საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-1235(კ-24) 20 ივნისი , 2025 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბადრი შონია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია
კასატორი (მოსარჩელე) - ე.ქ-ი
მესამე პირები - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 31 ივლისის განჩინება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2022 წლის 16 ნოემბერს ე.ქ-მა სარჩელით მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ. მოსარჩელემ, სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტების შემდეგ, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2022 წლის 18 ოქტომბრის Nგ- 39.38222915 განკარგულების ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე ე.ქ-ის საკუთრების უფლების აღიარების შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 2 დეკემბრის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაება სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო.
2023 წლის 24 მარტს ე.ქ-მა დაზუსტებული სარჩელით აგრეთვე დააზუსტა მესამე პირთა წრე და მესამე პირად დამატებით მიუთითა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილებით ე.ქ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2022 წლის 18 ოქტომბრის გ-39.38222915 განკარგულება და მოპასუხეს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ და ე.ქ-მა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 31 ივლისის განჩინებით ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიისა და ე.ქ-ის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2022 წლის 18 ოქტომბრის Nგ-39.38222915 განკარგულებით ე.ქ-ის უარი ეთქვა მიწის ნაკვეთზე (მისამართი: ქალაქი რუსთავი, ...ის ქუჩის მიმდებარედ, საერთო ფართობი - 305.00 კვ.მ.) საკუთრების უფლების აღიარებაზე იმ საფუძვლით, რომ უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთი არ იყო თვითნებურად დაკავებული და შესაბამისად, მასზე ვერ გავრცელდებოდა „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის მოთხოვნები. კერძოდ, ადმინისტრაციული ორგანო გადაწყვეტილების მიღებისას დაეყრდნო ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის სამსახურის 2021 წლის 20 მაისის N05- 3821140183 წერილს, რომლითაც დგინდებოდა, რომ სალეგალიზაციო ობიექტი წარმოადგენდა განაწილებულ მიწის ნაკვეთს.
სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა საქმეში დაცულ მტკიცებულებებზე, კერძოდ, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის სამსახურის 2021 წლის 20 მაისის N05-3821140183 წერილზე, რომელსაც ერთვოდა სამსახურში არსებული (არაოფიციალური) ინფორმაცია, კერძოდ, ...ის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე გამოყოფილი-განაწილებული მიწის ნაკვეთების რუკა. ამ ინფორმაციის მიხედვით, სადავო მიწის ნაკვეთი მოქცეული იყო გასანაწილებლად გამოყოფილი მიწის არეალში. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ დასახელებულ რუკაზე მონიშნულ მიწის ნაკვეთების ნაწილს ჰქონდა მითითებული, თუ ვის სახელზე მოხდა ამა თუ იმ ტერიტორიის განაწილება, ხოლო სადავო ტერიტორიაზე არ იყო მითითებული კონკრეტულად ვის სახელზე არის განაწილებული მიწის ნაკვეთი.
სააპელაციო პალატამ ასევე ყურადღება გაამახვილა სააპელაციო სასამართლოში ზეპირი მოსმენის სხდომაზე მესამე პირის - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლის განმარტებაზე, რომელმაც მიუთითა, რომ სააგენტოსა და არქივში დაცული ინფორმაციიდან გამომდინარე, ვერ იქნა მოძიებული, თუ ვის სახელზე იყო განაწილებული სადავო ტერიტორია.
პალატის მითითებით, ლ.ჭ-ემ, ლ.მ-ემ და ნ.ფ-მა ნოტარიულად დამოწმებული განცხადებით დაადასტურეს, რომ ე.ქ-ი 2007 წლამდე და დღესაც ფლობს 305 კვ.მ ფართის მიწის ნაკვეთს და სარგებლობს ამ მიწის ნაკვეთით, რომელიც მდებარეობს მისამართზე, ქალაქი რუსთავი, ...ის ქუჩის მიმდებარედ, მისი კუთვნილი უძრავი ქონების, ს/კ N... მომიჯნავედ. აღნიშნული მიწის ნაკვეთის საზღვრები და ადგილმდებარეობა ზუსტად შეესაბამება შპს ,,...-ის“ მიერ 23.02.2021წ. შესრულებულ აზომვით ნახაზზე მითითებულ მიწის ნაკვეთის საზღვრებს, კონფიგურაციასა და ადგილმდებარეობას. მათივე მითითებით, როგორც მეზობლებს, არანაირი პრეტენზია არ გააჩნიათ, რომ აღნიშნული მიწის ნაკვეთი დაუკანონდეს და რეგისტრაციაში გატარდეს ე.ქ-ის სახელზე.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებებზე და აღნიშნა, რომ იმ პირობებში, როდესაც დასტურდებოდა და მხარეებს შორის არ იყო სადავო, რომ მესამე პირის მიერ არ ხორციელდებოდა სადავო მიწის ნაკვეთის მფლობელობა, ასევე არ დასტურდებოდა, მესამე პირისათვის ამ მიწის ნაკვეთის განაწილების ფაქტი, სააპელაციო პალატის შეფასებით, მხოლოდ დასახელებული ინფორმაცია, რომელიც მიიღო კომისიამ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის სამსახურისაგან, არ ქმნიდა ე.ქ-ის განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 31 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ.
კასატორი აღნიშნავს, რომ არ არსებობდა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების წინაპირობები და საქმეში წარმოდგენილი დოკუმენტაცია იძლეოდა გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას. ადმინისტრაციულმა ორგანომ სრულყოფილად გამოიკვლია საქმის მასალები და აღნიშნულის შედეგად მიიღო გადაწყვეტილება. კასატორის მითითებით, უტყუარადაა დადასტურებული, რომ სადავო ტერიტორია წარმოადგენს განაწილებულ და არა თვითნებურად დაკავებულ მიწას და მასზე ვერ გავრცელდება „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „გ“ პუნქტის მოთხოვნები. ამასთან, მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთის საკუთრებაში გადაცემის საკითხს განიხილავს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, შესაბამისად, აღიარების კომისია წარმოადგენს არაუფლებამოსილ ორგანოს, თუმცა როდესაც სახეზეა მტკიცებულება, რომელიც ადასტურებს განაწილებულ მიწის ნაკვეთის არსებობას, აღიარების კომისია ვერ და არ გამოიკვლევს თუ ვის სახელზეა გაცემული მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტი. კასატორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო პალატის მიერ დასახელებული საკასაციო პალატის განჩინება შეეხებოდა წინამდებარე დავისგან განსხვავებულ ფაქტობრივ გარემოებებს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 18 ნოემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად, წარმოებაში იქნა მიღებული ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი.
2024 წლის 16 დეკემბერს ე.ქ-მა შეგებებული საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
კასატორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ პრაქტიკულად სრულად გამოიკვლია და სრულყოფილად დაადგინა ის ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი მოცემულობები, რომლებიც ერთმნიშვნელოვნად ადასტურებენ სადავო აქტის უკანონობას და მის საფუძველზე მოსარჩელე ე.ქ-ის საკუთრების კონსტიტუციური უფლების აშკარა უგულებელყოფას. შესაბამისად, არ არსებობდა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლის გამოყენების წინაპირობა. მოცემულ შემთხვევაში სახეზეა სადავო საკითხის არსებითად გადაწყვეტის შესაძლებლობა, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი შედეგი ვერ განიხილება მოსარჩელის დარღვეული უფლების დაცვის დროულ უზრუნველყოფაზე და, შესაბამისად, ეფექტური მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობაზე ორიენტირებულ რეზულტატად. მაშასადამე, ამგვარი გადაწყვეტილებით ე.ქ-ს იმავდროულად ერღვევა სამართლიანი და ეფექტური მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის უფლება, რადგან ნაცვლად იმისა, რომ სასამართლოს თავად გადაეწყვიტა სადავო საკითხი და ამით საქმისთვის სრულფასოვნად დასრულებული სტატუსი მიენიჭებინა, მოსარჩელის დარღვეული უფლებრივი საკითხის გადაწყვეტა დროში განგრძობად მოცემულობად და კვლავ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს განხილვის საგნად აქცია.
კასატორის მითითებით, სხვა მტკიცებულებებთან ერთად სრულყოფილად იქნა გამოკვლეული ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის სამსახურის 2021 წლის 20 მაისის №05-3821140183 წერილი და თანდართული მტკიცებულება (კომისიის შეფასებით ე.წ. „განაწილების რუქა"), შესაბამისად სასამართლოს უნდა შეეფასებინა აღნიშნული წარმოადგენდა თუ არა მოქმედი კანონმდებლობით უფლების დამდგენ დოკუმენტს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 24 თებერვლის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად, წარმოებაში იქნა მიღებული ე.ქ-ის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი და ე.ქ-ის შეგებებული საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო პალატა, მიუთითებს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომელიც თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების ძირითად პირობებს განსაზღვრავს. დასახელებული კანონის პირველი მუხლის შესაბამისად, ამ კანონის მიზანია მართლზომიერ მფლობელობაში ან სარგებლობაში არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფოს საკუთრების მიწაზე ფიზიკური, კერძო სამართლის იურიდიული პირის ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნების საკუთრების უფლების აღიარებით სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ფონდის ათვისება და მიწის ბაზრის განვითარების ხელშეწყობა. ამავე კანონის მე-2 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, საკუთრების უფლების აღიარება არის ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირისათვის ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზებული წარმონაქმნისათვის სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის, მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან მის გარეშე, ამ კანონითა და საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილებით დამტკიცებული ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესით განსაზღვრული პირობებისა და პროცედურის შესაბამისად, საკუთრებაში სასყიდლიანი ან უსასყიდლო ფორმით გადაცემა.
,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, თვითნებურად დაკავებულ მიწას წარმოადგენს ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული), აგრეთვე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომელთა ჯამური ფართობი ბარში არ აღემატება 1.25 ჰექტარს, ხოლო „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განსაზღვრულ მაღალმთიან დასახლებაში − 5 ჰექტარს; კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისთვის სახელმწიფოს მიერ განკარგული არ არის, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამავე მუხლის ,,ე’’ ქვეპუნქტის თანახმად კი, დაინტერესებული პირი არის ფიზიკური პირი, ასევე მისი სავარაუდო მემკვიდრე ან უფლებამონაცვლე, რომელიც მართლზომიერად ფლობს (სარგებლობს) ან რომელმაც თვითნებურად დაიკავა სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ასევე კერძო სამართლის იურიდიული პირი, რომელმაც მის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ თვითნებურად დაიკავა მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), აგრეთვე კერძო სამართლის იურიდიული პირი ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი ან მისი უფლებამონაცვლე, რომელიც მართლზომიერად ფლობს (სარგებლობს) სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით (აშენებულით ან დანგრეულით) ან მის გარეშე და რომელსაც ამ კანონით დადგენილი წესით სურს მასზე საკუთრების უფლების მოპოვება, ასევე ის ფიზიკური პირი ან კერძო სამართლის იურიდიული პირი ან სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელმაც სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთით მოსარგებლისაგან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიძინა/მოიპოვა ამ მიწის ნაკვეთზე განთავსებულ შენობა-ნაგებობაზე საკუთრების უფლება.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილებით დამტკიცებული ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის" მე-2 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, მიწის თვითნებურად დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტია ცნობა-დახასიათება უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე, სასამართლოს აქტი, ორთოფოტო (აეროფოტოგადაღება), აბონენტად აყვანის დოკუმენტი, გადახდის ქვითარი ან/და სხვა დოკუმენტი. ამავე კანონის 51-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის განხილვისას გათვალისწინებული უნდა იქნეს მოთხოვნის შესაბამისობა სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმების პირობებთან. აღნიშნული კანონი ასევე შეიცავს იმ კატეგორიის თვითნებურად დაკავებული სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების ჩამონათვალს, რომელიც ამ კანონის მიზნებიდან გამომდინარე არ ექვემდებარება საკუთრების უფლების აღიარებას, კერძოდ, მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტის თანახმად, საკუთრების უფლების აღიარებას არ ექვემდებარება რეკრეაციული დანიშნულების პარკი, ტყე-პარკი, სკვერი და სხვა ტერიტორია, გარდა საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილებით განსაზღვრული საქართველოს კურორტების, საკურორტო ადგილების, სამთო-სათხილამურო ცენტრებისა და შავი ზღვის სანაპიროს სარეკრეაციო ტერიტორიის სტატუსის მქონე ტერიტორიებისა.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ ქ. რუსთავში, ...ის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ უძრავ ქონებაზე (ს/კ ...) რეგისტრირებულია ე.ქ-ის საკუთრების უფლება. მოსარჩელემ განცხადებით მიმართა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას და თავის საკუთრებაში არსებული ნაკვეთის მიმდებარე მიწის ნაკვეთზე (საერთო ფართით - 305 კვ.მ) საკუთრების უფლების აღიარება მოითხოვა. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2022 წლის 18 ოქტომბრის №გ-39.38222915 განკარგულებით ე.ქ-ის განცხადება არ დაკმაყოფილდა იმ საფუძვლით, რომ სალეგალიზაციო ობიექტი წარმოადგენდა განაწილებულ მიწის ნაკვეთს. ამდენად, უფლებაასაღიარებელი ტერიტორია არ იყო თვითნებურად დაკავებული და შესაბამისად, მასზე ვერ გავრცელდებოდა „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის მოთხოვნები.
საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მითითებას სადავო აქტის დაუსაბუთებლობასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს განმარტებით, ვერ იქნა მოძიებული, თუ ვის სახელზე იყო განაწილებული სადავო ტერიტორია. ამასთანავე, არ დასტურდება სადავო ნაკვეთზე რაიმე ტიპის უფლების რეგისტრაციის ფაქტიც. ერთადერთი მტკიცებულება, რაც საფუძვლად დაედო მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილებას, არის ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის სამსახურის 2021 წლის 20 მაისის N05-3821140183 წერილზე, თანდართული ქ. რუსთავში, ...ის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე გამოყოფილი-განაწილებული მიწის ნაკვეთების რუკა, თუმცა მითითებული რუკა ასევე არ შეიცავს ინფორმაციას სადავო ნაკვეთის მესაკუთრის/მფლობელის შესახებ.
პალატა ყურადღებას მიაქცევს საქმეში წარმოდგენილ ნოტარიულად დამოწმებულ განცხადებაზე, რომლის თანახმად, მოსარჩელის მეზობლები ადასტურებენ, რომ ე.ქ-ი წლების განმავლობაში ფლობს სადავო ნაკვეთს. ამასთანავე, დადგენილია, რომ ასაღიარებელი და მოსარჩელის საკუთრებაში არსებული ნაკვეთები მდებარეობს ერთიან მყარ მიჯნაში. აღნიშნული მოცემულობის გათვალისწინებით, მოპასუხემ მტკიცების მაღალი სტანდარტით უნდა დაასაბუთოს ე.ქ-ის განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საჭიროა დამატებით იქნეს მოძიებული დოკუმენტაცია სადავო მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით, რათა ცალსახად გამოირიცხოს/დადასტურდეს მიწის ნაკვეთზე მესამე პირის რაიმე სახის უფლების არსებობა.
რაც შეეხება ე.ქ-ის საკასაციო პრეტენზიის საფუძვლებს, პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას აღნიშნავს, რომ ე.ქ-ის განცხადების დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვა იმ საფუძვლით, რომ ნაკვეთი წარმოადგენდა განაწილებულ ტერიტორიას. ქ.რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას არ უმსჯელია მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონით დადგენილი სხვა წინაპირობების არსებობაზე, რაც გამორიცხავს სასამართლოს მიერ სადავო საკითხის გადაწყვეტის შესაძლებლობას.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53.5 მუხლის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე (სზაკ-ის 96-ე მუხ.). კომისია ვალდებულია უზრუნველყოს საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევა (საქართველოს მთავრობის 28.07.2016 წლის №376 დადგენილებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის“ 13.5 მუხ.), რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, უფლებამოსილია, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად ცნოს იგი და ადმინისტრაციულ ორგანოს დაავალოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლის გამოყენების აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს სასამართლოს მხრიდან საქმის გარემოებების გამოკვლევისა და სადავო საკითხის არსებითად გადაწყვეტის შეუძლებლობა. კონკრეტული გარემოებების გამოკვლევა და შეფასება შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებას უნდა წარმოადგენდეს. „..საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს იმ შემთხვევაში, როცა სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება. მათი დადგენა მხოლოდ ადმინისტრაციულ ორგანოს შეუძლია მისთვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილებიდან გამომდინარე ან აღნიშნული საკითხი მის დისკრეციას განეკუთვნება. შესაბამისად, შეუძლებელი ხდება სასამართლოს მიერ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალური კანონიერების შეფასება..“ (სუსგ №ბს-681-681(კ-18), 13.12.2018წ.).
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზეა ასკ-ის 32.4 მუხლის გამოყენების წინაპირობები, ახალი ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, სათანადოდ შეაფასოს ე.ქ-ის მიერ წარდგენილი დოკუმენტები, მოწმეთა ახსნა - განმარტებები და შეფასების შედეგად მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა. შესაბამისად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც, საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი და ე.ქ-ის შეგებებული საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 31 ივლისის განჩინება;
3. ლ.ძ-ის (პ/ნ...) დაუბრუნდეს ე.ქ-ის საკასაციო საჩივარზე 2025 წლის 11 თებერვლის №... საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ბ. შონია
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
გ. მაკარიძე