Facebook Twitter

საქმე №52აგ-15 7 დეკემბერი, 2015 წელი

დ-ა მ., 52აგ-15 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),

მაია ოშხარელი, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ მ. დ-ს საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 20 მაისის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 25 იანვრის განაჩენით მ. დ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით – 3 წლითა და 6 თვით, ხოლო 108-ე მუხლით – 13 წლით თავისუფლების აღკვეთა; დანაშაულთა ერთობლიობით განესაზღვრა 16 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2011 წლის 8 მაისიდან.

აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 10 მაისის განაჩენით დარჩა უცვლელად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2012 წლის 10 ივლისის განჩინებით საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 2 თებერვლის განჩინებით „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის თანახმად, მსჯავრდებულ მ. დ-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდა დანიშნული სასჯელები და განესაზღვრა: საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით – 2 წლით, 7 თვითა და 15 დღით, ხოლო 108-ე მუხლით – 9 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა; დანაშაულთა ერთობლიობით მ. დ-ს საბოლოოდ მოსახდელად დარჩა 12 წლით, 4 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2011 წლის 8 მაისიდან. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

აღნიშნული განჩინება საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 26 ივლისის განჩინებით შეიცვალა: მ. დ-ა გათავისუფლდა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელის მოხდისაგან; მასვე საბოლოოდ განესაზღვრა 9 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა. განჩინება სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

მსჯავრდებულმა მ. დ-მ და მისმა ადვოკატმა თ. გ-მ შუამდგომლობით მიმართეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შესახებ. შუამდგომლობაში ისინი აღნიშნავდნენ, რომ გამოძიებისას მ. დ-საგან აღიარებითი ჩვენება მოიპოვეს ფიზიკური და ფსიქიკური იძულების შედეგად; მან სასამართლოში საქმის განხილვის დროს დააყენა არაერთი შუამდგომლობა წამების გზით მოპოვებული მტკიცებულებების დაუშვებლად ცნობის შესახებ, თუმცა სასამართლომ ისინი არ განიხილა და გამოიტანა გამამტყუნებელი განაჩენი; გარდა ამისა, არ არსებობს პირდაპირი მოწმე, ხოლო აღნიშნული ნორმა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი, რაც წარმოადგენს ახლად გამოვლენილ გარემოებას და მის მიმართ დადგენილი განაჩენის გადასინჯვის საფუძველია; მსჯავრდებულის განმარტებით, მის საქმეში რჩება მხოლოდ უკანონო პროცედურებით მოპოვებული ე.წ. „ექსპერიმენტის“ ოქმი, რომელიც საკმარისობის პრინციპითაც არ შეიძლება საფუძვლად დაედოს გამამტყუნებელ განაჩენს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 20 მაისის განჩინებით მსჯავრდებულისა და მისი ადვოკატის შუამდგომლობა დაუშვებლად იქნა ცნობილი.

მსჯავრდებული მ. დ-ა საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 20 მაისის განჩინების გაუქმებას, შუამდგომლობის განხილვას, განაჩენის გადასინჯვას და ობიექტური ჭეშმარიტების დადგენის შემდეგ – უკანონო პატიმრობიდან განთავისუფლებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მსჯავრდებული მ. დ-ა მის მიმართ დადგენილი განაჩენის გადასინჯვის საფუძვლად, სხვა საფუძვლებთან ერთად, მიუთითებს ასევე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებაზე, რომლითაც არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს ამავე კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული მტკიცებულების - ირიბი ჩვენების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ კასატორის მიერ მითითებული ზემოაღნიშნული საფუძველი წარმოადგენს საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის ,,დ“ ქვეპუნქტით (არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი) გათვალისწინებულ კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გადასინჯვის საფუძველს.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ მსჯავრდებულ მ. დ-ს შუამდგომლობის დასაშვებობის შემოწმების ეტაპზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ზემოხსენებული გადაწყვეტილების გათვალისწინებით, შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები მათი უტყუარობისა და საკმარისობის თვალსაზრისით და მიიჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 10 მაისის განაჩენი კანონიერი და დასაბუთებულია.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლო შუამდგომლობის დასაშვებობის ეტაპზე არ იყო უფლებამოსილი, შეეფასებინა მტკიცებულებები, რომლებსაც ეფუძნება გადასასინჯი განაჩენი. გადაწყვეტილება იმის თაობაზე, ირიბი ჩვენებების გაუზიარებლობის შემთხვევაში საკმარისია თუ არა საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, სააპელაციო პალატამ უნდა მიიღოს მხოლოდ შუამდგომლობის დაშვებისა და კანონით დადგენილი წესით განხილვის შედეგად.

ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ მ. დ-ს შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო მის მიმართ არსებული განაჩენის გადასინჯვის შესახებ იყო დასაბუთებული, რის გამოც უნდა გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 20 მაისის განჩინება მსჯავრდებულ მ. დ-ს შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ და შუამდგომლობა დაშვებულ იქნეს განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 20 მაისის განჩინება მსჯავრდებულ მ. დ-ს მიმართ.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: მ. ოშხარელი

პ. სილაგაძე