საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-1152 (გ-25) 26 ნოემბერი, 2025 წელი,
თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
თამარ ზამბახიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე,
თამარ ოქროპირიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის (შემდეგში „სასკ“) პირველი მუხლის მე-2 ნაწილის, 26-ე მუხლის მე–3 ნაწილისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა ი. შ-ეის სარჩელთან დაკავშირებით დავა განსჯადობის თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიასა და რუსთავის საქალაქო სასამართლოს შორის.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. სასარჩელო მოთხოვნა:
ი. შ-ემ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“) სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“ ან „საჯარო რეესტრი“) მიმართ და მოითხოვა:
1.1. წარმოების განახლებაზე უარის თქმის შესახებ საჯარო რეესტრის 16.08.2024 წლის №... შეტყობინების ბათილად ცნობა;
1.2. სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ საჯარო რეესტრის 26.08.2024 წლის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა;
1.3. ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საჯარო რეესტრის 16.10.2024 წლის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა;
1.4. საჯარო რეესტრისთვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილებისა და №... განცხადებით მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე მოსარჩელის საკუთრების უფლების რეგისტრაციის თაობაზე.
2. სარჩელის საფუძველი:
2.1. მოსარჩელემ 09.07.2024 წელს განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრს და მოითხოვა გარდაბნის მუნიციპალიტეტში, სოფ. ...ში მდებარე 600 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია. მოსარჩელის მითითებით, იგი წარმოადგენდა ქ. თბილისის ...ს სახელობის №... საშუალო სკოლის მებაღეობის ამხანაგობის წევრს. ვინაიდან სსიპ საქართველოს ეროვნულ არქივში ხსენებული ამხანაგობის წევრთა სია და მიწის ნაკვეთების განაწილების გეგმები არ მოიძებნა, სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა უფლების დამადასტურებელი დოკუმენტისა და შესაბამისი აზომვითი ნახაზის წარდგენის მოთხოვნით. მოპასუხემ 16.08.2024 წლის №... გადაწყვეტილებით მიიჩნია, რომ სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების საფუძველი არ აღმოფხვრილა, ხოლო 26.08.2024 წლის №... გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წარმოება შეწყდა. მოსარჩელის ადმინისტრაციული საჩივარი აღნიშნული აქტების ბათილად ცნობის თაობაზე საჯარო რეესტრის 16.10.2024 წლის №... გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა.
2.2. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ მხოლოდ საკუთრების/მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტების არქივში მოუძიებლობის ფაქტი არ შეიძლება გახდეს რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველი. ამხანაგობის წევრობა დასტურდება არაერთი მტკიცებულებით, მათ შორის ამხანაგობის წევრთა სიითა და მათი ჩვენებებით. მოცემულ შემთხვევაში დგინდება, რომ სადავო მიწის ნაკვეთი მდებარეობს მებაღეობის ამხანაგობის მიწის ნაკვეთების ტერიტორიაზე, ამასთან, სადავო უძრავი ნივთის მომიჯნავედ არსებულ ნაკვეთებზე ამხანაგობის წევრობის საფუძველზე საკუთრების უფლება უკვე რეგისტრირებულია. ამდენად, გასაჩივრებული აქტების გამოცემისას ადმინისტრაციულმა ორგანომ სრულყოფილად არ გამოიკვლია და არასწორად შეაფასა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები.
საქმის განსჯად სასამართლოში გადაგზავნის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძველი:
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 12.11.2024 წლის განჩინებით სარჩელი განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა რუსთავის საქალაქო სასამართლოს. განჩინება ეფუძნება შემდეგს:
3.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) მე-18 მუხლი ადგენს სპეციალურ განსჯადობას და უძრავი ნივთის ფაქტობრივი ადგილმდებარეობის მიხედვით იძლევა განსჯადი სასამართლოს განსაზღვრის შესაძლებლობას.
3.2. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე სადავოდ ხდის გარდაბნის მუნიციპალიტეტში, სოფელ ...ში მდებარე 600 კვ.მ. უძრავ ქონებაზე რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებების კანონიერებას.
3.3. ადმინისტრაციული კატეგორიის საქმეთა ტერიტორიული განსჯადობის ზოგადი პრინციპის თანახმად, იმ ადმინისტრაციული კატეგორიის დავების განხილვა, რომელიც უძრავ ქონებას ან ადგილთან მიბმულ უფლებას ეხება, მიეკუთვნება იმ სასამართლოს კომპეტენციას, რომლის მოქმედების სფეროშიც იმყოფება მოცემული ქონება ან მოცემული ადგილი. გარდა აღნიშნულისა, დავის საგნის სპეციფიკიდან გამომდინარე, საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენის მიზნით, შესაძლებელია საჭირო გახდეს ისეთის საპროცესო მოქმედების განხორციელება, როგორიცაა - ადგილზე დათვალიერება. ამდენად, უძრავი ქონების ადგილმდებარეობის მიხედვით საქმის განხილვა უფრო ეფექტურს გახდის მართლმსაჯულების განხორციელების პროცესს.
3.4. „რაიონული (საქალაქო), თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების შექმნის, მათი სამოქმედო ტერიტორიისა და მოსამართლეთა რაოდენობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 16.06.2020 წლის №3 დადგენილების მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქმედო ტერიტორია განისაზღვრა თვითმმართველი ქალაქის – რუსთავისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრებით.
3.5. სარჩელის განხილვა უნდა მოხდეს იმ სასამართლოს მიერ, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც მდებარეობს სადავო უძრავი ქონება და ის ადმინისტრაციული ორგანო, რომელმაც გამოსცა ძირითადი ადმინისტრაციული აქტი. მოცემულ შემთხვევაში ასეთ სასამართლოს წარმოადგენს რუსთავის საქალაქო სასამართლო.
განსჯადობაზე დავის აღძვრის შესახებ რუსთავის საქალაქო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძველი:
4. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 09.10.2025 წლის განჩინებით მოცემული ადმინისტრაციული საქმე სასამართლოს ტერიტორიული განსჯადობის საკითხის გადასაწყვეტად გადმოეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს. განჩინება ეფუძნება შემდეგს:
4.1. საჯარო რეესტრის მიმართ აღძრულ სარჩელებზე გამოყენებული უნდა იქნეს სსსკ-ის მე-18 მუხლით გათვალისწინებული ნივთობრივი განსჯადობის წესები, ამასთან, იმისათვის, რომ არ დაირღვეს სასამართლოთა შორის საქმის თანაბარი განაწილების პრინციპი, სარჩელის განსჯადი სასამართლოს განსაზღვრა უნდა მოხდეს სადავო ქონების ადგილმდებარეობის მიხედვით (სუსგ №ბს-715-711(გ-17), 14.09.2017 წ.).
4.2. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე სადავოდ ხდის გარდაბნის მუნიციპალიტეტში, სოფელ ...ში მდებარე 600 კვ.მ უძრავ ქონებაზე რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის გადაწყვეტილებების კანონიერებას. სოფელი ...ი კი არ შედის გარდაბნის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში. იგი 2007 წლამდე ექვემდებარებოდა გარდაბნის მუნიციპალიტეტის კოჯრის თემს, 2007 წლიდან - ქ. თბილისის დიდგორის რაიონს, ხოლო 2013 წლის თბილისის ტერიტორიული რეფორმის შემდეგ გადავიდა ვაკის რაიონის შემადგენლობაში. აღნიშნული ინფორმაცია ასევე მოიპოვება ინტერნეტ სივრცეში.
4.3. სასამართლომ მიიჩნია, რომ განსჯად სასამართლოს წარმოადგენს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია, ვინაიდან დღეის მდგომარეობით სადავო ქონება მოქცეულია თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საქმის მასალების შესწავლის შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმე განსჯადობის მიხედვით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას შემდეგ გარემოებათა გამო:
5. სასამართლო დაცვის უფლება ადამიანის ძირითად უფლებათა რიგს განეკუთვნება, იგი გარანტირებულია საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებით და ნორმებით. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად ყოველი პირი უნდა განსაჯოს მხოლოდ იმ სასამართლომ, რომლის იურისდიქციასაც ექვემდებარება მისი საქმე. მსგავს დათქმას შეიცავს „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი.
6. განსჯადობა არის ინსტიტუტი, რომელიც აწესრიგებს სასამართლოებისადმი უწყებრივად ქვემდებარე, ანუ საქმის საერთო სასამართლოსადმი განხილვის უფლებამოსილებისადმი განკუთვნილი საქმეების კონკრეტული სასამართლოს გამგებლობისადმი მიკუთვნებას. თავის მხრივ, მოქმედი საპროცესო კანონმდებლობა განასხვავებს გვარეობით, ანუ საგნობრივ და ტერიტორიულ განსჯადობას. ტერიტორიული განსჯადობის განმსაზღვრელია ტერიტორია, სადაც კონკრეტული სასამართლო ფუნქციონირებს, ხოლო გვარეობითი განსჯადობის მეშვეობით ხორციელდება სასამართლოს კომპეტენციათა გამიჯვნა დავის საგნის მიხედვით. მხოლოდ ორგანო, რომელსაც გააჩნია სრული იურისდიქცია, შეესაბამება ევროპული კონვენციის 6.1 მუხლით გათვალისწინებული „სასამართლოს“ ცნებას (Beaumartin v. France, №15287/89, 24.11.1994, §38). ასეთ „სასამართლოს“ უნდა გააჩნდეს იმ ყველა ფაქტისა და სამართლის საკითხის შემოწმების იურისდიქცია, რომელიც გამომდინარეობს განსახილველი დავიდან (Terra Woningen B.V. v. The Netherlands, №20641/92, 17.12.1996, §52). ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მე-8 მუხლი აღიარებს ადამიანის უფლებას კომპეტენტური ეროვნული სასამართლოების მიერ უფლებებში ეფექტურად აღდგენაზე. იგივე უფლება აღიარებულია აგრეთვე სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-14 მუხლით. ამდენად, კანონიერი სასამართლოს უფლება სახელმწიფოსგან მოითხოვს სასამართლოს განსჯადობის ზუსტ განსაზღვრას.
7. სასკ-ის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია გადაწყვიტოს სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავა. განსახილველ შემთხვევაში სასამართლოებს შორის განსჯადობასთან დაკავშირებით დავა ეხება არა საგნობრივ, არამედ ტერიტორიული განსჯადობის საკითხს. მითითებული ნორმით გათვალისწინებული სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავის დაშვება ითვალისწინებს სასამართლოებს შორის დავას არა მხოლოდ საგნობრივ, არამედ ტერიტორიული განსჯადობის საკითხზეც (სუსგ №ბს-721-707 (გ-14), 16.04.2015წ.; №ბს-430 (გ-19), 28.05.2020წ.).
8. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული კატეგორიის საქმეებზე ტერიტორიული განსჯადობა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ადმინისტრაციული ორგანოების ტერიტორიულ განსჯადობაზე, რომლის მიხედვით კონკრეტულ ტერიტორიაზე უძრავ ქონებასთან ან სამართალურთიერთობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს ის ადმინისტრაციული ორგანო, რომლის ტერიტორიულ საზღვრებში მდებარეობს ეს უძრავი ქონება ან არსებობს სამართლებრივი ურთიერთობა. სარჩელი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე შედის იმ ადმინისტრაციული სასამართლოს კომპეტენციაში, რომლის მოქმედების სფეროშიც აქვს ადგილსამყოფელი მითითებულ ორგანოს. სარჩელის სათანადო კავშირი ტერიტორიასთან უნდა დადგინდეს სარჩელის წარდგენის მომენტისთვის (სუსგ №ბს-716-712 (გ-17), 08.02.2018 წ.).
9. განსახილველ შემთხვევაში გასაჩივრებულია საჯარო რეესტრის სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტისა და ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებები, ასევე მოსარჩელე მოითხოვს საკუთრების უფლების რეგისტრაციის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას. ამდენად, სარჩელის მიზანს შეადგენს საჯარო რეესტრის მიერ უძრავი ნივთის მოსარჩელის სახელზე რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების გამოცემა.
10. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მიწის ნაკვეთზე საკუთრების რეგისტაციის შესახებ აქტის გამოცემაზე უფლებამოსილი ორგანოა საჯარო რეესტრი. „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 3.3 მუხლის თანახმად, საჯარო რეესტრი თავის უფლებამოსილებებს ახორციელებს უშუალოდ ან თავისი ტერიტორიული სარეგისტრაციო სამსახურებისა და ავტორიზებული პირების მეშვეობით. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 03.05.2016წ. №134 ბრძანებით დამტკიცებული „სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დებულების“ (შემდეგში „საჯარო რეესტრის დებულების“) მე-5 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, სააგენტო მასზე დაკისრებული ფუნქციების შესრულებას უზრუნველყოფს სტრუქტურული ქვედანაყოფების, მასში შემავალი სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული სამსახურების მეშვეობით (სადავო აქტების გამოცემის დროს მოქმედი რედაქცია).
11. საჯარო რეესტრის შიდა ორგანიზაცია ხასიათდება მის სტრუქტურებს შორის მყარი ურთიერთკავშირით, რომელიც ქმნის სტრუქტურის ერთიანობას. საჯარო რეესტრის ორგანიზაციული სტრუქტურის ცალკეულ ერთეულებად დაყოფა, დიფერენციაცია ტერიტორიულ ორგანოებზე განპირობებულია მომსახურების ხელმისაწვდომობის, რაციონალური დატვირთვის, საქმიანობის ეფექტურობისა და სხვა მოსაზრებებით (სუსგ №ბს-716-712(გ-17), 08.02.2018წ.). თავის მხრივ, სასამართლოებს შორის განსჯადობის წესების შესაბამისად დავების განაწილება ემსახურება მართლმსაჯულების ადგილზე ხელმისაწვდომობის, პროცესის ეკონომიურობის და ოპერატიულობის, სასამართლოებს შორის დატვირთვის თანაბარი განაწილების უზრუნველყოფას, რა დროსაც გათვალისწინებულ უნდა იქნეს აგრეთვე საჯარო მმართველობის განხორციელების ფორმა, პრინციპები, ადმინისტრაციული ორგანოს ტერიტორიული დაყოფის მიზნები, კონკრეტული დავის თავისებურებები (სუსგ №ბს-983-979 (გ-17), 01.08.2018წ.).
12. სსსკ-ის მე-15 მუხლით განმტკიცებული საერთო განსჯადობის თანახმად, სარჩელი წარდგენილი უნდა იქნეს მოპასუხის - ადმინისტრაციული ორგანოს ადგილმდებარეობის მიხედვით. ამდენად, თუ სხვა რამ არ არის დადგენილი, ტერიტორიული იურისდიქცია ეკუთვნის იმ სასამართლოს, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც განლაგებულია ადმინისტრაციული ორგანო. ამ პრინციპიდან განდგომა გამონაკლისის წესით, სასამართლოებს შორის თანაზომიერი დატვირთვის მოსაზრებიდან და საჯარო რეესტრის ორგანიზაციული მოწყობიდან გამომდინარე, დაშვებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და მის სისტემაში შემავალი რეგიონული ოფისებისა და ფილიალების მიმართ აღძრულ სარჩელებზე, რომელთა მიმართ გამოიყენება სსსკ-ის მე-18 მუხლით გათვალისწინებული ნივთობრივი განსჯადობის წესი. ამ წესის მიხედვით განსჯადი სასამართლო განისაზღვრება სადავო ქონების ადგილმდებარეობის მიხედვით (სუსგ №ბს-550-547 (გ-17), 28.09.2017წ.). ნივთობრივი განსჯადობა, ქონებრივისაგან განსხვავებით, მხოლოდ უძრავ ნივთებთან (ქონებასთან) დაკავშირებული სარჩელის წარდგენას განსაზღვრავს უძრავი ნივთის ადგილსამყოფელის მიხედვით (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის კომენტარი, რჩეული მუხლები, მუხლი 18, ე. გასიტაშვილი, თბილისი, 2020, გვ.181). სარჩელი ნივთობრივი განსჯადობის საფუძველზე, ანუ უძრავი ნივთის ადგილსამყოფელის მიხედვით, შეიძლება აღიძრას არა მხოლოდ უძრავი ნივთის მესაკუთრის, არამედ მისი მფლობელის მიმართაც (იხ. იქვე, გვ.182). სარჩელი საკუთრების უფლების შესახებ, თუ დავა ეხება უძრავ ნივთებს, მათ შორის მიწის ნაკვეთზე უფლებას, შეიძლება შეტანილი იქნეს სასამართლოში ნივთის ადგილსამყოფელის მიხედვით (სამოქალაქო საპროცესო სამართლი, თ. ლილუაშვილი, გ. ლილუაშვილი, ვ. ხრუსტალი, ზ. ძლიერიშვილი, თბილისი, 2014, გვ. 219).
ამდენად, განსახილველ შემთხვევაში სასამართლოებს შორის ტერიტორილი განსჯადობის საკითხის გადასაწყვეტად მნიშვნელოვანია განისაზღვროს უძრავი ნივთის ადგილმდებარეობა.
13. საქმის მასალებში დაცულია მოსარჩელის 03.06.2020 წლის №... განცხადება, რომლითაც მოსარჩელემ მოითხოვა სადავო უძრავ ნივთზე უფლების რეგისტრაცია (ს.ფ. 122). აღნიშნული განცხადების საფუძველზე დაწყებული სარეგისტრაციო წარმოების ფარგლებში მარეგისტრირებელმა ორგანომ 12.07.2020 წელს მიმართა ვაკის რაიონის გამგეობას სარეგისტრაციოდ წარდგენილი მიწის ნაკვეთის საკარმიდამო ან/და საოჯახო მეურნეობის მოსაწყობად გაცემულ მიწის ნაკვეთად მიჩნევისა და ნაკვეთის დაინტერესებული პირის მიერ ფლობის ფაქტზე ინფორმაციის მიწოდების მოთხოვნით (ს.ფ. 138). აღნიშნული წერილის პასუხად ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ვაკის რაიონის გამგეობამ 14.07.2020 წელს საჯარო რეესტრს აცნობა, რომ ვაკის რაიონის გამგეობა არ ფლობს ინფორმაციას 2014 წლამდე შემოერთებულ ტერიტორიებზე არსებული მიწის ნაკვეთების შესახებ, შესაბამისად, გამგეობა მოკლებულია მოთხოვნილი ინფორმაციის მიწოდების შესაძლებლობას (ს.ფ. 139).
14. საჯარო რეესტრის ერთ-ერთ ტერიტორიულ სამსახურს წარმოადგენს ქვემო ქართლის რეგიონული ოფისი (საჯარო რეესტრის დებულების მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი), რომლის ამოცანაა მის სამოქმედო ტერიტორიაზე სააგენტოს ფუნქციების შესრულება კანონმდებლობითა და ამ დებულებით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში (30-ე მუხლის პირველი პუნქტი), ხოლო ქ. თბილისში სააგენტოს უფლებამოსილებების განმახორციელებელი სპეციალური ტერიტორიული ერთეული არ არის განსაზღვრული. ქ. თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში საჯარო რეესტრი თავის ფუნქციებს ახორციელებს სტუქტურული ქვედანაყოფის - ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის მეშვეობით. აღნიშნული დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციებია: უძრავ ნივთებზე „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებების აღრიცხვა უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში, რეგისტრაციის თაობაზე შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებით; „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სპორადული და სისტემური რეგისტრაციის განხორციელება და სხვა (საჯარო რეესტრის დებულების მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, მე-15 მუხლის მე-2 პუნქტი).
განსახილველ შემთხვევაში არ დასტურდება სადავო აქტების საჯარო რეესტრის ტერიტორიული სამსახურის მიერ გამოცემის ფაქტი. რუსთავის საქალაქო სასამართლოში 09.10.2025 წელს გამართულ სასამართლო სხდომაზე საჯარო რეესტრის წარმომადგენელმა განმარტა, რომ „სადავო აქტები მიიღო საჯარო რეესტრმა, (იგი) ცენტრალური სამსახურია“ (იხ. 09.10.2025 წლის სხდომის ოქმი CD დისკზე 12:51:47 სთ). სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო კი მდებარეობს ქ. თბილისში და ამ ტერიტორიაზე თავად ახორციელებს თავის უფლებამოსილებებს, ტერიტორიული სამსახურების (რეგიონული ოფისების) მონაწილეობის გარეშე.
15. გეოდეზიისა და კარტოგრაფიის სამსახურის უფროსის 02.10.2025 წლის სამსახურებრივი ბარათის თანახმად, საჯარო რეესტრის გეოდეზიისა და გეოინფორმაციის დეპარტამენტის გეოდეზიისა და კარტოგრაფიის სამსახურის სახელმწიფო გეოდეზიურ-კარტოგრაფიულ ფონდში დაცულია საქართველოს პარლამენტის 27.12.2006 წლის №4173-რს და 02.12.2021 წლის №1067-VIმს-Xმპ დადგენილებებით დამტკიცებული ქ. თბილისის გრაფიკული ადმინისტრაციული საზღვარი.
რუკის მასშტაბიდან გამომდინარე, რომლის ჭეშმარიტი სიზუსტე ადგილზე მერყეობს ±100-150 მეტრის ფარგლებში, №... განცხადებით წარდგენილი მიწის ნაკვეთი ხვდება ქ. თბილისის და გარდაბნის მუნიციპალიტეტის გრაფიკულ ადმინისტრაციულ საზღვარზე (ს.ფ. 189-190).
16. განსახილველ საქმეზე განსჯადობის საკითხის გადასაწყვეტად მნიშვნელოვანია შეფასდეს სადავო ნაკვეთის მომიჯნავე ნაკვეთების ადგილმდებარეობა და ამ ნაკვეთებზე გაცემულ საჯარო რეესტრიდან ამონაწერებში მითითებული მისამართები.
საჯარო რეესტრის მიერ 10.07.2024წ. მომზადებულ სიტუაციური ნახაზის (იხ. ს.ფ.99) მიხედვით, მოსარჩელის მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილი ნაკვეთის სამხრეთით მდებარეობს ... საკადასტრო კოდის მქონე უძრავი ნივთი, რომლის მისამართია ქ. თბილისი (იხ. საჯარო რეესტიდან ამონაწერი - ს.ფ. 29). სადავო ნაკვეთიდან დასავლეთით მდებარეობს ... და ... საკადასტრო კოდის მქონე ნაკვეთები, რომლის მისამართად საჯარო რეესტრის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.napr.gov.ge) მითითებულია ქ. თბილისი (იხ. განცხ. №... და №...). სადავო ნაკვეთიდან ჩრდილო-დასავლეთით (გზის გასწვრივ) მდებარეობს ... და ... საკადასტრო კოდის მქონე უძრავი ნივთები, რომელთა მისამართია ქ. თბილისი (იხ. განცხ. №... და №...). ზემოთ მითითებული ნაკვეთები გარშემორტყმულია ... საკადასტრო კოდის მქონე ნაკვეთით, რომლის მისამართია ქ. თბილისი. სადავო მიწის ნაკვეთის ჩრდილოეთით მდებარე ... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთის მისამართად კი მითითებულია (იხ. განცხ. №...) მუნიციპალიტეტი გარდაბანი, ..., სოფელი ...ი.
17. საქართველოს პარლამენტის 27.12.2006 წლის №4173-რს დადგენილებით (გამოქვეყნების თარიღი 09.01.2007წ.) დამტკიცდა ქალაქ თბილისის ახალი ადმინისტრაციული საზღვრები და შეიცვალა გარდაბნისა და მცხეთის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული საზღვრები, ამასთანავე განისაზღვრა ქ. თბილისის, მცხეთისა და გარდაბნის რაიონების ადმინისტრაციული საზღვრების გადაკვეთის წერტილები, მათ შორის ქ. თბილისის ადმინისტრაციული საზღვარი მიუყვება თეთრიწყაროსა და გარდაბნის რაიონების ყოფილ ადმინისტრაციულ საზღვრებს, ანუ მიდის მდ. „...ს“ ხეობის სამხრეთ-დასავლეთის მიმართულებით 10 კმ-ზე, მოიყოლებს „...ს“ მონასტერს და სოფ. „...თან“ სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულებით ზიგზაგისებურად ამოუყვება ხეობას 3 კმ-ზე თბილისი-მანგლისის საავტომობილო გზამდე და სოფ. „...ის“ აღმოსავლეთით კვეთს მას.
მსგავს დათქმას შეიცავს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 05.12.2014 წლის №16-41 დადგენილებით დამტკიცებული „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების - რაიონების ადმინისტრაციული საზღვრების აღწერა (დანართი 2)“, კერძოდ ვაკის რაიონის ადმინისტრაციული საზღვარი აგრეთვე სოფ. ...თან სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულებით ზიგზაგისებურად ამოუყვება ხეობას 3 კმ-ზე თბილისი-მანგილისის საავტომობილო გზამდე.
18. რაც შეეხება უშუალოდ სადავო მიწის ნაკვეთს, მოსარჩელის №... სარეგისტრაციო განცხადების საფუძველზე დაწყებული წარმოების ფარგლებში საჯარო რეესტრის მიერ მომზადებული სიტუაციური ნახაზის მიხედვით, სარეგიტრაციო ობიექტის - უძრავი ნივთის ნაწილი ქ. თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარეობს, ხოლო მისი ნაწილი ამ საზღვრებს გარეთაა, ამასთანავე სადავო ნაკვეთს გვერდით მიუყვება საავტომობილო გზა (ს.ფ. 99).
ამდენად, საქმის მასალებში არ არის დაცული დოკუმენტი, რომელიც სადავო ნაკვეთის სრულად ქ. თბილისის ან გარდაბნის ტერიტორიული საზღვრებისადმი კუთვნილებაზე მიუთითებდა, შესაბამისად, არ გამოირიცხება, როგორც რუსთავის საქალაქო სასამართლოს, ასევე თბილისის საქალაქო სასამართლოს განსჯად სასამართლოდ მიჩნევის შესაძლებლობა.
19. სსსკ-ის მე-20 მუხლი სასამართლოს არჩევის უფლებას, თუ საქმე რამდენიმე სასამართლოს განსჯადია, მიაკუთვნებს მოსარჩელეს.
20. სასამართლოს არჩევა არის მოსარჩელის უფლება, დავა დაიწყოს კონკრეტულ საქმეზე ალტერნატიული განსჯადობის მქონე იმ სასამართლოში, რომელიც ყველაზე მოსახერხებელია მისთვის (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის კომენტარი, რჩეული მუხლები, მუხლი 20, უ. ჰაგენლოხი, ნ. ბაქაქური, თბილისი, 2020, გვ.188-197). აღნიშნული უფლება მოსარჩელეს იმ ვითარებაში წარმოეშობა, როდესაც საერთო (ზოგადი) ან სპეციალური განსჯადობის წესების ურთიერთშეპირისპირების შედეგად, ერთი და იმავე საფუძვლით ან ერთგვაროვნად, თანაბრად სპეციალური წესების საფუძველზე, განსჯადად რამდენიმე სასამართლო დადგინდება (სუსგ №ბს-813(გ-18), 26.10.2018წ.). განსჯადი სასამართლოს განსაზღვრა არის მოსარჩელის პრეროგატივა და ერთპიროვნული საპროცესო უფლება, რასაც იგი განსაზღვრავს სარჩელის წარდგენის დროს, ანუ ირჩევს იმ სასამართლოს, სადაც წარადგენს სარჩელს, ამასთან, მოსარჩელის მიერ არჩეული სასამართლოს შეცვლა სხვა სასამართლოთი დაუშვებელია, როგორც მოპასუხის მოთხოვნით, ისე სასამართლოს ინიციატივით (იხ. სუსგ №ბს-241(გ-20), 22.04.2020წ.; №ბს-983(გ-24), 21.11.2024წ.). განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელემ სარჩელით თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მიმართა, შესაბამისად, მოსარჩელემ განახორციელა საპროცესო კანონმდებლობით მინიჭებული უფლების რეალიზაცია და თავისი სარჩელის განმხილველ სასამართლოდ თბილისის საქალაქო სასამართლო აირჩია.
21. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სარჩელი განსახილველად თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას უნდა დაექვემდებაროს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, 2.1, 26.3 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 399-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ი. შ-ეის სარჩელი განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას;
2. საქმე გადაეგზავნოს განსჯად სასამართლოს;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: თამარ ზამბახიძე
მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე
თამარ ოქროპირიძე