საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-1156(კ-24) 2 ივნისი, 2025 წელი
ქ.თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბადრი შონია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) - შპს ,,კ...“
მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხეები) - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო
მესამე პირი (სასკ 16.2) - შპს ,,მ...“
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 8 აგვისტოს განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმების და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2023 წლის 16 იანვარს შპს ,,კ...მ“ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს და მესამე პირის - შპს ,,მ...ს“ მიმართ (საქმე №3/211-23).
მოსარჩელემ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 11.01.2023 წლის №109 ბრძანების, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 07.12.2022 წ. №88302 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და მოპასუხე სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროსთვის ახალი ადმინისტრაციული აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა, რომლითაც დაკმაყოფილდება შპს „კ...ს“ მოთხოვნა სააღსრულებო წარმოების შეწყვეტის შესახებ (№A12066767 საქმეზე), შპს ,,...ის“ 2009 წლის 16 სექტემბრის გადაწყვეტილებისა და 2009 წლის 4 დეკემბრის №309 სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე აღსასრულებელი გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულების ვადა ხანდაზმულად იქნება ცნობილი და სააღსრულებო ფურცელი დაუბრუნდება კრედიტორს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 17 იანვრის განჩინებით საქმეში №3/211-23 სასკ-ის 16.2 მუხლის საფუძველზე, მესამე პირად ჩაება შპს „მ...“.
2023 წლის 2 თებერვალს შპს ,,კ...მ“ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და მესამე პირის - შპს „მ...ს“ მიმართ (საქმე №3/1267-23).
მოსარჩელემ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 08.02.2023წ. №543 ბრძანების, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2023 წლის 1 თებერვლის №A12066767-015/001 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და მოპასუხე სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროსთვის ახალი ადმინისტრაციული აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა, რომლითაც დაკმაყოფილდება შპს „კ...ს“ მოთხოვნა სააღსრულებო წარმოების შეწყვეტის შესახებ (№A12066767 საქმეზე), შპს ,,...ის“ 2009 წლის 16 სექტემბრის გადაწყვეტილების და 2009 წლის 4 დეკემბრის №309 სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე აღსასრულებელი გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულების ვადა ხანდაზმულად იქნება ცნობილი და სააღსრულებო ფურცელი დაუბრუნდება კრედიტორს. მოსარჩელემ ასევე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2023 წლის 15 თებერვლის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსთვის №... ს/კ-ით რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე კვლავ მისი საკუთრების უფლების რეგისტრაციის დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 17 თებერვლის განჩინებით საქმეში №3/1267-23 სასკ-ის 16.2 მუხლის საფუძველზე, მესამე პირად ჩაება შპს „მ...“.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 27 თებერვლის განჩინებით, ადმინისტრაციულ საქმეზე №3/1267-23, შპს ,,კ...ს“ შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის გამოყენების თაობაზე დაკმაყოფილდა; მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს აეკრძალა სადავო უძრავ ქონებაზე (მდებარე - ქალაქ თბილისში, ...ის საცხოვრებელ რაიონში, I კვარტლის მიმდებარედ (ნაკვეთი №...), ს/კ...), ყოველგვარი ცვლილების და რეგისტრაციის განხორციელება, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 4 აპრილის განჩინებით №3/211-23 ადმინისტრაციული საქმე და №3/1267-23 ადმინისტრაციული საქმე გაერთიანდა ერთ სასარჩელო წარმოებად და გაერთიანებულ ადმინისტრაციულ საქმეებს მიენიჭა ნომერი - №3/211-23.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილებით შპს ,,კ...ს“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 27 თებერვლის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „კ...მ“. აპელანტმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 8 აგვისტოს განჩინებით შპს „კ...ს“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ მიუთითა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
...ის შპს ,,დ...ის“ 2009 წლის 16 სექტემბრის დადგენილების საფუძველზე 2009 წლის 4 დეკემბერს გაიცა №309 სააღსრულებო ფურცელი.
2009 წლის 14 დეკემბერს კრედიტორმა - შპს ,,მ...ს“ დირექტორმა №32 განცხადებით მიმართა კერძო აღმასრულებელს და ...ის შპს ,,დ...ის“ მიერ 2009 წლის 4 დეკემბერს გაცემული №309 სააღსრულებო ფურცლის იძულებით აღსრულება მოითხოვა. კერძოდ, მორიგების აქტის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მსესხებლების - შპს „და...ის“ და შპს ,,...ის" მიერ ფულადი ვალდებულებების გადახდის ნაწილში (განაცხადის წარდგენის მომენტისათვის შეადგენდა - 4 993 828 აშშ დოლარს) და მორიგების აქტის მე-4 პუნქტის ნაწილში, რომელიც ითვალისწინებდა შპს ,,მ...სთვის“ შპს ,,კ...ს“ საკუთრებაში ქ. თბილისში, ...ის საცხოვრებელ რაიონის პირველი კვარტლის მიმდებარედ (ნაკვეთი ... ), N... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული 4964 კვ.მ მიწის ნაკვეთის საკუთრებაში გადაცემას.
2010 წლის 28 მაისს შპს ,,მ...ს“ დირექტორმა №3889 განცხადებით მიმართა კერძო აღმასრულებელს, წარდგენილი განცხადებების ნაწილობრივ უკან გამოთხოვის თაობაზე და აღსრულების გაგრძელება მხოლოდ შპს ,,...სა“ და შპს ,,და...ის“ მიმართ, დავალიანების - 5520 656,94 აშშ დოლარის ამოღების ნაწილში მოითხოვა.
2012 წლის 22 ნოემბრის შპს ,,მ...სა“ და სს ,,...ის“ განცხადების საფუძველზე, დაწყებული სააღსრულებო საქმისწარმოება გაგრძელდა სსიპ თბილისის სააღსრულებო ბიუროში (საქმე №A12066767).
2022 წლის 3 ოქტომბერს შპს ,,მ...ს“ წარმომადგენელმა №130264 განცხადებით მიმართა აღსრულების ეროვნულ ბიუროს და აღსრულების ბიუროს წარმოებაში არსებული ...ის შპს ,,დ...ის“ მიერ 2009 წლის 4 დეკემბერს გაცემული №309 სააღსრულებო ფურცლის აღსრულების დაჩქარება - დაუყოვნებლივ აღსრულება მოითხოვა. კერძოდ, სააღსრულებო ფურცლის მე-4 პუნქტის - შპს ,,კ...ს“ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს ,,მ...ს“ საკუთრებაში გადასვლის ნაწილში.
2022 წლის 22 ნოემბერს შპს ,,კ...ს“ დირექტორმა №160316 განცხადებით მიმართა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს და სააღსრულებო წარმოების შეწყვეტა მოითხოვა, იმ გარემოებაზე მითითებით, რომ გავიდა აღსასრულებელი გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულების ხანდაზმულობის ვადა.
სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2022 წლის 7 დეკემბრის №88302 მიმართვით, განმცხადებელს განემარტა, რომ ...ის შპს ,,დ...ის“ მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე მიმდინარე სააღსრულებო ფურცლის აღსრულების შემთხვევაზე, მორიგების პირობის გათვალისწინებით, ვერ გავრცელდებოდა ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლით დადგენილი 10 - წლიანი ხანდაზმულობის ვადა.
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2023 წლის 15 თებერვლის №... გადაწყვეტილებით, ქალაქი თბილისში, ...ის საცხოვრებელი რაიონში, პირველი კვარტლის მიმდებარედ (ნაკვეთი №...), ს/კ №..., არსებულ უძრავ ქონებაზე დარეგისტრირდა შპს ,,მ...ს“ საკუთრების უფლება და გაიცა ამონაწერი საჯარო რეესტრიდან.
საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების სამართლებრივ დასაბუთებაში სააპელაციო პალატამ მიუთითა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლის 25.1 მუხლის თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ სააღსრულებო წარმოების დაწყების ერთ-ერთ საფუძველს წარმოადგენს იძულებითი აღსრულების შესახებ კრედიტორის წერილობითი განცხადება და სააღსრულებო ფურცელი. ამავე კანონის 34.1 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, აღსრულება შეწყდება, თუ გავიდა აღსასრულებელი გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულების ხანდაზმულობის ვადა, ხოლო ამავე პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის თანახმად, აღსრულება შეწყდება, თუ თანხის გადახდევინებასთან დაკავშირებულ საქმეზე სააღსრულებო წარმოების დაწყებიდან გასულია 10 წელი, გარდა ალიმენტის გადახდევინების შესახებ, შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე, დასახიჩრებით ან ჯანმრთელობის სხვაგვარი დაზიანებით, აგრეთვე მარჩენალის დაკარგვით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების შესახებ, დანაშაულით ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევით მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ მოთხოვნებისა, აგრეთვე სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ წარმოებული სააღსრულებო საქმეებისა.
საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, იმ პირობებში, როდესაც ...ის შპს ,,დ...ის“ 2009 წლის 16 სექტემბრის დადგენილებისა და აღნიშნულის საფუძველზე 2009 წლის 4 დეკემბერს გაცემული №309 სააღსრულებო ფურცლის აღსრულების ნება შპს ,,მ...ს“ მხრიდან გამოვლენილი იქნა ჯერ კიდევ 2009 წლის 14 დეკემბერს კერძო აღმასრულებლისადმი მიმართვის გზით, რაც შემდგომ გაგრძელდა 2012 წლის ნოემბრის თვეში კომპანიის მიერ თბილისის სააღსრულებო ბიუროში წარდგენილი განცხადების საფუძველზე, კრედიტორმა დაიცვა არბიტრაჟის დადგენილებით დადასტურებული მოთხოვნის რეალიზაციის დაწყებისთვის განკუთვნილი 10 წლიანი ვადა.
დაწყებული სააღსრულებო წარმოების ხანდაზმულობის საფუძვლით შეწყვეტასთან მიმართებით სასამართლომ განმარტა, რომ აღნიშნულს გამორიცხავდა თავად აღსრულების საგანი, კერძოდ, არბიტრაჟის დადგენილებით აღსასრულებელი იყო არა მხოლოდ ფულადი მოთხოვნა, რომლის მიმართ ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით აღსრულების 10 წლიანი ვადაა დადგენილი, არამედ შესასრულებელი იყო კრედიტორისთვის სანივთო უფლების წარმოშობასთან დაკავშირებული მოქმედება - იპოთეკით დატვირთული ქონების კრედიტორის საკუთრებაში გადაცემა ვალდებულების შესაბამისი ნაწილის დაფარვის მიზნით, უძრავი ქონებების უკან გამოსყიდვის ოფციით, რისთვისაც კანონმდებელი აღსრულების კონკრეტულ ვადას არ აწესებს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 8 აგვისტოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს „კ...მ“. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორი მიუთითებს, რომ 2022 წლის 3 ოქტომბერს, მაშინ, როცა შპს „მ...ს“ წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა აღსრულების ეროვნულ ბიუროს და მოითხოვა 2009 წლის 4 დეკემბრის სააღსრულებო ფურცლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნის - შპს „კ...ს“ კუთვნილი უძრავი ქონების შპს “მ...ს” საკუთრებაში გადაცემის აღსრულება, გასული იყო ამ მოთხოვნის იძულებითი წესით აღსრულების დაწყებისათვის სამოქალაქო კოდექსის 142-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული 10 - წლიანი ხანდაზმულობის ვადა.
კერძო აღმასრულებლისადმი უფლებამოსილი პირის - შპს ,,მ...ს" წარმომადგენლის 2009 წლის 14 დეკემბრისა და 2010 წლის 10 მაისის განცხადებით მიმართვა ...ის შპს ,,დ...ის" მიერ 2009 წლის 4 დეკემბერს გაცემული N309 სააღსრულებო ფურცლის იძულებითი აღსრულების მოთხოვნით, რა თქმა უნდა წარმოადგენს სკ-ის 138-ე მუხლით გათვალისწინებულ აღმასრულებელ მოქმედებას, რომელსაც, კანონით გათვალისწინებული წინაპირობების არსებობის შემთხვევაში, უნდა გამოეწვია ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტა, თუმცა, კერძო აღმასრულებლისადმი 2009 წლის 14 დეკემბრისა და 2010 წლის 10 მაისის განცხადებებით მიმართვას არ გამოუწვევია იძულებით აღსრულების დაწყების 10 - წლიანი ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტა ამ განცხადებებში დასახელებულ და 2009 წლის 4 დეკემბრის სააღსრულებო ფურცლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნაზე, ვინაიდან 2010 წლის 28 მაისს კრედიტორმა შპს ,,მ...ს“ დირექტორმა განცხადებით მიმართა კერძო აღმასრულებელს მის მიერ განცხადებების უკან გამოთხოვის თაობაზე. ამასთან, განმცხადებელმა მოითხოვა აღსრულების გაგრძელება შპს ,,...სა“ და შპს ,,და...ის" მიმართ, დავალიანების - 5 520 656,94 აშშ დოლარის ამოღების ნაწილში. კასატორის მითითებით, აღნიშნულ გარემოებას ასევე ადასტურებს შპს ,,მე...სა" და კერძო აღმასრულებელს შორის 2010 წლის 28 მაისს გაფორმებული შეთანხმება, კერძოდ, დასახელებული შეთანხმების თანახმად, მხარეთა შორის 2009 წლის 14 დეკემბერს გაფორმებული ,,კერძო აღმასრულებლის სააღსრულებო მომსახურების შესახებ“ ხელშეკრულებიდან ამოღებულ იქნა მე-2 მუხლის 2.1 პუნქტი და კრედიტორის მიერ ნივთის საკუთრებაში გადაცემის მოთხოვნის აღსრულების მიზნით გადახდილი სააღსრულებო საზღაური 2 000 ლარი ჩაითვალა დავალიანების თანხის ამოღების აღსრულების ნაწილში გადახდილ საზღაურად. კასატორი მიუთითებს, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ სასამართლო ზემოთქმულის მიუხედავად მაინც ჩათვლიდა, რომ კრედიტორის მიერ კერძო აღმასრულებლისათვის 14.12.2009წ. და 10.05.2010წ. განცხადებების წარდგენით შეწყდა 2009 წლის 4 დეკემბრის აღსასრულებელი გადაწყვეტილების მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ნივთის საკუთრებაში გადაცემის მოთხოვნაზე აღსრულების დაწყების ხანდაზმულობის ვადის დენა, სასამართლოს მაინც უნდა მიეჩნია დადგენილად, რომ 2022 წლის 03 ოქტომბერს, კრედიტორის მიერ ამ მოთხოვნის აღსრულების მოთხოვნით აღმასრულებლისთვის მიმართვის დროს, გასული იყო აღსასრულებელ გადაწყვეტილებაზე აღსრულების დაწყებისთვის დადგენილი ხანდაზმულობის 10 წლიანი ვადა. ...ის შპს ,,დ...ის“ მიერ 2009 წლის 4 დეკემბერს გაცემული N309 სააღსრულებო ფურცლით, სხვა მოთხოვნებთან ერთად, გათვალისწინებულია ორი სახის მოთხოვნის - ფულადი ვალდებულების გადახდისა და ნივთის გადაცემის იძულებითი წესით აღსრულება. ამდენად, კრედიტორის მიერ აღმასრულებელი ორგანოსთვის განცხადებით მიმართვა, რომლითაც მხოლოდ სააღსრულებო ფურცლით გათვალისწინებული ფულადი ვალდებულების შესრულების აღსრულებაა მოთხოვნილი, ვერ გამოიწვევს ამავე სააღსრულებო ფურცლით გათვალისწინებული იმ სხვა მოთხოვნის - ნივთის გადაცემის მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტას, რომლის აღსრულების ნებაც კრედიტორს არ გამოუხატავს.
კასატორი დამატებით მიუთითებს იმ გარემოების შესახებ, რომ სააღსრულებო ბიუროს ნივთის საკუთრებაში გადაცემის მოთხოვნის აღსრულება არ უნდა დაეწყო შპს ,,მ...ის" წარმომადგენლის 2022 წლის 3 ოქტომბრის განცხადების საფუძველზე იმ მოტივითაც, რომ განცხადებას არ ერთოდა მოთხოვნილი ნივთის საკუთრებაში გადაცემის აღსრულების საფასურის გადახდის ქვითარი და საკუთრებაში გადასაცემი ქონების საბაზრო ღირებულების დამადასტურებელი დოკუმენტი, რაც კრედიტორისათვის სააღსრულებო ფურცლის აღუსრულებლად დაბრუნების საფუძველს წარმოადგენდა.
კასატორი არ ეთანხმება ... „დ...ის“ მიერ გაცემული N309 სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე კერძო აღმასრულებელთან წარმოებული სააღსრულებო წარმოების თბილისის სააღსრულებო ბიუროში გაგრძელების ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულების სახით თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2011 წლის 22 ივლისის A11031491-015/001 განკარგულების მოხმობას, ვინაიდან, 2011 წლის 19 ივლისს შპს "კ...ს" კუთვნილი უძრავი ქონების რეალიზაცია მოხდა აუქციონზე, რაც გამორიცხავს იმ ფაქტს, რომ თბილისის სააღსრულებო ბიურომ ნაწილობრივ აღასრულა N309 სააღსრულებო ფურცლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნა შპს „კ...ს" კუთვნილი უძრავი ქონების შპს „მ...სათვის“ საკუთრებაში გადაცემის შესახებ.
კასატორი მიუთითებს, რომ ერთმნიშვნელოვნად დგინდება მოცემულ საქმეზე სადავო საკითხის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტი, რომ 2010 წლის 28 მაისიდან კერძო აღმასრულებელი აღარ აწარმოებდა აღსრულებას ... შპს „დ...ის" მიერ 2009 წლის 4 დეკემბერს გაცემული N309 სააღსრულებო ფურცლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ, შპს "კ...ის" კუთვნილი უძრავი ქონების კრედიტორისათვის საკუთრებაში გადაცემის მოთხოვნაზე. კერძოდ, ამ დროიდან სახეზე არ იყო კერძო აღმასრულებლის მიერ აღსრულების საწარმოებლად კანონით გათვალისწინებული 2 აუცილებელი წინაპირობიდან არც ერთი წინაპირობა არც კერძო აღმასრულებლისადმი კრედიტორის მიმართვა (ადრე გაკეთებული მიმართვა გამოხმობილ იქნა კრედიტორის მიერ) და არც კრედიტორსა და კერძო აღმასრულებელს შორის დადებული ხელშეკრულება (ფულადი ვალდებულებისა და ნივთის გადაცემის მოთხოვნის აღსრულების თაობაზე ადრე დადებულ ხელშეკრულებაში შეტანილი ცვლილების გამო იგი გადაიქცა მხოლოდ ფულადი ვალდებულების აღსრულების შესახებ დადებულ ხელშეკრულებად).
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 4 ნოემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული შპს „კ...ის“ საკასაციო საჩივარი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში 2025 წლის 2 მაისს, შპს „კ...ის“ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების მიზნით, გაიმართა ზეპირი მოსმენის სხდომა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „კ...ის“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმესთან დაკავშირებულ შემდეგ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე:
№... იპოთეკის ხელშეკრულების თანახმად, ქონების მესაკუთრემ - შპს „კ...მ“ გამოხატა ნება იპოთეკარის - სს ,,...ის“ წინაშე 2008 წლის 28 ივლისს დადებული კრედიტების, ოვერდრაფტებისა და საბანკო გარანტიების გაცემის შესახებ გენერალური ხელშეკრულების ფარგლებში მსესხებლების - შპს ,,...ის“ და შპს ,,და...ის“ მიერ ნაკისრი ვალდებულებების უზრუნველსაყოფად იპოთეკის ხელშეკრულების სანოტარო წესით დადასტურებაზე.
2009 წლის 7 სექტემბერს სს „...სა“ (კრედიტორს) და შპს „მე...ს“ (შემძენს) შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლითაც კრედიტორმა - სს „...ამ“, შპს „ მ....ს“ დაუთმო მოთხოვნა, რომელიც მას გააჩნდა მსესხებლებთან - შპს „და...თან“ და შპს ,,...თან“, 2008 წლის 28 ივლისს დადებული გენერალური ხელშეკრულებითა და ამ ხელშეკრულების საფუძველზე გაფორმებული საკრედიტო და საბანკო კრედიტის ხელშეკრულებების საფუძველზე (კრედიტორის უფლება, მოსთხოვოს მსესხებელს საკრედიტო ხელშეკრულებების საფუძველზე გაცემული კრედიტების ძირითადი თანხების დაუბრუნებელი ნაწილების, კრედიტებისათვის საკრედიტო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული წესითა და ოდენობით დარიცხული სარგებლისა და პირგასამტეხლოს გადახდის შესახებ და საკრედიტო ხელშეკრულებებით ნაკისრი სხვა ვალდებულებების შესრულება ჯამში 5 520 656,94 აშშ დოლარის ოდენობით). ამავე ხელშეკრულებით განისაზღვრა, რომ შემძენზე გადავიდოდა იპოთეკარის უფლებები იმ ქონებებზე, რომლებიც დატვირთული იყო იპოთეკით მოთხოვნის უზრუნველსაყოფად.
სს „...სა“ და შპს „მე...ს“ შორის 2009 წლის 7 სექტემბერს დადებული მოთხოვნის დათმობის შესახებ ხელშეკრულების შესაბამისად, ...ის შპს ,,დ...ის“ 2009 წლის 16 სექტემბრის №309 დადგენილებით დამტკიცდა მორიგება, მოსარჩელეს სს ,,...ს“, მოთხოვნის ახალ მფლობელს შპს „მე...ს“, მსესხებლებს - შპს „და...ს“, შპს ,,...ს“, აგრეთვე, შპს „კ...ს“, ..., თ.გ-ას, ლ.გ-ას, ი.გ-სა და მ.ბ-ს შორის, შემდეგი პირობებით:
1. შპს „და...ი“ და შპს ,,... სახელობის ...“ აღიარებენ და იღებენ ვალდებულებას დააკმაყოფილონ (აუნაზღაუროს კრედიტორს) სს „...ას“ სარჩელში ჩამოყალიბებული შემდეგი მოთხოვნები:
1.1. სს ,,...ს“, შპს ,,და...სა“ და შპს ,,...ს“ შორის 2008 წლის 28 ივლისის გენერალური ხელშეკრულებისა და №75516, №76886 საკრედიტო ხელშეკრულებების საფუძველზე არსებული დავალიანება 5 520 656.94 აშშ დოლარის ოდენობით;
1.2. სს ,,...ას“ მიერ გადახდილი საარბიტრაჟო მოსაკრებლის 50%, 14 750 ლარის ოდენობით და იურიდიული მომსახურებისათვის გაწეული ხარჯი 23 600 ლარის ოდენობით;
2. შპს „და...“ და შპს „... სახელობის ...“ იღებენ ვალდებულებას დაფარონ კრედიტორის წინაშე საარბიტრაჟო ვალდებულებები (კრედიტები, მოსაკრებელი, იურიდიული ხარჯი) წინამდებარე მორიგების აქტის ხელმოწერიდან 5 წლის განმავლობაში ყოველთვიური თანაბარი გადახდებით, ყოველი თვის 30 რიცხვში. პირველი გადახდა განხორციელდება 2009 წლის 30 სექტემბერს.
3. შპს „და...ის“ და შპს „... სახელობის ...“-ის მიერ მორიგების აქტით გათვალისწინებული საკრედიტო ვალდებულებების დაფარვის გრაფიკის ერთჯერადი დარღვევის შემთხვევაში, შპს „მ...“ მიმართავს არბიტრაჟს სააღსრულებო ფურცლის მისაღებად საკრედიტო ვალდებულებების იძულების წესით დაკმაყოფილების მიზნით.
4. მსესხებლები და შპს „კ...“ ვალდებულებას იღებენ, წინამდებარე მორიგების აქტის გაფორმებიდან 10 დღის ვადაში უზრუნველყონ კრედიტორის წინაშე მათი სასესხო ვალდებულებების უზრუნველსაყოფად იპოთეკით დატვირთული ქონებების კრედიტორის საკუთრებაში გადაცემა ვალდებულების შესაბამისი ნაწილის დაფარვის მიზნით. ამასთან, კრედიტორი ყოფილ მესაკუთრეებს მისცემს უძრავი ქონებების უკან გამოსყიდვის ოფციას.
5. მსესხებლები და შპს „კ...“ ვალდებულებას იღებენ, წინამდებარე მორიგების აქტის გაფორმებიდან 10 დღის ვადაში უზრუნველყონ მათ საკუთრებაში არსებული აღნაგობის უფლებების კრედიტორის საკუთრებაში გადაცემა მათი სასესხო ვალდებულების შესაბამისი ნაწილის დაფარვის მიზნით.
6. ლ.გ-ა და მ.ხ-ა სს „...ს“ მიერ შპს „მე...ზე“ გაცემული სესხის უზრუნველყოფის მიზნით იპოთეკით დატვირთავენ მათ საკუთრებაში არსებულ შემდეგ უძრავ ქონებას: ა. ლ.გ-ას საკუთრებაში არსებული 130.79 კვ.მ. ფართი შესაბამის წილ მიწის ნაკვეთთან ერთად, მდებარე - ქ. თბილისი, ...ის ქ. №7, ბინა №..., მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი - ...; ბ. ... საკუთრებაში არსებული 113 კვ.მ. სასარგებლო ფართი შესაბამის წილ მიწის ნაკვეთთან ერთად, მდებარე - ქ. თბილისი, ...ის გამზირი №16, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი - ....
7. მხარეთა შეთანხმებით, წინამდებარე მორიგების აქტით უქმდება მსესხებლების ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით არსებული შპს ,,კ...ს‘’, მ.ბ-ის, ..., თ.გ-ას, ლ.გ-ასა და ი.გ-ს პერსონალური თავდებობა.
8. შპს ,,მ...“ უზრუნველყოფს სს ,,...ას“ მოთხოვნით არბიტრაჟის მიერ დაყადაღებულ ქონებაზე ყადაღის მოხსნას.
9. მხარეები თანხმდებიან, რომ მორიგების აქტის ძალაში შესვლის თარიღად აითვლება ...ის მიერ მორიგების აქტის დამტკიცების შესახებ დადგენილების კანონიერ ძალაში შესვლის თარიღი. ...ის შპს „დ...ის“ 2009 წლის 16 სექტემბრის დადგენილების საფუძველზე, 2009 წლის 4 დეკემბერს გაცემულია №309 სააღსრულებო ფურცელი.
2009 წლის 14 დეკემბერს ახალმა კრედიტორმა - შპს ,,მ...ს“ დირექტორმა №32 განცხადებით მიმართა კერძო აღმასრულებელს და ...ის შპს ,,დ...ის“ მიერ 2009 წლის 4 დეკემბერს გაცემული №309 სააღსრულებო ფურცლის იძულებით აღსრულება მოითხოვა. კერძოდ, მორიგების აქტის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მსესხებლების - შპს „და...ის“ და შპს ,,...ის" მიერ ფულადი ვალდებულებების გადახდის ნაწილში (განაცხადის წარდგენის მომენტისათვის შეადგენდა - 4 993 828 აშშ დოლარს) და მორიგების აქტის მე-4 პუნქტის ნაწილში, რომელიც ითვალისწინებდა შპს ,,მ...სთვის“ შპს ,,კ...ს“ საკუთრებაში ქ.თბილისში, ...ის საცხოვრებელ რაიონის პირველი კვარტლის მიმდებარედ (ნაკვეთი ... ), N... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული 4964 კვ.მ მიწის ნაკვეთის საკუთრებაში გადაცემას.
კერძო აღმასრულებლის 2009 წლის 18 დეკემბრის წერილის თანახმად, ...ის შპს ,,დ...ის“ მიერ 2009 წლის 4 დეკემბერს გაცემული №309 სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დაწყებული სააღსრულებო წარმოების ფარგლებში, მოვალეს გაეგზავნა წინადადება გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულების შესახებ, მოვალე დარეგისტრირდა მოვალეთა რეესტრში, განხორციელდა მისი ქონების მოძიება მარეგისტრირებელ ორგანოში, მოვალის ქონებას დაედო ყადაღა და ეცნობა ქონებრივი ნუსხის წარმოდგენის თაობაზე.
2010 წლის 10 მაისს შპს ,,მ...ს“ დირექტორმა №3514 განცხადებით მიმართა კერძო აღმასრულებელს და ...ის შპს ,,დ...ის“ მიერ 2009 წლის 4 დეკემბერს გაცემული №309 სააღსრულებო ფურცლის შესაბამისად მოითხოვა იპოთეკით დატვირთული შპს ,,კ...ს“ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებების რეალიზაცია. კერძოდ:
1. ქ. თბილისში, ... ის საცხოვრებელი რაიონის პირველი კვარტლის მიმდებარედ არსებული 193.00 კვ.მ N... მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობების საერთო ფართით - 624,33 კვ.მ. (ს/კ №...); 2. ქ. თბილისში, ... ის საცხოვრებელი რაიონის პირველი კვარტლის მიმდებარედ (ნაკვეთი ... ), 4964 კვ.მ. არსებული მიწის ნაკვეთის (ს/კ ...).
2010 წლის 28 მაისს, შპს ,,მ...ს“ დირექტორმა №3889 განცხადებით მიმართა კერძო აღმასრულებელს, 2009 წლის 14 დეკემბერსა და 2010 წლის 10 მაისს წარდგენილი განცხადებების ნაწილობრივ უკან გამოთხოვის თაობაზე და აღსრულების გაგრძელება მხოლოდ შპს ,,...სა“ და შპს ,,და...ის“ მიმართ, დავალიანების - 5 520 656,94 აშშ დოლარის ამოღების ნაწილში მოითხოვა.
2011 წლის 17 თებერვალს კერძო აღმასრულებელმა განცხადებით მიმართა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს და მის წარმოებაში არსებული N22/32-09 სააღსრულებო საქმე 8 ტომად აღსასრულებლად გადასცა სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს.
თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2011 წლის 22 ივლისის A11031491- 015/001 განკარგულების თანახმად, შპს ,,კ...ს“ საკუთრებაში რიცხული ერთ-ერთი იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების (ქ. თბილისი, ... ის საცხოვრებელი რაიონი, პირველი კვარტლის მიმდებარედ (ნაკვეთი ...), 193.00 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები: №1, საერთო ფართით - 624,33 კვ.მ. საკადასტრო კოდი: №...) შემძენი 2011 წლის 19 ივლისს გამართულ აუქციონზე გახდა შპს ,,მ...“, რომელმაც უძრავი ნივთი შეიძინა 437 470 ლარად. აღსრულება მითითებულ უძრავ ნივთზე განხორციელდა იპოთეკარის შპს ,,მ...ს“ სასარგებლოდ.
2012 წლის 22 ნოემბრის შპს ,,მ...სა“ და სს ,,...ის“ განცხადების საფუძველზე, დაწყებული სააღსრულებო საქმის წარმოება გაგრძელდა სსიპ თბილისის სააღსრულებო ბიუროში (საქმე №A12066767), სხვა მოვალეებთან ერთად განაცხადში მითითებულია მოვალე შპს ,,კ...ც“.
2022 წლის 3 ოქტომბერს შპს ,,მ...ს“ წარმომადგენელმა №130264 განცხადებით მიმართა აღსრულების ეროვნულ ბიუროს და აღსრულების ბიუროს წარმოებაში არსებული ...ის შპს ,,დ...ის“ მიერ 2009 წლის 4 დეკემბერს გაცემული №309 სააღსრულებო ფურცლის აღსრულების დაჩქარება - დაუყოვნებლივ აღსრულება მოითხოვა სააღსრულებო ფურცლის მე-4 პუნქტის - შპს ,,კ...ს“ სახელზე რეგისტრირებული, ქ. თბილისში, ...ის საცხოვრებელი რაიონის პირველი კვარტლის მიმდებარედ №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული, 4964 კვ.მ. არსებული №... მიწის ნაკვეთის შპს ,,მ...ს“ საკუთრებაში გადასვლის ნაწილში.
2022 წლის 22 ნოემბერს შპს ,,კ...ს“ დირექტორმა №160316 განცხადებით მიმართა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს და სააღსრულებო წარმოების შეწყვეტა მოითხოვა, იმ გარემოებაზე მითითებით, რომ გავიდა აღსასრულებელი გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულების ხანდაზმულობის ვადა.
სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2022 წლის 7 დეკემბრის №88302 მიმართვით, განმცხადებელს განემარტა, რომ ...ის შპს ,,დ...ის“ მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე მიმდინარე სააღსრულებო ფურცლის აღსრულების შემთხვევაზე, მორიგების პირობის გათვალისწინებით, ვერ გავრცელდებოდა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლით დადგენილი 10 წლიანი ხანდაზმულობის ვადა.
2022 წლის 12 დეკემბერს შპს ,,კ...ს“ დირექტორმა №171548 ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს და სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2022 წლის 7 დეკემბრის №88302 მიმართვის ბათილად ცნობა და №A12066767 სააღსრულებო საქმის წარმოების შეწყვეტა მოითხოვა. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2023 წლის 11 იანვრის №109 ბრძანებით, შპს ,,კ...ს“ უარი ეთქვა საჩივრის დაკმაყოფილებაზე.
2023 წლის პირველ თებერვალს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის №A12066767-015/001 წერილით შპს ,,კ...ს“ ეცნობა, რომ კერძო არბიტრაჟის მიერ 2009 წლის 4 დეკემბერს გაცემული №309 სააღსრულებო ფურცლის აღსრულების და კრედიტორის მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით, ქ. თბილისში, ...ის საცხოვრებელი რაიონის პირველი კვარტლის მიმდებარედ (ნაკვეთი №..., ს/კ ...) არსებული უძრავი ქონება ექვემდებარებოდა კრედიტორის საკუთრებაში გადაცემას. მხარეს ასევე ეცნობა, რომ ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-7 პუნქტისა და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, აღმასრულებელი მიმართავდა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს უძრავ ქონებაზე კრედიტორის საკუთრების რეგისტრაციის შესახებ.
სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელმა 2023 წლის 8 თებერვალს №8535 წერილით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და კერძო არბიტრაჟის მიერ 2009 წლის 4 დეკემბერს 8 გაცემული №309 სააღსრულებო ფურცლის აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით უძრავი ქონების მდებარე: ქ. თბილისში, ...ის საცხოვრებელი რაიონის პირველი კვარტლის მიმდებარედ (ნაკვეთი №...), ს/კ №..., კრედიტორის შპს ,,მ...ს“ საკუთრებაში გადაცემა მოითხოვა. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2023 წლის 15 თებერვლის №... გადაწყვეტილებით, მითითებულ უძრავ ქონებაზე დარეგისტრირდა შპს ,,მ...ს“ საკუთრების უფლება და 2023 წლის 17 თებერვალს გაიცა ამონაწერი საჯარო რეესტრიდან. ამავე ამონაწერის თანახმად, უძრავ ნივთზე რეგისტრირებულია შეზღუდული სარგებლობა - აღნაგობის უფლებით დატვირთულია 2223 კვ.მ., ვალდებულება - გამოსყიდვის უფლების მქონე პირი - შპს ,,კ...“; საგანი - მიწის დაზუსტებული ფართობი 4964.00 კვ.მ., ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებ(ებ)ის შესრულების პირობით.
2023 წლის 6 თებერვალს შპს „კ...ს“ წარმომადგენელმა №17895 საჩივრით მიმართა სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს და სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2023 წლის პირველი თებერვლის №A12066767-015/001 წერილის გაუქმება, ასევე, სააღსრულებო წარმოების შეწყვეტა მოითხოვა. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2023 წლის 8 თებერვლის №543 ბრძანებით, შპს ,,კ...ს“ უარი ეთქვა საჩივრის დაკმაყოფილებაზე სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2023 წლის პირველი თებერვლის №A12066767-015/001 წერილის გაუქმების ნაწილში, ხოლო №A12066767 სააღსრულებო წარმოების შეწყვეტის მოთხოვნის ნაწილში, საჩივრის განხილვაზე უარი ეთქვა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეზე ძირითად სადავო საკითხს განხორციელებული სააღსრულებო მოქმედებების, სააღსრულებო წარმოების შეწყვეტაზე უარის თქმის კანონიერების შეფასება წარმოადგენს, რაც არსებითად უკავშირდება სააღსრულებო წარმოების ხანდაზმულობის საკითხის შეფასებას.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონი აწესრიგებს საერთო სასამართლოების, ადმინისტრაციული ორგანოების (თანამდებობის პირების), არბიტრაჟის, რესტიტუციისა და კომპენსაციის კომისიისა და მისი კომიტეტის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ მიღებული აქტების და ამ კანონით გათვალისწინებული აღსასრულებელი გადაწყვეტილებების აღსრულების წესსა და პირობებს. კანონის მე-2 მუხლის „ლ“ პუნქტის თანახმად, ამ კანონით დადგენილი წესით აღსრულებას ექვემდებარება არბიტრაჟის გადაწყვეტილება. მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებული აღსასრულებელი გადაწყვეტილებების იძულებით აღსრულებას ახორციელებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – აღსრულების ეროვნული ბიურო (შემდგომში – აღსრულების ეროვნული ბიურო). მე-5 მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, ამ კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებულ აღსასრულებელ გადაწყვეტილებებს აღსრულების ეროვნული ბიუროს სახელით უშუალოდ აღასრულებენ სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლები და აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე – აგრეთვე აღსრულების ეროვნულ ბიუროში დასაქმებული პირები და აღსრულების ეროვნული ბიუროს სტაჟიორები. ამასთან, მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, აღსასრულებელი გადაწყვეტილებების იძულებით აღსრულებას ამ კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში აგრეთვე ახორციელებს კერძო აღმასრულებელი, რომელიც 146.1 მუხლის თანახმად, არის ფიზიკური პირი, რომელიც საჯარო უფლებამოსილებას – სააღსრულებო საქმიანობას ახორციელებს აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული სააღსრულებო საქმიანობის ლიცენზიის საფუძველზე საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. ამავე კანონის 25.1 მუხლის თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ სააღსრულებო წარმოების დაწყების ერთ-ერთ საფუძველს წარმოადგენს იძულებითი აღსრულების შესახებ კრედიტორის წერილობითი განცხადება და სააღსრულებო ფურცელი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128.1 მუხლის შესაბამისად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა, ხოლო 128.3 მუხლის შესაბამისად, ხანდაზმულობის საერთო ვადა შეადგენს ათ წელს. ამავე კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. ამასთან, სამოქალაქო კოდექსის 142.1 მუხლის თანახმად, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადასტურებული მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადაა ათი წელი მაშინაც კი, როცა ეს მოთხოვნა უფრო ნაკლებ ხანდაზმულობას ექვემდებარება.
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად აღსრულება შეწყდება, თუ: ა) კრედიტორმა უარი თქვა აღსრულებაზე; ბ) კრედიტორი და მოვალე მორიგდნენ; გ) კრედიტორის ან მოვალის გარდაცვალების შემდეგ გადაწყვეტილებით დადგენილი მოთხოვნები ან მოვალეობები ვერ გადავა გარდაცვლილი პირის უფლებამონაცვლეზე; დ) გადაწყვეტილება, რომლის აღსასრულებლადაც მიმდინარეობს სააღსრულებო წარმოება, გაუქმებულია; ე) გავიდა აღსასრულებელი გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულების ხანდაზმულობის ვადა; ვ) საქართველოს კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების შედეგად შეუძლებელია გადაწყვეტილების აღსრულება; ზ) განხორციელდა იურიდიული პირის (კრედიტორის ან მოვალის) ლიკვიდაცია და სასამართლოს მიერ განსაზღვრული სამართლებრივი ურთიერთობით უფლებამონაცვლეობა დაუშვებელია ან არ არსებობს უფლებამონაცვლე; კ) თანხის გადახდევინებასთან დაკავშირებულ საქმეზე სააღსრულებო წარმოების დაწყებიდან გასულია 10 წელი, გარდა ალიმენტის გადახდევინების შესახებ, შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე, დასახიჩრებით ან ჯანმრთელობის სხვაგვარი დაზიანებით, აგრეთვე მარჩენალის დაკარგვით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების შესახებ, დანაშაულით ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევით მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ მოთხოვნებისა, აგრეთვე სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ წარმოებული სააღსრულებო საქმეებისა; ლ) ადმინისტრაციული სახდელის სახით ჯარიმის დაკისრების შემთხვევაში სააღსრულებო წარმოების დაწყებიდან გასულია 5 წელი. ნ) კომერციული ბანკის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების − საკრედიტო კავშირის, საგადახდო მომსახურების პროვაიდერის, საინვესტიციო ფონდის ან აქტივების მმართველი კომპანიის მიმართ დაწყებულია ლიკვიდაციის პროცესი. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სააღსრულებო წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში აღსრულებისათვის განხორციელებული ყველა ღონისძიება უქმდება.
მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ ...ის შპს ,,დ...ის“ 2009 წლის 16 სექტემბრის დადგენილებისა და აღნიშნულის საფუძველზე 2009 წლის 4 დეკემბერს გაცემული №309 სააღსრულებო ფურცლის აღსრულების ნება შპს ,,მ...ს“ მხრიდან გამოვლენილი იქნა ჯერ კიდევ 2009 წლის 14 დეკემბერს კერძო აღმასრულებლისადმი მიმართვის გზით. მართალია, 2010 წლის 28 მაისს შპს ,,მ...ს“ დირექტორმა №3889 განცხადებით მიმართა კერძო აღმასრულებელს, წარდგენილი განცხადებების ნაწილობრივ უკან გამოთხოვის მოთხოვნით, თუმცა, საქმის მასალებით დასტურდება, რომ შემდგომში კერძო აღმასრულებლის 2011 წლის 17 თებერვლის მიმართვის საფუძველზე კერძო აღმასრულებელმა მის წარმოებაში არსებული N22/32-09 სააღსრულებო საქმე 8 ტომად ქვემდებარეობით აღსასრულებლად გადასცა სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს, ხოლო 2012 წლის 22 ნოემბერს შპს „მ...სა“ და სს ,,...ას“ მიერ წარდგენილი განცხადების საფუძველზე, წარმოება კვლავ გაგრძელდა, შპს ,,დ...ის“ მიერ 2009 წლის 4 დეკემბერს გაცემული №309 სააღსრულებო ფურცლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული - შპს ,,კ...ს“ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს ,,მ...ს“ საკუთრებაში გადასვლის ნაწილშიც. სააღსრულებო საქმეს მიენიჭა N№A12066767 და სხვა მოვალეებთან ერთად მიეთითა მოვალე შპს ,,კ...“, რაც საკასაციო პალატის შეფასებით ერთმნიშვნელოვნად ადასტურებს კრედიტორის მხრიდან არამხოლოდ ფულადი ვალდებულების შესრულების მოთხოვნის არსებობას, არამედ სააღსრულებო წარმოების მიმდინარეობას სანივთო ვალდებულების კუთხითაც. აქედან გამომდინარე, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ საქმის მასალების შესაბამისად, კრედიტორმა დაიცვა არბიტრაჟის დადგენილებით დადასტურებული მოთხოვნის რეალიზაციის დაწყებისთვის განკუთვნილი ვადა.
საქმის მასალებით ასევე დასტურდება, რომ 2022 წლის 3 ოქტომბერს შპს ,,მ...ს“ წარმომადგენელმა №130264 განცხადებით ისევ მიმართა აღსრულების ეროვნულ ბიუროს და აღსრულების ბიუროს წარმოებაში არსებული ...ის შპს ,,დ...ის“ მიერ 2009 წლის 4 დეკემბერს გაცემული №309 სააღსრულებო ფურცლის აღსრულების დაჩქარება - დაუყოვნებლივ აღსრულება მოითხოვა. კერძოდ, სააღსრულებო ფურცლის მე-4 პუნქტის - შპს ,,კ...ს“ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს ,,მ...ს“ საკუთრებაში გადასვლის ნაწილში. ამდენად, საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოთა შეფასებას, რომ კრედიტორის მხრიდან განხორციელებული მოქმედებების გათვალისწინებით, სახეზე არ იყო „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის 34-ე მუხლით გათვალისწინებული სააღსრულებო წარმოების შეწყვეტის საფუძვლები, რის გამოც არ არსებობს სადავო აქტების ბათილად ცნობის საფუძველი.
რაც შეეხება მოსარჩელის მოთხოვნას სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2023 წლის 15 თებერვლის №... გადაწყვეტილების გაუქმებისა და სადავო უძრავი ქონების (ს/კ...) კვლავ შპს ,,კ...ს“ საკუთრების უფლებით აღრიცხვის თაობაზე, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სადავო გადაწყვეტილებით ქალაქ თბილისში, ...ის საცხოვრებელი რაიონის, პირველი კვარტლის მიმდებარედ (ნაკვეთი №...), ს/კ №... არსებულ უძრავ ქონებაზე დარეგისტრირდა შპს „მ...ს“ საკუთრების უფლება და გაიცა ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, რომლითაც დგინდება, რომ გარდა საკუთრების უფლების რეგისტრაციისა, უძრავ ნივთზე ასევე რეგისტრირებულია შეზღუდული სარგებლობა - აღნაგობის უფლებით, დატვირთულია 2223 კვ.მ., ხოლო ვალდებულების სახით მითითებულია - გამოსყიდვის უფლების მქონე პირი - შპს ,,კ...“; საგანი - მიწის დაზუსტებული ფართობი 4964.00 კვ.მ., ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებ(ებ)ის შესრულების პირობით, რაც საკასაციო პალატის შეფასებით, შესაბამისობაშია სარეგისტრაციოდ წარდგენილ დოკუმენტსა და მისი გამოცემის საფუძვლად არსებულ სააღსრულებო ფურცელთან.
ამასთან, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სადავო საკითხის ამგვარად გადაწყვეტა სრულ შესაბამისობაშია საქართველოს უზენაესი სასამართლოს დადგენილ პრაქტიკასთან (საქმე Nბს-66(კ-20), 23.07.2020 წ.). ყოველივე ზემოაღნიშნულისა და სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
შესაბამისად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც, საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „კ...ის“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 8 აგვისტოს განჩინება;
3. რ.ა-ეს (პ/ნ...) დაუბრუნდეს შპს „კ...ის“ საკასაციო საჩივარზე 21.10.2024წ. საგადახდო დავალება №...-ით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ბ. შონია
მოსამართლეები: ქ.ცინცაძე
გ.მაკარიძე