Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-1129(კ-24) 12 ივნისი, 2025 წელი

თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: თამარ ოქროპირიძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) - შპს „ ...“

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო

მესამე პირები - შპს „მ...“, გ.ჭ-ი

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 17 ივნისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

აღწერილობითი ნაწილი:

შპს „...-ის“ წარმომადგენელმა 2020 წლის 24 ნოემბერს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ და სასარჩელო მოთხოვნათა დაზუსტების შედეგად მოითხოვა „ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ“ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 19 ოქტომბრის №... გადაწყვეტილების, რეგისტრაციების შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 10 დეკემბრის №..., 2020 წლის 16 დეკემბრის №... გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა, ასევე, მოპასუხის დავალდებულება - გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები სპორადული რეგისტრაციის მოთხოვნის თაობაზე შპს „მ...სა“ და გ.ჭ-ის განცხადებებზე უარის თქმის შესახებ.

სარჩელში აღნიშნულია, რომ შპს „...“ სავაჭრო საქმიანობას ახორციელებს ბაზრობაზე. სწორედ სავაჭრო ტერიტორიის უსაფრთხოების სტანდარტების დასაცავად და სავაჭრო ობიექტამდე საჭირო გაბარიტების მისასვლელი გზის მოსაწყობად შპს „...-სა“ და შპს „მ...ს“ შორის 2003 წლის 17 ოქტომბრის სასამართლო გადაწყვეტილებით (მხარეთა მორიგებით) ... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთი დაიტვირთა ფასიანი სერვიტუტით. სერვიტუტის სიგანემ შეადგინა 3.75კვ.მ. ფასიანი სერვიტუტის ფარგლებში შპს „მ...ს“ სასარგებლოდ შპს „...“ იხდიდა და დღემდე იხდის ყოველწლიურ საზღაურს 800 ლარის ოდენობით.

შპს „მ...მა“ 2020 წლის 13 აგვისტოს განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა ... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთის ცვლილების სპორადული რეგისტრაცია. მოსარჩელის მოსაზრებით, განაცხადის ფარგლებში წარდგენილი აზომვითი ნახაზის გათვალისწინებით ცვლილების რეგისტრაციის განხორციელების შემთხვევაში 2003 წლის 17 ოქტომბრის სასამართლო გადაწყვეტილებით ფასიანი სერვიტუტით დატვირთული მიწის ნაკვეთი მნიშვნელოვნად მცირდება, კერძოდ, იგი ხდება გამოუყენებელი იმ მიზნებისათვის, რისთვისაც მისი დადგენა განხორციელდა, რამდენადაც მნიშვნელოვანია არა სერვიტუტის ფართობი, არამედ მისი სიგანე ( 3.75 კვ.მ). მისივე განმარტებით, მესამე პირს, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში განცხადების წარდგენამდე და არც მისი წარდგენის შემდგომ არ მიუმართავს შპს „...-სათვის“ და არ უთხოვია ნებართვა, რომელსაც გარდაუვალად საჭიროებდა. შპს „მ...ს“ განცხადებაზე თავდაპირველად შეჩერდა სარეგისტრაციო წარმოება და დაინტერესებულ პირს განემარტა, რომ სარეგისტრაციო განცხადებაზე გადაწყვეტილების მისაღებად მისი მხრიდან წარსადგენი იყო კორექტირებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი სერვიტუტის ნაწილში ან სერვიტუტის გაუქმების დამადასტურებელი დოკუმენტი. აღნიშნული დოკუმენტაციის წარუდგენლობის გამო საბოლოოდ სარეგისტრაციო წარმოება შეწყდა.

მოსარჩელის მითითებით, 2020 წლის 13 აგვისტოს გ.ჭ-მა ასევე განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთზე ცვლილების სპორადული რეგისტრაციის შესახებ. სააგენტომ შეაჩერა გ.ჭ-ის მიერ განცხადებით მოთხოვნილი ცვლილების სპორადული რეგისტრაცია ზემოაღნიშნულ მიწის ნაკვეთზე, რომელზეც დაინტერესებულმა პირმა 2020 წლის 18 სექტემბერს წარადგინა ადმინისტრაციული საჩივარი, ხოლო სააგენტოს 2020 წლის 19 ოქტომბრის №... გადაწყვეტილებით, ზეპირი მოსმენის გარეშე დაკმაყოფილდა ადმინისტრაციული საჩივარი, რომლის ფარგლებშიც გ.ჭ-ის 2020 წლის 13 აგვისტოს №... განაცხადზე განახლდა ადმინისტრაციული წარმოება და მიღებულ იქნა სადავოდ გამხდარი 2020 წლის 10 დეკემბრის №... და 2020 წლის 16 დეკემბრის №... გადაწყვეტილებები რეგისტრაციის შესახებ.

მოსარჩელის განმარტებით, სააგენტო გადაწყვეტილების მიღებისას დაეყრდნო საჩივრის ავტორის მიერ წარდგენილ პოზიციას, რომელშიც აღნიშნულია, რომ სერვიტუტი რეალური მდგომარეობით არ არის და არც არასოდეს ყოფილა 3.75 კვ.მ, ვინაიდან ახალი სისტემით აზომვისას იგი ცდება მყარ ღობეს და იჭრება მომიჯნავე ნაკვეთის საზღვრებში. ასევე გადაწყვეტილებაში გამოყენებულია ის ფაქტი, რომ ღობე უფრო ადრეული წარმოშობისაა ვიდრე სერვიტუტი. მოსარჩელის მოსაზრებით, აღნიშნული გარემოება სიმართლეს არ შეესაბამება, ვინაიდან დღემდე შპს „...“ იყენებს 3.75 კვ.მ სიგანის სერვიტუტს. რეალურად, ღობიდან გზის სიგანე არის 3.75 კვ.მ, მაგრამ კოორდინატთა სისტემაში საზღვრის წერტილების ცვლილების გამო მოხდა გადაწევა საზღვრების იმგვარად, რომ სერვიტუტი აღმოჩნდა ღობის მიღმა და სერვიტუტის საზღვარი გადაიწია ისე, რომ რეალური ფართი შემცირდა. მისივე განმარტებით, ასეთი დავის პირობებში საჯარო რეესტრს არ ჰქონდა უფლება მიეღო გადაწყვეტილება სერვიტუტის მფლობელის თანხმობის გარეშე.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცემულია კანონის მოთხოვნათა დარღვევით, რის გამოც ითხოვს მათი ბათილად ცნობას და ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალებას.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილებით შპს „...-ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „...-მა“.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 17 ივნისის გადაწყვეტილებით შპს „...-ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. შესაბამისად, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილება. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით კვლავ შპს „...-მა“ გაასაჩივრა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღების შედეგად სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორი მიუთითებს იმავე ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რაზეც მიუთითებდა სარჩელსა და სააპელაციო საჩივარში და დამატებით აღნიშნავს, რომ საჯარო რეესტრის მოქმედებით, კერძოდ, სერვიტუტის სიგანის შემცირებით, სახეზეა საკუთრების უფლების შელახვა იმ თვალსაზრისით, რომ მისი ჯეროვანი გამოყენება უსაფრთხოებისა და სხვა სტანდარტების შესაბამისად, ვეღარ განხორციელდება. შპს „...-ის“ ჯეროვანი ფუნქციონირებისა და უსაფრთხოების დაცვის კუთხით სერვიტუტის გზის 3.75 მეტრის არსებობა გახლდათ აუცილებელი. აღნიშნული სერვიტუტის სიგანის შემცირებამ კი გამოიწვია საკუთრების უფლების ჯეროვანი გამოყენების ხელშეშლა და საკუთრების უფლების შეზღუდვა.

მოსარჩელის მოსაზრებით, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს არ ჰქონდა უფლება მიეღო გადაწყვეტილება სერვიტუტის მფლობელის თანხმობის გარეშე რეგისტრაციის შესაძლებლობის თაობაზე, ვინაიდან მოცემული გადაწყვეტილებით მცირდება სერვიტუტის სიგანე და მისი შევსება არ ხდება მესაკუთრის მიერ სერვიტუტის საზღვრის კორექტირებით. ადმინისტრაციულმა ორგანომ მხედველობაში არ მიიღო შპს „...-ის“ კანონით გათვალისწინებული და სასამართლო წესით დამტკიცებული უფლებები, არ მოახდინა მისი, როგორც დაინტერესებული პირის, ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩართვა, მხედველობაში არ მიიღო ფასიანი სერვიტუტის არსებობის საკითხი, ასევე ის გარემოება, რომ არსებული სერვიტუტის სიგანის ცვლილება მნიშვნელოვან ზიანსა და საფრთხეს იწვევს შპს „...-ის“ საქმიანობისათვის. გარდა ამისა, ნაკვეთამდე მისასვლელი გზის არსებობა აუცილებელი მნიშვნელობის მატარებელია ნებისმიერი ნაკვეთის ჯეროვანი გამოყენებისა და უსაფრთხოებისათვის. ადმინისტრაციულმა ორგანომ არასათანადოდ გამოიკვლია საკითხი და 2020 წლის 19 ოქტომბერს მიიღო არათანაზომიერი, უკანონო გადაწყვეტილება, რომლითაც სრულიად კანონშეუსაბამოდ დააკმაყოფილა გ.ჭ-ის ადმინისტრაციული საჩივარი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 5 ნოემბრის განჩინებით შპს „...-ის“ საკასაციო საჩივარი, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „...-ის“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:

- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;

- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;

- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;

- კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოთა მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, თუმცა აღნიშნული არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ §71; ყუფარაძე საქართველოს წინააღმდეგ §76; Va№ de Hurk v. №etherla№ds, §61, Garcia Ruiz v. Spai№ [GC] §26; Jah№ke a№d Le№oble v Fra№ce (dec.); Perez v Fra№ce [GC], §81). მოცემული დათქმის გათვალისწინებით.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 19 ოქტომბრის №... გადაწყვეტილების კანონიერების შეფასება, რომლითაც დაკმაყოფილდა გ.ჭ-ის ადმინისტრაციული საჩივარი, ბათილად იქნა ცნობილი გ.ჭ-ისა და შპს „მ...ს“ განცხადებებზე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მიღებული სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის, შეჩერებისა და შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებები და ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურს დაევალა სარეგისტრაციო განცხადებებთან დაკავშირებით სარეგისტრაციო წარმოების განახლება და რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებების მიღება. ამასთანავე, შესაფასებელია დასახელებული გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად მიღებული „რეგისტრაციის შესახებ“ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 10 დეკემბრის №... და 2020 წლის 16 დეკემბრის №... გადაწყვეტილებების კანონშესაბამისობა.

საქმის მასალების მიხედვით დასტურდება, რომ ქალაქ თბილისში, ..ის ქუჩაზე მდებარე ... საკადასტრო კოდის მქონე უძრავი ქონება 1999 წლის 29 იანვრიდან საკუთრების უფლებით აღრიცხულია შპს „მ...ს“ სახელზე, ხოლო ამავე ქუჩაზე მდებარე ... საკადასტრო კოდის მქონე უძრავ ქონებას 2006 წლის 18 აპრილიდან საკუთრების უფლებით ფლობს გ.ჭ-ი. მოსარჩელე „...“ კი, აღნიშნული ტერიტორიის მიმდებარედ ახორციელებს სავაჭრო საქმიანობას. 2020 წლის 13 აგვისტოს გ.ჭ-მა და შპს „მ...ს“ დირექტორმა განცხადებებით მიმართეს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მათ საკუთრებაში არსებულ ქონებებზე (ს/კ ..., 727 კვ.მ; ს/კ ..., 200 კვ.მ) უფლებათა ცვლილების სპორადული რეგისტრაცია მოითხოვეს. თავდაპირველად, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 20 აგვისტოს გადაწყვეტილებებით შეჩერდა სარეგისტრაციო წარმოებები, ერთ შემთხვევაში, ზედდების გამო, მეორე შემთხვევაში კი, დაინტერესებულ პირს ეცნობა, რომ წარდგენილი იყო ... საკადასტრო კოდზე რეგისტრირებული სერვიტუტის უფლების მქონე პირის - შპს „...-ის“ დირექტორის განცხადება, რომლითაც იგი არ ეთანხმებოდა სარეგისტრაციო მოთხოვნას. სარეგისტრაციო განცხადებაზე გადაწყვეტილების მისაღებად კი დაინტერესებულ პირს მოეთხოვა კორექტირებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის ან სერვიტუტის გაუქმების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა. მოთხოვნილი დოკუმენტაციის წარუდგენლობის გამო კი, სარეგისტრაციო წარმოება შეწყდა. აღნიშნული გადაწყვეტილებები გასაჩივრდა ადმინისტრაციული საჩივრით, რომელშიც დაინტერესებული პირის სტატუსით ჩართული იყო შპს „...“. ადმინისტრაციული საჩივარი დაკმაყოფილდა. შედეგად, განახლდა სარეგისტრაციო წარმოებები და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2020 წლის 10 და 16 დეკემბერს მიღებულ იქნა №... და №... გადაწყვეტილებები, რომელთა თანახმად, ქალაქ თბილისში, ..ის ქუჩის №4-ში მდებარე 200.00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთსა (ს/კ: ... ) და ქალაქ თბილისში, …ის ქუჩის №6-ში მდებარე 774.00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (ს/კ:...) განხორციელდა უფლებათა ცვლილების სპორადული რეგისტრაციები.

საქმეში წარმოდგენილი დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 17 ოქტომბრის №2 2069-03 განჩინებით დადგენილია, რომ დამტკიცდა შპს „მ...ს“, შპს „გ-სა“ და შპს „...-ს“ შორის მორიგება, რომლის შესაბამისად, შპს „მ...ს“ დაევალა მის საკუთრებაში არსებული, ქ. თბილისში, …ის ქუჩა №4-ში მდებარე, საკადასტრო რუკაზე 3/5 ნომრად დატანილი 200 კვ.მ მიწის ნაკვეთიდან 3.75 კვ.მ სიგანის და 29.22 კვ.მ სიგრძის ფართის (სულ 110 კვ.მ) დატვირთვა უვადო სერვიტუტით, ხოლო დანარჩენი 90 კვ.მ-ით შეეძლო სარგებლობა შეუზღუდავი უფლებით. შპს „...“ კი ვალდებული იყო კომპენსაციის მიზნით შპს „მ...სთვის“ გადაეხადა 800 ლარი ყოველწლიურად.

აღსანიშნავია, რომ მოსარჩელე სადავო აქტების კანონიერებას ეჭვქვეშ აყენებს ორ გარემოებაზე მითითებით, კერძოდ: 1. განხორციელებული ცვლილებებით მოხდა რეგისტრირებულ სერვიტუტში ცვლილება. თუკი აქამდე სერვიტუტის სიგანე აღნიშნული იყო როგორც 3.75 მ, ცვლილების შემდეგ მისი ფართობი მცირდება, ხოლო სიგანის 3.75 მ-ის სახით შენარჩუნება აუცილებელია უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე, ვინაიდან მხარე აღნიშნულ სერვიტუტს იყენებს, როგორც გზას მის ობიექტამდე; 2. საჯარო რეესტრი არ იყო უფლებამოსილი მათი, როგორც სერვიტუტის მფლობელის თანხმობის გარეშე განეხორციელებინა ცვლილება.

დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების თვალსაზრისით, საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომელიც განსაზღვრავს საჯარო რეესტრის წარმოების ორგანიზაციულ-სამართლებრივ საფუძვლებს, საჯარო რეესტრის მწარმოებელი ორგანოს - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს უფლება-მოვალეობებს.

მითითებული კანონის მე-2 მუხლის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეგისტრაცია არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე ამ კანონით განსაზღვრული უფლების, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების, მიწის მიზნობრივი დანიშნულებისა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის შეცვლის, ტყის საზღვრის დადგენისა და მასში ცვლილების, ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლის საზღვრებისა და მათში ცვლილების, გეოგრაფიული ობიექტების ნუმერაციისა და მისამართების შესახებ მონაცემების, ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების სუბიექტისა და ობიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემების, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული სავალდებულო სარეგისტრაციო მონაცემების, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისა და კომანდიტური საზოგადოების პარტნიორთა წილებზე საკუთრების უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებული ვალდებულებების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, ეკონომიკურ საქმიანობათა, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის შესახებ მონაცემების შესაბამის რეესტრში აღრიცხვა რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებით.

ზემოაღნიშნული კანონის მე-8 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილია კონკრეტულ შემთხვევაში დამატებით მოითხოვოს სარეგისტრაციო წარმოებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტის ან ინფორმაციის წარმოდგენა, რომელიც აუცილებელია განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ვალდებულია საკუთრების უფლების რეგისტრაციის ეტაპზე, მოიძიოს ყველა საჭირო დოკუმენტაცია, მათ შორის, თავად გამოითხოვოს გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო ცნობები.

„საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის 1-ლი პუნქტის მიხედვით, რეგისტრაცია წარმოებს როგორც უშუალოდ სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტების, აგრეთვე ამ დოკუმენტაციის სათანადო წესით შექმნილი ელექტრონული ასლების საფუძველზე. ზემოაღნიშნული კანონის მე-2 მუხლის „კ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სარეგისტრაციო დოკუმენტი არის სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას. მითითებული კანონის 21-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ, თუ სარეგისტრაციოდ წარმოდგენილ და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის არსებობს ინსტრუქციით განსაზღვრული ზედდება, ან მათში მოცემული უძრავი ნივთის ფართობი, გარდა ინსტრუქციით გათვალისწინებული შემთხვევებისა, აღემატება უფლების დამადასტურებელ დოკუმენტში მითითებულ უძრავი ნივთის ფართობს. 22-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით კი, მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ, თუ სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში არ იქნა წარმოდგენილი სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი ინფორმაცია ან დოკუმენტი.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს ასევე „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლითაც განსაზღვრულია მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესი, ამ რეგისტრაციის სამართლებრივი საფუძვლები და ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილე მხარეთა უფლება-მოვალეობები. დასახელებული კანონის მე-6 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, სააგენტო უფლებამოსილია, საკუთარი ინიციატივით, შეცვალოს დაზუსტებული საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემები, თუ სარეგისტრაციო დოკუმენტაციით ან/და საკადასტრო აღწერის შედეგად დადგინდა რეგისტრირებული საკადასტრო მონაცემების მიწის ნაკვეთის ფაქტობრივ მდებარეობასთან შეუსაბამობა და უზრუნველყოს ამ მიზნით დაწყებულ ადმინისტრაციულ წარმოებაში ყველა დაინტერესებული პირის ჩართვა.

ანალოგიურ მოწესრიგებას მოიცავს „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის 61 ნაწილი, რომლის მიხედვით, მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით დააზუსტოს, შეცვალოს, ძალადაკარგულად გამოაცხადოს ან ბათილად ცნოს უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრირებული მცდარი ან ურთიერთშეუსაბამო მონაცემები და უზრუნველყოს ამ მიზნით დაწყებულ ადმინისტრაციულ წარმოებაში ყველა დაინტერესებული პირის ჩართვა.

ასევე მნიშვნელოვანია „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე საქართველოს იუსტიციის მინისტრის №487 ბრძანების 29-ე მუხლის მე-4 პუნქტი, რომლის თანახმად, სააგენტო უფლებამოსილია შეცვალოს მიწის ნაკვეთის რეგისტრირებული მცდარი საკადასტრო მონაცემები და შეუსაბამოს ისინი ნივთის ფაქტობრივ მდებარეობას (მათ შორის, შეამციროს მიწის ნაკვეთის რეგისტრირებული ფართობი) იმ შემთხვევაშიც, თუ უძრავ ნივთზე რეგისტრირებულია სხვა სანივთო უფლება, ვალდებულება ან საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვა, ან/და მესაკუთრე ან სანივთო უფლების/ვალდებულების მქონე პირი აღრიცხულია მოვალეთა რეესტრში.

მითითებული სამართლებრივი დანაწესები ცხადყოფს, რომ მარეგისტრირებელ ორგანოს, როგორც საკუთარი ინიციატივით, ისე მხარის განცხადების საფუძველზე აქვს უფლებამოსილება, კონკრეტულ შემთხვევებში შეცვალოს დაზუსტებული საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემები, მიუსადაგოს ის ფაქტობრივ გარემოებებს და აღნიშნული ქმედებები უნდა განახორციელოს ადმინისტრაციულ წარმოებაში ყველა დაინტერესებული პირის ჩართვით.

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მესამე პირებმა - გ.ჭ-მა და შპს „მ...ის“ დირექტორმა მოითხოვეს მათ საკუთრებში არსებულ უძრავ ქონებებზე ცვლილების რეგისტრაცია ფაქტობრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, რომლის მიხედვითაც, გაუმჯობესებული ტექნოლოგიით აზომვის პირობებში დადგინდა, რომ ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის საზღვრები იჭრებოდა ... საკადასტრო კოდის მქონე მომიჯნავე მიწის ნაკვეთის საზღვრებში. ამასთან სერვიტუტის საზღვრები გადადიოდა გ.ჭ-ის უძრავი ქონების სახურავზე, რაც ისედაც გამორიცხავდა სერვიტუტის ამ ნაწილის გზის ფუნქციით გამოყენებას. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთის სარეგისტრაციო დოკუმენტაციითა და მასში არსებული ტექნიკური აღრიცხვის არქივის საინვენტარიზაციო გეგმის თანახმად, უძრავი ნივთი შესაბამისი კონფიგურაციითა და შენობა-ნაგებობებით აღრიცხული იყო იქამდე, ვიდრე ... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთზე დარეგისტრირდებოდა სერვიტუტი. ამასთან, ამ ორ მიწის ნაკვეთს ერთმანეთისგან ყოფს მყარი მიჯნა, ნაწილობრივ ღობის, ნაწილობრივ კი შენობის სახით. საქმეში წარმოდგენილია ასევე სიტუაციის ამსახველი ნახაზები, რომლის თანახმად, სერვიტუტის საზღვრები გადმოდის მხოლოდ გზის ნაწილზე და აღარ ფარავს შენობის ნაწილს, როგორც ეს იყო ასახული მანამდე არსებულ სიტუაციურ ნახაზზე. გარდა აღნიშნულისა, საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოთა დასკვნას, რომ ამ ცვლილებით მიწის ნაკვეთების რეგისტრირებული კონტური იცვლება 1/3-ზე ნაკლებად.

ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მათი მომწესრიგებელი სამართლებრივი ნორმების ურთიერთშეჯერების შედეგად, საკასაციო სასამართლო მართებულად მიიჩნევს სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ, მართალია, რეგისტრირებული სერვიტუტი 3.75 კვ.მ სიგანის მქონე მიწის ნაკვეთად იყო აღრიცხული 2003 წლის მდგომარეობით, თუმცა საქმეში არსებული დოკუმენტები ცხადყოფს, რომ ამ ტერიტორიას 3.75 კვ.მ სიგანე არასოდეს ჰქონია, იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომ სერვიტუტის საზღვრებად მიჩნეული მყარი მიჯნა, ერთი და იმავე სახით არსებობს 76 წლის განმავლობაში ისე, რომ არ მომხდარა ამ საზღვრების კორექტირება. საკასაციო პალატა მართებულად მიიჩნევს იმ მოსაზრებას, რომ მოცემულ შემთხვევაში განხორციელდა მხოლოდ ფაქტობრივი მდგომარეობის სამართლებრივ მდგომარეობასთან მისადაგება, რითაც არ შემცირებულა და არ შეცვლილა რეგისტრირებული - რეალურად და ფაქტობრივად გამოსაყენებელი სერვიტუტის ფარგლები, რამდენადაც მოსარჩელე შპს „...“ ყველა დროში ამ ფორმით და ამ ფარგლებში სარგებლობდა რეგისტრირებული სერვიტუტით. რაც შეეხება მოსარჩელის მიერ გაჟღერებულ არგუმენტს, რომ ნაკვეთის ერთ ნაწილში მყარი მიჯნა არ არის, შესაბამისად, აღნიშნული გარემოება ქმნის რისკებს აქ ღობის ან რაიმე ხელის შემშლელი ობიექტის აღმართვისათვის, რაც კიდევ უფრო დაავიწროვებს სერვიტუტის სიგანეს, პალატა აღნიშნავს, რომ ნაკვეთის აღნიშნული ნაწილი არ იძლევა მოცემული ტერიტორიის სამშენებლოდ განვითარების წინაპირობებს, რადგან ამ ტერიტორიაზე იკვეთება სახელმწიფო საკუთრება.

რაც შეეხება მოსარჩელის აპელირებას იმ გარემოებაზე, რომ მისი, როგორც სერვიტუტის უფლების მქონე სუბიექტის თანხმობის გარეშე დაუშვებელი იყო ცვლილების რეგისტრაცია, საკასაციო პალატა, ერთი მხრივ, იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოთა განმარტებას, რომ სამოქალაქო კოდექსი არ ითვალისწინებს სერვიტუტის მფლობელის ნებართვას არასწორი მონაცემების გასწორებისა და მათი ფაქტობრივ მდგომარეობასთან შესაბამისობაში მოსაყვანად, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც სადავო ცვლილებით მოხდა არა სერვიტუტით დატვირთული გზის სიგანის შემცირება, არამედ ფაქტობრივი მდგომარეობის ასახვა და სწორი მონაცემებით უძრავი ნივთების რეგისტრაცია. მეორე მხრივ კი, მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ შპს „...“ ჩართული იყო ადმინისტრაციულ წარმოებაში, სადაც მან წარადგინა და დააფიქსირა საკუთარი უარყოფითი მოსაზრება დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით.

ამრიგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გ.ჭ-ის 2020 წლის 18 სექტემბრის ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებული წარმოებისას სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ გამოიყენა კანონით დადგენილი ყველა შესაძლო საპროცესო მოქმედება და საქმეში არსებული დოკუმენტაციისა და ინფორმაციის ურთიერთშეჯერების შედეგად, კანონის სრული დაცვით მიიღო 2020 წლის 19 ოქტომბრის №... გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ. შესაბამისად, მოთხოვნა ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 19 ოქტომბრის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ, მართებულად არ დაკმაყოფილდა. ამასთანავე, მართებულია სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 10 დეკემბრის №... და 2020 წლის 16 დეკემბრის №... გადაწყვეტილებების ბათილად ცნობაზე უარი, რამდენადაც, აღნიშნული გადაწყვეტილებები რეგისტრაციის თაობაზე, მიღებულია სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 19 ოქტომბრის №... გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, შესაბამისად, მისი კანონიერების პირობებში, ასევე კანონიერია ამ გადაწყვეტილების საფუძველზე განხორციელებული რეგისტრაციებიც.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არცერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დაადგინა:

1. შპს „...-ის“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 17 ივნისის განჩინება;

3. შპს „...-ს“ (ს/ნ...) დაუბრუნდეს ნ.ქ-ის მიერ 2024 წლის პირველ ნოემბერს №... საგადასახადო დავალებით საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი

მოსამართლეები: თ. ოქროპირიძე

ნ. სხირტლაძე