საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-1133(კ-24) 10 ივნისი, 2025 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - ქურთის მუნიციპალიტეტის გამგეობა
პროცესუალური მოწინააღმდეგე (მოსარჩელე) - ე.კ-ი
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 16 ივლისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
2023 წლის 21 დეკემბერს ე.კ-მა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე - ქურთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმართ, რომლითაც მოითხოვა ქურთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ქურთის თვითმმართველი ერთეულის 2023 წლის 27 ნოემბრის №426 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის და ქურთის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2023 წლის 19 დეკემბრის №444 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ასევე ქურთის მუნიციპალიტეტის გამგეობისთვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, რომლითაც დადასტურდება 2008 წლის აგვისტოს ომამდე მოსარჩელის ე.კ-ის ქურთის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მუდმივად ცხოვრების ფაქტი.
სარჩელის თანახმად, ე.კ-ი დაიბადა ...ში და მშობლებთან ერთად ცხოვრობდა სოფელ ...ში. მოსარჩელის მითითებით იგი 2002 წელს დაოჯახდა, თუმცა არ იყო რეგისტრირებულ ქორწინებაში და გარკვეული მიზეზების გამო დაოჯახების შემდგომ პერიოდშიც, 2008 წლის აგვისტოს ომამდე რეგისტრირებული იყო და მუდმივად ცხოვრობდა ...ის რაიონის სოფელ ...ში.
მოსარჩელის მითითებით, მან 2023 წლის 24 ოქტომბერს განცხადებით მიმართა ქურთის მუნიციპალიტეტის გამგეობას და მოითხოვა ცნობის გაცემა მისი 2008 წლის აგვისტოს ომამდე სოფელ ...ში ცხოვრების შესახებ, თუმცა ქურთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დამდგენი სამუშაო ჯგუფის დასკვნით განისაზღვრა, რომ მოსარჩელე არ ცხოვრობდა ზემოაღნიშნულ სოფელში. მოსარჩელის მითითებით, მან ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა ქურთის მუნიციპალიტეტის გამგეობას, წარუდგინა სოფელ ...ში მისი უშუალო მეზობლების ნოტარიულად დამოწმებული ხელწერილები და მოითხოვა ქურთის თვითმმართველი ერთეულის 2023 წლის 27 ნოემბრის №426 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, თუმცა გამგეობამ მას უარი უთხრა ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 29 თებერვლის გადაწყვეტილებით ე.კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ქურთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ქურთის თვითმმართველი ერთეულის 2023 წლის 27 ნოემბრის №426 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი; ბათილად იქნა ცნობილი ქურთის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2023 წლის 19 დეკემბრის №444 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი; მოპასუხეს - ქურთის მუნიციპალიტეტის გამგეობას დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლითაც დადასტურდება 2008 წლის აგვისტოს ომამდე ე.კ-ის ქურთის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მუდმივად ცხოვრების ფაქტი.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2006 წლის 5 იანვარს გაცემული საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის თანახმად, ე.კ-ის დაბადების ადგილია - ..., ხოლო, საცხოვრებელი მისამართი - გორის რაიონი, სოფელი .... ქურთის თემის საკრებულოს გამგებლის მიერ 2004 წლის 29 აპრილს, მოთხოვნილების ადგილზე წარსადგენად, გორის რაიონის სოფელ ...ში მცხოვრებ, ... ... ...წ. დაბადებულ ე.კ-ზე გაცემულია №479 ცნობა. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2023 წლის 24 ოქტომბერს ე.კ-მა №1445 განცხადებით მიმართა ქურთის მუნიციპალიტეტის გამგეობას და მის მიმართ, 2008 წლის აგვისტოს ომამდე, ქურთის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მუდმივად ცხოვრების ფაქტის დამადასტურებელი ცნობის გაცემა მოითხოვა.
ქურთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დამდგენი სამუშაო ჯგუფის 2023 წლის 27 ნოემბრის №8 დასკვნის თანახმად, სამუშაო ჯგუფმა შეისწავლა ე.კ-ის 2023 წლის 24 ოქტომბრის №1445 განცხადება. სამუშაო ჯგუფმა იმსჯელა მოთხოვნაზე და მიუთითა: „გათხოვილი რომ იყო ვიცოდი, მაგრამ იქაც ვხედავდი მშობლებთან“, „ვიცნობდი რომ იქაურია, იქ ცხოვრობდა. მერე გათხოვდა ... მას შემდეგ არ მაქვს ინფორმაცია, რომ მუდმივად ცხოვრობდა სოფელ ...ში“, „არ ვიცი თუ ცხოვრობდა გათხოვების შემდეგ ...ში. გამოვიკითხე ....ბთან და თქვეს რომ ომამდე იყო გათხოვილი“. შედეგად, ქურთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ქურთის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის 2023 წლის 27 ნოემბრის №426 ცნობის თანახმად, დადგინდა, რომ ე.კ-ი (დაბადებული - ... ... ...წ.) 2008 წლის აგვისტოს ომამდე არ იყო სოფელ ...ის მუდმივი მაცხოვრებელი.
2023 წლის 5 დეკემბრის №231668045 სანოტარო აქტის თანახმად, სოფელ ...ში მცხოვრები მოქალაქეემა: ფ.შ-ემ, ნ.ჯ-მა და ზ.ყ-მა დაადასტურეს, რომ ე.კ-ი 2008 წლის ომამდე ნამდვილად, მუდმივად, ცხოვრობდა გორის რაიონის სოფელ ...ში (ყოფილი ...ის რაიონი).
საქალაქო სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ 2023 წლის 14 დეკემბერს ე.კ-მა №1572 ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა ქურთის მუნიციპალიტეტის გამგეობას და ქურთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ქურთის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის 2023 წლის 27 ნოემბრის №426 ცნობის გაუქმება/ბათილად ცნობა, საკითხის თავიდან გამოკვლევა და ახალი ცნობის გაცემა მოითხოვა. ქურთის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2023 წლის 19 დეკემბრის №444 მიმართვით, ე.კ-ს, მისი 2023 წლის 14 დეკემბრის №1572 განცხადების/ადმინისტრაციული საჩივრის პასუხად ეცნობა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით უკვე ჩატარებული იყო ადმინისტრაციული წარმოება, რომლის საფუძველზეც, მას უარი ეთქვა სოფელ ...ში მუდმივი მაცხოვრებლობის ფაქტის განსაზღვრაზე. ამასთან, მის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციით არ იკვეთებოდა ახლად აღმოჩენილი ფაქტობრივი გარემოებები, რის გამოც შესაძლებელი იქნებოდა ადმინისტრაციული წარმოების განახლება და განემარტა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლის საფუძველზე, დაუშვებელი იყო ერთსა და იმავე საკითხზე ხელახლა განცხადების წარდგენა.
საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ ქურთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ქურთის თვითმმართველი ერთეულის გასაჩივრებული 2023 წლის 27 ნოემბრის №426 ცნობა და ქურთის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2023 წლის 19 დეკემბრის №444 მიმართვა უნდა ჩათვლილიყო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებად, რამდენადაც აღნიშნული დოკუმენტები პირდაპირ გავლენას ახდენდნენ მოსარჩელის იურიდიულ ინტერესზე. შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმებულიყო მათი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე, სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე აქტების დებულებებთან.
სასამართლომ „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონზე მითითებით განმარტა, რომ დევნილის სტატუსის მინიჭებისათვის მნიშვნელოვანია დადგინდეს პირის კონკრეტულ ადგილას მუდმივად ცხოვრების ფაქტი. ამასთან, დევნილთან მიმართებაში მუდმივი საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრისას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტს. გარდა ამისა, საქალაქო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-20 მუხლზე, „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონზე, ამასთან ყურადღება გაამახვილა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებზე, მოსარჩელის ახსნა-განმარტებაზე, მოწმეთა ჩვენებებზე და მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს პოზიცია, რომ მოსარჩელე, 2008 წლის ომამდე, მუდმივად არ ცხოვრობდა ქურთის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში, არ იყო სათანადოდ დასაბუთებული. ამასთან, ქურთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ქურთის თვითმმართველი ერთეულის 2023 წლის 27 ნოემბრის №426 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მითითება წინააღმდეგობაში მოდიოდა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობასთან. სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, 2008 წლის აგვისტოს ომამდე ე.კ-ის ქურთის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მუდმივად ცხოვრების ფაქტი და აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში უსაფუძვლოდ იზღუდებოდა მოსარჩელის კანონიერი უფლებები და ინტერესი.
საქალაქო სასამართლომ დამატებით აღნიშნა, რომ მოსარჩელის მიერ 2023 წლის 14 დეკემბერს, თავისი არსით, ადმინისტრაციულ ორგანოში წარდგენილი იყო ადმინისტრაციული საჩივარი და არა ახალი განცხადება, ქურთის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2023 წლის 19 დეკემბრის №444 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კი, არ ეფუძნებოდა საკითხის მარეგულირებელ სათანადო სამართლებრივ ნორმებს, რაც მას ასევე აქცევდა უკანონოდ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 29 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქურთის მუნიციპალიტეტის გამგეობამ, რომელმაც გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 16 ივლისის განჩინებით ქურთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 29 თებერვლის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა როგორც პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, ასევე მისი დასკვნები სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად გადაწყვიტა სადავო საკითხი.
სააპელაციო სასამართლომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტზე მითითებით მიიჩნია, რომ ქურთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ქურთის თვითმმართველი ერთეულის 2023 წლის 27 ნოემბრის №426 ცნობა და ქურთის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2023 წლის 19 დეკემბრის №444 მიმართვა სამართლებრივი არსით ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივს აქტებს წარმოადგენდა, რამდენადაც ისინი პირდაპირ გავლენას ახდენდნენ მოსარჩელის იურიდიულ ინტერესზე და სწორედ ეს სამართლებრივი აქტები აბრკოლებდნენ პირის უფლების რეალიზებას დევნილის სტატუსის მოსაპოვებლად. შესაბამისად, პალატამ ყურადღება გაამახვილა, რომ მომჩივნის იურიდიული ინტერესი სწორედ დევნილის სტატუსის მოსაპოვებლად სადავო აქტების ბათილად ცნობისა და მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოსათვის 2008 წლის აგვისტოს ომამდე ე.კ-ის ქურთის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში ცხოვრების ფაქტის დამდგენი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას მიემართებოდა.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ერთი მხრივ მნიშვნელოვანი იყო პირის კონკრეტულ ადგილას მუდმივად ცხოვრების ფაქტის დადგენა, ხოლო მუდმივი საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრისას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭებოდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტს, ხოლო მეორე მხრივ მნიშვნელოვანი იყო ერთმანეთისგან გამიჯნულიყო ცნებები - საცხოვრებელი ადგილი, მუდმივი საცხოვრებელი ადგილი და რეგისტრაციის ადგილი. სასამართლომ ყურადღება გაამახვილა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებზე, მოსარჩელის ახსნა-განმარტებაზე და მიიჩნია, რომ მოსარჩელემ სამართალწარმოების მიმდინარეობისას წარადგინა იმ რელევანტურ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც სარჩელის დაკმაყოფილებას განაპირობებდა. სააპელაციო პალატამ ასევე აღნიშნა, რომ წინამდებარე დავის ფარგლებში მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ ვერ დაძლია ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლით მისთვის განკუთვნილი მტკიცების ტვირთი და სასამართლოს წინაშე ვერ წარმოადგინა წონადი მტკიცებულებები თუ სამართლებრივი არგუმენტაცია იმის შესახებ, რომ მოსარჩელე, 2008 წლის ომამდე, მუდმივად არ ცხოვრობდა ქურთის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში, რამდენადაც მოპასუხე ამ გარემოების დასადასტურებლად მიუთითებდა ადმინისტრაციული ორგანოს სამუშაო ჯგუფის დასკვნაზე, თუმცა თავად ამ დასკვნის მტკიცებულებითი მნიშვნელობა სასამართლოს მითითებით იყო ძალიან მცირე, რამდენადაც ის იმპერატიულად არ გამორიცხავდა ე.კ-ის მუდმივად ცხოვრების ფაქტს სოფელ ...ში 2008 წლის ომამდე.
ამასთან, სასამართლომ ყურადღება გაამახვილა მოსარჩელის მიერ წარდგენილ მტკიცებულებებზე (2006 წლის 5 იანვარს გაცემული საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა (ე.კ-ის საცხოვრებელი მისამართად - გორის რაიონი, სოფელი ...ის მითითებით); ქურთის თემის საკრებულოს გამგებლის მიერ 2004 წლის 29 აპრილს, მოთხოვნის ადგილზე წარსადგენად, გორის რაიონის სოფელ ...ში მცხოვრებ, ... ... ...წ. დაბადებულ ე.კ-ზე, 2023 წლის 5 დეკემბრის №231668045 სანოტარო აქტზე, რომლის თანახმად, სოფელ ...ში მცხოვრები მოქალაქეები: ფ.შ-ე, ნ.ჯ-ი და ზ.ყ-ი ადასტურებენ ე.კ-ის 2008 წლის ომამდე გორის რაიონის სოფელ ...ში ცხოვრების ფაქტს (მითითებულმა პირებმა ეს გარემოება დაადასტურეს სასამართლოს სხდომაზეც)) და აღნიშნა, რომ მითითებულ მტკიცებულებათა ერთობლიობაში გაანალიზება ქმნიდა იმ დასკვნის გამოტანის საფუძველს, რომ ე.კ-ი 2008 წლამდე მუდმივად ცხოვრობდა სოფელ ...ში. შესაბამისად ქურთის მუნიციპალიტეტის სადავო სამართლებრივი აქტით დაუსაბუთებლად შეიზღუდა მოსარჩელის კანონიერი უფლებები და ინტერესი, რაც შესაბამისი აქტის ბათილად ცნობის წინაპირობად მიიჩნია.
ამასთან, სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მსჯელობა ქურთის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2023 წლის 19 დეკემბრის №444 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერებაზე და აღნიშნა, რომ მოსარჩელის მიერ 2023 წლის 14 დეკემბერს, ადმინისტრაციულ ორგანოში წარდგენილი იყო ადმინისტრაციული საჩივარი და არა ახალი განცხადება, შესაბამისად ადმინისტრაციულ ორგანოს მასზე რეაგირებისას ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის წესებით უნდა ეხელმძღვანელა. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ დასახელებული აქტი წინააღმდეგობაში მოდიოდა საკითხის მარეგულირებელ სათანადო სამართლებრივ ნორმებთან, რაც საფუძველს აცლიდა მის კანონშესაბამისობას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 16 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქურთის მუნიციპალიტეტის გამგეობამ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორის მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, სასამართლომ არასწორი შეფასება მისცა ქურთის მუნიციპალიტეტის მიერ გაცემულ ცნობას და დასკვნას და არასწორად განმარტა როგორც „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონი, ასევე სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით განსაზღვრული დებულებები.
კასატორის მითითებით სასამართლომ ჩათვალა, რომ ქურთის მუნიციპალიტეტის მიერ გაცემული ცნობა და დასკვნა იყო ერთადერთი დოკუმენტი, რომლის საფუძველზეც ხდებოდა დევნილის სტატუსის მინიჭება. გარდა ამისა, სასამართლომ მიიჩნია, რომ დასახელებული დოკუმენტები წარმოადგენდნენ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს. აღნიშნულის საპირისპიროდ, კასატორმა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტზე მითითებით განმარტა, რომ სადავოდ გამხდარი ქურთის მუნიციპალიტეტის ცნობა და წერილი არის იყო მხოლოდ ინფორმაციული ხასიათის, რომელიც არ აწესებს, არ ცვლის, არ წყვეტს და არც ადასტურებს მოსარჩელის ან სხვა პირის რაიმე უფლებას და მას არ შეიძლება მოჰყვეს რაიმე სამართლებრივი შედეგი, ვინაიდან მოსარჩელის კანონიერ ინტერესს წარმოადგენს ქურთის მუნიციპალიტეტის მიერ გაცემული ცნობის საფუძველზე დევნილის სტატუსის მინიჭება, რომელიც ხდება სამინისტროს მიერ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (ბრძანება) გამოცემის გზით, ხოლო დევნილის სტატუსის მინიჭების თაობაზე აქტის გამოცემისას არაა აუცილებელი გათვალისწინებულ იქნეს შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს მიერ გაცემული ცნობა პირის საცხოვრებელი ადგილის თაობაზე. ამდენად, კასატორმა ხაზი გაუსვა, რომ ქურთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ქურთის თვითმმართველი ერთეულის 2023 წლის 27 ნოემბრის №426 ცნობა და ქურთის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2023 წლის 19 დეკემბრის №444 მიმართვა სამართლებრივი შინაარსით არ წარმოადგენდა ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, რამდენადაც ისინი პირდაპირ გავლენას არ ახდენდნენ მოსარჩელის იურიდიულ ინტერესზე.
კასატორმა დამატებით აღნიშნა, რომ ქურთის მუნიციპალიტეტის მიერ გაცემული ცნობა და დასკვნა იყო ერთ-ერთი და არა ერთადერთი დოკუმენტი, რომლის საფუძველზეც სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო იღებდა გადაწყვეტილებას დევნილის სტატუსის მინიჭებისას. დევნილის სტატუსის მინიჭების საკითხის გადაწყვეტისას ტერიტორიული ორგანოს მიერ გაცემულ ცნობას არ გააჩნია წინასწარ დადგენილი სავალდებულო ხასიათი და ადმინისტრაციული ორგანო დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში წყვეტს გაითვალისწინოს თუ არა ქურთის მუნიციპალიტეტის მიერ გაცემული ცნობით დადგენილი ფაქტობრივი გარემოება დევნილის სტატუსის მინიჭების შესახებ ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას. ამდენად, კასატორმა აღნიშნა, რომ ცნობა არ წარმოშობდა სამართლებრივ შედეგს, რამდენადაც მისი არარსებობის პირობებშიც შესაძლებელი იყო, რომ სააგენტოს დევნილის სტატუსი მიენიჭებინა მოსარჩელისთვის.
გარდა ამისა, კასატორმა ყურადღება გაამახვილა თავად სადავო ცნობების შინაარსზე და განმარტა, რომ იგი გაცემული იყო შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების საფუძველზე და არ გაიზიარა სასამართლოს მსჯელობა, რომ მოსარჩელის მუდმივ საცხოვრებელ ადგილს 2008 წლის აგვისტოს ომამდე წარმოადგენდა სოფელი ..., რამდენადაც იგი დაეყრდნო მხოლოდ მოსარჩელის მიერ დასახელებული მოწმეების ჩვენებებს იმ პირობებში, როდესაც საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არ იყო საკმარისი ზემოაღნიშნული ფაქტის დასადასტურებლად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 28 ოქტომბრის განჩინებით, ქურთის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივარი, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
2024 წლის 11 ნოემბერს ე.კ-მა საკასაციო შესაგებელი წარმოადგინა საკასაციო სასამართლოში, რომელშიც კასატორის არგუმენტების საპირისპიროდ, აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში, ქურთის მუნიციპალიტეტის გამგეობამ გამოსცა ისეთი ცნობა (ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი), რომელსაც არა თუ შეიძლება მოყოლოდა, არამედ აუცილებლად მოყვებოდა დევნილის სტატუსის მიღებაზე უარი. ამდენად, ქურთის მუნიციპალიტეტის მიერ გაცემული ცნობა და დასკვნა, რომლითაც განისაზღვრება ოკუპირებულ ტერიტორიაზე 2008 წლის აგვისტოს ომამდე პირის მუდმივად ცხოვრების ფაქტი, წარმოადგენდა უმთავრეს დოკუმენტს, რომლის საფუძველზეც შეიძლებოდა მომხდარიყო პირისთვის დევნილის სტატუსის მინიჭება. შესაბამისად, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ ქურთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ქურთის თვითმმართველი ერთეულის 2023 წლის 27 ნოემბრის №426 და ქურთის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2023 წლის 19 დეკემბრის №444 ცნობები წარმოადგენენ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, რომლებიც ზღუდავენ მოსარჩელის უფლებას, პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებდნენ მოსარჩელის კანონიერ უფლებას და ინტერესს.
გარდა ამისა, წარმოდგენილ საკასაციო შესაგებელში, ე.კ-ი მიუთითებს საქმის მასალებში არსებულ 2006 წლის 5 იანვარს გაცემულ პირადობის მოწმობის ასლზე, ქურთის თემის საკრებულოს მიერ გაცემულ №479 ცნობაზე, მოწმეთა ჩვენებებზე და აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ მოსარჩელე ე.კ-ი 2008 წლის აგვისტოს ომამდე ნამდვილად იყო ქურთის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ის მუდმივი მაცხოვრებელი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 8 აპრილის განჩინებით, ქურთის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად და მისი განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრების გარეშე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქურთის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და სარჩელზე შეწყდეს საქმის წარმოება, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ 2023 წლის 21 დეკემბერს ე.კ-მა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე - ქურთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმართ, რომლითაც მოითხოვა ქურთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ქურთის თვითმმართველი ერთეულის 2023 წლის 27 ნოემბრის №426 ცნობისა და 2023 წლის 19 დეკემბრის №444 წერილის, როგორც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ასევე ქურთის მუნიციპალიტეტის გამგეობისთვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, რომლითაც დადასტურდებოდა 2008 წლის აგვისტოს ომამდე მოსარჩელის ე.კ-ის ქურთის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მუდმივად ცხოვრების ფაქტი. აღნიშნული სასარჩელო მოთხოვნები დაკმაყოფილებულ იქნა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 29 თებერვლის გადაწყვეტილებით, რომელიც უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 16 ივლისის განჩინებით. ამდენად, ქვედა ინსტანციების სასამართლოების მიერ, გასაჩივრებული აქტები მიჩნეულ იქნა ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებად, რის საფუძველზეც განხორციელდა მათი კანონიერების შეფასება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლო სარჩელის წარმოებაში მიღების ეტაპზე ამოწმებს სარჩელის დასაშვებობის საკითხს, კერძოდ, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე-25-ე მუხლებით განსაზღვრულია ადმინისტრაციული სარჩელის სახეები, რომელთა დასაშვებობაც მითითებული მუხლების შესაბამისად მოწმდება (სასკ-ის 262 მუხ.). გასათვალისწინებელია, რომ შეცილებითი სარჩელის მიზანი არ არის აბსტრაქტული. კონკრეტულ შემთხვევაში, მოსარჩელე ქურთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ქურთის თვითმმართველი ერთეულის 2023 წლის 27 ნოემბრის №426 ცნობისა და 2023 წლის 19 დეკემბრის №444 წერილის ბათილად ცნობას მოითხოვს, რომელიც წინა ინსტანციის სასამართლოებმა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის მოთხოვნად ჩათვალეს (სასკ-ის 22.2 მუხ.). ვინაიდან, სასკ-ის 22-ე მუხლით გათვალისწინებული შეცილებითი სარჩელის მიზანია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, შესაბამისად, სარჩელის დასაშვებობის აუცილებელი წინაპირობაა ადმინისტრაციული აქტის, ანუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული, განსაზღვრული სამართლებრივი შედეგის წარმომშობი, შესასრულებლად სავალდებულო ძალის მქონე დოკუმენტის, არსებობა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესო სასამართლოს 2017 წლის 9 მარტის განჩინებაში მოყვანილ სამართლებრივ მსჯელობაზე, რომლის თანახმად: „სარჩელის დასაშვებობის საკითხის გადაწყვეტისას სასამართლო სარჩელის წარმოებაში მიღების ეტაპზე წყვეტს სარჩელის შესაბამისობას სასკ-ის 22-25-ე მუხლებით გათვალისწინებულ სარჩელის დასაშვებობის მოთხოვნებთან და 262 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, განჩინებით წყვეტს საქმის წარმოებას, თუ იგი არ აკმაყოფილებს აღნიშნული მუხლებით დადგენილ დასაშვებობის მოთხოვნებს. სასამართლო ვალდებულია, მხარის მოთხოვნისგან დამოუკიდებლად, შეამოწმოს სარჩელის დასაშვებობის საკითხი. სასამართლოს ინიციატივით დასაშვებობის საკითხის შემოწმებას ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში ენიჭება არა დისპოზიციური, არამედ იმპერატიული ხასიათი. სარჩელის დასაშვებობის წინაპირობები წარმოადგენენ საპროცესო წინამძღვრებს. არსებობს მხარეებთან მიმართებაში საპროცესო წინამძღვრები და დავის საგანთან არსებული წინამძღვრები. საპროცესო წინამძღვრები საჯარო ინტერესს გამოხატავს. საჯარო ინტერესი გამოიხატება იმაში, რომ სარჩელს მხოლოდ მაშინ შეიძლება მოჰყვეს შედეგი, როცა ყველა საპროცესო წინამძღვრები სახეზეა. სასამართლო უფლებამოსილია შეამოწმოს პროცესის დასაშვებობა მხარეთა დამოუკიდებლად. ამდენად, სარჩელის დასაშვებობის საკითხი შესაძლოა დადგეს სასამართლოს მიერ სარჩელის დასაშვებად ცნობის შემდეგ, აგრეთვე ზედა სასამართლო ინსტანციებში“ (სუსგ №ბს-752-744(კს-16); 09.03.2017წ.).
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი განმარტებულია, როგორც ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად კი განსაზღვრულია, რომ სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით. ხოლო, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ქურთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ქურთის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის 2023 წლის 27 ნოემბრის №426 ცნობის თანახმად, ე.კ-ი (დაბადებული - ... ... ...წ.) 2008 წლის აგვისტოს ომამდე არ იყო სოფელ ...ის მუდმივი მაცხოვრებელი. ხოლო, ქურთის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2023 წლის 19 დეკემბრის №444 მიმართვით, ე.კ-ის, მისი 2023 წლის 14 დეკემბრის №1572 განცხადების/ადმინისტრაციული საჩივრის პასუხად ეცნობა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით უკვე ჩატარებული იყო ადმინისტრაციული წარმოება, რომლის საფუძველზეც, მას უარი ეთქვა სოფელ ...ში მუდმივი მაცხოვრებლობის ფაქტის განსაზღვრაზე.
ამდენად ცალსახაა, რომ ქურთის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2023 წლის 19 დეკემბრის №444 მიმართვა ქურთის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის 2023 წლის 27 ნოემბრის №426 ცნობასთან სამართლებრივ კავშირში მყოფ დოკუმენტს წარმოადგენს და შესაბამისად მათი შეფასება ერთობლიობაში უნდა განხორციელდეს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომელიც განსაზღვრავს დევნილის სამართლებრივ სტატუსს, პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის საფუძვლებსა და წესს, დევნილის სამართლებრივ, ეკონომიკურ და სოციალურ გარანტიებს, მის უფლებებსა და მოვალეობებს.
მითითებული კანონის მუხლი მე-8 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პირი, რომელიც ამ კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მიზეზის გამო დატოვებს მუდმივ საცხოვრებელ ადგილს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, დევნილის სტატუსის მინიჭების შესახებ განცხადებით მიმართავს სამინისტროს. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, დევნილის სტატუსის მაძიებლისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების ან დევნილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს სამინისტრო განცხადების მიღებიდან ერთი თვის ვადაში. მე-7 პუნქტის შესაბამისად, პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭებისა და დევნილთა რეგისტრაციის პროცედურები განისაზღვრება ამ კანონის შესაბამისად სამინისტროს მიერ დადგენილი წესით.
საკასაციო პალატა მიუთითებს „პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის, დევნილთა რეგისტრაციის და დევნილთა მონაცემთა ბაზის წარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 16 ივლისის №287 ბრძანებაზე, რომლითაც კანონმდებელმა განსაზღვრა დევნილის სტატუსის მისანიჭებლად დაინტერესებული პირის მიერ აუცილებლად წარსადგენი მტკიცებულებათა ჩამონათვალი. აღსანიშნავია, რომ ამ მტკიცებულებათა შორის, ბრძანების მე-2 მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, განსაზღვრულია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციის შესაბამისი სტრუქტურის ან ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს და მათი შესაბამისი კომისიების მიერ გაცემული ცნობა/დასკვნა, რომელიც ადასტურებს განმცხადებლის და მისი ოჯახის წევრების იძულებით გადაადგილებამდე მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე ცხოვრების ფაქტს და ოჯახის შემადგენლობას (ამ უკანასკნელის შესაძლებლობის შემთხვევაში).
ბრძანების მე-2 მუხლის მე-16 პუნქტის შესაბამისად, დეპარტამენტი ან სააგენტოს ტერიტორიული სამმართველო უზრუნველყოფს განცხადების საფუძვლიანობის შემოწმებას, შესაბამისი საბუთებისა (დოკუმენტების) და მტკიცებულებების მოძიებას, საჭიროების შემთხვევაში სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფებიდან და სათანადო ორგანოებიდან მათ გამოთხოვას. ამავე მუხლის მე-20 პუნქტის მიხედვით, დეპარტამენტი საკითხის შესწავლის შემდგომ ამზადებს დასკვნას პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების ან მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ, რომელსაც ხელს აწერს დეპარტამენტის უფროსი, დეპარტამენტის რეგისტრაციისა და რესტიტუციის სამმართველოს უფროსი და სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული თანამშრომელი, რომელმაც პირს ჩაუტარა გასაუბრება და შეავსო დადგენილი ფორმის კითხვარი. დეპარტამენტის დასკვნის საფუძველზე გამოიცემა სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების ან მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ. ამ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების შესახებ შესაბამისი ინფორმაცია აისახება მონაცემთა ბაზაში.
მოხმობილი სამართლებრივი ნორმების დანაწესიდან გამომდინარე საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ გასაჩივრებული დოკუმენტები წარმოადგენს არა დევნილის სტატუსის მიმნიჭებელ აქტს, არამედ ამ უფლების რეალიზებისთვის კანონით გათვალისწინებულ ერთ-ერთ მტკიცებულებას, რაც დამოუკიდებლად, უცილობლად არ იწვევს ადრესატისთვის რაიმე სავალდებულო სამართლებრივ შედეგს. მართალია მათი გამოცემა მიმართულია გარკვეული სამართლებრივი შედეგის დადგომისკენ (დევნილის სტატუსის მინიჭება), თუმცა დამოუკიდებლად ასეთ შედეგს ვერ იწვევს.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს ქმედება მიიჩნევა ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად იმ შემთხვევაში, როდესაც ეს ქმედება განსაზღვრული სამართლებრივი შედეგისკენ არის მიმართული. ინდივიდუალური აქტის დეფინიციის ეს ელემენტი აღწერს მის ბუნებას, რომელიც მიმართულია ურთიერთობის სამართლებრივი მოწესრიგებისაკენ (ე.ი. ის აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირთა სამართლებრივ მდგომარეობას). სამართლებრივი მოწესრიგების არსი იმაში მდგომარეობს, რომ ინდივიდუალური აქტის გამოცემით განხორციელებული ღონისძიება მიმართულია ცალმხრივად და უშუალო სამართლებრივი შედეგის წარმოშობისკენ. ადმინისტრაციული აქტის ცალმხრივობა და მისი შესასრულებლად სავალდებულო ძალა აქტის ცნების ის ელემენტებია, რაც (აქტის ცნების სხვა ელემენტებთან ერთად) აქტის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად მიჩნევის საფუძველს ქმნის (სუსგ საქმე №ბს-627(კ-21); 31.10.2023წ.). ამდენად, როდესაც საჯარო-სამართლებრივი ღონისძიება პირდაპირ სამართლებრივ შედეგს არ იწვევს, მოწესრიგება, როგორც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ცნების ელემენტი, სახეზე არ არის.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ გასაჩივრებული ცნობა/წერილი მართალია გამოცემულია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, თუმცა შინაარსის გათვალისწინებით მას გააჩნია მხოლოდ ფაქტის ფიქსაციის და არა სამართალურთიერთობის რეგულირების დატვირთვა, შესაბამისად არა რეგულატორული ფუნქციის, არამედ ინფორმაციული დატვირთვის მატარებელია. ამდენად ცალსახაა, რომ ქურთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ქურთის თვითმმართველი ერთეულის 2023 წლის 27 ნოემბრის №426 ცნობა არ წარმოადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და შესაბამისად არ ექცევა სზაკ-ის მე-2 მუხლის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ცნების ქვეშ. ამასთან, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ დევნილის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოს წარმოადგენს სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო, რომელიც თავად წყვეტს რამდენად გაითვალისწინებს დევნილის სტატუსის მინიჭების საკითხის გადაწყვეტისას ტერიტორიული ორგანოს მიერ გაცემული ცნობის შინაარსს, რომელსაც დამოუკიდებლად არ გააჩნია წინასწარ დადგენილი და სავალდებულო ხასიათი.
საკასაციო წესით საქმის განხილვისას დაუშვებლობის მოტივით შეწყვეტის საფუძვლების გამოვლენის შემთხვევაში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებულია საკასაციო სასამართლოს უფლებამოსილება საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე.
როგორც უკვე აღინიშნა, სარჩელის საგნიდან გამომდინარე, სახეზეა შეცილებითი სარჩელი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით (სასკ-ის 22-ე მუხ.). ასეთი სახის სარჩელის დასაშვებობისათვის ერთ-ერთი სავალდებულო პირობა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არსებობაა, რა დროსაც სასამართლო უფლებამოსილია შეამოწმოს პროცესის დასაშვებობა მხარეთა დამოუკიდებლად, აღნიშნული საკითხის მხარეთა მიერ დასმის მიუხედავად. განსახილველ შემთხვევაში დგინდება, რომ ე.კ-ის მიერ გასაჩივრებული ცნობა/წერილი არ წარმოადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტს, იგი არ წარმოშობს დამოუკიდებლად სამართლებრივ შედეგებს და მისი ცალკე გასაჩივრების შესაძლებლობას კანონმდებელიც გამორიცხავს. ამდენად, ვინაიდან დავაზე საქმის წარმოების შეწყვეტის საკითხი ქვედა ინსტანციის სასამართლოებში არ გადაწყვეტილა, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ აღნიშნული საკითხი უნდა გადაწყვიტოს საკასაციო სასამართლომ. შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ მოცემულ საქმეში სახეზე არ არის სასკ-ის 22-ე მუხლით განსაზღვრული სარჩელის დასაშვებობის სავალდებულო პირობა (ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არსებობა), სასკ-ის 262 მუხლის მე-6 ნაწილის საფუძვლით ე.კ-ის სარჩელზე საქმის წარმოება უნდა შეწყდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 262 მუხლის მე-6 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქურთის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. ე.კ-ის სარჩელზე შეწყდეს საქმის წარმოება დაუშვებლობის მოტივით;
3. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 29 თებერვლის გადაწყვეტილება და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 16 ივლისის განჩინება;
4. მხარეებს განემარტოთ, რომ სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ დაიშვება;
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
მ. ვაჩაძე
ბ. სტურუა