საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
ბს-1145(კ-22) 18 ივნისი, 2025წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: თამარ ოქროპირიძე, გიორგი გოგიაშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა სსიპ აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს - აკრედიტაციის ცენტრის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.12.2021წ. განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
შპს „ ...ამ“ 04.04.2018წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის სსიპ აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს - აკრედიტაციის ცენტრის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა შპს „...ის“ ნაწილში აკრედიტაციის საბჭოს 05.03.2018წ. გადაწყვეტილების და აკრედიტაციის ცენტრის 09.03.2018წ. №01/22 და 14.03.2018წ. №01/24 განკარგულებების ბათილად ცნობა მათი გამოცემის დღიდან, ასევე ორ ხაზზე ინსპექტირების ჩატარების თაობაზე ახალი აკრედიტაციის მოწმობის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მოპასუხისთვის დავალება. 24.05.2018წ. განცხადებით მოსარჩელემ დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნები და აღნიშნა, რომ აკრედიტაციის საბჭოს 05.03.2018წ. გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ნაწილში მოთხოვნა აღარ გააჩნია.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 15.07.2019წ. გადაწყვეტილებით შპს „...ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს - აკრედიტაციის ცენტრის 09.03.2018წ. №010/22 და 14.03.2018წ. №01/24 განკარგულებები და მოპასუხეს დაევალა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა შესწავლისა და გამოკვლევის შემდეგ, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, კანონით დადგენილ ვადაში ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა შპს „...ას“ და აკრედიტაციის ცენტის მიერ. შპს „...ის“ წარმომადგენელმა 15.04.2021წ. განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს და დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნები, კერძოდ მოითხოვა შპს „...ის“ ნაწილში აკრედიტაციის ცენტრის 09.03.2018წ. №01/22 და 14.03.2018წ. №01/24 განკარგულებების დანართის ბათილად ცნობა მათი გამოცემის დღიდან, ასევე ორ ხაზზე ინსპექტირების ჩატარების თაობაზე ახალი აკრედიტაციის მოწმობის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მოპასუხისთვის დავალება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.12.2021წ. განჩინებით შპს „...ის“ და სსიპ აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს - აკრედიტაციის ცენტრის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ კანონმდებლობაში 01.12.2017წ. განხორციელებულ ცვლილებამდე აკრედიტაციის მოწმობა გაიცემოდა მხოლოდ სატრანსპორტო საშუალებების მითითებით და ხაზების ოდენობა არ მიეთითებოდა. სადავო განკარგულებით შპს „...ას“ დარჩა ერთი უნივერსალური ხაზი. შპს „...“ მიიჩნევს, რომ მას აკრედიტაცია ჰქონდა მეორე LV ხაზზეც, რაც არ იქნა განსაზღვრული სადავო აქტებით და აკრედიტაციის ფარგლები შეუმცირდა. საკონსულტაციო კომპანიის ...-ის 18.01.2018წ. დასკვნაში მითითებულია, რომ შპს „...ის“ ინსპექტირება განხორციელდა ხაზი 1 HV-ზე და ხაზი 2 LV-ზე, ასევე აკრედიტაციის ცენტრის 20.02.2018წ. შეუსაბამობის ფურცელზე შესაბამისობების გრაფაში დაკონკრეტებულია LV მსუბუქი ხაზი და ინსპექტირების ხაზები მრავლობით რიცხვშია მითითებული, რაც ერთზე მეტს ნიშნავს. უნივერსალური ხაზი გულისხმობს, როგორც LV, ასევე HV ხაზს. მეორე ხაზის არსებობა რეალურად დასტურდება, თუმცა არ იკვეთება საქმეში დაცულ მასალებში მითითებული LV ხაზი უნივერსალურ ხაზში მოიაზრებოდა თუ დამოუკიდებელი ხაზის სახით არსებობდა. ამასთან 11.01.2018წ. აკრედიტაციის ცენტრში წარდგენილი განცხადებით შპს „...“ მოითხოვდა არა დამატებით აკრედიტაციას, არამედ უთითებდა LV ხაზისთვის ადგილობრივი წარმოშობის დანადგარების ევროპული სტანდარტების დანადგარებით შეცვლაზე. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ მას აკრედიტაცია ჰქონდა ორ ხაზზე (HV და LV) და იგი მონიტორინგის რეჟიმში ვერ ჩამოერთმევოდა, ვინაიდან მონიტორინგის მიზანია აკრედიტირებული პირების საქმიანობის შესაბამისობის დადგენა აკრედიტაციის სქემით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან. ამდენად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა გაერკვია მოთხოვნის შინაარსი და გარემოებები ისე შეეფასებინა. გასათვალისწინებელია ისიც, რომ სადავო განკარულებები გამოიცა აკრედიტირებული ინსპექტირების ორგანოების ზედამხედველობის ჩატარების შედეგად და არა აკრედიტაციის მოთხოვნისას ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.12.2021წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს - აკრედიტაციის ცენტრის მიერ.
კასატორმა აღნიშნა, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ გადაწყვეტილება გამოტანილია სსკ-ის 248-ე მუხლის მოთხოვნათა დარღვევით. სადავო განკარგულებები შეეხება სხვა ინსპექტირების ცენტრებსაც. მიუხედავად ამისა, სასამართლომ გასაჩივრებული აქტები სრულად ცნო ბათილად და არ უმსჯელია სხვა სუბიექტების ინტერესებზე, შესაბამისად სასამართლომ მოსარჩელეს მიაკუთვნა იმაზე მეტი, ვიდრე ის მოითხოვდა (სუსგ 29.12.2021წ. საქმე №ბს-160(კ-19), 30.09.2021წ. საქმე №ბს-503(კ-20), 26.01.2021წ. საქმე №ბს-112(კ-18)). გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემთხვევაში აღნიშნული ინსპექტირების ცენტრების საქმიანობა გაჩერდება და სატრანსპორტო საშუალებების მფლობელებს მნიშვნელოვნად შეეზღუდებათ პტი ცენტრების ხელმისაწვდომობა. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების აღწერილობით და სარეზოლუციო ნაწილში შეცდომით არის მითითებული აკრედიტაციის ცენტრის 09.03.2018წ. განკარგულების ნომერი. ნაცვლად №01/22 განკარგულებისა ბათილად იქნა ცნობილი აკრედიტაციის ცენტრის 09.03.2018წ. №010/22 განკარგულება, რომელიც არ არსებობს. აღნიშნული ხარვეზი შესაძლოა გამოსწორებულიყო სააპელაციო პალატის მიერ, თუმცა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრებული განჩინებით დარჩა უცვლელი.
კასატორმა მიუთითა, რომ შპს „...ის“ აკრედიტაცია მეორე - LV ტიპის ხაზზე არ ჰქონია, აღნიშნული გარემოება აგრეთვე დასტურდება შპს „...ის“ 11.01.2018წ. განცხადებით, შესაბამისად ზედამხედველობის ფარგლებში აკრედიტაციის სფეროს შემცირებაზე მითითება უსაფუძვლოა. აკრედიტაციის ცენტრის 09.03.2018წ. №01/22 განკარგულებით შპს „...ის“ აკრედიტაციის სფერო არ შემცირებულა. ამ განკარგულებით დაზუსტდა, რომ მას აკრედიტაცია ჰქონდა M1, M2, M3. N1, N2, N3, O3 და O4 კატეგორიის ... საშუალებების და მათი მისაბმელების პერიოდულ ტექნიკურ ინსპექტირებაზე, კერძოდ ერთ უნივერსალურ (UN - ტიპის) ხაზზე. საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 16.03.2010წ. №1-1/330 ბრძანებით დამტკიცებულ „სსიპ აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს - აკრედიტაციის ცენტრის დებულებაში“ 08.01.2018წ. ცვლილებების შეტანამდე აკრედიტაციის მოწმობაში მიეთითებოდა მხოლოდ ... საშუალებთა კატეგორიები, რადგან ინსპექტირების ორგანოს აკრედიტაცია ჰქონდა კატეგორიაზე და არა ხაზებზე. ...-ს დასკვნაში აღიწერა მხოლოდ ფაქტობრივი ვითარება და ამ კომპანიისთვის აკრედიტირებული ხაზების შესახებ მონაცემები არ ყოფილა გადაცემული. მეორე ხაზის გამართვისთვის სამუშაოების დაწყება არ ადასტურებს ამ ხაზის აკრედიტაციას, აღნიშნული გარემოება ასევე ვერ დადასტურდება 25.03.2018წ. ფოტო-სურათით. გაუგებარია აგრეთვე სააპელაციო სასამართლოს მითითება მონიტორინგის რეჟიმში შემოწმებისას ხაზის ჩამორთმევის შეუძლებლობაზე, ვინაიდან სადავო განკარგულებები ეხება ზედამხედველობის სამუშაოებთან დაკავშირებულ საკითხებს. მოცემულ შემთხვევაში ზედამხედველობის ფარგლებში გადამოწმდა ინსპექტირების ორგანოს აკრედიტაციის პირობებთან შესაბამისობა. აკრედიტაციის ცენტრმა ზედამხედველობის სამუშაოები განახორციელდა საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად შემუშავებული აკრედიტაციის წესებისა და პროცედურების მიხედვით. საკონსულტაციო კომპანიამ - ...-მ 15.02.2018წ. აკრედიტაციის ცენტრში წარადგინა წერილი საქართველოს მასშტაბით აკრედიტირებული ... საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრებში განხორციელებული აუდიტის შედეგების თაობაზე. სადავო პერიოდში მოქმედი „აკრედიტირებული პირების საქმიანობის მონიტორინგისა და ზედამხედველობის ჩატარების წესის“ 4.1 მუხლით ზედამხედველობის საფუძვლად განისაზღვრა არა მხოლოდ საჩივარი, არამედ ნებისმიერი მომართვა, შესაბამისად ...-ს წერილის ფარგლებში აკრედიტაციის ცენტრი უფლებამოსილი იყო ჩაეტარებინა ზედამხედველობის სამუშაოები პტი ცენტრებში. სასამართლოს საერთოდ არ უმსჯელია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 08.01.2018წ. №1-1/5 ბრძანებაზე და ამ ბრძანებით დაწესებულ დამატებით რეგულაციაზე, რომლის თანახმად 2018 წლის 9 იანვრის შემდგომ აკრედიტაციის ცენტრში წარდგენილი უნდა ყოფილიყო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან გაფორმებული ხელშეკრულება (სფეროს გაფართოების შემთხვევაში - ლოკაციისა და ტესტირების ხაზის მითითებით). ვინაიდან შპს „...ის“ განცხადებას არ ერთვოდა სამინისტროსთან დადებული ხელშეკრულება, აკრედიტაციის ცენტრი არ იყო უფლებამოსილი განმცხადებელთან გაეფორმებინა აკრედიტაციის ხელშეკრულება და განეხორციელებინა აკრედიტაციის სამუშაოები, შესაბამისად მიენიჭებინა დამატებითი სფეროს აკრედიტაცია LV ტიპის ხაზზე. საქალაქო სასამართლომ არასწორად განმარტა აკრედიტაციის ცენტრის გენერალური დირექტორის 31.12.2012წ. №07 ბრძანებით დამტკიცებული „აკრედიტირებული პირების საქმიანობის მონიტორინგისა და ზედამხედველობის ჩატარების წესის“ მე-4 მუხლი და აღნიშნა, რომ აკრედიტაციის ცენტრი ახორციელებს არაგეგმიურ მონიტორინგს დამატებით სფეროში აკრედიტაციის (სფეროს გაფართოების) მიზნით, აგრეთვე ნორმატიულ აქტებში და აკრედიტაციის კრიტერიუმებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შემთხვევაში შეფასების გზით. კასატორმა აღნიშნა, რომ აკრედიტაციის ცენტრის გენერალური დირექტორის 31.12.2012წ. №07 ბრძანებით დამტკიცებულ „აკრედიტაციის სისტემის წესებსა და პროცედურებში“ არ არსებობს ჩანაწერი არაგეგმიური მონიტორინგის ჩატარების დამატებითი სფეროს აკრედიტაციის (სფეროს გაფართოების) მითითებით, შესაბამისად საქალაქო სასამართლოს მიერ კანონქვემდებარე აქტის ნორმები არასწორად განიმარტა. სააპელაციო სასამართლოს აკრედიტაციის ცენტრის აღნიშნულ არგუმენტებზე არ უმსჯელია. სწორედ აკრედიტაციის ცენტრის მიერ არის შემუშავებული და დამტკიცებული „აკრედიტაციის ცენტრის წესები და პროცედურები“, შესაბამისად ნორმატიული აქტის ყველაზე ზუსტი განმარტება მის ავტორს აქვს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს - აკრედიტაციის ცენტრის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებულ ნაწილში კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ შედეგობრივად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრება სასკ-ის 32.4 მუხლის საფუძველზე სადავო აქტ(ებ)ის ბათილად ცნობის შესახებ, რადგან ადმინისტრაციულ პროცესში მოქმედი ინკვიზიციურობის პრინციპის გათვალისწინებით (სასკ-ის მე-19 მუხ.) მართალია, სასამართლოს აქვს შესაძლებლობა ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის მიზნით შეაგროვოს დამატებითი მტკიცებულებები, თუმცა აღნიშნული უზრუნველყოფს ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში დაშვებული ხარვეზების აღმოფხვრას და არა ორგანოში განსახორციელებელი წარმოების ჩანაცვლებას. სასკ-ის 32.4 მუხლის მიხედვით სასამართლო დავის გადაუწყვეტლად აქტს ბათილად ცნობს იმ შემთხვევაში უკეთუ აშკარაა, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ საკითხის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოების გამოკვლევის გარეშე მიიღო გადაწყვეტილება. აღნიშნულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს ისეთ შემთხვევაში, როდესაც სამართალწარმოების ფარგლებში ვერ ხერხდება სადავო ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება, რაც თავის მხრივ შეუძლებელს ხდის სადავო ადმინისტრაციული აქტის კანონიერებაზე მსჯელობას. განსახილველ შემთხვევაში კასატორმა ვერ უზრუნველყო იმ გარემოების მტკიცება, რომ სადავო განკარგულებებით მოსარჩელეს აკრედიტაციის ხაზი არ შემცირებია. საქმის მასალებში დაცული აკრედიტაციის ცენტრის მიერ 28.11.2017წ. გაცემული აკრედიტაციის მოწმობის მიხედვით შპს „...“ აკრედიტირებული იქნა და ოთხი წლის ვადით მიენიჭა M1, M2, M3, N1, N2, N3, O3, O4 კატეგორიების ... საშუალების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების უფლებამოსილება. აღნიშნული მოწმობა არ შეიცავს ინფორმაციას ტესტირების ხაზის ოდენობის თაობაზე. საკონსულტაციო კომპანიამ - ...-მ, რომელიც ... საშუალებების გზისთვის ვარგისობაზე სავალდებულო პერიოდული ტესტირების საკითხებში კონსულტაციას უწევს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, განახორციელა საქართველოში აკრედიტებული ავტომობილების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრების (მათ შორის შპს „...ის“) აუდიტი და შეამოწმა მათი შესაბამისობა საქართველოს მთავრობის 01.12.2017წ. №510 და №511 დადგენილებებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტების მოთხოვნებთან. საკონსულტაციო კომპანიის ...-ს 30.01.2018წ. შეფასების ანგარიშის თანახმად შეფასებას დაექვემდებარა შპს „...ის“ ორი ტესტირების ხაზი, კერძოდ ხაზი 1 HV და ხაზი 2 LV. აკრედიტაციის ცენტრის 19.02.2018წ. განკარგულებით დადგინდა ყველა აკრედიტებული ინსპექტირების ორგანოში ზედამხდველობის განხორციელება. აღნიშნული განკარგულების მიღების ერთ-ერთ საფუძვლად მიეთითა „ინსპექტირების ორგანოების შესაბამისობაზე ...-ის მიერ წარდგენილი დოკუმენტები“. 20.02.2018წ. აკრედიტაციის ცენტრის პასუხისმგებელი პირის მიერ შპს „...ის“ მიმართ შედგა შეუსაბამობის ფურცელი, სხვა შეუსაბამობებთან ერთად გამოვლინდა მსუბუქი (LV) ხაზის შესასვლელი კარის სიგანის (2,96მ) და უნივერსალური ხაზის სათვალვალო ორმოს სიგრძის (15,05მ) შეუსაბამობა, ასევე მიეთითა, რომ ინსპექტირების ხაზებზე არ არის თვლის კუთხის შეყრის მზომი მოწყობილობები. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ტესტირების ხაზების ტიპები დადგენილია საქართველოს მთავრობის 01.12.2017წ. №511 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტით („... საშუალების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრების შენობა-ნაგებობების, აღჭურვილობისა და პერსონალის ტექნიკური კვალიფიკაციის მიმართ მოთხოვნები“), რომლის შესაბამისად LV და უნივერსალური ხაზები სხვადასხვა ტიპის ხაზებია. მითითებული ტექნიკური რეგლამენტის 4.10 მუხლის თანახმად LV კატეგორიის ტესტირების ხაზი განკუთვნილია 3,5-ტონამდე ავტომობილების ინსპექტირებისთვის, ხოლო უნივერსალური ტესტირების ხაზი - ყველა ავტომობილების კატეგორიის ინსპექტირებისთვის (გარდა L კატეგორიისა). ამდენად, მითითებული შეუსაბამობის ფურცლის შინაარსიდან გამომდინარე აკრედიტაციის ცენტრმა ზედამხედველობა ტესტირების ორ ხაზზე (LV და უნივერსალურ ხაზებზე) განახორციელა. აღსანიშნავია ისიც, რომ საკონსულტაციო კომპანიის ...-ს 30.01.2018წ. შეფასების ანგარიშის მიხედვით შესასვლელი კარის სიგანის (2,96მ) შეუსაბამობა და სათვალვალო ორმის სიგრძის (15,05მ) შეუსაბამობა ერთი და იმავე ტესტირების ხაზზე არ გამოვლენილა, შეუსაბამობები დადგინდა სხვადასხვა ტესტირების ხაზებზე. მითითებული გარემოება კიდევ ერთხელ ადასტურებს ტესტირების ორ ხაზზე ზედამხედველობის განხორციელების ფაქტს. კასატორის მითითებით სადავო განკარგულებებით მოსარჩელეს აკრედიტაციის ხაზი არ შემცირებია, ვინაიდან შპს „...ის“ აკრედიტაცია მხოლოდ ერთ ხაზზე ჰქონდა მინიჭებული. მიუხედავად ამისა, კასატორი არ მიუთითებს ტესტირების ორივე ხაზზე ზედამხედველობის განხორციელებისა და შეუსაბამობის დადგენის საჭიროებაზე, ამასთან 12.03.2018წ. განცხადებით შპს „...ამ“ აკრედიტაციის ცენტრს ინფორმაცია მიაწოდა ორივე ხაზზე (LV და უნივერსალურ ხაზებზე) შეუსაბამობების აღმოფხვრის მიზნით მის მიერ განხორციელებულ ქმედებებზე. სადავო პერიოდში მოქმედი აკრედიტაციის ცენტრის გენერალური დირექტორის 31.12.2012წ. ͏№07 ბრძანებით დამტკიცებული „აკრედიტებული პირების საქმიანობის მონიტორინგისა და ზედამხედველობის ჩატარების წესის“ თანახმად ზედამხედველობის ანგარიში განსახილველად გადაეცემოდა აკრედიტაციის კომიტეტს, რომელსაც შეეძლო მიეღო გადაწყვეტილება აკრედიტაციის შეჩერების (სრულად ან ნაწილობრივ), გაუქმების ან შემცირების თაობაზე (4.5 მუხ.), კერძოდ ზედამხედველობის დროს დაფიქსირებული კრიტიკული შეუსაბამობის შემთხვევაში ან შეუსაბამობის ფურცელში მითითებულ ვადებში შეუსაბამობების გამოუსწორებლობის შემთხვევაში აკრედიტებულ პირს უჩერდებოდა აკრედიტაცია ნაწილობრივ ან სრულად შეუსაბამობების ადეკვატურად (2.13 მუხ. „ა“ ქვ.პ.), ამდენად ზემდახედველობის დროს გამოვლენილი შეუსაბამობების გამოსწორების მიზანს შეადგენდა აკრედიტაციის შენარჩუნება, ხოლო შეუსაბამობების გამოუსწორებლობა შედეგად იწვევდა აკრედიტაციის სრულ ან ნაწილობრივ შეჩერებას. მხოლოდ ერთ ხაზზე მოსარჩელის აკრედიტაციის არსებობის შემთხვევაში გაუგებარია ორივე ხაზზე ზედამხედველობის განხორციელების საფუძვლები. ამდენად, მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანოს მიერ გადაწყვეტილება ერთი ხაზის მითითებით აკრედიტაციის მოწმობის გაცემის თაობაზე მიღებული იქნა არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, რაც წარმოშობდა სადავო საკითხის გადაუწყვეტლად აქტების გასაჩივრებულ ნაწილში ბათილად ცნობის საფუძველს.
დასაბუთებული არ არის კასატორის მითითება იმაზე, რომ ტესტირების მეორე ხაზზე აკრედიტაციის არარსებობას ადასტურებს მოსარჩელის 11.01.2018წ. წერილი დამატებით LV ხაზზე აკრედიტირების მოთხოვნით. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ აღნიშნული განცხადების წარდგენის დროისთვის მოქმედებდა სსიპ აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს - აკრედიტაციის ცენტრის გენერალური დირექტორის 31.12.2012წ. №07 ბრძანებით დამტკიცებული „აკრედიტაციის სისტემის წესები და პროცედურები“ (ძალადაკარგულია აკრედიტაციის ცენტრის გენერალური დირექტორის 03.10.2018წ. №01-1 ბრძანებით). აკრედიტაციის სფეროს გაფართოება ხორციელდებოდა დამატებით სფეროში აკრედიტაციის გზით, რისთვისაც აკრედიტებულ პირს განცხადებით უნდა მიემართა აკრედიტაციის ცენტრისთვის, აკრედიტაციის სფეროს გაფართოების მიზნით ჩატარებული შეფასება აკრედიტაციის მიზნით ჩატარებული შეფასების პროცესის იდენტური იყო, საბოლოოდ აკრედიტაციის სფეროს გაფართოების შესახებ გამოიცემოდა აკრედიტაციის ცენტრის გენერალური დირექტორის განკარგულება, ცვლილება შედიოდა აკრედიტაციის მოწმობის დანართში – აკრედიტაციის სფეროში და კეთდებოდა შესაბამისი მითითება აკრედიტებულ პირთა რეესტრში (საკ 1.1:2012 „აკრედიტაციის სქემებისა და საერთო პროცედურების“ მე-16 მუხ.), შესაბამისად მოსარჩელის მიერ დამატებით სფეროში აკრედიტაციის მოთხოვნის შემთხვევაში აკრედიტაციის საფუძვლების არსებობა უნდა შემოწმებულიყო პირველადი აკრედიტაციისათვის დადგენილი წესებისა და პროცედურების მიხედვით. „აკრედიტაციის სქემებისა და საერთო პროცედურების“ (საკ 1.1:2012) მე-6 მუხლის შესაბამისად აკრედიტაციის შესახებ განაცხადის რეგისტრაციის შემდეგ აკრედიტაციის ცენტრი პირველ რიგში ადგენდა: ა) განაცხადის აკრედიტაციის საგნისადმი კუთვნილებას; ბ) კანონმდებლობასა და დადგენილ მოთხოვნებთან წარდგენილი განაცხადის შესაბამისობას. თუ განაცხადი არ აკმაყოფილებდა აღნიშნულ პირობებს, აკრედიტაციის ცენტრი არ ატარებდა აკრედიტაციის შემდგომ პროცედურებს და აღნიშნულის თაობაზე წერილობითი განმარტება მიეწოდებოდა განმცხადებელს (6.2 მუხ.). საქმეში დაცული მასალებით მოცემულ შემთხვევაში ადმინისტრაციულ ორგანოს შპს „...სთვის“ მითითებული ნორმით გათვალისწინებული განცხადების განხილვაზე დასაბუთებული უარი არ უცნობებია, ასევე არ მიუთითებია განცხადების განუხილველობის კონკრეტულ საფუძვლებზე, „წესებითა და პროცედურებით“ გათვალისწინებული სქემებისა და პროცედურებისადმი შპს „...ის“ განცხადების შეუსაბამობაზე. მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს არ წარმოუდგენია მოსარჩელის 11.01.2018წ. წერილზე რეაგირების დამადასტურებელი დოკუმენტი, რომლითაც შპს „...ას“ განემარტებოდა 11.01.2018წ. განცხადების ხარვეზიანობის ან დამატებით წარსადგენი დოკუმენტების, მათ შორის სამინისტროსთან დადებულის ხელშეკრულების წარდგენის საჭიროება, ამდენად მეორე ხაზზე აკრედიტაციის არარსებობა მოსარჩელის 11.01.2018წ. წერილით ერთმნიშვნელოვნად არ დგინდება, ამასთან ამავე წერილში მითითებულია, რომ LV ხაზზე დამონტაჟებულია ადგილობრივი წარმოების დანადგარი, რომლის შეცვლა იგეგმება ევროპული სტანდარტის დანადგარებით.
კასატორის მითითებით აკრედიტაციის ორგანო მოკლებული იყო შესაძლებლობას მოეხდინა დამატებით სფეროში მოსარჩელის აკრედიტაცია, ვინაიდან მოსარჩელეს არ წარუდგენია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან დადებული ხელშეკრულება, აღნიშნული ხელშეკრულების დადებას კი ითვალისწინებდა მინისტრის 08.01.2018წ. №1-1/5 ბრძანებით დაწესებული ახალი რეგულაციები. საკასაციო პალატა თვლის, რომ აღნიშნულ გარემოებაზე მითითება არ ქმნის აგრეთვე გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველს, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში დავის საგანს შეადგენს არა დამატებითი სფეროში აკრედიტაციის მიზნით შესაბამისი აკრედიტაციის პროცედურების განხორციელება, არამედ დავის საგანია სადავო აქტებით ტესტირების ერთ ხაზზე აკრედიტაციის განსაზღვრის, აკრედიტაციის სფეროს შემცირების მართლზომიერება, ამასთან კასატორის მიერ მითითებული კანონქვემდებარე აქტი არ წარმოადგენს ამჟამად მოქმედ ნორმატიულ აქტს. საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 16.03.2010წ. №1-1/330 ბრძანებით (ძალადაკარგულია 2024 წლის პირველი მაისიდან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 15.04.2024წ. №1-1/147 ბრძანებით) დამტკიცებული „სსიპ აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს - აკრედიტაციის ცენტრის“ დებულებაში 08.01.2018წ. №1-1/5 ბრძანებით შეტანილი დამატებებით დებულებას დაემატა 21 მუხლი და დანართი №1, რომლითაც დადგინდა ... საშუალების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრის აკრედიტაციის დამატებითი პირობები. ამ დანართით განისაზღვრა, რომ ინსპექტირების ცენტრის აკრედიტაციისთვის დამატებითი პირობების დადგენას, შესარჩევი პროცესის წარმართვას და გამარჯვებულ(ებ)ის გამოვლენას ახორციელებდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ამავე დებულებით დადგენილი წესით. აღნიშნული დანართი ასევე აწესრიგებდა ერთმანეთისგან შინაარსობრივად განსხვავებულ საკითხებს: განსაზღვრავდა აკრედიტაციის მიღების წესებს და ვადებს, ადგენდა შესარჩევი პროცესის წარმართვასა და გამარჯვებულის გამოვლენაზე პასუხისმგებელ ორგანოს, შერჩევის პროცესში მონაწილეობის პირობებს, ხელშეკრულების ხელმოწერის საფასურს და სხვ.. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 03.02.2021წ. №1-1/27 ბრძანებით ცვლილება იქნა შეტანილი 16.03.2010წ. №1-1/330 ბრძანებით დამტკიცებულ აკრედიტაციის ცენტრის დებულებაში, კერძოდ, ამოღებულ იქნა დებულების 21 მუხლი და დებულების №1 დანართი, ამდენად საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და აკრედიტაციის მაძიებელ პირს შორის ხელშეკრულების დადება აღარ წარმოადგენს აკრედიტაციის მინიჭებისა და შესაბამისი პროცედურების განხორციელების სავალდებულო წინაპირობას, ამასთან აკრედიტაციის ცენტრის საქართველოს ეკონომიკისა და მდგარდი განვითარების სამინისტროსადმი დაქვემდებარება არ გამორიცხავს აკრედიტაციის ცენტრის მიერ გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების შესაძლებლობას, სზაკ-ით დადგენილი პრინციპების დაცვისა და საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის ვალდებულებას (სუსგ 01.11.2023წ. საქმე №ბს-92(კ-23)).
მოცემულ შემთხვევაში გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველს არ ქმნის აგრეთვე იმაზე მითითება, რომ სააპელაციო სასამართლომ შეფასების გარეშე დატოვა აპელანტის (კასატორის) პრეტენზია საქალაქო სასამართლოს მიერ ნორმის არასწორად განმარტების თაობაზე (არაგეგმიური მონიტორინგის ფარგლებში დამატებითი სფეროს აკრედიტაციაზე). საკასაციო პალატა მიუთითებს სსკ-ის 377.1 მუხლზე, რომლის თანახმად სააპელაციო ინსტანციაში მართლმსაჯულება ხორციელდება გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით სააპელაციო საჩივრის ფარგლებში შემოწმების გზით, რაც გულისხმობს სააპელაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობის შეფასებასაც. მოცემულ შემთხვევაში მიღებულია სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ განჩინება, რაც გულისხმობს ასევე მითითებული პრეტენზიის გაუზიარებლობას, ამასთან არაგეგმიური მონიტორინგის ფარგლებში სფეროს გაფართოების შესახებ ნორმის განმარტება გავლენას ვერ იქონიებს განსახილველ საქმეზე მისაღებ გადაწყვეტილებაზე, ვინაიდან დავის საგანია არა დამატებითი სფეროს გაფართოება, არამედ მოსარჩელის ინტერესს შეადგენს არამართლზომიერად გაუქმებულ (შემცირებულ) ხაზზე აკრედიტაციის აღდგენა. რაც შეეხება იმას, რომ „აკრედიტაციის წესები და პროცედურები“ შემუშავებულია აკრედიტაციის ცენტრის მიერ, აღნიშნული არ გამორიცხავს სასამართლოს მიერ მითითებული კანონქვემდებარე აქტის განმარტების შესაძლებლობას. ნორმატიული აქტის (ბრძანების) გამოცემაზე აკრედიტაციის ცენტრის გენერალური დირექტორისთვის უფლებამოსილების მინიჭება (პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 99.3 მუხ.) ადმინისტრაციულ სასამართლოწარმოებაში აკრედიტაციის ცენტრს რაიმე უპირატესობას არ ანიჭებს. შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე მხარეები თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობით სარგებლობენ, ამასთან კანონი განიმარტება არა მხოლოდ კანონმდებლის ნების (სუბიექტური თეორია), არამედ „კანონის ნების“, კანონის ობიექტური მიზნების (ობიექტური თეორია) მიხედვით, შესაბამისად „აკრედიტაციის წესებისა და პროცედურების“ ნორმების განმარტებისას აკრედიტაციის ცენტრის, როგორც საქმეში მონაწილე პროცესუალური მხარის ახსნა-განმარტებას უფრო აღმატებული მნიშვნელობა ვერ მიენიჭება, ამასთან სასამართლოს მიერ ნორმის განმარტება მართლმსაჯულების განხორციელების განუყოფელი ნაწილია და სასამართლოს პრეროგატივას წარმოადგენს.
მოსარჩელე წარმოდგენილი სარჩელით აქტების ბათილად ცნობას მოითხოვდა შპს „...ის“ ნაწილში. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით (აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების გათვალისწინებით) გასაჩივრებული აქტების მართლზომიერება შეფასდა სწორედ მოსარჩელის ნაწილში, ქვედა ინსტანციის სასამართლოებს არ უმსჯელიათ სხვა ინსპექტირების ორგანოების მიმართ აკრედიტაციის მოწმობების გაცემის მართებულებაზე, გასაჩივრებული აქტები შეფასებას მხოლოდ შპს „...ის“ ნაწილში დაექვემდებარა, შესაბამისად კასატორის მითითება სსკ-ის 248-ე მუხლის მოთხოვნათა დარღვევაზე არ არის დასაბუთებული. გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველს არ ქმნის აგრეთვე სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში აქტის რეკვიზიტის შეცდომით მითითება. მოქმედი საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებულია გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობების ან აშკარა არითმეტიკული შეცდომების გასწორების შესაძლებლობა (სსკ-ის 260-ე მუხ.). გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძველს და შესაძლებელია გასწორდეს უსწორობის გასწორების შესახებ განცხადების განხილვის ფარგლებში გადაწყვეტილების მიმღები სასამართლოს მიერ.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სსიპ აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს - აკრედიტაციის ცენტრის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს - აკრედიტაციის ცენტრის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.12.2021წ. განჩინება;
3. სსიპ აკრედიტაციის ერთიან ეროვნულ ორგანოს - აკრედიტაციის ცენტრს (საიდენტიფიკაციო კოდი 200169325) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 29.07.2022წ. №01288 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70%, - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: თ. ოქროპირიძე
გ. გოგიაშვილი