26 იანვრის №000476822 ექსპერტიზის დასკვნაზე და მიიჩნევს, რომ არ მომხდარა სხვენის სახურავის კეხის სიმაღლის ცვლილება და სხვენის პარამეტრების (გაბარიტული ზომების) ცვლილება.

სააპელაციო სასამართლომ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა "საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის" კოდექსის 131-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეეპუნქტზე, რომლი თანახმად, უნებართვო მშენებლობა (გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა)... ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში გამოიწვევს დაჯარიმებას კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, III ან IV კლასის შენობა - ნაგებობის მშენებლობისთვის ან/და III ან IV კლასის შენობა - ნაგებობაზე განხორციელებული მშენებლობისთვის − 20 000 ლარის ოდენობით. ხოლო მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ ტერიტორიაზე უნებართვო რეკონსტრუქცია, რომელიც არ იწვევს შენობა ნაგებობის გაბარიტების შეცვლას, გამოიწვევს დაჯარიმებას 4 000 ლარის ოდენობით. მიუთითა, რომ ნორმის მე-5 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის შენობა - ნაგებობის გაბარიტების შეცვლის გარეშე რეკონსტრუქციად ითვლება ისეთი რეკონსტრუქცია, რომლის დროს არ იცვლება შენობა - ნაგებობის საძირკველის, გარე შემომზღუდავი კონსტრუქციებისა და სახურავის პარამეტრები.

პალატის მსჯელობით, მტკიცებულებათა თავისუფალი შეფასების პრინციპიდან გამომდინარე, სასამართლო მტკიცებულებების გამოკვლევის შემდეგ, თავად წყვეტს, რომელი მათგანი უნდა მიიჩნიოს სარწმუნოდ და გაიზიაროს. სადავო საკითხთან მიმართებით სასამართლომ ყურადღება გაამახვილა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2022 წლის 26 იანვრის №000476822 ექსპერტიზის დასკვნის შინაარსზე, სადაც მითითებულია, რომ რეკონსტრუქციის შედეგად არ მომხდარა სხვენი №13ა-ს პერიმეტრის პარამეტრების (გაბარიტული ზომების) ცვლილება. მითითებული ექსპერტიზის დასკვნის გასაბათილებლად, სააპელაციო სასამართლომ ვერ გაიზიარა აპელანტების - ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენლების მითითება საქმეში წარდგენილ ფოტომასალებზე და მიიჩნია, რომ მხოლოდ ფოტომასალით შეუძლებელია დადგინდეს გ.წ-ის მიერ განხორციელებული უნებართვო სამუშაოების შედეგად გაიზარდა თუ არა გადახურვის კეხის სიმაღლე და შეიცვალა თუ არა გადახურვის ქანობი (რეკონსტრუქციის შედეგად ადგილი ჰქონდა თუ არა სხვენი №13ა-ს პერიმეტრის პარამეტრების (გაბარიტული ზომების) ცვლილებას). რაც შეეხება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლების არგუმენტაციას 2022 წლის 26 იანვრის №000476822 ექსპერტიზის დასკვნის კვლევით ნაწილზე, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ იმ შემთხვევაში თუ ადმინისტრაციული ორგანო არ იზიარებს მოსარჩელის მიერ წარდგენილ ექსპერტიზის დასკვნას, მას შეუძლია დამატებითი მოკვლევის მიზნით, ზეპირ სხდომაზე დაკითხოს ექსპერტები ან თავად ჩაატაროს ალტერნატიული ექსპერტიზა. საგულისხმოდ მიიჩნია, რომ ადმინისტრაციული წარმოების ეტაპზე ადმინისტრაციულმა ორგანომ უპირობოდ არ გაიზიარა მოსარჩელის არგუმენტაცია და მხოლოდ ფოტომასალაზე დაყრდნობით დადგენილად მიიჩნია სადავო გარემოება.

სააპელაციო სასამართლოს მსჯელობით, იმის გათვალისწინებით, რომ სადავო აქტების მიღებისას მოპასუხეთა მიერ არ განხორციელებულა ადმინისტრაციული აქტის საფუძვლად არსებული გარემოებების სათანადოდ გამოკვლევა, შეფასება, სადავო საკითხი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ხელახალ სრულყოფილ შესწავლას საჭიროებს. ქვედა ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ ხელახალი ადმინისტრაციული წარმოების დროს, ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა გამოიკვლიოს მოსარჩელის მიერ განხორციელებული სამშენებლო - სარეკონსტრუქციო სამუშაოების შედეგად ადგილი ჰქონდა თუ არა არსებული შენობა - ნაგბობის გაბარიტების ცვლილებას. ამ მიზნის მისაღწევად კი, საკითხის განმხილველი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, სრულფასოვნად გამოიყენოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილება, მოიპოვოს მტკიცებულებები, შეფასება მისცეს როგორც მხარის მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს, ასევე, თავად უზრუნველყოს დამატებითი მტკიცებულებების მოპოვება და გამოკვლევა, დაადგინოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები და მხოლოდ ამის შემდგომ მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 10 მაისის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციისა და ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ.

კასატორის - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის წარმომადგენლის განმარტებით, სააპელაციო სასამართლო საკითხზე მსჯელობის დროს მთლიანად დაეყრდნო 2022 წლის 26 იანვრის №000476822 ექსპერტიზის დასკვნას, რომლის მიხედვითაც თითქოს და განხორციელებული სამუშაოებით არ შეცვლილა სახურავის კეხის სიმაღლე და შესაბამისად შენობა - ნაგებობის გაბარიტი. კასატორი აღნიშნავს, რომ მითითებული ექსპერტიზის დასკვნის ამოსავალი წერტილი გაბარიტის ცვლილებასთან მიმართებაში შედარებული იყო ობიექტის მომიჯნავე სამხრეთ ნაწილში არსებული მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის კეხის სიმაღლესთან და არა საინვენტარიზაციო გეგმაზე დატანილი შენობა - ნაგებობის ძველ გაბარიტთან. მიიჩნევს, რომ სასამართლომ ყურადღების გარეშე დატოვა ექსპერტიზის დასკვნის კვლევის ნაწილი, სადაც საუბარი არ არის ძველ ფაქტობრივ გარემოებასთან მიმართებაში შედარებაზე. თვლის, რომ ორივე ინსტანციის სასამართლომ არასწორად შეაფასა მტკიცებულება და არასწორი შეფასება მისცა სადავო საკითხს.

კასატორი - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელი მიუთითებს „მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა - ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №255 დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტზე და მე-3 მუხლის 50-ე პუნქტზე, ასევე, საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 93-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 94-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილზე და მე-3 მუხლის „ჰ18 “ ქვეპუნქტზე და აღნიშნავს, რომ საქმის მასალებში წარმოდგენილი დოკუმენტაციის, მათ შორის, სადავო დადგენილების გამოცემის დროისთვის არსებული ვითარების ამსახველი ფოტოსურათებით დგინდება, რომ ქ. თბილისში, ...ის ქუჩის .... შესახვევი №..., ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ნივთზე (სხვენი №13ა) განხორციელებულია დაშენება (მოწყობილია ხის კოჭები, კაპიტალური კედლები, გაზრდილია გადახურვის კეხის სიმაღლე და შეცვლილია გადახურვის ქანობი). კასატორის განმარტებით, იმ სახის სამშენებლო სამუშაოებს, რომელსაც ადგილი აქვს განსახილველ შემთხვევაში, ესაჭიროებოდა შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაცემული მშენებლობის ნებართვა. მისივე მსჯელობით, ის ფაქტი, რომ მოცემული სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების ფარგლებში ვერ იქნა წარმოდგენილი მშენებლობის განხორციელების კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტაცია ცალსახად მიუთითებს გასაჩივრებულ დადგენილებაში მითითებული სამშენებლო სამუშაოების უნებართვო ხასიათზე, რაც მისივე მსჯელობით, კანონმდებლობის თანახმად, სამართალდამრღვევზე პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველს წარმოადგენს.

ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ სახეზეა საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 131-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამართალდარღვევა და არსებობს ამავე ნორმით განსაზღვრული პასუხისმგებლობის (გ.წ-ისათვის) დაკისრების საფუძველი. ამასთან, კასატორი მიიჩნევს, რომ ჯარიმის დაკისრებასთან ერთად უნებართვოდ განხორციელებული დაშენების დემონტაჟის დავალება წარმოადგენდა მუნიციპალური ინსპექციის კანონით მინიჭებულ უფლებამოსილებას და გამომდინარეობს სამართალდარღვევის აღმოფხვრის მიზნიდან.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 7 თებერვლის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივრები.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით

საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში, გ.წ-ის სასარჩელო მოთხოვნებს წარმოადგენდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2021 წლის 25 იანვრის №000779 დადგენილების (სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე) და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2021 წლის 30 მარტის №395 ბრძანების (ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე) ბათილად ცნობა. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების პირობებში, საკასაციო საჩივრები წარმოდგენილია მხოლოდ ადმინისტრაციული ორგანოების მიერ, ამდენად საკასაციო პალატა შეაფასებს ქვედა ინსტანციის სასამართლოს განჩინების კანონშესაბამისობას სარჩელის დაკმაყოფილებულ ნაწილზე.

საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ ინსპექტირების შედეგად გამოავლინა ქ. თბილისში, ...ის მე- შესახვევი №...-ში არსებულ, №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ სხვენზე გ.წ-ის მიერ შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე სამშენებლო სამუშაოების განხორციელების ფაქტი. აღნიშნულთან დაკავშირებით შედგა დათვალიერების ოქმი. 2017 წლის 20 ოქტომბრის ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დგინდება, რომ №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული, ქ. თბილისში, ...ის მე-... შესახვევი №... მდებარე სხვენი (№13ა), ფართით 72.78 კვ.მ. საკუთრების უფლებით აღრიცხულია გ.წ-ის სახელზე.

დადგენილია, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიერ, 2020 წლის 9 სექტემბერს გ.წ-ის მიმართ შედგა №000779 მითითება, რომლის თანახმად, ქ. თბილისში, ...ის მე-... შესახვევი №...-ში არსებულ, №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული სხვენის სართულზე შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე მიმდინარეობდა დაშენების სამუშაოები, კერძოდ, მოწყობილი იქნა ხის კოჭები და კაპიტალური კედლები, ასევე, გაიზარდა გადახურვის კეხის სიმაღლე და შეიცვალა ქანობი. ამავე მითითებით, სამშენებლო სამუშაოების ეტაპი დაფიქსირდა - მიმდინარე და დამრღვევს განესაზღვრა 15 (თხუთმეტი) კალენდარული დღის ვადა განხორციელებული სამშენებლო სამუშაოების კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარსადგენად ან უსაფრთხოების ნორმების დაცვით უნებართვოდ განხორციელებული ობიექტის დემონტაჟის განსახორციელებლად (პირვანდელ მდგომარეობაში მოსაყვანად).

2020 წლის 25 სექტემბერს, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიერ, გ.წ-ის მიმართ შედგა №000779 შემოწმების აქტი, რომლის თანახმად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიერ 2020 წლის 9 სექტემბრის №000779 მითითებით გათვალისწინებული მოთხოვნები არ იქნა შესრულებული.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2020 წლის 25 ნოემბრის №4-3/369-გ/20 ბრძანებით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2020 წლის 9 სექტემბრის №000779 მითითების საფუძველზე (შემოწმების აქტი შედგა 2020 წლის 25 სექტემბერს) გ.წ-ის მიმართ დაწყებულ სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე დადგენილების მიღების ვადა გაგრძელდა 2 თვით. ამავე ბრძანების თანახმად, გ.წ-ის მიმართ დადგენილების მიღებისათვის გაგრძელებული ორთვიანი ვადა აითვალა 2020 წლის 25 ნოემბრიდან 2021 წლის 25 იანვრის ჩათვლით.

დადგენილია, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურ ინსპექციაში გ.წ-ის მიმართ მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, 2020 წლის 11 დეკემბერს გაიმართა ზეპირი მოსმენის სხდომა, სადაც გ.წ-მა დაადასტურა მითითებისა და შემოწმების აქტის ჩაბარება. მისივე განმარტებით, 2015 წლიდან უშედეგოდ ცდილობდა არქიტექტურის სამსახურიდან შესაბამისი ნებართვის მოპოვებას. მშენებლობა განახორციელა 2020 წელს, თუმცა შეჩერების შესახებ დადგენილების მიღების შემდეგ სამუშაოები აღარ გაუგრძელებია. მისივე განმარტებით, დემონტაჟი ობიექტს ზიანს მიაყენებდა.

დადგენილია, რომ 2021 წლის 25 იანვარს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის წარმომადგენელმა ობიექტის განმეორებით გადამოწმების შედეგად გამოავლინა, რომ გ.წ-ის მიერ არ შესრულდა 2020 წლის 9 სექტემბრის №000779 მითითებით გათვალისწინებული მოთხოვნები.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2021 წლის 25 იანვრის №000779 დადგენილებით გ.წ-ი დაჯარიმდა 20 000 ლარით, ქ. თბილისში, ...ის მე-... შესახვევი №...-ში მდებარე №... სხვენზე (ს/კ: № ...) უნებართვოდ დაშენების განხორციელებისათვის (მოწყობილი იქნა ხის კოჭები და კაპიტალური კედლები, გაიზარდა გადახურვის კეხის სიმაღლე და შეიცვალა გადახურვის ქანობი). ამავე დადგენილებით №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების (მდებარე: ქ. თბილისი, ...ის მე-... შესახვევი №...-ში მდებარე №13ა სხვენის) მესაკუთრეს დაევალა უნებართვოდ განხორციელებული სამშენებლო სამუშაოების (მოწყობილი ხის კოჭები, კაპიტალური კედლები, გაზრდილი გადახურვის კეხის სიმაღლე და შეცვლილი გადახურვის ქანობი) დემონტაჟი (ობიექტის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანა).

დადგენილია, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2021 წლის 25 იანვრის №000779 დადგენილება გ.წ-ის მიერ 2021 წლის 22 თებერვლის ადმინისტრაციული საჩივრით გასაჩივრდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში. აღნიშნული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში 2021 წლის 19 მარტს გაიმართა ზეპირი მოსმენის სხდომა.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2021 წლის 30 მარტის №395 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა გ.წ-ის წარმომადგენლის 2021 წლის 22 თებერვლის №19/01210534-01 ადმინისტრაციული საჩივარი და ძალაში დარჩა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2021 წლის 25 იანვრის №000779 დადგენილება.

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ, 2022 წლის 26 იანვარს გაიცა №000476822 ექსპერტიზის დასკვნა სადაც მითითებულია, რომ ქ. თბილისში, ...ის ქუჩის მე-... შესახვევი №...-ში მდებარე, №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ სხვენზე №13ა ფაქტობრივი მდგომარეობით განხორციელდა რეკონსტრუქცია, მაგრამ აღნიშნული რეკონსტრუქციის შედეგად არ მომხდარა სახურავის კეხის სიმაღლის ცვლილება. ამავე დასკვნის მიხედვით, ქ. თბილისში, ...ის ქუჩის მე-... შესახვევი №...ში მდებარე, №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული სხვენის №13ა, ფართით 78.72 კვ.მ-ის პერიმეტრის პარამეტრები (გაბარიტული ზომები), რომლის განსაზღვრაც მოხდა ი/მ კ.გ-ის მიერ მომზადებული სხვენის შიდა აზომვითი ნახაზის შესაბამისად (იხ. დანართი №1) შეესაბამებოდა ფაქტობრივად არსებული სხვენი №13ა-ს პერიმეტრის პარამეტრებს (გაბარიტულ ზომებს). კერძოდ, რეკონსტრუქციის შედეგად არ მომხდარა სხვენი №13ა-ს პერიმეტრის პარამეტრების (გაბარიტული ზომების) ცვლილება.

სადავო გარემოების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამშენებლო წესრიგის სამართალი არის მართლწესრიგის სამართლის მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელიც აწესრიგებს მართლწესრიგის სამართლით დაცული სიკეთეებისათვის სამშენებლო საქმიანობით გამოწვეული საფრთხის თავიდან აცილების საკითხებს. სამშენებლო წესრიგის სამართალი იყოფა პრევენციულ (სამშენებლო ნებართვების სამართალი და სამშენებლო ზედამხედველობა) და რეპრესიულ (დარღვევების გამოვლენა და რეაგირება) სამშენებლო წესრიგის სამართლად. სამშენებლო წესრიგის სამართლის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია უნებართვო მშენებლობის აკრძალვა, როგორც საფრთხის თავიდან აცილების მნიშვნელოვანი პრევენციული ღონისძიება. რიგი სამშენებლო საქმიანობები ექვემდებარება შესაბამისი ნებართვის/შეთანხმების მოპოვების ვალდებულებას, რაც აძლევს მშენებლობაზე ზედამხედველობის განმახორციელებელ ორგანოს შესაძლებლობას, გადაამოწმოს განხორციელებული ჩარევის კანონმდებლობასთან შესაბამისობა.

მშენებლობის ნებართვის გაცემის, მშენებლობის ზედამხედველობის, სამშენებლო სამართალდარღვევათა ცალკეულ სახეებს, პასუხისმგებლობის ზომებს, სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის განხილვასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების წესებს ადგენს საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი.

საკასაციო პალატა მიუთითებს საკითხისადმი რელევანტურ "საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის" (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) 123-ე მუხლის პირველ ნაწილს, რომლის შესაბამისად, ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანო ადმინისტრაციულ წარმოებას იწყებს სამართალდამრღვევის მიმართ მითითების გაცემით, რომელიც წარმოადგენს სამშენებლო საქმიანობაზე დამრღვევის მიმართ გაცემულ შენიშვნას შეუსაბამობაზე და მოთხოვნას, რომლითაც განისაზღვრება გონივრული ვადა, რომლის ფარგლებშიც მან უნდა შეასრულოს მითითებით დადგენილი პირობები სამშენებლო სამართალდარღვევის გამოსასწორებლად. ამავე კოდექსის 124-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მითითებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ, მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანო არაუმეტეს 7 კალენდარული დღის ვადაში ამოწმებს მითითების შესრულებას, ადგენს შემოწმების აქტს და მასში ასახავს ინფორმაციას მითითების შესრულების ან შეუსრულებლობის შესახებ. ხოლო 125-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ შემოწმების აქტში დაფიქსირებულია დარღვევა, მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანო იღებს დადგენილებას სამშენებლო სამართალდამრღვევის დაჯარიმების შესახებ. 127-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანო უფლებამოსილია ამ კოდექსის 125-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ დადგენილებასთან ერთად მიიღოს ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული გადაწყვეტილებები. თავის მხრივ, მითითებული ნორმის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი კი ადგენს, რომ მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანო უფლებამოსილია მიიღოს დადგენილება საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა - ნაგებობის მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის შესახებ.

მოცემულ შემთხვევაში, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ყურადღება გამახვილდეს ამავე კოდექსის 131-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, უნებართვო მშენებლობა (გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა)... ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში გამოიწვევს დაჯარიმებას კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, III ან IV კლასის შენობა - ნაგებობის მშენებლობისთვის ან/და III ან IV კლასის შენობა - ნაგებობაზე განხორციელებული მშენებლობისთვის − 20 000 ლარის ოდენობით. ამავე, მუხლის მე-2 ნაწილით კანონმდებელმა მიუთთა, რომ ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ ტერიტორიაზე უნებართვო რეკონსტრუქცია, რომელიც არ იწვევს შენობა - ნაგებობის გაბარიტების შეცვლას - გამოიწვევს დაჯარიმებას 4 000 ლარით.

როგორც საქმის მასალებით ირკვევა გ.წ-ი სადავოდ არ ხდის მის მიერ უნებართვოდ დაშენების განხორციელების ფაქტს. მიუთითებს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2022 წლის 26 იანვრის №000476822 ექსპერტიზის დასკვნაზე და მიიჩნევს, რომ არ მომხდარა სხვენის სახურავის კეხის სიმაღლის ცვლილება და სხვენის პარამეტრების (გაბარიტული ზომების) ცვლილება. მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ არასწორად იხელმძღვანელა საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 131-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით.

საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლს, რომლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა - განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

სააპელაციო სასამართლოს მსჯელობის გაზიარებით, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მტკიცებულებათა თავისუფალი შეფასების პრინციპიდან გამომდინარე, სასამართლო, მტკიცებულებების გამოკვლევის შემდეგ, თავად წყვეტს, რომელი მათგანი უნდა მიიჩნიოს სარწმუნოდ და გაიზიაროს. სასამართლოს მიერ მტკიცებულების შეფასება გულისხმობს მტკიცებულებათა როგორც ინდივიდუალურ, ასევე მათ ერთობლიობაში შეფასებას. ამასთან, სასამართლო ვალდებულია, მხარეთა ახსნა - განმარტება, წარმოდგენილი მტკიცებულება და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებიც შეაფასოს მათი შინაარსის და იურიდიული დამაჯერებლობის კუთხით. აღნიშნული გულისხმობს ყველა იმ ობიექტური თუ სუბიექტური კრიტერიუმების განხილვას, დადგენას და გამორიცხვას, რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებაზე.

სადავო საკითხთან მიმართებით მნიშვნელოვანია დეტალურად გამახვილდეს ყურადღება სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2022 წლის 26 იანვრის №000476822 ექსპერტიზის დასკვნის შინაარსზე, სადაც მითითებულია, რომ ქ. თბილისში, ...ის ქუჩის მე-... შესახვევი №...-ში მდებარე №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ №13ა სხვენზე ფაქტობრივი მდგომარეობით განხორციელდა რეკონსტრუქცია, მაგრამ აღნიშნული რეკონსტრუქციის შედეგად არ მომხდარა სახურავის კეხის სიმაღლის ცვლილება. ამავე დასკვნის თანახმად, ქ. თბილისში, ...ის ქუჩის მე-... შესახვევი №....-ში მდებარე №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული №13ა სხვენის, ფართით 78.72 კვ.მ-ის პერიმეტრის პარამეტრები (გაბარიტული ზომები), რომლის განსაზღვრაც მოხდა ი/მ კ.გ-ის მიერ მომზადებული სხვენის შიდა აზომვითი ნახაზის შესაბამისად (იხ. დანართი №1) შეესაბამებოდა ფაქტობრივად არსებული სხვენი №13ა-ს პერიმეტრის პარამეტრებს (გაბარიტულ ზომებს). კერძოდ, რეკონსტრუქციის შედეგად არ მომხდარა სხვენი №13ა-ს პერიმეტრის პარამეტრების (გაბარიტული ზომების) ცვლილება.

საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს ადმინისტრაციული ორგანოების (კასატორების) - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ, საკასაციო საჩივრებში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის არგუმენტად მითითებულ იმ მსჯელობაზე, რომ იმ სახის სამშენებლო სამუშაოებს, რომელსაც ადგილი აქვს განსახილველ შემთხვევაში, ესაჭიროებოდა შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაცემული მშენებლობის ნებართვა და მშენებლობის განხორციელების კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტაცია. აღნიშნულზე საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მათ მიერ წარმოდგენილი მხოლოდ ფოტომასალით შეუძლებელია დადგინდეს გ.წ-ის მიერ განხორციელებული უნებართვო სამუშაოების შედეგად ადგილი აქვს თუ არა გადახურვის კეხის სიმაღლის გაზრდას და გადახურვის ქანობის შეცვლას, კერძოდ, რეკონსტრუქციის შედეგად ადგილი აქვს თუ არა სხვენი №13ა-ს პერიმეტრის პარამეტრების - გაბარიტული ზომების ცვლილებას.

იმ პირობებში, როდესაც კანონმდებელმა უნებართვო რეკონსტრუქციის განხორციელებისათვის პასუხისმგებლობის განსხვავებული ზომები დაუკავშირა გაბარიტების ცვლილებას და უფრო მეტიც, განმარტა, რა ითვლება გაბარიტების ცვლილებად, საკასაციო პალატის მსჯელობით ადმინისტრაციულმა ორგანომ, ხელახალი ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, უნდა გამოიკვლიოს გ.წ-ის მიერ განხორციელებული სამშენებლო - სარეკონსტრუქციო სამუშაოების შედეგად ადგილი ჰქონდა თუ არა არსებული შენობა - ნაგბობის გაბარიტების ცვლილებას. პალატის მსჯელობით, აღნიშნული გარემოების სრულყოფილად გამოკვლევას არსებითი მნიშვნელობა გააჩნია, რამეთუ კანონმდებელი "საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის" 131-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების სანქციის ოდენობას განსაზღვრავს სწორედ იმ გარემოებაზე დაყრდნობით, მოხდა თუ არა იმ ობიექტის გაბარიტების ცვლილება, რომელზეც განხორციელდა რეკონსტრუქცია. სწორედ აღნიშნულის შემდგომ არის შესაძლებელი კონკრეტულ სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე დარღვევის იდენტიფიცირება და შესაბამისი სანქციის გამოყენების და შემდგომ კანონმდებლობასთან შესაბამისობაზე მსჯელობა შესაძლებელი. აღნიშნული მიზნის მისაღწევად კი, საკითხის განმხილველი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, სრულფასოვნად გამოიყენოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილება, მოიპოვოს მტკიცებულებები, შეფასება მისცეს როგორც მხარის მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს, ასევე, თავად უზრუნველყოს დამატებითი მტკიცებულებების მოპოვება და გამოკვლევა, დაადგინოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები და მხოლოდ ამის შემდგომ მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება.

რაც შეეხება კასატორების მსჯელობას 2022 წლის 26 იანვრის №000476822 ექსპერტიზის დასკვნის კვლევით ნაწილზე, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ იმ შემთხვევაში თუ ადმინისტრაციული ორგანო არ იზიარებს მოსარჩელის მიერ წარდგენილ ექსპერტიზის დასკვნას, მას შეუძლია დამატებითი მოკვლევის მიზნით ზეპირ სხდომაზე დაკითხოს ექსპერტები ან თავად ჩაატაროს ალტერნატიული ექსპერტიზა. ადმინისტრაციულ პროცესში მოქმედი ინკვიზიციურობის პრინციპის გათვალისწინებით (სასკ-ის მე-19 მუხლი), მართალია, სასამართლოს აქვს შესაძლებლობა ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის მიზნით შეაგროვოს დამატებითი მტკიცებულებები, თუმცა აღნიშნული უზრუნველყოფს ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში დაშვებული ხარვეზების აღმოფხვრას და არა ორგანოში განსახორციელებელი წარმოების ჩანაცვლებას. როდესაც წარმოების ხარვეზები არსებითია, ხოლო საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე რიგი გარემოებები - გამოუკვლეველი, დაუშვებელია ადმინისტრაციული ორგანოს ფუნქციების სასამართლოსათვის დელეგირება. ამდენად, მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოს ის მსჯელობას, რომ ვინაიდან, სადავო აქტების მიღებისას მოპასუხეთა მიერ არ განხორციელებულა ადმინისტრაციული აქტის საფუძვლად არსებული გარემოებების სათანადოდ გამოკვლევა, შეფასება, სადავო საკითხი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ხელახალ სრულყოფილ შესწავლას საჭიროებს.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება მოიცავს ადმინისტრაციული ორგანოს ძირითად პროცედურულ ვალდებულებას - გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ეს უმნიშვნელოვანესი იმპერატიული ხასიათის დანაწესი ემსახურება საჯარო მმართველობის კანონიერების პრინციპს, რამდენადაც ყოველი მმართველობითი გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს განსახილველი საკითხის გარემოებებისა და ფაქტების ობიექტურ შესწავლა - გამოკვლევას, რომლის შეფასებიდან უნდა გამომდინარეობდეს საკითხის გადასაწყვეტად ჩამოყალიბებული დასკვნა. ამ ვალდებულების შესრულება ემსახურება ადმინისტრაციული ორგანოს ასევე უმნიშვნელოვანეს - მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთების ვალდებულებას - ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა ახსნას, განმარტოს, დაასაბუთოს, თუ რატომ რა ფაქტებზე დაყრდნობით მიიღო ამგვარი გადაწყვეტილება, გარდა აღნიშნულისა, გადაწყვეტილების დასაბუთება აუცილებელია ადრესატისათვის, რათა შეაფასოს მისი მართლზომიერება, დარწმუნდეს მის კანონშესაბამისობაში, ხოლო უფლების დარღვევის განცდის შემთხვევაში ისარგებლოს გასაჩივრების შესაძლებლობით, მას უნდა შეეძლოს იცოდეს რა არგუმენტებით უნდა დაუპირისპირდეს მიღებულ გადაწყვეტილებას, რასაც დასაბუთების გარეშე გადაწყვეტილების მიღების პირობებში, მოკლებულია. აგრეთვე, დასაბუთებული აქტის გამოცემა აადვილებს საჩივრის ან სარჩელის განმხილველი ორგანოების მიერ მისი კანონიერებისა და მიზანშეწონილობის გადამოწმების პროცესს. კანონმდებელი იმდენად არსებით და აქტის კანონიერების განმსაზღვრელ ფუნქციას ანიჭებს საქმის გარემოებათა გამოკვლევას, რომ იმპერატიულად კრძალავს, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაუდოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 18 თებერვლის №ბს-463-451(კ-13) გადაწყვეტილება; 2020 წლის 17 სექტემბრის №ბს-974(2კ-19) განჩინება).

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, უფლებამოსილია, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად ცნოს იგი და ადმინისტრაციულ ორგანოს დაავალოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი. აღნიშნული დანაწესის გამოყენების აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს სასამართლოს მხრიდან საქმის გარემოებების გამოკვლევისა და სადავო საკითხის არსებითად გადაწყვეტის შეუძლებლობა. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს იმ შემთხვევაში, როცა სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება. მათი დადგენა მხოლოდ ადმინისტრაციულ ორგანოს შეუძლია მისთვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილებიდან გამომდინარე ან აღნიშნული საკითხი მის დისკრეციას განეკუთვნება. შესაბამისად, შეუძლებელი ხდება სასამართლოს მიერ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალური კანონიერების შეფასება. (საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 13 დეკემბრის №ბს-681-681(კ-18) გადაწყვეტილება).

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორთა მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 10 მაისის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე

გიორგი გოგიაშვილი