Facebook Twitter

#307აპ.-15 ქ. თბილისი

ს-ა ნ.-307ap.-15 1 დეკემბერი, 2015 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (Tavmjdomare),

მაია ოშხარელი, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ნ. ს-ს საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 14 აპრილის განაჩენზე.

აღწერილობითი ნაწილი:

1. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 24 თებერვლის განაჩენით ნ. ს-ა, –ნასამართლობის არმქონე, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 273-ე მუხლით იმაში, რომ ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, ასევე – ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება, ჩადენილი ასეთი ქმედებისათვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული პირის მიერ, რაც გამოიხატა შემდეგში:

2. ნ. ს-მ დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეიძინა და ასევე უკანონოდ ინახავდა 0,001785 გრამ ნარკოტიკულ საშუალება „ჰეროინს“, რაც ამოიღეს 2015 წლის 21 იანვარს სენაკში, მისი პირადი ჩხრეკის დროს.

3. სენაკის რაიონული სასამართლოს 2014 წლის -- აგვისტოს დადგენილებით ექიმის დანიშნულების გარეშე ნარკოტიკული საშუალების მოხმარებისათვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებულ ნ. ს-ს 2015 წლის 21 იანვარს, შემოწმებისას, დაუდგინდა „ოპიუმის“ ჯგუფის ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარების ფაქტი.

4. აღნიშნული ქმედებისათვის ნ. ს-ს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა – 3500 ლარი, ხოლო სსკ-ის 273-ე მუხლით – 10 თვით თავისუფლების აღკვეთა; შთანთქმის პრინციპის გამოყენებით ნ. ს-ს საბოლოოდ მიესაჯა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, დამატებით სასჯელად კი დაეკისრა ჯარიმა – 3500 ლარი. მსჯავრდებულს სასჯელის მოხდა დაეწყო 2015 წლის 24 თებერვლიდან; მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო – 2015 წლის 21 იანვრიდან 26 იანვრის ჩათვლით. ნ. ს-ს 10 წლით ჩამოერთვა საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის, აგრეთვე – აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებები, ხოლო 5 წლით – „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ჩამოთვლილი სხვა უფლებები.

5. გაუქმდა ნ. ს-ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული გირაო და გირაოს უზრუნველსაყოფად სენაკში, --ს ქ. №18-ში მდებარე, შ. ხ-ს საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას (საკადასტრო კოდი – --) განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში მოეხსნა ყადაღა.

6. განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა ნ. ს-მ და მისმა ადვოკატმა თ. ხ-მ. მათ ითხოვეს მსჯავრდებულ ნ. ს-სათვის დანიშნული სასჯელის პირობითად ჩათვლა, ასევე – დამატებითი სასჯელის – ჯარიმის მოხსნა.

7. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 14 აპრილის განაჩენით სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 24 თებერვლის განაჩენი შეიცვალა: მსჯავრდებულ ნ. ს-ს განაჩენიდან ამოერიცხა დამატებითი სასჯელის სახით დანიშნული ჯარიმა – 3500 ლარი. განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.

8. კასატორი – მსჯავრდებული ნ. ს-ა საკასაციო საჩივარში მიუთითებს რომ მისთვის შეფარდებული სასჯელი არის მეტისმეტად მკაცრი, რის გამოც ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 14 აპრილის განაჩენში ცვლილების შეტანას; ასევე პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით ითხოვს დანიშნული სასჯელის პირობითად ჩათვლას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო პალატამ განიხილა საკასაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ მისი მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, ხოლო გასაჩივრებულ განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება შემდეგ გარემოებათა გამო:

2. პალატას მიაჩნია, რომ წარმოდგენილია საკმარისი და უტყუარი მტკიცებულებები, რომლებითაც გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ მსჯავრდებულმა ნ. ს-მ ნამდვილად ჩაიდინა გასაჩივრებული განაჩენით მისთვის ბრალად შერაცხული ქმედებები, რასაც არც მხარეები ხდიან სადავოდ.

3. ამასთან, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ,,საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2015 წლის 8 ივლისის კანონის საფუძველზე, სსკ-ის 260-ე მუხლში შესული ცვლილების თანახმად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 25 თებერვლის განაჩენი შესაბამისობაში უნდა მოვიდეს მოქმედ კანონმდებლობასთან, კერძოდ: ნ. ს-ს დანაშაულებრივი ქმედება, რომელიც დაკვალიფიცირებულია საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვა), შეესაბამება ამჟამად მოქმედი სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლ ნაწილს. დანაშაულის ჩადენის დროს მოქმედი შესაბამისი მუხლის სანქცია ითვალისწინებდა 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას, რაც მიეკუთვნებოდა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთა კატეგორიას, ხოლო ამჟამად მოქმედი სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილი იმავე დანაშაულებრივი ქმედებისათვის ითვალისწინებს 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას, რაც წარმოადგენს მძიმე დანაშაულის კატეგორიას. აღნიშნული გარემოება კი მიუთითებს იმაზე, რომ ახალი კანონით ამ დანაშაულის ჩადენისათვის შეიცვალა დანაშაულის სიმძიმის კატეგორია და შემსუბუქდა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა.

4. საქართველოს სსკ-ის მე-3 მუხლის თანახმად, სისხლის სამართლის კანონს, რომელიც აუქმებს ქმედების დანაშაულებრიობას ან ამსუბუქებს სასჯელს, აქვს უკუძალა.

5. აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 14 აპრილის განაჩენში უნდა შევიდეს შემდეგი ცვლილება:

6. მსჯავრდებულ ნ. ს-ს დანაშაულებრივი ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ძველი რედაქცია), შესაბამისობაში უნდა მოვიდეს ამჟამად მოქმედი სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლ ნაწილთან (2015 წლის 8 ივლისის რედაქცია).

7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ვინაიდან კანონმდებლის მიერ მნიშვნელოვნად შემსუბუქდა პასუხისმგებლობა მსჯავრდებულ ნ. ს-ს მიერ ჩადენილი დანაშაულისთვის, სამართლიანი იქნება მისთვის დანიშნული სასჯელის შემცირება.

8. რაც შეეხება მსჯავრდებულის მოთხოვნას მისთვის დანიშნული სასჯელის პირობით ჩათვლის თაობაზე, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაული, დანიშნული სასჯელის პირობითად ჩათვლა დაუშვებელია. შესაბამისად, ვინაიდან ნ. ს-ს ჩადენილი აქვს განზრახი მძიმე დანაშაული (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილი), მისი მოთხოვნა მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს, რის გამოც არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით, მე-2, მე-3 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მსჯავრდებულ ნ. ს-ს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 14 აპრილის განაჩენში შევიდეს შემდეგი ცვლილება:

3. მსჯავრდებულ ნ. ს-ს დანაშაულებრივი ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ძველი რედაქცია), შესაბამისობაში მოვიდეს ამჟამად მოქმედი სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლ ნაწილთან (2015 წლის 8 ივლისის რედაქცია), რისთვისაც სასჯელის სახით განესაზღვროს 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რამაც შთანთქას სსკ-ის 273-ე მუხლით განსაზღვრული სასჯელი და საბოლოოდ ნ. ს-ს სასჯელის სახით განესაზღვროს 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდაც აეთვალოს 2015 წლის 24 თებერვლიდან; მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო – 2015 წლის 21 იანვრიდან 2015 წლის 26 იანვრის ჩათვლით.

4. გასაჩივრებული განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.

5. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: მ. ოშხარელი

პ. სილაგაძე