Facebook Twitter

საქმე №544აპ-15 ქ. თბილისი

ჯ-ი ბ 544აპ–15 21 იანვარი, 2016 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მაია ოშხარელი (თავმჯდომარე),

ნინო გვენეტაძე,ზაზა მეიშვილი

სხდომის მდივან - გიორგი შალამბერიძის

პროკურორ - თამარ ზაქუტაშვილის

ადვოკატ - ო. რ-ს

მსჯავრდებულ - ბ. ჯ-ს

მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ ბ. ჯ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ო. რ-ს საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 4 აგვისტოს განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 25 მარტის განაჩენით ბ. ჯ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით (2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით - 15 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა. ბ. ჯ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2014 წლის 19 ოქტომბრიდან.

2. მასვე ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,გ” ქვეპუნქტისა და მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, როგორც ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობს, 5 წლით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის, საადვოკატო საქმიანობის, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო და იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები, ხოლო 10 წლით - საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.

3. ნივთმტკიცება - ბ. ჯ-ნ ამოღებული ნარკოტიკული საშუალება ,,ბუპრენორფინი”, რომელიც ინახება საქართველოს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

4. მსჯავრდებულ ბ. ჯ-ს მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში: 2014 წლის 19 ოქტომბერს ბ. ჯ-ა ხ-ს რაიონის სოფელ ს-ს საბაჟო-გამშვები პუნქტის - ,,ს-ს” გავლით თ-ს რესპუბლიკიდან საქართველოში უკანონოდ შემოიტანა მის მიერ უკანონოდ შეძენილი და შენახული, განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 0,1354 გრამი ნარკოტიკული საშუალება ,,ბუპრენორფინი”.

5. აღნიშნული განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 4 აგვისტოს განაჩენით დარჩა უცვლელად.

6. მსჯავრდებულ ბ. ჯ-ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი ო. რ-ე საკასაციო საჩივრით ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 4 აგვისტოს განაჩენის გაუქმებასა და ბ. ჯ-ს გამართლებას.

7. 2016 წლის 11 იანვარს აჭარის ა/რ-ის პროკურატურის პროკურორმა ირაკლი დონდოლაძემ, საქართველოს სსსკ-ის 209-211-ე მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად, სისხლის სამართლის საქმეზე, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტითა და 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით, შეადგინა წერილობითი შეთანხმება ბრალზე გარიგების თაობაზე მასა და მსჯავრდებულ ბ. ჯ-ს შორის.

8. პროკურატურამ, მხედველობაში მიიღო რა ჩადენილი დანაშაულისა და მოსალოდნელი სასჯელის სიმძიმე, დანაშაულის ხასიათი, ბრალეულობის ხარისხი, მსჯავრდებულის საზოგადოებრივი საშიშროება, პიროვნული მახასიათებლები, ასევე ის გარემოება, რომ მსჯავრდებულმა ბ. ჯ-ა აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, ითანამშრომლა გამოძიებასთან, სადავოდ არ გახადა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, თავისი ინტერესების დამცველი ადვოკატისაგან იურიდიული კონსულტაციის მიღების შემდეგ ნებაყოფლობით მიმართა პროკურატურას განცხადებით და თანხმობა განაცხადა ბრალზე საპროცესო შეთანხმების გაფორმების შესახებ, საჯარო ინტერესების დაცვით, სახელმწიფო რესურსების მაქსიმალური ეფექტურობით გამოყენების მიზნით, 2015 წლის 9 ოქტომბერს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 209-211-ე მუხლების მოთხოვნათა სრული დაცვით, მსჯავრდებულ ბ. ჯ-ა და აჭარის ა/რ-ის პროკურატურის პროკურორ ირაკლი დონდოლაძეს შორის წერილობით გააფორმა ოქმი საპროცესო შეთანხმების თაობაზე. საპროცესო შეთანხმება კანონით დადგენილი წესით წინასწარ შეთანხმდა ზემდგომ პროკურორთან.

9. 2016 წლის 21 იანვარს სასამართლო სხდომაზე პროკურორმა თამარ ზაქუტაშვილმა შუამდგომლობით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას პროკურორ ირაკლი დონდოლაძესა და მსჯავრდებულ ბ. ჯ-ს შორის 2016 წლის 11 იანვარს დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ და ითხოვა, რომ ბ. ჯ-ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ და მიესაჯოს: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით (2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით, სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით - 13 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, სასჯელის ნაწილი - 8 წელი განესაზღვროს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 5 წელი, სსკ-ის 63-64-ე მუხლების გამოყენებით, ჩაეთვალოს პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ბ. ჯ-ს სასჯელის ზომად განესაზღვროს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, სასჯელის ნაწილი - 8 წელი განესაზღვროს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 5 წელი, სსკ-ს 63-64-ე მუხლების გამოყენებით, ჩაეთვალოს პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით.

10. სასამართლო სხდომაზე საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას მხარი დაუჭირეს პროცესში მონაწილე მსჯავრდებულმა ბ. ჯ-ა და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ო. რ-მ.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, წარმოდგენილი შუამდგომლობა და მიაჩნია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 4 აგვისტოს განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება, სახელმწიფო ბრალმდებლის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს და დამტკიცდეს საპროცესო შეთანხმება პროკურორ ირაკლი დონდოლაძესა და მსჯავრდებულ ბ. ჯ-ს შორის შემდეგ გარემოებათა გამო:

2. სასამართლომ საქმის მასალების საფუძველზე კანონის მოთხოვნათა დაცვით განიხილა შუამდგომლობის დასაბუთებულობა და აღნიშნავს, რომ საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობით - ბ. ჯ-ს აღიარებით, მოწმეების - თ. მ-ს, ი. ბ-ს ჩვენებებით, დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით, სახელმწიფო საზღვრის კვეთის ამონაწერით, ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით, ნარკოლოგიური გამოკვლევის დასკვნითა და საქმის სხვა მასალებით ბ. ჯ-ს მიმართ ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენა დადასტურებულია.

3. საკასაციო პალატა დარწმუნდა, რომ საპროცესო შეთანხმების დადებისას მსჯავრდებულ ბ. ჯ-ს მიმართ არ განხორციელებულა ძალადობა, დაშინება, მოტყუება, მუქარა; ამასთან, მას არ შეზღუდვია უფლება, მიეღო იურიდიული დახმარება. პალატის სხდომაზე გამოკვლეულ იქნა, რომ მსჯავრდებული სრულად აცნობიერებს საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებულ, კანონით გათვალისწინებულ ყველა მოთხოვნას, აღიარებს ბრალს და ეთანხმება პროკურორს სასჯელის ზომაზე. მსჯავრდებული ბ. ჯ-ი ასევე აცნობიერებს, რომ სასამართლო უფლებამოსილია, არ მიიღოს მხედველობაში შეთანხმების საფუძველზე პროკურორის მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობა.

4. მსჯავრდებულისათვის ასევე ცნობილია საქართველოს სსსკ-ის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ი“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მისი უფლებები; მისთვის ასევე ცნობილია, რომ საპროცესო შეთანხმება მას არ ათავისუფლებს სამოქალაქო პასუხისმგებლობისაგან.

5. საკასაციო პალატა ასევე აღნიშნავს, რომ მოთხოვნილი სასჯელი კანონიერი და სამართლიანია, რის გამოც არსებობს სსსკ-ის 213-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით განსაზღვრული, შუამდგომლობის დაკმაყოფილების სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები.

6. ამდენად, აჭარის ა/რ-ის პროკურატურის პროკურორ ირაკლი დონდოლაძის შუამდგომლობა მსჯავრდებულ ბ. ჯ-ს მიმართ საპროცესო შეთანხმების დამტკიცების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით, 209-215-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სახელმწიფო ბრალმდებლის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.

2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 4 აგვისტოს განაჩენში შევიდეს ცვლილება:

3. დამტკიცდეს საპროცესო შეთანხმება პროკურორ ირაკლი დონდოლაძესა და მსჯავრდებულ ბ. ჯ-ს შორის.

4. ბ. ჯ-ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ და მიესაჯოს: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით (2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით, სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით - 13 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, სასჯელის ნაწილი - 8 წელი განესაზღვროს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 5 წელი, სსკ-ის 63-64-ე მუხლების გამოყენებით, ჩაეთვალოს პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით.

5. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ბ. ჯ-ს სასჯელის ზომად განესაზღვროს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, სასჯელის ნაწილი - 8 წელი განესაზღვროს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 5 წელი, სსკ-ის 63-64-ე მუხლების გამოყენებით, ჩაეთვალოს პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით. ბ. ჯ-ს სასჯელის მოხდა დაეწყოს 2014 წლის 19 ოქტომბრიდან.

6. მასვე ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, როგორც ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობს, 5 წლით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის, საადვოკატო საქმიანობის, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო და იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები, ხოლო 10 წლით - საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.

7. საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი - 2014 წლის 19 ოქტომბერს ბ. ჯ-ს პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული - ლოგო #8-მქონე 16 აბი და აბის მრავლობითი ნატეხები ფხვნილთან ერთად, საერთო წონით 6,772 გრამი, რომელიც შეიცავს 0,1354 გრამ ნარკოტიკულ საშუალება ,,ბუპრენორფინს” და ინახება საქართველოს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.

8. მსჯავრდებულ ბ. ჯ-ს დაევალოს, სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდეგ პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ხოლო მის ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება დაევალოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სამსახურის ტერიტორიულ ორგანოს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

9. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევისა.

თავმჯდომარე მ. ოშხარელი

მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე

ზ. მეიშვილი