Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-1178(კ-24) 12 ივნისი, 2025 წელი

თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: თამარ ოქროპირიძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) - გ.რ-ე

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო

მესამე პირები - ნ.შ-ე, ა.ხ-ი

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 17 ივნისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

აღწერილობითი ნაწილი:

გ.რ-ემ 2022 წლის 04 ნოემბერს სარჩელით მიმართა გორის რაიონულ სასამართლოს მოპასუხის - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ და მოითხოვა „რეგისტრაციის შესახებ“ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 31 ოქტომბრის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა ასევე, მოპასუხის დავალდებულება, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი საქმის გარემოებათა სრული გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ.

სარჩელის თანახმად, 2021 წლის 22 იანვარს, მან მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს განცხადებით და მოითხოვა კასპის მუნიციპალიტეტის, სოფ. ...ში (750კვ.მ) ს.კ. ... მქონე მიწის ნაკვეთზე უფლებათა სპორადული რეგისტრაცია. აღნიშნულ უძრავ ქონებაზე იმავე მოთხოვნით შეიტანეს განცხადება ა.ხ-მა და ნ.შ-ემ, 2022 წლის 24 აგვისტოს ა.ხ-ის მიერ მოთხოვნილ რეგისტრაციაზე შეწყდა სარეგისტრაციო წარმოება, ხოლო 2022 წლის 26 სექტემბერს ნ.შ-ის სახელზე დარეგისტრირდა სადავო უძრავი ქონება სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე, თითქოსდა მითითებული უძრავი ქონება ეკუთვნოდა მის მეუღლეს - თ.კ-ის. მოსარჩელის მითითებით ამ უკანასკნელის საკუთრების უფლება არ დგინდება უტყუარად სადავო ქონებაზე, ვინაიდან მიღება-ჩაბარების აქტი არ შეიცავს ზუსტ მონაცემებს. ამავე დროს გასათვალისწინებელია, რომ იმ პირობებში დარეგისტრირდა მესამე პირის სახელზე საკუთრების უფლება, როდესაც სარეგისტრაციო განცხადების განხილვა, რომლითაც გ.რ-ეს აქვს მოთხოვნილი იგივე უფლება კვლავ მიმდინარეობს და არ არის დასრულებული სამართალწარმოება. შესაბამისად, მოპასუხემ სრულყოფილად არ ჩაატარა ადმინისტრაციული წარმოება, არ დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები, რომ გ.რ-ე ფაქტობრივად დაეუფლა მიტოვებულ სახლს, შეაკეთა სახლი, კიბე, გააკეთა ღობე, შეიყვანა ელექტროენერგია, დარეგისტრირებულია აბონენტად, შესაბამისად, აღნიშნული საქმე საჭიროებს ხელახალ გამოკვლევა-შეფასებას. აქედან გამომდინარე, გასაჩივრებული გადაწყვეტილება საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ არის უკანონო და ბათილად უნდა იქნეს ცნობილი, ხოლო მოპასუხეს დაევალოს სარეგისტრაციო წარმოების ხელახლა ჩატარება.

გორის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 3 ნოემბრის გადაწყვეტილებით გ.რ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 17 ივნისის განჩინებით გ.რ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. შესაბამისად, უცვლელად დარჩა გორის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 3 ნოემბრის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 17 ივნისის განჩინება გ.რ-ემ საკასაციო წესით გაასაჩივრა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღების შედეგად სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორი მიუთითებს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არასწორად განმარტეს კანონი და მიიღეს გადაწყვეტილება ფაქტობრივი გარემოებების სრულად გამოკვლევის გარეშე. კასატორი აღნიშნავს, რომ მოცემულ მიწის ნაკვეთზე უნდა ჩატარებულიყო ადგილზე დათვალიერება, რაც არ განხორციელებულა. სასამართლოებმა ყურადღება არ გაამახვილეს მოსარჩელის მიერ მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებზე, მხედველობაში არ მიიღეს ის მოცემულობა, რომ გ.რ-ემ აღადგინა ამ ტერიტორიაზე არსებული ნასახლარი, შემოღობა მიწის ნაკვეთი, შეიყვანა ელექტროენერგია და აღრიცხულია აბონენტად. კასატორი მიიჩნევს, რომ სათანადოდ არ გამოკვლეულა რამდენად იკვეთება ნ.შ-ის (თ.კ-ის) მართლზომიერი მფლობელობა სადავო უძრავ ქონებაზე. რაც შეეხება სასამართლოს მიერ მითითებულ დოკუმენტს - „კადასტრისა და მიწის რეგისტრაციის პროექტის’’ ფარგლებში განხორციელებული სისტემური აღწერების შედეგად მიღებული დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემების, 2006 წელს კომპიუტერული დამუშავების შედეგად მიღებული ინტეგრირებული გრაფიკულ მონაცემთა ბაზის ე.წ. "ყვითელი ფენის" მონაცემებს, კასატორი აღნიშნავს, რომ თავად კასატორმა მოიკვლია ინფორმაცია აღნიშნულ უძრავ ქონებასთან დაკავშირებით და როგორც დაადგინა, იგი არავის სახელზე არ ყოფილა რეგისტრირებული.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და არ მისცა მათ სწორი სამართლებრივი შეფასება. სწორედ ამიტომ, კასატორი ითხოვს სადავო აქტის ბათილად ცნობას და სარჩელის დაკმაყოფილებას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 104 ნოემბრის განჩინებით გ.რ-ის საკასაციო საჩივარი, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გ.რ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:

- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;

- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;

- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;

- კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 31 ოქტომბრის №... გადაწყვეტილების კანონიერების შეფასება ნ.შ-ის სახელზე სადავო უძრავი ქონების რეგისტრაციის თაობაზე. ამასთან, საკასაციო პალატა მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველ პარაგრაფზე, რაც ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, თუმცა იგი არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო თავდაპირველად მიუთითებს საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე:

სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტს 2022 წლის 26 სექტემბერს წარედგინა დაინტერესებული პირის - ნ.შ-ის №... სარეგისტრაციო განცხადება, რომლითაც მოთხოვნილ იქნა სისტემური რეგისტრაციის გეოგრაფიულ არეალში, სპორადული რეგისტრაციის ფარგლებში, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე 600 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია. დაინტერესებულმა პირმა №... სარეგისტრაციო განცხადებას დაურთო: პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, სამკვიდრო მოწმობა №... (თარიღი: 10.05.2022 წ., ნოტარიუსი ნ.ს-ე), მიღება-ჩაბარების აქტი №... (დამოწმების თარიღი: 01.08.1997), საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის ქაღალდის და ელექტრონული ვერსიები, ასევე დამატებით მიუთითა №... სარეგისტრაციო განცხადებაზე დაცულ დოკუმენტაციაზე. №... მიღება-ჩაბარების აქტის (დამოწმების თარიღი: 01.08.1997) თანახმად, თ.კ-ის კასპის რაიონის სოფელ ...ში საკუთრებაში გადაეცა 600 კვ.მ მიწის ნაკვეთი N.... აღნიშნულს ერთვის მიწის ნაკვეთის სქემატური გეგმა. ერთ-ერთ მოსაზღვრედ მითითებულია ნაკვეთი N... მებაღის წიგნაკი N... გაცემული რ.ბ-ის სახელზე. მიწის ნაკვეთის მისამართი: კასპის რაიონის სოფელ ..., ფართობი - 600 კვ.მ. N... უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის - მებაღის წიგნაკი N...-ის, საფუძველზე დარეგისტრირდა რ.ბ-ის საკუთრების უფლება კასპის რაიონის სოფელ ... ში მდებარე უძრავ ქონებაზე.

სამკვიდრო მოწმობის №... თანახმად, ნ.შ-ე წარმოადგენს გარდაცვლილი თ.კ-ის პირველი რიგის კანონისმიერ მემკვიდრეს - მეუღლეს, რომელმაც საკუთრებაში მიიღო მამკვიდრებლის დანაშთი სამკვიდრო ქონება სრულად (აქტივების და პასივების ერთობლიობა).

სსიპ საჯარო რეესტრში დაცული, „კადასტრისა და მიწის რეგისტრაციის“ (... თანადაფინანსებით) პროექტისა და აშშ-ს განვითარების საერთაშორისო სააგენტოს (USAID) პროექტის ფარგლებში განხორციელებული სისტემური აღწერების შედეგად მიღებული დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემების, 2006 წელს კომპიუტერული დამუშავების შედეგად მიღებული ინტეგრირებული გრაფიკულ მონაცემთა ბაზის ე.წ. „ყვითელი ფენის“ მონაცემების მიხედვით, ნ.შ-ის მიერ №... სარეგისტრაციო განცხადებაზე წარმოდგენილი მიწის ნაკვეთის მდებარეობა 100%-ით შეესაბამება თ.კ-ის სახელზე დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემებით აღრიცხული უძრავი ნივთის მდებარეობას.

მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ მიღებულ იქნა 2022 წლის 31 ოქტომბერს რეგისტრაციის შესახებ №... გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე 600 კვ.მ მიწის ნაკვეთზე დარეგისტრირდა ნ.შ-ის (პირადი ნომერი: ...) საკუთრების უფლება (უფლების რეგისტრაციის საფუძვლები: მიღება-ჩაბარების აქტი №..., გაფორმების თარიღი: 01.08.1997; სამკვიდრო მოწმობა №..., გაფორმების თარიღი: 10.05.2022, ნოტარიუსი ნ.ს-ე), ხოლო მიწის ნაკვეთს მიენიჭა ... საკადასტრო კოდი. ამასთან, მომზადდა ამონაწერი უძრავი ქონების რეესტრიდან და საკადასტრო გეგმა.

2021 წლის 30 მაისის სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 30 მაისის №... გადაწყვეტილებით გ.რ-ის მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილ და წარმოებაში მყოფ მონაცემებს შორის დადგინდა ზედდება. სარეგისტრაციოდ წარდგენილ განცხადებაზე შეწყდა წარმოება.

კასპის ადგილობრივ არქივში დაცული, ახალქალაქის სასოფლო საბჭოს აღმასკომისა და თემის საკრებულოს, სოფელ ...ის ადგილობრივი და გასული კომლების 1986-1995, 1996-2006 წლებით დათარიღებულ საკომლო წიგნებში არ ირიცხება უძრავი ქონება და კომლი, რომლის უფროსი გ.რ-ე არ ირიცხება სხვა კომლში წევრად. სოფელ ...ის 1992 წლით დათარიღებულ მიწის ნაკვეთების განაწილების სიაში ჩანაწერი გ.რ-ის მიწის ფართობის შესახებ არ აღმოჩნდა.

კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2019 წლის 5 ნოემბრის N678 განკარგულებით გ.რ-ეს უარი ეთქვა მიწის ნაკვეთის აღიარების თაობაზე, ვინაიდან ვერ დადგინდა მის მიერ მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაუფლების ფაქტი.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასებისას საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლზე, რომლის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. განცხადებას უნდა ერთოდეს ინსტრუქციით განსაზღვრული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და ინფორმაცია. მითითებული კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, რეგისტრაცია წარმოებს როგორც უშუალოდ სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტების, აგრეთვე ამ დოკუმენტაციის სათანადო წესით შექმნილი ელექტრონული ასლების საფუძველზე, ხოლო იმავე კანონის მე-2 მუხლის „კ“ ქვეპუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო დოკუმენტი არის სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას. შესაბამისად, საკუთრების უფლების რეგისტრაციისა თუ უკვე რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების განხორციელებისთვის განმცხადებელმა უნდა წარადგინოს საკუთრების უფლების დამადასტურებელი სათანადო დოკუმენტაცია. ამასთანავე, მართალია, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო და მისი თანამშრომელი პასუხს არ აგებენ წარდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის ნამდვილობაზე, თუმცა სარეგისტრაციო სამსახური პასუხისმგებელია რეგისტრირებული მონაცემების და მათთან დაცული სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტაციის ურთიერთშესაბამისობასა და უსაფრთხოებაზე. შესაბამისად, საკუთრების უფლებაში ცვლილების რეგისტრაციამდე მარეგისტრირებელმა ორგანომ სრულყოფილად უნდა შეისწავლოს არა მხოლოდ წარდგენილი დოკუმენტაცია, არამედ - მასთან რეგისტრირებული მონაცემები და დაცული ინფორმაციაც, რათა საკუთრების უფლების რეგისტრაცია მხოლოდ სათანადო საფუძვლით განხორციელდეს.

საკასაციო პალატა, ასევე, მიუთითებს საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის“ მე-18 მუხლზე, რომლის თანახმად, სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას რეგისტრაციის (მოთხოვნის დაკმაყოფილების) შესახებ, თუ არ არსებობს რეგისტრაციაზე უარის თქმის, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ან შეწყვეტის საფუძვლები. დასახელებული კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ, თუ განცხადებას არ ერთვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული დოკუმენტი ან ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად, ან/და არ არის გადახდილი სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების საფასური. ამავე კანონის 22-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ, თუ სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში არ იქნა წარმოდგენილი სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი ინფორმაცია ან დოკუმენტი.

დასახელებულ ნორმათა ანალიზის შედეგად, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მარეგისტრირებელ ორგანოს, მართალია, არ გააჩნია წარდგენილი დოკუმენტაციის ნამდვილობის შემოწმების უფლებამოსილება, თუმცა, მისი შეფასების საგანს უდავოდ წარმოადგენს საკითხი - არის თუ არა დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი, ასევე, მარეგისტრირებელ ორგანოში დაცული სარეგისტრაციო დოკუმენტი ამ კანონით განსაზღვრული შესაბამისი რეგისტრაციის მოთხოვნის უფლების უშუალოდ წარმოშობის საფუძველი. ამასთან, სარეგისტრაციო სამსახურს ეკისრება პასუხისმგებლობა, საკუთრების უფლების რეგისტრაციის განხორციელებისას, ყოველმხრივ გადაამოწმოს სხვა პირზე რეგისტრაციის არსებობა, ასევე, რეგისტრაციამდე სარეგისტრაციოდ წარდგენილი დოკუმენტაცია შეადაროს მასთან დაცულ მონაცემებს და თუ არ არსებობს სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ან შეწყვეტის საფუძველი, მხოლოდ ამის შემდეგ მიიღოს გადაწყვეტილებას საკუთრების რეგისტრაციის შესახებ.

საკასაციო პალატა დამატებით მიუთითებს "მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ" საქართველოს კანონზე, რომელიც განსაზღვრავს მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესს, ადგენს ამ რეგისტრაციის სამართლებრივ საფუძვლებს და ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილე მხარეთა უფლება-მოვალეობებს. მოცემული ნორმატიული აქტი უფრო კონკრეტულად მიუთითებს საკუთრების უფლების ან მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი აქტების შესახებ, რომლებიც შესაძლოა განხილულ იქნეს როგორც უფლებადამდგენი დოკუმენტები. კერძოდ, დასახელებული კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის "ჟ" ქვეპუნქტის თანახმად, საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი არის ადმინისტრაციული ხელშეკრულება (მიღება - ჩაბარების აქტი ან სხვა დოკუმენტი), ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, სასამართლოს (არბიტრაჟის) კანონიერ ძალაში შესული აქტი, გარიგება ან სხვა სამართლებრივი აქტი, რომელიც წარმოშობს უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას; ამავე მუხლის პირველი პუნქტის ,,რ" ქვეპუნქტის თანახმად, მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტი არის 2004 წლის 4 ოქტომბრამდე უძრავი ნივთის მფლობელად (მოსარგებლედ) ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში აღრიცხვის დამადასტურებელი ცნობა-დახასიათება, საკომლო წიგნიდან ამონაწერი, მებაღის წიგნაკი, „საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის №48 დადგენილების შესაბამისად სოფლის (დაბის) ადგილობრივი მმართველობის ორგანოების გადაწყვეტილებით შექმნილი მიწის რეფორმის კომისიის მიერ შედგენილი და სოფლის (დაბის) ყრილობაზე (საერთო კრებაზე) დამტკიცებული მიწების განაწილების სია (შემდგომ − განაწილების სია) თანდართული მიწის გამოყოფის გეგმით ან მის გარეშე, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწით ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწით სარგებლობისთვის გადასახადის გადამხდელთა სია (შემდგომ − საგადასახადო სია), სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების მიერ გაცემული მიწის ნაკვეთის მიმაგრების აქტი ან მიწის ნაკვეთის გეგმა, სასამართლოს აქტი, საქართველოს ეროვნულ არქივში ან სხვა ადმინისტრაციული ორგანოს არქივში დაცული დოკუმენტი (მათ შორის, ბინის მეპატრონეთა წიგნის ჩანაწერი, მიწის საკადასტრო წიგნის ჩანაწერი) თანდართული მიწის გამოყოფის გეგმით ან მის გარეშე, სარეგისტრაციო წარმოებისას მოძიებული/წარმოდგენილი სხვა შესაბამისი დოკუმენტი.

განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების დასკვნას, რომ სადავო მიწის ნაკვეთისა და მასზე გაცემული მიღება-ჩაბარების აქტის იდენტურობა გამოკვლეულ იქნა ადმინისტრაციული წარმოების ეტაპზე და დადგინდა მათი შესაბამისობა. შესაბამისად, ვინაიდან ნ.შ-ეს ჰქონდა უფლებადამდგენი დოკუმენტი - გაცემული მისი მეუღლის სახელზე და სამკვიდრო მოწმობა, მართებულად იქნა დარეგისტრირებული მისი საკუთრების უფლება სადავო მიწის ნაკვეთზე.

საკასაციო პალატა მიუთითებს საქმეში წარმოდგენილ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ადმინისტრაციული წარმოების მასალებზე და მათ შორის №... მიღება-ჩაბარების აქტზე, რომლის მიხედვითაც თ.კ-ს საკუთრებაში გადაეცა 600 კვ.მ მიწის ნაკვეთი, მდებარე სოფელ ...ში, ნომრით .... მიწის ნაკვეთის სქემატური გეგმის მიხედვით უძრავ ქონებას A-B მონაკვეთზე ესაზღვრება ნაკვეთი N... B-C მონაკვეთზე - გზა, C-D, A-D სხვა მიწები. საკადასტრო აზომვითი ნახაზის თანახმად, მიწის ნაკვეთის ფართობისა და სხვა მონაცემების გარდა მოსაზღვრის გრაფაში A-B მონაკვეთზე მითითებულია რ.ბ-ე, თავის მხრივ, რ.ბ-ეს საკუთრებას წარმოადგენს ნაკვეთი N... რომლის შესახებ ინფორმაცია აღწერილია მებაღის წიგნაკში. წიგნაკის თანახმად, რ.ბ-ის საკუთრება - სოფელ ...ში მდებარე 600 კვ.მ მიწის ნაკვეთი აღნიშნულია N... საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მითითებული გარემოებები ადასტურებს, რ.ბ-ისა და თ.კ-ის უძრავი ქონებები ერთმანეთის მომიჯნავედ მდებარეობის ფაქტს, ასევე, ორივე მიწის ნაკვეთის უფლებადამდგენი დოკუმენტები შეიცავს მითითებას ამ მიწის ნაკვეთების ერთმანეთის მომიჯნავედ მდებარეობის შესახებ.

საკასაციო პალატა მიუთითებს ასევე, რომ „კადასტრისა და მიწის რეგისტრაციის“ (... თანადაფინანსებით) პროექტისა და აშშ-ს განვითარების საერთაშორისო სააგენტოს (USAID) პროექტის ფარგლებში განხორციელებული სისტემური აღწერების შედეგად მიღებული დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემების, 2006 წელს კომპიუტერული დამუშავების შედეგად მიღებული ინტეგრირებული გრაფიკულ მონაცემთა ბაზის ე.წ. "ყვითელი ფენის" მონაცემების მიხედვით, ნ.შ-ის მიერ №... სარეგისტრაციო განცხადებაზე წარმოდგენილი მიწის ნაკვეთის მდებარეობა 100%-ით შეესაბამება თ.კ-ის სახელზე დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემებით აღრიცხული უძრავი ნივთის მდებარეობას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინება მიღებულია კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნათა გათვალისწინებით, შესაბამისად, არ არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი. ამრიგად, ნ.შ-ის რეგისტრაციის საფუძვლად არსებული უფლებადამდგენი დოკუმენტების ძალაში ყოფნის პირობებში, კანონიერია სადავო მიწის ნაკვეთზე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 31 ოქტომბრის №... გადაწყვეტილება ნ.შ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის თაობაზე და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძვლები, ხოლო კასატორის მიერ შეცდომით, "მიტოვებულად" მიჩნეული ქონების აღდგენა და ამავე უძრავი ქონებით სარგებლობა, თუნდაც წლების განმავლობაში, ვერ გახდება უფლებადამდგენ დოკუმენტზე უფრო უპირატესი ძალის მქონე. შესაბამისად კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დაადგინა:

1. გ.რ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 17 ივნისის განჩინება;

3. მ.დ-ის (პ.ნ ...) დაუბრუნდეს გ.რ-ის საკასაციო საჩივარზე 2024 წლის 13 სექტემბერს №2248 ქვითრით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი

მოსამართლეები: თ ოქროპირიძე

ნ. სხირტლაძე