Facebook Twitter

საქმე №73აგ-15 27 იანვარი, 2016 წელი

ღ-ი ბ., 73აგ-15 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),

მაია ოშხარელი, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა გამართლებულ ბ. ღ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ რ. ხ-ს საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 29 მაისის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 24 აპრილის განაჩენით ბ. ღ-ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებით, 24-3,180–ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში. განაჩენის აღსასრულებლად მიქცევის შემდეგ მოიხსნა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 29 თებერვლის ბრძანებით სამოქალაქო სარჩელის უზრუნველსაყოფად ბ. ღ-ს საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე (მდებარე – ბათუმში, ... ქ. №--ში) დადებული ყადაღა.

2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 1 აგვისტოს განჩინებით გამართლებულ ბ. ღ-ს სააპელაციო საჩივარი არ იქნა განხილული.

3. გამართლებულმა ბ. ღ-მა 2015 წლის 22 იანვარს საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 1 აგვისტოს განჩინების, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 12 სექტემბრის დადგენილების გაუქმებისა და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 24 აპრილის განაჩენში ცვლილების შეტანის მოთხოვნით იმ მიმართებით, რომ განაჩენის სარეზოლუციო ნაწილში აისახოს უძრავ ქონებაზე (მდებარე: ბათუმში, ... ქ. №--ის ბინა №--ში) მესაკუთრე ქ. ღ-სა და უძრავ ქონებაზე (მდებარე: ბათუმში, ... ქ. №---ის ბინა №--ში) მესაკუთრე ნ. ღ-სათვის ყოველგვარი შეზღუდვის გაუქმების შესახებ.

4. ზემოაღნიშნული საჩივარი საქართველოს უზენაესი სასამართლოდან რეაგირებისათვის გადაიგზავნა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში.

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 29 მაისის განაჩენით გამართლებულ ბ. ღ-ს შუამდგომლობა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 1 აგვისტოს განჩინება, ხოლო ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 12 სექტემბრის დადგენილება და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 24 აპრილის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. კასატორი – გამართლებულ ბ. ღ-ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი რ. ხ-ი საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 29 მაისის განაჩენი უკანონოა და უნდა გაუქმდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

7. სააპელაციო სასამართლომ შუამდგომლობის განხილვის დროს არასწორად განმარტა საქართველოს სსსკ-ის 511-ე მუხლი (1998 წლის 20 თებერვლის რედაქცია), ამასთან, არ გამოიყენა ამავე კოდექსის 219-ე მუხლი, რომელიც ითვალისწინებს პირის რეაბილიტაციის შესაძლებლობას გამართლების შემთხვევაში; ბ. ღ-სა და ქ. ბ-ს მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა ბრალდების მხარემ შეწყვიტა მანამ, სანამ პირველი ინსტანციის სასამართლო მიიღებდა საბოლოო გადაწყვეტილებას, ხოლო სისხლისსამართლებრივი დევნა და სასამართლოს საქმისწარმოება გაგრძელდა დაზარალებულის ბრალდების მხარდაჭერით; მიუხედავად ამისა, ბათუმის საქალაქო სასამართლომ ბ. ღ-ი და ქ. ბ-ი უდანაშაულოდ ცნო; პროკურატურის შუამდგომლობა სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის თაობაზე ეფუძნებოდა იმ გარემოებას, რომ „შეკრებილი მტკიცებულებები არ ადასტურებდა ბ. ღ-სა და ქ. ბ-ს ბრალეულობას“; აღნიშნული მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ ბ. ღ-სათვის ბრალის წარდგენის მომენტისათვის არ არსებობდა სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების საფუძვლები; შესაბამისად, მთელი რიგი იძულებითი საპროცესო მოქმედებები, რომლებიც განხორციელდა ბ. ღ-ს მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის ეტაპზე, არის უსაფუძვლო.

8. კასატორის აზრით, პროცესუალური ნორმის არარსებობა არ წარმოადგენს გამართლებული პირისათვის კონსტიტუციური უფლებების აღდგენისათვის დამაბრკოლებელ გარემოებას და, შესაბამისად, ის საკანონმდებლო ხარვეზი, რომელიც გამოვლინდა პროცესის წარმოების ეტაპზე, უნდა აღმოეფხვრა სააპელაციო სასამართლოს და ამით ხელი შეეწყო სამართლიანი მართლმსაჯულების განხორციელებისათვის; სასამართლოსათვის პრიორიტეტული უნდა ყოფილიყო ადამიანის უფლებები და არა პროცესუალური ნორმის ჩარჩოებში მოქცევა, რომელიც ხელყოფს ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებას.

9. გამამართლებელი განაჩენი იმთავითვე უნდა ახდენდეს რეაბილიტაციას და ბრალდებულის უფლებების აღდგენას; ბ. ღ-ს მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა გრძელდებოდა დაახლოებით 6 წლის განმავლობაში, რაც უკვე შეიძლება შეფასდეს როგორც პირის მიმართ სამართლიანი სასამართლოს უფლების ხელყოფა, რადგან ამ კატეგორიის საქმეების განხილვა სამივე ინსტანციის სასამართლოში არ აღემატება სამ წელს; უძრავი ქონება, რომელიც მიექცა სახელმწიფოს საკუთრებაში, წარმოადგენს გამართლებულისა და მისი ოჯახის წევრების ძირითად საცხოვრებელ ადგილს, ხოლო იძულებითი აღსრულების შემთხვევაში – იგი ვალდებული იქნება, გამოათავისუფლოს ქონება და გადასცეს სახელმწიფოს.

10. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 219-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, უკანონოდ ან დაუსაბუთებლად მსჯავრდებულს ან ბრალდებულს უნდა აღუდგეს უფლებები, თუ დადგინდება მისი უდანაშაულობა; სააპელაციო სასამართლო მიუთითებს უფლების არარსებობაზე, განაჩენით გააუქმოს მის მიერ საქმის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება ქონების ჩამორთმევის თაობაზე, მაშინ, როდესაც სსსკ-ის 226-ე მუხლის მე-4 ნაწილი ადგენს შესაძლებლობას, პირს, რომელმაც დაკარგა საცხოვრებელი ბინა უკანონოდ ან დაუსაბუთებლად მსჯავრდებასთან დაკავშირებით, დაუბრუნდეს წინათ დაკავებული საცხოვრებელი ბინა, ხოლო თუ დაბრუნება შეუძლებელია, სახელმწიფომ მას რიგგარეშე უნდა მისცეს ტოლფასი კეთილმოწყობილი საცხოვრებელი ბინა იმავე დასახლებულ პუნქტში, საბინაო ფართობის, მოქმედი ნორმებისა და მისი ოჯახის შემადგენლობის გათვალისწინებით.

11. საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლის მიხედვით, საქართველოს კონსტიტუცია არ უარყოფს ადამიანისა და მოქალაქის სხვა საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებს, თავისუფლებებსა და გარანტიებს, რომლებიც აქ არ არის მოხსენიებული, მაგრამ თავისთავად გამომდინარეობენ კონსტიტუციის პრინციპებიდან; სწორედ ამ პრინციპების გაგრძელებაა საქართველოს სსსკ-ის მე-7 მუხლის მე-4 ნაწილი, რომლის თანახმად, კანონმდებლობაში ხარვეზების არსებობისას დასაშვებია სისხლის სამართლის საპროცესო კანონის ანალოგიით გამოყენება, თუ ამით არ ილახება ადამიანის უფლებები; საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლით დაცვის უფლება გარანტირებულია და ყოველი პირი უნდა განსაჯოს მხოლოდ იმ სასამართლომ, რომლის იურისდიქციასაც ექვემდებარება მისი საქმე; კასატორის აზრით, სწორედ სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ უნდა გადაწყვიტოს ბ. ღ-სათვის ქონების უკან დაბრუნების საკითხი; სხვა სამართალწარმოების წესი ამას ვერ უზრუნველყოფს, რადგან სამოქალაქო კოდექსის 1005–ე მუხლის მე-3 ნაწილი ითვალისწინებს რეაბილიტირებული პირისათვის ზიანის ანაზღაურების უფლებას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დადგინდება აღკვეთის ღონისძიების გამოყენების უკანონობა, რაც ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 24 აპრილის განაჩენით არ არის დადგენილი; აქედან გამომდინარე, აღკვეთის ღონისძიების უკანონოდ აღიარება უნდა მოხდეს სისხლის სამართლის საქმის სამართალწარმოებისათვის დადგენილი წესით, წინააღმდეგ შემთხვევაში, პირის რეაბილიტაცია ვერასოდეს განხორციელდება; სასამართლო გამამართლებელი განაჩენის გამოტანისას არ მსჯელობს მანამდე მიღებული გადაწყვეტილებების კანონიერებაზე, ამიტომ აღკვეთის ღონისძიება ყოველთვის იქნება კანონიერი, მაგრამ აღნიშნული არ ნიშნავს იმას, რომ გამამართლებელი განაჩენით შეუძლებელია აღკვეთის ღონისძიებით გამოწვეული შედეგების ანულირება; ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 24 აპრილის გამამართლებელმა განაჩენმა ვერ უზრუნველყო ბ. ღ-ს უფლების „ეფექტური რეალიზება“, რასაც ადასტურებს მიმდინარე საქმის წარმოება.

12. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ადვოკატი რ. ხ-ი ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 29 მაისის განაჩენის გაუქმებას შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში, ასევე – ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 12 სექტემბრის დადგენილების გაუქმებას სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტში, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 24 აპრილის განაჩენში ცვლილების შეტანას და სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში უძრავი ქონების (მდებარე: ბათუმში, ... ქ. №---ის ბინა №--ში) მესაკუთრე ქ. ღ-სა და უძრავ ქონებაზე (მდებარე: ბათუმში, ... ქ. №---ის ბინა №---ში) მესაკუთრე ნ. ღ-ს მიმართ ყოველგვარი შეზღუდვის მოხსნის ასახვას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივებს შუამდგომლობასთან დაკავშირებით და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული მასალების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმის გარემოებებს.

3. საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ 2007 წლის 10 მარტს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის ბრძანებით ბ. ღ-ს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო - 50 000 ლარის ოდენობით. ამავე სასამართლოს 2007 წლის 15 მარტის ბრძანებით ბ. ღ-ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაოს - 50 000 ლარის უზრუნველყოფის მიზნით ყადაღა დაედო ბ. ღ-ს დედის -ქ. ღ-ს საკუთრებაში არსებულ ქ. ბათუმში, … ქ. №---ში მდებარე ბინა №--ს და ბ. ღ-ს შვილის -ნ. ღ-ს საკუთრებაში არსებულ ქ. ბათუმში, … ქ. №---ში მდებარე ბინა №--ს. 2007 წლის 10 მარტს და 2007 წლის 15 მარტს შედგენილი ოქმებით დგინდება, რომ ბ. ღ-ი და გირაოს შემტანები - ქ. და ნ. ღ-ი გააფრთხილეს, რომ თუ ბ. ღ-ი არასაპატიო მიზეზით თავს აარიდებდა გამომძიებელთან, პროკურორთან ან სასამართლოში გამოცხადებას ან/და ჩაიდენდა ახალ დანაშაულს, გირაო შეიცვლებოდა უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით, ხოლო გირაოს უზრუნველსაყოფად დაყადაღებული უძრავი ქონება გადაეცემოდა სახელმწიფოს.

4. საქმის მასალებიდან ასევე ირკვევა, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 12 სექტემბრის დადგენილებით ბ. ღ-სთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო შეიცვალა პატიმრობით, ხოლო უძრავი ქონება მიექცა აღსასრულებლად, ვინაიდან ბ. ღ-მა 2008 წლის ოქტომბერში (შეფარდებული გირაოს გამოყენების პერიოდში) ჩაიდინა ახალი განზრახი დანაშაული (საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილი), რისთვისაც ბათუმის საქალაქო სასამართლომ 2012 წლის 8 თებერვალს დამნაშავედ ცნო იგი.

5. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 168-ე მუხლის მე-7 ნაწილი (1998 წლის რედ.) იმპერატიულად განსაზღვრავდა, რომ თუ ბრალდებულმა, რომლის მიმართაც აღკვეთის ღონისძიების სახით შერჩეულია გირაო და მან გირაოს მოქმედების პერიოდში ჩაიდინა ახალი დანაშაული, გირაო შეიცვლება უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით, ხოლო გირაოს უზრუნველსაყოფად დაყადაღებული ქონება გადაეცემა სახელმწიფოს. ამდენად, ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გირაოს უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით შეცვლისა და უძრავი ქონების აღსასრულებლად მიქცევის თაობაზე სრულიად კანონიერია.

6. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ბ. ღ-ს, რომლის მიმართაც არსებობდა ვარაუდი, რომ ჩაიდინა დანაშაული ,შეეფარდა აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო, რომლის მიზანია ბრალდებულის სათანადო ქცევის უზრუნველყოფა მისი საკუთრების უფლების შეზღუდვით, ხოლო სათანადო ქცევის შეუსრულებლობის შემთხვევაში ამ უფლების ჩამორთმევა.

7. საკასაციო პალატა განმარტავას, რომ აღკვეთის ღონისძიების მიზანია ბრალდებულის სათანადო ქცევის უზრუნველყოფა გარკვეული პერიოდის მანძილზე (აღკვეთის ღონისძიების გაუქმებამდე) და იგი არ არის დაკავშირებული პირის ბრალეულობის თაობაზე სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასთან. ამდენად, მართალია, ბ. ღ-ი ბათუმის საქალაქო სასამართლომ 2013 წლის 24 აპრილის განაჩენით უდანაშაულოდ ცნო საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით, სსკ-ის 24-3, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში, მაგრამ, იმის გათვალისწინებით, რომ ბ. ღ-ს საპროცესო კანონის სრული დაცვით შეეცვალა შეფარდებული გირაო უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით, ხოლო უძრავი ქონება მიექცა აღსასრულებლად, კასატორის პოზიცია უძრავი ქონების დაბრუნების თაობაზე უსაფუძვლოა და ეწინააღმდეგება საპროცესო კანონით განსაზღვრულ აღკვეთის ღონისძიების მიზნებს.

8. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 29 მაისის განაჩენი კანონიერი და დასაბუთებულია, არ არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი და იგი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით, 314-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. გამართლებულ ბ. ღ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ რ. ხ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 29 მაისის განაჩენი დარჩეს უცვლელად.

3. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: მ. ოშხარელი

პ. სილაგაძე