Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-1194(2კ-24) 12 ივნისი, 2025 წელი

თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: თამარ ოქროპირიძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები (მოპასუხეები) - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ჩუღურეთის რაიონის გამგეობა

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - მ.ფ-ა

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 20 დეკემბრის განჩინება

კასატორების მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

აღწერილობითი ნაწილი:

მ.ფ-ამ 2021 წლის 23 მარტს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ჩუღურეთის რაიონის გამგეობის მიმართ და მოითხოვა ბათილად იქნეს ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჩუღურეთის რაიონის გამგეობის 2020 წლის 29 სექტემბრის №33-01202734068 წერილი და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2021 წლის 19 თებერვლის N135 ბრძანება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 16 მაისის გადაწყვეტილებით მ.ფ-ას სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2021 წლის 19 თებერვლის N135 ბრძანება; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჩუღურეთის რაიონის გამგეობის 2020 წლის 29 სექტემბრის N33-01202734068 წერილი და მოპასუხეს დაევალა საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევისა და შეფასების შედეგად მ.ფ-ას მიმართ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ჩუღურეთის რაიონის გამგეობამ, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღების შედეგად სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 20 დეკემბრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ჩუღურეთის რაიონის გამგეობისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივრები; უცვლელი დარჩა მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 16 მაისის გადაწყვეტილება. აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით კვლავ გაასაჩივრეს მოპასუხეებმა.

კასატორი - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია აღნიშნავს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების საფუძვლად მიუთითეს ის გარემოება, რომ თითქოს ადმინისტრაციულმა ორგანომ საკმარისად არ გამოიკვლია ის გარემოებები, რაც საფუძვლად დაედო აღნიშნული ინდივიდუალური ადმინისტრაციული - სამართლებრივი აქტის გამოცემას, თუმცა გაურკვეველია, რა უნდა გამოეკვლია დამატებითი ადმინისტრაციულ ორგანოს, მით უმეტეს, იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომ როგორც საქმეში არსებული დოკუმენტაციით, ისე პირველი ინსტანციის სასამართლოში ცამეტ დეკემბერს დისტანციურ რეჟიმში გამართულ ზეპირი მოსმენის სხდომაზე მოსარჩელის მიერ დაფიქსირებული განმარტებით დგინდებოდა, რომ უკვე წლებია, რაც მ.ფ-ა პრივატიზებამოთხოვნილი ფართით არ სარგებლობს. აღნიშნულ გარემოებას ასევე ამტკიცებს საქმის მასალებში წარმოდგენილი ჩუღურეთის გამგეობის წარმომადგენლის ადგილზე დათვალიერების ოქმი, რომლის თანახმად, მეზობლები ადასტურებენ, რომ პრივატიზებამოთხვნილ ფართს წლების განმავლობაში არავინ ფლობს და უვლის, ამასთან, ის გარემოება, რომ საპრივატიზებო ობიექტს ბოლო 5 წლის განმავლობაში მოსარჩელის დავალებით უვლის მისივე ნათესავი, ვერ წარმოშობს პრივატიზების სამართლებრივ საფუძველს, ვინაიდან აღნიშნული დადგენილ უნდა იქნეს შესაბამისი დოკუმენტით, რომელიც უტყუარად დაადასტურებდა მოსარჩელესა და აღნიშნულ პიროვნებას შორის შესაბამის სამართლებრივ ურთიერთობას, მიუთითებდა საჩივრის ავტორის სახელითა და ინტერესების ფარგლებში ხსენებული პირის მიერ ფართით სარგებლობაზე. შესაბამისად, რამდენადაც პრივატიზებამოთხოვნილი ფართით სარგებლობა განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილებისთვის აუცილებელი წინაპირობაა, მოცემულ შემთხვევაში, ჩუღურეთის გამგეობა მოკლებული იყო შესაძლებლობას, დაეკმაყოფილებინა მ.ფ-ას წარმომადგენლის N19/01191971174-33 განცხადება.

კასატორი - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ჩუღურეთის რაიონის გამგეობა მიუთითებს იმავე ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რაზეც მიუთითებს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია და დამატებით აღნიშნავს, რომ პრივატიზაციასთან დაკავშირებული საკითხების შემსწავლელმა მუდმივმოქმედმა საბჭომ წარმოდგენილი და მოძიებული დოკუმენტაციის საფუძველზე სხდომაზე განიხილა აღნიშნული საკითხი და ვინაიდან მოთხოვნილი საპრივატიზაციო ფართის ფაქტობრივი ფლობა არ დასტურდებოდა, „კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემ არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის N189 დადგენილებით დამტკიცებული წესის თანახმად, გამგეობა მოკლებული იყო შესაძლებლობას, დაეკმაყოფილებინა განმცხადებლის მოთხოვნა საცხოვრებელი ბინის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის თაობაზე. კასატორის განმარტებით, ყოველივე ზემოაღნიშნული ცხადყოფს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არასწორად შეაფასეს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები და შესაბამისად, არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცეს განსახილველ საკითხს, რაც გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 04 ნოემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ჩუღურეთის რაიონის გამგეობის საკასაციო საჩივრები.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ჩუღურეთის რაიონის გამგეობის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები, ვინაიდან:

- არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;

- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;

- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;

- კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივრებში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრების განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ მოცემული დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი.

ამასთან, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, თუმცა აღნიშნული არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. „ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ §71“; „ყუფარაძე საქართველოს წინააღმდეგ“ §76; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს მოპასუხის მიერ მოსარჩელისათვის ბინის პრივატიზებაზე უარის თქმის კანონიერების შეფასება, იმ საფუძვლით, რომ არ დასტურდება მოსარჩელის მიერ ფართის ფაქტობრივი ფლობა.

საკასაციო პალატა თავდაპირველად მიუთითებს საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე:

მ.ფ-ას წარმომადგენელმა 2019 წლის 16 ივლისს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჩუღურეთის რაიონის გამგეობას მიმართა განცხადებით, რომლითაც ქალაქ თბილისში, ...ის ქუჩის N...-ში მდებარე 53 კვ.მ ფართობის ორი ოთახის პრივატიზება მოითხოვა.

მ.ფ-ას განცხადების განხილვის მიზნით ჩუღურეთის რაიონის გამგეობამ 2019 წლის 23 სექტემბრის წერილით საქართველოს ეროვნულ არქივს გადაუგზავნა დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი დოკუმენტი დამატებითი ინფორმაციის მოსაძიებლად. აღნიშნული წერილის პასუხად საქართველოს ეროვნული არქივის 2019 წლის 25 სექტემბრის მიმართვით ჩუღურეთის რაიონის გამგეობას გადაეგზავნა ქალაქ თბილისის ოქტომბრის რაიონის აღმასკომის სახალხო დეპუტატთა საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1984 წლის 7 მარტის N8.140.21 გადაწყვეტილება თანდართული დოკუმენტებით (მოხსენებითი ბარათი ოქტომბრის რაიონის საუწყებათაშორის კომისიას, საქსახწყალპროექტის მიმართვა ოქტომბრის რაიონის სახალხო დეპუტატების საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარეს ლ.ქ-ას ბინის ვარგისიანობის შესახებ საბინაო პირობების შემსწავლელი კომისიისა და აღმასკომის გადაწყვეტილების მოთხოვნით, ცნობა საბინაო პირობების შემოწმების შესახებ, ...ის ქუჩა N...-ში პირველ სართულზე არსებული ლ.ქ-ას ბინის გეგმა- ნახაზი).

მ.ფ-ას განცხადების განხილვის მიზნით ჩუღურეთის რაიონის გამგეობამ 2019 წლის 5 დეკემბრის წერილით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან გამოითხოვა დოკუმენტაცია ქალაქ თბილისში, ...ის ქუჩა N25-ში მდებარე ფართის შესახებ, რომელიც მონიშნული იყო წერილზე თანდართულ გეგმაზე. აღნიშნული მოთხოვნის პასუხად სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 6 დეკემბრის წერილით ჩუღურეთის რაიონის გამგეობას ეცნობა, რომ: საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტექნიკური აღრიცხვის არქივის მონაცემებით, სააღრიცხვო ბარათში დაცული დოკუმენტებით ვერ ხერხდებოდა ფართების იდენტიფიკაცია და სართულებრივ გეგმაზე არსებული ამა თუ იმ ფართის მფლობელის დადგენა. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჩუღურეთის რაიონის გამგეობის 2019 წლის 20 დეკემბრის N33-0119354521 წერილით მ.ფ-ას დაევალა დამატებითი დოკუმენტების წარდგენა იმაზე მითითებით, რომ ვერ ხერხდებოდა უფლების დამდგენ დოკუმენტში (ფორმა N17) მითითებული ფართის იდენტიფიცირება.

თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჩუღურეთის რაიონის გამგეობის 2019 წლის 20 დეკემბრის N33-0119354521 წერილთან დაკავშირებით მოსარჩელემ გამგეობას წარუდგინა მტკიცებულებები და განცხადება, რომლითაც მიუთითა შემდეგ გარემოებებზე: განსახილველ ბინაზე უფლების დამდგენი დოკუმენტით მითითებული ფართის იდენტიფიცირებისთვის საჭირო იყო შემდეგი დოკუმენტები: 1) ქალაქ თბილისის ოქტომბრის რაიონის აღმასკომის 1984 წლის 7 მარტის N8.140.23 გადაწყვეტილება, 2) საქწყალპროექტის 1984 წლის 14 თებერვლის N07-49/292 მიმართვა, 3) ცნობა N39 საბინაო პირობების შესახებ, 4) 1984 წლის 27 თებერვლის მოხსენებითი ბარათი, 5) საქართველოს ეროვნულ არქივში დაცული გეგმა-ნახაზი ლ.ქ-ას 2-ოთახიანი ბინის შესახებ, რომლის შედარებით ტექნიკური აღრიცხვის არქივში დაცულ სართულებრივ გეგმასთან დგინდებოდა განსახილველი ფართის ადგილმდებარეობა; ს.კ-ის სახელზე რეგისტრირებული 25,77 კვ.მ ბინა N25 არ იყო დაკავშირებული ლ.კ-ის ( ქ-ას) სახელზე რიცხულ 2-ოთახიან ბინასთან, რაც დასტურდებოდა შემდეგი დოკუმენტებით: 1) პრივატიზაციის ხელშეკრულება N2- 625, დათარიღებული 1993 წლის 15 აპრილით, 2) ნასყიდობის ხელშეკრულება N3-240, დათარიღებული 1995 წლის 9 მარტით, 3) 1998 წლის 25 დეკემბრის სამკვიდრო მოწმობა N2-56.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ჩუღურეთის რაიონის გამგეობის თანამშრომელმა 2020 წლის 19 აგვისტოს ქალაქ თბილისში, ...ის ქუჩა N25-ში მდებარე ბინის ადგილზე დათვალიერება განახორციელა, რის შედეგადაც დაფიქსირებულ იქნა ადგილზე მყოფი ლ.გ-სა და ქ.ჩ-ის განმარტებები, რომლის მიხედვით: დაახლოებით 20 წელია განსახილველ ფართში არავის უცხოვრია, მანამდე იქ ცხოვრობდა ს.კ-ე შვილებსა და მშობლებთან ერთად, ლ.კ-ესა და მ.ფ-ას კი ამ ფართში არ უცხოვრიათ; მეზობლების მითითებით, ბინას პერიოდულად აკითხავდა მათთვის უცნობი მამაკაცი.

თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჩუღურეთის რაიონის გამგეობის 2020 წლის 29 სექტემბრის N33-01202734068 წერილით მ.ფ-ას წარმომადგენელს განემარტა, რომ გამგეობა მოკლებული იყო შესაძლებლობას, დაეკმაყოფილებინა მისი მოთხოვნა, ვინაიდან არ დასტურდებოდა, რომ დაინტერესებული პირი მოთხოვნილ ბინას ფაქტობრივად ფლობდა, ამასთან, მოთხოვნილ ბინაზე უფლების დამდგენი დოკუმენტებით გათვალისწინებული კანონიერი მოსარგებლეების თანხმობა შესაბამისი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე წარდგენილი იყო ტექნიკური ხარვეზით.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ განსახილველი დავის სწორად გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობა ენიჭება იმ ფაქტის დადგენას, წარმოადგენს თუ არა მოსარჩელე მ.ფ-ა საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის №189 დადგენილებით დამტკიცებული „კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესით“ გათვალისწინებული დაკავებული ფართის კანონიერ მოსარგებლეს, ასევე ქმნის თუ არა მის მიერ ადმინისტრაციულ ორგანოში წარდგენილი დოკუმენტები მ.ფ-ას სახელზე სადავო ბინის პრივატიზების საფუძველს.

საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის №189 დადგენილებით დამტკიცებული „კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესზე“, რომლის პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ეს წესი არეგულირებს სახელმწიფო საბინაო ფონდში საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ამოქმედებამდე და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საცხოვრებელ ფონდში არსებული, მათ შორის 2007 წლის 02 თებერვლამდე დროებით გადაცემული, არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის კანონიერი მოსარგებლისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესსა და პირობებს, ამ პროცესში წარმოშობილ ურთიერთობებს და განსაზღვრავს წესით გათვალისწინებული ურთიერთობის მხარეებსა და მათ უფლებამოსილებებს. ამავე წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით კი განსაზღვრულია კანონიერი მოსარგებლის ცნება, კერძოდ, კანონიერი მოსარგებლე არის ფიზიკური პირი, რომელიც უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტის (ინდივიდუალურ ადმინისტრაციული - სამართლებრივი აქტი, ბინის ორდერი, საბინაო წიგნი და სხვ.) საფუძველზე კანონიერად სარგებლობს საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული ან არაიზოლირებული) ფართობით, ხოლო კანონიერი მოსარგებლის გარდაცვალების შემთხვევაში, მისი მემკვიდრე.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების შინაარსიდან გამომდინარე საკასაციო პალატა აღნიშნავს, იმისათვის რომ მითითებული წესის მიზნებისათვის პირი მიჩნეულ იქნეს კანონიერ მოსარგებლედ, აუცილებელია ორი პირობის კუმულატიურად არსებობა: პირს უნდა გააჩნდეს უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული კანონიერი სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი (ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ბინის ორდერი, საბინაო წიგნი და სხვ.) და აღნიშნული დოკუმენტის საფუძველზე, იგი კანონიერად უნდა სარგებლობდეს ფართით. შესაბამისად, საკუთრების უფლების მოპოვებისათვის აუცილებელია არა მხოლოდ მართლზომიერი სარგებლობის უფლების წარმოშობა, არამედ ამ უფლების რეალიზაციაც - ფართის ფაქტობრივი დაუფლება.

საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის თანახმად ქ. თბილისში, ...ის ქ. №52-ში მდებარე ბინის კანონიერი სარგებლობის დამადასტურებელ დოკუმენტის, კერძოდ, აღნიშნულ ბინაში მცხოვრებ მოქალაქეთა რეგისტრაციის დამადასტურებელი საბინაო ბარათის (ფორმა №17) მიხედვით, აღნიშნულ მისამართზე რეგისტრირებული იყო ოჯახის 5 (ხუთი) წევრი. კერძოდ: ლ.ქ-ა, ი.კ-ე, ს.კ-ე, კ.კ-ე და თ.კ-ე; სამკვიდრო მოწმობის გაცემის შესახებ 2019 წლის 23 მარტის №190315225 სანოტარო აქტის თანახმად, მ.ფ-ა არის ლ.კ-ის (ქორწინებამდელი ლ.ქ-ა) კანონისმიერი მემკვიდრე, პირველი რიგის მემკვიდრეთა წრიდან - შვილი. 2019 წლის 26 ოქტომბრის თანხმობის წერილების მიხედვით, ი.კ-ე, ს.კ-ე, კ.კ-ე და თ.კ-ე თანხმობას გამოთქვამენ პრივატიზებამოთხოვნილი ფართი უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაეცეს მ.ფ-ას.

საკასაციო სასამართლო მითითებული ფაქტობრივი გარემოებებისა და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ მოცემულ შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ზემოაღნიშნული გარემოებები შესწავლილი არ ყოფილა, კერძოდ, მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ ისე გამოსცა სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები, რომ ობიექტურად არ გამოუკვლევია საქმის გარემოებები და საკითხის გადაწყვეტისას არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ საქმეში დაცული მტკიცებულებებით დასტურდება მოსარჩელის მამკვიდრებლის ლ.კ-ის (ქ-ას) მართლზომიერი მფლობელობა ქალაქ თბილისში, ...ის ქუჩის №25-ში მდებარე ბინაზე; ხოლო ჩუღურეთის რაიონის გამგეობის წარმომადგენლის მიერ 2020 წლის 19 აგვისტოს და 21 აგვისტოს შედგენილი შემოწმების აქტების მიხედვით არ გამოირიცხება სადავო უძრავ ქონებაზე მოსარჩელე მ.ფ-ას მფლობელობის - ფაქტობრივი ბატონობის ფაქტი.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სადავო აქტი გამოცემულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე და 96-ე მუხლებით გათვალისწინებული, საქმის ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად დადგენის, შესწავლისა და შეფასების ვალდებულების დარღვევით. სწორედ ამიტომ, სააპელაციო სასამართლომ მართებულად გამოიყენა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილი, ვინაიდან სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას, მტკიცებულებების მოკვლევასა და შეფასებას, რაც სასამართლოს მიერ, ამ ეტაპზე, საკითხის არსებითად გადაწყვეტას გამორიცხავს.

ამრიგად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საფუძველს, არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დაადგინა:

1.ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ჩუღურეთის რაიონის გამგეობის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 20 დეკემბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი

მოსამართლეები: თ. ოქროპირიძე

ნ. სხირტლაძე