Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-1162(2კ-24) 12 ივნისი, 2025 წელი

თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: თამარ ოქროპირიძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები (მოპასუხეები) - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ე.დ-ა

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 27 მარტის გადაწყვეტილება

კასატორების მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

აღწერილობითი ნაწილი:

ე.დ-ამ 2019 წლის 14 ნოემბერს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხეების - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიმართ და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2018 წლის 9 ივლისის №003799 მითითების, ამავე სამსახურის 2018 წლის 9 ნოემბრის №003799 დადგენილებისა და „ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 8 ოქტომბრის №1543 ბრძანების ბათილად ცნობა მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ე.დ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ე.დ-ამ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 27 მარტის გადაწყვეტილებით ე.დ-ას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ე.დ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტად ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2018 წლის 9 ივლისის №003799 მითითება, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2018 წლის 9 ნოემბრის №003799 დადგენილება და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურ ინსპექციას დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ვადაში, სადავო საკითხთან დაკავშირებით ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გმოცემა; ამასთანავე, ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 8 ოქტომბრის №1543 ბრძანება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე.

აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღების შედეგად სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვეს.

კასატორი - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები და არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა განსახილველ საკითხს.

კასატორს უსაფუძვლოდ მიაჩნია სააპელაციო სასამართლოს მითითება, რომ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ ადმინისტრაციული საჩივრის განხილვისას სრულად არ გამოიკვლია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები.

კასატორი მიიჩნევს, რომ საქმეში წარმოდგენილი ადმინისტრაციული საქმის მასალებით დასტურდება ე.დ-ას მიერ ქალაქ თბილისში, ...ის №... -ში, ... და ... საკადასტრო კოდებით რეგისტრირებულ მის უძრავ ქონებაზე უნებართვო სარეკონსტრუქციო სამუშაოების შესრულება, რაც გამოიხატა შემდეგ მოქმედებებში: აივნის ღია სივრცე შევსებულია კარ-ფანჯრების ღიობებით და საერთო სივრცისგან გამოყოფილია ტიხრებით, ნაწილობრივ შემცირებულია მზიდი კედლების სისქეები და დამატებულია ნიშები, გაზრდილია სამზარეულოსთვის განკუთვნილი ოთახის ფართი, ამ დარღვევების გამო გაზრდილია საცხოვრებელი სართულების გაბარიტი და შიდა ფართები. დამატებულია მეორე სართულზე ასასვლელი კიბე და სართულებს შორის მოწყობილია ბაქანი. პირველ სართულზე მზიდ კედელში გაუქმებულია ფანჯრები და მოწყობილია ორი კარის ღიობი, მეორე სართულზე კი კიბის გვერდით კარის ნაცვლად მოწყობილია ნიშა. გვერდით ფასადის კედელში მოწყობილია ლითონის საყრდენი სვეტები და ფანჯრები. წინა ფასადზე განთავსებულია საჩრდილობელი, წყალშემკრები და ჰაერგამწოვი მილი, სათვალთვალო კამერა, მოწყობილია აივანი მოაჯირებით და ლითონის ჯოხები მოაჯირებზე. შენობის უკანა ფასადზე მოწყობილია კარის ღიობი, საჩრდილობელი და სანათი. ამასთან, ქალაქ თბილისის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურში ე.დ-ას მიმართ მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში გამართულ 2018 წლის 9 აგვისტოს ზეპირი მოსმენის სხდომაზე სამართალდამრღვევმა და მისმა წარმომადგენლებმა განმარტეს, რომ სამშენებლო სამუშაოები განხორციელებულია ე.დ-ას მიერ 2015 წელს. ამდენად, განსახილველ შემთხვევაში სახეზე იყო ყველა გარემოება ე.დ-ას ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად მიჩნევისათვის.

რაც შეეხება სააპელაციო პალატის მსჯელობას საინვენტარიზაციო გეგმების ხარვეზიანობასთან დაკავშირებით, კასატორის მოსაზრებით, საფუძველს მოკლებულია. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 12 ოქტომბრის №4215498 გადაწყვეტილებით, ე.დ-ას უარი ეთქვა ქალაქ თბილისში, ...ის №... -ში, ... და ... საკადასტრო კოდებით რეგისტრირებულ მის უძრავ ქონებაზე უნებართვოდ განხორციელებული სარეკონსტრუქციო სამშაოების დადასტურებაზე იმ საფუძვლით, რომ 2017 წლის 4 ნოემბრის ..., 2018 წლის 13 თებერვლის ... და 2018 წლის 9 ივლისის ... ელექტრონულ განცხადებებზე თანდართული ფოტოსურათების ურთიერთშედარების შედეგად დადგინდა, რომ ობიექტზე შეცვლილია ფაქტობრივი გარემოება, კერძოდ, მოწყობილია საჩრდილობელი, წყალარინების მილი და აივნის მოაჯირი. აღნიშნულთან დაკავშირებით, ქალაქ თბილისის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურში ე.დ-ას მიმართ მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში გამართულ 2018 წლის 9 აგვისტოს ზეპირი მოსმენის სხდომაზე სამართალდამრღვევმა და მისმა წარმომადგენლებმა განმარტეს, რომ სამშენებლო სამუშაოები განხორციელებულია ე.დ-ას მიერ 2015 წელს.

ამდენად, კასატორის მოსაზრებით, ყოველივე ზემოაღნიშნული ცხადყოფს, რომ სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები, შესაბამისად, არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა განსახილველ საკითხს, სასამართლოს მიერ არასწორად იქნა განმარტებული კანონი და საქმეზე მიღებულ იქნა არასწორი გადაწყვეტილება.

კასატორის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მითითებით, დადგენილია, რომ მუნიციპალური ინსპექციის 2018 წლის 9 ნოემბრის №003799 დადგენილებით ე.დ-ა დაჯარიმდა 8 000 ლარით ქალაქ თბილისში, ...ის №... -ში შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე, სარეკონსტრუქციო სამუშაოების განხორციელებისათვის, რომელმაც გამოიწვია შენობა-ნაგებობის გაბარიტის ცვლილება. ამავე დადგენილებით მასვე დაევალა შენობა-ნაგებობის საინვენტარიზაციო გეგმასთან შესაბამისობაში მოყვანა. მუნიციპალურ ინსპექციაში 2018 წლის 9 აგვისტოს გამართულ ზეპირი მოსმენის სხდომაზე ე.დ-ას წარმომადგენლებმა, დაადასტურეს სამუშაოების ე.დ-ას მიერ განხორციელება 2015 წელს.

კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად გამოიყენა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლი. ამ მუხლით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც სამართალწარმოების ფარგლებში ვერ ხერხდება სადავო ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება, რაც, თავის მხრივ, შეუძლებელს ხდის სადავო ადმინისტრაციული აქტის კანონიერებაზე მსჯელობას. მოცემულ შემთხვევაში კი, კასატორი მიიჩნევს, რომ საქმეში დაცული მტკიცებულებები იძლეოდა სადავო საკითხის არსებითად გადაწყვეტის შესაძლებლობას. რაც შეეხება სასამართლოს მითითებას, რომ ე.დ-ამ სცადა სამართალდარღვევის აღმოფხვრა, რა მიზნითაც მან მიმართა არქიტექტურის სამსახურს, რომელსაც აქტი სააპელაციო სასამართლოში განხილვის დროისთვის გამოცემული არ ჰქონდა და არქიტექტურის სამსახურის აქტის საფუძველზე, შესაძლოა აღარ იყოს სახეზე მოსარჩელისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი, მუნიციპალური ინსპექცია აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლო, ერთი მხრივ, გასცდა სააპელაციო საჩივრის ფარგლებს და თავისი გადაწყვეტილების დასასაბუთებლად მიუთითა მომავალში წარმოსაშობ ფაქტობრივ გარემოებაზე, ხოლო, მეორე მხრივ, ეს გარემოება საქმის განხილვის შეჩერების საფუძველი იყო და არა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლის საფუძველზე საქმის გარემოებათა გამოკვლევის მიზნით ადმინისტრაციული ორგანოსთვის დაბრუნების საფუძველი.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კასატორი ითხოვს, გაუქმდეს სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის გასაჩივრებული გადაწყვეტილება და დაკმაყოფილდეს წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 24 ოქტომბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივრები.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:

- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;

- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;

- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;

- კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ მოცემული დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეზე დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

- ქალაქ თბილისის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2018 წლის 9 ივლისს ე.დ-ას მიმართ შედგა №003799 მითითება, რომლის თანახმად, ე.დ-ას მიერ განხორციელდა ქალაქ თბილისში, ...ის №... -ში მდებარე ... და ... საკადასტრო კოდებით რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე უნებართვო სარეკონსტრუქციო სამუშაოები. აღნიშნული მითითებით დადგინდა, რომ ქალაქ თბილისში, ...ის №... -ში მდებარე ... და ... საკადასტრო კოდებით რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე აივნის ღია სივრცე შევსებული იყო კარ-ფანჯრების ღიობებით და საერთო სივრცისგან გამოყოფილი იყო ტიხრებით, ნაწილობრივ შემცირებული იყო მზიდი კედლების სისქეები და დამატებული იყო ნიშები, გაზრდილი იყო სამზარეულოსთვის განკუთვნილი ოთახის ფართი. აღნიშნული დარღვევების გამო გაზრდილი იყო საცხოვრებელი სართულების გაბარიტები და შიდა ფართები. დამატებული იყო მეორე სართულზე ასასვლელი კიბე და სართულებს შორის მოწყობილი იყო ბაქანი. პირველ სართულზე მზიდ კედელში გაუქმებული იყო ფანჯრები და მოწყობილი იყო ორი კარის ღიობი, მეორე სართულზე კი კიბის გვერდით კარის ნაცვლად მოწყობილი იყო ნიშა. გვერდით ფასადის კედელში მოწყობილი იყო ლითონის საყრდენი სვეტები და ფანჯრები. წინა ფასადზე განთავსებული იყო საჩრდილობელი, წყალშემკრები, ჰაერგამწოვი მილი და სათვალთვალო კამერა. ასევე მოწყობილი იყო აივანი მოაჯირებით და ლითონის ჯოხები მოაჯირებზე. შენობის უკანა ფასადზე მოწყობილი იყო კარის ღიობი, საჩრდილობელი და სანათი. აღნიშნული მითითებით ე.დ-ას, როგორც სამართალდამრღვევს, დაევალა ერთი დღის ვადაში, 2018 წლის 10 ივლისის ჩათვლით წარედგინა განხორციელებული სარეკონსტრუქციო სამუშაოების კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტაცია ან ობიექტი მოეყვანა შენობა-ნაგებობის საინვენტარიზაციო გეგმასთან შესაბამისობაში;

- ასევე დადგენილია, რომ ობიექტის გადამოწმების შედეგად გამოვლინდა მითითებით განსაზღვრული პირობების შეუსრულებლობა, რის გამოც ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2018 წლის 9 ნოემბრის №003799 დადგენილებით ე.დ-ა დაჯარიმდა 8 000 ლარით, ქალაქ თბილისში, ...ის №... -ში მდებარე №... და №... საკადასტრო კოდებით რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე უნებართვო სამშენებლო/სარეკონსტრუქციო სამუშაოების განხორციელებისთვის. ამავე დადგენილებით ფართის მესაკუთრეს დაევალა ობიექტის საინვენტარიზაციო გეგმასთან შესაბამისობაში მოყვანა.

ამდენად, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს მოსარჩელის მიერ კერძო საკუთრებაში არსებულ შენობა-ნაგებობაზე განხორციელებული სარეკონსტრუქციო სამუშაოების უნებართვო მშენებლობად მიჩნევისა და მისთვის სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენისთვის სანქციის დაკისრების კანონიერება.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სადავო პერიოდში მოქმედ „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №... 7 დადგენილებაზე (ძალადაკარგულია საქართველოს მთავრობის 2020 წლის 2 მარტის №139 დადგენილებით), რომელიც არეგულირებდა საქართველოს ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებულ საჯარო სამართლებრივ ურთიერთობებს. დადგენილების 36-ე მუხლის მიხედვით, მშენებლობის განხორციელების სამართლებრივი საფუძველია კანონმდებლობით, მათ შორის, ამ დადგენილებით განსაზღვრულ შემთხვევებში სათანადო წესით მიღებული მშენებლობის ნებართვა, რომელიც გაიცემა: ა) ახალ მშენებლობაზე (მათ შორის მონტაჟზე), ბ) არსებული შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქციაზე, გ) არსებული შენობა-ნაგებობის დემონტაჟზე, დ) სამშენებლო დოკუმენტის ისეთ ცვლილებაზე, რომელიც საჭიროებს ახალ ნებართვას. ამასთან, მითითებული დადგენილების მე-3 მუხლის 74-ე პუნქტის თანახმად, მშენებლობის ნებართვას დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობების მშენებლობა მშენებლობის ნებართვის გარეშე, ან/და დროებითი შენობა-ნაგებობის განთავსება სანებართვო მოწმობით განსაზღვრული გამოყენების პერიოდის გასვლის შემდეგ წარმოადგენს უნებართვო მშენებლობას. პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის მე-4 თავი არეგულირებს სამშენებლო სამართალდარღვევებს, მათი დადგენისა და სამართალდარღვევისათვის სანქციის დაკისრების ნორმებს; დასახელებული კოდექსის მე-14 მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილია, რომ ამ ნორმების მოქმედება ვრცელდება: ა) პირების, აგრეთვე ამხანაგობების საქმიანობაზე, რომლის დროსაც ხორციელდება შენობა-ნაგებობის, მისი ელემენტების, კონსტრუქციული სისტემების ან კვანძების მშენებლობა, მონტაჟი, დემონტაჟი და სხვა სამშენებლო სამუშაოები; ბ) დამკვეთზე, რომლის ქმედებამაც გამოიწვია დარღვევები სამშენებლო საქმიანობაში; გ) სამშენებლო მიწის ნაკვეთის მესაკუთრეზე ან მოსარგებლეზე, თუ დაუდგენელია მშენებლობის მწარმოებელი პირი; დ) შენობა-ნაგებობის მესაკუთრეზე ან მოსარგებლეზე, თუ დაუდგენელია მრავალბინიანი სახლის მშენებლობის მწარმოებელი პირი; ე) მესაკუთრეზე, რომლის სარეკონსტრუქციო ან სადემონტაჟო ავარიული შენობა-ნაგებობის ავარიულობის ხარისხი უშუალო საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის მე-5 მუხლის ,,რ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სამშენებლო სამართალდარღვევას წარმოადგენს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი მოთხოვნების დარღვევა ან/და შეუსრულებლობა, რისთვისაც პასუხისმგებლობა განსაზღვრულია ამ თავით.

პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 25-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო სამართალდარღვევის საქმის წარმოებას იწყებს დამრღვევის მიმართ მითითების გაცემით, გარდა ამ მუხლის 23-ე ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა (სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების შემოწმების აქტის შედგენით დაწყების შემთხვევები). მითითებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო ამოწმებს დამრღვევს, რაზედაც დგება შემოწმების აქტი. შემოწმების აქტში აისახება მშენებარე ობიექტის ფაქტობრივი მდგომარეობა მითითების პირობებთან მიმართებით, კერძოდ: ა) მითითება შესრულდა; ბ) მითითება არ შესრულდა; გ) მითითება არადროულად სრულდება (მე-5 ნაწილი). თუ მითითება დროულად არ შესრულდა, მაგრამ სამართალდარღვევა გამოსწორდა დადგენილების მიღებამდე, დამრღვევი თავისუფლდება პასუხისმგებლობისაგან, ხოლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება წყდება (მე-7 ნაწილი). თუ შემოწმების აქტში დაფიქსირებულია დარღვევა, აქტის საფუძველზე სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო იღებს დადგენილებას: ა) დამრღვევის დაჯარიმების შესახებ; ბ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით მიმდინარე უნებართვო მშენებლობისა და უნებართვო დემონტაჟის შეჩერების შესახებ; გ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის, მშენებარე შენობა-ნაგებობების მშენებლობის მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერებისა და დემონტაჟის შესახებ. კანონით გათვალისწინებულ ვადაში (შემოწმების აქტის შედგენიდან 2 თვის ვადაში, რომელიც შეიძლება გაგრძელდეს არა უმეტეს 2 თვით) დადგენილების მიუღებლობის შემთხვევაში დამრღვევი თავისუფლდება ამ კოდექსით გათვალისწინებული ჯარიმის გადახდის ვალდებულებისაგან (მე-13 და მე-14 ნაწილები).

ამავე კოდექსის 44-ე მუხლის სადავო აქტების გამოცემის დროს მოქმედი რედაქციის პირველი ნაწილის მიხედვით, უნებართვო მშენებლობის, რეკონსტრუქციის ან/და დემონტაჟის წარმოება მშენებლობის განხორციელების სპეციალური რეჟიმის ზონაში, სადაც დადგენილია მშენებლობის განხორციელების განსაკუთრებული რეჟიმი, ტყის ფონდისა და „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებსა და საკურორტო-სარეკრეაციო ზონებში და ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე, რომელიც იწვევს შენობა-ნაგებობის გაბარიტების ცვლილებას, გამოიწვევს დაჯარიმებას: ა) სახელმწიფოს ან თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე – 25 000 ლარით; ბ) კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, გარდა ამ ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შენობა-ნაგებობისა, – 8 000 ლარით; გ) კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე − მესამე ან მეოთხე კლასის შენობა-ნაგებობაზე – 20 000 ლარით.

მითითებული მუხლის შესაბამისად, სამართალდარღვევადაა მიჩნეული, როგორც უნებართვო მშენებლობა, ასევე უნებართვო რეკონსტრუქციის წარმოება, თუ მან გამოიწვია შენობა-ნაგებობის გაბარიტების ცვლილება. იმავე მუხლის შენიშვნის მე-2 პუნქტის თანახმად, გაბარიტების ცვლილებად განიხილება ისეთი სამშენებლო საქმიანობა, რომლის დროსაც იცვლება შენობა-ნაგებობის საძირკვლის, გარე შემომზღუდავი კონსტრუქციების ან/და სახურავის პარამეტრები (მიშენება, დაშენება, შენობა-ნაგებობის სიმაღლის გაზრდა და ა. შ.), ხოლო მშენებლობის შედეგად წარმოქმნილი ობიექტი არის შენობა-ნაგებობის არსებითი შემადგენელი ნაწილი, რომლის გამოცალკევება შეუძლებელია მთლიანი შენობა-ნაგებობის ან ამ ნაწილის განადგურების ანდა მათი დანიშნულების მოსპობის გარეშე. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ მითითებული მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უნებართვო მშენებლობის, რეკონსტრუქციის ან/და დემონტაჟის წარმოება შენობა-ნაგებობის გაბარიტების შეუცვლელადაც წარმოადგენს სამშენებლო სამართალდარღვევას, თუმცა აღნიშნული ქმედება გამოიწვევს დაჯარიმებას 4 000 ლარით.

განსახილველ შემთხვევაში №003799 მითითების მიხედვით დადგენილია, რომ ქალაქ თბილისში, ...ის №... -ში მდებარე ... და ... საკადასტრო კოდებით რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე ე.დ-ას მიერ აივნის ღია სივრცე შევსებული იყო კარ-ფანჯრების ღიობებით და საერთო სივრცისგან გამოყოფილი იყო ტიხრებით, ნაწილობრივ შემცირებული იყო მზიდი კედლების სისქეები და დამატებული იყო ნიშები, გაზრდილი იყო სამზარეულოსთვის განკუთვნილი ოთახის ფართი, ამ დარღვევების გამო გაზრდილი იყო საცხოვრებელი სართულების გაბარიტები და შიდა ფართები. დამატებული იყო მეორე სართულზე ასასვლელი კიბე და სართულებს შორის მოწყობილი იყო ბაქანი. პირველ სართულზე მზიდ კედელში გაუქმებული იყო ფანჯრები და მოწყობილი იყო ორი კარის ღიობი, მეორე სართულზე კი კიბის გვერდით კარის ნაცვლად მოწყობილი იყო ნიშა. გვერდით ფასადის კედელში მოწყობილი იყო ლითონის საყრდენი სვეტები და ფანჯრები. წინა ფასადზე განთავსებული იყო საჩრდილობელი, წყალშემკრები და ჰაერგამწოვი მილი, სათვალთვალო კამერა, მოწყობილი იყო აივანი მოაჯირებით და ლითონის ჯოხები მოაჯირებზე. შენობის უკანა ფასადზე მოწყობილი იყო კარის ღიობი, საჩრდილობელი და სანათი. მითითებით განსაზღვრული პირობების შეუსრულებლობის გამო კი, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2018 წლის 9 ნოემბრის №003799 დადგენილებით ე.დ-ა დაჯარიმდა 8000 ლარით უძრავ ქონებაზე უნებართვო სამშენებლო/სარეკონსტრუქციო სამუშაოების განხორციელებისთვის. ამავე დადგენილებით ფართის მესაკუთრეს დაევალა ობიექტის საინვენტარიზაციო გეგმასთან შესაბამისობაში მოყვანა.

მნიშვნელოვანი გარემოებაა, რომ ე.დ-ამ მითითების შედგენის შემდგომ სცადა დაკისრებული სამშენებლო სამართალდარღვევის სანქციისგან გათავისუფლება, რისთვისაც მიმართა სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურს, თუმცა მისი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა იმ საფუძვლით, რომ ობიექტზე შეცვლილი იყო ფაქტობრივი გარემოება, კერძოდ, მოწყობილი იყო საჩრდილობელი, წყალარინების მილი და აივნის მოაჯირი. სწორედ ამიტომ, ე.დ-ამ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის უარყოფითი გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახალი აქტის გამოცემის დავალების მოთხოვნით, რომლითაც ე.დ-ა გათავისუფლდებოდა, ქალაქ თბილისში, ...ის ქუჩის მე-… ჩიხში მდებარე მრავალბინიან საცხოვრებელ სახლზე უნებართვოდ განხორციელებული რეკონსტრუქციის (მიშენება და ფართის რეკონსტრუქცია) გამო, სამშენებლო სამართალდარღვევის სანქციისაგან. პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საკითხი გადაწყდა იმგვარად, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს საქმის მნიშვნელოვანი გარემოებების გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე ახალი აქტის გამოცემა დაევალა. გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში, თუმცა საქმეში წარმოდგენილი არ არის მისი აღსრულების შედეგად გამოცემული ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რის შედეგადაც შესაძლებელი გახდებოდა იმ გარემოების დადგენა, არსებობდა თუ არა ე.დ-ას სამშენებლო სამართალდარღვევის სანქციისგან გათავისუფლების საფუძველი.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს სამართლებრივ შეფასებას და მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების წინაპირობები. საკასაციო პალატის მითითებით, მართალია, სასამართლოს აქვს შესაძლებლობა ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის მიზნით შეაგროვოს დამატებითი მტკიცებულებები, თუმცა აღნიშნული უზრუნველყოფს ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში დაშვებული ხარვეზის აღმოფხვრას და არა ორგანოში განსახორციელებელი წარმოების ჩანაცვლებას. საკასაციო სასამართლო სააპელაციო პალატის მსგავსად მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ ისე გამოსცა სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომ ობიექტურად არ გამოუკვლევია საქმის გარემოებები და საკითხის გადაწყვეტისას დაეყრდნო მხოლოდ იმ გარემოებას, რომ არსებული ობიექტი ამჟამინდელი იერსახით არ არის შესაბამისობაში საინვენტარიზაციო გეგმასთან, მაშინ როდესაც საინვენტარიზაციო გეგმები შედგენილია 1957 და 1965 წლებში, რის შემდგომაც გასულია 60-70 წელი. შესაბამისად, პალატის მოსაზრებით, საინვენტარიზაციო გეგმასთან ობიექტის შეუსაბამობა აუცილებლად არ გულისხმობს მის უკანონობას, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც საქმეში წარმოდგენილი შპს „...ის“ მიერ 2019 წლის 6 თებერვალს მომზადებული საექსპერტო დასკვნის თანახმად, ე.დ-ას საკუთრებაში არსებული ფართები შედარებული იქნა ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს მიერ 1957 და 1965 წლებში დამუშავებულ ნახაზებთან და დადგინდა, რომ ტექბიუროს ნახაზები, რომლებიც შედგენილი იყო 1957 და 1965 წლებში იყო ხარვეზიანი და არ ასახავდა რეალურ, შენობის აგების დროინდელ ვითარებას. ამდენად, აღნიშნული გარემოებების დადასტურების პირობებში, ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენს იმ გარემოებების დადგენა თუ ვინ, როდის და რა მოცულობით განახორციელა სარეკონსტრუქციო სამუშაოები და იმ დროს მოქმედი კანონმდებლობით საჭიროებდა თუ არა განხორციელებული საქმიანობა მშენებლობის ნებართვას (შეტყობინებას) და წარმოადგენდა თუ არა სამართალდარღვევას. ამასთან, გასაჩივრებული აქტიდან არ დგინდება, თუ როგორ შეძლო ადმინისტრაციულმა ორგანომ დაედგინა ის გარემოება, რომ სრული მოცულობით ყველა სამუშაოს განხორციელებას ადგილი ჰქონდა ე.დ-ას მხრიდან მაშინ, როდესაც იგი აღნიშნულს არ ეთანხმებოდა. შესაბამისად, პალატა განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს საკითხის გადაწყვეტისას დამატებით მტკიცებულებათა მოპოვების გზით უნდა დაედგინა საქმისთვის განმსაზღვრელი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, რაც საშუალებას მისცემდა დაედგინა სადავო უნებართვო სამუშაოების შესრულების პერიოდი თითოეულთან მიმართებით და განესაზღვრა მათი შესაბამისობა იმ პერიოდში არსებულ სამართლებრივ მოწესრიგებასთან. გარდა ამისა, იმ გარემოების დადასტურება, თუ უნებართვო მშენებლობასა და რეკონსტრუქციას არ გამოუწვევია შენობა-ნაგებობის გაბარიტების შეცვლა, განაპირობებს სამართალდარღვევის ნაწილობრივ გამოსწორებას, რაც ასევე გასათვალისწინებელი იქნება ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის თვალსაზრისით. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკითხის სწორად გადაწყვეტის მიზნით, გამოკვლევას საჭიროებს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე მთელი რიგი გარემოებები.

ამრიგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სადავო აქტები გამოცემულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე და 96-ე მუხლებით გათვალისწინებული, საქმის ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად დადგენის, შესწავლისა და შეფასების ვალდებულების დარღვევით. სწორედ ამიტომ, სააპელაციო სასამართლომ მართებულად გამოიყენა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილი, ვინაიდან სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას, მტკიცებულებების მოკვლევასა და შეფასებას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დაადგინა:

1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 27 მარტის გადაწყვეტილება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი

მოსამართლეები: თ. ოქროპირიძე

ნ. სხირტლაძე