#431აპ.-15 ქ. თბილისი
დ-ე შ.-431ap.-15 29 იანვარი, 2016 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (Tavmjdomare),
მაია ოშხარელი, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ შ. დ-ს საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 2 ივნისის განაჩენზე.
აღწერილობითი ნაწილი:
1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 13 მარტის განაჩენით შ. დ-ე, –ნასამართლევი, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (3 ეპიზოდი) იმაში, რომ ჩაიდინა გამოძალვა, ე.ი. ქონებრივი სარგებლობის მოთხოვნა, რასაც თან ერთვის დაზარალებულის მიმართ ძალადობის გამოყენების მუქარა. განაჩენით დადგენილად იქნა მიჩნეული შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2. 2014 წლის 21 ივლისს, დაალოებით 11.40 საათზე, ბათუმში, ... და ... ქუჩების გადაკვეთაზე მდებარე ბენზინგასამართ სადგურ „...“ ტერიტორიაზე, შ. დ-მ ბ. შ-საგან ძალადობის გამოყენების მუქარით მოითხოვა და დაეუფლა 200 ლარს.
3. 2014 წლის 21 ივლისს, დაახლოებით 17.30 საათზე, ბათუმში, ... და ... ქუჩების გადაკვეთაზე მდებარე ბენზინგასამართ სადგურ „...“ მიმდებარე ტერიტორიაზე, შ. დ-მ ბ. შ-საგან ძალადობის გამოყენების მუქარით მოითხოვა და დაეუფლა 1400 ლარს.
4. 2014 წლის 21 ივლისს, დაახლოებით 21.35 საათზე, ბათუმში, ... და ... ქუჩების გადაკვეთაზე მდებარე ბენზინგასამართ სადგურ „...“ მიმდებარე ტერიტორიაზე, შ. დ-ე ა. ბ-საგან ძალადობის გამოყენების მუქარით მოითხოვდა ფულად თანხას – 300 ლარის ოდენობით.
5. აღნიშნული ქმედებისათვის შ. დ-ს საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2014 წლის 21 ივლისის 11.40 საათისა და 21.35 საათის ეპიზოდები) მიესაჯა 3-3 წლით, ხოლო 181-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2014 წლის 21 ივლისის 17.30 საათის ეპიზოდი) – 3 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა; დანაშაულთა ერთობლიობით, შთანთქმის პრინციპის გამოყენებით განესაზღვრა 3 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 23 აპრილის განაჩენით დანიშნული და იმავე სასამართლოს 2013 წლის 20 თებერვლის განჩინებით განახევრებული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან – 3 თვე და შ. დ-ს საბოლოოდ მიესაჯა 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2014 წლის 4 აგვისტოდან.
6. განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორმა შ. ხ-მ, მსჯავრდებულმა შ. დ-მ და მისმა ადვოკატმა ე. მ-მ.
7. პროკურორმა ითხოვა შ. დ-სათვის სამივე ეპიზოდისათვის მაქსიმალური სასჯელის განსაზღვრა და წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილის სრულად დამატება, ხოლო მსჯავრდებულმა და მისმა ადვოკატმა – გასაჩივრებული გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და შ. დ-ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
8. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 2 ივნისის განაჩენით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 13 მარტის განაჩენი დარჩა უცვლელად.
9. კასატორი – მსჯავრდებული შ. დ-ე საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ საქმეში არ არსებობს მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა შ. დ-ს ბრალეულობაში; უკვე ნასამართლევი შ. დ-ს გამოძალვით მსჯავრდებით მარტივად დაიფარა ბ. შ-ს ბრალეული ქმედება – მის მფლობელობაში არსებული „...“ კუთვნილი ფულის მითვისება-გაფლანგვა.
10. კასატორის აზრით, მოწმეები – თ. ქ-ე, ე. ა-ე, ა. ფ-ე, ბ. ა-ე და თ. შ-ე სამართალდამცავი ორგანოს მუშაკები არიან და მათი ჩვენებები ეხება საგამოძიებო მოქმედებებს, ხოლო დანარჩენი მოწმეები ბ. შ-ს ახლობლები არიან და მათი ჩვენებები ბ. შ-ს სასარგებლოა.
11. რაც შეეხება მოწმე მ. ფ-ს, მისი ჩვენებები ირიბია; მოწმეების – ვ. ფ-ს, მ. თ-სა და მ. შ-ს ჩვენებები არ შეიცავს არანაირ ინფორმაციას გამოძალვის ფაქტებზე, ხოლო ვ. თ-ე ატყუებს მართლმსაჯულებას, ა. ბ-ს ჩვენებაში კი არ იკვეთება შ. დ-ს მხრიდან ძალადობის მუქარა, რაც თან ერთვის თანხის მოთხოვნას; შ. დ-ს მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დადგა მხოლოდ იმიტომ, რომ იგი წარსულში მკვლელობის მცდელობისათვისაა ნასამართლევი და არ არსებობდა ბ. შ-ს ქმედების კანონიერად შეფასების მიზანი.
12. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებული შ. დ-ე ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 2 ივნისის განაჩენის გაუქმებას და გამართლებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ შ. დ-ს საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებულ განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს არგუმენტებს შ. დ-ს მიერ გამოძალვის ჩადენის თაობაზე და მიაჩნია, რომ კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეულ, უტყუარ, ურთიერთშეჯერებულ და საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობით, მათ შორის - დაზარალებულების - ბ. შ-სა და ა. ბ-ს ჩვენებებით, მოწმეების - ვ. ფ-ს, მ. თ-ს, ვ. თ-ს ჩვენებებითა და ამოღებული ვიდეოჩანაწერებით - გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება შ. დ-სთვის ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა.
3. ამასთან, საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს გასაჩივრებული განაჩენის იმ ნაწილზე, რომელიც ეხება შ. დ-სთვის სასჯელის განსაზღვრას, კერძოდ: სააპელაციო სასამართლომ შ. დ-სთვის სასჯელის განსაზღვრისას მხედველობაში მიიღო საქართველოს სსკ-ის 58-ე მუხლით დადგენილი წესი, რომლის თანახმადაც, დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში პირს სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრისას უნდა დაენიშნოს, სულ მცირე, სანქციის მინიმუმით გათვალისწინებულზე ერთი წლით მეტი.
4. საკასაციო პალატა მიუთითებს: საქმის მასალებით ირკვევა, რომ შ. დ-ს წინა განაჩენით (ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 23 აპრილის განაჩენი) ბრალად შერაცხული ქმედება ჩადენილი აქვს 2012 წლის 7 იანვარს, რა დროსაც იგი იყო არასრულწლოვანი.
5. საქართველოს სსკ-ის მე-17 მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, დანაშაულის რეციდივის დადგენისას მხედველობაში არ მიიღება ნასამართლობა თვრამეტ წლამდე ჩადენილი დანაშაულისათვის. შესაბამისად, შ. დ-სთვის სასჯელის განსაზღვრისას საქართველოს სსკ-ის 58-ე მუხლზე მითითება ეწინააღმდეგება კანონის მოთხოვნებს.
6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული განაჩენიდან უნდა ამოირიცხოს მითითება შ. დ-სთვის სასჯელის საქართველოს სსკ-ის 58-ე მუხლის გათვალისწინებით დანიშვნის თაობაზე.
7. ამასთანავე, საკასაციო პალატას, შ. დ-ს მიერ ჩადენილი ქმედების ხასიათისა და სიმძიმის, ქმედების განხორციელების სახისა და შედეგის გათვალისწინებით, მიზანშეწონილად მიაჩნია მისთვის დანიშნული სასჯელის შემსუბუქება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ–ის 301–ე მუხლით, 307–ე მუხლის 1–ლი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ შ. დ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 2 ივნისის განაჩენში შევიდეს ცვლილება:
3. განაჩენიდან ამოირიცხოს მითითება შ. დ-სთვის სასჯელის განსაზღვრისას საქართველოს სსკ-ის 58-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დადგენილი წესის მხედველობაში მიღების თაობაზე.
4. შ. დ-ს საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2014 წლის 21 ივლისის 11.40 საათისა და 21.35 საათის ეპიზოდები) მიესაჯოს 2-2 წლითა და 6-6 თვით, ხოლო 181-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2014 წლის 21 ივლისის 17.30 საათის ეპიზოდი) – 2 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა.
5. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა - 2 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთამ - შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელები და შ. დ-ს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახით განესაზღვროს 2 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, რასაც საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, დაემატოს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 23 აპრილის განაჩენით დანიშნული და იმავე სასამართლოს 2013 წლის 20 თებერვლის განჩინებით განახევრებული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან – 3 თვე და საბოლოოდ შ. დ-ს სასჯელის სახით განესაზღვროს 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა აეთვალოს 2014 წლის 4 აგვისტოდან.
6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 2 ივნისის განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.
7. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: მ. ოშხარელი
პ. სილაგაძე