Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-1191(კ-24) 9 ივნისი, 2025 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბადრი შონია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) - შპს ,, ...“

მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხეები) - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 11 ივნისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

შპს „...მა“ 2022 წლის 21 იანვარს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 2 თებერვლის N4/4131, 2023 წლის 7 მარტის N4/12793 აქტების/წერილების, „ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2021 წლის 9 დეკემბრის N1-1/534 ბრძანებისა და „ადმინისტრაციული საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2023 წლის 5 აპრილის N04/2652 აქტი/წერილის ბათილად ცნობა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილებით შპს ,,...ს“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს ,,...მა“.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 11 ივნისის განჩინებით შპს ,,...ს“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილება.

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 22 ივნისის N1249 განკარგულების საფუძველზე, 2017 წლის 18 სექტემბერს, სააგენტოსა და გ.ნ-ს შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, გ.ნ-ს საკუთრებაში გადაეცა ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ...ში მდებარე მიწის ნაკვეთი (ს/კ...), ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების პირობით, მათ შორის: ხელშეკრულების გაფორმებიდან არა უმეტეს 30 თვის ვადაში, გ.ნ-ის პირადად ან მესამე პირის მეშვეობით, პრივატიზებულ უძრავ ქონებაზე ან მის ნაწილზე უნდა განეხორციელებინა 12 ნომრის მქონე ...ს მშენებლობა, ექსპლუატაციაში მიღება და ფუნქციონირების დაწყება.

ხელშეკრულების 5.3 პუნქტით გათვალისწინებული იყო ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვან შესრულების შემთხვევაში ,,მყიდველის“ ვალდებულება გადაიხადოს პირგასამტეხლო 500 ლარის ოდენობით, დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

გ.ნ-მა 2018 წლის 29 მაისის (ხელშეკრულების გაფორმებიდან 8 თვის შემდგომ) N5634/ფ განცხადებით მიმართა სააგენტოს და მოითხოვა საქართველოს მთავრობის 2017 წლის 22 ივნისის N1249 განკარგულებისა და ამ განკარგულების საფუძველზე გაფორმებულ 2017 წლის 18 სექტემბრის ნასყიდობის ხელშეკრულებაში ცვლილების განხორციელება.

2018 წლის 13 ივნისს გაფორმდა დამატებითი ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე ცვლილება შევიდა 2017 წლის 18 სექტემბრის ნასყიდობის ხელშეკრულებაში და საპრივატიზებო ვალდებულება ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 30 თვის ვადაში, პირადად ან მესამე პირის მეშვეობით, ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ქონებაზე ან მის ნაწილზე და N... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე ან მის ნაწილზე, N... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე არსებული ...სთვის დამატებით არანაკლებ ...ის შექმნა. ხელშეკრულების სხვა პუნქტები უცვლელად დარჩა.

გ.ნ-მა განცხადებებით მოითხოვა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ვადის გადავადება. სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ არაერთხელ განესაზღვრა დამატებითი ვადა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესასრულებლად. მოსარჩელეს ვალდებულების შესასრულებლად საბოლოო ვადად განესაზღვრა 2022 წლის 01 აგვისტო.

საქმეში წარმოდგენილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს 2022 წლის 18 აპრილის N12-04/05 ბრძანებით დადგენილია, რომ ექსპლუატაციაში იქნა მიღებული, მშენებლობადასრულებული ობიექტი, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, ...ში, ... ტერიტორიაზე (ს/კ N...) ... - ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, ...ში, ... ტერიტორიაზე (ს/კ N...). შესაბამისად, მოპასუხე სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობა - ...ს მშენებლობასთან დაკავშირებით შესრულებულად იქნა მიჩნეული, თუმცა ამ პირობის დაგვიანებით შესრულების გამო მოსარჩელეს ხელშეკრულების შესაბამისად პირგასამტეხლოს გადახდა დაეკისრა.

სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2023 წლის 07 მარტის წერილით შპს ,,...ს“ დამატებით ეცნობა, რომ ,,სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 491 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ხელშეკრულების საფუძველზე დაკისრებული პირგასამტეხლოს პატიების გადაწყვეტილებას, სააგენტოს მიერ საკითხის ინიციირების საფუძველზე, იღებს საქართველოს მთავრობა. ამავე მუხლის თანახმად, მოთხოვნა დაკისრებული პირგასამტეხლოს პატიების თაობაზე უნდა ყოფილიყო დასაბუთებული. საქმესთან დაკავშირებული გარემოებების გათვალისწინებით, სააგენტოს მიზანშეწონილად არ მიაჩნდა მასსა და შპს ,,...ს’’ შორის 2017 წლის 18 სექტემბერს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების 3.1.1. მუხლით ნაკისრი ვალდებულების ვადაგადაცილებით შესრულებისათვის დაკისრებული პირგასამტეხლოს (377 350 ლარი, გადახდილი 3 150 ლარის გამოკლებით) პატიების საკითხის საქართველოს მთავრობისათვის განსახილველად წარდგენა. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, განმცხადებელს ეთხოვა არაუგვიანეს 2023 წლის 10 მარტისა უზრუნველეყო დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდა, წინააღმდეგ შემთხვევაში სააგენტო გამოიყენებდა კანონმდებლობით და ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სამართლებრივ ღონისძიებებს.

სააპელაციო პალატა, ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მოცემულ შემთხვევაში სადავო იყო არა პირგასამტეხლოს დაკისრება ან/და შემცირება, არამედ, რამდენად არსებობდა შპს ,,...სათვის“ პირგასამტეხლოს პატიების შესახებ საკითხის ინიციირების საფუძვლები.

სასამართლომ განმარტა, რომ ,,სახელმწიფო ქონების შესახებ’’ საქართველოს კანონის 491-ე მუხლით გათვალისწინებული ინიციირების (პირგასამტეხლოს პატიების) წარდგენის უფლება სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს დისკრეციულ უფლებამოსილებათა რიგს განეკუთვნებოდა, ისევე, როგორც სახელმწიფო ქონების განკარგვა და უძრავი ქონების პრივატიზების შესახებ გადაწყვეტილების მიღება.

სასამართლომ აღნიშნა, რომ სასამართლოს მიერ გამოთხოვილ იქნა გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მიღებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების მასალები სრულად. აღნიშნული მასალების შემოწმებისა და სხვა მტკიცებულებებთან ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სასამართლომ მიიჩნია, რომ არ დასტურდებოდა მოპასუხის მიერ დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელება კანონით დადგენილი ფარგლების გადაცილებით ან/და იმ მიზნის უგულებელყოფით, რა მიზნითაც მოპასუხეს მინიჭებული ჰქონდა აღნიშნული უფლებამოსილება. სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს მთავრობისათვის მიმართვაზე უარი დასაბუთებული იყო საქმეზე დადგენილი უდავო ფაქტობრივი გარემოებებით. უდავოდ დასტურდებოდა, რომ განსაზღვრულ ვადაში, მოსარჩელემ ვერ შეძლო ნაკისრი ვალდებულების შესრულება, რაც ხელშეკრულების შესაბამისად წარმოადგენდა პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველს.

სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მითითება, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესრულების ვადის დარღვევა გამოწვეული იყო ქვეყანაში არსებული საგანგებო მდგომარეობით და ყურადღება გაამახვილა იმ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ გ.ნ-მა არაერთხელ მიმართა დამატებითი ვადის განსაზღვრის მიზნით ადმინისტრაციულ ორგანოს და მას ჰქონდა შესაძლებლობა მიცემულ დამატებით ვადაში შეესრულებინა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, თუმცა შპს „...მა“ არც ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში შეასრულა და არც დამატებით ვადაში, იმ პირობებში, როდესაც ქვეყანაში არ იყო გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 11 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრა შპს ,,...მა“.

კასატორი მიუთითებს, რომ მის მიერ ნაკისრი ვალდებულების შესრულება დროულად ვერ მოხერხდა საქართველოში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობისა და შესაბამისი შეზღუდვების გათვალისწინებით, 2020 წლის მარტიდან 2020 წლის ივნისამდე შეჩერებული იყო სამშენებლო სამუშაოების წარმოება და საქალაქთაშორისო მიმოსვლა. ამასთანავე, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მკაცრი კლიმატური პირობების გათვალისწინებით, ისედაც შეუძლებელი იყო ზამთრის პერიოდში სამშენებლო საქმიანობის წარმოება.

კასატორი მიუთითებს, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს პირდაპირ ვალდებულებას წარმოადგენდა საქართველოს მთავრობის წინაშე შპს „...სთან“ დაკავშირებული საკითხის ინიციირება და არა დისკრეციულ უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხი.

კასატორი აღნიშნავს, რომ 2020 წლის 15 ივლისს შედგა შეხვედრა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარესთან, სადაც სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე დაჰპირდა შპს „...ის“, რომ მოახდენდა დამატებითი ...ს ნომრების შექმნის, თარიღის გადავადებისა და პირგასამტეხლოს პატიების საკითხის ინიციირებას მთავრობის წინაშე. თუმცა, აღნიშნულის მიუხედავად, შპს „...ის“ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 3 თებერვლის წერილით ეცნობა, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ უარი განაცხადა ხსენებული საკითხების საქართველოს მთავრობის წინაშე ინიციირებაზე.

კასატორი ასევე მიუთითებს, რომ თავდაპირველად საპრივატიზებო პირობა გაცემულ იქნა იმგვარად, რომ ... შეიძლება აშენებული ყოფილიყო მხოლოდ განკარგულებით გადმოცემულ მიწის ნაკვეთზე, განცალკევებით, და არა - არსებული ...ს (განთავსებული საკადასტრო კოდზე ...) გაფართოების/ნომრების მიმატების სახით. ამდენად, მშენებლობის დაწყება შეუძლებელი იყო სანამ ცვლილება მოხდებოდა მთავრობის განკარგულებაში, რომელსაც დასჭირდა დაახლოებით 9 თვე. აქედან გამომდინარე, აღნიშნული 9 თვე არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს როგორც შპს „...ს“ ბრალით მოცდენილი დრო და არ შეიძლება ჩაითვალოს პირგასამტეხლოს დაანგარიშებისას გადასახდელ თანხაში.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 13 დეკემბრის განჩინებით შპს „...ს“ საკასაციო საჩივარი, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „...ს“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო პალატა მიუთითებს საქმეზე დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

საქართველოს მთავრობის 2017 წლის 22 ივნისის N1249 განკარგულებით, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ...ში (ს/კ...) მდებარე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 1224 კვ.მ მიწის ნაკვეთი პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 153 000 ლარად საკუთრებაში გადაეცა გ.ნ-ს, შემდეგი საპრივატიზებო პირობებით: ა) საპრივატიზებო თანხის გადახდა შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 1 თვის ვადაში; ბ) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არა უმეტეს 30 (ოცდაათი) თვის ვადაში, პირადად ან მესამე პირის მეშვეობით, გადაცემულ ქონებაზე ან მის ნაწილზე არანაკლებ 12 (თორმეტი) ნომრის მქონე ...ს მშენებლობა, ექსპლუატაციაში მიღება და ფუნქციონირების დაწყება (3.1.1. მუხლი). ხელშეკრულების 5.3 პუნქტით დადგინდა, რომ 3.1.1. მუხლით განსაზღვრული ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში ,,მყიდველი“ გადაიხდიდა პირგასამტეხლოს 500 ლარის ოდენობით, დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

საქართველოს მთავრობის 2017 წლის 22 ივნისის N1249 განკარგულების საფუძველზე, 2017 წლის 18 სექტემბერს, სააგენტოსა და გ.ნ-ის შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, გ.ნ-ის საკუთრებაში გადაეცა ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ...ში მდებარე მიწის ნაკვეთი (ს/კ...), ზემოაღნიშნული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების პირობით.

2018 წლის 29 მაისს (ხელშეკრულების გაფორმებიდან 8 თვის შემდგომ), გ.ნ-მა N5634/ფ განცხადებით მიმართა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა საქართველოს მთავრობის 2017 წლის 22 ივნისის N1249 განკარგულებისა და ამ განკარგულების საფუძველზე გაფორმებულ 2017 წლის 18 სექტემბრის ნასყიდობის ხელშეკრულებაში ცვლილების განხორციელება. კერძოდ, საპრივატიზებო პირობის ჩამოყალიბება შემდეგი სახით: ,,შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არა უმეტეს 30 თვის ვადაში, პირადად ან მესამე პირის მეშვეობით, ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ქონებაზე (ს/კ...) ან მის ნაწილზე და N... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე ან მის ნაწილზე, N... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე 3 არსებული ...სათვის დამატებით არანაკლებ ...ის შექმნა’’.

2018 წლის 8 ივნისს, საქართველოს მთავრობის N1225 განკარგულებით ცვლილება შევიდა საქართველოს მთავრობის 2017 წლის 22 ივნისის N1249 განკარგულებაში და მე-2 პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 30 თვის ვადაში, პირადად ან მესამე პირის მეშვეობით, ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ქონებაზე ან მის ნაწილზე და N... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე ან მის ნაწილზე, N... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე არსებული ...სთვის დამატებით არანაკლებ ...ის შექმნა. აღნიშნული ცვლილებების შესაბამისად, მხარეთა შორის 2018 წლის 13 ივნისს გაფორმდა დამატებითი ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე ცვლილება შევიდა 2017 წლის 18 სექტემბრის ნასყიდობის ხელშეკრულებაში. ამავე ხელშეკრულების მეორე მუხლით დადგინდა, რომ ,,ხელშეკრულებაში“ შესული ცვლილება არ ცვლის ,,ხელშეკრულების“ სხვა მუხლის შინაარს. ყველა სხვა მუხლით დადგენილი ,,მხარეთა“ უფლებები და მოვალეობები რჩება უცვლელი.

საჯარო რეესტრიდან 2018 წლის 29 ივნისის ამონაწერით დგინდება, რომ სახელმწიფოსგან მიღებული N... ს/კ-ის მქონე მიწის ნაკვეთი და გ.ნ-ის საკუთრებაში მანამდე არსებული N... ს/კ-ის მქონე მიწის ნაკვეთი გაერთიანდა ერთ ნაკვეთად და მიენიჭა საკადასტრო კოდი N... სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 10 ივნისის N... გადაწყვეტილებით გაერთიანებული საკადასტრო კოდის (ს/კ...) მქონე მიწის ნაკვეთი დარეგისტრირდა შპს ,,...ს“ საკუთრების უფლებით.

სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს 2018 წლის 03 ოქტომბრის N134M100074 ბრძანებით დამტკიცდა ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, ...ის სარეკრეაციო ტერიტორიაზე (ს.კ N...) მოქალაქე გ.ნ-ის ...ს, მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები.

სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს მიერ 2019 წლის 14 მაისის NBM100009 ბრძანებით დამტკიცდა ...ს არქიტექტურული პროექტი, კონსტრუქციული სქემა და გაცემულ იქნა შესაბამისი ნებართვა.

2019 წლის 16 დეკემბერს გ.ნ-მა განცხადებით მიმართა სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სახელშეკრულებო ვალდებულებათა მონიტორინგის სამსახურის უფროსს და აცნობა, რომ გუდაურში მკაცრი კლიმატური პირობების გათვალისწინებით, იძულებული იყო შეეწყვიტა სამშენებლო სამუშაოები 2020 წლის გაზაფხულამდე. განცხადებაში ასევე მითითებულია, რომ ხელშეკრულებაში განსახორციელებელი ცვლილების გაჭიანურებული პროცედურის გამო, პროექტის შეთანხმების ნებართვა დაგვიანებით მოხდა და შესაბამისად, ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით განმცხადებელმა მხარეთა შორის ხელშეკრულებით აღებული ვალდებულების შესრულების ერთი წლის ვადით 2021 წლის 18 მარტამდე გადავადება მოითხოვა.

2020 წლის 13 მარტს გ.ნ-მა კვლავ განცხადებით მიმართა სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სახელშეკრულებო ვალდებულებათა მონიტორინგის სამსახურის უფროსს იმავე მოთხოვნით.

2020 წლის პირველ მაისს გ.ნ-მა განცხადებით მიმართა სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სახელშეკრულებო ვალდებულებათა მონიტორინგის სამსახურის უფროსს, და განმარტა, რომ კორონა ვირუსის პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების გათვალისწინებით, განმცხადებელმა მოითხოვა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების გადავადება ერთი წლის ვადით - 2021 წლის 18 მარტამდე. ასევე მოითხოვა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს გადახდისაგან განთავისუფლება.

2020 წლის 21 ივლისს გ.ნ-მა კვლავ მიმართა განცხადებით სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სახელშეკრულებო ვალდებულებათა მონიტორინგის სამსახურის უფროსს, სადაც მიუთითა, რომ მზად იყო ხელშეკრულების შესრულების ვადის გადაწევის სანაცვლოდ გადაეხადა 6000 ლარი. ასევე მიუთითა, რომ იმ დროისათვის მშენებარე ობიექტზე უკვე განხორციელებული იყო ძირითადი სამუშაოები.

შპს ,,...ს“ ზემოაღნიშნულ მიმართვებზე პასუხად, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 02 თებერვლის N4/4131 წერილით ეცნობა, რომ ,,სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 491-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, მოთხოვნა საპრივატიზებო პირობის შეცვლასა და გაუქმებაზე ან/და ხელშეკრულების საფუძველზე დაკისრებული/დასაკისრებელი პირგასამტეხლოს პატიებაზე უნდა იყოს დასაბუთებული. განცხადებებით წარდგენილ დასაბუთების გათვალისწინებით სააგენტოს მიზანშეწონილად არ მიაჩნდა სააგენტოსა და შპს ,,...ს“ შორის 2017 წლის 18 სექტემბერს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად დასაკისრებელი/დაკისრებული პირგასამტეხლოს პატიებისა და ხელშეკრულებაში ცვლილებების განხორციელების საკითხის საქართველოს მთავრობისათვის განსახილველად წარდგენა. ამასთან, სააგენტო არ იყო წინააღმდეგი ხელშეკრულების 3.1.1. მუხლით ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად, კერძოდ, პირადად ან მესამე პირის მეშვეობით, N... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ ქონებაზე ან მის ნაწილზე ამავე უძრავ ქონებაზე არსებული ...სთვის დამატებით არანაკლებ ...ის შექმნისათვის ვადა განსაზღვრულიყო 2021 წლის 01 აპრილამდე, თუმცა დამატებითი ვადა არ აჩერებდა ხელშეკრულების 3.1.1. მუხლით განსაზღვრული ვალდებულების გათვალისწინებულ ვადაში შეუსრულებლობის გამო, ხელშეკრულების 5.3. მუხლით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს დაკისრებას.

2021 წლის 31 მარტს შპს ,,...მა“ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში წარადგინა აუდიტორული დასკვნა, რომლის თანახმად, 2020 წლის 13 დეკემბრის მდგომარეობით, შპს ,,...ს“ მიერ შესრულებული იყო სახელშეკრულებო ვალდებულება არანაკლებ ...ის შექმნასთან დაკავშირებით და ასევე გადახდილი იყო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს თანხა (3150 ლარი). სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ დაადასტურა ხელშეკრულების 5.3. მუხლით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს ნაწილის გადახდა და მიუთითა, რომ წარდგენილი დასკვნით დასტურდებოდა ...ის მშენებლობის ფაქტი, თუმცა დასკვნა არ ადასტურებდა ნასყიდობის ხელშეკრულების 3.1.1. მუხლით ნაკისრი ვალდებულების - არანაკლებ ...ის შექმნას, რაც მათ შორის მოიაზრებდა შენობის ექსპლუატაციაში მიღებასა და მზადყოფნას მათი დანიშნულებისამებრ გამოყენებისათვის. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააგენტო მოკლებული იყო შესაძლებლობას დაედასტურებინა შესრულება. ამავე წერილში სააგენტომ დამატებით განმარტა, რომ ნასყიდობის ხელშეკრულებით გადაცემული ქონების პრივატიზება განხორციელებული იყო უშუალოდ მყიდველის მიერ შეთავაზებული პირობებისა და ვადების გათვალისწინებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, ვერ იქნებოდა გაზიარებული 2020 წლის 21 ივლისის N7752/ფ განცხადებით მყიდველის მიერ წარდგენილი მოსაზრება, რომ ცვლილების განხორციელებამდე არსებული ხელშეკრულების 3.1.1. მუხლით განსაზღვრული ვალდებულება ჩამოყალიბებული იყო ბუნდოვნად და შენობის პროექტის შეთანხმების დაგვიანებით მიღება გამოწვეული იყო გამყიდველის ბრალეულობით. ასევე, იმის გათვალისწინებით, რომ მყიდველის მიერ ხელშეკრულების 3.1.1. მუხლით განსაზღვრული ვალდებულების შესრულების ვადა ამოწურული იყო 2020 წლის 18 მარტს, საქართველოს მთელს ტერიტორიაზე 2020 წლის 21 მარტიდან 2020 წლის 22 მაისის ჩათვლით გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა მყიდველს ხელს ვერ შეუშლიდა ვალდებულების შესრულებაში. წერილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო არ იყო წინააღმდეგი ხელშეკრულების 3.1.1. მუხლით ნაკისრი ვალდებულების შესასრულებლად კომპანიას კიდევ ერთხელ განსაზღვროდა დამატებითი ვადა 2021 წლის 01 დეკემბრამდე, თუმცა დამატებითი ვადა არ აჩერებდა ვალდებულების ვადაში შეუსრულებლობის გამო პირგასამტეხლოს დაკისრებას. საპრივატიზებო პირობების შეუსრულებლობისა და პირგასამტეხლოს სრულად გადაუხდელობის შემთხვევაში სააგენტო უფლებამოსილი იყო ცალმხრივად მოეშალა ხელშეკრულება.

შპს ,,...მა’’ 2021 წლის 9 მარტს N2765/21 ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 02 თებერვლის N4/4131 წერილის ბათილად ცნობის მოთხოვნით. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2021 წლის 09 დეკემბრის 1-1/53 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა შპს ,,...ს’’ 2021 წლის 09 მარტის N2765//21 ადმინისტრაციული საჩივარი.

სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 17 იანვრის N4/1964 წერილის თანახმად, შპს „...ს“, მისი მოთხოვნის საფუძველზე, 3.1.1. მუხლით ნაკისრი ვალდებულების შესასრულებლად კიდევ ერთხელ განესაზღვრა დამატებითი ვადა, 2022 წლის 1 აგვისტომდე.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს 2022 წლის 18 აპრილის N12-04/05 ბრძანებით ექსპლუატაციაში იქნა მიღებული, მშენებლობადასრულებული ობიექტი, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, ...ში, ... ტერიტორიაზე (ს/კ N...) ....

სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 8 სექტემბრის N4/50753 წერილით შპს ,,...ს“ ეცნობა, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა და შპს ,,...ს“ შორის 2017 წლის 18 სექტემბერს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების 3.1.1. მუხლით გათვალისწინებული ვალდებულების ვადაგადაცილებით შესრულებისათვის, ამავე ხელშეკრულების 5.3. მუხლის საფუძველზე ეკისრებოდა პირგასამტეხლო ვალდებულების შესრულებისათვის ხელშეკრულებით განსაზღვრული ვადის დარღვევიდან (19.03.2020 წლიდან), ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 500 ლარის ოდენობით, რაც ვალდებულების შესრულების თარიღისათვის (18.04.2022 წელი) ჯამში შეადგენს 377 350 ლარს (გადახდილი 3 120 ლარის გამოკლებით). წერილში ასევე მითითებულია, რომ დაკისრებული პირგასამტეხლოს პატიების საკითხის საქართველოს მთავრობისათვის განსახილველად წარდგენასთან დაკავშირებით, გადაწყვეტილებას სააგენტო დამატებით მიიღებდა და წინამდებარე წერილი არ შეიძლება განხილულ ყოფილიყო, როგორც საკითხის დადებითად გადაწყვეტის გარანტია ან/და ადმინისტრაციული ორგანოს დაპირებად, რომელიც შეიძლება გახდეს შპს ,,...ს“ კანონიერი ნდობისა და აქედან გამომდინარე, ზიანის ანაზღაურების ან/და სხვა რაიმე მოთხოვნის უფლების წარმოშობის საფუძველი.

2023 წლის 07 მარტის წერილით სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ შპს ,,...ს“ აცნობა, რომ ,,სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 491-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ხელშეკრულების საფუძველზე დაკისრებული პირგასამტეხლოს პატიების გადაწყვეტილებას, სააგენტოს მიერ საკითხის ინიციირების საფუძველზე, იღებს საქართველოს მთავრობა. ამავე მუხლის თანახმად, მოთხოვნა დაკისრებული პირგასამტეხლოს პატიების თაობაზე უნდა იყოს დასაბუთებული. საქმესთან დაკავშირებული გარემოებების გათვალისწინებით, შპს ,,...ს“ დამატებით ეცნობა, რომ სააგენტოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია მასსა და შპს ,,...ს’’ შორის 2017 წლის 18 სექტემბერს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების 3.1.1. მუხლით ნაკისრი ვალდებულების ვადაგადაცილებით შესრულებისათვის დაკისრებული პირგასამტეხლოს (377 350 ლარი, გადახდილი 3 150 ლარის გამოკლებით) პატიების საკითხის საქართველოს მთავრობისათვის განსახილველად წარდგენა. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, განმცხადებელს ეთხოვა არაუგვიანეს 2023 წლის 10 მარტისა უზრუნველეყო დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდა, წინააღმდეგ შემთხვევაში სააგენტო გამოიყენებდა კანონმდებლობით და ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სამართლებრივ ღონისძიებებს.

2023 წლის 24 მარტს შპს ,,...მა’’ N... ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2023 წლის 7 მარტის N4/12793 წერილის ბათილად ცნობა მოითხოვა. სამინისტროს 2023 წლის 5 აპრილის N04/2652 აქტით/წერილით, განმცხადებელს ეცნობა, რომ მოთხოვნილ საკითხთან დაკავშირებით როგორც სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს ასევე მის ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოს უკვე ნამსჯელი ჰქონდა, რაც მხარის მიერ გასაჩივრდა სასამართლოში და აღნიშნული გარემოება წარდგენილი განცხადების განუხილველად დატოვების საფუძველს ქმნიდა.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ,,სახელმწიფო ქონების შესახებ’’ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო ქონების მართვასა და განკარგვას ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს (შემდგომ − სამინისტრო) სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო (შემდგომ − ქონების სააგენტო). აღნიშნულის კანონის მე-2 მუხლის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ქონება არის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი და უძრავი ნივთები, არამატერიალური ქონებრივი სიკეთე; ხოლო ,,ბ’’ ქვეპუნქტი ადგენს, რომ სახელმწიფო ქონების განკარგვა არის სახელმწიფო ქონების მუნიციპალიტეტის საკუთრებაში გადაცემა, პრივატიზება, მართვის უფლებით გადაცემა, გაცვლა, რეალიზაცია, ლიზინგის ფორმით გაცემა, განაწილება და განადგურება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; ამავე მუხლის ,,გ’’ ქვეპუნქტის თანახმად, პრივატიზება არის ელექტრონული ან/და საჯარო აუქციონის, პირდაპირი მიყიდვის, კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვისა და უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის ფორმებით, სავაჭრო ობიექტის, მესამე პირის მეშვეობით, აგრეთვე წილების ან აქციების ან სერტიფიკატებით წარმოდგენილი აქციების პირდაპირ ან შუამავლის მეშვეობით, საჯარო ან კერძო შეთავაზებით, უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე ან მოცემულ დროს საერთაშორისო კაპიტალის ბაზრებზე არსებული პრაქტიკის შესაბამისი შეთავაზების სხვაგვარი ფორმით ფიზიკური და იურიდიული პირების ან მათი გაერთიანებების მიერ სახელმწიფო ქონებაზე საკუთრების უფლების შეძენა ამ კანონით დადგენილი წესით.

ამდენად, ზემოაღნიშნული ნორმების ანალიზის საფუძველზე საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების მიზანია საკუთრების უფლება გადაეცეს იმ მყიდველს, რომელიც სრულად და კეთილსინდისიერად შეასრულებს სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისათვის დადგენილ პირობებს.

საქმეზე დადგენილი გარემოებების შესაბამისად, საკასაციო პალატა დადასტურებულად მიიჩნევს, რომ მართალია, შპს „...ს“ მიერ საბოლოოდ შესრულდა მხარეთა შორის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება, თუმცა არა თავდაპირველი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში, რაც მოსარჩელისთვის პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველი გახდა (ხელშეკრულების მუხლი 5.3).

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ჩამოყალიბებული ერთიანი სასამართლო პრაქტიკით, პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება დამოუკიდებელია ზიანის მიყენების ფაქტის მტკიცებისაგან, ანუ, პირგასამტეხლოს მოთხოვნისათვის კრედიტორს არ ეკისრება მიყენებული ზიანის დამტკიცების ვალდებულება. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება კრედიტორს ყოველთვის გააჩნია, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა მან ზიანი. მთავარია ვალდებულების დარღვევის ფაქტი. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება და ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება, მიუხედავად იმისა, რომ ისინი კრედიტორის ერთი და იმავე ინტერესის დაკმაყოფილებისაკენ არიან მიმართული, დამოუკიდებელ მოთხოვნებად რჩებიან (სუსგ №ბს-852(კ-21), 30.11.2021წ.).

საკასაციო სასამართლო მიუთითებს „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 491-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, იმ სახელშეკრულებო ურთიერთობებში, რომლებშიც მხარე არის ქონების სააგენტო ან/და სამინისტრო, ხელშეკრულების მხარე უფლებამოსილია სახელმწიფო ქონების საპრივატიზებო/საკუთრებაში გადაცემის/მართვის უფლებით გადაცემის/სარგებლობაში გადაცემის პირობის შეცვლის/გაუქმების ან/და ხელშეკრულების საფუძველზე დაკისრებული/დასაკისრებელი გადაუხდელი პირგასამტეხლოს პატიების შესახებ დასაბუთებული თხოვნით მიმართოს ქონების მმართველს. ქონების მმართველი განიხილავს წარდგენილ მიმართვას და, საჯარო და კერძო ინტერესების გათვალისწინებით, საქართველოს მთავრობას გადაწყვეტილების მისაღებად წარუდგენს წინადადებას სახელმწიფო ქონების საპრივატიზებო/საკუთრებაში გადაცემის/მართვის უფლებით გადაცემის/სარგებლობაში გადაცემის პირობის შეცვლის/გაუქმების ან/და ხელშეკრულების საფუძველზე დაკისრებული/დასაკისრებელი გადაუხდელი პირგასამტეხლოს პატიების შესახებ.

,,სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონს (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №48, 09.08.2010, მუხ. 312) 2020 წლის 13 ივლისს დაემატა 493-ე მუხლი, რომლის თანახმად, თუ სახელმწიფო ქონების საპრივატიზებო/საკუთრებაში გადაცემის/მართვის უფლებით გადაცემის/სარგებლობაში გადაცემის პირობის შესრულება საგანგებო მდგომარეობის გამო შეუძლებელია ან გართულებულია, შესაბამისი სახელშეკრულებო ურთიერთობის მხარის მიმართ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ ან/და ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის შესახებ გადაწყვეტილებას ამ მხარის (პირის) მიერ ქონების მმართველისათვის სათანადო თხოვნით მიმართვის საფუძველზე, ქონების მმართველის წარდგინებით იღებს საქართველოს მთავრობა. ასეთ შემთხვევაში ამ კანონის 491-ე მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი შეზღუდვა არ მოქმედებს. 2021 წლის 9 ივნისის „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე’’ საქართველოს კანონით კი ამ მუხლის რედაქცია ჩამოყალიბდა შემდეგი სახით: თუ სახელმწიფო ქონების საპრივატიზებო/საკუთრებაში გადაცემის/მართვის უფლებით გადაცემის/სარგებლობაში გადაცემის პირობის შესრულება საგანგებო მდგომარეობის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის განსაკუთრებით საშიში ეპიდემიის ან პანდემიის დროს შეუძლებელია ან გართულებულია, შესაბამისი სახელშეკრულებო ურთიერთობის მხარის მიმართ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ ან/და ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის (გარდა საპრივატიზებო საფასურის შემცირებისა) თაობაზე გადაწყვეტილებას, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლის შესაბამისად, ამ მხარის (პირის) მიერ ქონების მმართველისთვის დასაბუთებული თხოვნით მიმართვის საფუძველზე, ქონების მმართველის წარდგინებით იღებს საქართველოს მთავრობა.

საკასაციო პალატა ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსგავსად, ყურადღებას ამახვილებს, რომ მოცემული დავის ფარგლებში შეფასების საგანს წარმოადგენს რამდენად არსებობს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მხრიდან საქართველოს მთავრობისთვის შპს ,,...სათვის“ პირგასამტეხლოს პატიების შესახებ საკითხის წარდგენის საფუძვლები.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ლ“ ქვეპუნქტის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილება არის უფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება. ამავე კოდექსის მე-6-7 მუხლებით განისაზღვრება დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების წესი და პირობები. კერძოდ, თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში; ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია განახორციელოს დისკრეციული უფლებამოსილება მხოლოდ იმ მიზნით, რომლის მისაღწევადაც მინიჭებული აქვს ეს უფლებამოსილება; დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას არ შეიძლება გამოიცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, თუ პირის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესებისათვის მიყენებული ზიანი არსებითად აღემატება იმ სიკეთეს, რომლის მისაღებადაც იგი გამოიცა; დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ შეიძლება გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა.

დასახელებული ნორმების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობის წინაშე პირგასამტეხლოს პატიების წარდგენის საკითხი განეკუთვნება სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს დისკრეციულ უფლებამოსილებათა რიგს. სააგენტო უფლებამოსილია მთავრობას მიმართოს პირგასამტეხლოს პატიების საკითხის თაობაზე, თუმცა აღნიშნული წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილებას და არა ვალდებულებას. ამასთანავე, მნიშვნელოვანია, რომ მიმართვა უნდა იყოს დასაბუთებული.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით არ დასტურდება დისკრეციული უფლებამოსილების კანონით დადგენილი ფარგლების გადაცილებით განხორციელება. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ შპს „...მა“ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში ვერ შეძლო ნაკისრი ვალდებულების შესრულება. ამასთან კასატორის მტკიცების საპირისპიროდ, საქმის მასალებით დასტურდება, რომ სამუშაოების შესასრულებელი პერიოდი არ მოიცავდა ქვეყანაში გამოცხადებულ საგანგებო მდგომარეობის პერიოდს. ასევე საგულისხმოა, რომ მოსარჩელეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არაერთხელ მიეცა შესაძლებლობა დამატებით ვადაში შეესრულებინა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები ისე, რომ მხარეთა შორის მოქმედი ხელშეკრულების მოქმედება არ შეწყვეტილა. შესაბამისად, საკასაციო პალატას მართებულად მიაჩნია სააპელაციო პალატის დასკვნა, რომ ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება დაეფუძნა საქმეზე არსებული ფაქტების ობიექტურ გამოკვლევა-დადგენა-შეფასებას. დასახელებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი იყო არ მიემართა საქართველოს მთავრობისათვის პირგასამტეხლოს პატიების შესახებ. მართალია, კასატორი მიუთითებს პირგასამტეხლოს პატიების საკითხის წარდგენის შესახებ, ადმინისტრაციული ორგანოს დაპირების თაობაზე, თუმცა საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კასატორის აღნიშნული პოზიცია არაა გამყარებული შესაბამისი მტკიცებულებებით, ხოლო მხოლოდ ახსნა-განმარტება არ წარმოადგენს ისეთი სახის მტკიცებულებას, რომელიც დაადასტურებდა მითითებულ ფაქტობრივ გარემოებას. სსკ-ის 102.1, 102.3 მუხლების თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. სასკ-ის 17.1 მუხლიდან გამომდინარე მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები.

ამასთან საკასაციო პალატა კიდევ ერთხელ მიუთითებს, ვინაიდან, მოცემულ შემთხვევაში სადავოა არა პირგასამტეხლოს დაკისრება ან/და შემცირება, არამედ პირგასამტეხლოს პატიების შესახებ მიმართვის საკითხი, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს პირგასამტეხლოს დაკისრებასთან ან/და შემცირებასთან დაკავშირებით კასატორის მიერ წარმოდგენილ არგუმენტაციაზე.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ასევე უსაფუძვლოა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2021 წლის 09 დეკემბრის N1-1/534 ბრძანების (შპს ,,...ის“ ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ) ბათილად ცნობის მოთხოვნა, ვინაიდან, ადმინისტრაციულ ორგანოში გასაჩივრებული აქტი კანონიერია და ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში ადმინისტრაციული საჩივრის საფუძვლები და მასთან დაკავშირებული საკითხები სრულად იქნა შესწავლილი. ამდენად, საკასაციო პალატა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601, 185-ე და 201-ე მუხლებზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ არ არსებობს ზემოხსენებული აქტის ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძვლები. რაც შეეხება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2023 წლის 05 აპრილის N04/2652 აქტის/წერილის ბათილად ცნობის საკითხს, მართებულია სამინისტროს მითითება, რომ შპს ,,...ის“ განცხადებით მოთხოვნილ საკითხთან (სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2023 წლის 7 მარტის N4/12793 წერილის ბათილად ცნობასთან) დაკავშირებით როგორც სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს ასევე მის ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოს უკვე ნამსჯელი ჰქონდა, რაც მხარის მიერ გასაჩივრდა სასამართლოში და აღნიშნული გარემოება სზაკ-ის 102 მუხლის შესაბამისად, წარდგენილი განცხადების განუხილველად დატოვების საფუძველს ქმნიდა.

ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ საქმეში არაა წარმოდგენილი და მოსარჩელის მიერაც ვერ იქნა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის დროს ადგილი ჰქონდა კანონით დადგენილი ისეთი პროცედურული ნორმების არსებით დარღვევას, რომლის არარსებობის შემთხვევაშიც ზემოთ აღნიშნულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც შპს „...ის“ საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „...ის“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 11 ივნისის განჩინება;

3. შპს „...ის“ ს/ნ... დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 29.11.2024წ. №... საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ბ.შონია

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

გ.მაკარიძე